გადაწყვეტილება №23664/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2024
№ დოკუმენტი 23664/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23664/2/2024

10 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 6.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23664/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხების განსაზღვრის მართლზომიერება;

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის №161-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2024 წლის №16607 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 110 222,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 945

დღგ - 28 193

საშემოსავლო გადასახადი - 37 752

ჯარიმა - 31 679

საურავი - 12 598,6

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა, კერძოდ: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ნაპირსამაგრი და სტიქიით დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები

აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის №161-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.07.2024 წლის №16607 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხების განსაზღვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 7.05.2019 წლის, ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ასევე, მომსახურებას უწევს ადგილობრივ კომპანიებსაც. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში.

გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს ავანსის ფაქტურები, ამასთანავე, სრულად აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი ფაქტურებით, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან შემოწმების პროცესში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია, დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გაგზავნილია მის ელექტრონულ ფოსტაზე, რასთან დაკავშირებითაც პოზიცია არ წარმოუდგენია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „-------“ შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რის გამოც შემოწმების მიერ განხორციელდა მთლიანი ანალიზი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, თუმცა შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით არ არის განსაზღვრული. დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული სრულად ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. აღნიშნული შემოსავლების ჩარიცხვა სრულად ჩანს საბანკო ამონაწერებში, ასევე, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები, თუმცა არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი აღნიშნული ოპერაციები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში. 2023 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ამასთანავე, სრულად აქვს დღგის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც თავად შემმოწმებლები აღნიშნავენ მათ წარედგინა საბანკო ამონაწერები თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტები, პირველადი დოკუმენტები და ხელშეკრულებები, შესაბამისად რაიმე დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი გადამხდელის მხრიდან გადასახადის დამალვას ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან ტენდერის მასალები ხელმისაწვდომია ყველასათვის და ეს ინფორმაცია საჯაროა. კომპანიის მიერ წარდგენილია საბუღალტრო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის უქონლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება საბუღალტრო დოკუმენტაციას მისი წარმოებას ახდენს შპს -------, შესაბამისად გაურკვეველია და დაუსაბუთებელი შემმოწმებლების მსჯელობა.

გადასახადის თანხის არასრულ დეკლარირებასთან მიმართებაში კი არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით ავანსი ირიცხება პროექტის დაწყებისას, თუმცა ამ თანხის გამოყენება ხდება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. ავანსის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება./მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან შემოწმების პროცესში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია, დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გაგზავნილია მის ელექტრონულ ფოსტაზე, რასთან დაკავშირებითაც პოზიცია არ წარმოუდგენია.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „-------“ შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რის გამოც შემოწმების მიერ განხორციელდა მთლიანი ანალიზი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, თუმცა შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით არ არის განსაზღვრული. დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული სრულად ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. აღნიშნული შემოსავლების ჩარიცხვა სრულად ჩანს საბანკო ამონაწერებში, ასევე, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები, თუმცა არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი აღნიშნული ოპერაციები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში. 2023 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ამასთანავე, სრულად აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №2666 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები. ნაშთად დარჩენილი თანხა, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსხურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რის შედეგადაც მიღებული ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგენილი იქნა შპს ------- შემოსავალი, ასევე მოძიებული დოკუმენტაციით დადგინდა ხარჯები, რის შედეგადაც შემოსავალს დააკლდა ხარჯები და მიღებული ნაშთი მიჩნეული იქნა ------- ხელფასად, რის გამოც დაერიცხა დაბეგვრის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობის გამო საშემოსავლო გადასახადი და საურავები. აცხადებს, რომ გაურკვეველია რის საფუძველზე და რა თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი უნდა გადასცემოდათ მანამ, სანამ ფინანსური სანქციის შესახებ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამ წესის დაუცველობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა მათი უფლებები, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეშ დარღვევას. მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის, მე-13 მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 95-ე მუხლის და 601 მუხლის მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად, დადგინდა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიღებული ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებოს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხების განსაზღვრის მართლზომიერება;

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ასევე, მომსახურებას უწევს ადგილობრივ კომპანიებსაც. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში.

გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს ავანსის ფაქტურები. ამასთანავე, სრულად აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი ფაქტურებით, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები. ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 175; 176