გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002424031
საქმე №2-1789/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წ ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე: ი-----------–--ე
წარმომადგენელი: გ--–-----------
მოპასუხე: ლ--------–--ე
წარმომადგენელი: რ-----------–---–-
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი.
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ი-----------–--ესა და ლ--------–--ეს შორის 2006 წლის 01 ივნისის #0071018 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. მოპასუხე ლ--------–--ეს არასრულწლოვანი შვილების, ნ-------–--ის და სა------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2018 წლის 01 აპრილიდან მათ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 500-500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო განქორწინების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ; არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ი-----------–--ესთან ერთად და იმყოფებიან მის კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი-----------–--ე და ლ--------–--ე 2006 წლის 01 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.(იხ.სხდომის ოქმი).
- ქორწინების მოწმობა.
3.2.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 05 ივნისს დაბადებული ნ-------–--ე და 2009 წლის 20 ნოემბერს დაბადებული სა------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლები.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ი-----------–--ესთან ერთად, სადაც მათ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები.
ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მამას, ლ--------–--ეს აქვს ურთიერთობა შვილებთან. ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, თავად მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და სოციალური მუშაკის დასკვნა.
სასამართლომ მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა მოსაზრებები და საბოლოოდ, მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და მხარეებს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სოციალური მუშაკის დასკვნა.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლ--------–--ეს აქვს სტაბილური შემოსავალი, მუშაობს სატვირთო მანქანაზე და ასევე არის ფირმის ხელმძღვანელიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სოციალური მუშაკის დასკვნა.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.
3.2.5. ი-----------–--ემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 01 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შეწყდეს ი-----------–--ესა და ლ--------–--ეს შორის 2006 წლის 01 ივნისს #0071018 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ი-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი, ლ--------–--ეს მისი არასრულწლოვანი შვილების 2006 წლის 05 ივნისს დაბადებული ნ-------–--ის და 2009 წლის 20 ნოემბერს დაბადებული სა------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის ყოველთვიურად 300-300 ლარის ოდენობით 2018 წლის 01 მაისიდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე და 61-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. A
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს.
სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამდენად სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.
6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განქორწინებასთან ერთად უნდა გადაწყდეს ქორწინებაში დაბადებული ბავშვების ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხი და არასრულწლოვანი ნ-------–--ის და სა------–--ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ი-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში ღებულობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1198-ე მუხლების დანაწესებს, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე ნორმის თანმახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის საკითხი.
სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1201 მუხლის შესაბამისად თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის დროს დავას წყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვის საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 1202 მუხლის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის აღზრდის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების მატერიალური პირობებიც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ნინი და სა------–--ეების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის ი-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
დადგენილია, რომ ნ-------–--ე და სა------–--ე არიან არასრულწლოვნები, რომელთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელიც თავად ზრდის ბავშვს უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის განმავლობაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ბექა აბაშიძეს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც ამ დროისათვის უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების ნ-------–--ის და სა------–--ის სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში 300-300 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის განმავლობაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2018 წლის 01 მაისიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოცემულ შემთხვევაში ი-----------–--ის მიერ სარჩელზე განქორწინების ნაწილში წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, ამასთან დადგენილია, რომ ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამიტომ ი-----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 30.04.2018წ №21 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე ალიმენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამ ნაწილში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი-----------–--ის სარჩელი ლ--------–--ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
1.1. შეწყდეს ი-----------–--ეს (----------------–------------------ და ლ--------–--ეს (----------------–------------------ შორის 2006 წლის 01 ივნისს #0071018 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. არასრულწლოვანი შვილების, ნ-------–--ის და სა------–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ი-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი.
1.3. დაეკისროს ლ--------–--ეს არასრულწლოვანი შვილის, 2006 წლის 05 ივნისს დაბადებული ნ-------–--ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით 2018 წლის 01 მაისიდან ნ-------–--ის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.4. დაეკისროს ლ--------–--ეს არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 20 ნოემბერს დაბადებული სა------–--ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით 2018 წლის 01 მაისიდან სა------–--ის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. ლ--------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 108 ლარის ოდენობით.
3. ი-----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 30.04.2018წ №21 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე