1. ფეთქებადი მასალების გადატანისას (გადაზიდვისას) დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები სრულდება სპეციალურად გამოყოფილ და პროექტის შესაბამისად მოწყობილ შემოღობილ ადგილზე (სატვირთავ-გასატვირთავ მოედანზე), რომელსაც იცავს შეიარაღებული დაცვა. აღნიშნულ სამუშაოს ზედამხედველობას უწევს სპეციალურად დანიშნული პირი, რომელიც დაშვებულია საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ან მწარმოებლად. პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებთან, მოედანზე არ დაიშვებიან.
2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს შემოზიდული ფეთქებადი ნივთიერებების რაოდენობის კონტროლი.
3. სატვირთავ-გასატვირთავი მოედანი უნდა იყოს:
ა) შემოღობილი სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი მავთულის ღობით სატვირთავი (გასატვირთავი) ადგილიდან 15 მეტრ მანძილზე მაინც;
ბ) განათებული ღამის საათებში სტაციონარული ელექტროგანათებით ან მაღაროს აკუმულატორული სანათებით. ნორმალური შესრულების ელექტროამომრთველები განლაგებული უნდა იყოს სატვირთავი (გასატვირთავი) ადგილიდან 50 მეტრ მანძილზე მაინც;
გ) უზრუნველყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით;
დ) აღჭურვილი სატელეფონო კავშირით საწარმოსთან, რკინიგზის სადგურთან (პორტთან, ნავმისადგომთან) და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან. ტელეფონი იდგმება საგუშაგო სათავსში სატვირთავი ადგილიდან სულ ბევრი 50 მეტრ მანძილზე.
4. სატვირთავ-გასატვირთავ მოედანს საექსპლუატაციოდ იღებს საწარმოს კომისია ტექზედამხედველობის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
5. აკრძალულია ფეთქებად მასალებთან ერთად სხვა ტვირთების გადატანა: ერთ ვაგონში, გემბანზე სატვირთო განყოფილებაში, ავიასაშუალებებზე, ავტომობილებზე, საზიდარებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა წესებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
6. ფეთქებადი მასალების გადაზიდვისას ტვირთი, რომელიც ექვემდებარება საშუალედო პუნქტებში გადმოტვირთვას, სატრანსპორტო საშუალებაზე ეწყობა ცალკე, ისე, რომ გადმოტვირთვისას არ გამოიწვიოს დარჩენილი ტვირთის ადგილიდან დაძვრა.
7. სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ადგილი გზაში შეიძლება დაიტვირთოს სხვა ფეთქებადი მასალებით იმ პირობით, თუ დაცულ იქნება ფეთქებადი მასალების ერთობლივი გადაზიდვის ნორმები.
8. ყუთები (ტომრები და სხვ.) სატრანსპორტო საშუალებაზე ლაგდება სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად ისე, რომ დაწყობისას არ დაზიანდეს ქვედა რიგები. ამასთან, ფეთქებადი მასალების ყუთები (ტომრები და სხვ.) უნდა განაწილდეს თანაბრად და დამაგრდეს ისე, რომ რყევისა და ბიძგების შემთხვევაში გამოირიცხოს მათი ერთმანეთთან და სატრანსპორტო საშუალების ბორტთან შეჯახება.
9. გზაში, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს ფეთქებადი მასალების ტარის დაზიანების შემთხვევაში ისინი უნდა გადაეწყოს წესივრულ ტარაში. ფეთქებადი მასალების გადატანა დაზიანებული ტარით აკრძალულია.
10. ყუთები (ტომრები და ა.შ.), რომლებიც გაიხსნა საწყობში გამოცდისათვის სინჯების ასაღებად, გადაიტანება საწყობის პლომბით. ტარაზე ნაჩვენები უნდა იყოს დარჩენილი ფეთქებადი მასალების მასა (რაოდენობა).
11. ფეთქებადი მასალების გადატანისას, მათი იძულებით გადატვირთვის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვაგონის, გემის, ავტომობილის გადაუდებელი რემონტით, გადატვირთვას ხელმძღვანელობს გადატანისათვის პასუხისმგებელი (გამცილებელი), რომელიც თავისი შეხედულებისამებრ ახორციელებს ფეთქებადი მასალების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს