გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1400-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს ,,ბ--------კი“
წარმომადგენელი - ა------–---, თ-----------–----ა
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - გ-- ძ-–-----–---–ი
წარმომადგენელი - ზუ---------–---–ი
თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება, საპროცენტო განაკვეთის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირითადი თანხის 42 744.92 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 2566.75 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 11 157.74 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითადი თანხის 1305.10 ლარის, საპროცენტო სარგებლის 108.80 ლარის და პირგასამტეხლოს 405.65 ლარის გადახდა.
1.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რომლის მონაცემებია: თბილისი, თ------------------------------------–----, ბინა #88, ფართი 81.41 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 13 ივნისს, სს ,,ბ--------კს“ და გ-- ძ-–-----–---–ს შორის დადებული #10---5 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 13 ივნისს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12.5% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, 180 თვის ვადით. ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2013 წლის 13 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 25 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2657.00 ლარის ოდენობით ვადით 25/06/2014 წლიდან 25/12/2015 წლამდე წლიურ 24%-ში. ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხსენებული ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 13 ივნისს, სს ,,ბ--------კს“ და მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს შორის დაიდო #13.06-----13 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ-- ძ-–-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: თბილისი, თ----------ის გ----------------------–---, ბინა #88, ფართი 81.41 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.
მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის წინაშე ხსენებული ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. 2015 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 46 469.41 აშშ დოლარს და 1819.55 ლარს, აქედან 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითადი თანხა 42 744.92 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2566.75 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1157.74 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხაა 1305.10 ლარი, დარიცხული პროცენტი 108.80 ლარი, პირგასამტეხლო 405.65 ლარი. იპოთეკით უზრუნველყოფილი დავალიანება ასევე მოიცავდა პირგასამტეხლოს დავალიანების ძირითადი თანხების 0.1%-ის ოდენობით, 2015 წლის 22 ოქტომბრის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის წინამდებარე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე საკრედიტო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სს ,,ბ--------კის“ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
2.2.1. მოპასუხე სს ,,ბ--------კს“ მოსარჩელე გ-- ძ-–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მიერ ვადაზე ადრე გადახდილი საპროცენტო სარგებლის 2255.08 აშშ დოლარის დაბრუნება.
2.2.2. დაკორექტირდეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი 12.5% და შემცირდეს 6%-მდე.
შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 13 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და შეგებებულ მოსარჩელეზე გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, წლიური 12.5%-ს ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პროცენტები გადახდილი უნდა იქნეს ვადის დადგომისას. ვინაიდან სესხი არის 180 თვიანი, სესხიც და პროცენტიც უნდა დაბრუნდეს 2013 წლის ივნისიდან 180 თვეში.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-3 ნაწილი რეცეფცირებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმად, შეთანხმებული პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის ბოლოს, ხოლო თუ სესხი დაბრუნებულ უნდა იქნეს წლის ბოლომდე, მაშინ სესხის თანხის დაბრუნებისთანავე. სამეცნიერო წრეებში ასევე აღიარებულია, რომ სესხის ხელშეკრულება აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში (ვინაიდან მხარეები სესხის ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავენ წინასწარ) სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს სესხის კონკრეტული ვადის გასვლისას, მაგ: 6 თვის, 1,2, 5 და მეტი წლის შემდეგ, რა ვადითაც დაიდო ხელშეკრულება.
გ-- ძ-–-----–---–ის მიერ ბანკის მიმართ დღემდე გადახდილი თანხები გადახდილია ვადაზე ადრე და ექვემდებარება მისთვის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების თანახმად. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, ვინაიდან ანალოგიურ პირობებში ბანკის მესვეურებზე - დირექტორ ლე-----------------ზე ბანკის მიერ გაცემულია 20 წლიანი იპოთეკური სესხი 2014 წლის 03 ივლისს შემდეგი პროპორციით: კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 200 000 აშშ დოლარი, 30 875 აშშ დოლარის გარანტიით.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, ვინაიდან ანალოგიურ პირობებში ბანკის მესვეურებზე ბანკმა გასცა იპოთეკური სესხი წლიური 6%-ით. მოსარჩელისთვის თანამედროვე საერთაშორისო სამართლით, გარანტირებულია უფლება, გათვალისწინებული ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის შესახებ, მომზადებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საყურადღებოდ. აღნიშნული დასკვნის 29-ე პარაგრაფის თანახმად, საზოგადოებას გააჩნია ძლიერი ინტერესი, როგორც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ასევე მისი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართ.
მართლმსაჯულების ხარისხის უფლების ფარგლებში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მოითხოვს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
2.3.1. მოპასუხე სს ,,ბ--------კმა“ არ სცნო გ-- ძ-–-----–---–ის შეგებებული სარჩელი, მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 13 ივნისს, სს ,,ბ--------კს“ და გ-- ძ-–-----–---–ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება #10---5, კრედიტებით და გარანტიებით მომსახურების შესახებ, 15 წლის ვადით. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, კლიენტს უფლება ჰქონდა ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში, რომლის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ეკვივალენტით.
ხელშეკრულების 3.1.3. პუნქტის თანახმად, კრედიტის სარგებლობის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით წელიწადში.
2013 წლის 13 ივნისს, სს ,,ბ--------კს“ და გ-- ძ-–-----–---–ს შორის დადებული #10---5 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 13 ივნისს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12.5% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, 180 თვის ვადით. ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 13 ივნისის გენერალური ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-20);
- 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 21-23);
- სესხის გრაფიკი, დანართი #1 (ტომი I, ს.ფ. 24-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2013 წლის 13 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 25 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2657.00 ლარის ოდენობით ვადით 25/06/2014 წლიდან 25/12/2015 წლამდე წლიურ 24%-ში. ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს, პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.50%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გრაფიკით გათვალისწინებულ თითოეული შენატანისთვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.50%-ს, მინიმუმ 15 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დაფარავდა დავალიანებას, სამივე თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.50%-ის ოდენობით, მინიმუმ 16 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 28-30);
- გადახდის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2013 წლის 13 ივნისს, სს ,,ბ--------კს“ და მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს შორის დაიდო #13.06-----13 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ-- ძ-–-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: თბილისი, თ----------ის გ----------------------–---, ბინა #88, ფართი 81.41 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, კრედიტებისა და გარანტიების მაქსიმალური მოცულობაა: 100 000 აშშ დოლარი ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ეკვივალენტი. შესრულების ვადა განისაზღვრა 15 წლით. მხარეთა შეთანხმებით, ქონების შეფასებაა 55 875 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 13 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 32-33);
- 06/08/2014 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 34-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–მა დაარღვია სს ,,ბ--------კის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებები, შესაბამისად, 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანების ძირითადი თანხა 42 744.92 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2566.75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1157.74 აშშ დოლარი, სულ 46 469 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 1305.10 ლარი, პროცენტი 108.80 ლარი და პირგასამტეხლო 405.65 ლარი, სულ 1819.55 ლარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით. საგულისხმოა, რომ საქმეზე თავდაპირველ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილი ზოგადი და ბუნდოვანი შესაგებელი, საიდანაც არ იკვეთება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მხარის კვალიფიციური შედავება (მხარე ზოგადად არ ეთანხმება არც ერთ ფაქტობრივ გარემოებს და სასარჩელო მოთხოვნას), ხოლო საქმეზე არაერთი შეგებებული სარჩელის წარმოდგენის პირობებში, მოპასუხე მხარის მიერ მითითებები კეთდებოდა ხელშეკრულების ამორალურობის, ეკონომიკური სიძლიერის გამოყენებით ზეწოლის გზით მისი დადებისა, დისკრიმინაციის და მეორე მხარეზე გავლენის ბოროტად გამოყენების საკითხებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავად დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, რომლიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან არსებითად შედავებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 43);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 38-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მითითება სს,,ბ--------კის“ მიერ მის მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაიმე სახის დისკრიმინაციის თაობაზე არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3635-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამავე კანონის მეორე მუხლის განმარტავს რა დისკრიმინაციის ცნებას, იძლევა მისი გამოვლინებისა თუ ნიშნების ჩამონათვალს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ. ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარეს მართებს არა ზოგადი მითითება მისთვის არასასურველი სახელშეკრულებო პირობის არსებობასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია ერთი კონკრეტული პირისათვის საკრედიტო ხელშეკრულების შეღავათიანი პირობით გაცემა არ წარმოდგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას. წარმოდგენილ შემთხვევაში, გ-- ძ-–-----–---–მა მიუთითა, რომ სს ,,ბ--------კმა“ თანამშრომელზე გასცა იპოთეკური სესხი, წლიური 6% სარგებლის დარიცხვით, მაშინ როცა მასზე იგივე იპოთეკური სესხი გაიცა წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით. სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად, რამდენად გაიცა ბანკის თანამშრომელზე ნაკლები საპროცენტო სარგებლით იპოთეკური სესხი, სასამართლოსთვის უცნობია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგებების საფუძველზე გაანგარიშებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთები (წლიური 12.5 პროცენტი) არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები -იხ. შეგებებული სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ბ--------კის“ სარჩელი გ-- ძ-–-----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ-- ძ-–-----–---–ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ბ--------კს“ და მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის მიმართ გააჩნია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 42 744.92 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 11 157.74 აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხაა 1305.10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 405.65 ლარი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იქნეს შემცირებული 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3500 აშშ დოლარამდე, ხოლო 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 200 ლარამდე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ბ--------კი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.3. მოსარჩელე გ-- ძ-–-----–---–ის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია, მოპასუხე სს ,,ბ--------კს“ მოსარჩელე გ-- ძ-–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, ვადაზე ადრე გადახდილი საპროცენტო სარგებლის 2255.08 აშშ დოლარის გადახდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი 12.5% და შემცირდეს 6%-მდე.
წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ გ-- ძ-–-----–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც მოვალე - გ-- ძ-–-----–---–ის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ის მითითებას საპროცენტო სარგებლის ვადაზე ადრე გადახდასთან დაკავშირებით, 626-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე მითითების გათვალისწინებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-- ძ-–-----–---–ის მიერ სს ,,ბ--------კისთვის“ ყოველთვიურად გადახდილი თანხა წარმოადგენს, ხელშეკრულებით გაწერილ პერიოდულ გადასახდელს (სესხის ძირი თანხის ნაწილს და საპროცენტო სარგებელს) და არანაირად არ წარმოადგენს წინსწრებით გადახდილ პროცენტს. შესაბამისად, მოვალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ფულადი ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად ხორციელდებოდა და შესაბამისად, არ არსებობს სს ,,ბ--------კი“-სათვის 2255.08 აშშ დოლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, ვინაიდან ანალოგიურ პირობებში ბანკის მესვეურებზე ბანკმა გასცა იპოთეკური სესხი წლიური 6%-ით, რასაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელის 12.5%-ის 6%-მდე შემცირების საფუძვლად მიუთითებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3635-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, საქმეზე არ დასტურდება დისკრიმინაციის ფაქტი, რასაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარე საპროცენტო სარგებლის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სს ,,ბ--------კის“ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ნაწილი 902.66 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ს სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3542.94 ლარის გადახდა. ვინაიდან, გ-- ძ-–-----–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე სს ,,ბ--------კის“ სარჩელი მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. გ-- ძ-–-----–---–ს სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 48 811.67 აშშ დოლარის გადახდა, საინდანაც ძირითადი თანხაა 42 744.92 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2566.75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს - 3500 აშშ დოლარი.
1.2. გ-- ძ-–-----–---–ს სს ,,ბ--------კის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1613.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1305.10 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 108.80 ლარი და პირგასამტეხლოს - 200 ლარი.
1.3. საკრედიტო ხელშეკრულებიებდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს,,ბ--------კის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული გ-- ძ-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------ი თ----------ე N5, ბინა N88, ფართი 81.41 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------; ხოლო თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს გ-- ძ-–-----–---–ის სხვა ქონებიდან.
2. მოსარჩელე სს,,ბ--------კის“ მოთხოვნა 2013 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 7657.74 აშშ დოლარის და 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 205.65 ლარის მოპასუხე გ-- ძ-–-----–---–ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმოფილდეს.
3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ-- ძ-–-----–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ბაზის ბანკის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. გ-- ძ-–-----–---–ს სს,,ბ--------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3542.94 ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ბ--------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015 წლის 22 ოქტომბერს სს „ბ--------კის“ მეშვეობით N5 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის ნაწილი 902.66 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე