„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“; ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი: „ჭ1) ახლო ნათესავი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი;“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, „მიკრო ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე იმავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.“. 3. 101 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. კომერციული ბანკის მიკრო ბანკად გარდაქმნა 1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია, შეიცვალოს საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომერციული ბანკი უწყვეტად აგრძელებს საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. 3. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი მიკრო ბანკი. 4. მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის შემთხვევაში, კომერციული ბანკი აგრძელებს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და რომელიც ფორმალიზებული და მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის. 3. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, სხვა შიდაორგანიზაციულ წესებს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, მათი ხელმოწერების ნიმუშებს და აღნიშვნას მათი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ.“. 5. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტის და კომერციული ბანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.“. 6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. აუდიტი 1. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებული არიან, ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. 2. კომერციული ბანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.“. 7. 3712 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში. მისი გადატანისთვის საჭირო არ არის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრო ბანკში გადატანის შესახებ.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) ეროვნული ბანკი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხები; გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა). ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით; დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ვ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; თ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ი) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; კ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ლ) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; მ) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები; ნ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ო) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „პ“−„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; პ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ჟ“−„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ჟ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; რ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ს) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ტ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; უ) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.“; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით კომერციულ ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული მიკრო ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, მიკრო ბანკი ვალდებულია, თავის საფირმო სახელწოდებაში და სახელშეკრულებო ურთერთობებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკრო ბანკი“, ხოლო სხვა შემთხვევაში, მიკრო ბანკისთვის ნებადართულია თავის სახელწოდებად გამოყენოს ტერმინი „ბანკი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში, კერძოდ, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, „მიკრო ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე იმავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება 102 მუხლი, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკის მიკრო ბანკად გარდაქმნის საკითხს და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას. ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელიც „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსად, მოაწესრიგებს კომერციული ბანკების წესდებასა და სხვა შიდაორგანიზაციულ წესებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცალკეული ტერმინების დაზუსტებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 3712 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-14 პუნქტი. აღნიშნული ცვლილებებით კომერციული ბანკის ლიკვიდატორს, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად, მიენიჭება კანონით დადგენილი წესით, საბანკო გარანტიის და ანგარიშების მიკრო ბანკში გადატანის უფლებამოსილება. კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტი, რომელიც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას არეგულირებს. კერძოდ, ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, გასწიოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯი, აღნიშნულ პუნქტში ზუსტდება მოთხოვნათა რიგითობა და განისაზღვრება, რომ ფინანსური გირავნობის მოგირავნის ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები, შემდეგ კი ეროვნული ბანკი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხები. კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა რიგითობა უცვლელი რჩება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსური ს გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია კომერციულ ბანკის უფლებამოსილება, შეიცვალოს საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკს მოსალოდნელია, რომ არ ექნება დამატებითი ხარჯები, რამდენადაც კომერციული ბანკებისთვის დღეს არსებული მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე მიკრო ბანკებისთვის დაწესებული მოთხოვნები. თუმცა ასეთ სუბიექტს ვალდებულება ექნება გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი, რომელიც შეადგენს 100 000 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.