გადაწყვეტილება №20277/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20277/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20277/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20277/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. იმპორტის ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14529 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 481,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 102 162

მოგების გადასახადი - 99 440

საშემოსავლო გადასახადი - 792

მიწა - არასასოფლო - 1 930

ჯარიმა - 51 081

საურავი - 42 238,55

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 19.03.2020 წლიდან (რეგისტრაციის თარიღი) 1.06.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14529 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება მხოლოდ ქვის საჭრელი დანადგარებისა და მისი ნაწილების იმპორტი -----დან 21.08.2020 წელს (დეკლარაცია ----) 86 748 ლარის ((25 240$+3 000$)*3,0718) ღირებულებით და 24 აგვისტოს მათი რეალიზაცია შპს „------ზე“ (გამოწერილია 706 846 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები ------, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------).

შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს წარედგინა შპს „------ს“ დირექტორის წარმომადგენლის განმარტება, რომელსაც დანართად ახლავს იმპორტირებული დანადგარების შეძენის ფასთან (მითითებულია 210 000 აშშ დოლარი) დაკავშირებული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების ასლები (დღეის მდგომარეობით აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილია ორიგინალი ნოტარიულად დამოწმებული აქტებიც). ამასთან, განმარტების თანახმად საწარმოს დავალებით დანადგარები შეიძინა ------მა (საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არ არის).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორისა და წარმოდგენილი დოკუმენტების რეალობის დასადგენად, №----- საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტაცია გადამოწმდა ექსპორტიორი ქვეყნის (-------) საბაჟო სამსახურში და გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ექსპორტის დეკლარაცია თანმხლები დოკუმენტაციის ასლებით.

------ს საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 190 688,13 ლარი ((59 077$+3 000$)*3,0718), რომლის მიხედვით №------ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადი უნდა ყოფილიყო 35 489,57 ლარი, კერძოდ, იმპორტის გადასახადი 987,89 ლარი, დღგ 34 501,68 ლარი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, შპს „------ს“ №------ საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახადი 695,89 ლარი, დღგ 18 834,56 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 19 530,45 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებისათვის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. დირექტორის ახსნა-განმარტებით თანხა (230 000 აშშ დოლარი) ------ში გაატანა ფიზიკურ პირს ------ს (საწარმოს მიერ დამატებით 20.06.2022 წელს წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ფულის გატანა ------ში მოხდა ------ის მიერ (მოწოდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)). ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებითაც იმპორტირებული დანადგარების ღირებულებად მიჩნეული იქნა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი.

შემოსავლების სამსახურის 12.11.2021 წლის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების დანართი №8-ის შესაბამისად, მომწოდებლისათვის გადახდილად ჩაითვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 190 688,13 ლარის 75%, ხოლო 47 672 ლარი (190 688,13*25%) განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ------ზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სალდირებულად გაიზარდა სულ 47 672 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, №2641 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, აღნიშნულ სესხზე გაანგარიშებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირის -----ის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 515 826 (230000$*3.0718-190 688.13) ლარზე არ დგინდება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 606 854 (515 826/0.85) ლარი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები ----დან, დეკლარაციის მიხედვით 86 748 ლარის ღირებულების, რომელიც რეალიზებულია და გამოწერილია 706 846 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილია იმპორტირებული დანადგარების შეძენის ფასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შესწავლის შედეგად გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. შემოწმებით მომწოდებლისათვის გადახდილად ჩაითვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 75%, ხოლო 25% განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები. ამასთან, 515 826 ლარზე ვერ დადგინდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნია, რომ ------დან იმპორტირებული ქვის საჭრელი დანადგარების და მისი ნაწილების შესაძენად გადასახდელი/გადახდილი თანხის ნაწილის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული თანხა განიხილოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში ----- რესპუბლიკაში შეიძინა მანქანა დანადგარი - 210 000 აშშ დილარად. კომპანიამ მომწოდებლის მიმართ ვალდებულება სრულად დაფარა შესამოწმებელ პერიოდში, ნაღდი ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო ორგანომ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი არ იყო თანხის მომწოდებელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანიას ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გადახდილ თანხად ჩაუთვალა მხოლოდ - 142 500 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა კი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარება დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს უპროცენტო სესხად განხილული თანხების განხილვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად.

 

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისში შეძენილია არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი ------ს რაიონში. აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ განუხორციელებია. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულმა საწარმოს კუთვნილმა 2021 წლის მიწაზე ქონების გადასახადმა შეადგინა 1 930 (6 701*0,24*1,2) ლარი. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის მაისში შეძენილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი ------ს რაიონში და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით უძრავი ქონება შპს „------ს“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ჰქონდა 2020 წლის 20 მაისს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 დეკემბრის განკარგულებით (უძრავი ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ) მიქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, საწარმოს მიწა საკუთრებაში ჰქონდა 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიას გადასახდელად დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი, ------ს რაიონში მდებარე 6 701 კვ. მ მიწაზე. შემმოწმებელს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ გაუთვალისწინებია, რომ აღნიშნული მიწა მოქცეული იყო სახელმწიფო საკუთრებაში, საგადასახდო დავალიანების შესრულების ნაცვლად.

შემოსავლების სამსახურმა მისი სადავო გადაწყვტილებით ხსენებული საკითხი დატოვა უცვლელი. საგადასახდო ორგანოს (აუდიტის დეპარტამენტის), ისევე როგორც დავების განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ------ს რაიონში მდებარე 6 701 კვ. მ მიწის ნაკვეთი, საგადასახადო დავალიანების შესრულების სანაცვლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა შესამოწმებელი პერიოდის დაწყების მომენტამდე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიისთვის ქონების (მიწაზე) გადასახადის დარიცხვა იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3. იმპორტის ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღეის მდგომარეობითაც არ ფიქსირდება 2022 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 233- 21-10 აქტით დაკისრებული თანხების გადახდა. ამასთან, საწარმომ შემოსავლების სამსახურში 23.01.2023 წელს შეიტანა №78397/1/2023 საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმებოდა აღნიშნული აქტით მიხედვით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას, ამავდროულად ითხოვდა მის მიმართ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებას დაკისრებული საბაჟო სანქციისგან განთავისუფლების მიზნით. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 თებერვლის №3408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო დეპარტამენტმა, მისი შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით კომპანიას გადასახდელად დააკისრა საბაჟო დღგ. საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარა კომპანიისთვის დამატებით დარიცხული საბაჟო დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება. შემოსავლების სამსახურმა მისი სადავო გადაწყვეტილებით ხსენებული საკითხი დატოვა უცვლელი.

საგადასახდო ორგანოს (აუდიტის დეპარტამენტს), ისევე როგორც დავების განმხილველ ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საგადასახდო კოდექსის მიხედვით დღგ-ის ჩათვლის საფუძველს წარმოადგენს საგადასახდო /საბაჟო ორგანოების მიერ გამოცემული საბაჟოს დღგ-ის დარიცხვის დოკუმენტი (საგადასახდო მოთხოვნა). შესაბამისად, კომპანიისთვის საბაჟო ორგანოების დარიცხული საბაჟო დღგ-ის თანხებით უნდა გაზრდილიყო ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

 

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 51 081 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №007- 410 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 42 238,55 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც საგადსახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ახდენდა საგადასახდო ვალდებულების შესრულებას.

სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე კომპანიას რაიმე სახის საგადასახდო სანქცია დაკისრებული არ აქვს.

საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევები გამოწვეულია კომპანიის ფინანსურ/საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის შეცდომით/არცოდნით და კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის წინასწარგანზრახული მოტივი არ ქონია.

დავის განმხილველმა ორგანომ უნდა ისარგებლოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებით და დაავალოს საგადასახდო ორგანოს კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების კორექტირება (შემცირება) შემდეგი გარემოებების გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელმაც საგადასახადო სამართალდარღვევა ჩაიდინა არა განზრახ, არამედ არცოდნით, შესაბამისად მოცემულია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციისგან გადამხდელის გათავისუფლების წინამძღვრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული სანქციის (ჯარიმა/საურავი) თანხები სრულად უნდა შემცირდეს.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა დააზუსტა საჩივარი და სადავოდ მითითებული საკითხებიდან მოითხოვა მხოლოდ ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა სადავოდ მითითებული საკითხებიდან მოითხოვა მხოლოდ ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან მისთვის არის იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. იმპორტის ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საგადასახადო შემოწმებისათვის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებითაც იმპორტირებული დანადგარების ღირებულებად მიჩნეული იქნა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი. მომწოდებლისათვის გადახდილად ჩაითვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 190 688,13 ლარის 75%, ხოლო 47 672 ლარი (190 688,13*25%) განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სალდირებულად გაიზარდა სულ 47 672 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, აღნიშნულ სესხზე გაანგარიშებული პროცენტის თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 515 826 (230000$*3.0718-190 688.13) ლარზე არ დგინდება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. 606 854 (515 826/0.85) ლარი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. საწარმოს მიერ 2020 წლის მაისში შეძენილია არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ განუხორციელებია. გაანგარიშებულმა საწარმოს კუთვნილმა 2021 წლის მიწაზე ქონების გადასახადმა შეადგინა 1 930 (6 701*0,24*1,2) ლარი. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

3. შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

4. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 51 081 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №007- 410 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 42 238,55 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ გადაწყვიტა საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(1)(2)(21)(22), 272, 269(7).