გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210017002077598
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

საქმე N2/23604-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.04.2018წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თეა ბერაია

სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - ნ-----–---- დ---------–ი

წარმომადგენელი - ქ------- გ--------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,რ------------–-------------–ო“

წარმომადგენლები: ს--–---- ჯ-------, მ------- ს---–----ე, მ------ მ-----–--ე

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის დადებისა და სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, შპს ,,რ------------–-------------–ოს“ გენერალური დირექტორის 18/07/2017წ. N------- ბრძანება, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, შპს ,,რ------------–-------------–ოს“ გენერალური დირექტორის 25/07/2017წ. N------ ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

1.3. მოსარჩელე აღდგენილი იქნას შპს ,,რ------------–-------------–ოს“ რეგიონული კოორდინატორის თანამდებობაზე;

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 25 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1610 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2016 წლის 15 ივლისიდან მოსარჩელე მუშაობდა შპს ,,რ------------–-------------–ოს“ რეგიონულ კოორდინატორის თანამდებობაზე თბილისის რეგიონში. 2017 წლის 25 ივლისს, მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, სარეალიზაციო პროდუქტების დანაკლისის მკვეთრი ზრდის საფუძვლით. 2017 წლის ივნისში, ავტოგასამართი სადგურების ქსელში არსებულ პროდუქტებზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, დანაკლისმა შეადგინა სრული რეალიზაციის 0.00423%, რის გამოც, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივნისის N----- ბრძანებით დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ნორმებით“ ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა საავტომობილო ბენზინზე 0.25%, დიზელზე - 0.07%, რაც მის შემთხვევაში, ბევრად ნაკლებია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საწვავმზიდიდან რეზერვუარებში ჩასხმის შემდეგ ფიქსირდებოდა ნაკლებობა, რაც განპირობებული იყო სეზონურ ცვლილებებთან და ნავთობბაზიდან დანაკლისით ჩატვირთულ საწვავთან და აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელეს არაერთხელ უსაუბრია ხელმძღვანელობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს რომ ბრძანებები მისთვის საყვედურის გამოცხადებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა შრომითი ხელშეკრულების, თანამდებობრივი ინსტრუქციისა და შრომითი შინაგანაწესის დაცვით, ვინაიდან მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი კომპანიისათვის. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სამუშაოს არაჯეროვან შესრულებაში, აღნიშნული გამოიხატა მისი მუშაობის პერიოდში სარეალიზაციო პროდუქტის დანაკლისის მკვეთრ ზრდაში. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა საყვედური და ასევე, ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 4 აგვისტოს, ხოლო სარჩელი შეტანილია ამავე წლის 7 სექტემბერს.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ რამდენადაც წერილობითი დასაბუთების ჩაბარების 7 დღიანი ვადა დასრულდა 2017 წლის 02 აგვისტოს, შესაბამისად - სარჩელი შეტანის 30 დღიანი ვადა ამოიწურა 01 სექტემბერს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, მოსარჩელე დაინიშნა შპს ,,რ------------–-------------–ოს“ რეგიონული კოორდინატორის თანამდებობაზე, თბილისის რეგიონში. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, ვადამდე წინასწარ ერთი თვით ადრე დათხოვნის შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, მომდევნო ერთი წლით გაგრძელების პირობით. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ვადიან შრომით ხელშეკრულებას. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში განისაზღვრა ყოველთვიურად 1610 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 13 ნოემბრის შრომის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 18 ივლისს მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით, გამოეცხადა საყვედური, თანამდებობრივი ვალდებულების დარღვევის გამო, რაც გამოიხატა ნაშთებზე დანაკარგების მაქსიმალური მინიმიზაციის თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაში, ასევე, ქსელის ოპერაციების მენეჯერის 2017 წლის 17 ივლისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის ივნისის დანაკარგები, რაც გამოვლინდა ინვენტარიზაციის შედეგებით, არ შეესაბამებოდა მოლოდინებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 18 ივლისის N------- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 26 ივლისიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 25 ივლისის N------ ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მოითხოვა მოპასუხისაგან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება. მოპასუხემ, წერილობითი დასაბუთება მოპასუხეს გადასცა 2017 წლის 4 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 04 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. საყვედურის გამოცხადებიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების გამოცემის პერიოდში, მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა 2017 წლის ივნისის თვის დანაკარგების შედეგების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, დანაკლისმა 2017 წლის ივნისის თვეში შეადგინა 13731 ლიტრი, საიდანაც მოსარჩელის რეგიონში - თბილისში დანაკლისი შეადგენს 6893 ლიტრს, რაც სრული რეალიზაციის 0.1177913%-ია. აღნიშნული დანაკარგი არ აღემატება ,,ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 29/06/2015 წლის N----- ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგების ნორმებს, რომლის დანართი N2-ის თანახმად, დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები საავტომობილო ბენზინზე შეადგენს 0.25%, ხოლო დიზელზე - 0.07%.-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის ივნისის თვის ინვენტარიზაციის შედეგები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 13 ნოემბრის N--------- შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრულია ერთი წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 13 ნოემბრის N--------- შრომითი ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის შემდეგ, 2016 წლის აგვისტოს თვიდან, მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა სხვა ორგანიზაციაში, სადაც მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს ყოველთვიურად 2500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელეს არ ჩაუდენია, როგორც 2017 წლის 24 ივლისის N------- საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებაში, ასევე 2017 წლის 25 ივლისის N------ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული დარღვევები და, შესაბამისად, მოპასუხემ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დადების - საყვედურის გამოცხადების და, ასევე, მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც რეგიონული კოორდინატორის შრომით მოვალეობას შეადგენდა თბილისის ტერიტორიაზე მდებარე მოპასუხის ავტოგასამართ სადგურებში არსებულ ნაშთებზე (სარეალიზაციო ნავთობპროდუქტები) დანაკარგების მაქსიმალური შემცირება.

 

უდავოდ დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საწვავის დანაკლისმა 2017 წლის ივნისის თვეში შეადგინა 13731 ლიტრი, საიდანაც მოსარჩელის რეგიონში - თბილისში დანაკლისი შეადგენს 6893 ლიტრს, რაც სრული რეალიზაციის 0.1177913%-ია (იხ. 3.1.5 უდავო ფაქტ. გარემოება).

 

უდავოდ დადგენილია, რომ დანაკარგის ეს ოდენობა არ აღემატება ,,ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 29/06/2015წ. N----- ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილ ბუნებრივი დანაკარგის ნორმას.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას, შიდა რეგულაციები, დანაკარგების ზღვრულ ოდენობასთან დაკავშირებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში, არ გააჩნდა.

 

,,ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმაა ნავთობპროდუქტის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნავთობპროდუქტის აორთქლებითა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით ნავთობპროდუქტის წონასთან. ამავე დებულების დანართი N2-ის მიხედვით, ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმა საავტომობილო ბენზინზე რეზერვუარში შენახვის პირობებში, შეადგენს 0.25%-ს, ხოლო დიზელზე - 0.07%-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელთა არგუმენტი, იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ოდენობის დანაკარგი კომპანიის მიერ განიხილებოდა დანაკლისად და, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დარღვევად უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში მოპასუხეს არ გააჩნდა დანაკარგის საკუთარი ნორმები, ხოლო შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნულ ბრძანებით დადგენილ ნორმებს, დანაკარგების მინიმიზაციის შესახებ მოსარჩელისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, მოპასუხე არ მიიჩნევს რელევანტურად. შესაბამისად, საერთოდ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით განსაზღვრა მან მოსარჩელის პასუხისმგებლობა დასახელებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მოსარჩელის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელში დაფიქსირებული საწვავის ნაკლებობა არის ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგი, რომელიც მნიშვნელოვნად ნაკლებია დანაკარგის ზღვრულ ნორმატიულ ოდენობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ საწვავის ზემოაღნიშნული ნაკლებობა წარმოადგენდა არა ბუნებრივ დანაკარგს, არამედ დანაკლისს, გამოწვეულს მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანის შესრულების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო.

 

3.3. მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება მოპასუხემ მოსარჩელეს ჩააბარა 7 დღის ვადის დარღვევით - 2017 წლის 2 აგვისტოს ნაცვლად, ამავე წლის 4 აგვისტოს, ხოლო მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი შემოიტანა 2017 წლის 17 აგვისტოს, რომლის მიღებაზეც სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მას უარი ეთქვა. რამდენადაც, წინამდებარე სარჩელი შემოტანილი იქნა 2017 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შპს "რ------------–------------–ოს" 2017 წლის 24 ივლისის N------- ბრძანება ნ-----–---- დ---------–ისთვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი შპს "რ------------–------------–ოს" 2017 წლის 25 ივლისის N------ ბრძანება ნ-----–---- დ---------–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხე შპს "რ------------–------------–ოს" მოსარჩელე ნ-----–---- დ---------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის 1610 ლარის ოდენობით გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 32-ე მუხლის პირველი პუნქტი და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, 44-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე და 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით, შრომა თავისუფალია, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლით, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით; 3.შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის; 4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, ხოლო მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო ამავე კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რისთვისაც მას, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით, ზემოაღნიშნული ბრძანებით, გამოეცხადა საყვედური.

 

მოპასუხე არ მიუთითებს და საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საყვედურის გამოცხადებიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ დარღვევად შეფასებულ მოსარჩელის სხვა ქმედებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების ნებისმიერი, არამედ მხოლოდ უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით უნდა შეფასდეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დასახელებული ნორმისა და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ უხეშ დარღვევას, რაც შექმნიდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია, როგორც 2017 წლის 24 ივლისის N------- საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებაში, ასევე 2017 წლის 25 ივლისის N------ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული დარღვევები და, შესაბამისად, მოპასუხემ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დადების - საყვედურის გამოცხადების და, ასევე, მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც, შპს ,,რ------------–-------------–ოს“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 ივლისის N------- ბრძანება, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ და, ასევე, შპს ,,რ------------–-------------–ოს“ 2017 წლის 25 ივლისის N------ ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ცნობილი უნდა იქნეს ბათილად.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 13 ნოემბრის N--------- შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრულია ერთი წლით (იხ. 3.1.6. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა 2016 წლის ნოემბრის თვეში, შეუძლებელია მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის შემდეგ, 2016 წლის აგვისტოს თვიდან, მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა სხვა ორგანიზაციაში, სადაც მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს ყოველთვიურად 2500 ლარს (იხ. 3.1.7. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ მის ახსნა-განმარტებაში თავადვე დაადასტურა რომ უკვე მუშაობს ახალ სამსახურში 2016 წლის აგვისტოდან და მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებები მოსარჩელისთვის საყვედურის გამოცხადებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 1610 ლარს. სასამართლო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს იმ გარემოებით, რომ მოპასუხემ შპს ,,რომპეტროლიდან“ გათავისუფლების შემდეგ, ერთი თვეში მუშაობა დაიწყო უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას უნდა მიეცეს სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან ახალი სამსახურის დაწყებამდე პერიოდში მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის თანხა, პროპორციული ოდენობით, რაც შეადგენს 1610 ლარს.

 

6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი ხანდაზმულია.

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება მოპასუხემ მოსარჩელეს ჩააბარა 7 დღის ვადის დარღვევით - 2017 წლის 2 აგვისტოს ნაცვლად, ამავე წლის 4 აგვისტოს, ხოლო მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი შემოიტანა 2017 წლის 17 აგვისტოს, რომლის მიღებაზეც სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მას უარი ეთქვა. რამდენადაც, წინამდებარე სარჩელი შემოტანილი იქნა 2017 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში იქნა განმარტებული, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან (იხ. სუსგ 22/04/2013წ. №ას-1586-1489-2012; 26/01/2016წ. Nას-493-467-2015).

 

7. სასამართლო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ამ სასარჩელო მოთხოვნაზე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკამყოფილდეს მოსარჩელე ნ-----–---- დ---------–ის სარჩელი მოპასუხე შპს "რ------------–------------–ოს" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი შპს "რ------------–------------–ოს" 2017 წლის 24 ივლისის N------- ბრძანება ნ-----–---- დ---------–ისთვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;

3. ბათილად იქნას ცნობილი შპს "რ------------–------------–ოს" 2017 წლის 25 ივლისის N------ ბრძანება ნ-----–---- დ---------–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;

4. მოპასუხე შპს "რ------------–------------–ოს" მოსარჩელე ნ-----–---- დ---------–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის 1610 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია