გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002047713
2-3103/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.02.2018 წ. ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ი-----–- შ-----
სხდომის მდივანი ნ----- ზ-----
მოსარჩელე - მ--–---- თ------–-ვა
წარმომადგენელი - ი---- ზ-----
მოპასუხე - სს „მ----------------------–-----–------------“
წარმომადგენელი - გიული მგელაძე
დავის საგანი: ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი მოცდენის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნას ცნობილი სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანება მ--–---- თ------–-ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მ--–---- თ------–-ვა აღდგენილი იქნეს ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე. მოპასუხე სს „მ----------------------–-----–------------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 17 ივლისიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი მოცდენის სახით ყოველთვიურად 1600 ლარის გადახდა.
2.მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.მხარეები წლების მანძილზე იმყოფებიან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში. მოსარჩელე 2010 წლიდან დასაქმებული იყო სს „მ----------------------–-----–------------“-ში ექიმ ბიო- ქიმიკოსის პოზიციაზე, მოსარჩელეს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობს საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერთიფიკატს.
2.2. სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი კონტრაქტი და მ--–---- თ------–-ვა გათავისუფლებული იქნა სამუშაოდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით - დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან.
2.3. სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანებას მ--–---- თ------–-ვასთან შრომის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
ა) 2017 წლის 20 მარტს ექიმ მ--–---- თ------–-ვას მიმართა პაციენტმა ანალიზების გამოსაკვლევად, მოსარჩელის მიერ ჩატარებული ანალიზის კვლევები პაციენტმა გადაამოწმა სხვა კლინიკაში, რა დროსაც აღმოჩნდა ანალიზის პასუხებს შორის მკვეთრი სხვაობა, რის გამოც პაციენტმა გამოთქვა უკმაყოფილება.
ბ) კონფერენციაზე მ--–---- თ------–-ვას საკითხის განხილვის დროს მოსარჩელემ დაარღვია ეთიკის ნორმები და ცხარე კამათის დროს დაემუქრა თანამშრომელს, რაზედაც კონკრეტულმა თანამშრომელმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
გ) მოსარჩელემ პაციენტისაგან სალაროს გვერდის ავლით აიღო თანხა
დ) მოსარჩელის ემოციონალური (ჯანმრთელობის) მდგომარეობა
ე) ბოლო 3-4- წლის განმავლობაში მ. თ------–-ვას მიერ გაკეთებული არასწორი ლაბორატორიული კვლევები, რის გამოც სამედიცინო ცენტრი წარსდგა სასამართლოში.
ვ) სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ ექიმ ბიო-ქიმიკოს მ--–---- თ------–-ვას.
2.4. მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით და ყოველთვიურად მერყეობდა 1000 -დან 2000 ლარის ფარგლებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან ყოველთვიური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 1600 ლარს.
3. მოსარჩელის პოზიცია სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანებასთან დაკავშირებით
3.1. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაში მითითებული გარემოებები არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. პაციენტების გ------ კ----ისა და გ------- ჩ----ის ანალიზის პასუხები გადამოწმებული იქნა იმავე კლინიკაში, მართალია კვლევის შედეგებს შორის დადგინდა სხვაობა, მაგრამ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაკეთებული ანალიზის პასუხები იყო უსწორო. სიმართლესთან შეუსაბამოა, თითქოს მოსარჩელის მიერ დაშვებული პროფესიული შეცდომის გამო სამედიცინო ცენტრი წარსდგა სასამართლოს წინაშე, აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება სადაც მოსარჩელის ბრალეულ ქმედებაზე იქნებოდა მითითებული, უსწოროა ასევე ბრძანებაში მითითებული გარემოება, თითქოს მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მოსარჩელის მიერ სალაროს გვერდის ავლით არ მომხდარა სამედიცინო მომსახურეობის საფასურის აღება.
3.2. სს „მ----------------------–-----–------------“- ში ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე მოსარჩელესთან ერთად მუშაობდა მეორე ექიმი ნ---- მ------ძე. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია ხშირად პაციენტებს რეკომენდაციებს უწევდა სამედიცინო გამოკვლევები ჩაეტარებინათ ნ---- მ------ძესთან, აღნიშნული დასტურდება მიმართვებზე გაკეთებული მინაწერებით „ნ---- მ------ძე“, რაც არათანაბარ პირობებში აყენებდა იმავე კაბინეტში მომუშავე მოსარჩელეს. ადმინისტრაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ, აშკარად ილახებოდა მოსარჩელის უფლებები, სიტყვიერად და წერილობით საუბრობდნენ ნ---- მ------ძის უპირატესობაზე მოსარჩელესთან შედარებით, თუკი მოსარჩელე იყო არაკვალიფიციური და უშვებდა პროფესიულ შეცდომებს, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ დასაქმებულის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
4.მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს
4.2. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელე 2010 წლიდან მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში და გააჩნია საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი.
4.3. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ასევე ბრძანების მიღებისას გათვალისწინებული იქნა მოსარჩელის მიერ დაწესებულების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რომლის თანახმად დასაქმებული ვალდებულია დაიცვას შრომის დისციპლინა და ასევე აღნიშნული შინაგანაწესის 6.5 პუნქტის გათვალისწინებული გარემოება, რომელიც კრძალავს სალაროს გვერდის ავლით პაციენტისაგან მომსახურეობის საფასურის აღებას.
4.4. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მ--–---- თ------–-ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში მითითებული გარემოებები დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: რეგულირების სააგენტოს წერილი N01-25/807; დაწესებულების მედ-პერსონალთა კონფერენციის სხდომის ოქმი N4; ექიმ-ქირურგების განცხადებები; ბრძანება N46 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები; ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი ინფორმაცია გამოკვლევის საფასურის გადახდის შესახებ.
4.5. მოპასუხის განმარტებით ადმინისტრაცია არ აძლევდა პაციენტებს მითითებას თუ რომელ ბიო-ქიმიკოსთან უნდა ჩაეტარებინათ ლაბორატორიული კვლევები, პაციენტი კლინიკაში მიმართავს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ექიმები უნდობლობას უცხადებდნენ მოსარჩელის მიერ ჩატარებულ კვლევებს, მკურნალ ექიმებს ქონდათ უფლება მიეთითებინათ პაციენტისათვის ვისთან ჩაეტარებინათ კვლევები.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. მ--–---- თ------–-ვა წლების მანძილზე მუშაობდა სს „მ----------------------–-----–------------“-ში ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე. მოსარჩელეს გააჩნია საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; სასარჩელო განცხადება ფაქტობრივი გარემოება N1; შესაგებელი სარჩელზე პირველ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით.
5.1.2. სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანებით მოსარჩელეს 2017 წლის 17 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანება.
5.1.3. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაბუთებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: ექიმი ბიოქიმიკოსის მ--–---- თ------–-ვას მხრიდან ბოლო წლებში იკვეთება პროფესიული შეუთავსებლობის ფაქტები, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მ--–---- თ------–-ვას მიერ გაკეთებული ლაბორატორიული კვლევების პასუხების სიზუსტეზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ რიგი პაციენტები, რასთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია წარსდგა სასამართლოს წინაშე. სამედიცინო ცენტრის მკურნალი ექიმები ოფიციალურად უნდობლობას უცხადებს მ--–---- თ------–-ვას მიერ ჩატარებულ კვლევებს. 2017 წლის 20 მარტს პაციენტმა მიმართა მოსარჩელეს ანალიზების გამოსაკვლევად, მოსარჩელის მიერ ჩატარებული კვლევის პასუხები პაციენტის მიერ გადამოწმებული იქნა სხვა კლინიკაში, პასუხებს შორის იყო მკვეთრი სხვაობა, რამაც გამოიწვია პაციენტის უკმაყოფილება, აღნიშნული ფაქტის კონფერენციაზე განხილვისას, 2017 წლის 28 მარტს, მ--–---- თ------–-ვამ უხეშად დაარღვია ეთიკის ნორმები და ცხარე კამათის დროს თანამშრომელს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი. მოსარჩელემ დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესის 6.6. მუხლის მოთხოვნები დაწესებულების სალაროს გვერდის ავლით აიღო მომსახურეობის საფასური. მოსარჩელე ხელს უშლის კაბინეტის მშვიდ ვითარებაში მუშაობას. მ--–---- თ------–-ვას ემოციონალური მდგომარეობა (ჯანმრთელობის მდგომარეობა) პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას/ შესასრულებელ სამუშაოს. მ--–---- თ------–-ვას მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების დროს დაშვებული პროფესიული შეცდომები სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტების ჯანმრთელობას ასევე მკურნალი ექიმების წარმატებულ საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანება.
6. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
6.1. წლების მანძილზე მ--–---- თ------–-ვა მუშაობს მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე, მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნამდე მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 19 ნოემბერს აქვს შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, მ--–---- თ------–-ვას 2015 წლის 19 ნოემბერს შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება მოხსნილი აქვს, რადგან დისციპლინარული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის ვადაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინარული სახდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2015 წლის 19 ნოემბრის N46/ა ბრძანება. დაწესებულების შრომის შინაგანაწესის მე-8 მუხლი.
6.2. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების პასუხები, რამდენიმე პაციენტის მიერ გადამოწმებული იქნა იმავე ან სხვა კლინიკაში, სადაც კვლევის პასუხებს შორის დაფიქსირებულია არსებითი სხვაობა, თუმცა, არ არის სასამართლოში წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ჩატარებული კვლევების პასუხების მცდარობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; ჯ-------ი ფ------–--ის, შ--–-- ფ----ის, ვ------- შ------ის, გ------ კ----ის, ნ-----–- ც--–--ის ბიოქიმიური ლაბორატორიის სამედიცინო კვლევის პასუხები.
6.3. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელე მ--–---- თ------–-ვამ, სალაროს გვერდის ავლით პაციენტს დ--–- დ-------ეს გამოართვა მომსახურეობის თანხა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ წარმოდგენილი ამბულატორიული პაციენტის ბარათით, აღნიშნული ამბულატორიული ბარათი არ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სალაროს გვერდის ავლით თანხის აღების ფაქტს. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო მომსახურეობის გასაწევად მიმართა 2017 წლის 23 თებერვალს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ, რაიმე სახის დისციპლინარული სახდელის გამოყენება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი; სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანება.
6.4. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელის პროფესიული შეცდომების გამო, სამედიცინო დაწესებულება წარსდგა სასამართლოს წინაშე, აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა, ასევე აღნიშნულის გამო მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები
6.5. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელე მ--–---- თ------–-ვას ემოციონალური მდგომარეობა (ჯანმრთელობის მდგომარეობა) პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას/ შესასრულებელ სამუშაოს. უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე ფლობს საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა ზემოაღნიშნული გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით და არა სამედიცინო პერსონალის ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არ ენდობიან მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; მკურნალი ექიმების მოხსენებითი ბარათები.
6.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტი, რომ მოსარჩელეს კონკურენტ ექიმ ბიო-ქიმიკოსთან შედარებით არათანაბარ პირობებში უხდებოდა მუშაობა, კერძოდ მკურნალი ექიმები მიმართვაზე უწერდნენ პაციენტებს სახელსა და გვარს თუ ვისთან ჩაეტარებინათ ლაბორატორიული კვლევები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; სს „მ----------------------–-----–------------“-ის ექიმების მიმართვები და მოხსენებითი ბარათები.
6.7. 2017 წლის 28 აპრილის N4 ოქმით დასტურდება, რომ, აღნიშნულ დღეს გაიმართა სს „მ----------------------–-----–------------“-ის ექიმთა კონფერენცია, სადაც მსჯელობა იყო დისციპლინის განმტკიცებისა და სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლების თაობაზე, კონფერენციის მსვლელობის დროს შენიშვნა მიეცა მოსარჩელეს, რაც გადაიზარდა დებატებში, როგორც ოქმშია აღნიშნული, დებატების შემდეგ მოსარჩელე გადავიდა მუქარაზე. სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიმართ აღნიშნულის გამო მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; სს „მ----------------------–-----–------------“-ის 2017 წლის 28 აპრილის N4 ოქმი.
6.8. მოსარჩელე მ--–---- თ------–-ვას ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით და ყოველთვიურად მერყეობდა 1000 -დან 2000 ლარის ფარგლებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან ყოველთვიური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 1600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები; ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიას ბათუმის ფილიალიდან ამონაწერი მ--–---- თ------–-ვას საბანკო ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მ--–---- თ------–-ვას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ”
9. სამართლებრივი შეფასება
9.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ, შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას ადგილი ქონდა 2015 წლის 29 ნოემბერს, რომელიც გაქარწყლებულია, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის მიმართ ახალი დისციპლინარული სახდელის გამოყენება არ მომხდარა, აღნიშნული გათვალისწინებულია მოპასუხე ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის მერვე მუხლით.
9.2. მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში, მ--–---- თ------–-ვას მიერ ჩატარებული სამედიცინო კვლევების უსწორო პასუხები, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით მ--–---- თ------–-ვას მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინარული ზომა. მოპასუხე ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის 8.5 პუნქტის თანახმად დისციპლინარული სასჯელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენიდან 06 თვის გასვლის შემდეგ. ამდენად საფუძველსმოკლებულია მოპასუხის აპელირება ბოლო 3-4 წლის მანძილზე მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის პროფესიულ შეუთავსებლობასა და გადაცდომების ჩადენის ფაქტების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული იყო გაეტარებინა კანონით დადგენილი ღონისძიებები, მითუმეტეს მაშინ, თუკი მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო საფრთხეს წარმოადგენდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მართალია საქმეში წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც ერთ შემთხვევაში ჩატარებულია მოსარჩელის მიერ, ხოლო მეორე შემთხვევაში სხვა ექიმების მიერ, მაგრამ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს რომელი კვლევის პასუხებია სწორი, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად არის მოპასუხის მხარეზე, რადგან მოპასუხემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაუდო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას და მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების უსწორობა.
9.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, სადავო ურთიერთობის რეგულაციისათვის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული კანონის 7.1. მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელია სახელმწიფო სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას, სახელმწიფო სერტიფიკატი მოსარჩელეს გააჩნია და აღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებაა. ამავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პაციენტის ინტერესები, საექიმო საქმიანობის პრესტიჟი. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66.1 მუხლის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით, ამავე კანონის 67-ე მუხლის თანახმად საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ/აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, მის დამსაქმებელს (სამუშაოზე მიღებისას ან შემდგომ), აგრეთვე საბჭოს უფლება აქვს, დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება ასეთი დავალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ პროფესიული შეცდომის გამოვლენისთანავე დაევალებინა მოსარჩელისათვის სამედიცინო დაწესებულებაში გაევლო შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, ასევე მიემართა საბჭოსათვის, პაციენტის საჩივრის შემთხვევაში საჩივარი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოში.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი უარს იტყოდა მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭო უფლებამოსილია შეუჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ასეთ პირს. ამავე კანონის 81-ე მუხლის თანახმად, საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის, შეფასება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია თუ არა განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული კანონის 70-71-ე მუხლების შესაბამისად.
9.4. მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა სალარო აპარატის გვერდის ავლით მოსარჩელის მიერ პაციენტისაგან მომსახურეობის თანხის აღება. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
9.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, ერთი ნაწილი, არის ექიმთა ახსნა-განმარტებები ან მოხსენებითი ბარათები, არ მომხდარა სასამართლოში აღნიშნული პირების მოწმის სახით დაკითხვა, მათ შორის ექიმ ბიო-ქიმიკოსის ნ---- მ------ძის, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს ნ---- მ------ძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა. პირის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მოწმეს დაუსვას კითხვები, ასევე სასამართლო მოწმეს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე და თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლის შესაძლებელია მოწმეს დაადებინოს ფიცი.
9.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია დავის წარმოშობის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.
9.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სს „მ----------------------–-----–------------“-ის ექიმთა კონფერენციის 2017 წლის 28 აპრილის N4 ოქმზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მ--–---- თ------–-ვას მიმართ კონფერენციაზე გამოთქმული იქნა შენიშვნა, რაც თავისი შინაარსით გამორიცხავს, შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში მითითებულ გარემოებების მოსარჩელის მიერ ჩადენის უტყუარობას, თუკი მოსარჩელის საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა პაციენტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ან ბრძანებაში მითითებული სხვა გარემოებები მართლაც არსებობდა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი უნდა ქონოდა განსხვავებულ რეაგირებას ვიდრე შენიშვნის გამოცხადებაა. რაც შეეხება, 2017 წლის 28 აპრილს ექიმთა კონფერენციაზე მოსარჩელის მხრიდან თანამშრომლის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, 2017 წლის 28 აპრილის კონფერენციის N4 ოქმში, აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ თანამშრომლის მიმართ განახორციელა მუქარა, კონკრეტულად არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან მუქარის განხორციელება, სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა პირები, მათ შორის მუქარის ადრესატი, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რადგან დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელის მიმართ 2015 წელს გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება გაქარწყლებული იყო.
9.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
9.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დისციპლინური პასუხისმგებლობის წარმოშობის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლების სახით და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო ორგანული კანონით - შრომის კოდექსით.
შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი შრომის კოდექსის მე-13 მუხლი არ შეიძლება განმარტებული იქნეს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- თ------–-ვას მიმართ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
9.10. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენიილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პი----, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები დავალდებულდეს მოპასუხე მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე.
9.11. საქართველოს სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურეობრივი მოვალეობა და მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები დავალდებულდეს მოპასუხე მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე გადაუხადოს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე მოსარჩელე გათავისუფლებული სახ. ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იძულებითი მოცდენის თანხის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 676 ლარის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი აქვს 1000 ლარი, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–---- თ------–-ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2 ბათილად იქნეს ცნობილი სს „მ----------------------–-----–------------“-ის გენ. დირექტორი 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანება მ--–---- თ------–-ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მ--–---- თ------–-ვა აღდგენილი იქნეს ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე.
3. სს „მ----------------------–-----–------------“ 2017 წლის 17 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად 1600 ლარის
4. სს „მ----------------------–-----–------------“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 676 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. სს „მ----------------------–-----–------------“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული თანხის 1000 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ი-----–- შ-----