ბრძანება N 21846
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21846
15 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (ფაქტ. მის.-----)
2025 წლის 12 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 86) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 97949/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის N EL295066, N EL295067 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL69050/3038 (N 002-3038) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება დაიწვა, რომლის შესახებაც 2025 წლის 19 აგვისტოს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს. სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა საჯარიმოზე და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 მაისს ----- მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება (საიდენტიფიკაციო ნომერი -----), რომლის გაფორმების ორგანოში/საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2025 წლის 22 ივლისი, რომელიც საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 2025 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად. შესაბამისად, ----- საქართველოში წარმომადგენლობიდან – შპს „-----“ გამოთხოვილი მონაცემებისა (წერილი N -----, 02.09.2025) და ----- განცხადებების (N 71527 (12.08.2025), N -----/21-11 (19.08.2025)) გათვალისწინებით, ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 11 სექტემბერს შედგენილ იქნა N EL295066 და N EL295067 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ----- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 3520.30 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე და 272-ე მუხლების გათვალისწინებით, იმავე დღეს გამოიცა N EL69050/3038 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ----- დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (აქციზი – 3295.6 ლარი, იმპორტის გადასახადი – 224.7 ლარი) და საურავი (36.95 ლარი).
ვინაიდან ----- მიერ არ შესრულებულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნა, ზემოაღნიშნული ავტომობილი ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად. შესაბამისად, ----- დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილია, რომ მპორტის გადასახადის გაანგარიშებისთვის მისი ოდენობა განისაზღვრება შესაბამის საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. თუ საბაჟო ორგანო ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ საბაჟო ვალდებულება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მომენტზე ადრე წარმოიშვა, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტად მიიჩნევა ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი უადრესი მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში და ასევე ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებაზე სადავო მოთხოვნით დარიცხული თანხა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილით, დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიება, როგორიცაა საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში საკუთრებაში გადაცემა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის, ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2025 წლის 11 სექტემბრის N EL295066, N EL295067 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარცხული თანხის შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 11 სექტემბრის N EL295066, N EL295067 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული ჯარიმებისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათისა და N EL69050/3038 (N 002-3038) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.N 6) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში და ასევე ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 3520.30 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
გადაწყვეტილება:
სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებაზე სადავო მოთხოვნით დარიცხული თანხა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 163 (11);.