1. მოკლევადიანი სამუშაოების წარმოებისას ფეთქებადი მასალების შენახვა დასაშვებია: გამოუყენებელ შენობებში, ფარდულებში, მიწურებში; რკინიგზის ვაგონებში; ავტომანქანებში, მისაბმელებსა და ოთხთვალებში.
2. ფეთქებადი მასალების მოკლევადიანი საწყობი უნდა აკმაყოფილებდეს მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. ამასთან, აუცილებელი არ არის მეხდაცვის, განათების, სატელეფონო კავშირის, საწყობის ღობის ირგვლივ თხრილის მოწყობა და საწყობის გარშემო ზონის ხეებისაგან გაწმენდა, მაგრამ უნდა შესრულდეს IV თავით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები. მოკლევადიანი საწყობი იფარგლება სულ ცოტა 1,5 მეტრი სიმაღლის ღობით (საცავის უახლოესი კედლიდან სულ ცოტა 20 მ-ზე). მანძილი ღობიდან საყარაულო სათავსამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრისა. მოკლევადიანი საწყობების საცავების ხის კედლები ხანძრისაგან დაცვის მიზნით აუცილებლად უნდა დაიფაროს კირიან-მარილიანი სამფენა ხსნარით. სახურავი, ჭერი და სხვენის კონსტრუქციები კეთდება უწვავი მასალისაგან ან იფარება უწვავი შედგენილობის ხსნარით.
3. ფეთქებადი მასალების დროებითი შენახვისას არასაცხოვრებელ შენობებში, მიწურებში და ა.შ. ერთ საცავში შეიძლება ინახებოდეს: ფეთქებადი ნივთიერებები – არა უმეტეს 3 ტონისა, დეტონატორები – არა უმეტეს 10 ათასი ცალისა, ხოლო სადეტონაციო და ცეცხლგამტარი ზონარი – შესაბამისი რაოდენობით. დეტონატორები უნდა მოთავსდეს ხის ყუთში, რომელიც შიგნიდან ამოგებულია ქეჩით, გარედან კი დაფარულია ლითონის ფურცლით. ყუთი უნდა დაიდგას ფეთქებადი ნივთიერებებიდან სულ ცოტა 2 მეტრ მანძილზე და დაიკეტოს კლიტით.
4. ორღერძიან ვაგონში დასაშვებია სულ ბევრი 3 ტონა ფეთქებადი ნივთიერების ან 10 ათასი ცალი დეტონატორის და 1000 მეტრი სადეტონაციო ზონრის შენახვა. ოთხღერძიან ვაგონში დასაშვებია სულ ბევრი 6 ტონა ფეთქებადი ნივთიერების ან 20 ათასი ცალი დეტონატორის და 2000 მეტრი სადეტონაციო ზონრის შენახვა. აღნიშნულ შემთხვევებში ერთობლივად შენახული ცეცხლგამტარი ზონრისა და მისი ანთების საშუალებების რაოდენობა არ იზღუდება.
5. ორღერძიან ვაგონში დასაშვებია ერთდროულად სულ ბევრი 1 ტონა ფეთქებადი ნივთიერების, სულ ბევრი 5 ათასი ცალი დეტონატორის, 1000 მეტრი სადეტონაციო ზონრის და საჭირო რაოდენობის ცეცხლგამტარი ზონრის (ცეცხლგამტარი ზონრის ანთების საშუალებების) შენახვა, ხოლო ოთხღერძიან ვაგონში – შესაბამისად, ორჯერ მეტი ფეთქებადი მასალებისა.
6. ვაგონები, რომლებიც განკუთვნილია ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გასაგანიერებელი ასაფეთქებელი აპარატურის ერთობლივად შესანახად, ხის ტიხრებით გაყოფილი უნდა იყოს სამ განყოფილებად. ვაგონის განაპირა განყოფილებებში ინახება ფეთქებადი ნივთიერება (გასაგანიერებელი ასაფეთქებელი აპარატურა) და აფეთქების საშუალებები, ხოლო შუა განყოფილება (ტამბური) ემსახურება ფეთქებადი მასალების გაცემას. თითოეულ განყოფილებაში შესასვლელი კარები კეთდება მთლიანი, ზომებით არანაკლებ 1,8X0,9 მ-ისა.
7. ფეთქებადი მასალების შესანახად აღჭურვილი ვაგონები უნდა იყოს წესივრული, არ უნდა ჰქონდეს მუხრუჭები და სამუხრუჭო ბაქნები. ნახშირისა და სხვა ადვილად აალებადი საშუალებების გადასატანად გამოყენებული ვაგონები, ფეთქებადი მასალების მოთავსებამდე უნდა გაიწმინდოს ამ პროდუქტების ნარჩენებისაგან და გაირეცხოს ტუტე წყლით.
8. ვაგონის არსებული კარი უნდა გაუქმდეს (შეიჭედოს). ვაგონს შესასვლელად ერთი მხრიდან უკეთდება კარი ზომებით არანაკლებ 1,8X0,9 მეტრისა, რომელიც იღება შიგნით.
9. ფეთქებადი მასალების გაცემისა და მათი ნაშთის დაბრუნების ოპერაცია სრულდება ჩიხში ან სათადარიგო ლიანდაგზე დგომის დროს. მაგისტრალური ლიანდაგებიდან, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობებიდან ვაგონის დაცილების მანძილი განისაზღვრება რკინიგზის სადგურის (გადასარბენის) უფროსთან შეთანხმებით.
10. ფეთქებადი მასალებით დატვირთული ვაგონების ყოველი მანევრისას, აგრეთვე ვაგონების მოძრაობისას ლიუკები უნდა იყოს დაკეტილი, ხოლო კარი უნდა დაიკეტოს კლიტით და დაიპლომბოს.
11. ფეთქებადი მასალებით დატვირთული ვაგონსაცავები ჩიხში ან სათადარიგო ლიანდაგზე დგომისას უნდა აღიჭურვოს ხილული სიგნალებით.
12. გადანაცვლებითი ხასიათის სამუშაოებზე (სეისმოდაზვერვა, სატყეო გზებისათვის ტრასების გაწმენდა და სხვ.) ფეთქებადი მასალების შენახვა დასაშვებია სპეციალურად მოწყობილ ავტომობილებზე, მისაბმელებზე, ოთხთვალებსა და მარხილებზე (გადასაადგილებელი საწყობები). ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებს წაეყენება ავტოსაჭაპანო ტრანსპორტით ფეთქებადი მასალების გადაზიდვის დადგენილი მოთხოვნები.
13. გადასატანი საწყობი უნდა წარმოადგენდეს მტკიცე ფურგონს, რომელიც კაპიტალურად არის დამაგრებული ავტომობილზე, მისაბმელზე, ოთხთვალაზე, მარხილზე. ფურგონი კეთდება დურალუმინის ან ფიცრისაგან, რომელსაც გარედან შემოკრული აქვს ლითონის ფურცელი და დაფარულია შიგნიდან და გარედან უწვავი ხსნარით. ფეთქებადი მასალების ასეთი საწყობი შეიძლება იყოს თვითმავალი ან არათვითმავალი. ძარის წინა ნაწილში (მარჯვენა ქვედა კუთხეში) კეთდება ყუთი (ნაკვეთური) კარებით, გარედან ინიციირების საშუალების მოსათავსებლად. ეს ყუთი (ნაკვეთური) შიგნითა მხრიდან ამოგებული უნდა იყოს რბილი მასალით (ქეჩით, რეზინით და სხვ.). ყუთის (ნაკვეთურის) კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მასში მოთავსებული მაქსიმალური რაოდენობის ინიციირების საშუალებათა გაუთვალისწინებელი აფეთქების შემთხვევაში ფეთქებად ნივთიერებებზე დეტონაციის გადაცემას.
14. ფეთქებადი ნივთიერებების დატვირთვა (განტვირთვა) წარმოებს ფურგონის მარჯვენა მხარეს მოწყობილი კარიდან. დასაშვებია კარის გაკეთება ფურგონის უკანა მხარეს იმ პირობით, რომ მოეწყობა სიგნალიზაცია, რომელიც გაყვანილი იქნება სატრან-სპორტო საშუალების კაბინაში და იმოქმედებს კარის გაღების მომენტში.
15. ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებებისა და გამაგანიერებელი ასაფეთქებელი საშუალებებისათვის განკუთვნილ ნაკვეთურების კარებს უნდა ჰქონდეს შეჭრილი კლიტეები და მოწყობილობა, რომელიც კლიტეების მოდებიდან გათავისუფლების შემთხვევაში გამორიცხავს კარების გაღებას.
16. ფურგონი უნდა ნათდებოდეს სანათით, რომლის პლაფონი მაგრდება ძარის წინა ზედა ნაწილში. ელექტროგაყვანილობა კეთდება გარედან, დამცავ გარსაცმში. ელექტროგაყვანილობის გაკეთება ძარის შიგნით დაუშვებელია.
17. გადასაადგილებელი საწყობის ძარას უკეთდება ლითონის გისოსიანი ფანჯრები. ფურგონის წინა და სატრანსპორტო საშუალების უკანა ფანჯრები ერთ დონეზე უნდა იყოს.
18. გადასაადგილებელ არათვითმავალ საწყობს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალებასთან ხისტად მიბმის საბუქსირე მოწყობილობა.
19. სატრანსპორტო საშუალების (ავტომობილზე დადგმული ან ავტომობილით ბუქსირებადი ფურგონის) გადაადგილების ორგანიზაცია, დაკომპლექტებულობა და მოწყობა უნდა აკმაყოფილებდეს წესების მოთხოვნებს.
20. ფეთქებადი მასალების არათვითმავალი საწყობის ტრანსპორტირებისას მისაბმელის მასამ არ უნდა გადააჭარბოს სატრანსპორტო საშუალების მასის ნახევარს ან საწევრის წევის ძალვის სამ მეოთხედს.
21. ფარდულებში, კარვებსა და სხვა პუნქტებში ფეთქებადი მასალების შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი დაცვა ატმოსფერული ნალექებისა და მზის სხივების მოქმედებისაგან. ფეთქებადი მასალები ლაგდება ფიცარნაგზე, მიწიდან სულ ცოტა 20 სმ სიმაღლეზე. ტერიტორია იღობება ლატნებით, მავთულით ან ბაგირით.
22. ყინულსვლისა და წყალდიდობისაგან ობიექტების დაცვის მიზნით საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ნებადართულია ფეთქებადი მასალების მოკლე ვადით (არა უმეტეს 30 დღე-ღამისა) შენახვა სპეციალურ მოედანზე. გეოფიზიკური და სხვა ერთჯერადი სამუშაოებისათვის მასობრივი აფეთქებების წარმოებისას ფეთქებადი მასალების შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს. ასეთ შემთხვევებში ფეთქებადი მასალები თავსდება ფიცარნაგზე მიწიდან სულ ცოტა 20 სმ-ის სიმაღლეზე, ფარდულში ან ბრეზენტის გადახურვის ქვეშ.
23. მელორაციული მშენებლობისას ფეთქებადი მასალების მოედნებზე დროებით შენახვის ვადა და წესი შეიძლება დადგინდეს სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ ტექზედამხედველობასთან შეთანხმებით. ამავე დროს შენახვის ვადამ არ უნდა გადააჭარბოს ორ წელს.
24. ფეთქებადი მასალების შესანახ მოედნებზე ასაფეთქებელი (მაინიციირებელი) საშუალებები ინახება ცალკე მოედნებზე ან კარვებში, რომლებიც ფეთქებადი ნივთიერებებისაგან დაცილებულია დეტონაციის გადაცემის მხრივ უსაფრთხო მანძილებით. ამ შემთხვევაში ასაფეთქებელი საშუალება ჩაითვლება აქტიურ მუხტად
მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 17. საწყობის დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 12, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-12/