„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“. 3. მე-40 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი, მიკრო ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები, აგრეთვე ის ანგარიშები, რომლებზედაც წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღაზე და წარდგენილ საინკასო დავალებაზე.“. 4. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.“. 5. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“. 6. 823 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკრო ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. 11. თუ საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული მიკრო ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, მიკრო ბანკების საქმიანობაზე გავრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმართ დადგენილი აღსრულების წესი და პირობები. ამდენად, კანონპროექტით, ცვლილება შედის კანონის იმ შესაბამის ნორმებში, რომელიც არეგულირებს საბანკო დაწესებულებების/კომერციული ბანკების სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვას, აღსრულების შეწყვეტის საფუძვლებს, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, ყადაღადადებული უძრავი ქონების რეალიზაციას, აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე უფლების მიღებას და მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რედაქციით ყალიბდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-4 პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, მე-40 მუხლის 11 პუნქტი, 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 823 მუხლის პირველი და 11 პუნქტები. კანონის აღნიშნულ ნორმებში, მითითება კეთდება მიკრო ბანკზე. ამასთან, კანონპროექტით ცვლილება არ ეხება ისეთ ტერმინებს, როგორიცაა, საბანკო დაწესებულება, საბანკო ანგარიში, საბანკო კრედიტი, რამდენადაც ეს ცნებები შინაარსობრივად მიემართება მიკრო ბანკსაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.