გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002359487
(2/253-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.05.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს ”სა---------–---------”
წარმომადგენელი - ნა----------------–---–ი, თა----------–--ა
მოპასუხე - შპს ,,ს------–----ი’’
მოპასუხე/დირექტორი - გ------------–-----
მოპასუხე - შპს ,,ს------–------------ი’’
მოპასუხე/დირექტორი - პ--------------
დავის საგანი - დავალიანების გადახდევინება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებისათვის - შპს ,,ს------–----ზე’’, გ------------–-----ზე, შპს ,,ს------–------------ზე’’ და პ--------------ზე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 3927,82 (სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი და ოთხმოცდაორი) აშშ დოლარს სოლიდარულად დაკისრება;
1.2. მოპასუხეებისათვის - შპს ,,ს------–----ზე’’, გ------------–-----ზე, შპს ,,ს------–------------ზე’’ და პ--------------ზე სახელმწიფო ბაჟის - 340.90 (სამას ორმოცი ლარი და 90 თეთრი) ლარის სოლიდარულად დაკისრება.
1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 20 მარტს სს "სა---------–--------სა" და მოპასუხე შპს ,,ს------–----ი’’ ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №C------------------ რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 12 800 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, 23 %-ის ოდენობით წლიური სარგებლის დარიცხვით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სესხის ხელშეკრულება № C------------------ - ს. ფ. 16-17; (20.03.2015 წელი);
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 18;
- სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები - ს.ფ. 19-25
3.2.2. 2015 წლის 20 მარტს სს "სა---------–--------ს", შპს ,,ს------–----ი’’-ს თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს გ------------–-----მ, შპს ,,ს------–------------მა’’- და პ--------------მ. იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც გ------------–-----მ, შპს ,,ს------–------------მა’’- და პ--------------მ, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება შპს ,,ს------–----თან’’ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 26-43;
3.2.3. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ - ს.ფ. 44;
- შეტყობინება ვალდებულების შესრულებაზე - ს. ფ. 54-64;
3.2.4. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს შპს ,,ს------–----ს’’, გ------------–-----ს, შპს ,,ს------–------------’’ და პ--------------ს დაერიცხათ დავალიანება 11 363,32 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4 162,00 ლარი, პროცენტი - 1 043,42 ლარი, პირგასამტეხლო - 6 157,90 ლარი, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) დაკისრების ნაწილში და პროცენტის დარიცხვის ნაწილში, საერთო ჯამში 5 205,42 ლარის ოდენობით. (იხ. შესაგებელი, 18.05.2018 სხდომის ოქმი)
3.2.5. 2018 წლის 18 მაისს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. სხდომის ოქმი 18.05.2018;)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „სა---------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე შპს ,,ს------–----ზე’’ გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ------------–-----მ, შპს ,,ს------–------------მა’’- და პ--------------მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს ,,ს------–----ი’’ს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ს------–----თან’’ ერთად გ------------–-----ს, შპს ,,ს------–------------’’- და პ--------------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დავალიანების 0.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაარიცხა პირგასამტეხლო საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 6 157,90
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა საკრედიტო ხელშეკრულებაზე უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროთ 615 ლარი, ნაცვლად 6 157,90 ლარისა.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებითა და დაზღვევის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მათ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 5820,42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4,162,00, სარგებლი - 1,043,42 და პირგასამტეხლო - 615 ლარი;
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებათა საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში 5 205,42 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 156,16 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (156,16 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 18.45 ლარს. დანარჩენი თანხა (166,33 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს სა---------–---------’’-ს სარჩელი მოპასუხეების შპს ,,ს------–----ი’’-ს (ს/კ 4--------), პ--------------ს (პ/ნ 3----------), გ------------–-----ს (პ/ნ 3----------), შპს ,,ს------–------------ი’’-ს (ს/კ 4--------) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეების შპს ,,ს------–----ი’’-ს (ს/კ 4--------), პ--------------ს (პ/ნ 3----------), გ------------–-----ს (პ/ნ 3----------), შპს ,,ს------–------------ი’’-ს (ს/კ 4--------) მოსარჩელე სს სა---------–---------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5 820,42 გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 162,00, სარგებლი - 1 043,42 და პირგასამტეხლო - 615 ლარი.
3. მოსარჩელე სს ,,სა---------–---------“-ს (ს/ნ 2--------) ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 12 მარტს, №10 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 156,16 ლარის ოდენობით, მოპასუხეებს შპს ,,ს------–----ი’’-ს, პ--------------ს, გ------------–-----ს, შპს ,,ს------–------------ი’’-ს სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მათ მიერ არაღიარებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 18,45 ლარი, ხოლო 166,33 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაინული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე