გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/17403-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ნ---------------ე
წარმომადგენელი მ--------------–---–ი
მოპასუხე ბ------------ი
წარმომადგენელი ნ-----–-----------ე
დავის საგანი მამობის აღიარება, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ-----–----------ის (დაბადებული 2--- წლის 0------------–ს) მამად ბ------------ის (პირადი №0----------) აღიარება;
1.2. ბ------------ისათვის (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე ნ---------------ე და მოპასუხე ბ------------ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შორის ურთიერთობა შეწყდა ნ---------------ის ორსულად ყოფნის პერიოდში. 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ე მხარეთა საერთო შვილია, არასრულწლოვანს მიენიჭა დედის გვარი „თ-------ე“. მოპასუხეს შვილი არასდროს უნახავს, იგი მშობლის უფლებებსა და ვალდებულებებს არ ასრულებს. დ-----–----------ე იმყოფება დედის კმაყოფაზე. მოპასუხე ეწევა ბიზნეს საქმიანობას და აქვს შემოსავლები სხვადასხვა კომპანიებიდან კერძოდ, შპს „ნ------------–- (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) არის 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი-----------–-“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) არის არის 50 % წილის მფლობელი და დირექტორი, შპს B-------------------------------ში (საიდენტიფიკაციო N4--------) არის 50 % წილის მმართველი და შპს ბ------------ში (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) არის 50 % წილის მმართველი. მოსარჩელე ნ---------------ე არ არის დასაქმებული, რადგან ზრდის არასრულწლოვან შვილს. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებაში უნდა მონაწილეობდეს ორივე მშობელი, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია გასწიოს ხარჯი დ-----–----------ის აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. არასრულწლოვანი დ-----–----------ე 2018 წლის სექტემბრის თვეში დადიოდა საბავშვო ბაღში „ფ----–-“, რომლის ყოველთვიური გადასახადი 450 ლარია. მოსარჩელემ ვეღარ შეძლო შვილის საბავშვო ბაღში ტარება უსახსრობის გამო. არასრულწლოვანი აღზრდისათვის საჭიროა სწორი კვება, რაც მის გონებრივ განვითარებასთანაა კავშირში. ალიმენტის სახით მოთხოვნილი 1000 (ათასი) ლარი არის აუცილებელი თანხა მცირეწლოვნის განვითარებისათვის.
(სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ------------მა სასარჩელო მოთხოვნა მამობის აღიარების ნაწილში ცნო;
2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს დ-----–----------ის (დაბადებული 2--- წლის 0------------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით, იგი არის არასრულწლოვანი დ-----–----------ის მამა. ბ------------ი თავს არ არიდებს მშობლის ვალდებულების შესრულებას მცირეწლოვანის რჩენასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას მოთხოვნილი ოდენობით, ვინაიდან თანხა არაგონივრულია, არ შეესაბამება მცირეწლოვანის რეალურ საჭიროებებს. მოპასუხე დასაქმებულია, თუმცა ამჟამად შემოსავალი არ აქვს; მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე წარმოადგენს ოთხი საწარმოს წილის მფლობელს, კომპანიების მიერ მიღებული მოგება ჯამში 1000 ლარსაც კი არ შეადგენს. მოპასუხე მზად არის სათანადო მზრუნველობა გაუწიოს არასრულწლოვან და უზრუნველყოს მისი აუცილებელი მოთხოვნილებანი. მოპასუხეს ჰყავს სხვა ოჯახი და ელოდება შვილს.
(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ---------------ე და მოპასუხე ბ------------ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მოსარჩელე ნ---------------ის ორსულობის პერიოდში მხარეთა შორის შეწყდა ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ის. სასამართლოსს ხდომის ოქმი);
- სურათები (ტომი 1, ს.ფ. 22-28).
3.1.2. დ-----–----------ე დაიბადა 2--- წლის 0------------–ს. დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ნ---------------ე, ხოლო მამის გრაფა ცარიელია; დ-----–----------ე ცხოვრობს მოსარჩელე ნ---------------ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა N0---------- (ტომი 1, ს.ფ.13).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ის. სასამართლოსს ხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელე ნ---------------ე შრომისუნარიანია. იგი არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბ------------ი არის ნ---------------ის შვილის 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ის ბიოლოგიური მამა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნა N0-------- (ტომი 1, ს.ფ. 85-93);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.5. არასრულწლოვანი დ-----–----------ე 2018 წლის სექტემბრის თვეში იყო საბავშვო ბაღის „ფ----–-ს“ აღსაზრდელი, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 15 ოქტომბერს შპს „ფ----–-ს“ დირექტორის ა-----------ს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1 , ს.ფ. 109);
-სს“ თიბისი ბანკის“ მიერ 2018 წლის 05 სექტემბერსა და 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული საგადასახადო დავალებები N64547689, N 54(ტომი 1, ს.ფ. 110-111).
3.1.6. მოპასუხე ბ------------ი არ უწევს სისტემატიურ მატერიალურ დახმარებას თავის არასრულწლოვან შვილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.7. მოპასუხე ბ------------ს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოაპსუხე ბ------------ი არის შპს „ნ------------–-“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი-----------–-“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართვლი და დირექტორი, შპს „B-------------------------------ს“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 50 % წილის მმართველი და შპს „ბ------------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 14-21; 235-236).
3.2.2. მოპასუხე ბ------------ი შრომისუნარიანია. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ------------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ტომი 1, ს.ფ. 101);
3.2.3. შპს „ბ------------სა“ და შპს „ს------------–------------“ შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 32 884 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აპრილი;
შპს „ბ------------სა“ და ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს შორის 2018 წლის 17 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 13 987 ლარი, მომსახურების მიწოდების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 აგვისტო;
შპს „ბ------------სა“ და სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 22 749.22 ლარი, დადგინდა, რომ მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა 2018 წლის 1-2 ივნისს;
შპს „ბ------------სა“და სსიპ ს------------------------------ს შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 32 483.60 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი.
შპს „ბ------------სა“ და სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 18 877.00 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-28 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 17 772.40 ლარი;
შპს „ბ------------სა“და სსიპ ს------------------------------ს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31475.00 ლარი, ტრენინგის ჩატარების პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-31 ოქტომბერი;
შპს „ბ------------სა“ და სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7763.22 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01-15 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეტანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 7 129.02 ლარი;
შპს „ბ------------სა“ და სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 90 625.10 ლარი, ხოლოხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი;
შპს „ბ------------სა“ და სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 860 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი; 2017 წლის 05 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 31 411.60 ლარი;
შპს „ბ------------სა“ და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 27 540 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი;
შპს „ბ------------სა“ და ს---------------------------–-----–ს შორის 2017 წლის 03 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13 499 ლარი, ხოლო მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 იანვარი; 2017 წლის 24 ივლისის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 03 აპრილის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ბ------------სა და შპს „ს------------–------------“, ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს, სსიპ მა-–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს,სსიპ ს------------------------------ს და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს დამოწმებული ხელშეკრულებანი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ტომი1, ს.ფ. ).
3.2.4. შპს „ნ-------------“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------), შპს „ი------------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), შპს „B-------------------------------ს“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 2017 წლის 04 თებერვლიდან არ უფიქსირდებათ მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/ დეკლარაციის წარდგენის ფაქტი. მოცემულ კომპანიებს ასევე არ უფიქსირდებათ დღგ-ს დეკლარაციების წარდგენა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებბს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 02 ნოემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ტომი 1, ს.ფ. 237);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------ (ტომი 2, ს.ფ.1).
3.2.5. შპს „ბ--------------“ მიერ 2017 წლის 04 თებერვლიადნ 2018 წლის ნოემბრის თავის მდგომარეობით სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ს, მოგების, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებისა და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით, მოპასუხე ბ------------ი, როგორც მოცემული კომპანიის 50 % წილის მმართველი პირი წარმოადგენს დივიდენდის მიღების უფლების მქონე პირს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------, თანდართული მასალებით (ტომი 2, ტომი 3).
3.2.6. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გარემოებას მასთან მიმართებით, რომ მოპასუხე ბ------------ს შპს „ბ------------ს“ მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული აქვს დივიდენდი 36 849 ლარის ოდენობოთ; ასევე დადგენილად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ დივიდენდის სახით განსაზღვრულ თანხას მოპასუხე იღებს დადგენილი პერიოდულობით;
ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------, თანდართული მასალებით (ტომი 2, ტომი 3).
3.2.7. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ბ------------ის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი გარდა არასრულოვანი დ-----–----------ისა;
სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოაპსუხე ბ------------ს აქვს ფინანსური ვალდებულებები შესასრულებელი საბანკო დაწესებულებებისა თუ სხვა პირთა წინაშე.
მოპასუხე მხარის განმარტებით მას შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ელოდება შვილს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი ყოფნის ფაქტს დაადასტურებდა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან მამობის დადგენა შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს და მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე შვილის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 მუხლები, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაცია, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-2, მე-3, მე-9, მე-18, 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე ნ---------------ის არასრულწლოვანი შვილის, დ-----–----------ის მამად მოპასუხე ბ------------ის აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი მოცემული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი. განსახილველი ნორმის მიხედვით, მამობის დადგენისას აუცილებელია ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც უკავშირდება საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახის შექმნის მიზანს ან პოტენციური მამის მიერ მამობის აღიარების ფაქტს.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
დადგენილია, რომ ნ---------------ესა და ბ------------ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება. დ-----–----------ის დაბადების მომენტისათვის მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, რის გამოც მშობლებს ერთობლივი განცხადებით შვილის წარმოშობის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ. გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბ------------ი არის ნ---------------ის შვილის 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ის ბოილოგიური მამა.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.
‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანის მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, შენარჩუნდეს ბავშვის კავშირი ოჯახთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ-შორის მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები. ამასთან, ბ------------მა სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის ნაწილში ცნო, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს, ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დ-----–----------ე არის ნ---------------ისა და ბ------------ის საერთო შვილი. ნ---------------ე და ბ------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის დაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიეული სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავლებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანი დ-----–----------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
დადგენილია, რომ მოაპსუხე ბ------------ი არის შპს „ნ------------–-“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი-----------–-“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართვლი და დირექტორი, შპს „B-------------------------------ს“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 50 % წილის მმართველი და შპს „ბ------------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი (3.2.1). მოცემული კომპანიებიდან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს შპს „ბ------------“ (3.2.4). შპს „ბ------------ს“ მიერ 2017 წლის 04 თებერვლიადნ 2018 წლის ნოემბრის თავის მდგომარეობით სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ს, მოგების, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებისა და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით მოპასუხე ბ------------ი, როგორც მოცემული კომპანიის 50 % წილის მმართველი პირი წარმოადგენს დიდვიდენდის მიღების უფლების მქონე პირს. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ბ------------ს შპს „ბ------------ს“ მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული აქვს დივიდენდი 36 849 ლარის ოდენობოთ. ასევე დადგენილად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ დივიდენდის სახით განსაზღვრულ თანხას მოპასუხე იღებს დადგენილი პერიოდულობით (3.2.5. -3.2.6).
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა სარეთო კრების გადაწყვეტიელბით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ცხრა თვისა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება თუ რა წესითა და პერიოდულობით ხდება შპს „ბ------------ს“ მიერ პარტნიორებს შორის დივიდენდის გადანაწილება. ალიმენტი კი წარმოადგენს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას, რომელიც მოპასუხემ უნდა გადაიხადოს მისი ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით. საქმის მასალებით დადაგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ------------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი. თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ------------ი შრომისუნარიანია, მის კმაყოფაზე სხვა პირი გარდა არასრულწლოვანი დ-----–----------ისა არ იმყოფება (3.2.7), იგი არის შპს „ბ------------ს“ 50 % წილის მმართველი და აღნიშნული კომპანიიდან დივიდენდი მიღების უფლებამოსილების მქონე პირი, შესაბამისად მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, შვილის აღზრდაში მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ალიმენტის ოდენობის განსზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო დ-----–----------ის ასაკი, ასევე ის გარემოება, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არასრუწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად მისთვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ნ---------------ე არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბიულრი შემოსავალი ხელფასის სახით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის მცირეწლოვანი და მის აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა პირების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის (3.2.7). სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი საბანკო დაწესებულებებისა თუ სხვა პირთა წინაშე შესასრულებელი ვალდებულებებს არ შეიძლება უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭოს ალიმენტის სახით შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმათებით ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ფინანსური ვალდებულების შესრულება შესაძლოა გარკვეულ ვადასთან იყოს დაკავშირებული, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და მცირეწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, ბ------------ი ელოდება შვილს, შესაბამისად მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი დ-----–----------ისა კიდევ სხვა პირიც იმყოფება. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით)
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 12 ივნისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ასევე არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე შესაბამისად, მოსარჩელე ნ---------------ე მამობის აღიარებისა და ალიმენის გადახდის დაკირების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენის სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნო, ბ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა, ხოლო მამობის დადგენასთან მიმართებით მოპასუხე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე მამობის აღიერების მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშიმ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომლიც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დაკმატოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სასრჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ნ---------------ის მიერ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარებისათვის 800 (რვაასი) ლარის გადახდა. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მამობის აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოაპსუხე ბ------------ს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ---------------ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ბ------------ის (პირადი N0----------) მიმართ მამობის აღიარებისა და ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით:
1.1. აღიარებულ იქნას ბ------------ი (პირადი N0----------) დ-----–----------ის (დაბადებული 2--- წლის 0------------–ს, პირადი №) მამად;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ბ------------ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0------------–ს დაბადებული დ-----–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
2. განემარტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველს დ-----–----------ის დაბადების აქტის ჩანაწერში;
3. დაეკისროს მოპასუხე ბ------------ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა, ხოლო მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლდეს საპროცესო ხარჯის ანაზღაურებისგან;
4. დაეკისროს მოპასუხე ბ------------ს (პირადი N0----------) მოსარჩელე ნ---------------ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 800 (რვაასი) ლარის გადახდა;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ---------------ეს (პირადი №0----------) მ-------------–---–ის (პირადი N3----------) მიერ 2018 წლის 04 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით (სს „თიბისი ბანკი“, საგადასახადო დავალება N0, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა