გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
080210116001466046
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1720-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - შპს ,,ე----------“;

წარმომადგენელი - ც------- ფ----------ე;

მოპასუხე - შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“;

წარმომადგენელი - მ------- მ-----ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე - შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“;

წარმომადგენელი - მ------- მ-----ე;

მოპასუხე - შპს ,,ე----------“;

წარმომადგენელი - ც------- ფ----------ე;

დავის საგანი: სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშაფქტურის გაუქმება და სადავო საქონლის უკან დაბრუნება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 17581 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ეწევა ერთჯერადი მოხმარების საგნების რეალიზაციას: სკოჩი, ერთჯერადი დანა-ჩანგალი, კოვზი, პარკები, კონტეინერები, ქაღალდის ჭიქები, ხელთათმანები და სხვა, რომელსაც აწვდის სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის მოპასუხეს, რომელსაც 2015 წელს გარკვეული პროდუქციის მიწოდების შემდეგ წარმოეშვა დავალიანება 15820 ლარის ოდენობით. შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ მიეწოდა: პენოპლასტი 500 და 1000 გრ-ნი, 700 ცალი; პოლივილინქლორიდის ფირი - 45/9/1000, 6 ცალი; კოვზი - 45000 ცალი. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდა არ მომხდარა.

 

2017 წლის 12 ოქტომბრის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იგი გაზარდა 1761 ლარით (15820 ლარი +1761 ლარი = 17581 ლარი), რომელიც არ გადაუხდია მოპასუხე მხარეს 2017 წლის აპრილ-ივნისში მიწოდებული პროდუქციის გამო.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 1761 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა გადასახდელი აქვთ. სასარჩელო მოთხოვნას 15 820 ლარის ნაწილში არ დაეთანხმა და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა სასაქონლო ზედნადებებში და ასევე მის საფუძველზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებულია არასწორად, ხელოვნურად გაზრდილია ფასი, ვინაიდან რეალური ფასი არის 922 ლარი, ხოლო ითხოვს 15-ჯერ მეტს, მაშინ როდესაც არ არსებობს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების მიწოდების შესახებ, ასევე არ არსებობს მხარეებს შორის საქონლის/მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დავალიანების, სესხის და/ან სხვა ფულადი ვალდებულებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის შედარების აქტი) საქმეში არ მოიპოვება.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

2.1. სასაქონლო ზედნადების ელ-0197045204 22.09.2015, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ეა-04 5949555 22.09.2015 გაუქმება და დასახელებულ დოკუმენტებში მითითებული სადავო საქონლის მოპასუხეზე უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს ,,ე----------სგან“ სისტემატიურად ხდებოდა ერთი და იგივე დასახელების და ღირებულების საქონლის მიწოდება და შესაბამისადაც ხდებოდა ანგარიშსწორება. სასაქონლო ზედნადებში ელ-0197045204 22.09.2015 საქონლის ღირებულება ნაცვლად 922 ლარისა, მითითებული იქნა ცალმხრივად, შეუთანხმებლად გაზრდილი, შეუსაბამოდ მაღალი ფასი - 15 820 ლარი. გაუგებარია რა მოხდა 2015 წლის 22 სექტემბერს? რატომ შეიცვალა ფასები საქონელზე ასტრონომიულად, მაშინ როდესაც არ არის სადავო საქონლის მაღალ ფასზე მხარეთა შეთანხმება. აღნიშნულ დღეს საქონლის ფასი 100-ჯერ და უფრო მეტად აღემატება იმავე დასახელების საქონელზე მანამდე და/ან მის შემდეგ არსებულ ფასებს; მაშინ როდესაც იმავე დასახლების საქონელზე ფასები 2015 წლის 22 სექტემბრის შემდეგ არის დაბალი, როგოც ეს მანამდე იყო. არ არსებობს შეკვეთა ასეთი ღირებულების საქონლის მიწოდებაზე, არ არსებობს შეტყობინება საქონლის ფასების ერთჯერადად მკვეთრად გაზრდაზე, არ არსებობს შეთანხმება 2015 წლის 22 სექტემბერს გაზრდილი ღირებულებით საქონლის მიწოდებაზე, როცა ყველა სხვა შემთხვევაში შეკვეთა 600-700 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის საქონლის უკან დაბრუნებას და საქონლის მიწოდების დოკუმენტის გაუქმებას, რის თაობაზეც არაერთხელ მიმართეს შპს ,,ევრო პაკს“, მაგრამ უშედეგოდ.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

შპს ,,ევრო პაკმა“ არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან მათ შორის არ ყოფილა დადებული არანაირი ხელშეკრულება და შესაბამისადაც არ იყვნენ ვალდებულნი გაეფრთხილებინა მეორე მხარე, მათ ჰქონდათ მთელი დღე, მინიმუმ 12 საათი იმისათვის, რომ არ დაედასტურებინათ მიღებული საქონლის ფასი და პროდუქტი დაებრუნებინათ უკან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 შპს ,,ე----------” მეწარმედ რეგისტრირებულია 2010 წლის 21 სექტემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი I ს.ფ. 14).

3.1.2. შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ რეგისტრირებულია 2014 წლის 27 აგვისტოდან (იხ. ტომი I ს.ფ. 16).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

3.1.3. 2014 წლის 24 ოქტომბრის ელ-0141612901 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0120 ლარი (საქონლის კოდი 1610100004), პოლივილინქლორიდის ფირი 45*9 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 24 ოქტომბრის ელ-0141612901 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 125).

 

3.1.4. 2015 წლის 24 აპრილის ელ-0169838425, 2015 წლის 30 აპრილის ელ-0170885163, 2015 წლის 21 მაისის ელ-0174585363, 2015 წლის 02 ივნისის ელ-0176577096, 2015 წლის 08 ივნისის ელ-0177772207, 2015 წლის 12 ივნისის ელ-0178646450, 2015 წლის 19 ივნისის ელ-0179907856, 2015 წლის 26 ივნისის ელ-0181218682, 2015 წლის 01 ივლისის ელ-0182033912, 2015 წლის 07 ივლისის ელ-0183054983, 2015 წლის 10 ივლისის ელ-0183743966, 2015 წლის 17 ივლისის ელ-0184992278, 2015 წლის 24 ივლისის ელ-0186300171, 2015 წლის 31 ივლისის ელ-0187578107 სასაქონლო ზედნადებებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0130 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირის 45*9 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 45 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 24 აპრილის ელ-0169838425, 2015 წლის 30 აპრილის ელ-0170885163, 2015 წლის 21 მაისის ელ-0174585363, 2015 წლის 02 ივნისის ელ-0176577096, 2015 წლის 08 ივნისის ელ-0177772207, 2015 წლის 12 ივნისის ელ-0178646450, 2015 წლის 19 ივნისის ელ-0179907856, 2015 წლის 26 ივნისის ელ-0181218682, 2015 წლის 01 ივლისის ელ-0182033912, 2015 წლის 07 ივლისის ელ-0183054983, 2015 წლის 10 ივლისის ელ-0183743966, 2015 წლის 17 ივლისის ელ-0184992278, 2015 წლის 24 ივლისის ელ-0186300171, 2015 წლის 31 ივლისის ელ-0187578107 სასაქონლო ზედნადებები (იხ. ტომი I ს.ფ. 110-124).

 

3.1.5. 2015 წლის 18 აგვისტოს ელ-0190739478 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0130 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირის 45*9 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 45 ლარი, პენოპლასტის 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 0.1100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 18 აგვისტოს ელ-0190739478 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 109).

 

3.1.6. 2015 წლის 04 სექტემბრის ელ-0193803163 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0130 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირის 45*9*1000 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 45 ლარი, პენოპლასტი 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 0.1200 ლარი, პენოპლასტი 500 გრ აზ (საქონლის კოდი 1610100384) ერთეულის ფასი არის 0,0600 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 04 სექტემბრის ელ-0193803163 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 108).

 

3.1.7. 2015 წლის 28 სექტემბრის ელ-0198196739, 2015 წლის 24 ოქტომბრის ელ-0202925204 2015 წლის 13 ნოემბრის ელ-0206417037 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0140 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირი 45*9*1000 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 47 ლარი, პენოპლასტი 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 0.1300 ლარი, პენოპლასტი 500 გრ აზ (საქონლის კოდი 1610100384) ერთეულის ფასი არის 0,0700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 04 სექტემბრის ელ-0193803163 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 102, 105-106).

 

3.1.8. 2016 წლის 12 მაისის ელ-0236954331 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0140 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირი 45*9*1000 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 47 ლარი, პენოპლასტი 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 0.1200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 12 მაისის ელ-0236954331 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 88).

 

3.1.9. 2016 წლის 11 ივნისის ელ-0242867806, 2016 წლის 31 ივლისის ელ-0252814767 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.0150 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირი 45*9*1000 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 48 ლარი, პენოპლასტი 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 0.1200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 ივნისის ელ-0242867806, 2016 წლის 31 ივლისის ელ-0252814767 სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი I ს.ფ. 83, 86).

 

3.1.10. მოსარჩელე შპს ,,ევრო პაკმა“ მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ 2017 წელში მიაწოდა 1761 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის ღირებულებაც მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ მიერ არ ყოფილა ანაზღაურებული.

 

აღნიშნული დავალიანება სადავო არ გაუხდია მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ და სრულად ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 12 ოქტომბრის შპს ,,ე----------ს“ დირექტორის განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ (იხ. ტომი I I I ს.ფ. 210-229).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.11. მოსარჩელე შპს ,,ევრო პაკმა“ მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ სადავო შემთხვევის ჩათვლით 47-ჯერ მიაწოდა საქონელი და მოპასუხე მხარემ, სადავო შემთხვევის გამოკლებით ყველა შეძენილ საქონელზე გადაიხადა თანხები. 2015 წლის 22 სექტემბერს მიწოდებული საქონლის ფასთან შედარებით, ყველა სხვა შემთხვევაში საქონლის ფასი გაცილებით ნაკლები იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები და საგადახდო დავალებები (იხ. ტომი I ს.ფ. 79-211).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. 2015 წლის 22 სექტემბრის ელ-0197045204 სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ კოვზის ერთეულის ფასი არის 0.1400 ლარი, პოლივილინქლორიდის ფირი 45*9*1000 (საქონლის კოდი 1610100178) ერთეულის ფასი არის 470.0000 ლარი, პენოპლასტი 1000 გრ (საქონლის კოდი 1610100010) ერთეულის ფასი არის 13.0000 ლარი, პენოპლასტი 500 გრ აზ (საქონლის კოდი 1610100384) ერთეულის ფასი არის 7.0000 ლარი.

 

აღნიშნული საქონლის ჩაბარება მოხდა 2015 წლის 23 სექტემბერს, რაც დასტურდება ეა-04 5949555 საგადასახადო ანგარიშფაქტურით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 22 სექტემბრის ელ-0197045204 სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 5949555 (იხ. ტომი I ს.ფ. 18-19).

 

3.2.2. 2015 წლის 28 სექტემბერს შპს ,,ა.ნ. ფ------------მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს შემოსავლების სამსახურის ზესტაფონის რეგიონალურ სერვის ცენტრს და განმარტა, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს შპს ,,ევრო პაკმა“ შეცდომით გამოაგზავნა ანგარიშ-ფაქტურა. ზედნადებში არასწორად იყო მითითებული თანხა 15820 ლარი, ბუღალტრის უნებლიე შეცდომით დადასტურებული იქნა სასაქონლო ზედნადების მიღება. შპს ,,ე----------“ უარს აცხადებს აგნარიშ-ფაქტურის გაუქმებმებაზე და ითხოვა შესაბამისი ღონისძიების გატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 28 სექტემბერს შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ განცხადება (იხ. ტომი I ს.ფ. 212).

 

3.2.3. 2017 წლის 07 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს ,,ევროპაკი“-დან გამოთხოვილი იქნა 22/09/2015 წელში მყიდველზე მისაწოდებელი საქონლის შეკვეთის დოკუმენტები, შეტყობინება 22/09/2015 წელში მისაწოდებელი საქონლის ფასების ცვლილების თაობაზე, მხარეთა შეთანხმება 22/09/2015 წელში მისაწოდებელი საქონლის ფასთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 15 ივნისს შპს ,,ე----------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით განმარტა შემდეგი: ,,შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ უკავშირდება მობილურ ტელეფონზე შპს ,,ევროპაკის“ წარმომადგენელს და აძლევს შეკვეთას, კონკრეტულად რა სახეობის და რა რაოდენობის საქონელი ჭირდება. შპს ,,ევროპაკის“ წარმომადგენელი ინიშნავს შეკვეთას, რაზედაც ოფიციალური დოკუმენტი არ დგება, რომელიც შემდეგ გადააქვს სასაქონლო ზედნადებში და უგზავნის დამკვეთს ელექტრონულად (ან მიაქვს ხელზე), სადაც გაწერილია კონკრეტულად რა სახეობის საქონელი, რა ღირებულების არის. ამის შემდეგ მიეწოდება შეკვეთილი პროდუქტი დამკვეთს ანუ შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“, რომელიც მიითვლის და მიიღებს საქონელს და მოგვიანებით ადასტურებს ან არ ადასტურებს ასევე ელექტრონულად გაგზავნილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რაც ნიშნავს იმას, რომ დამკვეთმა მოიწონა ღირებულება, სახეობა და ოდენობა მიწოდებული პროდუქციის და პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

მიღებული საქონლის შესახებ საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე ელექტრონულად დადასტურება ხდება მიმღების მიერ ღილაკზე თითის დაჭერით, რაც დამკვეთის ნებას და თანხმობას გამოხატავს. სხვა რაიმე წინასწარი, განსაკუთრებული შეთანხმება ან ხელშეკრულება, არც მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------თან“ და არც სხვა ორგანიზაციებთან შპს ,,ევრო პაკს“ არ ჰქონია.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება (იხ. ტომი I I I ს.ფ. 190-192 ).

- 2017 წლის 15 ივნისის შპს ,,ე----------ს“ განცხადება (იხ. ტომი I I I ს.ფ. 204).

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში თანახმა იყო თუა არა მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ გაზრდილი ფასით მიეღო საქონელი, ეკისრება მოსარჩელეს. იგი ამტკიცებს, რომ ვინაიდან მოპასუხემ დაადასტურა სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად, დაეთანხმა მიწოდებული საქონლის ფასსაც.

მოპასუხე ამტკიცებს, რომ იგი თანახმა არ იყო გაზრდილი ფასით მიეღო საქონელი, მაგრამ ბუღალტრის უნებლიე შეცდომით მოხდა მისი დადასტურება. მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან საგადასახადო ანგარიშფაქტურა დაადასტურა შეცდომით. ამ ფაქტის მტკიცების საკითხი პირდაპირაა მიბმული გაზრდილი ფასით მიწოდებული საქონლის მიღების დამტკიცებაზე. თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს, რომ ის შეთანხმებული იყო მოპასუხე მხარესთან გაზრდილი ფასით მიეწოდებინა საქონელი, ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ მოპასუხემ ანგარიშფაქტურა მიიღო და დაადასტურა შეცდომით. ამდენად, ამ ნაწილში მისი მტკიცების ტვირთი შედარებით გაიოლებულია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

მოსარჩელემ გაზრდილი ფასით საქონლის მიწოდების დასამტკიცებლად, წარმოადგინა ზეპირი განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

მოპასუხე სადავოდ ხდის გაზრდილი ფასით მიწოდებული საქონლის მიღების დადასტურების ფაქტის დამტკიცებისათვის მტკიცებულებად ანგარიშფაქტურის გამოყენებას. ამტკიცებს, რომ საგადასახადო ანგარიშფატურა არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დამტკიცდეს სამუშაოთა შესრულება, მითუმეტესს ანგარიშფაქტურა მას დადასტურებული აქვს შეცდომით (იხ. შესაგებელი და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს ანგარიშფაქტურით შეიძლება თუ არა დადგინდეს ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გაზრდილი ფასით მიწოდებული საქონლის დავალიანების საკითხი, ანუ ანგარიშფაქტურა არის თუ არა ვარგისი მტკიცებულება. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ კანონი მხარეებს არ უკრძალავს ისარგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და რიგი ურთიერთობები მოაწესრიგონ დოკუმენტის გარეშეც, მაგრამ გასათვალისწინებელია ის სპეციფიკა, რაც მას ახასიათებს.

სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას, მასზედ, რომ ანგარიშფაქტურა გამოიყენება საგადასახადო მიზნებისათვის, მაგრამ ის შესაძლებელია სხვა გარემოების მტკიცებულებადაც გამოდგეს. ხშირად ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოდგეს სამუშაოთა შესრულების, ნივთის მიწოდების, საქონლის მიწოდების და ა.შ. სხვა ფაქტების დადასტურებისათვის, მაგრამ გაზრდილი ფასით მიწოდებული საქონლის შესრულების დადასტურებისათვის მხოლოდ ანგარიშფაქტურა არ გამოდგება. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ის გაზრდილი ფასით საქონლის მიწოდების თაობაზე შეთანხმებული იყო მოპასუხესთან.

3.2.6. სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ანგარიშფაქტურა ელექტრონულად დაადასტურა შეცდომით. სასამართლოს, შეცდომის მოსაზრება განუმტკიცა მოსარჩელის მიერ მტკიცების წარუმატებელმა განხორციელებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ ანგარიშფაქტურა ელექტრონულად დაადასტურა შეცდომით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე----------ს“ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ შეგებებულ სარჩელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელიც ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

შპს ,,ე----------“ ამტკიცებს, რომ მან მოპასუხეს მიაწოდა 17 581 ლარის პროდუქცია. მოპასუხემ აღიარა, რომ მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს 1761 ლარი, რაც შეეხება დანარჩენ თანხას, აღნიშნულის გადახდა არ ევალდებულება, ვინაიდან არ ყოფილა შეთანხმებული გაზრდილი ფასით მიწოდებული პროდუქციის მიღებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს გაუგზავნა 17 581 ლარის ღირებულების საქონელი და თუ მოპასუხე არ იხდის ამ საქონლის ღირებულებას, ასეთ შემთხვევაში მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს იმ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც მას ერგება მიწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ.

შეგებებული სარჩელით შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ ამტკიცებს, რომ მან შეცდომით დაადასტურა სასაქონლო ზედნადები ელ-0197045204 22.09.2015, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 5949555 22.09.2015 და ითხოვს მის გაუქმებას და დასახელებულ დოკუმენტებში მითითებული სადავო საქონლის მოპასუხეზე უკან დაბრუნებას.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა, მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეების ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ შპს ,,ე----------”-სგან ღებულობდა სხვადასხვა დასახელების საქონელს, რომლის მიწოდებისთვისაც ის დროულად ანაზღაურებდა საქონლის ფასს. მხარეების ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც ისინი შეთანხმდენ და პირობების შეთანხმების შემდეგ მხარეებმა დადეს ზეპირი შეთანხმება, რაც თავისი შინაარსით ზეპირი მიწოდების ხელშეკრულებაა.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. მიწოდება დაკავშირებულია მხარეთა ურთიერთვალდებულებებზე, ორივე მხარეს გააჩნია ერთმანეთის მიმართ, როგორც მოვალეობები ისე უფლებები.

მოსარჩელე შპს ,,ევრო პაკმა“ მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ სადავო შემთხვევის ჩათვლით 47-ჯერ მიაწოდა საქონელი და მოპასუხე მხარემ, სადავო შემთხვევის გამოკლებით ყველა შეძენილ საქონელზე გადაიხადა თანხები. 2015 წლის 22 სექტემბერს მიწოდებული საქონლის ფასთან შედარებით, ყველა სხვა შემთხვევაში საქონლის ფასი გაცილებით ნაკლები იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 334-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი ხორციელდება შეცვლილი პირობებით, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა ევარაუდა ოფერენტის თანხმობა და ეს უკანასკნელი მაშინათვე არ განაცხადებს უარს.

 

აღნიშნული ნორმა გამოიყენება მხოლოდ საქმიან ურთიერთობებში. ამასთან, აუცილებელია, რომ აქცეპტი ხორციელდებოდეს შეცვლილი პირობებით (მაგ. აქცეპტანტი სთავაზობს სხვა ფასს). აქცეპტანტი უნდა ვარაუდობდეს, რომ ოფერენტი არ იქნება წინააღმდეგი მიიღოს ოფერტი შეცვლილი პირობებით. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ რა საფუძველი უნდა ჰქონდეს აქცეპტანტს ასეთი ვარაუდისათვის, რას ეყრდნობა მისი მოსაზრება, რომ ოფერენტი მიიღებს მის პირობას. აქაც შეიძლება რამდენიმე პირობაზე საუბარი: პირველი, მათ შორის დიდი ხნის მანძილზე არსებული ურთიერთობა აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ოფერენტი მიიღებს ამ პირობას, რადგან ხშირად ყოფილა ამგვარი ცვლილებები, რაც ოფერენტს ყოველგვარი გართულების გარეშე მიუღია; მეორე, ცვლილება უმნიშვნელოა და მას კონტრაჰენტისათვის რაიმე მატერიალური ზიანის ან სხვაგვარი გართულების გამოწვევა არ შეუძლია; მესამე, ცვლილება ემყარება ობიექტურ წინაპირობებს, რომლებიც ოფერენტისათვის ცნობილია (მაგ. მოიმატა ნედლეულის ფასმა).

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოდავე მხარეთა შორის არსებობს საქმიანი ურთიერთობა, ანუ მათ შორის რამდენჯერმე უკვე იყო დადებული ხელშეკრულება მსგავს ურთიერთობებზე და სადავო ხელშეკრულება დაიდო განსხვავებული (შეცვლილი) პირობებით აქცეპტანტის - შპს ,,ე----------ს“ მხრიდან და ამას მეორე მხარე (ოფერენტი) შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ არ ეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2015 წლის 22 სექტემბერს მიწოდებული საქონლის მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასის ობიექტური წინაპირობები, ასევე, ვარაუდისათვის რა საფუძველი ჰქონდა, რომ მოპასუხე დაეთანხმებოდა და საქონელს გაზრდილი ფასით მიიღებდა.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

 

ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

 

ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მოსარჩელე შპს ,,ე----------ს“ მოთხოვნა 15820 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა შეცვლილ პირობებს და მოითხოვა შეცდომით დადასტურებული ანგარიშფაქტურის გაუქმება, რითაც ის არ დაეთანხმა გაზრდილი ფასით მიწოდებული საქონლის მიღებას.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესით, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოსარჩელე შპს ,,ე----------ს” მოთხოვნა 1761 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე შპს ,,ა.ნ. ფ------------მა“ დაადასტურა მისი არსებობა.

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსი 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში გამყიდველის მიერ მყიდველზე მიწოდებული საქონელი, ცალმხრივად შეუთანხმებლად გაზრდილი, მაღალი ფასიდან გამომდინარე, უთანაბრდება ნივთობრივ და უფლებრივად ნაკლის მქონე საქონელს, შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-493-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

 

სასამართლოს განმარტებით, კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებას. მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან. მოცემულ შემთხვევაში შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შპს ,,ა.ნ. ფ------------მა“- როგორც კი აღმოაჩინა, რომ საქონელი მიწოდებული იყო სხვა დროსთან შედარებით მაღალ ფასში, მიმართა მოპასუხესაც და საგადასახადო ორგანოსაც და მოითხოვა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს უარი განაცხადოს საქონლის მიღებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ მოთხოვნა შპს ,,ევროპაკს“ შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ მიერ დაუბრუნდეს სასაქონლო ზედნადებში ელ-0197045204 22/09/2015 და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ეა-045949555 22/09/2015 მითითებული სადავო საქონელი საფუძვლიანია.

 

6.7. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“ ითხოვს გაუქმდეს სასაქონლო ზედნადები ელ-0197045204 22/09/2015 და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-045949555 22/09/2015. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1751-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 251-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული თუ რა სარგებელს მისცემს შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ ანგარიშფაქტურის გაუქმება, მაშინ როდესაც მისი გამოწერა არ ნიშნავს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებას. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,ევრო პაკს“ სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი აქვს 625 ლარი+59 ლარი=684 ლარი. ვინაიდან მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი ბაჟი 625 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 59 ლარიდან ნაწილი 32,5 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,ევრო პაკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (26,5 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი და 6 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი), რაც შეხება 26,5 ლარს, იგი უნდა დაეკისროს შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე----------ს“ სასარგებლოდ.

რაც შეეხება შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან შპს ,,ა.ნ. ფ------------ის“ მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 480 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) შპს ,,ევრო პაკს“, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში შპს ,,ა.ნ. ფ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელე შპს ,,ე----------“ მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 633 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 70 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ,,ა.ნ ფ------------ის“ საბანკო ანგარიშს დავალიანების 15820 ლარის ფარგლებში, შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: BAGAGE22. GE25BG0000000851090000. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე----------“-ს (წარმ: ც------- ფ----------ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს შპს ,,ე----------“-ს სასარგებლოდ არსებული დავალიანების 1761 ლარის, სახელმწიფო ბაჟი 26,5 ლარის და საადვოკატო ხარჯის 70 ლარის გადახდა.

1.2. შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15820 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

1.3. შპს ,,ე----------“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 625 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

1.4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,ე----------“-ს 10/10/2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 32,5 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში MIBGGE22 სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.

1.5. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ,,ა.ნ ფ------------ის“ საბანკო ანგარიშს დავალიანების 15820 ლარის ფარგლებში, შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: BAGAGE22. GE25BG0000000851090000.

2. შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს (წარმ: მ------- მ-----ე) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.1. შპს ,,ე----------“-ს შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს მიერ დაუბრუნდეს სასაქონლო ზედნადებში ელ-0197045204 22/09/2015 და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ეა-045949555 22/09/2015 მითითებული სადავო საქონელი.

2.2. შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს მოთხოვნა სასაქონლო ზედნადების ელ-0197045204 22/09/2015 და საგადასახადო ანგარიშფაქტურის ეა-045949555 22/09/2015 გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2.3. შპს ,,ე----------“-ს შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 480 ლარი.

2.4. შპს ,,ა.ნ. ფ------------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა