გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
010210117002150908
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117002150908

# 2-4108/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,ზ------"

წარმომადგენელი - თე--------- ხ-----–--, ქე------ ან-------–---

მოპასუხე - შპს ,,ზ----"

წარმომადგენელი - ზვ---- ფ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

- მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 595715,39 ლარის გადახდა.

1.1. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2009-2016 წლების განმავლობაში მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი დავალიანება 595715,39 ლარის ოდენობით, რომლის თაობაზეც 2016 წლის 09 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ვალდებულების აღიარება/დადასტურების თაობაზე შედარების აქტი.

- მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც საბოლოოოდ ფორმდებოდა საგადასახადო კანონმდებლობით თითოეული ოპერაციისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ: დღგ-ს ანგარიშფაქტურებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს მომსახურების/საქონლის ღირებულება (ფასი) და მოპასუხის მიერ გადასახდელი ჯამური დავალიანება.

- მითითებულ პერიოდში, მოპასუხემ დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2011-2014 წლებში აწარმოა არასრული ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდის სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595715,39 ლარამდე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. მოპასუხის მიმართ დავას აწარმოებენ სხვა სუბიექტებიც, რაზედაც გამოყენებულია უზრუნველყოფაც, კერძოდ ყადაღა ადევს შპს ,,ზ------"-ში შპს ,,ზ----"-ს 25% პარტნიორულ წილს.

- მოსარჩელის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ შპს ,,ზ------"-ში შპს ,,ზ----"-ს გააჩნია რა 25% პარტნიორული წილი, მან დივიდენდები გაიტანა, დივიდენდის სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით აწარმოა არასრული ანგარიშსწორება მოსარჩელესთან, რითაც გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია და მოპასუხეს ამის გამო ეკისრება გამჭოლი პასუხისმგებლობაც.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტება).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ზ----" სარჩელს ნაწილობრივ ცნობს. კერძოდ: მოპასუხე სარჩელს ცნობს 2404 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი დავალიანების - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის გამო.

 

მოპასუხე თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- მოპასუხე მიუთითებს, რომ 2014 წლის 01 დეკემბრის #ეა-03 2306719, 2015 წლის 07 იანვრის #ეა-03 3230464 და 2016 წლის 05 აპრილის #ეა-07 4575964 ანგარიშფაქტურებით დადასტურებულ მოთხოვნას ჯამში 2404 ლარის ოდენობით ცნობს, რაც არ არის ხანდაზმული;

- რაც შეეხება დანარჩენი დავალიანების - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის გამო და აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და არის მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია. შედარების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი, არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავს და წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას.

- 2009-2016 წლების პერიოდში, დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით და გაქვითა 2014 წლის 21 მაისამდე დაგროვილი დავალიანება.

- მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხე არ არის მაჟორიტარი პარტნიორი, 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით და გაქვითა 2014 წლის 21 მაისამდე დაგროვილი დავალიანება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების საფუძველზე და რაიმე სახის გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს.

(იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება).

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე შპს ,,ზ------" არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.2 მოპასუხე შპს ,,ზ----" არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. შპს ,,ზ----" არის შპს ,,ზ------"-ს 25% წილის მფლობელი პარტნიორი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადგებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2009-2016 წლების განმავლობაში, მოსარჩელე შპს ,,ზ------" მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს უწევდა მომსახურებას, ასრულებდა სამუშაოებს და აწვდიდა საქონელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები;

- 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი;

 

3.1.5. 2009-2016 წლების პერიოდში, მოპასუხემ დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595715,39 ლარამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები;

- 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი;

- მოპასუხის წერილები;

- პარტნიორთა კრების ოქმები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- არის თუ არა მოთხოვნა დავალიანების - 593311,39 ლარის გადახდის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში ხანდაზმული;

- მხარეებს შორის გაფორმებული 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, თუ არის მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია. შედარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, განისაზღვრა მოპასუხის დავალიანების გადახდის ვალდებულება, თუ წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას.

 

სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.3. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი. იგი მიიჩნევს, რომ შედარების აქტით მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელეს, მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და არის მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია. შედარების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი, პასუხისმგებლობა, არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავს და წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. გამომდინარე აქედან, მოპასუხე აცხადებს, რომ მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის 3-წლიანი ვადა და მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც იგი უარს ამბობს ვალდებულების შესრულებაზე - 593311,39 ლარის გადახდაზე.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არასებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.

 

ფაქტობრივად ერთმანეთს უპირისპირდება მხარეთა შეფასებები 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტის შინაარსის შესახებ, რაც გადამწყვეტ გავლენას ახდენს ასევე ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტაზე. ანუ, შედარების აქტით თუ დადგინდება, რომ შედარების აქტი წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც აითვლება ამ შეთანხმების დადების დღიდან. ხოლო თუ დადგინდება, რომ შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და არის მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია და წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, მაშინ სახეზე იქნება მოთხოვნის ხანდაზმულობა.

 

სადავო არაა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია 2017 წლის 31 ოქტომბერს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 11 ოქტომბერს და 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე განსჯადობის გამო. აღნიშნული ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის პერიოდი მთავრდება 2017 წლის 11 ოქტომბრისათვის (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება).

 

3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს აღნიშნული დღის მდგომარებით, 01.02.2013წ.-09.11.2016წ. პერიოდისათვის, შპს ,,ზ----"-ს ფინანსური დავალიანების არსებობა შპს ,,ზ------"-ს წინაშე 595715,39 ლარის ოდენობით. შეთანხმების აქტის შინაარსის თანახმად, მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი, პასუხისმგებლობა, აქტი არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი;

 

3.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბოლოს წინა მე-4 საგადასახადო ანგარიშფაქტურა გაიწერა და წარედგინა მოპასუხეს 2014 წლის 01 ოქტომბერს. ამ და მანამდე გაწერილი საგადასახადო ანგარისფაქტურების, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე სამუშაოები შესრულებულია 2011 წლის 04 აგვისტოდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე. ამ პერიოდის სამუშაოების შესრულების გამო წარმოშობილი ვალდებულების - თანხის გადახდას არ ეთანხმება მოპასუხე ხანდაზმულობის მოტივით. 2014 წლის 01 დეკემბრის #ეა-03 2306719, 2015 წლის 07 იანვრის #ეა-03 3230464 და 2016 წლის 05 აპრილის #ეა-07 4575964 ანგარიშფაქტურებით დადასტურებულ მოთხოვნას ჯამში 2404 ლარის ოდენობით, მოპასუხე ცნობს, რაც არ არის ხანდაზმული, სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 11 ოქტომბერი) არ არის გასული მოთხოვნის 3-წლიანი ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები;

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების 3.2.4., 3.2.5., და 3.2.6. პუნქტებში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, უნდა გადაწყდეს 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, თუ მოთხოვნა ხანდაზმული არ იქნება, სარჩელი დაკმაყოფილდება, არ არის რა სადავო სამუშაოების შესრულება, საქონლის მიწოდება, მისი მოცულობა და ფასის ოდენობა. ხოლო თუ მოთხოვნა ხანდაზმული აღმოჩნდება, მაშინ სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდება.

 

ეს საკითხი მიეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2404 ლარის ანაზღაურება, ხოლო 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადგებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2009-2016 წლების განმავლობაში, მოსარჩელე შპს ,,ზ------" მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს უწევდა მომსახურებას, ასრულებდა სამუშაოებს და აწვდიდა საქონელს.

 

წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნარდობისა და ნასყიდობის ზიპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეცა შესრულება. მოპასუხე კი მას აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა, მიაწოდა საქონელი შეასრულა რა თავისი ვალდებულება, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ნასყიდობისა და ნარდობის საზღაური. მოპასუხეს დარჩენილი აქვს ასანაზღაურებლად 595715,39 ლარი, საიდანაც ის ეთანხმება 2404 ლარის გადახდას, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარს ამბობს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, მორალს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ნარდობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა შესაბამისი ანაზღაურება. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც მან შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

მოპასუხემ საქმის მომზადების სტადიაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, 2404 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში, რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სარჩელი ხანდაზმულია თუ არა. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ხანდაზმულობის საკითხი.

6.10. განსახილველ შემთხვევაში კი, ხანდაზმულობის საკითხი ვერ გადაწყდება. თუ არ იქნება განმარტებული მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტის შინაარსი.

დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს აღნიშნული დღის მდგომარებით, 01.02.2013წ.-09.11.2016წ. პერიოდისათვის, შპს ,,ზ----"-ს ფინანსური დავალიანების არსებობა შპს ,,ზ------"-ს წინაშე 595715,39 ლარის ოდენობით. შეთანხმების აქტის შინაარსის თანახმად, მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი, პასუხისმგებლობა, აქტი არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავს.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და არის მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია. შედარების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი, პასუხისმგებლობა, არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავს და წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, წარმოადგენს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნარდობა, ნასყიდობა) ფარგლებში ნების გამოვლენას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელახლა, შედარების აქტის დადებიდან ვერ აითვლება.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ანალოგიურ საქმეებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს (იხ. უზენაესი სასამართლოს განმარტებები: საქმე #ას-1485-1401-2012; საქმე #ას-654-876-08;).

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ნარდობის/ნასყიდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.13. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

6.14. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არარსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.15. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ, ბოლოს წინა მე-4 საგადასახადო ანგარიშფაქტურა გაიწერა და წარედგინა მოპასუხეს 2014 წლის 01 ოქტომბერს. ამ და მანამდე გაწერილი საგადასახადო ანგარისფაქტურების, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე სამუშაოები შესრულებულია 2011 წლის 04 აგვისტოდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე. ამ პერიოდის სამუშაოების შესრულების გამო წარმოშობილი ვალდებულების - თანხის გადახდას არ ეთანხმება მოპასუხე ხანდაზმულობის მოტივით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის პერიოდი მთავრდება 2017 წლის 11 ოქტომბრისათვის, როცა სარჩელი აღძრა. სასარჩელო მოთხოვნა 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში გამომდინარეობს 2014 წლის 01 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოებისა და საქონლის მიწოდებიდან, ანუ, თანხის ამ ნაწილში, თუნდაც ბოლოს წინა მე-4 საგადასახადო ანგარიშფაქტურა გაწერისა და წარდგენიდან მოპასუხისადმი, 2014 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი, უფრო მეტი ვადაა გასული მანამდე შესრულებული სამუშაოებიდან, შეთანხმების აქტი ასახავს ფინანსური ვალდებულებების არსებობას 01.02.2013წ.-09.11.2016წ. პერიოდისათვის. 2014 წლის 01 ოქტომბრის შემდგომ, 2014 წლის 01 დეკემბრის #ეა-03 2306719, 2015 წლის 07 იანვრის #ეა-03 3230464 და 2016 წლის 05 აპრილის #ეა-07 4575964 ანგარიშფაქტურებით დადასტურებულ მოთხოვნას ჯამში 2404 ლარის ოდენობით, მოპასუხე ცნობს, რაც არ არის ხანდაზმული, სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 11 ოქტომბერი) არ არის გასული მოთხოვნის 3-წლიანი ვადა და სარჩელი ამ ნაწილში კმაყოფილდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაზე 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში გასულია 3 წელზე მეტი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.16. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელი ეფუძნება ნარდობისა და ნასყიდობის მატერიალურ ნორმებს, არ გამომდინარეობს მაჟორიტარი პარტნიორის მიერ კომპანიაზე მიყენებული ზიანიდან, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე არ არის მაჟორიტარი პარტნიორი, ის 25% წილის მესაკუთრეა, მან 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით და გაქვითა 2014 წლის 21 მაისამდე დაგროვილი დავალიანება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების საფუძველზე და რაიმე სახის გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, ამიტომ სახ. ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სარჩელი დაკმაყოფილდა 2404 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ სარჩელი ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 72 ლარი, ხოლო 4928 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში. კერძოდ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ზ------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ 2404 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს, 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

4. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 72 ლარი, ხოლო 4928 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (საგადახდო დავალება #1---------, 19/10/2017წ., გადამხდელი - შპს ,,ზ------", ს/ნ 245424---, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22).

 

5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში, უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე