გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
821210018002627554
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/197-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 თებერვალი, 2019 წელი ქ. დუშეთი

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს

დუშეთის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი

მოსარჩელე: დ--–-----------–----–---------------

წარმომადგენელი: ან-------–-ილი

მოპასუხე: ფ/პ ო-----------–ი

დავის საგანი: ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება

1. სასარჩელო მოთხოვნა: ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

1.1. სარჩელის საფუძვლები: დ--–-----------–----–----------------–-- 2016 წლის 21 ოქტომბრის №--------------ის საფუძველზე, დ--–-----------–----–------ის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ სოფელ ბარისახოში მდებარე ყ------–------–------ის სახლის შენობა-ნაგებობის (ს/კ 7----.68.045) პირველ სართულზე მარჯვენა ფლიგელში განთავსებული 80 კვ.მ. საერთო ფართი (ორი ოთახი) ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ო-----------–ს. 2016 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამქირავებელი იღებდა ვალდებულებას ყოველწლიურად გადაეხადა ქირა 600 ლარი. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველწლიურად საანგარიშო წლის ბოლო რიცხვამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2016 წლის 24 ოქტომბერს მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხეს გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

მოპასუხე ფ/პ ო-----------–მა არ გადაიხადა ქირა, რის გამოც მას პირველად, 2017 წლის 04 დეკემბერის №08/14736, ხოლო მეორედ 2018 წლის 24 იანვარის №08/1380 გაფრთხილების წერილებით ეცნობა იმ დროისთვის არსებული დავალიანების და მისი გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

ფ/პ ო-----------–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ასევე არ გაითვალისწინა დ--–-----------–----–------ის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილები, რის გამოც მის მიმართ დ--–-----------–----–---------------- №1445/ს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულება. სარჩელის აღძვრის დროისათვის ფ/პ ო-----------–ის დავალიანება შეადგენდა 2328 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 018 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1 310 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ან-------–-ილმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა მოპასუხე ო-----------–ისთვის ქირის თანხის 1018 ლარის და 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის ”5.2.” ქვეპუნქტის თანახმად პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევის დღიდან (2017 წლის 25 ოქტომბრიდან) ძირითადი დავალიანების დაფარვის დღემდე, ყოველდღიურად ძირითადი დავალიანების 0,1% ოდენობით (მაგრამ, არანაკლებ 5 ლარისა) დაკისრება. საფუძვალდ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით: ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა)მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 1%(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.”

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მას ნაქირავები ფართით არ პრაქტიკულად უსარგებლია. მან ფართი დაიქირავა მხოლოდ სამეწარმეო მიზნებისთვის, კერძოდ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტში, რომელშიც სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა და ვერ მიიღო დაფინანსება. შესაბამისად, არ აღარ დადგა საჭიროება იმისა, რომ მას ესარგებლა ნაქირავები ფართით. ამასთან, დ--–-----------–----–---------------ს მაშინვე უნდა შეეწყვიტა მასთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, მას შემდეგ როდესაც მან ქირა არ გაიდაიხადა, რის გამოც არ არის ვალდებული აანაზღაუროს პირგასამტეხლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 ოქტომბერის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ ო-----------–ს სარგებლობაში გადაეცა დ--–-----------–----–------ის საკუთრებაში არასებული ქონება. კერძოდ, სოფელ ბარისახოში მდებარე ყ------–------–------ის სახლის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში განთავსებული 80 კვ. მ. საერთო ფართი (ორი ოთახი). ამ ქონებით სარგებლობისთვის მოპასუხე ო-----------–ს უნდა გადაეხადა ყოველწლიური ქირა 600 ლარის ოდენობით, საანგარიშო წლის ბოლო რიცხვამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

3.1.2. ფ/პ ო-----------–ი არ იხდიდა 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად გადასახადს, რის გამოც მას 2017 წლის 04 დეკემბრის და 2018 წლის 24 იანვრის წერილებით ეცნობა გადახდის ვალდებულებისა და იმდროისათვის არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ. ასევე ეცნობა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდებოდა კანონმდბლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

3.1.3. ფ/პ ო-----------–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ქირის თანხის ანაზღაურების შესახებ. ასევე, არ გაითვალისწინა დ--–-----------–----–------ისდან გაგზავნილი გაფრთხილების წერილები, რის გამოც დ--–-----------–----–------ის მერის 2018 წლის 05 ივლისის №1445/ს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა მასსა და დ--–-----------–----–---------------ს შორის 2016 წლის 24 ოქტომბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი ( ს.ფ.1-15);

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სხ. ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხ. ოქმი);

- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. -18-22);

- 2016 წლის 24 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 27);

- დ--–-----------–----–----------------–-- 2016 წლის 21 ოქტომბრის №--------------ა;

- დ--–-----------–----–------ის მერის 2018 წლის 05 ივლისის №1445/ს ბრძანება;

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებისთვის სადაო არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2016 წლის 24 ოქტომბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი ქირის თანხა 1018 ლარის ოდენობით და ასევე პირგასამტეხლო 82 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, მე-400, 402-ე, 404-ე, 405-ე, 531-ე, 553-ე, 554-ე, 558-ე, 416-ე-420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

მოპასუხე ო-----------–ი მართალია თავის სიტყვაში არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თუმცა იგი სასამართლოს მხრიდან დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე ეთანხმებოდა, თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს რაზეც დამყარებულია მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, - დაეთანხმა სრულად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტა, არის თუ არა სარჩელი საფუძვლიანი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, კერძოდ: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ფორმალური და მატერიალური პირობების არსებობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რის შედეგად მოსარჩელემ მის საკუთრებაში არებული უძრავი ქონება მოპასუხეს გადასცა სარგებლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. ხსენებული ნორმის დიპოზიცია არ გამორიცხავს სხვა ვადასაც, რაც შესაძლებელია განისაზღვროს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 554-ე მუხლის თანახმად, თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება.

 

დასახელებული ნორმის შინაარსი ცალსახად მიუითითებს, მოპასუხის პოზიციის სისუსტეზე, როდესაც ის განმარტავს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ვინაიდან მას შემდეგ რაც, ვერ გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ გარკვეულ პროექტში ზემოხსენებული ფართით სარგებლობის საჭიოროებაც ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 361-ე მუხლი მოპასუხეს ავალდებულებს ზუსტად დაიცვას მხარეთა მიერ შეთანხმებული ვალდებულების შესრულების პირობები. სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია არა მხარის პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე, მის დასჯაზე, არამედ, ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულების ერთგულების პრინციპი).

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ო-----------–მა არ შეასრულა ვალდებულება გადაეხადა დ--–-----------–----–------ისათვის მათ შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალსწინებული ქირის თანხა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს გადაუხდელი ქირის 1018 ლარის მოსარჩელისათვის ანაზრაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს გარკვეული „სანქცია“ ეკისრება;

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ პრევენციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რადგან პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

 

ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება ძირითადი დავალიანების (1018 ლარის) დაფარვის დღემდე ყოველდღიურად, ძირითადი დავალიანების 0,1% ოდენობით(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა) დაკისრება.

 

მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (ქირავნობის ხელშეკრულებით) გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ქირის გადახდის დაგვიანებისთვის და პირგასამტეხლოს გადახდა დამქირავებელს არ ათავისუფლებს მასზე დაკისრებული ძირითადი ვალდებულების შესრულებისგან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

 

კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016, ას-816-767-2015) პირგასამატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მერ მოითხოვნილი პირგასამტეხლო სადაო ხელშეკრულების გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა ქირავნობის თანხის დავალიანების თითქმის 40% შეადგენს და მეტიც, ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, გონივრულობის სტანდართის ფარგლებში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 82 ლარით, რაც დავალიანებული თანხის დაახლოებით 8%-ს შეადგენს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის თანხა უზრუნველყოფს როგორც კრედიტორის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკარგის მინიმალურად ანაზღაურებას, ისე ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან დ--–-----------–----–------ის გამგეობა ,,სახელმწიფო ბაჟის‘‘ შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ‘‘ ქვეპუნქტით, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟს გადახდის ვალდებულებისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ--–-----------–----–---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ფ/პ ო-----------–ს (პ/ნ1----------) დ--–-----------–----–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს ქირავნობის თანხა 1018 (ათას თვრამეტი) ლარის გადახდა;

 

3. ფ/პ ო-----------–ს (პ/ნ1----------) დ--–-----------–----–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 82 (ოთხმოცდაორი) ლარის გადახდა;

 

4. ფ/პ ო-----------–ს (პ/ნ1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დუშეთის მაგისტრატი სასმართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი