„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკებისათვის. 3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრო ბანკში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, მიკრო ბანკებს, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრო ბანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება;“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მიკრო ბანკი – „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრო ბანკი;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით.“. 3. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისათვის;“; ბ) „თ“-„ლ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ; ი) ინსტრუქციის შესაბამისად კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისაგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისაგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციულ ბანკებსა და მიკრო ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან და მიკრო ბანკებისაგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების ან მიკრო ბანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ1) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და გადაამოწმოს იგი ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით;“. გ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრო ბანკთან;“. 5. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;“; ბ) „კ.ი“-„კ.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; კ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისაგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის შერჩევის ინსტრუქციას;“. 6. მე-7 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი. 3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრო ბანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრო ბანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრო ბანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და თითოეულ მიკრო ბანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების 2/3 მონაწილეობს.“. 7. მე-8 მუხლის „ბ.ი“-„ბ.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისაგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის შერჩევის ინსტრუქციას;“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ, იყვნენ კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. 2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან, მიკრო ბანკისგან ან მათთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ.“. 9. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრო ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები.“. 10. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პირველადი შენატანი 1. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით. 2. ახალი კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან ფონდში პირველადი შენატანი გადაიხადოს ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში. მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი 1. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად. 2. რეგულარული აღემატებოდეს: სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრო ბანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრო ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკისთვის საჯარო უნდა იყოს, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების შეფასება – კონფიდენციალური.“. 11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად კომერციულ ბანკს და მიკრო ბანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.“. 12. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.“; ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით. 4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკში და მიკრო ბანკში არსებული დეპოზიტები განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკისთვის ცალ-ცალკეა დაზღვეული. 5. კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.“. 13. მე-18 მუხლის: ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები; ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში არსებული დეპოზიტები;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ დეპოზიტორების დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში;“. 14. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.“. 15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები 1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით. 2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია. 3. დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას, სააგენტოს მოთხოვნები კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის მიმართ დაკმაყოფილდება შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული რიგითობით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება.“. 16. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი ვალდებულნი არიან ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს უფლება არა აქვთ, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“. 17. 22-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აუდიტორი. 3. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. 4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.“. 18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სანქციები 1. ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, კომერციული ბანკის ან მიკრო ბანკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააკისროს ფულადი სანქცია. 2. კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი: ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; ბ) სააგენტოს ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი; გ) ამ კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 3. კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკისათვის დასაკისრებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა არ ათავისუფლებს კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისაგან. 6. ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა და მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. მუხლი 2 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული მიკრო ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, მიკრო ბანკი განისაზღვრება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილედ და შესაბამისად, მასზე გავრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება შემდეგი ტერმინები: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, დეპოზიტი, დეპოზიტორი, სადაზღვევო შემთხვევა, ფინანსური ინსტიტუტი და აღნიშნულ ტერმინებში ემატება მითითება მიკრო ბანკზე. ასევე, კანონს ემატება მიკრო ბანკის ცნების განმარტება, კერძოდ, მიკრო ბანკი განიმარტება, როგორც „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრო ბანკი. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის იმ შესაბამის ნორმებში, რომელიც არეგულირებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და კომერციული ბანკების ურთიერთობას, უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის პროცედურას, პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანის განხორციელების საკითხებს, ინტერესთა კონფლიქტს, ინფორმაციის გამოთხოვის წესსა და საფუძვლებს, დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშების წესსა და დაუზღვეველ დეპოზიტების ჩამონათვალს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადებსა და პროცედურებს, დეპოზიტორებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების საკითხს, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ სანქციების გამოყენების უფლებამოსილებას. კანონის აღნიშნულ ნორმებში, კომერციული ბანკების მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, ემატება მითითება მიკრო ბანკზე. კანონპროექტით, ასევე ზუსტდება ცალკეული ტერმინები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, გარდა კანონპროექტის მე-2 და მე-3 მუხლებისა, რომელიც სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ სამართლებრივი აქტების გამოცემის საკითხს და კანონის ამოქმედებას არეგულირებს. აღნიშნული მუხლები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტით მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვის უფლება ენიჭება. შედეგად, წარმოდგენილ კანონპროექტს ექნება ზოგადი პოზიტიური ფინანსური გავლენა საფინანსო სექტორზე და მის ყველა მონაწილეზე. გაიზრდება კონკურენცია საფინანსო სექტორში, რაც თავის მხრივ, კომერციულ ბანკებზეც დადებითად იმოქმედებს, ხოლო მომხმარებლებისათვის შესაბამის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება. საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა დამოკიდებული იქნება ბაზარზე მიკრო ბანკების რაოდენობასა და მათი საქმიანობის შედეგებზე. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მიკრო ბანკი ვალდებულია გადაიხადოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში. აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება, როგორც დეპოზიტების დაზღვევის ფონდზე, ვინაიდან გაიზრდება ფონდის სახსრების მოცულობა, ასევე მიკრო ბანკზე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ეს თანხები. მიკრო ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში შეტანილი შენატანების ჯამური მოცულობა, დამოკიდებული იქნება ბაზარზე მიკრო ბაკების რაოდენობასა და ასევე, მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების მოცულობაზე, რაც წინასწარ ვერ განისაზღვრება. კანონპროექტით ასევე განისაზღვა, რომ კანონით გათვალისწინებული დარღვევების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შეუძლია მიკრო ბანკისათვის ფულადი სანქციების დაკისრება შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე, ასევე მიკრო ბანკზე. აღნიშნული გავლენა დამოკიდებულია დარღვევების რაოდენობასა და ხასიათზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული დარღვევების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შეუძლია მიკრო ბანკისათვის ფულადი სანქციების დაკისრება. კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი:   დეპოზიტორებს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; სააგენტოს ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი;  ამ კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები დეპოზიტების დაზღვევის ფონდში მიიმართება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.