გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35633-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,მ---- ლ---------------ი“
წარმომადგენელი - ნ-----–--------------ე
მოპასუხე - თ------ ფ---------ე, დ----- ფ---------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, მესაკუთრედ ცნობა და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება 23 120.52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4002.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 9117.82 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს, სესხის ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის 0.2% (20 აშშ დოლარი), სარჩელის სასამართლოში შემოტანის თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე.
1.3. მოპასუხე თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისროს საპროცენტო სარგებელი, ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შემოტანის თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადისა.
1.4. მოპასუხე დ----- ფ---------ე ცნობილ იქნეს გარდაცვლილი ლ---- ფ---------ის უფლებამონაცვლეებად და 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ #0----------------------) მესაკუთრეებად.
1.5. სარეალიზაციოდ იქნეს მიქცეული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მ/რ, კო------------------, ფართი 60 კვ.მ. (ს/კ 0----------------------).
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 18 მაისს, შპს ,,მ---- ლ---------------ს“ და თ------ ფ---------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელ თ------ ფ---------ეზე გაიცა სარგებლიანი (წლიური 30%) სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, მხარეთა შორის შეთანხმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის 0.2%-ს ოდენობით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მსესხებელ თ------ ფ---------ის მამის ლ---- ფ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით: ს/კ 0----------------------. მსესხებელი ვალდებულებებს არ ასრულებს 2016 წლის 18 სექტემბრიდან.
2017 წლის 18 იანვარს, მოპასუხე თ------ ფ---------ემ მოსარჩელე კომპანიას მიმართა განცხადებით, რომლის საფუძველზეც შეატყობინა, რომ იმყოფებოდა პატიმრობაში და ითხოვდა არსებული დავალიანების შემცირებას და გადახდის გადავადებას.
2017 წლის 28 ივნისს, მოსარჩელე კომპანიას განცხადებით მიმართა თ------ ფ---------ის წარმომადგენელმა ნ---- ფ---------ემ და მოითხოვა სესხის თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის შეჩერება 2019 წლის 30 დეკემბრამდე და ასევე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩამოწერა.
შპს ,,მ---- ლ---------------მა“ თანხმობა განუცხადა თ------ ფ---------ეს სასესხო ვალდებულებების შესრულების გადავადებაზე 2019 წლის 30 დეკემბრამდე, იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეთა შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის მითითებულ თარიღამდე გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე 2019 წლის 30 დეკემბრამდე შეჩერდებოდა სესხის ძირითად თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დადგა სესხის დაფარვის გრაფიკში მითითებული გადახდის ვადა და მსესხებელი ასეთი ვადის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე მოითხოვოს სესხის დაბრუნება. შესაბამისად, 2017 წლის 19 ივლისს, მოსარჩელე კომპანიამ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით იპოთეკის საგანი ირიცხება კვლავ აწ გარდაცვლილი ლ---- ფ---------ის სახელზე, უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება 2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 23 120.52 აშშ დოლარს, მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა: 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4002.70 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 9117.82 აშშ დოლარი, ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი 8.22 აშშ დოლარი და ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო 20 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა თ------ ფ---------ემ და დ----- ფ---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნეს. ასევე. მოპასუხე დ----- ფ---------ე დაეთანხმა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას. მოპასუხეების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართვის შედეგად მხარისათვის ცნობილი იყო მსესხებელი მხარის გადახდისუუნარობის საკითხი და კეთილსინდისიერების გამოჩენის პირობებში ადრე უნდა მოეხდინა ხელშეკრულების შეწყვეტა. ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოთხოვნას და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარისათვის იპოთეკის საგნის მესაკუთის - მოვალის გარდაცვალების თაობაზე ცნობილი იყო და მას გაშვებული აქვს კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 მაისს, შპს ,,მ---- ლ---------------ს“ და თ------ ფ---------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელ თ------ ფ---------ეზე გაიცა სარგებლიანი (წლიური 30%) სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.
მსესხებელს სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იქნა ლ---- ფ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მ/რ, კო------------------, ფართი #60 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------. სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით შეადგენდა 19 208.04 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 16);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-26);
- სესხის ამონაწერი (ს.ფ. 27);
- 22/05/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მსესხებელი თ------ ფ---------ე 2015 წლის 22 ნოემბერს ბრალდებულის სტატუსით შესახლებულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24/11/2015 წლის წერილი (ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,მ---- ლ---------------მა“ 29.06.2017 წერილით გამოთქვა მზადყოფნა, თ------ ფ---------ისთვის გადაედო სასესხო ვალდებულების შესრულება 2019 წლის 30 დეკემბრამდე, იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეებს შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე შეჩერდებოდა სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა 2019 წლის 30 დეკემბრამდე.
დადგენილია, რომ შეთანხმება მხარეთა შორის მიღწეული ვერ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29/06/2017 წლის წერილი (ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. იპოთეკის საგნის მესაკუთრე ლ---- ფ---------ე გარდაიცვალა 2016 წლის 28 აპრილს.
დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის თაობაზე მსესხებელმა 2016 წლის 26 დეკემბერს წერილით შეატყობინა მოსარჩელე მხარეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22/05/2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 41);
- 26.12.2016 წლის წერილი (ს.ფ.35);
08/02/2017 წლის წერილი (ს.ფ.36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. არსებული მდგომარეობით შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მ/რ, კ---------------------, ფართი 60.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ---- ფ---------ეზე სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22/05/2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31);
- 19.07.2017 წლის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 29);
- 12.09.2017 წლის ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 30);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. დადგენილია, რომ გარდაცვლილი ლ---- ფ---------ის სამკვიდრო მიიღო მეუღლემ - დ----- ფ---------ემ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22/05/2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31);
- 12.09.2017 წლის ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 30);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარემ ცნო სამკვიდროს მიღების ფაქტი და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში).
3.1.7. მსესხებელმა თ------ ფ---------ემ 2016 წლის 18 სექტემბრიდან დაარღვია 18.05.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, რის საფუძველზეც, შპს ,,მ---- ლ---------------ის“ მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 4 002.70 აშშ დოლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 9 117.82 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18/12/2017 წლის ცნობა მსესხებლის დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება სადავო არაა, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება შეუსაბამოდ დიდი ოდენობით პირგასამტეხლოს ოდენობას და საპროცენტო სარეგებლის დარიცხვის პერიოდის მართებულობას).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სარჩელი თ------ ფ---------ის და დ----- ფ---------ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-412-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 1319-ე, 1336-ე, 1484-ე და 1488-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების ძირი თანხის 10 000 აშშ დოლარის ოდენობით სრულად ცნო. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ---- ლ---------------ს“ და მოპასუხე თ------ ფ---------ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე თ------ ფ---------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საგულისხმოა მოპასუხე მხარის მითითება კრედიტორის ვალდებულების თაობაზე მოეხდინა ხელშეკრულების შეწყვეტა მაშინვე, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მსესხებლის ფინანსური სიძნელეების, მეტიც, სესხის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე და არ მოეხდინა საპროცენტო სარგებლის განზრახ დაგროვება. სასმართლო აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს კრედიტორის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. კრედიტორი თავად იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების თაობაზე. წარმოდგენილ შემთხვევაში მსესხებლის მიმართვა და შემდგომი პასუხი მოეხდინათ მხარეებს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ახალ პირობებზე შეჯერება (გადახდის ვადები, პროცენტის დარიცხვის დროებით შეჩერება), საქმეზე დასტურდება, თუმცა საბოლოოდ მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იწვევს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ავტომატურად მისი შეწყვეტის ვალდებულებას კრედიტორის მხრიდან და პირის გადახდისუუნაროდ მიჩნევას, აღნიშნული მსესხებლის უფლებას განეკუთვნება. მხარის სახელშეკრულებო უფლება და მოვალის ვალდებულება მოახდინოს თანხის გადახდა ნათელია, ის გარემოება რაც კრედიტორის უფლების ბოროტად გამოყენების კონტექსტში იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან გაჟღერებული ვერ იქნება აღნიშნულ შემთხვევაში მხედველობაში მიღებული და მხოლოდ მითითება, რომ კრედიტორის მიზანი მხოლოდ ხელშემკვრელი მხარისათვის ზიანი მიყენება იყო დაუსაბუთებელია. ასევე, მიუხედავად მხარის მითითებისა, სასამართლო არ იზიარებს მითითებას საპროცენტო სარგებლის კომერციული ბანკების საპროცენტო სარგებლელთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. მხარები სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ კონკრეტული პირობებს და სასამართლოს მიერ აღნიშნული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვა სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად კონკრეტულ წინაპირობების შემთხვევაში ხდება. წარმოდგენილ შემთხვევაში წლიური 30% სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არ არის შეუსაბამო და შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არსებული საპროცენტო სარგებლის სახით - 4002.70 აშშ დოლარის მოპასუხე თ------ ფ---------ისათვის დაკისრების თაობაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. აქვე სასამართლო ითვალისწინებს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თავად მსესხებლის პატიმრობის ფაქტს და მიაჩნია და არსებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხე თ------ ფ---------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ მხოლოდ 911 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, უნდა მოხდეს აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებაც და მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხაზე - 10 000 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სახით - ყოველდღიურად 0.02 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრება მისი მოქმედების პერიოდის მხედველობაში მიღებით. სასამართლოს ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხაზე - 10 000 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მ/რ, კ---------------------, ფართი 60.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2016 წლის 28 აპრილს გარდაცვლილ ლ---- ფ---------ეზე, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს ლ---- ფ---------ის მეუღლე მოპასუხე დ----- ფ---------ე. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო, ეთანხმება მესაკუთრედ ცნობის ნაწილში წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) შპს ,,მ---- ლ---------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კრედიტორისათვის იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების ფაქტი (გარდაცვალების თარიღი 2016 წლის 28 აპრილს) ცნობილი გახდა 2016 წლის 26 დეკემბერს. მოპასუხე მხარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან კრედიტორს გაშვებული აქვს მოთხოვნის კანონით დადგენილი ვადა.
სასამართლო მოპასუხის მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით მიუთითებს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით დარეგულირებულია მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლები მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ და თავის მხრივ, კრედიტორის მოთხოვნის უფლების განხორციელების ვადები მოვალის მემკვიდრეების მიმართ. წარმოდგენილ შემთხვევაში კრედიტორის მოვალეს წარმოადგენს მოპასუხე/მსესხებელი თ------ ფ---------ე, ხოლო აწ. გარდაცვლილი იპოთეკის საგნის მესაკუთრე ვერ იქნება აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად მოვალედ მიჩნეული. მოთხოვნის წარდგენა მოვალის მემკვიდრეებისათვის უპირველეს ყოვლისა გულისხმობს კონკრეტული ვალდებულების არსებობას, რასაც წარმოდგენილ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ლ---- ფ---------ე წარმოადგენდა მხოლოდ იპოთეკით (სანივთო უფლება) დატვირთული საგნის მესაკუთრეს და შესაბამისად, მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორის მიმართ არ გააჩნდა. მეტიც, ბუნდოვანია აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით კრედიტორის შესაძლებლობა მოთხოვნის წარდგენისა, ვინაიდან იგი ვერ მოითხოვდა მამკვიდრებლის მემკვიდრეებისაგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას და აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია მოთხოვნა წარდგენილიყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში დამოუკიდებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, არსებული დავალიანების ამოღების მიზნით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო, შესაბამისად, შპს ,,მ---- ლ---------------ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2680 ლარის ნაწილი 762.15 ლარის ოდენობით, ხოლო 506.58 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. რა ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 913.70 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4002.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს - 911 აშშ დოლარი.
1.2. თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხაზე - 10 000 აშშ დოლარზე საპროცენტო სარგებელი - ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე.
1.3. თ------ ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხაზე - 10 000 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სახით - ყოველდღიურად 0.02 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა.
1.4. დ----- ფ---------ე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მიკრო/რაიონი, კ---------------------, ფართი 60.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მესაკუთრედ.
1.5. 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის დასახლება, მე-2 მიკრო/რაიონი, კ---------------------, ფართი 60.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------.
2. შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა თ------ ფ---------ისათვის პირგასამტეხლოს სახით 8206.82 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. თ------ ფ---------ეს და დ----- ფ---------ეს შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 506.58 ლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,მ---- ლ---------------ი“-ს დაუბრუნდეს მის მიერ 28/11/2017 წლის №15-------3 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2680 ლარის ნაწილი - 762.15 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე