გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4550-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ი---------------–--ე
წარმომადგენელი - ლ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - გ-------–------ე, მ-------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე------------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №----- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნა;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის №----- ბრძანება;
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №---------- საჩივარზე.
1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ი---------------–--ის სასარგებლოდ ზიანის სახით 12780 (თორმეტიათასშვიდასოთხმოცი) ლარის დაკისრება (იხ. 2018 წლის 4 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი---------------–--ის (პ/ნ 0----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.179).
3.2. შემოწმების შედეგებზე, კერძოდ, 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე, შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2013 წლის 13 დეკემბრის №----- ბრძანება და №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა თანახმად ი---------------–--ეს დაერიცხა ჯამში 2232.82 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 569 ლარი, ჯარიმა 671 ლარი და საურავი 992.82 ლარი.
შემოწმების აქტის მიხედვით, ი---------------–--ესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს), რომელთა თანახმად, ი---------------–--ე ახორციელებდა თანხების სესხად გაცემას. არ ფიქსირდება მის მიერ თანხის მიღება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია და გაუქმება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ამავდროულად არ არსებობს შეთანხმება ვალის პატიების შესახებ. შემოწმების შედეგად, ხსენებულ პირს აღნიშნული შემოსავალი ჩაეთვალა მიღებულად და შესაბამისი პერიოდების მიხედვით ჩაირთო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ სესხის თანხები გაცემულია უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), შემოწმების მიერ გადაანგარიშდა კურსთაშორის სხვაობა და შესაბამისი პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული იქნა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში. ასევე, ი---------------–--ე იხდიდა საჯარო რეესტრის სააგენტოში სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს, რაც გათვალისწინებული იქნა გამოქვითვებში 150 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის შემოწმების შუალედური აქტი (ტ.II, ს.ფ.29-53);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.25-26);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის №------ საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.23).
3.3. ი---------------–--ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის №------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 28 მარტის №----- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სესხის მიმღები პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები ი---------------–--ისთვის სადავო პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის ოდენობის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განესაზღვრა გადამხდელის მიერ სადავო პერიოდში ფაქტობრივად მიღებული შემოსავლის ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 28 მარტის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.105-107).
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 23 მაისის დასკვნის თანახმად, გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 23 მაისის დასკვნა (ტ.II, ს.ფ.103-104).
3.5. ი---------------–--ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 23 მაისის დასკვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 15 ივლისის №----- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, გადამხდელი საჩივარში ვერ ასაბუთებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 15 ივლისის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.310-311).
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 26 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ი---------------–--ეს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ საგადასახადო შემოწმების აქტების პროექტებით დარიცხული თანხებიდან სულ შეუმცირდა 13357 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით შეუმცირდა 9222 ლარი და ჯარიმა 4135 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 26 აგვისტოს დასკვნა (ტ.I, ს.ფ.12-13).
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელზეც ი---------------–--ემ 201- წლის 16 სექტემბერს წარადგინა წერილობითი პოზიცია. სსიპ შემოსავლების მედიაციის საბჭოს 201- წლის 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №--) გადამხდელის პოზიცია ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის მიმღები პირების ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები ი---------------–--ისთვის სადავო პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის ოდენობის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განესაზღვრა გადამხდელის მიერ სადავო პერიოდში ფაქტობრივად მიღებული შემოსავლის ოდენობისა და აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად წარუდგინოს რო---------------–---–ის სახლის შეძენასთან დაკავშირებით აღებული სესხზე გადახდილი პროცენტების და აღნიშნული სახლის შეძენის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ი---------------–--ის მიერ 201- წლის 11 ნოემბერს, სსიპ შემოსავლების მედიაციის საბჭოს 201- წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის შესაბამისად, წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი---------------–--ის 201- წლის 16 სექტემბრის საჩივარი (ტ.II, ს.ფ.64-72).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 30 ოქტომბრის №----------- კორესპონდენცია (ტ.II, ს.ფ.18-169);
- ი---------------–--ის 201- წლის 11 ნოემბრის განცხადება (ტ.II, ს.ფ.93).
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა 201- წლის 1- ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც მოიცავს 2008-2012 საანგარიშო პერიოდს. გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №----- ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი---------------–--ეს დამატებით დაერიცხა ჯამში 8384.6 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 3224 ლარი, ჯარიმა 1224 ლარი და საურავი 3939.6 ლარი.
შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს), რომელთა თანახმად, ი---------------–--ე ახორციელებდა თანხების სესხად გაცემას. არ ფიქსირდება მის მიერ თანხის მიღება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია და გაუქმება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ამავდროულად არ არსებობს შეთანხმება ვალის პატიების შესახებ. შემოწმების შედეგად ხსენებულ პირს აღნიშნული შემოსავალი ჩაეთვალა მიღებულად და შესაბამისი პერიოდების მიხედვით ჩაირთო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ სესხის თანხები გაცემულია უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), შემოწმების მიერ გადაანგარიშდა კურსთაშორის სხვაობა და შესაბამისი პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული იქნა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში. ასევე, ი---------------–--ე იხდიდა საჯარო რეესტრის სააგენტოში სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს, რაც გათვალისწინებული იქნა გამოქვითვებში.
დამატებით, შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირობა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო. ხელშეკრულებაში, ასევე, გათვალისწინებულია პირობა, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა, ამასთან, ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. შემოწმებისთვის სესხის ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. აუდიტორის მიერ საპროცენტო სარგებელი გადაანგარიშდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სესხის თანხაზე, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და ვადის შესაბამისად, რომელსაც დაემატა ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის შემდგომ იპოთეკის გაუქმების (შეწყვეტის) თარიღამდე. აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში. გარდა ამისა, შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილია ბანკის საგადახდო დავალებები, რომლის თანახმად, გადახდილია სააღსრულებლო წარმოების წინასწარი საფასური 298.29 ლარის ოდენობით, ასევე გადახდილია სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის 120 ლარი, შემმოწმებლის მიერ აღნიშნული თანხები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გათვალისწინებულია გამოქვითვებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 1- ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ.II, ს.ფ.134-167);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.128-130);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.127).
3.9. ი---------------–--ემ 2015 წლის 27 თებერვლის საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ.113-118).
3.10. ი---------------–--ემ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საჩივრის თანახმად, გადამხდელი არ დაეთანხმა მის მიერ გაცემული სესხით მისაღები პროცენტის ოდენობის გაანგარიშების სისწორესა და გამოსაქვითი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის წესს. ამასთან, გადამხდელმა მოითხოვა მისი ვალის დასაფარავად აუქციონზე გატანილი სახლის შესაძენად ბანკიდან გამოტანილ სესხზე გადახდილი პროცენტების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებით დარიცხული ჯარიმა-საურავებისაგან გათავისუფლება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, (1) ვინაიდან ი---------------–--ე იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლების მიღების მიზნით გასცემდა სესხს და იგი არ იბეგრებოდა გადასახადის წყაროსთან, შესაბამისად, ის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს და ვალდებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილი წესითა და პირობებით შეესრულებინა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო ორგანოში წარედგინა საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები. (2) გადასახადის გადამხდელმა საცხოვრებელი ბინა შეიძინა 10400 ლარად, საიდანაც 1000 ლარი გადაიხადა აუქციონის ლოტის ღირებულებაში, ხოლო ნივთის აუქციონზე შეძენის შემდეგ დამატებით გადაიხადა 9400 ლარი. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს და იგი ვერ დაექვემდებარება გამოქვითვას. (3) გადამხდელს აღებული აქვს ბანკიდან სესხი, თუმცა ვერ წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ მოხდა მისი ხარჯში გათვალისწინება. (4) საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №---- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.1--17).
3.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 27 აპრილის დასკვნით, ი---------------–--ეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუმცირდა 2013 წლის 5 დეკემბრის შუალედური აქტით დარიცხული თანხა 598 ლარით, მათ შორის, ძირითადი გადასახადის ნაწილში 460 ლარით და ჯარიმა 138 ლარით.
აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის პირველი მაისის №----- ბრძანება დარიცხული თანხების შემცირების შესახებ და №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 27 აპრილის დასკვნა (ტ.II, ს.ფ.111-112);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის პირველი მაისის №----- ბრძანება (ტ.II,109-110);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის პირველი მაისის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.108).
3.12. ი---------------–--ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის პირველი მაისის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №----- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი---------------–--ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის №------ საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის პირველი მაისის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმებისა და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისაგან.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის დასკვნა, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2015 წლის 17 ივლისის №----- ბრძანება და №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა თანახმად დაკისრებული ჯარიმა შემცირდა 33 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.124-126);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის დასკვნა (ტ.II, ს.ფ.122-123);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივლისის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.120-121);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივლისის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.119).
3.13. ი---------------–--ემ 2015 წლის 11 მაისს მიმართა საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №---- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმა/საურავისაგან საქართველოსა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ.348-366).
3.1-. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2015 წლის 8 სექტემბერს მოხდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხების შესწავლა. კერძოდ ი---------------–--ე სადავოდ ხდიდა შემდეგ გარემოებებს: (1) მის მიერ აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების ხარჯებში გაუთვალისწინებლობას; (2) მიღებული შემოსავლების გაანგარიშებას; (3) პირგასამტეხლოს თანხის ჩართვას ერთობლივ შემოსავალში; (4) 2010 წლის ივნისის შემდეგ მის მიერ არ მომხდარა სესხის სახით თანხების გაცემა, ამასთან, ბოლო იპოთეკური სესხის თანხა უკან არ დაბრუნებია, რის გამოც 2011 წელს სცნეს დაზარალებულად და ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის დროს; (5) იგი, ასევე, ითხოვდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლებას.
მოცემული დასკვნის თანახმად, პირველ საკითხთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით შეძენილი აქვს უძრავი ქონება 10400 ლარის ღირებულებით, რომლიდანაც 2011 წლის 23 აგვისტოს აუქციონის ლოტის ღირებულების მიზნით გადახდილი აქვს 1000 ლარი, ხოლო 2011 წლის 2 სექტემბერს გადახდილი აქვს დარჩენილი 9400 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიერ 2011 წლის 6 სექტემბერს ი---------------–--ისთვის ჩარიცხულია 991- ლარი. შესაბამისად, ხარჯად გამოქვითვას დაექვემდებარა საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით 2011 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე - 1000 ლარზე და 2011 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით 10400 ლარზე გაანგარიშებული სესხის პროცენტი ჯამში 107 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა 2011 წლის გამოქვითვებში.
მეორე და მესამე საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ მოხდა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და შესაბამისად, აღნიშნული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მოვალეების - თა---- და ცი--–---------–---–ების მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულებას წარმოადგენდა 3000 აშშ დოლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული უკავშირდება 2010 წლის 8 ივნისს რო---------------–---–თან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. ვინაიდან, ი---------------–--ეს თა---- და ცი--–---------–---–ებთან ცალკე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრში, გადასახადის გადამხდელს სრულად შეუმცირდა №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ძირითადი თანხა 396 ლარი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №----- ბრძანება დარიცხული თანხების შემცირების შესახებ და 2015 წლის 24 სექტემბრის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შემცირებას დაექვემდებარა ჯამში 1620 ლარი, აქედან 396 ლარი ძირითადი თანხა და ჯარიმა 1224 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის დასკვნა (ტ.II, ს.ფ.5-7);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.2-4);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.347).
3.15. ი---------------–--ემ 2015 წლის 12 ნოემბრის საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსხურის 2015 წლის 9 დეკემბრის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი---------------–--ის 2015 წლის 12 ნოემბრის საჩივარი (ტ.II, ს.ფ.96-99);
- სსიპ შემოსავლების სამსხურის 2015 წლის 9 დეკემბრის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.100-102).
3.16. ი---------------–--ემ 2016 წლის 7 ივნისს მიმართა საჩივრით სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მის: თბ--–-------–----–----–--------------------3, ბ----, ს/კ0----------------------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გავრცელებული 2013 წლის 19 დეკემბრის №--------- საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის უფლების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №----- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა იპოთეკა/გირავნობის უფლება უძრავ ქონებაზე (მის: თბ--–-------–----–----–--------------------3, ბ----, ს/კ0----------------------), ხოლო ქ.გ-------------------–-------ში (ს/კ 5-----------) მდებარე საცხოვრებელ სახლზე ძალაში დარჩა საგადასახადო გირვანობა/იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი---------------–--ეს 2016 წლის 7 ივნისის საჩივარი (ტ.II, ს.ფ.87-91);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №----- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.20-22).
3.17. ი---------------–--ემ 2016 წლის 22 თებერვლის საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსხურის 2015 წლის 9 დეკემბრის №----- ბრძანება ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.24-34).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2010 წ.) პირველი, მე-4, მე-9, მე-20, 43-ე, 49-ე, 51-ე, 61-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 106-ე, 136-ე, 202-ე, 238-ე, 239-ე, 262-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) მე-13, 38-ე, 41-ე, 49-ე, 165-ე, 166-ე, 173-ე, 175-ე, 177-ე, 178-ე, 199-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, 207-ე, 208-ე, 209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლები, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №----- ბრძანება, 2015 წლის 24 სექტემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის №----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ზიანის სახით 12780 ლარის დაკისრება.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი---------------–--ის (პ/ნ 0----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი. შედეგებზე გამოიცა - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და 201- წლის 1- ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. ი---------------–--ეს აღნიშნული აქტებით დაერიცხა 10617,42 ლარი, რომელსაც არ დაეთანხმა და გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულების საბოლოო გადაანგარიშება მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, მოხდა თუ არა ი---------------–--ისთვის დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 38-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის 165-ე მუხის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ანალოგიური შინაარსის დათქმებს ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 და 79-ე მუხლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ანალოგიურ შინაარს ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის თუ არა მისი საქმიანობა საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ეკონომიკური საქმიანობა, რადგან საგადასახადო კოდექსი პირის ეკონომიკურ საქმიანობას მის არაერთ სხვა უფლებას და მოვალეობას უკავშირებს, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, ამ ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს კანონმდებლობით პირს უფლება აქვს, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ი---------------–--ე გასცემდა თანხებს სესხად, სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს. რაც, თავის მხრივ, მას აკისრებდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მითითება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნასთან დაკავშირებით ვერ იქნება მხედველობაში მიღებული. აღიარებული სამართლებრივი პრინციპის თანახმად, “Ignorantia legis non excusat” (კანონის არცოდნა არ ამართლებს) - სამართლის ნორმების უცოდინრობა ან შეცდომა არ არის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონის გამოყენება, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კანონის არცოდნა პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან, იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტების გამოქვეყნება ხდება საჯაროდ და ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მას.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები; საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით.
ანალოგიური შინაარსის დათქმას ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე; დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ანალოგიურ შინაარს ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები.
სასამართლო, ასევე, მოიხმობს კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემის დღისათვის მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებს, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რომელიც აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რომელიც აითლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად კი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რომელიც აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს ამოცანაა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა, გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში სრული და თავისდროული გადახდა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ გადასახადის გადამხდელების საგადასახადო კონტროლი, მათ შორის კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი---------------–--ის (პ/ნ 0----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე კი გამოცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის შემოწმების შუალედური აქტი და 201- წლის 1- ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის, სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ 6-წლიან ხანდაზმულობის ვადებში, შემოწმების ფაქტს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ი---------------–--ის მითითება ხანდაზმულობაზე.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, ასევე, ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებასა და ერთობლივი შემოსავლებიდან ხარჯის გამოქვითვას, მათ შორის, გურჯაანის რაიონ სოფელ ვე----ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონის წესით შეძენის მიზნით აღებული სესხის პროცენტის გამოქვითვის საკითხს.
სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 166-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილი მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება: პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლებისა.
აღნიშნული კოდექსის 177-ე მუხლი კი აწესრიგებს ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვის წესსა და პირობებს, კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა: ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები და ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება. 178-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული თანხისა.
ანალოგიური შინაარსის დათქმებს ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილი, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი---------------–--ეს შემოწმების შედეგად 2011 წელს განესაზღვრა დამატებით დარიცხულ ძირითად გადასახადად 396 ლარი, დარიცხვის საფუძველს კი წარმოადგენდა 2010 წლის 8 ივნისს ი---------------–--ესა და რო---------------–---–ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №---------). სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ი---------------–--ემ წარმოადგინა მოვალეები - თა---- და ცი--–---------–---–ების მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულებას წარმოადგენდა 3000 აშშ დოლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული უკავშირდება 2010 წლის 8 ივნისს რო---------------–---–თან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. ვინაიდან, ი---------------–--ეს თა---- და ცი--–---------–---–ებთან ცალკე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრში, გადასახადის გადამხდელს სრულად შეუმცირდა №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ძირითადი თანხა 396 ლარი.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით შეძენილი აქვს უძრავი ქონება 10400 ლარის ღირებულებით, რომლიდანაც 2011 წლის 23 აგვისტოს აუქციონის ლოტის ღირებულების მიზნით გადახდილი აქვს 1000 ლარი, ხოლო 2011 წლის 2 სექტემბერს გადახდილი აქვს დარჩენილი 9400 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიერ 2011 წლის 6 სექტემბერს ი---------------–--ისთვის ჩარიცხულია 991- ლარი. შესაბამისად, ხარჯად გამოქვითვას დაექვემდებარა საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით 2011 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე - 1000 ლარზე და 2011 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით 10400 ლარზე გაანგარიშებული სესხის პროცენტი, ჯამში 107 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა 2011 წლის გამოქვითვებში.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, მოპასუხის წარმომადგენლის, კამერალური შემოწმების განმხორციელებელი აუდიტორის მ-------------–---–ის სასამართლო მთავარ სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელს არათუ შეუმცირდა 2011 წელს დარიცხული ძირითადი თანხა სრულად, არამედ ამ წელს მას დაუფიქსირდა ზარალი 292 ლარი, ხოლო ი---------------–--ეს 2012 წლიდან აღარ უფიქსირდება შემოსავლის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ დავების განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია და ვალდებულია, მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში მოახდინოს დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირება შეესაბამება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილებას, რადგან 2011 წელს შემოწმების აქტით ი---------------–--ისთვის, დამატებით ძირითადი გადასახადის ნაწილში დარიცხული იყო 396 ლარი, რაც სრულად დაექვემდებარა შემცირებას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე, პირგასამტეხლოს თანხების ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ფაქტს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 199-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
მსგავს დანაწეს ითვალისწინებს 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი---------------–--ეს დავების განმხილველი ორგანოების მიერ (მათ შორის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 201- წლის 28 მარტის №----- ბრძანებით, სსიპ შემოსავლების მედიაციის საბჭოს 201-წლის 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №--)) არაერთხელ მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სესხის მიმღები პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები მისთვის გადახდილი თანხების დანიშნულებისა და ოდენობების შესახებ. საქმეში არსებული მასალებით დგინდება და რასაც, თავად, მოსარჩელე ადასტურებს სასამართლოს სხდომაზე, - მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, კონკრეტულად რა თანხები მიიღო მოვალეებისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად ვალდებულებას მიეკუთვნება გადასახადების დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა. აღნიშნული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ემსახურება გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის გადამხდელმა წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ახდენს სსიპ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კანონიერების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ ი---------------–--ის მიერ დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში გათვალისწინებულია პირობა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო. ხელშეკრულებაში, ასევე, გათვალისწინებულია პირობა, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა, ამასთან, ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. შემოწმებისთვის სესხის ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. ი---------------–--ემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაადასტურებდა პირგასამატეხლოს არ მიღების ფაქტს. ამდენად, კანონშესაბამისია აუდიტორის მიერ საპროცენტო სარგებელი გადაანგარიშება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სესხის თანხაზე, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და ვადის შესაბამისად, რომელსაც დაემატა ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის შემდგომ იპოთეკის გაუქმების (შეწყვეტის) თარიღამდე. ამრიგად, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ შემცირებული თანხების ოდენობას, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ საჩივრების განხილვისას სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ხოლო, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.201-წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და უთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, რაც გახდა მისთვის ზიანის მიყენების საფუძველი. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 დეკემბრის №--------- შეტყობინების საფუძველზე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა დაედო ი---------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მის: თბ--–-------–----–----–--------------------3, ბ----, ს/კ0----------------------). მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის პირობებში მან ვერ მოახდინა მისი საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია, ამას თან დაერთო ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაც, რაც გახდა საფუძველი მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების.
სასამართლო, აღნიშნულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიღებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: (1) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; (2) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და (3) საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი---------------–--ეს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის №------ საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა ჯამში 2232.82 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენდა, საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის მიმართ, 2013 წლის 19 დეკემბრის №--------- შეტყობინების საფუძველზე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენების წინაპირობას. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 201- წლის 20 ნოემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნით, ი---------------–--ეს დამატებით დაერიცხა 8384.6 ლარი, რაც ხაზს უსვამს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ძალაში დატოვების მართლზომიერებას.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, გააუქმოს საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის, პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გაიაზროს თუ რა მიზნის მისაღწევად მიენიჭა ეს უფლებამოსილება, რათა განსაზღვროს რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს. მხოლოდ, ამის შემდეგ უნდა შეაფასოს კონკრეტული შემთხვევა და მიიღოს გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1- აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა ი---------------–--ის დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება, რამაც სსიპ შემოსავლების სამსახურს მისცა შესაძლებლობა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაეტოვებინა ძალაში მხოლოდ ქ.გ-------------------–-------ში (ს/კ 5-----------) მდებარე საცხოვრებელ სახლზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, ასევე, ი---------------–--ის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ უძრავი ქონებაზე (მის: ქ.თბ--–--–-----–----–----–--------------------3, ბ----, ს/კ0----------------------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების შედეგად, მან ვერ შეძლო, თავისი სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით, სახლის რეალიზაცია 2013 წელს, რაც ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, გახდა საფუძველი მისთვის ზიანის მიყენებისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. განსახილველ შემთხვევაში კი სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედებათა უკანონობა კანონით დადგენილი წესით არ არის დადგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს მოპასუხის ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ბუნებასა და ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი---------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. აგრეთვე, დაუსაბუთებელია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 384.40 (სამასოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი---------------–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 384.40 (სამასოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე