გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
050210118002266444
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210118002266444 (N2/55-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 მაისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - ლია დარჩია

 

მოსარჩელე - შპს ,,დო--–---ი'', დირექტორი გე-–-----------–-ა

წარმომადგენელი - კახ------–-–---–ი

მოპასუხე - მა----ა მე--------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა----ა მე--------–---–ს მოსარჩელის შპს ,,დო--–---ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 15 921 (თხუთმეტიათას ცხრაასოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,დო--–---სა'' და მა----ა მე--------–---–ს შორის 2012 წლის 29 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოპასუხის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით: 2------------------- ყოველწლიურად ერთწლიანი ხელშეკრულების განახლების უზრუნველყოფით, საიჯარი ქირა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით (29.11.2012 წლის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ არის წარმოდგენილი).

 

2013 წლის 01 დეკემბერს შპს ,,დო--–---სა'' და მა----ა მე--------–---–ს შორის, სამი წლის ვადით თავიდან დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით: 2------------------- ამასთან, იჯარით აღებული ქონების საიჯარო ქირა თვეში განისაზღვრა 800 ლარით, იჯარის ხელშეკრულების ვადა დასრულდა 01.12.2016 წელს, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის გაგრძელდა 2017 წლის ოქტომბრამდე. 2014 წლის 02 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა იჯარის მესამე ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.

 

იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზანთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შპს ,,დო--–---მა'' მაღაზიაში დაამონტაჟა ე.წ. ,,კამერა-მაცივარი'', რომელიც რეალურად ჩაშენდა და აიწყო მაღაზიის ფართში ისე, რომ მცირედით გასცდა მაღაზიის ფარგლებს, რა დროსაც მიშენების ზედა ნაწილი, (ჭერი და საყრდენი კედელი), გამოყენებული იყო მოპასუხის მიერ, იმავე შენობის ზედა სართულზე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მინაშენისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, კამერა მაცივრის დაშლა/გადატანა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან და მატერიალურ დანაკარგებთან, იგი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის და დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, ამასთანავე სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან, მაცივარი წარმოადგენს უძრავი ნივთის საკუთვნებელს. სამუშაოების ჩატარების მიზნით შპს ,,დო--–---მა'' გასწია ყველა საჭირო სამუშაო და შეიძინა საჭირო მასალა, მოწყობილობა, დაიქირავა სპეციალისტები და მუშახელი. მაცივრის მონტაჟისა და გასაწევი ხარჯების შესახებ მოპასუხე ინფორმირებული იყო, ესწრებოდა სამუშაოების წარმობის პროცესს და თანახმა იყო მის მონტაჟზე იმ ფორმით და ხარჯების გათვალისწინებით, რაც გასწია მოსარჩელემ.

 

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, უფლება ჰქონდა საიჯარო ფართში ჩაეტარებინა კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქცია;

 

კამერა-მაცივრის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები შეფასებულ იქნა სპეციალისტის მიერ, რომლის თანახმად, არსებული უძრავი ქონების ღირებულება შესრულებული სამუშაოებით გაუმჯობესდა 15 921 ლარით, საიდანაც მაცივრის მონტაჟისა და მისი დეტალების ღირებულებაა 9 589 ლარი, ხოლო დანარჩენი დამხმარე ოთახი მოწყობის, (საშემფასებლო დასკვნა);

 

მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულებით გასაზღვრული ქირა 2017 წლის ოქტომბრის თვით ჩათვლით აქვს გადახდილი, მოპასუხის მხრიდან წინასაწრი შეთანხმების გარეშე შეწყდა იჯარის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩლეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, გაწეული აქვს რა მნიშვნელოვანი ხარჯები მაცივრის მოტაჟზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა----ა მე--------–---–ი სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

2012 წელს შპს ,,დო--–---თან" გააფორმა იჯარის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ყოველწლიურად ხელშეკრულების განახლების პირობით, ინფლაციის გათვალისწინებით.

 

2013 წლის 01 დეკემბერს შპს ,,დო--–---სა'' და მა----ა მე--------–---–ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 1 წლის ვადით და იჯარის ქირა განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, თუმცა რამოდენიმე დღეში მხარეთა შეთანხმებით საიჯარი ქირა გაიზარდა 800 ლარამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით: 2-------------------

 

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელეზე იჯარით გაცემული ფართი იყო სრულიად გარემონტებული და არ საჭიროებდა არანაირ რემონტს, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ მოწყობილი კამერა მაცივრის მონტაჟის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი ნებართვის გარეშე მოხდა ჩაშენება.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სპეციალისტმა თინა თენიეშვილმა მხოლოდ ვიზუალურად შეაფასა უკანონო მიშენება და კამერა მაცივრის მონტაჟის ხარჯები, შეფასების მეთოდოლოგიისა და სპეციალური გამოკვლევების გარეშე, შესაბამისად საშემფასებლო ანგარიში არ არის გასაზიარებელი.

 

ამასთან, მოპასუხე აპელირებს მხარეთა შორის 2013 წლის 01 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 5.1. და 5.2 პუნქტების დარღვევაზე, რომლის თანახმად, მოიჯარეს არ ჰქონდა უფლება იჯარით აღებულ ფართში მეიჯარის თანხმობის გარეშე ეწარმოებაია კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქციია, ასევე მეიჯარის თანხმობა იყო საჭირო ფართის მიშენება და გადაკეთებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს ,,დო--–---სა'' და მა----ა მე--------–---–ს შორის 2012 წლის 29 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოპასუხის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით: 2------------------- ყოველწლიურად ერთწლიანი ხელშეკრულების განახლების უზრუნველყოფით, საიჯარი ქირა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით (29.11.2012 წლის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ არის წარმოდგენილი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 27 თებერვლის ოქმი ს.ფ 112-119););

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25);

 

3.1.2. 2013 წლის 01 დეკემბერს, შპს ,,დო--–---სა'' და მა----ა მე--------–---–ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში, 3 წლის ვადით გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით 2------------------- ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა - 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, რაც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 30 რიცხვამდე წინასწარ. იჯარის ხელშეკრულების ვადა დასრულდა 01.12.2016 წელს, სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის გაგრძელდა 2017 წლის ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 27 თებერვლის ოქმი ს.ფ 112-119);

- 2013 წლის 01 დეკმებრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 122-124);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,დო--–---მა'' იჯარით აღებულ ფართში, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ, დაამონტაჟა ე.წ. ,,კამერა-მაცივარი'', რომელიც ჩაშენდა და აიწყო მაღაზიის ფართში ისე, რომ მცირედით გასცდა მაღაზიის ფარგლებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ადგილზე დათვალიების ოქმი (2018 წლის 13 მარტის ოქმი, ს.ფ.128-142)

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 13 მარტის ოქმი, ს.ფ.128-142).

 

3.2.2. 2014 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს ,,დო--–---მა'' ჩაიბარა 2014 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებით კამერა მაცივრის მონტაჟზე გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში, შეთანხმებული ხარისხით, მოცულობით და შემსრულებელს გადაიხადა თანხა 9574.64 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30);

- 2014 წლის 30 აპრილის აქტი (ს.ფ. 31);

 

3.2.3. სასამარლო ვერ გაიზარებს კამერა-მაცივრის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შეფასებულ სპეციალისტის თინა თენიეშვილის მიერ ნაწარმოებ საშემფასებლო დასკვნას, რომლის თანახმად, მოპასუხის უძრავი ქონების ღირებულება შესრულებული სამუშაოებით გაუმჯობესდა 15 921 ლარით, საიდანაც მაცივრის მონტაჟისა და მისი დეტალების ღირებულებაა 9 589 ლარი, ხოლო დანარჩენი დამხმარე ოთახი მოწყობის (საშემფასებლო დასკვნა);

 

სასამართლო მიუთითებს რა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული კავშირის ცენტრის 2018 წლის 13 მარტის N2-002 წერილზე, რომლის თანახმად, ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიცირების ორგანო, სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად, მოიწვია ექსპერტებისაგან შემდგარი კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ სერტიფიცირებული პირის, თინა თენიეშვილის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიშის მიზანია დამკვეთის ინფორმირება ღირებულების შესახებ და მისი გამოყენება მესამე პირებთან ურთიერთობებში უსაფუძვლოა, საშემფასებლო ანგარიში არ შეესაბამება IVSC - 2017 წლის სტანდარტებს. ანგარიშში სრულად არ არის მოცემული ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელსაც უნდა მოიცავდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შედგენილი დასკვნა. კერძოდ, შეფასების ობიექტის განსაზღვრა არის ბუნდოვანი, დასკვნაში არ ჩანს შესაფასებელი ობიექტი უძრავ ქონებას წარმოადგენს თუ მოძრავს, დასკვნის თანახმად შეფასება განხორცილდა ,,არატრადიციული მეთოდით" და ამავდროულად მიუთითებს, რომ დასკვნა განხორციელდა IVS სტანდარტების შესაბამისად, შემფასებელს არა აქვს დასაბუთებული შეფასების მეთოდის გამოყენების საფუძველი, შეფასების მიზანში და საბოლოოდ განსაზღვრულ ღირებულებაში არ არის დაკონკრეტებული შესაფასებელი ობიექტის ღირებულების სახე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 13 მარტის N2-002 წერილი (ს.ფ. 175-176);

- მხარის ასხნა-განმარტება (2018 წლის 27 თებერვლის ოქმი ს.ფ 112-119, 2018 წლის 13 მარტის ოქმი, ს.ფ.128-142)

- სპეციალის ჩვენება (2018 წლის 13 მარტის ოქმი, ს.ფ.128-142);

-საშემფასებლო დასკვნა (ს.ფ. 33-59)

 

3.2.4. 2018 წლის 20 აპრილს სასამართლო სხდომაზე თინა თენიეშვილის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას დადასტურებულ იქნა გარემოება მასზედ, რომ ქ.ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ.N122-ში მდებარე კომერციულ ფართში დამონტაჟებული კამერა-მაცივრის დემონტაჟი და გადატანა შესაძლებელი ღირებულის მნიშვნელვნად შემცირების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 191-199, 17.10.05 წ);

 

3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოპასუხესთან შეთანხმებით განახორციელა ფართის რეკონსტრუქცია და კომერციულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ კამერა მაცივრის მონტაჟი და დამხმარე ოთახის მიშენება; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხესთან გასაწევი ხარჯების თაობაზე შეთანმების ფაქტი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ მოპასუხისაგან ნივთობრივად ნაკლიანი ნივთი მიიღო, რომლის თაობაზეც მან ნივთის მესაკუთრეს დროულად შეატყობინა და, ამ უკანასკნელის მიერ ნაკლის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო, თავად გასწია აუცილებელი ხარჯი, რომელიც ნაკლის აღმოფხვრის მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მოსარჩელემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა მხარეთა წინასწარ შეთანხმებას კამერა -მაცივრის შეძენასა და მონტაჟზე, რომლის ხარჯებსაც ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მოპასუხე აანაზღურებდა არ არის წარმოდგელი, ასევე მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოება, მასზედ, რომ აუცილებელი იყო დამხმრე ოთახის მოსაწყობად ხარჯების გაღება, იჯარით აღებული ფართის მიზნობრივი გამოყენებისათვის.

 

2018 წლის 13 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების: მურმან კუკულავას და მამუკა გვარჯალაძის, ასევე 2018 წლის 27 მარტს სხდომაზე დაკითხული მოწმის ლევან ოგანეზოვის ჩვენებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მაცივრის მონტაჟისა და გასაწევი ხარჯების შესახებ მოპასუხე იყო ინფორმირებული, ესწრებოდა თუ არა სამუშაოების წარმოების პროცესს და თანახმა იყო მის მონტაჟზე იმ ფორმით და ხარჯების გათვალისწინებით, რაც გასწია მოსარჩელემ.

 

3.2.6. სასამართლოს მიერ გაზირებულ იქნა მოპასუხის მა----ა მე--------–---–ის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 01 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით 5.1. და 5.2 პუნქტების გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა დაცული მოპასუხის მხრიდან, რომლის თანახმად, მოიჯარეს არ ჰქონდა უფლება იჯარით აღებულ ფართში მეიჯარის თანხმობის გარეშე ეწარმოებინა კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, არ უნდა განეხორციელებია ფართის მიშენება და გადაკეთება მისი თანხმობის გარეშე, რაც მოცემულ შეთხვევაში არ იქნა დაცული შპს ,,დო--–---ის" მხრიდან, მასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე განახორციელა, როგორც კამერა-მაცივრის მონტაში, ასევე სათავსო ოთახის მიშენება, მოსარჩელის განმარტების გარდა საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხდიდან გასაწევი სამუშაობის თაობაზე მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება მისი მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,დო--–---ის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 581-ე, 531-ე, 532-ე, 533-ე, 535-ე, 537-ე, 543-ე, 545-ე, 547-ე, 548-ე, 973-ე და974-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელე მხარე მოპასუხისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე, 599-ე მუხლებს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენდა იჯარის ხელშეკრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ იჯარის ხელშეკრულების სახელით, მაგრამ ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა იჯარის სახელწოდებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსის განმსაზღრელია, არა ხელშეკრულების სახელწოდება და ასევე თავად ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები, არამედ ის უფლება-მოვალეობები რომლითაც მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ამდენად, ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები. ამდენად, გადამწყვეტი არ არის მხარეთა მიერ შერჩეული სახელწოდება, რომლითაც ისინი მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოიხსენიებენ. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის გადამწყვეტია ხელშეკრულების დადების მომენტში მისი შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

ქირავნობის ხელშეკრულება თავისი თვისებებით რამდენადმე ემსგავსება სხვა ხელშეკრულებებს. ყველაზე მჭიდრო კავშირი კი მას აქვს იჯარის ხელშეკრულებასთან. თუმცა, მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ხელშეკრულების ამ ორ სახეს. კერძოდ, ქირავნობისგან განსხვავებით, იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას, მიიღოს ნაყოფი (შემოსავალი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი (გამქირავებლისგან განსხვავებით) ვალდებულება, მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, იჯარის საგანს უნდა გააჩნდეს გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და იმთავითვე, მხოლოდ და მხოლოდ მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად უნდა იძლეოდეს ნაყოფს (შემოსავალს). თუმცა, თუ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდება ინვენტარის შევსება ან სხვაგვარი მოდიფიცირება, ეს არ ნიშნავს, რომ ნივთს თავიდანვე არ ჰქონდა უნარი, მოეტანა შემოსავალი და ამით ხელშეკრულების არსი არ იცვლება. ქირავნობა მიმართულია მხოლოდ ნივთისკენ, ხოლო იჯარა ქონებისკენ (ნივთი და უფლება). ქირავნობა უზრუნველყოფს მხოლოდ ნივთით სარგებლობას, იჯარა - ასევე ნაყოფის მიღებას. როდესაც მიწის ან ფართის გადაცემა ხდება სამრეწველო ან თავისუფალი პროფესიული საქმიანობისთვის, იჯარის ხელშეკრულებად მოცემული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მოცემული მიწის ნაკვეთი ან ფართი კონსტრუქციულად განკუთვნილია განსაზღვრული საქმიანობისთვის, ამასთან, ისეა მოწყობილი და აღჭურვილი, რომ მისი გამოყენება მაშინვე (იმთავითვე) შესაძლებელია მოგების მიღების მიზნით შემოსავლის მომტანი (შემოსავლიანი, მომგებიანი, მოგების მიღების მიზნით) საქმიანობისთვის. თუმცა, შესაძლოა, ინვენტარი შესავსები იყოს. იჯარისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის გარემოება, რომ ფართი (მათ შორის ცარიელი) სამეწარმეო ან პროფესიული დანიშნულებით გამოიყენება. ამას უნდა დაემატოს ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული მოქმედებები.

 

ამგვარად, თუ მოიჯარე ფართს იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის ისე, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში ფართი ან შენობა წარმოადგენდა ცარიელ სათავსს ან სადგომს, ხოლო შემდგომში მოხდა მისი აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით და მასში მეურნეობის გამართვა, აქ სახეზეა ქირავნობის და არა იჯარის ხელშეკრულება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ 2013 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცარიელი კომერციული ფართი, მდებარე: ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით: 2------------------- რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით (მაგ., ვაჭრობისთვის), ამდენად, აღნიშნული ფართის გამოყენებით იმთავითვე მოგების მიღება არ იყო უზრუნველყოფილი. მოსარჩლე მხარე წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადობას შპს-ეს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის არასაცხოვრებელ ფართს იყენებდა თავისი საქმიანობისთვის, კერძოდ, ფართში განათავსა მაღაზია, ამდენად, უდავოა, რომ 2013 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მხოლოდ ქონების სარგებლობაში გადაცემა და იგი ვერ უზრუნველყოფდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა რომ სახეზეა ქირავნობის ურთიერთობა, კერძოდ მა----ა მე--------–---–მა შპს ,,დო--–---ს" განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადასცა უძრავი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე, მუხლი აწესრიგებს მხარეთა შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა ქირავნობის და არა იჯარის ხელშეკრულებას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე, მუხლი ვერ იქნება გამოყენებული განსახილველი დავის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის საგანია ქირავნობის საგანზე დამქირავებლის მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯების გამქირავებლისათვის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ დასაბუთებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამქირავებელს მფლობელობაში გადაეცა ქ.ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N1--------------- კვ.მ, იჯარის საგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებთან გამოუსადეგარი იყო, რის გამოც მოსარჩელემ გასწია გარკვეული ხარჯები, რათა ნივთი ვარგისი ყოფილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის. სამუშაოების ჩატარების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხისათვის, თუმცა, მოპასუხე უარს აცხადებს ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

6.2. ამდენად, განსახილველი დავა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, ქირავნობის ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა სახელშეკრულებო (ქირავნობის) ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლი ადგენს გამქირავებლის ვალდებულებას დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები. თუმცა აღნიშნული ნორმა არ შეიცავს რაიმე დათქმას აუცილებელ ხარჯებთან დაკავშირებით, ამიტომ სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი ხარჯების განმარტება უნდა მოხდეს ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის სხვა ნორმების ანალიზის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 532-ე, 533-ე და 537-ე მუხლებით განსაზღვრულია გამქირავებლის ვალდებულებები: გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა; გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი; გამოასწოროს ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს და რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ვალდებულებათა დაცვა მნიშვნელოვანია ურთიერთობის თითოეული მონაწილისათვის იმდენად, რამდენადაც ამ ვალდებულებათა დარღვევა დაკავშირებულია მოთხოვნის წარმოშობასთან. მაგალითად: თუ გამქირავებელი დააყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება (537.2 მუხლი); თუ დამქირავებელი გასცდება მიმდინარე რემონტის ჩატარებას და გამქირავებლის თანხმობის გარეშე მოახდენს ნივთის გადაკეთების ან რეკონსტრუქციას, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (548.3 მუხლი).

 

როგორც წესი, მხარეები ხელშეკრულების დადების დროს იშვიათად თანხმდებიან თუ რა თვისებების მატარებული უნდა იყოს ქირავნობის საგანი, რათა იგი ჩაითვალოს ნივთობრივად უნაკლოდ, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 535-ე მუხლის თანახმად, თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ დამქირავებლის მიერ ნივთის მიღებისა და პრეტენზიის განუცხადებლობის შემთხვევაში, დამქირავებელს გადაეცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. შესაბამისად, დამქირავებელი ვერ მიუთითებს იმ ნაკლზე, რომლის თაობაზეც მან იცოდა გამქირავებელთან შეთანხმების საფუძველზე ან ნაკლი აშკარად შესამჩნევი იყო ნივთის გადაცემის მომენტში და მიუხედავად ამისა, მიიღო სარგებლობაში, როგორც უნაკლო. ამგვარი მოცემულობის არსებობისას ნაკლის გამოსწორება არ უნდა დაეკისროს გამქირავებელს და იგი უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. ნივთობრივი ნაკლის არარსებობისას, როგორც ზემოთ განვმარტეთ, დამქირავებელი ვალდებულია ჩაატაროს მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით, ამასთან, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, იგი პასუხს არ აგებს (547-ე მუხლი).

 

ამდენად, თუკი ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება იმ მსჯელობას, რომ გამქირავებლის მიერ საკუთარი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას (დამქირავებლისათვის უნაკლო ნივთის გადაცემა) დამქირავებელს ეკისრება ნივთზე ზრუნვა, საპირისპირო მსჯელობა საპირისპირო დასკვნამდე მიგვიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამქირავებელს ნივთზე ხარჯების გაღება ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობდა ან შემდგომში აღმოჩნდება ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს. სწორედ ის ხარჯები, რომელიც ნაკლის აღმოსაფხვრელად და ნივთის ვარგისიანობის აღსადგენად იქნება გაღებული, უნდა მივაკუთვნოთ აუცილებელი ხარჯების კატეგორიას. აუცილებლობა კი გამომდინარეობს ორივე მხარის ინტერესებიდან, ერთის მხრივ დამქირავებელმა ისარგებლოს ნივთით, ხოლო მეორეს მხრივ გამქირავებელმა მიიღოს სარგებელი.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 537-ე და 543-ე მუხლებით აღიარებულია ნაკლის არსებობის შესახებ გამქირავებლის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება. ამასთან, დამქირავებლის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, თუკი გამქირავებელი ნაკლის გამოსწორების ვადას გადააცილებს. როგორც ვხედავთ, ნაკლის გამოსწორება მოქმედებს გამქირავებლის სასარგებლოდ. საკითხის ასე გადაწყვეტა მიზნად ისახავს გამქირავებლის ინტერესების დაცვას, რათა მან თავიდან აიცილოს დამქირავებლის მიერ ქირის შემცირების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. გარდა ამისა, გამქირავებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს ნივთი და დაადგინოს, რეალურად არსებობს თუ არა ნაკლი, და თუ არ არის, შემდგომში ამის დამტკიცება შეძლოს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ მაცივრის მონტაჟისა და დამხმარე ოთახის მშენებლობისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ მოპასუხე ინფორმირებული იყო, ესწრებოდა სამუშაოების წარმობის პროცესს და თანახმა იყო მონტაჟზე იმ ფორმით და ხარჯების გათვალისწინებით, რაც გასწია მოსარჩელემ. ასევე მოსაზრებას რომ კამერა მაცივრის დემონტაჟი შეუძლებელია, რომ იგი წარმოადგენს უძრავი ნივთის საკუთვნებელს, განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის და დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით; სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტებზე, რომლის თანახმადაც, შპს „დო--–---ს“ ქირავნობის საგანს განკარგავდა ჯერ კიდევ 2012 წლიდან, მას არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მოსარჩელისათვის ნივთის ვარგისიანობის შესახებ, რომ მაღაზიის ფართში ჩაედინებოდა წყალი და საჭიროებდა სამუშაოებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ასევე იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გაწეულია არაუფლებამოსილი შესრულების (დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების) ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს 545-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთად წარმოადგენს 973-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლთან ერთად, რომელიც 973-ე მუხლიდან საგამონაკლისო წესს ადგენს, კერძოდ, შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს.

 

ამდენად, იმისათვის, რათა დადებითად გადაწყდეს აუცილებელი ხარჯების დაკისრების საკითხი, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სახეზე უნდა იყოს ნივთობრივი ნაკლი და გამქირავებელი უნდა იმყოფებოდეს ნაკლის გამოსწორების ვადის გადაცილებაში, ან დამქირავებლის მიერ არაუფლებამოსილი შესრულების ფარგლებში განხორციელებული აუცილებელი შესრულება უნდა შეებამებოდეს დაინტერესებული პირის (მეპატრონის) ინტერესსა და ნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები (კამერა მაცივრის მონტაჟი და დამხმარე ოთახის მიშენება) მოპასუხის ინტერესსა და ნებას შეესაბამებოდა, თუმცა, მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება მხარის ახსნა-განმარტებას, სასამართლო განმარტავს, რომ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც უარყოფილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ვინაიდან ის თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება, რომ გადაეცა ნივთობრივად ნაკლიანი ნივთი, შეატყობინა თუ არა ამის თაობაზე მოპასუხეს, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით; მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებები შეესაბამებოდა თუ არა მოპასუხის ინტერესსა და ნებას;

 

ამდენად, შპს ,,დო--–---ის" სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მისი დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის ნორმათა გათვალისწინებით ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება დაედოს ისეთ ქონებას, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებს, რომლებიც ეკუთვნის მოპასუხეს და არის მასთან ან სხვა პირთან.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს ,,დო--–---ის" განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მა----ა მენაღარიშილს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ლ-----------–------------------, საკადასტრო კოდით 2------------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით .

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით, მაშინ როდესაც შპს ,,დო--–---ს" უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ აღარ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს ,,დო--–---ის" მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,დო--–---ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მა----ა მე--------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ლ-----------–------------------, საკადასტრო კოდით 2------------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე