„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრო ბანკების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება, მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. 2. მიკრო ბანკი ვალდებულია, თავის საფირმო სახელწოდებაში და სახელშეკრულებო ურთერთობებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკრო ბანკი“. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მიკრო ბანკისთვის ნებადართულია თავის სახელწოდებად გამოყენოს ტერმინი „ბანკი“. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკრო ბანკის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, და რომელთა სიას ამტკიცებს მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭო; ბ) მიკრო ბანკი - სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; გ) მიკრო ბანკთან დაკავშირებული პირები – მიკრო ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრები; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკრო ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით; ვ) მიკრო ბანკის საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები; ზ) ფინანსური ინსტიტუტები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები; თ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50- ზე მეტ პროცენტს; ი) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); კ) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით; ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; მ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ნ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრო ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრო ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; პ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; რ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მიკრო ბანკის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; ს) სააქციო კაპიტალი – მიკრო ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა მიკრო ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის; ტ) ნებადართული კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; უ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი; ფ) ახლო ნათესავი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. მიკრო ბანკისათვის ნებადართული საქმიანობა 1. მიკრო ბანკის ბიზნეს მოდელი ეფუძნება სამეწარმეო, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 2. ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლი ჩაითვლება სესხის დაფარვის წყაროდ იმ შემთხვევაში, თუ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის ორმოცდაათ პროცენტზე მეტია. 3. მიკრო ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობა: ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივების და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი ზღვრის ფარგლებში, ასევე ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლიკვიდობის მოთხოვნების დაცვით, ასევე სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა, მათ შორის, ფიზიკური პირებისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; ვ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურება; თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას; ი) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კ) ფასეულობათა შენახვა; ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად; მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. 4. მიკრო ბანკის მიერ სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. 5. მიკრო ბანკი, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის, აგრეთვე მისი გაუქმების წესს და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 6. მიკრო ბანკის მიერ ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში, თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრო ბანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრო ბანკისათვის სესხის გაცემაზე ან კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარს ზემოთ დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. თავი II. ლიცენზირება მუხლი 4. წერილობითი მიმართვა მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 1. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი წერილობით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; დ) ადმინისტრატორების ამ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო და შუალედური მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ზ) მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; თ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი; ლ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი მოითხოვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტულ შემთხვევაში. 3. მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით, კერძოდ, შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაცია; ა.გ) დეტალური ავტობიოგრაფია; ა.დ) ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული წილების ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობა; არარეზიდენტი პირების შემთხვევაში - ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემები; ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაცია; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები; ბ.ბ) უახლესი პერიოდის (კვარტლის) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა; არარეზიდენტი იურიდიული პირების შემთხვევაში - ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 4. სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ინფორმაციას განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ; ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობას, არარეზიდენტი პირების შემთხვევაში - ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; გ) გადახდისუნარიანობის/გადახდისუუნარობის შესახებ ინფორმაცია, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას; დ) არსებული ფინანსური ვალდებულებების (მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხების), ასევე სახელმწიფოს მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების (მათ შორის, საგადასახადო/სასესხო დავალიანების ან/და რესტრუქტურიზებული საგადასახადო/სასესხო დავალიანების) შესახებ ინფორმაცია; ე) აქციონერთან ან პოტენციურ ადმინისტრატორთან ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია. 5. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) ორგანიზაციულ სტრუქტურას და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; ბ) კორპორაციული მართვის პრინციპებს და რისკების მართვის ჩარჩოს; გ) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; დ) ბიზნესგეგმას, რომელიც მინიმუმ სამ წელზე იქნება გათვლილი. ბიზნესგეგმა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ბიზნესსტრატეგიას, რომელშიც სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ბიზნეს მოდელისა და ბიზნესსტრატეგიის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; დ.ბ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ.გ) საბიუჯეტო გეგმას და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს; დ.დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 6. ჯგუფის/მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მიკრო ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 7. მიკრო ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული განახლებული ინფორმაცია. 8. მიკრო ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელსაც, შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს მიკრო ბანკის აქციონერების ან/და ადმინისტრატორების შესაფერისობის საკითხზე, წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 10. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. მუხლი 5. ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება 1. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 3. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და აფასებს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობასა და განხორციელებადობას, საფინანსო სექტორში მის პოტენციურ პოზიციას და მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას. 4. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განხილვის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში. 5. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობებს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებული უარის თქმის ან თანხმობის განცხადების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები. 6. თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე განმცხადებელს დასაბუთებული უარი განუცხადოს ან დაინტერესებულ იურიდიულ პირს დაუდგინოს ხარვეზი (მათ შორის, რამდენჯერმე) და განუსაზღვროს ვადა მის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც შეჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირის მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გასცეს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზია და კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები გარკვეული ტიპის ნებადართული საქმიანობის განხორციელებაზე. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები. მუხლი 6. მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება, იყოს მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 2. პირი არ შეიძლება იყოს მიკრო ბანკის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ბ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება; დ) იგი ამავე დროს არის სხვა ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ მიკრო ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ფინანსურ ინსტიტუტში ან ფინანსურ ინსტიტუტში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება აღნიშნული მიკრო ბანკი. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. მუხლი 7. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრო ბანკს გაუუქმოს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) მიკრო ბანკის წერილობითი მიმართვა მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; ბ) მიკრო ბანკის მიერ ამ კანონის მე-3 და 22-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა; გ) მიკრო ბანკის მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა; დ) მიკრო ბანკის მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა; ე) მიკრო ბანკის მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად; ვ) მიკრო ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან ან მიკრობანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა; ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კრედიტორების ნდობის დაკარგვა, ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა; თ) მიკრო ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან საფრთხე შეუქმნას მიკრო ბანკის დეპოზიტარებს ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ი) მიკრო ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მომგებიანობის სუსტი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად; კ) მიკრო ბანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; ლ) მიკრო ბანკის ჯგუფის/მფლობელობის სტრუქტურის სირთულე ან/და არაგამჭვირვალობა, ან სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რაც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას, საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მიკრო ბანკისთვის მიკრო ბანკის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ნ) მიკრო ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობა; ო) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება; პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა. მუხლი 8. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები 1. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან. 2. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან აღნიშნული იურიდიული პირი ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული მიკრო ბანკის მსგავსად ემორჩილება მიკრო ბანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 4. მიკრო ბანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. თავი III. მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა მუხლი 9. წარსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია 1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომში – განმცხადებელი), რომელიც აპირებს შეიძინოს მიკრო ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკრო ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს ამ მუხლითა და ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ. 2. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს განმცხადებლის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად მიკრო ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების პოტენციურ გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, აგრეთვე აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს. 3. განმცხადებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ინფორმაცია, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) ინფორმაცია მის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი ან/და ადმინისტრაციული სასამართლო პროცესისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და პირის წერილობითი განაცხადი, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში, ინფორმაცია ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ; ე) ფიზიკური პირის შემთხვევაში, ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელსაც ფლობდა ან მართავდა განმცხადებელი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და განმცხადებლის წერილობითი დასტური, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია (ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და განმცხადებლის მიერ ამონაწერის გარეშე მოწოდებული ინფორმაციის სახით); ვ) იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სამართლებრივი ფორმის, რეგისტრაციის ადგილისა და სათაო ოფისის ადგილსამყოფელის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია; ასევე იურიდიული პირის მართვაზე უფლებამოსილი პირების ჩამონათვალი, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი და ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და ინფორმაცია მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, ან აღნიშვნა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება; თ) ინფორმაცია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ი) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობა ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში; კ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია; ლ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობა, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს; მ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე (მისი წარდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს; ნ) ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერების იდენტიფიცირებით, აქციონერთა შორის არსებული შეთანხმებების ჩათვლით. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჯგუფის წევრი ფინანსური და არასაფინანსო ინსტიტუტების შესახებ; ო) განმცხადებლის მიერ მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შედეგად, ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია კონსოლიდირებული ზედამხედველობის ფარგლებში შემავალი ჯგუფის წევრების შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ექნება ტრანზაქციის განხორციელებას სამომავლოდ ზედამხედველობის დაუბრკოლებლად განხორციელებაზე, დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პ) ინფორმაცია მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, საკრედიტო რეიტინგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ; ჟ) მიმდინარე ბიზნეს საქმიანობის აღწერა. 4. 50%-ზე მეტი წილის შეძენის ან სხვაგვარად საკონტროლი წილის შეძენის შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) სტრატეგიული განვითარების გეგმას, რომელიც უნდა აჩვენებდეს ძირითად მიზნებს, მათი მიღწევის გზებს; ბ) ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზებს; გ) ტრანზაქციის მოსალოდნელი გავლენის შეფასებას კორპორაციულ მართვასა და ზოგად ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, რაც მოიცავს: გ.ა) ინფორმაციას დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და მათ მიერ შექმნილი კომიტეტების შემადგენლობის ცვლილების შესახებ; გ.ბ) გავლენის შეფასებას შიდა კონტროლის პროცედურებზე და სისტემებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვაზე, შიდა აუდიტორების ძირითად ფუნქციებსა და რისკების მართვაზე; გ.გ) ინფორმაციას ინფორმაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის, აუთსორსინგის პოლიტიკის, სისტემების უსაფრთხოების, უწყვეტობის გეგმისა და აუდიტის სისტემების ცვლილების შესახებ; გ.დ) სხვა ნებისმიერ რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ტრანზაქციის შედეგად კორპორაციული მართვის და ზოგადი ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებას, ხმის უფლებებში ცვლილების ჩათვლით. 5. შესაძლებლობის შემთხვევაში განმცხადებელი მის მიერ წარდგენილ ინფორმაციას დაურთავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ წარდგენილ ინფორმაციას. 6. თუ განმცხადებლის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს ინფორმაციის წარდგენისას. 7. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 8. მიკრო ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს მიკრო ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკრო ბანკის კაპიტალში მისი ან ბენეფიციარი მფლობელის წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე. 9. მიკრო ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 10. განაცხადის განხილვა 1. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში და განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაციაა წარდგენილი, მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დააზუსტოს. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა 3 თვემდე გრძელდება და განმცხადებელს ამის შესახებ უნდა ეცნობოს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შემძენს შეუჩეროს ხმის უფლება ან მოსთხოვოს მნიშვნელოვანი წილის დაუყოვნებლივ გაყიდვა იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადი და შესაბამისი ინფორმაცია არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილი. 4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში. მუხლი 11. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ინფორმაცია 1. მიკრო ბანკი, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მისი წილის 10 პროცენტზე მეტის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს. 2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მიკრო ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი წილის ცვლილების თაობაზე ან დაადასტუროს, რომ უცვლელი ოდენობით ფლობს წილს. 3. მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. 4. მიკრო ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიკრო ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება მიკრო ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც მიკრო ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ. მუხლი 12. მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები 1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია მიკრო ბანკს მოსთხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ წილის შესახებ განახლებული ან დამაზუსტებელი ინფორმაციის წარდგენა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ან, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს: ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მას, მის საკუთრებაში არსებული წილი 60 დღის ვადაში 10 პროცენტამდე შეამციროს; ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება. 3. შესაბამის პირს უფლება აქვს, მიკრო ბანკის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაბამის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით. თავი IV. საკუთრების უფლება და მართვა მუხლი 13. მოთხოვნები მიკრო ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ 1. საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, მათი დაცვის, განაღდებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი ფორმირების წესებს. 2. მიკრო ბანკს არა აქვს უფლება, შეამციროს განაღდებული კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და გაცხადებული და განაღდებული კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად. მუხლი 14. მიკრო ბანკის ინვესტიციები მიკრო ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მიკრო ბანკის საქმიანობასთან ან მიკრო ბანკის სოციალურ პროექტებთან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი მიკრო ბანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიკრო ბანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს მიკრო ბანკი ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; ბ) მიიღოს საწარმოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. მიკრო ბანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო მიკრო ბანკმა, არ არის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, მიკრო ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში მიკრო ბანკს უფლება აქვს, წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა მიკრო ბანკს ანიჭებს საწარმოს კონტროლის და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან მის გასხვისებამდე დაუშვებელია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება. მუხლი 15. მიკრო ბანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა 1. მიკრო ბანკი უფლებამოსილია, შეიცვალოს საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკრო ბანკი უწყვეტად აგრძელებს საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. ნებადართულ 3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მიკრო ბანკის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. მიკრო ბანკის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი. 4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის შემთხვევაში, მიკრო ბანკი აგრძელებს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 16. მიკრო ბანკების გაყოფა ან შერწყმა 1. მიკრო ბანკების გაყოფა ან შერწყმა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია მიკრო ბანკების ისეთი გაყოფა ან შერწყმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-14 მუხლის დებულებებს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს მიკრო ბანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას. მუხლი 17. მიკრო ბანკის კორპორაციული მართვა 1. მიკრო ბანკს აქვს წესდება. მიკრო ბანკის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. მიკრო ბანკის მართვა ხორციელდება წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და რომელიც ფორმალიზებული და მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. 3. მიკრო ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. მიკრო ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მიკრო ბანკის წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ (თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით) კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკრო ბანკის კორპორაციული მართვის დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 18. სამეთვალყურეო საბჭო 1. მიკრო ბანკისთვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. 2. მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს მიკრო ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. 3. მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს. 4. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია. 5. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს პირი, რომელიც: ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში; ბ) არის საქართველოში რეგისტრირებული სხვა ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ მიკრო ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ფინანსურ ინსტიტუტში ან ფინანსურ ინსტიტუტში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული მიკრო ბანკი; გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში; დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად. 7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიკრო ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, მიკრო ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ მიკრო ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს მიკრო ბანკის წინაშე. 8. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მიკრო ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, მიკრო ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მიკრო ბანკის საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება. 9. მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება. მუხლი 19. დირექტორატი 1. მიკრო ბანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ მიკრო ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან მიკრო ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისაგან, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია. 2. მიკრო ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც: ა) ვერ აკმაყოფილებს მიკრო ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს; ბ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში; გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად; დ) არის ამ მიკრო ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი. 3. მიკრო ბანკის დირექტორატს მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება. მუხლი 20. საბანკო საიდუმლოება 1. არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის გარეშე გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მიკრო ბანკის ჯგუფის შიგნით და მიკრო ბანკებს შორის ინფორმაციის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის გაცვლაზე. თავი V. საოპერაციო მოთხოვნები მუხლი 21. მიკრო ბანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები 1. მიკრო ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ მიკრო ბანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან. 2. მიკრო ბანკის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე კლიენტსა და მიკრო ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, მიკრო ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე. 3. მიკრო ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც კონკრეტული მიკრო ბანკის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მატერიალურ დოკუმენტს მოითხოვს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიკრო ბანკი მომსახურების გაწევის დროს იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატი გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ ზღუდავს მიკრო ბანკის უფლებას, მომსახურების გაწევის დროს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრო ბანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო ბანკის მიერ წარდგენილი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდეგ უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, მიკრო ბანკი ვალდებულია შეწყვიტოს ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება. მუხლი 22. ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები 1. მიკრო ბანკი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები: ა) საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა; ბ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად; გ) ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს; დ) ერთი მსხვილი სესხისა და ყველა მსხვილი სესხის და სხვა ვალდებულებების თანაფარდობა პირველად კაპიტალთან; ე) ყველა ინსაიდერზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა პირველად კაპიტალთან; ვ) ლიკვიდობის დონე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება; თ) ინვესტიციებისა და ქონებრივი ინვესტიციების თანაფარდობა სააქციო კაპიტალთან; ი) ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი საზედამხედველო კაპიტალთან. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული მიკრო ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები ან დაუწესოს მიკრო ბანკებს ეკონომიკურ ლიმიტებსა და ნორმატივებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები. 3. თუ მიკრო ბანკის მთლიანი აქტივები გადააჭარბებს საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივების 2%-ს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრო ბანკს მოსთხოვოს აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში დაბრუნების გეგმა ან განუსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული საზედამხედველო მოთხოვნები. მუხლი 23. კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება 1. მიკრო ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. 2. მიკრო ბანკმა თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. მიკრო ბანკი აგრეთვე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. 3. საქართველოში მოქმედ მიკრო ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. 4. საქართველოში მოქმედ მიკრო ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. 5. მიკრო ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ იგი უარს აცხადებს მიკრო ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. მუხლი 24. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები 1. მიკრო ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან მიკრო ბანკის მიერ რაიმე მომსახურების გაწევის პირობაა ამ მიკრო ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა. 2. მიკრო ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგად მიკრო ბანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან/და რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს. 3. მიკრო ბანკის მაკონტროლებელი პირი და ადმინისტრატორი ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების მიკრო ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მიკრო ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს, რომელსაც ხელი მიუწვდება არასაჯარო ინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება. 4. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად მიკრო ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკის, პროცედურებისა და ტექნიკური სისტემების დანერგვა და მონიტორინგი. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს მიკრო ბანკთან, მის მაკონტროლებელ პირებთან და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გადინების შეზღუდვას. 5. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). 6. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრო ბანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტებით დაუდგინოს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებული წესები და განუსაზღვროს შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (ფულადი ჯარიმა). მუხლი 25. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია 1. მიკრო ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ: ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით); ბ) მიკრო ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა მიკრო ბანკი გარიგების დამტკიცებისას; გ) გარიგების დამტკიცების შესახებ მიკრო ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები. 2. მიკრო ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში. მუხლი 26. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან 1. მიკრო ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის, მონათესავე საწარმოსათვის ან მათთან დაკავშირებულ პირთათვის მიკრო ბანკის საქმიანობაში შემავალი ნებისმიერი პროდუქტის მიცემა ან მიკრო ბანკის მიერ ნებისმიერი მომსახურების გაწევა სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულების ან რაიმე სხვა პირობების მიუხედავად. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს მიკრო ბანკთან დაკავშირებული პირები. თავი VI. ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია მუხლი 27. ფინანსური ანგარიშგება და აუდიტი 1. მიკრო ბანკები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომლებიც „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS)” საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ისინი იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს. 2. მიკრო ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშგება, როგორც ინდივიდუალური, ისე კონსოლიდირებული, ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას. 3. მიკრო ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებული არიან, ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. 4. მიკრო ბანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად. მუხლი 28. ანგარიშგება და ინსპექტირება 1. მიკრო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარუდგენს სხვადასხვა ანგარიშგებებს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მიკრო ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად და ასევე სრულად მიუწვდებოდეს ხელი მიკრო ბანკის ინფორმაციაზე, მათ შორის, მიკრო ბანკის აქციონიერების, სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემებსა და დოკუმენტებზე. თავი VII. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა) მუხლი 29. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა) 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრო ბანკის, მიკრო ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას, თუ მიკრო ბანკმა, მიკრო ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) დაარღვია რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიას ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ვ) დაარღვია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ზ) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; თ) მიკრო ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ მიკრო ბანკის პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია; ი) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში რისკები გამოვლინდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრო ბანკს, მიკრო ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; გ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენა; დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მიკრო ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკრობანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ პრაქტიკასთან შესაბამისობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; ე) მიკრო ბანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება; ვ) მიკრო ბანკის ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება ან სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში - აქციონერთა კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) მიკრო ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; თ) შეუჩეროს ხმის უფლება მიკრო ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას მიკრო ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; ი) მიკრო ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება; ლ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად; მ) მიკრო ბანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა; ნ) მიკრო ბანკს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით; ო) მიკრო ბანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები; პ) მიკრო ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები; ჟ) მიკრო ბანკს გაუუქმოს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიკრო ბანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც, მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების ზრდით, საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრო ბანკს მოსთხოვოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება; ბ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ; გ) მიკრო ბანკს მოსთხოვოს ბიზნეს სტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა; დ) მიკრო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს მიკრო ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ მიკრო ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება; ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე, თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მიკრო ბანკის და მის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა), მაგრამ მიკრო ბანკისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიკრო ბანკის სააქციო კაპიტალს. 5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 30. პროპორციულობის პრინციპი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების საფუძვლების პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს მიკრო ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, მიკრო ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის დონეს მისი რისკების მიმართ, მიკრო ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, მიკრო ბანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და მიკრო ბანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს; ბ) მიკრო ბანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს მიკრო ბანკის ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ მიკრო ბანკის რისკები, მონიტორინგი გაუწიონ მათ და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ მიკრო ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები საქართველოს ეროვნულ ბანკთან; გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს მიკრო ბანკის ზომას, აგრეთვე მის ურთიერთმიმართებას საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, მიკრო ბანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება საზედამხედველო ზომის და სანქციის (ფულადი ჯარიმის) ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევებზე. მუხლი 31. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი 1. თუ ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, მიკრო ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და მიკრო ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. 2. დროებითი ადმინისტრატორი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში. 3. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის მიკრობანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს. 4. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება მიკრო ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დროებით ადმინისტრატორზე გადადის მიკრო ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება. 6. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკე ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი. მუხლი 32. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები; ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი; გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა; დ) გაფრთხილება მიკრო ბანკის კლიენტთა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ; ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება მიკრო ბანკის ადმინისტრატორების მიმართ. მუხლი 33. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებანი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს მიკრო ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების დახურვის, მიკრო ბანკის მოსამსახურეთა გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მიკრო ბანკის სხვა მიკრო ბანკთან ან კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა ფინანსურ ინსტიტუტზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 2. მიკრო ბანკის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკრო ბანკის ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელდა და რამაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება, რომელიც მიკრო ბანკის ადმინისტრატორმა კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. მუხლი 34. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება 1. დროებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ) მიკრო ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრატორის დასკვნის საფუძველზე მიკრო ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზანი ვერ იქნება მიღწეული. 2. მიკრო ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიკრო ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს მიკრო ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს „საგადახდო კანონისა და სისტემისა „ფინანსური და საგადახდო გირავნობის, მომსახურების შესახებ“ ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მუხლი 35. მიკრო ბანკის ლიკვიდაცია 1. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწყება მიკრო ბანკის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მიკრო ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ მიკრო ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. მიკრო ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. თუ მიკრო ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრო ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს მიკრო ბანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. 4. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკრო ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს მიკრო ბანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა მიკრო ბანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს და ორგანიზება გაუწიოს ამ ვალდებულებების გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას მიკრო ბანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის. 6. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს: ა) თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება; ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც მიკრო ბანკი მონაწილეობდა; გ) მიკრო ბანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ მიკრო ბანკი აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) მიკრო ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა მიკრო ბანკში ან კომერციულ ბანკში. მისი გადატანისთვის საჭირო არ არის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა მიკრო ბანკში ან კომერციულ ბანკში გადატანის შესახებ. 7. მიკრო ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკრო ბანკის ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელდა და რამაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება, რომელიც მიკრო ბანკის ადმინისტრატორმა კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. 8. მიკრო ბანკის ლიკვიდატორმა: ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც ორგანიზაცია ასრულებდა, ორგანიზაციის, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება დაუბრუნოს მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მიკრო ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც მიკრო ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც დაწესებულება განაგებს. ამ შეტყობინებაში აღინიშნება, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ მიკრო ბანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში; გ) მიკრო ბანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს, მიკრო ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები დაფარონ სახელშეკრულებო ვადაში. მიკრო ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად მიკრო ბანკის ლიკვიდატორმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ დავალიანებების სახელშეკრულებო ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები. 9. მიკრო ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც გამოთხოვილი არ არის ამონაწერში მითითებულ ვადაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე მიკრო ბანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება. 10. მიკრო ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. მიკრო ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხები; გ) ლიკვიდაციის პერიოდში მიღებული სესხები; დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხები; ვ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული თანხები; ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; თ) მიკრო ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ი“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი) სასესხო ვალდებულება მიკრო ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „კ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ლ) ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ნ) პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ო) სხვა ვალდებულებები მიკრო ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ. 11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაფარავად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 12. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 13. მიკრო ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის მიკრო ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადაირიცხება. 14. მიკრო ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად მიკრო ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით მიკრო ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრო ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა მიკრო ბანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში. 15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც მიკრო ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ მიკრო ბანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული მიკრო ბანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას საქართველოს ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული მიკრო ბანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული მიკრო ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. მიკრო ბანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მის განსაკარგავად საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული მიკრო ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი. 16. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ სრულადაა დაფარული მიკრო ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა და დარჩენილი აქტივები განაწილებულია აქციონერებზე კანონმდებლობის შესაბამისად. 17. თუ მიკრო ბანკს ერიცხება დაუფარავი ვალდებულებები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი ვალდებულებების დასაფარავად, წყდება ლიკვიდაციის პროცესი და იხსნება გაკოტრების საქმე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 18. მიკრო ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკრო ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით. მუხლი 36. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, მიკრო ბანკის ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი 1. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეთ დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდობის მხარდაჭერისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა. ამ პერიოდში, მათ განესაზღვრებათ ლიკვიდობის კოეფიციენტზე განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა: ა) იმ მიკრო ბანკებს, რომელთა დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე მეტია, არ ექნებათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება; ბ) იმ მიკრო ბანკებს, რომელთა დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე ნაკლებია, ექნებათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება იმ წინაპირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა 50%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო არაუგვიანეს ორი წლისა - განულდება. 2. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა, მიკრო ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 38. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, ამ კანონის პირველი-36-ე მუხლების და 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-36-ე მუხლები და 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლების განმავლობაში საზედამხედველო უფლებამოსილების გაძლიერების მიზნით გატარებულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არასაბანკო საფინანსო სექტორის ინსტიტუციონალურ განვითარებას და გაძლიერებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების და ზედამხედველობის კუთხით გატარებულმა დროულმა და ზომიერმა რეფორმებმა სექტორი უფრო მეტად ლიკვიდური, კაპიტალიზებული, სტაბილური, გამჭირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა. აღნიშნული რეფორმები, მათ შორის, მოიცავდა კაპიტალის გაზრდას, საზედამხედველო კოეფიციენტების შემოღებას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრის დაწესებას, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის დამკვიდრებას, ანგარიშგების სტანდარტის დახვეწას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩოს დანერგვას და სხვ. არასაბანკო სექტორი, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობისთვის ფინანსური რესურსების მიწოდების თვალსაზრისით. არასაბანკო სექტორი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც მცირე ზომის, ერთ პროდუქტზე ორიენტირებულ, ისე ფართო პროფილის მსხვილ ორგანიზაციებს. ასევე, სხვადასხვაგვარია მათი დაფინანსების სტრუქტურაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დიდი ზომის ორგანიზაციები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ უცხოური საფინანსო ინსტიტუტების რესურსებზე, წარმოადგენენ სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის მიმართულების დამფინანსებლებს, რაც კლასიკური მიკროსაფინანსო საქმიანობის შესაბამისია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ერთნაირი სტატუსის მიუხედავად, შინაარსობრივად განსხვავებული ბიზნესმოდელები ექვემდებარებოდნენ რეგულირებისა და ზედამხედველობის განსხვავებულ რეჟიმს. აღნიშნულმა წარმოშვა არასაბანკო დაწესებულებების საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწის საჭიროება. ხსენებულთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა შესაბამისი 1 რეკომენდაციები . შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების თაობაზე. 1 სავალუტო ფონდის ანგარიში https://www.elibrary.imf.org/view/journals/002/2020/273/002.2020.issue-273-en.xml მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრო ბანკის კანონით განსაზღვრული მანდატი - ძირითადად დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, მიკრო ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით მნიშვნელოვანად შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული, კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და შესაბამისად კონკურენციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მიჯნავს კლასიკურ, სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, სამომხმარებლო სასესხო პროდუქტებზე ორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან. მათი ერთი საზედამხედველო ქოლგის ქვეშ გაერთიანება და რეგულირების ერთიან ჩარჩოში მოქცევა ნაკლებად სამართლიანია და შესაძლოა ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ხელის შემშლელ ფაქტორად იქცეს. ამასთან, ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ ინსტრუმენტებზე პირდაპირი წვდომის უქონლობის გამო, უცხოურ ვალუტაში მიღებული რესურსის ჰეჯირების აუცილებლობა ზრდის სახსრების ღირებულებას, რაც აისახება ძვირ საკრედიტო პროდუქტებში. მიკრო ბანკებს მიენიჭებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის უფლება. აღნიშნულით გაიზრდება პირდაპირი წვდომა მონეტარულ ინსტრუმენტებზე, ხელი შეეწყობა ლარის რესურსის მოზიდვას და შემცირდება ჰეჯირების ხარჯები, რაც არასპროცენტო შემოსავლების ზრდასთან ერთად პროდუქტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე გავლენას იქონიებს. გასათვალისწინებელია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კანონმდებლობით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას თავიანთ კლიენტებს (მიკრო და მცირე დაკრედიტების სეგმენტს) შესთავაზონ სხვა ისეთი ძირითადი საბანკო მომსახურება, როგორიც არის ანგარიშის გახსნა და მისი მომსახურება. ეს ერთი მხრივ ზღუდავს კლიენტების ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით რეგიონებში, ხოლო მეორე მხრივ, არასაპროცენტო შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ გაძვირებულ საკრედიტო პროდუქტებში აისახება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გამჭვირვალედ და ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად და მიკრო ბანკის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მიკრო ბანკის საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით, რომელიც დაარეგულირებს მიკრო ბანკებისთვის ნებადართული საქმიანობის სახეებს (მათ შორის, განსაზღვრავს ბიზნესმოდელს), სალიცენზიო მოთხოვნებს და ლიცენზირებასთან/ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მოთხოვნებს კაპიტალისა და საოპერაციო საქმიანობის მიმართ, მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის პირობებს, მათ შორის, შესაბამის შესაფერისობის კრიტერიუმებს, ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესებს/სტანდარტებს, მიკრო ბანკის რისკებისა და კორპორაციული მართვის პრინციპებს, გაყოფის/შერწყმის და გარდაქმნის ძირითად ასპექტებს, დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის საკითხებს, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატს მიკრო ბანკების რეგულირების მიმართულებით, მათ შორის, საზედამხედველო ზომების გამოყენებისა და სანქციის დაკისრების საფუძვლებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საფინანსო სექტორში შეიქმნება საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე. აღნიშნული გაზრდის ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და გამოიწვევს საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში. კომერციულ ბანკთან მიახლოებული რეგულირების ჩარჩოთი და მკაფიოდ განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის მიმართულებებით, მიკრო ბანკის ბიზნესმოდელი გამოიწვევს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების ზრდას. დამატებით, მიკრო ბანკებს ექნება სოციალური მისიაც, რაც უკავშირდება მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის: პირველი თავი ადგენს კანონის რეგულირების სფეროს, განმარტავს მასში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობას, განსაზღვრავს მიკრო ბანკის ბიზნესმოდელს და ნებადართულ საქმიანობას. მიკრო ბანკის ბიზნეს მოდელი ეფუძნება სამეწარმეო, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. კანონპროექტით განისაზღვრება მიკრო ბანკისათვის ნებადართული საბანკო საქმიანობა:  სესხების, გარანტიების, აკრედიტივების და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები, ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;  პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი ზღვრის ფარგლებში, ასევე ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლიკვიდობის მოთხოვნების დაცვით;  დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა, მათ შორის, ფიზიკური პირებისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) კანონით დადგენილი წესით; კერძოდ, თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრო ბანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრო ბანკისათვის სესხის გაცემაზე ან კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარს ზემოთ დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. აღსანიშნავია, რომ ეს მოწესრიგება ემსახურება გაუთვითცნობიერებელი ფიზიკური პირების დაცვას და ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან     დაკავშირებით მსგავსი რეგულირება, მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ; საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; უპროცენტო საბანკო მომსახურება; დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას; საკუთარი და კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; ფასეულობათა შენახვა; ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ მიკრო ბანკის საქმიანობის განსახორციელებლად; თითოეულ ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები. ამასთან, მიკრო ბანკი, უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული თანხმობის გაცემის, აგრეთვე მისი გაუქმების წესს და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. მეორე თავი აწესრიგებს ლიცენზირების საკითხებს, კერძოდ:    ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კაპიტალის წარმოშობის წყაროების, ჯგუფის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს; მიკრო ბანკის ლიცენზიის გაცემის წესებს და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პირობებს; მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს. მესამე თავი ადგენს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, განცხადების განხილვის ვადებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილებას. დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში საზედამხედველო ზომების გამოყენების საკითხებს. მეოთხე თავი აწესრიგებს საკუთრების უფლებისა და მართვის საკითხებს:     მოთხოვნებს მიკრო ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ, ინვესტიციების განხორციელების წესსა და ლიმიტებს; მიკრო ბანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნის, მიკრო ბანკთან შერწყმის და მიკრო ბანკის გაყოფის საკითხებს; განსაზღვრავს კორპორაციული მართვის საკითხებს, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის თავსებადობის, ისე მმართველი ორგანოების შესაფერისობის კრიტერიუმებს, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ფორმირებისა და პასუხისმგებლობის ძირითად საკითხებს; საბანკო საიდუმლოების დაცვისა და მასზე წვდომის საკითხებს. მეხუთე თავი აწესრიგებს განხორციელების წესებს: მიკრო ბანკის ძირითადი საოპერაციო საქმიანობის  მიკრო ბანკის მართვისა და საოპერაციო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;  კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების საფუძვლებს;  საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული იმ ნორმატივებისა და ლიმიტების ჩამონათვალს, რომლთა დაცვაც მოუწევს მიკრო ბანკს:  საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;  სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;  ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს;  ერთი მსხვილი სესხისა და ყველა მსხვილი სესხის და სხვა ვალდებულებების თანაფარდობა პირველად კაპიტალთან;  ყველა ინსაიდერზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა პირველად კაპიტალთან;  ლიკვიდობის დონე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;  აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება;  ინვესტიციებისა და ქონებრივი ინვესტიციების თანაფარდობა სააქციო კაპიტალთან;  ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი საზედამხედველო კაპიტალთან. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება:  რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული მიკრო ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები ან დაუწესოს მიკრო ბანკებს ეკონომიკურ ლიმიტებსა და ნორმატივებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები;  თუ მიკრო ბანკის მთლიანი აქტივები გადააჭარბებს საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივების 2%-ს, მიკრო ბანკს მოსთხოვოს აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში დაბრუნების გეგმა ან განუსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული საზედამხედველო მოთხოვნები. აღნიშნული თავი ასევე არეგულირებს:  კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების განხორციელების პირობებს და წესებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების   შესაბამისად; კლიენტებისთვის ანგარიშების გახსნის საკითხზე თანხმობისა და უარის თქმის საფუძვლებს; დაკავშირებულ მხარეებთან გარიგებებს; ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; გარიგებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადებსა და პირობებს. მეექვსე თავი განსაზღვრავს მიკრო ბანკებისა და მისი შვილობილი საწარმოების მიერ ფინანსური ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ჩატარების წესებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათი შემოწმების უფლებამოსილებას, როგორც დისტანციური ზედამხედველობით, ისე ადგილზე შემოწმების გზით. მეშვიდე თავი არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიკრო ბანკის, მიკრო ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა), აღნიშნული ზომების გამოყენების პრინციპებსა და საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს მათი გამოყენებისას გასათვალისწინებელი პროპორციულობის პრინციპის კრიტერიუმებს. ამავე თავით განსაზღვრულია მიკრო ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნისა და მიკრო ბანკის ლიკვიდაციის საკითხების მომწესრიგებელი დებულებები:  დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის არსი და მისი შემოღების წინაპირობები;  დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის დანიშვნისა და გაუქმების წესები;  დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის წესები და მისი უფლება მოვალეობები;  ლიცენზიის გაუქმებისა და ლიკვიდაციის დაწყების წინაპირობები;  ლიკვიდატორის დანიშვნის წესი და მისი უფლებამოსილებები;  ლიკვიდაციის დასრულების ან გაკოტრებას დაწყებასთან დაკავშირებული წესები. მერვე თავი მოიცავს გარდამავალ დებულებებს და კანონის ამოქმედებას:  2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ არ უნდა ერიცხებოდეთ დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდობის მხარდაჭერისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა. ამ პერიოდში, მათ განესაზღვრებათ ლიკვიდობის კოეფიციენტზე განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა:  იმ მიკრო ბანკებს, რომელთა დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე მეტია, არ ექნებათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება;  იმ მიკრო ბანკებს, რომელთა დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე ნაკლებია, ექნებათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება იმ წინაპირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ 50%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ორი წლის შემდეგ განულდება.  2024 წლის 1 იანვრამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, მიკრო ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. 6 თვიანი ვადა საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოსამზადებლად/შესამუშავებლად, როგორიცაა მიკრო ბანკების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირების წესი და პირობები, მიკრო ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი (სხვა დებულებებთან ერთად მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობის გაანგარიშების და პრუდენციულ ნორმატივებთან დაკავშირებულ დებულებებს), მიკრო ბანკების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი, მიკრო ბანკების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი, მიკრო ბანკების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი, მიკრო ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი, მიკრო ბანკების ლიკვიდაციის წესი და სხვა. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მიკრო ბანკებზე გავრცელდება დაბეგვრის იგივე რეჟიმი, რომელიც ამჟამად მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლები გაჩნდება მიკრო ბანკისთვის დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებლის (100 000 ლარი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში) და ასევე, მიკრო ბანკების სტრუქტურიდან გამომდინარე, კადრების ზრდის აუცილებლობით გამოწვეული გაზრდილი საშემოსავლო გადასახადების სახით. გარდა ამისა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს მოგების გადასახადი, კანონმდებლობით დადგენილი სხვა გადასახადები და შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შედეგად განსაზღვრული გადახდები (კანონპროექტის 29-ე მუხლის შესაბამისად), ვინაიდან ფულადი ჯარიმის სახით დაკისრებული თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დადებით გავლენას იქონიებს მიკრო ბანკების საქმიანობის შედეგად, იაფ საკრედიტო პროდუქტზე გაზრდილი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, შესაბამის დაკრედიტების სფეროებში, მეწარმეთა გაუმჯობესებული მდგომარეობა და მათი შემოსავლების ზრდა. ზემოაღნიშნული შემოსავლების ზუსტი მოცულობის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მსურველთა და ამ ლიცენზიის მიმღებთა ოდენობაზე და მათი შემდგომი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების მოცულობაზე. ეს უკანაესკნელი კი დამოკიდებული იქნება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ბიზნეს გეგმებზე, ზომაზე, კომპლექსურობასა და რისკის აპეტიტზე. რაც შეეხება ფულადი ჯარიმების კონკრეტულ ოდენობას, აღნიშნული სხვადასხვა დარღვევებისათვის ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, კანონის ამოქმედების შემდგომ განისაზღვრება და ფულადი ჯარიმის გამოყენება დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება ზოგადი პოზიტიური ფინანსური გავლენა საფინანსო სექტორზე და მის ყველა მონაწილეზე და რაც მთავარია, ეკონომიკაზე, რადგან საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდასთან ერთად, ერთი მხრივ, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ხოლო მეორე მხრივ, გაიზრდება ინვესტიციები, რაც აისახება აქტივების ზრდაში, ეს კი მეტ საპროცენტო შემოსავალს და მეტ მოგებას ნიშნავს. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებას და მათი მომგებიანობის ზრდას, მათ შორის, დასაქმების კუთხით. გაიზრდება ხელმისაწვდომობა ფინანსურ სერვისებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, კანონპროექტს შესაძლოა ფინანსური გავლენა ჰქონდეს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებიც, სურვილისა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიკრო ბანკებად გარდაიქმნებიან. კერძოდ, მათ გაეზრდებათ კაპიტალის მოთხოვნა, ასევე სალიცენზიო მოსაკრებლის მოთხოვნა (100 000 ლარი), ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ასევე ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული (მათ შორის, ადმინისტრატორთა ანაზღაურების თვალსაზრისით) და სხვა ადმინისტრაციული დანახარჯები. აღნიშნული დანახარჯების მოცულობა დამოკიდებულია მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველთა რაოდენობაზე (სავარაუდოდ, 3 ან 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა მსურველი, თუმცა პროცესის საბოლოო შედეგი წინასწარ ვერ განისაზღვრება), მათ შემდგომ საქმიანობაზე, ინდივიდუალური ლიმიტებისა და მოთხოვნების დაწესების საჭიროებასა და ადმინისტრატორთა ანაზღაურების ოდენობაზე, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა იყოს კონკრეტული მიკრო ბანკის ზომისა და კომპლექსურობის მიხედვით. ამასთან, აღნიშნული ხარჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, თუ ახალი სუბიექტი. კანონპროექტს ფინანსური გავლენა ასევე ექნება მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენებზე, როგორც კაპიტალის ხარჯის, ასევე წილის შეძენაზე თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მომზადების კუთხით. აღნიშნული დანახარჯების მოცულობა დამოკიდებული იქნება შესაძენი წილის ზომასა და რისკის აპეტიტზე. კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან მიკრო ბანკებზე ზედამხედველობა არსებული რესურსის ფარგლებში განხორციელდება. დამატებითი რესურსის მოზიდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება და მომავალში განისაზღვრება საჭიროების მიხედვით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, ბიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველი ვალდებული იქნება გადაიხადოს შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობა მიკრო ბანკების მიმართ, შესაბამისი დარღვევების შემთხვევაში. ფულადი ჯარიმების კონკრეტული ოდენობა კი თითოეული დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით) განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, კანონის ამოქმედების შემდგომ. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.