გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002642378
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27555-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ი’’

წარმომადგენლები - კ----–------–--ე, ი-----–-----------, ა-–-------------------–--ე

მოპასუხე - ი----------------

წარმომადგენელი - მ---–-----------–---ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 447.18 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1 083 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის 7 111.57 აშშ დოლარის წლიური 26.4%-ის ოდენობით;

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-16):

1.1.1. 2016 წლის 23 თებევრალს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №6---, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 9 500 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 26.4%-ის დარიცხვის პირობით;

1.1.2. ხელშეკრულების თანახმად, სესხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასმტეხლო 20 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.3. 2016 წლის 07 სექტემბერს ხელშეკრულებაში მათ მიერ შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 9 604.87 აშშ დოლარით, ხოლო ვადა 2021 წლის 25 მარტამდე;

1.1.4. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მეორადი იპოთეკით დაიტვირთა ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი გ-–----ი, ა----–-------------------------, ნაკვეთი 3------ის მიმდებარედ 325 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ 7-----------);

1.1.5. იპოთეკის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი დატვირთული იყო შპს ,,ფ--------------ს’’ და კ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით;

1.1.6. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება პირველი რიგის იპოთეკართა მოთხოვნით გაიყიდა აუქციონზე და იგი გახდა იპოთეკით დატვირთული ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხის სახელზე გაცემული სესხი დარჩა უზრუნველყოფის გარეშე;

1.1.7. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: ძირი თანხა - 7 111.57 აშშ დოლარი, სარგებელი - 447.18 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 083 აშშ დოლარი;

1.1.8. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით დადგენილი წესით, იგი ნებაყოფლობით ამცირებს მის ოდენობას გონივრულ ოდენობამდე - ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.05%-მდე;

1.1.9. გარდა 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მითითებული დავალიანების ოდენობისა, იგი ასევე უფლებამოსილია მოთხოვოს მოპასუხისგან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის 7 111.57 აშშ დოლარის წლიური 26.4%-ის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 58-66).

2.2.1. 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად პირველი რიგის იპოთეკარი იყო მოსარჩელე და მან თავად დააყენა იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა პირველი რიგის იპოთეკარის დასაკმაყოფილებლად და თავადვე შეიძინა უძრავი ქონება, რის გამოც დაკარგა მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნა;

2.2.2. იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს;

2.2.3. ვინაიდან იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს, ხოლო ხელშეკრულების გაუქმება განხორციელდა მოსარჩელის მიერ, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი;

2.2.4. მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს;

2.2.5. იგი მზადაა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულოს ნებაყოფლობით, ეტაპობრივად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №6---, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 9 500 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით (2021 წლის 23 თებერვლამდე) წლიური სარგებლის - 26.4%-ის დარიცხვის პირობით.

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მხარეთა მიერ შეთანხმებული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის საურავს ვალდებულების შესრულების ვადის ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-27)

 

3.1.2. 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის ამავე თარიღში დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №1--------, რომლის თანახმადაც მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი გ-–----ი, ა----–-------------------------, ნაკვეთი 3------ის მიმდებარედ (ს/კ 7-----------).

იპოთეკის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული იპოთეკის საგანი - უძრავი ნივთი უფლებრივი ნაკლის მქონეა - დატვირთულია 1. შპს ,,ფ--------------’’-ს იპოთეკის უფლებით და 2. კ-------------–---–ის იპოთეკის უფლებით.

ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკით უზრუნველყოფილია მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად, რომლის წარმოშობის საფუძველია მათ შორის დადებული 2016 წლის 23 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება №6--- და ასევე მის საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკა, ამონაწერი (ს.ფ. 29-34; 35-36)

 

3.1.3. 2016 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 9 604.87 აშშ დოლარით, ხოლო კრედიტის ვადა განისაზღვრა 54 თვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 28)

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის №4---- განკარგულებით მოსარჩელე აღირიცხა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ, რის შედეგადაც მხარეთა შორის 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულება წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი (ს.ფ. 38-39)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გრაფიკით განსაზღვრულ დროში დაბრუნების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის, სარგებლის - 447.18 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1 083 აშშ დოლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანახმადაც მოპასუხეს მის მიმართ ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის, სარგებლის - 447.18 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1 083 აშშ დოლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე უთითებს, რომ მის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად.

სასამართლო ზემოაღნიშნული შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის პარალელურად, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი ცნობის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი მითითება მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე არ წარმოადგენს მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გრაფიკით განსაზღვრულ დროში დაბრუნების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის, სარგებლის - 447.18 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1 083 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული ფაქტის დადგენისას სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებზე. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს - ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ნორმის მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში.

მითითებულ ნორმათაგან პირველი წარმოადგენს მხარეების გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე - განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიოდ, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი არსებობს შესაბამისი წინაპირობები სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნისა, ამგვარი გამიჯვნა არ შეიძლება მხოლოდ შესაგებელს ეყრდნობოდეს, რადგანაც მოპასუხე მხარეს კანონდებლობა უფლებას ანიჭებს, საქმის მომზადების ეტაპზე შეუზღუდავად დააზუსტოს და დააკონკრეტოს შესაგებელში მითითებული ესა თუ ის გარემოება, მისცეს სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინოს საკუთარი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აქვს მას უფლება, მიუთითოს ახალ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლომ საკუთარი პოზიცია უნდა დაასაბუთოს, როგორც საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით, ისე, გამოიკვლიოს მხარის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის პოზიციის დაზუსტების საკითხი (იხ. საქმე №ას-1013-956-2015).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ მასზედ, რომ მოპასუხეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება სადავოდ გაეხადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იპოთეკით დატვირთული საკუთრების მის საუთრებაში გადასვლასთან მიმართებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, აღნიშნულზე მითითებას საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას უსაფუძვლოს ხდის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 37)

 

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული სარგებლის - 223.59 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26.4%-ით. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დარიცხული სარგებლის ოდენობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველწლიური 26.4%. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება (იხ.სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 26.4%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა.

ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 23 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სესხის სარგებელი ნაცვლად წლიური 26.4%-ისა, უნდა განისაზღვროს მისი ორჯერ შემცირებული ოდენობით - წლიური 13.2%-ით, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 23 თებერვლის №6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული სარგებლის - 223.59 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 სექტემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის წლიური 13.2%-ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საკრედიტო დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მიმართულია საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის მიღებაზე. სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს სესხის კვლავ გაცემით და აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საკრედიტო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის მიღება.

ამასთან, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც ცხადია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელემ განიცხადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, საკრდიტო დაწესებულების შემთხვევაში განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ საკრედიტო დაწესებულებას შეეძლო ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო სარგებლის მიღება. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე შეძლებდა სარგებლის უცილოდ მოთხოვნილი ოდენობით მიღებას შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოპასუხისთვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით მოხდებოდა თანხის ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ საკრედიტო დაწესებულება კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი სარგებელის ნახევარი. ამასთან, აღნიშნული თანხის გადახდა მას უნდა დაეკისროს სარჩელის წარმოდგენიდან არაუმეტეს ერთ წლის განმავლობაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 სექტემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის წლიური 13.2%-ის ოდენობით.

3.2.4. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი ოდენობის 5-ჯერ (216.6 ლარამდე) შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთანავე, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად მოთხოვნილი 0.05%-ისა, ასევე უნდა განისაზღვროს 5-ჯერ შემცირებული ოდენობით - 0.01%-ით.

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მხარეთა მიერ შეთანხმებული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის საურავს ვალდებულების შესრულების ვადის ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 აშშ დოლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე ითხოვს მის შემცირებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 5-ჯერ (216.6 ლარამდე) შემცირებული ოდენობით.

ამასთანავე, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად მოთხოვნილი 0.05%-ისა, ასევე უნდა განისაზღვროს მისი 5-ჯერ შემცირებული ოდენობით - 0.01%-ით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 სექტემბრისა, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის - 7 111.57 აშშ დოლარის 0.01%-ის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 50-ე, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება თანხის განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების თაობაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოპასუხეს 2016 წლის 23 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა - 7 111.57 აშშ დოლარი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2016 წლის 23 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 111.57 ლარის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი უთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

აღნიშნული მუხლის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს’’ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ საქმე №ას-208-197-2017).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 325-ე მუხლებზე დაყრდნობით ბათილად მიიჩნია შეთანხმება სესხის სარგებლის წლიური 26.4%-ით გათვალისწინების შესახებ და გონივრულად მიიჩნია მისი განსაზღვრა წლიური 13.2%-ით, შესაბამისად, სარგებლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 23 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდა 223.59 აშშ დოლარის ოდენობით.

6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საკრედიტო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება.

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საკრედიტო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.5. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ისევე როგორც სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც დარიცხული, ასევე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 028 ლარის ოდენობით (ს.ფ.42-43). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 48.07%). შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 686.44 ლარის ანაზღაურება, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ის'' სარჩელი მოპასუხე ი----------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა - 7 111.57 აშშ დოლარი, პროცენტი - 223.59 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 216.6 აშშ დოლარი;

3. მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 სექტემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის 7 111.57 აშშ დოლარის წლიური 13.2%-ის ოდენობით;

4. მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 სექტემბრისა, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის 7 111.57 აშშ დოლარის 0.01%-ის ოდენობით;

5. მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 686.44 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი