გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8129-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კ---–ეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ი
წარმომადგენლები: მ-----–---–---–---–ი, გ----------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ს------ი"
წარმომადგენელი - ტ------–------–---–ი, შ---------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ს------ს“ ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. შპს „ს------ს“ ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 60 900,03 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–სა და შპს „ს------ს“ შორის (რომელიც წარსულში სხვადასხვა სახელით მოქმედებდა), 2010-2017 წლებში არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2010 წლის განმავლობაში ქ------–----–-------–---–მა მოპასუხეს მიაწოდა 142 918 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 108 134,98 ლარი. 2011 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 208122,47 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 173 477,46 ლარი. 2012 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 235 310,69 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 214 215,22 ლარი. 2013 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 241 665,25 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა 217 072,46 ლარი. 2014 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 228 121,63 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა 199 741,61 ლარი. 2015 წელს ქ------–----–-------–---–მა მოპასუხეს მიაწოდა 148 887,71 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 209 622,88 ლარი. 2016 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 105 471, 27 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 124 666,67 ლარი. 2017 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 118 576,90 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ კი გადაიხადა 109 742,55 ლარი. სულ 2010-2017 წლებში მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 72 400,03 ლარი. 2017 წლის 29 დეკემბერს მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება. სარჩელის მომზადების პერიოდში მოპასუხემ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება, კერძოდ, გადაიხადა 11 500 ლარი.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მომდევნო წლებში ზედმეტად გადახდილი თანხებით იფარებოდა წინა წლის დავალიანება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ გადასახდელი დარჩა 60 900,03 ლარი.
2017 წლის 1 სექტემბრის კრების ოქმით შპს „ს------მა“ აღიარა ქ------–----–-------–---–ის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება 34 000 აშშ დოლარი, საიდანაც გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და განმარტა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია რაიმე შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, გარდა ამისა, ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის განმავლობაში. მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია 8 წელი, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2010-2017 წლებში შპს „ს------სა“ (რომელმაც სახელწოება რამდენჯერმე შეიცვალა) და ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ხელშეკრულების ფარგლებში ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ი (მიმწოდებელი, გამყიდველი) საკვები პროდუქტებით ამარაგებდა შპს „ს------ს“ (მყიდველი, დამკვეთი), შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. დამკვეთს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გადაეხადა პროდუქციის საფასური.
2010 წლის განმავლობაში ქ------–----–-------–---–მა მოპასუხეს მიაწოდა 142 918 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 108 134,98 ლარი.
2011 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 208122,47 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 173 477,46 ლარი.
2012 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 235 310,69 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 214 215,22 ლარი.
2013 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 241 665,25 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა 217 072,46 ლარი.
2014 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 228 121,63 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა 199 741,61 ლარი.
2015 წელს ქ------–----–-------–---–მა მოპასუხეს მიაწოდა 148 887,71 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 209 622,88 ლარი.
2016 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 105 471, 27 ლარის პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 124 666,67 ლარი.
2017 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 118 576,90 ლარის პროდუქცია, მოპასუხემ კი გადაიხადა 109 742,55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 21.03.2010 წლის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 28-31);
- 2010 წლის სექტემბრის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 32-35)
- მიღება-ჩაბარების აქტები (ტ. I, ს.ფ. 37-292. ტ. II, ს.ფ. 26-39);
- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან.
3.1.2 2017 წლის 29 დეკემბერს დამკვეთმა აცნობა მიმწოდებელს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან მასთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N323 წერილი (ტ. II, ს.ფ. 62).
3.1.3. სარჩელის წარდგენამდე დამკვეთმა მიმწოდებელს გადაუხადა 11 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2010 წლის სექტემბერში მხარეებს შორის დადებული საკვები პროდუქტებით მომარაგების შესახებ ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო პერიოდულად.
2015-2016 წლებში თანხის ზედმეტად გადახდით მოპასუხემ დაფარა წინა წლებში დაგროვილი დავალიანების ნაწილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა ვინც უარყოფს.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მტკიცება, თითქოს მხარეებს შორის ყოველწლიურად ახალი ხელშეკრულება იდებოდა.
საქმეში ასეთი ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ არის და მოპასუხე აღნიშნავს, რომ წერილობითი ხელშეკრულებები მათთან არ იმყოფება.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 1 მარტის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იყო 2010 წლის 31 დეკემბრამდე (ტ. I; ს.ფ. 28-31), ასევე წარმოდგენილია 2010 წლის სექტემბრის იმავე შინაარსის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის (ტ. I; ს.ფ. 32-35). საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებს, რომ მოსარჩელე მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით აწვდიდა პროდუქტებს, ხოლო საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხე იხდიდა ნასყიდობის საფასურს. ყოველი შესრულება კი გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2010 წლის სექტემბერში მხარეებმა ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელეს იმავე პირობებით.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მხარეები პერიოდულად ასრულებდნენ. მიღება-ჩაბარების აქტები ნათლად ადასტურებს, რომ გამყიდველი პროდუქტებს დამკვეთს პერიოდულად აწვდიდა, ხოლო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (იხ. 2010 წლის სექტემბრის ხელშეკრულების 8.2 მუხლი) და არა ერთიანად.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2015 და 2016 წლის გარდა), ყოველწლიურად იხდიდა უფრო ნაკლებ თანხას, ვიდრე მიღებული პროდუქციის ღირებულება იყო (ვრცლად იხ. 3.1.1 პუნქტი).
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების თავისებურება ისაა, რომ თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.
სადავო არ არის, რომ ხელშეკრულება 2010 წელსვე დაირღვა, კერძოდ, მოპასუხემ გადაიხადა 34 783,02 ლარით ნაკლები, ვიდრე მიღებული პროდუქციის ღირებულება იყო. ანალოგიურად გრძელდებოდა მომდევნო წლებშიც, მაგრამ 2015-2016 წლებში მოპასუხემ გადაიხადა უფრო მეტი თანხა ვიდრე პროდუქცია მიიღო, კერძოდ, მხარემ ჯამში გადაიხადა 79 930,57 ლარით მეტი (2015 წელს გადახდილია 60 735,17 ლარით მეტი, 2016 წელს - 19 195,4 ლარით მეტი), ვიდრე მიღებული პროდუქტების ღირებულება შეადგენდა.
ამ დროისათვის ვადამოსული იყო 2010-2014 წლებში შესასრულებელი ვალდებულებები ცალ-ცალკე. საქმის მასალებით არ დასტურდება, ზედმეტად გადახდილი თანხის მიზნობრიობა. ვინაიდან მხარეს არ აურჩევია, რომელი ვალდებულების შესრულება სურდა ამ თანხით, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაიფარა ის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვადა უფრო ადრე დადგა, კერძოდ, აღნიშნული თანხით მოპასუხემ სრულად დაფარა 2010-2011 წლებში დაგროვილი დავალიანება (ჯამში 69 428,03 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა 2012 წლის დავალიანების ნაწილი, ამდენად, დაგროვილი ვალდებულების ნაწილობრივ დაფარვით, იმავდროულად, მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ვალი აღიარა.
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე დამკვეთმა გადაიხადა 11 500 ლარი, რითაც ასევე აღიარა ვალი.
3.2.2 2010 წლის 10 ნოემბერს შპს „ს------ს“ და ქ------–----–-------–---–ს შორის ზეპირად დაიდო სესხის ხელშეკრულება უვადოდ, რომლის საფუძველზე ქ------–----–-------–---–მა (კრედიტორმა) მოპასუხეს (მოვალე) 30 000 აშშ დოლარი ასესხა 2% სარგებლის დარიცხვით.
2017 წლის 1 სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმით შპს „ს------მა“ აღიარა ქ------–----–-------–---–ის ვალი - 34 000 აშშ დოლარი.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ჯერ კიდევ 2010 წელს ისესხა მისგან 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლიდან სესხი იყო უპროცენტო და წლების მანძილზე მოსარჩელეს არ მოუთხოვია თანხის დაბრუნება.
საქმეში წარმოდგენილია შპს სკ---–ა „ს------ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 1 სექტემბრის კრების ოქმი (ტ. II; ს.ფ. 111-112). ოქმის თანახმად კრების დღის წესრიგი იყო ქ------–----–-------–---–ისთვის ვალის დაბრუნება. მ-------–--–--ემ კრებას მოახსენა, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს შპს „ს------ის“ საჭიროებისათვის ქ------–----–-------–---–ისაგან ისესხეს 30 000 აშშ დოლარი 2% სარგებლის დარიცხვით. 2012 წელს გადაიხადეს 10 000 აშშ დოლარი სარგებლის სახით. ამის შემდეგ სესხზე სარგებლის დარიცხვა შეწყდა. დღეისათვის დავალიანება შეადგენს 34 000 აშშ დოლარს. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, იმ მომენტისათვის ქ------–----–-------–---–ისათვის გადაეხადათ 30 000 აშშ დოლარი. კრედიტორმა თანხა მიიღო. კრების ოქმს ხელს აწერენ შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორები მ-------–--–--ე, ჟ--------------ი, ლ--–---–--–---–-–---–ი და ხ------------–--ე. მ-------–--–--ე, იმავდროულად, არის შპს-ს დირექტორი.
მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადა დოკუმენტის სიყალბის შესახებ. მისი განმარტებით, კრების ოქმზე არსებული ხელმოწერები არ ეკუთვნოდა შპს-ს დამფუძნებელ პარტნიორებს.
საქმეზე ჩატარებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოქმზე მ-------–--–--ის, ჟ--------------ის და ხ------------–--ის სახელით შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის აღნიშნულ პირებს, ხოლო ეკუთვნის თუ არა ხელმოწერა ლ--–---–--–---–-–---–ს, ვერ დადგინდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულების და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო (ტ. II; ს.ფ. 369-370).
იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტზე არსებული სამი ხელმოწერის ნამდვილობა უტყუარად დადასტურდა, ხოლო მეოთხე ხელმოწერის ნამდვილობა არ გამორიცხულა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კრების ოქმი არ არის ყალბი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კრების ოქმით აღიარებული ვალი არის პროდუქტების საფასური, უბრალოდ თანხა გამოხატულია დოლარში. სხვა ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში, ეს გარემოებები არ ყოფილა მითითებული შესაგებელში ან საქმის მომზადების დასრულებამდე, მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალ გარემოებებს კი სასამართლო ვერ შეაფასებს, მით უმეტეს, რომ მოპასუხეს არ აღუნიშნავს საპატიო მიზეზი, რის გამოც მანამდე ვერ მოხდა შესაბამისი ფაქტების მითითება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხის შედავება დასაშვები იქნებოდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პოზიცია მაინც ვერ იქნებოდა გაზიარებული. კრების ოქმით ნათლად ირკვევა, რომ მოპასუხემ აიღარა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, კერძოდ, როგორც აღინიშნა, ოქმით მოპასუხე ადასტურებს, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 30 000 აშშ დოლარი 2% სარგებლის დარიცხვით. 2012 წელს გადახდილი იქნა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც იყო სესხის სარგებელი. არავითარი მინიშნება იმის თაობაზე, რომ დავალიანება არის მიღებული პროდუქტების საფასური, კრების ოქმში ასახული არ არის. მით უფრო, რომ მხარე მიუთითებს სამართალურთიერთობის სარგებლიან ხასიათზე, რაც სესხის ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი და არა ნასყიდობისთვის.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და კრების ოქმის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს შპს „ს------ს“ და ქ------–----–-------–---–ს შორის ზეპირად დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ------–----–-------–---–მა (კრედიტორმა) მოპასუხეს (მოვალე) 30 000 აშშ დოლარი ასესხა 2% სარგებლის დარიცხვით. სარგებლის დარიცხვა შეწყდა 2012 წელს. მოპასუხემ აღიარა 34 000 აშშ დოლარი ვალი, საიდანაც გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხი იყო უვადო. რაიმე მტკიცებულება, რაც ხელშეკრულების ვადიან ხასიათს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 129-ე, 141-ე, 14-ე, 477-ე, 387-ე, 361-ე, 523-ე, 524-ე, 525-ე, 341-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2010 წლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, გადაიხადა მიწოდებული პროდუქტების საფასური მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა და არასრულად იხდიდა მიწოდებული პროდუქტების საფასურის (დეტალურად მიწოდებული პროდუქტების ღირებულება და გადახდილი თანხები ასახული 3.1.1 პუნქტში).
მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სიტყვა „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა გალენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზულობის ვადის გასვლით მოთხოვნა არ ქარწყლდება, მაგრამ იგი განუხორციელებელი ხდება.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
„ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ Nას-547-515-2012).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები პერიოდულად სრულდებოდა, კერძოდ, მოსარჩელე პერიოდულად აწვდიდა საქონელს მოპასუხეს, ხოლო მოპასუხე ნასყიდობის საფასურს იხდიდა (უნდა გადაეხადა) მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლას მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: თითოეული პერიოდისათვის შესასრულებელი ვალდებულების დარღვევა ცალკე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს და ხანდაზმულობის ვადა აითვლება თითოეული ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ცალ-ცალკე. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოთხოვნა არასოდეს იქნება ხანდაზმული.
განსახილველ შემთხვევაში პროდუქტის თითოეული მიწოდება ცალ-ცალკე წარმოშობს თანხის გადახდის მოთხოვნის უფლებას და თითოეული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის გასვლის შემდეგ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ვალდებულება არის დარღვეული. სწორედ ამ მომენტიდან ითვლება ხანდაზმულობის ვადაც, ვინაიდან სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა - კრედიტორმა თანხის გადახდის ვადის გასვლისთანავე იცის ვალდებულების დარღვევის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა ცალ-ცალკე აითვლება თითოეული იმ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის გასვლის შემდეგ, რომლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული პროდუქტების ღირებულებაც არ არის გადახდილი, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეს მიწოდებული პროდუქტების ღირებულება და გადახდილი თანხა დათვლილი აქვს წლების მიხედვით და სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა დაადგინოს, რომელ წელს შედგენილი რომელი მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ანაზღაურებული - ხანდაზმულობის ვადის ათვლაც წლების შესაბამისად უნდა მოხდეს, ანუ, 2010 წელს მიწოდებული პროდუქტების ფასის გადახდის ვალდებულების დარღვევის და ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თარიღია 2011 წლის 1 იანვარი, 2011 წლისა - 2012 წლის 1 იანვარი და ა.შ.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ვადის დენის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე გავლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება, როგორც წესი, გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადის დენის შეწყვეტას კანონი მოსარჩელის ან მოპასუხის შეგნებულ მოქმედებას უკავშირებს. მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ყველა სხვა მისი ქმედება, კერძოდ კი უმოქმედობა (მაგალითად, რეაქციის არქონა კრედიტორის მოთხოვნაზე) არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. ნაწილი ისეთი მოქმედებებისა, რომლებიც მოთხოვნის აღიარებად ჩაითვლება, მითითებულია 137-ე მუხლში. ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა ან გარანტიის მიცემა. თუმცა პრაქტიკაში შესაძლებელია ვალის სხვა მოქმედების განხორციელებით აღიარება. ვალის აღიარების აღნიშნული ფორმა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია როგორც ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. კაუზალურობის განმაპირობებელი ფაქტორი ისაა, რომ აღიარება დამოუკიდებელ თვითმყოფად საფუძველს კი არ ეყრდნობა, არამედ არსებულ საფუძველს (იხ. მესხიშვილი, „ვალის აღიარება (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, V გამოცემა, 2016, 52-66).
დადგენილია, რომ 2015-2016 წლებში მოპასუხემ გადაიხადა უფრო მეტი თანხა, ვიდრე ამ წლებში მიწოდებული პროდუქტების ღირებულება შეადგენდა, კერძოდ, 2015 წელს გადაიხადა 60 735,17 ლარით მეტი, ხოლო 2016 წელს - 19 195,4 ლარით მეტი.
სსკ-ის 137-ე მუხლის კონტექსტში ყველა გადახდა გულისხმობს მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, მაგრამ გავლენას არ ახდენს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენაზე, ვინაიდან იგი არ წარმოშობს ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას.
საქმეში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება ზედმეტად გადახდილი თანხის მიზნობრიობა. როდესაც მოპასუხემ თანხა გადაიხადა, ვადამოსული იყო 2010-2014 წლებში მიწოდებული პროდუქტების ფასის გადახდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
ვინაიდან მოპასუხეს არ აურჩევია, რომელ ვალდებულებას ასრულებდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხის გადახდით დაიფარა წინა წლებში დაგროვებული დავალიანების ნაწილი მათი წარმოშობის მომენტის შესაბამისად, ანუ, 2010-2011 წლების დავალიანება სრულად და 2012 წლის დავალიანების ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან, ხოლო 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარების დროისათვის 2010-2011 წლებში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმული იყო, მაგრამ ვინაიდან ეს დავალიანება სრულად დაიფარა, მოვალეს არ აქვს უფლება გადახდილი უკან დაიბრუნოს. 2012 და მომდევნო წლებში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 2015 წელს ხანდაზმული არ იყო და ვალის აღიარებით ამ მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე კი 3-წლიანი ვადა არ არის გასული. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები იმით განსხვავდება რამდენიმე ცალ-ცალკე ხელშეკრულებისაგან, რომ მოთხოვნის საფუძველი ერთიანია და ერთი პერიოდისათვის არსებული ვალდებულების შესრულებით მოვალე აღიარებს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებას. ანუ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული რომ ყოფილიყო ყოველწლიურად ცალ-ცალკე ხელშეკრულებები, 2012 წელს შეძენილი პროდუქტის საფასურის ნაწილის გადახდით მოპასუხეს აღიარებული ექნებოდა მხოლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და აღიარება არ გავრცელდებოდა სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წელს მხარეებმა განუსაზღვრელი ვადით გააგრძელეს ხელშეკრულების მოქმედება და მის ფარგლებში არსებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო პერიოდულად, ამდენად, როდესაც მოპასუხემ გადაიხადა 2012 წლის დავალიანების ნაწილი, მან აღიარა ამ დროისათვის ვადამოსული ყველა ვალდებულება და ყველა მათგანის მიმართ შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება, მაგრამ ხელშეკრულების არსებობა და მისგან გამომდინარე მოთხოვნა დადასტურებულია, ხოლო თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც, ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს შპს „ს------ს“ და ქ------–----–-------–---–ს შორის ზეპირად დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ------–----–-------–---–მა (კრედიტორმა) მოპასუხეს (მოვალე) 30 000 აშშ დოლარი ასესხა 2% სარგებლის დარიცხვით. სარგებლის დარიცხვა შეწყდა 2012 წელს (ვრცლად იხ. 3.2.2 პუნქტი).
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმით მოპასუხემ აღიარა 34 000 აშშ დოლარი ვალი, საიდანაც გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავო ან ხანდაზმულიც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.).
წარმოდგენილი კრების ოქმით ნათლად ირკვევა, რომ აღიარებულია არა აბსტრაქტული ვალდებულება, არამედ მხარეებს შორის უკვე არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც ნათლადაა იდენტიფიცირებული თავად კრების ოქმით. ამასთან მხარემ უბრალოდ აღიარა ვალი და ნაწილობრივ დაფარა იგი. კრების ოქმი არ არის ახალი ხელშეკრულება. მხარეები არ შეთანხმებულან სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების არსებით პირობებზე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრების ოქმი ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარებაა.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული. გარდა ამისა, ორგანიზაციის სახელით ვალი უნდა აღიაროს გარიგების დადების უფლებამოსილების მქონე პირმა (სამოქალაქო კოდექსის 341-ე და 137-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალის აღიარების გამიჯვნის შესახებ იხ. სუსგ N ას-599-562-2010).
განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია შპს-ს პარტნიორთა კრების ოქმით. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-3 პუნქტების თანახმად კი, შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს დირექტორს. ოქმზე ხელმომწერი ერთ-ერთი პარტნიორი, მ-------–--–--ე, იმავდროულად შპს-ს დირექტორია. ცალსახაა, რომ ვალი უფლებამოსილი სუბიექტის მიერაა აღიარებული. გამოვლენილი ნება ცალსახაა და სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, მოპასუხემ აღიარებული ვალდებულების ნაწილი შეასრულა და გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
მოპასუხის მოსაზრებით სესხიც ხანდაზმულია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება უვადოდ იყო დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უვადოდ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე მოთხოვნას არ შეასრულებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სარჩელი ხანდაზმული ვერ იქნება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ 2017 წლის 1 სექტემბრამდე მოსარჩელემ ვალის დაბრუნება მოითხოვა, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბერს მოპასუხემ ვალი აღიარა.
ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების დარჩენილი ნაწილის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2192 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს „ს------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს------ს“ ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 60 900,03 ლარისა და 4000 აშშ დოლარის გადახდა;
3. შპს „ს------ს“ ინდ. მეწარმე ქ------–----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2192 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია