„პროფესიული განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/212/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროფესიული განათლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა. 2. ეს კანონი განსაზღვრავს პროფესიული განათლების სისტემის სამართლებრივ ჩარჩოს, ადგენს პროფესიული განათლების მართვის ძირითად პრინციპებს, პროფესიულ განათლებაში საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს. მუხლი 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები 1. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებია: ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გ) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა; დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და თავსებადობა. 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის; ბ) სწავლება-სწავლის მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური მიდგომების შეთავაზებას, ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით; გ) პროფესიული განათლების ზოგად და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობას; დ) პროფესიული განათლების მორგებას შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან და პირის მომზადებას დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის; ე) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარებას; ვ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას; ზ) შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით; თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას; ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარებას; კ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას; ლ) პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობას; მ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1 ა) ავტორიზაცია – კოლეჯის სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ბ) არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნა და გაცნობიერების“ ან/და „უნარის“, ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას. გ) ასოცირებული ხარისხი - კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი კრედიტების რაოდენობის დაგროვების შედეგად; დ) დიპლომი - უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) დიპლომის/სერტიფიკატის დანართი - დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან/სერტიფიკატთან ერთად გასცემს საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის დასადასტურებლად; ვ) ინკლუზიური პროფესიული განათლება - თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ყველა პროფესიული სტუდენტის და მსმენელის განათლება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით; ზ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად პროფესიული სტუდენტის ან მსმენელის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის ან მსმენელის) საჭიროებაზე მორგებული სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას/პროფესიული მომზადების პროგრამას/პროფესიული გადამზადების პროგრამას/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას და პროგრამის სხვა ელემენტებთან ერთად აღწერს პროფესიული სტუდენტის და მსმენელის მიერ მისაღწევ სწავლის შედეგებს და სწავლის შედეგების მიღწევის ინდივიდუალურ გზებს; თ) კვალიფიკაცია - უფლებამოსილი დაწესებულებ(ებ)ის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით, ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით; ი) კომპეტენცია - სწავლის შედეგების ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობა შესაბამის კონტექსტში (სწავლის ან საქმიანობის პროცესში, პიროვნული და პროფესიული განვითარებისას); კ) კრედიტი - ერთეული, რომელიც მოიცავს დადასტურებული სწავლის შედეგების ერთობლიობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია იქნეს აღიარებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიკაციის მისაღებად; ლ) მოდული - პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ფარგლებში არსებული ან დამოუკიდებლად შემუშავებული კომპონენტი, რომელიც აერთიანებს ლოგიკურად დაკავშირებულ სწავლის შედეგებს, აღწერს მათი მიღწევის გზებს, საშუალებებსა და დადასტურების პირობებს; მ) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა - ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე; ნ) მსმენელი - პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების პროგრამაზე ან/და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე; 2 ო) პროფესიული სტუდენტის მობილობა - პროფესიულ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება; პ) პროფესიული განათლება - განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისათვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და მიმართულია პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისაკენ მთელი სიცოცხლის მანძილზე; ჟ) პროფესიის სტანდარტი - კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული ამოცანებისა და მოვალეობების ერთობლიობა; რ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი - დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები, შესაბამისი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე დაშვების და პროგრამის/პროგრამების განხორციელების წინაპირობები, აგრეთვე დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ს) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით; ტ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და სერტიფიკატი; უ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი - იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, ასევე სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები; ფ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე; ქ) რეგულირებადი პროფესია - საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა არის შესაბამისი კვალიფიკაციის ფლობა ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება; ღ) საგანმანათლებლო დაწესებულება - საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ყველა სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილი კოლეჯი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ყ) სასწავლო საწარმო - ნებისმიერი პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლება; შ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო 3 პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან იმიტირებულ სამუშაო გარემოში; ჩ) სწავლის შედეგი - განაცხადი, პირის მიერ მისაღწევი „ცოდნა და გაცნობიერებისა“ (რაც გულისხმობს სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგს) და „უნარის“ (რაც გულისხმობს კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას), ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (რაც გულისხმობს ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენებას) შესახებ; ც) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი - პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული გამოხატული სირთულეები ან/და შეზღუდული შესაძლებლობა და საჭიროებს სასწავლო პროცესის ადაპტაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მოდიფიკაციას/ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას/სასწავლო გარემოსა და პირობების შეცვლას ან/და დამატებით სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას; ძ) სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/მოდული – საგანმანათლებლო პროგრამა/მოდული, რომლის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის დაძლევის მიზნებისათვის ან/და იმ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის; წ) სერტიფიკატი - უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული, ასევე ცალკეული მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევას; ჭ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა - ღონისძიებების ფართო სპექტრი, რომელიც ეხმარება პირს ფორმალური განათლების მიღების ნებისმიერ ეტაპზე განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები, კომპეტენციები და ინტერესები განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა; ხ) ფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც გულისხმობს „ცოდნა და გაცნობიერების“, „უნარის“, „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას და აღნიშულის დადასტურებას სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით, ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით. მუხლი 4. პროფესიული განათლების მიღების უფლება და ძირითადი გარანტიები 1. ყველას აქვს უფლება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით. 2. პროფესიულ სტუდენტს და მსმენელს, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებელს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, დისკრიმინაციის გარეშე, ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ყველა უფლებითა და თავისუფლებით. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესი, საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურება და საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობა. მუხლი 5. სწავლების ენა 4 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. 2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადაც სწავლობენ: ა) სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტები და მსმენელები, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა; ბ) მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტები და მსმენელები, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ბრაილის სისტემა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ენის გარდა სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით ან სხვა ენაზე სწავლების საკითხი შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო). თავი II. პროფესიული განათლების სისტემა მუხლი 6. პროფესიული განათლება პროფესიული განათლება ხორციელდება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლის სახეებია: ა.ა) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით; ა.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით; ა.გ) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით; ბ) პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს; გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობისათვის. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს. მუხლი 7. პროფესიულ განათლებაში დაშვების წინაპირობები 1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. პირები, რომელთაც აქვთ: ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვებიან იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები; ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვებიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. 4. პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს. მუხლი 8. პროფესიის სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი 5 1. პროფესიის სტანდარტი/სტანდარტები არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/სტანდარტების შექმნის საფუძველი. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი. 3. პროფესიის სტანდარტის/სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო. 5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიმდინარე ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, განახორციელოს ამ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა და მიანიჭოს პროფესიულ სტუდენტს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 6. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ, მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის. მუხლი 9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გაანგარიშებული უნდა იყოს კრედიტებით. 3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. 5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა - მხოლოდ ის ნაწილი/მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს. მუხლი 10. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა 1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა გაანგარიშებული უნდა იყოს კრედიტებით. 3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს: ა) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო 6 პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე; ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. 6. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა - მხოლოდ ის ნაწილი/მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს. მუხლი 11. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებისას გამოიყენება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმა. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკით ან სტაჟირებით, ასევე სასწავლო საწარმოში სწავლისას. 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმიტირებულ სამუშაო გარემოში - საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, სამინისტროს წარდგინებით. მუხლი 12. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები 1. რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. 2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი. 3. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელების წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. 4. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 7 5. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. მუხლი 13. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები 1. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები შესაძლოა განახორციელონ საქართველოს და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. 2. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. 3. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელსაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. 4. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელსაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერება. 6. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიული სტუდენტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. მუხლი 14. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/მოდული 1. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/მოდული შემუშავდება და ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო ენაში მომზადების მოდული შეიძლება განხორციელდეს როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამის ნაწილი. 3. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა დამოუკიდებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამისაგან. 4. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. 5. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის/მოდულის გავლა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. მუხლი 15. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები 8 1. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს და ამტკიცებს მათი განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირი. 2. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო. 3. იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ნებაყოფლობითია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და პირობებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის გაცემის მიზნით. 4. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება სამინისტროს მიერ. მუხლი 16. სწავლის შედეგების დადასტურება 1. საბაზო/საშუალო და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის შედეგად პირს ენიჭება შესაბამისად - ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით. 2. დიპლომი, რომელიც გაცემულია იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომის გაცემის წინაპირობაა პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის კვალიფიკაცია - ასოცირებული ხარისხი, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით. 5. პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება სერტიფიკატით და დანართით. 6. მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა, მოთხოვნის შემთხვევაში, დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით. 7. მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერ დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი მოდულის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ცნობა მოდულის ფარგლებში დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ. მუხლი 17. არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარება 1. არაფორმალური და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით. 2. რეგულირებადი პროფესიების ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. 3. ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებისას, შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, შესაძლებელია დადგინდეს ერთი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შესაბამისობა სხვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან, მათი ფორმულირების მიუხედავად. 4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ფორმალური განათლების აღიარება დასაშვებია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის 9 განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში. უფლების საქართველოს მუხლი 18. უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების აღიარება 1. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის საფუძველზე. მუხლი 19. რეგულირებადი პროფესიები 1. რეგულირებადი პროფესიები არის მაღალი რისკის შემცველი პროფესიები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებას ან/და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. 2. მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის პროფესიულ განათლებას ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან/და რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება. 3. რეგულირებად პროფესიებში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე პერიოდული პროფესიული გადამზადების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. თავი III. პროფესიული განათლების სისტემის მართვა მუხლი 20. პროფესიული განათლების მართვის პრინციპები პროფესიული განათლების სისტემის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე. მუხლი 21. საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიას; გ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესსა და პირობებს; დ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესსა და პირობებს; ე) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესსა და პირობებს; ვ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური განათლების აღიარების უფლებამოსილების მოპოვების წესსა და პირობებს; ზ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს რეგულირებადი პროფესიების ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების წესსა და პირობებს; 10 თ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსების პირობებსა და წესს; ი) სამინისტროს წარდგინებით ადგენს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განკარგვის წესსა და პირობებს; კ) სამინისტროს წარდგინებით ქმნის პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სათათბირო ორგანოს და ამტკიცებს მის დებულებას; ლ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ბარათით ფასდაკლების მიღების წესს; მ) განსაზღვრავს პროფესიის სტანდარტის/სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს; ნ) სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების საკითხის მის დამფუძნებელ ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 22. სამინისტრო 1. პროფესიული განათლების სფეროში სამინისტრო: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში უფლებამოსილია განახორციელოს დასანერგი მიდგომების/მოდელების პილოტირება; გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების განხორციელების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, უფლებამოსილია მოახდინოს მათი შერწყმა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების განხორციელების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას; ვ) ამტკიცებს არაფორმალური და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს; ზ) ამტკიცებს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემას; თ) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს; ი) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს; კ) ამტკიცებს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელების წესსა და პირობებს; ლ) ამტკიცებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესს; მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; ნ) ამტკიცებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; 11 ო) ამტკიცებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მათი დანართის ფორმებს, ასევე ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის ფორმას; პ) ამტკიცებს პროფესიულ სტუდენტთა მობილობის წესს; ჟ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; რ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსს; ს) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესსა და პირობებს; ტ) ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს; უ) შეიმუშავებს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესსა და პირობებს; ფ) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დაძლევის დადასტურების წესს; სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ქ) ამტკიცებს ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიას; ღ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით ქმნის იურიდიულ პირებს. 3. სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ კანონის მე-21 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე და სამინისტროსათვის წარდგენაზე უფლებამოსილი მის სისტემაში შემავალი იურიდიული პირი/პირები. თავი IV. კოლეჯის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები მუხლი 23. კოლეჯის დაფუძნება, სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. კოლეჯი ფუძნდება და საქმიანობს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. 4. ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვთ ავტორიზაციის მქონე იურიდიულ პირებს - კოლეჯებს. კოლეჯები უფლებამოსილი არიან დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელონ პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის 12 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მიღებული აქვთ ავტორიზაციით. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 8. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, გარდა სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, მათი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის X თავი. მუხლი 24. კოლეჯის შერწყმა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია კოლეჯის შერწყმას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს/ახორციელებენ დამფუძნებელი/დამფუძნებლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მისი თავი V. კოლეჯის მართვა მუხლი 25. კოლეჯის მართვის პრინციპები და ვალდებულებები 1. კოლეჯის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე. 2. კოლეჯი ვალდებულია: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და მათ გაერთიანებებთან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა; დ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობა; ე) პროფესიული განათლების მიღების მსურველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის მიაწოდოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში წერილობითი ფორმით შეატყობინოს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტოს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებები; 13 ზ) უზრუნველყოს ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; თ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა; ი) სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას გაითვალისწინოს მოზარდთა და ზრდასრულთა საგანმანათლებლო საჭიროებები; კ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ლ) შექმნას პირობები ინკლუზიური პროფესიული განათლებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის და მსმენელებისათვის შეიმუშავოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტის და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია; მ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება. 3. კოლეჯის მართვის ორგანოებს, მათი არჩევის/დანიშვნის წესს, მათთვის წასაყენებელ მოთხოვნებს, მათ უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კოლეჯის წესდება. თავი VI. ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება მუხლი 26. ავტორიზაცია 1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი იძენს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მიღებული აქვთ ავტორიზაციით. 2. კოლეჯის ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებსა და მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 3. კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატა საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით. 4. კოლეჯი უფლებამოსილია, დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების პროგრამები იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას მიღებული აქვს ავტორიზაციით. 5. პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების პროგრამების მსმენელები საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩაეთვლება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში. 14 მუხლი 27. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატოს საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების პროგრამები იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას მიღებული აქვს ავტორიზაციით. თავი VII. პროფესიული განათლების მასწავლებელი მუხლი 28. პროფესიული განათლების მასწავლებელი 1. პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც წარმართავს სასწავლო პროცესს პროფესიული განათლების ფარგლებში. 2. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად. 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს: ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს; ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს; გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს; დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს. თავი VIII. პროფესიული სტუდენტი და მსმენელი მუხლი 29. პროფესიული სტუდენტის და მსმენელის უფლებები 1. პროფესიულ სტუდენტს და მსმენელს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება; ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ისარგებლოს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით; გ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს პროფესიულ და სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ისარგებლოს მობილობის უფლებით. 3. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული 15 საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთერთი კვალიფიკაციის ამოღების, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში დაასრულოს სწავლა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც სწავლობს ან ისარგებლოს მობილობის უფლებით. 4. პროფესიული სტუდენტის და მსმენელის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით/იურიდიული პირის მიერ განსაზღვრული წესით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით. 5. პროფესიულ სტუდენტს და მსმენელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. თავი IX. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსება და საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა მუხლი 30. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსება 1. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები, მუნიციპალიტეტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსება ასევე შეიძლება განახორციელონ სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, კერძო სამართლის იურიდიულ პირებში - საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად. 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის შემოსულობები და გადასახდელები აისახება მის ბიუჯეტში. კოლეჯს გახსნილი აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და აქვს ბეჭედი. 4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლოა დაფინანსდნენ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან. 5. პროფესიული განათლება, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება დააფინანსონ ფიზიკურმა პირებმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა. მუხლი 31. საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა 1. სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, ასევე მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. 16 2. სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ მისი სასწავლო პროცესის განვითარების, ეკონომიკური მდგრადობის, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვების და წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს. 3. სასწავლო პროცესში შექმნილი საქონლის/მომსახურების რეალიზებიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხმარდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 32. კოლეჯის მიერ სხვა იურიდიული პირის შექმნა 1. წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კოლეჯი უფლებამოსილია დააფუძნოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში კოლეჯი უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს/აქციებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორცილება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის შემთხვევაში საჭიროებს დამფუძნებელ ორგანოსთან/ორგანოებთან შეთანხმებას. თავი X. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, ქონება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა მუხლი 33. სახელმწიფო კონტროლი 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კოლეჯზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დამფუძნებელი ორგანო. 2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულება), მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებული ორგანო. 4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა ან ადგილზე შეისწავლის კოლეჯის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას. მუხლი 34. კოლეჯის ქონება 1. კოლეჯის დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას. 2. კოლეჯის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა. 3. კოლეჯი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანოს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17 4. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით შეძენილი ქონება მის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უსასყიდლოდ ან სასყიდლით გადასცეს სარგებლობის უფლებით. სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, რომლის გადაცემაც მოხდა ამ მუხლით დადგენილი წესით, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ სრულად უბრუნდება შესაბამის კოლეჯს. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 35. კოლეჯის ანგარიშგება კოლეჯის ანგარიშგების წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით. თავი XI. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მუხლი 36. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 2. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები. მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია 1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია დადგინდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები. მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე 18 პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 39. გარდამავალი დებულებანი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (თბილისი, 2007 წლის 28 მარტი. №4528_Iს) შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად, ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, ხოლო მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები - ავტორიზებული კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად, რა დროსაც: ა) მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კოლეჯი უფლებამოსილია, სწავლა დაასრულებინოს ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. კოლეჯი არ არის უფლებამოსილი მოახდინოს ამ პროგრამაზე ახალი პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კოლეჯი უფლებამოსილია, სწავლა დაასრულებინოს ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, ასევე მოახდინოს ამ პროგრამაზე ახალი პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები; 2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (თბილისი, 2007 წლის 28 მარტი. №4528_Iს) შესაბამისად დამტკიცებული პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი ითვლება ამ კანონის საფუძველზე შექმნილ პროფესიის სტანდარტად და პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტად ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ შესაბამისი პროფესიის სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცებამდე. მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდგომ განხორციელებული ყველა მოქმედება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. 2017 წლის 01 სექტემბრიდან, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შეცვლით და მასთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოქმედების ვადით, განახორციელონ ასევე ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მხოლოდ ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის და მათ მიერ მიღებული განათლება/მინიჭებული კვალიფიკაცია/მათზე გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, მათთვის პროფესიული განათლების დაფინანსება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად. 4. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (თბილისი, 2007 წლის 28 მარტი. №4528_Iს) შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებული ქართული ენის მოდული ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულად. 19 5. 2019 წლის პირველ იანვრამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომის ნაცვლად, გასცეს პროფესიული დიპლომი. 6. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (თბილისი, 2007 წლის 28 მარტი. №4528_Iს) შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესსა და პირობებს ამტკიცებს სამინისტრო. 7. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტებს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლება აქვთ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაადასტურონ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტუდენტებზე გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულად. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სამინისტრომ უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელების კონკურსის წესით დანიშნვა. ამ პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელების დანიშვნა იწვევს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას. 9. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყაროს და ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად. 10. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაცული ინფორმაციის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 11. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების ამოქმედებამდე და ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (თბილისი, 2007 წლის 28 მარტი. №4528_Iს) საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები, ასევე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდგომ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას, ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე. 14. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში, სამინისტრომ და სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ ამ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 40. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117). 20 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,პროფესიული განათლების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2013 წელს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შემუშავდა საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის (2013-2020 წლებისათვის) სტრატეგია, რომლის დამტკიცებითაც (საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანება) დაიწყო პროფესიული განათლების სფეროს განვითარების ახალი ეტაპი. სტრატეგიაში ასახულია საქართველოს მთავრობის სოციალურეკონომიკური პრიორიტეტები და ჩამოყალიბებულია მიზნები, რომელთა განხორციელებამ, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური რესურსების მდგრად განვითარებას (შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას, დასაქმების თუ თვითდასაქმების, თვითრეალიზების შესაძლებლობას) და შრომის ბაზრის ამჟამინდელი თუ სამომავლო მოთხოვნების დაკმაყოფილებით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებას. პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო პოლიტიკისა და რეფორმის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭიროა მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რაც პირველ რიგში, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის შემუშავებით არის შესაძლებელი. ახალი კანონის შემუშავება (და არა არსებულ კანონში ცვლილებების განხორციელება) ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ვრცელდება მოქმედი კანონის მნიშვნელოვან ნაწილზე და ამასთანავე, გვთავაზობს ახალ მიდგომებსა და პრინციპებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. ამდენად, კანონპროექტში წარმოდგენილია არსებული ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებული ხედვა და მოიცავს სფეროსთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო საკითხს, ამასთანავე, გამოკვეთს პრობლემებსა და გამოწვევებს და ქმნის საფუძველს ამ პრობლემათა გადაჭრისათვის საჭირო სამართლებრივი ნორმების ჩამოსაყალიბებლად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. კერძოდ,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;  სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;  მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა;  საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და თავსებადობა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს პროფესიული განათლების სფეროში და ხაზს უსვამს სწავლება-სწავლის მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური მიდგომების შეთავაზებას, ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით; პროფესიული განათლების ზოგად და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობას; პროფესიული განათლების მორგებას შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან და პირის მომზადებას დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას; შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით; პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას; ფორმალურ 1 განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას; პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობას; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროფესიული განათლების ფუნქცია, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარებასთან არის დაკავშირებული, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ყველა დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაში. თუმცა ამ მიზნით სფეროს სხვა მიზნების გადაფარვა პროფესიულ განათლებას ვიწრო საზღვრებში კეტავს და არ აღიარებს მის ფართო შესაძლებლობებს. თანამედროვე სამყაროში პროფესიული განათლება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური ინკლუზიისა და ადამიანების პიროვნული განვითარების საქმეში. კანონპროექტი ეფუძნება პროფესიული განათლების, როგორც ადამიანის უფლების იდეას და თანაბრად მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და პიროვნულ ასპექტებს. ამავე დროს, კანონპროექტის მიზნები სრულად პასუხობს სფეროს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, ,,პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ“. აღნიშნული მუხლით უფლებაზე მეტად წარმოდგენილია შეზღუდვები და წინაპირობები, რაც დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნის პროფესიული განათლების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საბაზო განათლება საქართველოში სავალდებულოა და ერთი შეხედვით, პროფესიული განათლების მისაღებად საბაზო განათლების ფლობა მინიმალურ მოთხოვნას წარმოადგენს, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კანონის ამ ჩანაწერით დავიწროვებულია იმ პირთა წრე, რომლებსაც უფლება ეძლევათ მიიღონ პროფესიული განათლება. ასევე, დავიწროვებულია თავად პროფესიული განათლების ცნებაც. კანონის თანახმად, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული განათლება იცნობს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით სრულდება და არ აღიარებს პროფესიული მომზადების, გადამზადების, ცალკეული კომპეტენციების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულების არსებობას. რეალურად, კანონი არ იძლევა იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების განხორციელების საშუალებას, რისი შეთავაზებაც პროფესიული განათლების სფეროს შეუძლია. კანონის პროექტი ცვლის ზემოთაღნიშნულ მიდგომას და გზას უხსნის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 2 კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და სხვ. კანონპროექტი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით. დეკლარირება იმისა, რომ „ყველას აქვს პროფესიული განათლების მიღების უფლება“, საფუძველს უქმნის ამ უფლების რეალიზების, სისტემის მოქნილობისა და შესაძლებლობათა გაფართოებისათვის მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული მიდგომა არ გამორიცხავს სპეციფიკური საკითხების გათვალისწინებას (მაგ. ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ასაკობრივ შეზღუდვას, რიგ შემთხვევებში სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფლობის ვალდებულებას და ა.შ) და იძლევა პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში არსებობს პროფესიული განათლების ორი სახე: ფორმალური პროფესიული განათლება და არაფორმალური პროფესიული განათლება. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით. კანონის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი გზას უხსნის ფორმალური განათლების ფართო შესაძლებლობების განხორციელებას და არ ზღუდავს მას მხოლოდ კვალიფიკაციის მისანიჭებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით. ფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც გულისხმობს „ცოდნა და გაცნობიერების“, „უნარის“, „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას და აღნიშნულის დადასტურებას სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით. კანონპროექტი ითვალისწინებს ფორმალური პროფესიული განათლების სფეროში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში მიღებული ცოდნის დადასტურებაც ყოველთვის არ იქნება დაკავშირებული შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებასთან. მოქნილი, დიფერენცირებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის (მაგალითად, უკვე დასაქმებული პირებისათვის, რომლებსაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სურვილი აქვთ მიიღონ ცალკეული მოდულით გათვალისწინებული კომპეტენციები). ამასთან პროფესიული განათლება გზას გაუხსნის ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე იმ პირებს, რომლებმაც ვერ შეძლეს საბაზო განათლების ატესტატის მიღება, მაგრამ შესწევთ უნარი, გამოიმუშავონ ცალკეული პროფესიული კომპეტენციები (კვალიფიკაციის ჩარჩოს მეორე დონის შესაბამის კურსებზე). არაფორმალური განათლება ხორციელდება ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ. ის მოიცავს ზრდასრულთა განათლებას, სამუშაო ადგილზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს, ონლაინ და დისტანციურ სწავლებას ან სათემო დონეზე ორგანიზებულ კურსებს, რომელსაც ახორციელებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს ინფორმალური (informal) განათლების ცნებაც, რომელიც წარმოადგენს არაორგანიზებულ და არასტრუქტურირებულ განათლებას, ცოდნისა და უნარების შეძენას მიზანმიმართულად ან პიროვნებისაგან გაუცნობიერებლად, ცხოვრების მანძილზე ან მუშაობის ან თვით-სწავლების პროცესში. ბევრ ენაში, მათ შორის ქართულშიც, ხშირად, ამ ტერმინებს შორის განსხვავება ბუნდოვანია. მოქმედი კანონმდებლობა არაფორმალურ და ინფორმალურ პროფესიულ განათლებას აერთიანებს არაფორმალური პროფესიული განათლების ტერმინში და განმარტავს, რომ არაფორმალურია პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ ეტაპზე 3 მიზანშეწონილია, რომ შენარჩუნდეს აღნიშნული მიდგომა, თუმცა კანონპროექტი ტერმინის უფრო დაზუსტებულ განმარტებას გვთავაზობს. არაფორმალური და ინფორმალური განათლების აღიარების საერთო პრინციპები და არაფორმალური განათლების ევროპული სახელმძღვანელო, აღიარებას შემდეგნაირად განმარტავს: კომპეტენტური ორგანოს მიერ იმის დამტკიცება, რომ პირის მიერ ფორმალურ, არაფორალურ თუ ინფორმალურ გარემოში შეძენილი სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარები და კომპეტენციები) შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე და ისინი აკმაყოფილებს აღიარების/ვალიდაციის სტანდარტებს. აღიარება, ჩვეულებრივ, დასტურდება სერტიფიკატით. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია, როგორც არაფორმალური განათლების აღიარების, ასევე ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების შესაძლებლობას, ასევე პროფესიული კრედიტების დაგროვების, ტრანსფერისა და აღიარების სისტემის განსაზღვრის ვალდებულებას. მოქმედი კანონისა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თანახმად, საქართველოში არსებობს პროფესიული განათლების ხუთი საფეხურის კვალიფიკაცია. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს. არსებული ჩარჩო წარმოადგენს განათლების სისტემის სამი ძირითადი ქვესისტემის (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება) კვალიფიკაციათა ჩარჩოების ნაერთს. პროფესიული განათლების საფეხურებთან არის დაკავშირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპები - პროფესიული კოლეჯი და საზოგადოებრივი კოლეჯი. პროფესიული კოლეჯი ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ხოლო საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის (ხუთივე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს. პროფესიული კვალიფიკაციების საფეხურებად ,,ჩაშლის“ მიდგომა (რომელიც სისტემაში 2010 წლიდან დაინერგა) დამაბნეველი აღმოჩნდა, როგორც პროფესიული განათლების მსურველებისთვის, ასევე დამსაქმებლებისათვის. 2013 წელს დაიწყო მუშაობა სისტემის გამარტივებაზე. ამასთან, 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, გათვალისწინებულ იქნა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. აღსანიშნავია, რომ განათლების ევროპული კონტექსტი პირველყოვლისა გულისხმობს იმ საერთო ევროპულ მიდგომებს, რომელთა ჩამოყალიბებითაც ევროპის სივრცეში მყოფმა ქვეყნებმა შექმნეს ურთიერთთავსებადი განათლების სისტემები. ამის უმთავრესი ინსტრუმენტია სწორედ ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც ფორმალურად ძალაში შევიდა 2008 წელს, ევროპული პარლამენტისა და საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ. ჩარჩოს მთავარი მიზანია: ➢ ხელი შეუწყოს მობილობას ქვეყნებს შორის; ➢ ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას. ჩარჩო შემუშავდა, როგორც ,,მთარგმნელობითი ინსტრუმენტი“. ამ ფუნქციის შესასრულებლად შემუშავდა EQF-LLL-თან მიმართებაში ეროვნული ჩარჩოს “რეფერენსირების” წესი და პროცედურა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიკაციების ჩარჩოები 2010 წლიდან “რეფერენსირებულია” ევროპული ჩარჩოს დონეებთან მიმართებაში, რაც ნიშნავს რომ ეროვნული კვალიფიკაციები განთავსებულია EQF-LLL-ის შესაბამის დონეებზე. ეს მექანიზმი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კვალიფიკაციების ურთიერთშედარების, მათი დონისა და სწავლის შედეგების გაგების საშუალებას იძლევა. მიხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული განათლების სისტემები 4 აქვთ, ,,რეფერენსირების” მეშვეობით მარტივად დგინდება მათი მიმართება კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოსთან. ამდენად, ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (EQF) უზრუნველყოფს, რომ კვალიფიკაციები გახდეს ადვილად აღსაქმელი და გასაგები ევროპულ სივრცეში სხვადასხვა ქვეყნებისა და სისტემებისათვის, ასევე იძლევა ერთი ქვეყნის ეროვნული კვალიფიკაციების შედარების საშუალებას მეორე ქვეყნის ეროვნულ კვალიფიკაციებთან. ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ბირთვს წარმოადგენს 8 საკვალიფიკაციო დონე, რომელიც აღწერილია სწავლის შედეგების მეშვეობით. კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი სტრუქტურული ერთეული - ,,დონე” არ არის მიბმული განათლების ფორმალურ სისტემაზე. ,,დონე” სისტემისგან დამოუკიდებლად აღწერს სწავლის შედეგებს. EQF-LLL-ის დოკუმენტის თანახმად კვალიფიკაციის თითოეული დონე შეიძლება მიღწეულ იქნეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კარიერული გზით. 2014 წელს გაანალიზდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო1 ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მიმართებით (ასევე სხვადასხვა ქვეყნების ჩარჩოებთან მიმართებით), იდენტიფიცირდა ხარვეზები და დაიგეგმა ჩარჩოს შემდგომი განვითარების პროცესი. რამდენიმეწლიანი მუშაობის საფუძველზე, შეიქმნა ჩარჩოს ახალი პროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ახალი ჩარჩოს მიღება ძირითადად უკავშირდება პროფესიული განათლების რეფორმირებას, რადგან სწორედ პროფესიული განათლებაა განათლების ის ქვესისტემა, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის განხორციელებაში. კანონპროექტით გათვალისწინებული ტერმინების განმარტებები შესაბამისობაშია ევროპის დონეზე აღიარებულ ტერმინებთან (CEDEFOP, EQF-LLL). ამასთან, სოცირების შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში სერტიფიკატისა და დიპლომის დანართებს (ევროპასის შესაბამისად). დღეს არსებული ჩარჩოს ყველაზე დიდი ხარვეზი სისტემის ,,ჩიხებია“ და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობის მოყვანით შეიქმნება განათლების დონეებს შორის კავშირები, დონიდან დონეზე გადასვლის მოქნილი მექანიზმები. კანონმა უნდა შექმნას საფუძველი კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის ასამოქმედებლად, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სფეროს მოქნილობასა და მიმზიდველობას. კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს შესაბამისად საქართველოში იარსებებს განათლების შემდეგი დონეები და კვალიფიკაციები: დონე 1 კვალიფიკაცია საკვანძო უნარების სერტიფიკატი სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი 2 საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი საკვანძო უნარების სერტიფიკატი პროფესიული მომზადების/გადამზადების სერტიფიკატი 3 საბაზო პროფესიული განათლების დიპლომი პროფესიული მომზადების/გადამზადების სერტიფიკატი 1 კვალიფიკაციების ჩარჩოები (საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოების შედარებითი ანალიზი), 2014. 5 საკვანძო უნარების სერტიფიკატი (მაგ. სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი) 4 სრული ზოგადი განათლების ატესტატი საშუალო პროფესიული განათლების დიპლომი პროფესიული მომზადების/გადამზადების სერტიფიკატი საკვანძო უნარების სერტიფიკატი (მაგ. სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი) 5 უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი/ასოცირებული ხარისხი პროფესიული მომზადების/გადამზადების სერტიფიკატი 6 მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი ბაკალავრი 7 მაგისტრი დიპლომირებული მედიკოსი (ერთსაფეხურიანი პროგრამა) სტომატოლოგიის მაგისტრი (ერთსაფეხურიანი პროგრამა) განათლების მაგისტრი (ინტეგრირებული საბაკალავრო -სამაგისტრო პროგრამა) ვეტრინარიის მაგისტრი (ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) ვეტერინარიის მომზადების სერტიფიკატი 8 დოქტორი წარმოდგენილი ხედვის თანახმად პროფესიული კვალიფიკაციები განთავსდება კვალიფიკაციების ჩარჩოს მესამე, მეოთხე და მეხუთე დონეებზე, ხოლო მომზადება-გადამზადების პროგრამები (სასერტიფიკატო კურსები) - მეორედან მეხუთე დონის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ახალი მიდგომით, კვალიფიკაციის ჩარჩოს მეხუთე დონეზე, გარდა უმაღლესი პროფესიული განათლებისა, იარსებებს ბაკალავრიატის მოკლე ციკლის პროგრამები, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კოლეჯებს. შესაბამისი დონის საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა დიპლომი (კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში), ან სერტიფიკატი (პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის, ან ცალკეული მოდულის ათვისების შემთხვევაში), მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე პირს მიენიჭება ასოცირებული ხარისხი. 2007 წელს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ამოღებულია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტი და პირს, რომელიც საბაზო განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო 6 დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად გზა ეკეტება. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მისაღებად ერთადერთი გზაა სკოლაში დაბრუნება (რაც პრაქტიკულად არ ხდება) ან ექსტერნის წესით გამოცდების ჩაბარება (რაც ასევე დიდი ბარიერია განათლების სისტემის მიღმა მყოფი პირებისათვის). პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევამ მოკლევადიან პერსპექტივაში რეალურად იქონია ანტიკორუფციული ეფექტი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოქნა ე.წ. ,,საგანმანათლებლო ჩიხი“, რომლის დაძლევაც დღეს განათლების პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კანონპროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების ფარგლებში სრული ზოგადი განათლების დაუფლების შესაძლებლობას (საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში). ამ შესაძლებლობის შექმნა მნიშვნელოვან რეფორმას მოითხოვს არამხოლოდ პროფესიული, არამედ ზოგადი განათლების სფეროშიც, რაც გარდაუვალი აუცილებლობაა განათლების სისტემაში არსებული „ჩიხების“ აღმოსაფხვრელად. კანონპროექტის თანახმად, კოლეჯებს უფლება მიეცემათ განახორციელონ სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები (როგორც მოდული - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ან დამოუკიდებელი პროგრამის სახით). კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები. რეალურად კი, პროფესიულ განათლებაში (ევროპულ სისტემებში) სტანდარტი განსაზღვრავს პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ინდივიდუალურ კომპეტენციას. სტანდარტი მიუთითებს, რა სახის პრაქტიკულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კურსდამთავრებული სამუშაოს კომპეტენტურად შესასრულებლად. პროფესიული სტანდარტი აღწერს: რა უნდა შესრულდეს; როგორ უნდა შესრულდეს; რა გარემოებებში უნდა შესრულდეს სამუშაო. პროფესიული სტანდარტი გამოიყენება, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი, მაგრამ თავის თავში არ აერთიანებს, არ მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის ელემენტებს. ზემოაღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს პროფესიის სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცნებების ერთმანეთისგან გამიჯვნას. კერძოდ პროფესიის სტანდარტი განიმარტება როგორც კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული ამოცანებისა და მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს პროფესიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ხოლო, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი განიმარტება როგორც დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები, შესაბამისი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე დაშვების და პროგრამის/პროგრამების განხორციელების წინაპირობები, აგრეთვე დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროფესიული სტანდარტები 2010 წლიდან გაჩნდა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და მათი მომზადების (დამსაქმებლების მონაწილეობით) და დამტკიცების უფლებამოსილება მოქმედი კანონით მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გააჩნია. აღნიშნული მიდგომა ერთგვარ შეუსაბამობაშია ევროპულ/საერთაშორისო პრაქტიკასთან, რადგან პროფესიის სტანდარტების შექმნა-განვითარების კომპეტენცია არაერთ ქვეყანაში პროფესიული ასოციაციებს, სავაჭრო პალატებსა თუ დამსაქმებელთა გაერთიანებებს ეკუთვნით. საქართველოში შესაძლოა მოცემულ ეტაპზე არ არსებობდეს იმის მზაობა, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებმა აიღონ პასუხისმგებლობა პროფესიის სტანდარტების შექმნაზე, თუმცა კანონმა ხისტად არ უნდა განსაზღვროს აღნიშნული საკითხის განათლების სივრცეში მოქცევის მიდგომა, არამედ უნდა დატოვოს შესაძლებლობა იმისათვის, 7 რომ პროფესიის სტანდარტების განვითარება ეტაპობრივად გავიდეს საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებიდან და დასაქმების სფეროს კომპეტენციად იქცეს. აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, კანონპროექტით შემოთავაზებულია პროფესიის სტანდარტის/სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც ასახავს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს. თანამედროვე ევროპული მიდგომა კომპეტენციებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რაც ტრადიციული მიდგომისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. კომპეტენციებზე დაფუძნებული განათლება განსაზღვრავს კურსდამთავრებულისთვის საჭირო ცოდნის და უნარების ერთობლიობას და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს არსებობის აუცილებლობას, რაც შედეგობრივად უზრუნველყოფს დასაქმების ბაზრისთვის საჭირო პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას. კომპეტენციებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სისტემაში სტანდარტი ფიქსირებულია, ხოლო სტანდარტის მისაღწევად განსაზღვრული დროის მონაკვეთი - ცვლადი. სტანდარტის დაკმაყოფილება ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა, თუმცა კვალიფიკაციის მისაღებად განსაზღვრული დროის მონაკვეთი თითოეულ სტუდენტთან მიმართებაში განსხვავებულია. კომპეტენციებზე დაფუძნებული პროფესიული განათლება, სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობების და გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებლობას აძლევს საჭირო ვადებში ცოდნას და უნარებს დაეუფლოს. ახალი სისტემის ფარგლებში ეფექტური სასწავლო გარემო შეიქმნება ყველა ტიპის საჭიროების მქონე სტუდენტის სწავლებისათვის. კანონპროექტში მოცემულა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ცნება, რომელიც გულისხმობს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად პროფესიული სტუდენტის ან მსმენელის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) საჭიროებაზე მორგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას და პროგრამის სხვა ელემენტებთან ერთად აღწერს სწავლის შედეგების მიღწევის ინდივიდუალურ გზებს. ზოგადად, კანონპროექტი ეფუძნება ინკლუზიურობის პრინციპს და ქმნის მყარ საფუძველს ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელებისთვის. ინკლუზიური პროფესიული განათლება კანონპროექტით განმარტებულია, როგორც თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ყველა პროფესიული სტუდენტის და მსმენელის განათლება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით. კანონპროექტის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას ევალება შექმნას პირობები ინკლუზიური პროფესიული განათლებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის და მსმენელებისათვის შეიმუშავოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტის და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების ვალდებულებების ნაწილში აისახა პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესის შექმნა. უნდა აღინიშნოს კანონპროექტის ის გარანტიები, რომლებიც იქმნება სმენისა და მხედველობის დარღვევის მქონე პირებისათვის. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაწესებულებებში სადაც სწავლობენ სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტები და მსმენელები, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა; ხოლო მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის გამოიყენება ბრაილის სისტემა. კანონპროექტის თანახმად მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2016 წლიდან სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და საწარმოების მონაწილეობით დაიწყო 8 სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. განხორციელების პროცესში გამოვლინდა საკანონმდებლო დონეზე მთელი რიგი საკითხების მოწესრიგების აუცილებლობა. ამდენად, აღნიშნული კანონპროექტით მთავრობის ერთ-ერთ უფლებამოსილებად განისაზღვრა იმ წესების დამტკიცება, რაც უკავშირდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელმაც მთავრობის მიერ დადგენილი წესის თანახმად უნდა მოიპოვოს პროგრამის განხორციელების უფლება. აღნიშნული წესით განისაზღვრება ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის იურიდიული პირი, რომელსაც სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებისა და სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება, ასევე განისაზღვრება უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, სასწავლო საწარმოს მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები და სხვა. ერთ-ერთი დიდი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემის შექმნა. ამისათვის გამოყენებული იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობები, არამედ არაფორმალური განათლების სექტორში არსებული მდიდარი გამოცდილებაც. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კერძო კომპანიების ტრენინგ-ცენტრებზე, რომლებსაც კანონპროექტი სთავაზობს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ფორმალიზებას (რაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს) და ამის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების მინიჭებას. ამისათვის საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პირობებს. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (121 მუხლი) პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების, პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში აისახება პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების წესის დამტკიცება, რომელიც დაარეგულირებს პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ტიპებს, პროფესიაში შესვლისა და შემდგომი პროფესიული განვითარების ღონისძიებებს. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, პროფესიული განათლების მიღების უფლების მოპოვება პროფესიულ ტესტირებაზე გადის (პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად). კანონი განსაზღვრავს, რომ პროფესიული ტესტირება არის პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის. ამდენად, პროფესიული ტესტირება წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა ჩარიცხვის ერთადერთ მექანიზმს, თუმცა მისი თავსებადობა/რელევანტურობა ახალ მიდგომასთან, რომლის მიხედვითაც პროფესიული განათლება არ გულისხმობს მხოლოდ კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროგრამის განხორციელებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კანონმა არ უნდა განსაზღვროს კონკრეტული მექანიზმი (ტესტირება, გასაუბრება და ა.შ), რომლის საფუძველზეც პირი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება, ვინაიდან მიმდინარე რეფორმის 9 ტენდენციებიდან გამომდინარე, პერიოდულად გაანალიზდება განხორციელებული პოლიტიკის შედეგები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული მექანიზმების დახვეწა ან/და შეცვლა, რაც თავის მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. ამდენად, კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესის შემუშავება და დამტკიცება. აღნიშნული წესი გაითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებებს და დაეფუძნება ობიექტურობის, სამართლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს. იგივე მიდგომით ყალიბდება კანონში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხიც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების ნაწილში აისახება პროფესიული განათლებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენით). კანონპროექტი განსაზღვრავს პროფესიულ განათლებაში ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ამით გზა გაეხსნება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. ამასთან შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების ორგანიზება. კანონპროექტის თანახმად, ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების ნაწილში აისახოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რომელიც მოიცავს მკაფიო ინსტრუქციას სასწავლო პროცესში წარმოებული პროდუქციის რეალიზების, ასევე დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისა და მიღებული შემოსავლების განკარგვის შესახებ. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს (წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად) მიეცემათ სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების უფლება, რომელშიც შესაბამისი დაწესებულება უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს. ამ უფლებამოსილების განხორცილება უნდა მოხდეს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. შეთანხმების წესი და პირობები კი უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები. ასევე, „პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები, მუნიციპალიტეტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების დაფინანსება ასევე შეიძლება განახორციელონ სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“ ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 10 კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გადასახადის გადამხდელთა საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით, რადგან კანონპროექტის ამოქმედებით შეიქმნება პროფესიული განათლების ახალი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას, სფეროს განვითარებას კერძო სექტორის/ბიზნესის აქტიური ჩართულობით, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალით. სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებში. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფლობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის უნარ-ჩვევებს, რომლებიც დადასტურებულია სახელმწიფო პროფესიული დიპლომით. საშუალოდ წელიწადში კურსდამთავრებულთა რაოდენობაა 6000, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 56%-ს. ვინაიდან კანონპროექტის მიღებით გაიზრდება პროფესიულ განათლებაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა და ასევე, სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხელშეწყობილი იქნება მათი დასაქმების პოლიტიკა, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ახალი შესაძლებლობებით, რომელიც უკავშირდება განათლების საფეხურებზე გადასვლის მოქნილობას, არაფორმალური განათლების აღიარებას, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარებას, დამსაქმებლებთან ერთობლივად განხორციელებულ პროგრამებს, მომზადებაგადამზადების კურსებს, კრედიტების ტრანსფერის სისტემას, მოსალოდნელია, რომ პროფესიული განათლების ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სასწავლებლებში. 2017 წლის პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება 11 100 სტუდენტზე შეადგენდა 14.1 მლნ ლარს. (საშ. ხარჯი 1 სტუდენტზე წლიურად - 1270 ლარი), ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა აღემატება 6 000. 2016 წლის დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 56%. პროფესიული განათლების მიღების პარალელურად სრული ზოგადი განათლების დაუფლების შესაძლებლობა, თანხვედრაშია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპების რეალიზებასთან. ამ შესაძლებლობის შექმნა გამოიწვევს სტუდენტების (9 კლასის განათლებით) რაოდენობის ზრდას, რომელთაც ასევე სურთ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების საფეხურზე. აღნიშნული შესაძლებლობის შექმნა უკავშირდება პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების გაზრდას თუმცა ხარჯების საერთო მოცულობის გაზრდა არ არის ნავარაუდევი, ვინაიდან ზოგად განათლებაზე გათვალისწინებული ხარჯი ამ შემთხვევაში გადმოინაცვლებს პროფესიულ განათლებაზე. 2016 წლის კვლევის შედეგად 6 463 (65%) არსებულ სტუდენტს სურს მიიღოს სრული ზოგადი განათლება პროფესიული განათლების პარალელურად. დამატებით, საშუალოდ, საბაზო საფეხურის მქონე 3000 მოსწავლე ტოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც ზემოაღნიშნული შესაძლებლობის შექმნის შემდეგ, მოიაზრებიან პროფესიული განათლების ბენეფიციარებად. სტუდენტის სწავლის ღირებულება ინტეგრირებულ პროგრამაზე შეადგენს საშუალოდ 2400 ლარს და შესაბამისად საერთო ხარჯი დამოკიდებულია სტუდენტთა რაოდენობაზე. ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი ინსტიტუციონალიზაცია ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ზოგადად მოსწავლეებისა და ზრდასრულების მხრიდან გაცნობიერებული პროფესიული არჩევანის გაკეთებას. სამიზნე ჯგუფების მიხედვით განსხვავებული სერვისების შეთავაზება როგორც სკოლებში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებში დაკავშირებულია ხარჯებთან. ასევე, საჯარო სკოლების მიერ პროფესიული განათლების კურსების შეთავაზება დაკავშირებული იქნება სკოლების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განვითარებასთან. 2017 წლის მეორე ნახევრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული პროგრამების 11 განმახორციელებელი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელდა მიზნობრივი პროგრამა „სკოლის მოსაწავლეებში შრომითი უნარების განვითარება“ (ჯამური ბიუჯეტი 1.4 მლნ ლარი). პროგრამის ფარგლებში პროფესიული კურსი გაიარა 138 სკოლის მე-7 - მე-9 კლასის 3300 მოსწავლემ. აღნიშნულ პროგრამას მიმდინარე წელსაც ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წლიური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, რომლის მოცულობაც განისაზღვრება 2.0 მლნ ლარის ოდენობით. პროფესიული სასწავლებლების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კაპიტალური ხარჯების დაზოგვის საკითხთან, ვინაიდან სწავლების პროცესში შექმნილი მომსახურებისა და პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება ისევ დაწესებულების განვითარებას; პროფესიული განათლების მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნა გამოიწვევს განათლების მიღების მსურველთა რაოდენობის მატებას, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია დამატებით სასწავლებლების შექმნით განსაკუთრებით რეგიონებში. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა კი მოითხოვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის. ამჟამად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 35 საჯარო დაწესებულება. ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებულ ქსელს დაემატა 10 ახალი ლოკაცია. ახალ მუნიციპალიტეტებში სასწავლო კორპუსისა და ძირითადი სახელოსნოების განვითარების ხარჯი შეადგენს საშუალოდ 4 მლნ ლარს (200 სტუდენტი). საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეადგენს საერთო ხარჯის დაახლოებით 50%. მომზადება-გადამზადების პროგრამების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად. სავარაუდო ღირებულება მსმენელზე შეადგენს საშუალოდ 800 ლარს და საერთო ხარჯი დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის საჭირო პროცესების ადმინისტრირება და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. საწყის ეტაპზე, აღნიშნული განხორციელდება ბენეფიციართა თვითდაფინანსებით, ამასთან სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად შესაძლებელია გარკვეული პროფესიების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ კანონპროექტით განსაზღვრული რიგი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება/განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს პროფესიული განათლების ბენეფიციარებისათვის ფინანსურ შეღავათს. ამასთან საგულისხმოა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფლობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის უნარ-ჩვევებს, რომლებიც დადასტურებულია სახელმწიფო პროფესიული 12 დიპლომით. საშუალოდ წელიწადში კურსდამთავრებულთა რაოდენობა აღემატება 6000, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 56%. კანონპროექტის მიღება ასევე გავლენას იქონიებს იმ იურიდიულ პირებზე, რომელთაც პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების სურვილი ექნებათ. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება, რომლის მექანიზმებსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, დაკავშირებული იქნება ასეთი პროგრამის აკრედიტაციის გარკვეულ ფორმასთან. აკრედიტაცია, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმი, გულისხმობს გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას, რაც დაკავშირებული იქნება უფლების მომპოვებლის მხრიდან მომსახურების მიღების სანაცვლოდ, დადგენილი საფასურის გადახდას, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მექანიზმების შემუშავების შემდეგ. ამჟამად, კი საკვალიფიკაციო პროგრამების ავტორიზაციის ღირებულება შეადგენს 3 000.0 ლარს, თუმცა მოსალოდნელია რომ მომზადება-გადამზადების პროგრამების აკრედიტაციის საფასური გასაწევი მომსახურების მასშტაბიდან გამომდინარე განისაზღვროს ნაკლები ოდენობით. მომზადება-გადამზადების პროგრამების განვითარება ზრდასრულთა განათლების სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებლობას მიცემს არასაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ამჟამად არ აქვთ მინიჭებული უფლება განახორციელონ ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, მოითხოვს ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის შექმნა და ამ უფლების მინიჭებისათვის პროცედურების განხორციელება, რაც დაკავშირებულია როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსის უზრუნველყოფასთან სახელმწიფოს მხრიდან. დამსაქმებლების სატრენინგო ცენტრების შესაძლებლობა დღეს ქვეყანაში ძალიან მაღალია და მათი რესურსის გამოყენება ხარისხიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებისთვის, რომლებიც სრულდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემით, მიზანშეწონილია დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის, განსაკუთრებით ზრდასრული მოსახლეობისთვის. შესაბამისად გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია რომ სარგებელი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს გაწეულ ხარჯებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვით მოწესრიგდება პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიაში შესვლა და მისი კარიერული განვითარება. შრომის დიფერენცირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებით და დანერგვით, შეიქმნება პრაქტიკოსი სპეციალისტების მოზიდვის შესაძლებლობა. მასწავლებელთა პროფესიის რეგულირება და წახალისება გამოიწვევს სწავლების ხარისხის გაზრდას, და ასევე მასწავლებელთა შემოსავლის ზრდას. ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების ფუნქციონირებით შესაძლებელი ხდება მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისა და შრომითი მობილობის კონტექსტში. უმაღლესი პროფესიული განათლება/ბაკალავრიატის მოკლე ციკლის დანერგვა - ნათლად განსაზღვრავს უმაღლესი პროფესიული განათლების/ბაკალავრიატის მოკლე ციკლის ადგილს საკვალიფიკაციო ჩარჩოს დონეზე; უზრუნველყოფს პროფესიული განათლების კავშირს უმაღლეს განათლებასთან და ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. აღნიშნული შესაძლებლობის შექმნა უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპს. ხარჯების მცირედი გაზრდა მოსალოდნელია მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელებისას თუმცა გაცილებით მაღალია მისაღები სარგებელი. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო - ახალი ჩარჩოს დამტკიცება სისტემას გახდის უფრო გამჭვირვალეს და თავსებადს ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. შესაბამისად მოსალოდნელი დადებითი შედეგები ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისოდ აღიარება მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მხრიდან გასაწევ ხარჯებს. ახალი რეგულაციების ამოქმედება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას ამჟამინდელ ფუნქციამოვალეობებში, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციების მიერ. შესაბამისად მოსალოდნელია მანდატების გადალაგება, განსხვავებული ინსტიტუციური მოწყობის მოდელის დანერგვა და 13 დამატებითი ადამიანური რესურსების ჩართვა. გასათვალისწინებელია, ასევე ის სარგებელი, რომლიც მიიღწევა სისტემის ეფექტური მართვით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი ნაწილობრივ შესაბამისობაშია: 2004 წლის 15 დეკემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N2241/2004/EC გადაწყვეტილებასთან კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობისთვის გაერთიანების ერთიანი ჩარჩოს შესახებ (Europass); 2006 წლის 18 დეკემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N2006/962/EEC რეკომენდაციასთან მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების შესახებ; 2008 წლის 23 აპრილის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N2008/C111/01 რეკომენდაცია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე; 2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N2009/C155/02 რეკომენდაციასთან პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის (ECVET) „კრედიტების ევროპული სისტემის“ ჩამოყალიბების შესახებ; 2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009/C155/01 რეკომენდაციასთან პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამასთან, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მუხლი 359 (g) და დანართი XXXII). გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 2014 წელს, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი ორგანიზაციების/სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობით:     პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი; ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; 14                ეკონომიკური დეპარტამენტი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს განვითარების პროგრამა; ევროპის განათლების ფონდი; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია; პროფესიული განათლების ფონდი; საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია; საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი. ჯგუფმა გააანალიზა კანონი “პროფესიული განათლების შესახებ“, სისტემაში არსებული გამოწვევები, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და ჩამოაყალიბდა რეკომენდაცია ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას უწევდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, რომელმაც მოამზადა ახალი კანონპროექტის ხედვა/კონცეფცია და გამართა კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კანონპროექტის მომზადების პროცესში ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით. ამასთან, კანონპროექტის კონცეფცია განხილულ იქნა ეროვნული პროფესიული საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობით:  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;  საქართველოს ქალ-მეწარმეთა ასოციაცია;  საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია;  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;  საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება;  ასოციაცია „ანიკა“;  ასოციაციების მართვის ცენტრი;  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი;  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;  გაეროს განვითარების პროგრამა;  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო. 15 კანონპროექტის პირველადი რედაქცია შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2015 წელს, რის შემდეგაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო აქტიური განხილვის პროცესი. 2 წლის განმავლობაში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (ეროვნული პროფესიული საბჭოს შეხვედრისა თუ სამუშაო შეხვედრების/განხილვების სახით), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ბიზნეს-ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; კანონპროექტის ტექსტი განთავსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე, შეიქმნა ელექტრონული ფოსტის სპეციალური მისამართი, რომლის მეშვეობითაც სამინისტრო დოკუმენტთან დაკავშირებით იღებდა შენიშვნებს, წინადადებებსა და მოსაზრებებს. სამუშაო პროცესი მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და გერმანიიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ. აქტიური განხილვების საფუძველზე დოკუმენტი რამდენჯერმე გადამუშავდა და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდა საბოლოო რედაქციით. დოკუმენტის საბოლოო რედაქცია შეჯერდა დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების ფორმატში, რის შემდეგაც წარედგინა საქართველოს მთავრობას. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 16