ბრძანება N 16832
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16832
12.07.2023
შპს „--------“ (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) №79005/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-247 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, რომლის თანახმად, შპს „--------ზე“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხები მომჩივანს არ აქვს ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორს აქვს კომპანიის საბანკო ამონაწერებიც და საბუღალტრო პროგრამაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ შპს „--------გან“ წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული თანხა მოხვედრილია ანგარიშსწორების ანგარიშზე, შედგენილია საბუღალტრო მუხლი დებეტი 1210 „ანგარიშსწორების ანგარიში“ და კრედიტი 3120 „ავანსად გადახდილი თანხები“, საიდანაც სამუშაოს შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ავანსის თანხა გადატანილია ანგარიშზე 1410 „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“. მოცემულ საკითხზე აუდიტორის ჩანაწერი არასწორია და არასამართლიანი (გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსი აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, ანგარიში 1410 აქტიური ანგარიშია და მასზე წინასწარ ჩარიცხული თანხები არც უნდა გატარებულიყო, ამიტომ აისახა ანგარიშზე 3120, პასიურ ანგარიშზე).
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევას და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ კომპანია შემოწმდა 2018 წლიდან. აუდიტორი არასწორად მიიჩნევს აღიარებულ ზარალს და ადარებს საგადასახადო დეკლარაციებს. გადამხდელის მიერ განმარტებული იქნა, რომ ფინანსური შედეგი და საგადასახადო მიზნით გაანგარიშებული მოგება 2017 წლამდე პერიოდში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და კომპანიის მიერ მიღებული ზარალით კაპიტალი კი არ შემცირდა, არამედ შემცირდა ფინანსური გაუნაწილებელი მოგება და ამ ოპერაციითაც არ იკვეთება მოგების განაწილება.
4. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით ხარჯებიდან და ჩათვლებიდან ამოღებულია ქვემოიჯარეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. აღნიშნულ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები წარდგენილია შემოწმებისთვის. ეს კომპანიები შპს „-------“ უწევდნენ ტექნიკით მომსახურებას, ვინაიდან, მომჩივანი თავად არ ფლობს ტექნიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ამ ნაწილში დღგ და საშემოსავლო გადასახადი განსაზღვრულია არამართლზომიერად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10673 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე 2021 წელს დაზუსტებული აქვს დეკლარაცია, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32574 ბრძანება და ამავე თარიღის №002-247 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 374 750 ლარი, მათ შორის, გადასახადი 167 560 ლარი, ჯარიმა 117 312 ლარი და საურავი 89 878 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო პროგრამა „ინფოში“, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციიდან დგინდება, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის სახით უფიქსირდება ფულადი სახსრები (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შეადგენს - 127 831 ლარს). შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითებით და პერიოდების შესაბამისად საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა - 126 992 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი, პერიოდების მიხედვით, ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, არაგონივრული ნაშთი დაიბეგრა კუთვნილი მოგების გადასახადით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილით შემდგომ პერიოდებში ნაღდი ფულის ნაშთის შემცირების შემთხვევაში განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. პირი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორადაა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. კერძოდ, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები შპს „--------ზე“. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ავანსზე თანხის მიღება არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას ირკვევა, რომ შპს „--------“ 2018 წლის პერიოდის საწყისი კაპიტალი შედგენს 550 250 ლარს, რომლის ასახვა მოხდა მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 350 631 ლარი და დაუფარავი ზარალი 198 029 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული კაპიტალის ფარგლებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებულია მოგება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენს ნულს. გადასახადის გადამხდელი მოგების განაწილებას განიხილავს კაპიტალის შემცირებად და შესაბამისად, არ ახდენს მოგების გადასახადით დაბეგვრას. შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის დასაწყისში არსებული დებიტორული დავალიანება (350 631 ლარი) ანაზღაურებულია სრულად და პერიოდის ბოლოს შეადგენს ნულს, გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ნაწილში კაპიტალის შემცირება ლოგიკურია. რაც შეეხება დაუფარავ ზარალს, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არაა არანაირი მტკიცებულება. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა 2018 წლამდე საანგარიშო პერიოდები, მათ შორის, წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები და დგინდება, რომ 2017 წლამდე წარდგენილია მოგების გადასახადის ორი დეკლარაცია. აქედან, 2013 წლის დეკლარაცია ნულოვანია, ხოლო 2016 წელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში უფიქსირდება დასაბეგრი მოგება - 35 224 ლარი (წინა წლების ზარალი არ არსებობს). ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით საწარმო 2017 წელს არ იმყოფება ზარალზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება 2018 წლამდე ზარალის არსებობა. გამომდინარე აქედან, დაუფარავი ზარალის (198 029 ლარი) ხარჯზე ფორმირებული საწყისი კაპიტალი მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, 198 029 ლარის განაწილება შემოწმებამ არ განიხილა კაპიტალის შემცირებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მოგების განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ შპს „--------“ მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშფაქტურები შემდეგი კომპანიებისგან: შპს „--------“, დღგ-ის თანხით - 16 780 ლარი, შპს „--------“, დღგის თანხით - 24 376 ლარი, შპს „---------“, დღგ-ის თანხით - 7 268 ლარი. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს „--------თვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოწმების მიერ, გადახდილი თანხები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება, რისთვისაც კომპანიას ესაჭიროება ნაღდი ფული. 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებული სალაროს ნაშთი გადამხდელის საქმიანობიდან გამომდინარე არ შეიძლება განხილული იქნას არაგონივრულ ნაშთად, ვინაიდან, შპს „-------“ მონაწილეობას იღებდა ტენდერში, ხოლო ტენდერის აუცილებელი პირობაა შემსრულებელმა საკუთარი სახსრებით შეასრულოს სამუშაო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ელოდებოდა ტენდერის გამოცხადებას, თანხა აუცილებლად უნდა ჰქონოდა სალაროს ანგარიშზე. იმის შემდეგ, რაც შპს „-------“ ტენდერი ვერ მოიგო, 2022 წლის 4 აპრილს განხორციელდა სალაროს ნაშთის დივიდენდად განაწილება. აცხადებს, რომ გაცემული დივიდენდი გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილი და დეკლარირებულია შემოწმების დანიშვნამდე. შემოწმებით სალაროს ნაშთი განმეორებით იქნა დაბეგრილი, როგორც დამფუძნებელზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაც არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებს ამახვილებს ასევე აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას გაეცნო 2022 წლის 28 აპრილს და 2022 წლის 16 მაისს წარმოადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლითაც სალაროში არსებული თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განიხილოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „--------ზე“. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ავანსზე თანხის მიღება არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის 2018 წლის საწყისი კაპიტალის ფორმირების წყაროა მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 350 631 ლარი და დაუფარავი ზარალი - 198 029 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი აღნიშნული კაპიტალის შემცირების ხარჯზე, ახდენს ფულადი სახსრების გატანას. კაპიტალის შესაბამისი აქტივი „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ რეალურია და გამომდინარე აქედან, ამ აქტივის ფარგლებში კაპიტალის არსებობა და მისი შემცირება ლოგიკურია. ხოლო, რაც შეეხება ზარალს, შემოწმების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია/გაანგარიშება, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით (მ.შ., 2018 წლამდე წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით) არ დასტურდება, რომ კომპანია იმყოფებოდა ზარალზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „--------“ მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით გაცემული თანხის მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ შპს „-------“ მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშ-ფაქტურები შემდეგი კომპანიებისგან: შპს „---------“, დღგ-ის თანხით - 16 780 ლარი, შპს „--------“, დღგ-ის თანხით - 24 376 ლარი, შპს „---------“, დღგ-ის თანხით - 7 268 ლარი. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს „-------თვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმდა მიღებული ჩათვლები, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადახდილი თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული კომპანიები გადამოწმებული იქნა და დასტურდება, რომ კოპანიებს არ გააჩნიათ არანაირი აქტივები, მ.შ. იჯარით აღებული, არ ფიქსირდება დამხმარე მასალების შესყიდვა და ა.შ. ასევე, არ უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი აქვთ მხოლოდ შპს „-------ზე“.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით მართლზომიერად იქნა გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, მართლზომიერია გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განიხილოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, რომლის თანახმად, შპს-ზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხები მომჩივანს არ აქვს ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევას და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირებას.
4.გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით ხარჯებიდან და ჩათვლებიდან ამოღებულია ქვემოიჯარეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მიერ სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი, პერიოდების მიხედვით, ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. არაგონივრული ნაშთი დაიბეგრა კუთვნილი მოგების გადასახადით. შემდგომ პერიოდებში ნაღდი ფულის ნაშთის შემცირების შემთხვევაში განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. პირი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორადაა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება 2018 წლამდე ზარალის არსებობა. გამომდინარე აქედან, დაუფარავი ზარალის (198 029 ლარი) ხარჯზე ფორმირებული საწყისი კაპიტალი მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად. 198 029 ლარის განაწილება შემოწმებამ არ განიხილა კაპიტალის შემცირებად. ზემოაღნიშნული მოგების განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
4. მომჩივნის მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშფაქტურები სხვადასხვა კომპანიებისგან. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოწმების მიერ, გადახდილი თანხები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განიხილოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 43(4), 73, 101(1)(2), 154(1), 298(2), 8(12), 491, 130(1), 175(1"ა"), 176"ა", 97(1), 982(3)(8), 12(2).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 174.