გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
160210017002236241
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160210017002236241

N2/1255-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი, თამთა როყვა

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ელ----------------–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ჯე---------------ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ფა---------------–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენლები: არ-------------ი, ვე---------------ი (არ გამოცხადდნენ)

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მა---------------–--ე (არ გამოცხადდა)

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.1. ელ----------------–სა და ფა---------------–ს შორის, 2008 წლის 04 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.1.2. მოპასუხე ფა---------------–ისათვის არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–--ა და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 300-300 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.1.3. ფა---------------–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. მა-------–-----–----–----–-ს ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.5-- და ს/კ 83.02.15.5--, 1/2 წილის თანამესაკუთრედ მოსარჩელე ელ----------------–ის ცნობა;

 

1.1.4. მხარეთა ერთობლივი ცხოვრების პერიოდში შეძენილი და მოპასუხე ფა---------------–ის მიერ გასხვისებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო ღირებულების ნახევრის - 6135 ლარის მოსარჩელე ელ----------------–ის სასარგებლოდ დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 79-94, 11.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:42:11-12:53:51).

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

1.2.1. ფა---------------–ს, არასრულწლოვან შვილებთან, 2009 წლის 02 აპრილს დაბადებულ ალ-----------------–თან და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებულ ელ--------------–თან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად: კვირაში 2 დღე, შაბათს 10:00 საათიდან - კვირას 21:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით; ბავშვებისა და მამის დაბადების დღეებზე ყოველი წლის 02 აპრილს, 22 დეკემბერსა და 16 სექტემბერს მამას ფა---------------–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას 14:00 საათიდან - 21:00 საათამდე; ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოს 10:00 საათიდან - 30 აგვისტოს 21:00 საათის ჩათვლით, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება თურქეთის რესპუბლიკაში, ასევე ზამთრის არდადეგებზე 25 დეკემბრიდან 10:00 საათიდან - 15 იანვარს 21:00 საათის ჩათვლით, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება თურქეთის რესპუბლიკაში; დასვენების დღეებში: 8 მარტს, 9 აპრილსა და 26 მაისს, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება 10:00 საათიდან - 21:00 საათამდე;

 

1.2.2. მეუღლეთა საერთო ვალის დასაფარად, მოპასუხე ელ----------------–ისათვის ფა---------------–ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2.3. მოპასუხე ელ----------------–ისათვის ფა---------------–ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის ალ-----------------–-- სწავლის საფასურის 1/2 ნაწილის დასაფარად 1375 ლარის გადახდის დაკისრება, ყოველწლიურად წლის პირველი იანვრიდან იმავე წლის პირველ ივლისამდე, სკოლაში სწავლის დასრულებამდე (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ.184-199; დაზუსტებული შეგებებული სარჩელი ს.ფ. 300-311; 31.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:53:05-13:57:11).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2008 წლის 04 აგვისტოდან ელ----------------–ი და ფა---------------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–ი და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ი. მხარეები ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და 6 თვეზე მეტია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე პრინციპულად თავს არიდებს სამოქალაქო რეესტრში მისვლასა და განქორწინებაზე.

 

არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ელ----------------–თან, ხოლო მოპასუხე პრინციპულად თავს არიდებს არასრულწლოვანი ბავშვების რჩენასა და აღზრდისათვის სავალდებულო საალიმენტო თანხის გადახდაზე, ხოლო მოსარჩელე ელ----------------–ი არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი.

 

მხარეებმა ქორწინების პერიოდში, 2013 წლის 19 თებერვალს, ქ. მარნეულში შეიძინეს უძრავი ქონება, ს/კ 83.02.15.1--. ფა---------------–მა აღნიშნული ქონების ნაწილი გადააფორმა თავისი ნათესავის ბადაგულ ასკეროვას სახელზე, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 83.02.15.5--- უძრავი ქონების საერთო ღირებულება შეადგენს 45 344 ლარს. გარდა ამისა, მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში 2016 წლის 25 ივნისს, ასევე შეიძინეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულება შეადგენს 12270 ლარს. ავტომანქანა გასხვისებული იქნა მოპასუხე ფა---------------–ის მიერ, რომლის უკან დაბრუნებაც შეუძლებელია და ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული ავტომანქანის საერთო ღირებულების ნახევრის გადახდა (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 79-94).

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ფა---------------–სა და ელ----------------–ს შეეძინათ ორი შვილი: ელ--------------–ი და ალ-----------------–ი. მხარეები ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობენ, ელ----------------–ი მამას არ ანახებს ბავშვებს, არ აძლევს მას უფლებას მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში.

 

2013 წლამდე ფა---------------–ი და ელ----------------–ი ცხოვრობდნენ თურქეთში, ფა---------------–ის მშობლების სახლში. 2013 წლიდან ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლა და ამ მიზნით, ფა---------------–მა 2013 წლის 19 თებერვალს შეიძინა მიწის ნაკვეთი მარნეულში. ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მათ თურქეთში ისესხეს 30000 აშშ დოლარი, რაზეც 2013 წლის 21 მაისს წერილობით დაიდო ,,მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება“ ფა---------------–სა და თურქეთის მოქალაქე ჰუ-----------ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სახლის აშენების მიზნით და გადახდის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 21 მაისი, ხოლო თანხის მიღების დასტურად გაიცა ჩეკი. სესხის აღების შემდეგ, ფა---------------–მა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლის 28 ივნისს შეათანხმა პროექტი, აიღო მშენებლობის ნებართვა და დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სესხად აღებული თანხით ფა---------------–მა ააშენა საცხოვრებელი სახლი თავისი ოჯახისთვის და საცხოვრებლად გადმოვიდა აღნიშნულ სახლში. ოჯახი სადავო სახლში ცხოვრობდა 2014 წლიდან - 2017 წლის ბოლომდე.

 

მხარეთა უფროსი შვილი ალ-----------------–ი სწავლობს კერძო სკოლაში, შპს ,,და----------–-----–--------–-----------–---–-–----ში“, სადაც ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 2750 ლარს. ბავშვის სწავლის გადასახადს ფაქტობრივ დაშორებამდეც და მას შემდეგაც იხდიდა და იხდის ერთპიროვნულად ფა---------------–ი, თუმცა ამ ხარჯის გადახდა ორივე მშობლის მოვალეობაა, ვიანიდან, მითითებული გადასახადი ემსახურება მათი საერთო შვილის აღზრდა-განვითარებას, შესაბამისად, ელ----------------–ი მოვალეა თანაბრად მიიღოს მონაწილეობა სწავლის გადასახადის დაფარვაში და გადაიხადოს მითითებული თანხის ნახევარი 1375 ლარი ყოველწლიურად, მისი წილის დასაფარად (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ.184-199; დაზუსტებული შეგებებული სარჩელი ს.ფ. 300-311;)

 

2.1. მოპასუხე ფა---------------–ის პოზიცია

 

მოპასუხე ფა---------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ განქორწინების საფუძველი არ არსებობს, განქორწინება ცუდად იმოქმედებს ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე, ბავშვები საჭიროებენ ორივე მშობლის მზრუნველობას და აღზრდას ოჯახურ გარემოში. ფა---------------–ის განმარტებით, იგი არის უმუშევარი, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალის წყარო, ხოლო მოსარჩელეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, აგრეთვე აქვს ოჯახის საჭიროების მიზნით (საერთო სახლის ასაშენებლად) აღებული ვალი, რომელიც გასტუმრებას საჭიროებს და თანახმაა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 70-70 ლარის გადახდაზე.

 

მოპასუხე ფა---------------–მა ცნო სარჩელი უძრავ ქონებაზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, თუმცა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე ვალდებულია სახლის აშენების მიზნით აღებული ვალის ½ წილის გადახდაზე. რაც შეეხება გასხვისებული ავტომანქანის ღირებულების ნახევრის გადახდის დაკისრებას, მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომანქანა დღეის მდგომარეობით აღარ არის თანასაკუთრება და ის ეკუთვნის მესამე პირს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოთხოვნილი თანხა არ არის გასხვისებული ფასის ნახევარი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება თუ რამდენად გასხვისდა მანქანა და გასხვისების შედეგად აღებული თანხა არის თუ არა მოპასუხის საკუთრებაში. შესაბამისად, გაყოფას არ შეიძლება დაექვემდებაროს არარსებული ნივთი და ან მისი სავარაუდო საბაზრო ღირებულება, ანალოგიურად იმისა, რომ გაყოფას არ ექვემდებარება 10-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში რაც შეუძენიათ და გაუსხვისებიათ მეუღლეებს, იმ მიზეზის გამო, რომ ის ნივთები გაყოფის მომენტისთვის მათ საკუთრებას აღარ წარმოადგენს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 118-124; 162-172).

 

2.2. მოპასუხე ელ----------------–ის პოზიცია

 

მოპასუხე ელ----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით ფა---------------–ის შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი ,,მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება“ არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, ზუსტად იმ დროს არც თვითონ და არც ფა---------------–ი არ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. ასევე ხელშეკრულების თანახმად, მის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. სტამბულის სასამართლოები. ელ----------------–მა ასევე არ ცნო სარჩელი არასრულწლოვანი შვილის სწავლის საფასურის დაკისრების ნაწილში (იხ. შესაგებელი ს.ფ. 291-298, ტომი II - ს.ფ. 20-27).

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხე ელ----------------–ის სახელით მისმა წარმომადგენელმა ჯე---------------მა ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილების ნახვის ნაწილში, კერძოდ, მოპასუხე თანახმაა კვირას დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მამამ ნახოს ბავშვები დედის თანდასწრებით, წაყვანის გარეშე; ზაფხულის არდადეგებზე წაიყვანოს 1 კვირით საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე ბავშვების დაბადების დღეებზე და დღესასწაულებზე მოინახულოს ბავშვები 10:00 საათიდან -18:00 საათამდე დედის საცხოვრებელ სახლში (იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:27:59-12:33:08).

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ალპერენ და ელ--------------–ებს არ ახასიათებთ ანტისოციალური ქცევა. ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მათ ასაკს. ელ----------------–ის გადმოცემით ბავშვები ჯანმრთელები არიან და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით. დაკმაყოფილებულია ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ალ-----------------–ი ირიცხება და----------–-----–--------–-----------–---–-–----ის მე-4 კლასში. ბავშვებს ოჯახში აქვთ შექმნილი უსაფრთხო, თბილი და სტაბილური ურთიერთობა.

 

მშობლების დაშორების შემდეგ, ალპერენ და ელ--------------–ები რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ მარნეულში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ფა---------------–მა სახლში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ცხოვრობდნენ შეუწყვიტა ელ. ენერგიისა და წყლის მიწოდება, რის გამოც ელ----------------–ი თავის ორ შვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად დედასთან - ქ. მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ბებიასთან და ბიძაშვილებთან ერთად, ხოლო ელ----------------–ის ძმა და მეუღლე მუშაობენ თურქეთის რესპუბლიკაში. ოჯახში საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვებზე სათანადოდ ზრუნავენ ოჯახის წევრები.

 

ფა---------------–ი არის მეზღვაური და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს გემზე, პერიოდულად კი ჩამოდის საქართველოში. ფა---------------–სა და ელ----------------–ს შორის ურთიერთობა დაიძაბა დეკემბრის თვეში და ფა---------------–ის მიმართ 2018 წლის 05 იანვარს გაიცა 10-დღიანი შემაკავებელი ორდერი. ამჟამად, მხარეებს შორის არ ხდება არავითარი სახის კონფლიქტი. ელ----------------–ის გადმოცემით, მამამ ბავშვები ბოლოს ნახა დაახლოებით 3 თვის წინ, ასევე ორჯერ ესაუბრა ტელეფონის მეშვეობით. დედის განმარტებით, მამა ალ-----------------–ს უხდის სწავლის გადასახადს, სხვა მხრივ, კი არ ეხმარება შვილებს.

 

სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, ელ----------------–ი თანახმაა მამას ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან, ასევე ბავშვები არ არიან წინააღმდეგი მამასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. სოციალური მუშაკის შეფასებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვან ბავშვებს ალპერენ და ელ--------------–ებს მამასთან ფა---------------–თან ჰქონდეთ ურთიერთობა (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, ტომი II - ს.ფ. 33-34, შეფასების ფორმები ს.ფ. 35-50);

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რაიმე დამაბრკოლებელ გარემოება არ არსებობს, რათა მამამ შეძლოს ბავშვების ნახვა და მიეცეს მათი სახლში წაყვანის უფლება (იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:41:35-13:46:45).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 04 აგვისტოდან, ელ----------------–ი და ფა---------------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19).

 

3.1.2. ელ----------------–სა და ფა---------------–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–ი და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 21)

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 23).

 

3.1.3. მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. ამჟამად, ალ-----------------–ი და ელ--------------–ი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან ელ----------------–თან. ელ----------------–ი ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ფა---------------–ი ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ფა---------------–ის შუამდგომლობა მხარეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემის თაობაზე; ამდენად, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღედგინათ ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა, მხარეები არ შერიგებულან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.2.2. არასრულწლოვანი ალ-----------------–ი სწავლობს და----------–-----–--------–-----------–---–-–----ის III-ა კლასში. აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმში წლიური სწავლის საფასური შეადგენს 2750 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 206);

 

3.2.3. ელ----------------–ი არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.2.4. საქმეში არ მოიპოვება ცნობები მოპასუხე ფა---------------–ის სამუშაო ადგილის შესახებ. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ფა---------------–ი ამჟამად ოფიციალურად არსად მუშაობს და აქვს სამუშაოს მაძიებლის სტატუსი. თუმცა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ფა---------------–ი პერიოდულად მუშაობს კერძო სამუშაოებზე და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მუშაობს და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. ზემოაღნიშნულ განმარტებას მოპასუხე უარყოფს, მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოსარჩელის განმარტების სისწორისადმი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამუშაოს მაძიებლის მოწმობა (ს.ფ. 179-180);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 11.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:55:34-13:56:19).

 

3.2.5. 2013 წლის 19 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფა---------------–ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე ქ. მარნეულში, ს/კ 83.02.15.5--, დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ..

 

უძრავი ქონების ს/კ 83.02.15.5-- დაყოფის შედეგად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ორი უძრავი ქონება: ს/კ 83.02.15.5--, დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ. და ს/კ 83.02.15.5--, დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ.

 

უძრავი ქონება მდებარე ქ. მა-------–-----–----–----–-ს ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.5-- და უძრავი ქოენება ს/კ 83.02.15.5--, რეგისტრირებულია ფა---------------–ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25, 200-203).

 

3.2.6. 2013 წლის 28 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ ფა---------------–ის დაკვეთით გაიცა სანებართვო მოწმობა საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. ამჟამად, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. მა-------–-----–----–----–-ს ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.5--, აშენებულია საცხოვრებელი სახლი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 200-201);

- სანებართვო მოწმობა (ს.ფ. 219);

- აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 27-58).

 

3.2.7. 2016 წლის 25 ივნისს, ფა---------------–ის სახელზე აღირიცხა სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - EL-----, მარკა/მოდელი - ნისან X-TRAIL, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მოპასუხე ფა---------------–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - EL-----, მარკა/მოდელი - ნისან X-TRAIL, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 20 დეკემბერს 16:10 საათზე, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა არ დარეგისტრირდა, რადგან სატრანსპორტო საშუალება ფა---------------–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 2017 წლის 20 დეკემბრის 10:50:47 საათამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა შსს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრიდან (ს.ფ. 59);

- წერილი სსიპ შსს მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 98).

 

3.2.8. 2017 წლის 20 დეკემბერს, მოპასუხე ფა---------------–ის მიერ გასხვისებული იქნა მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - EL-----, მარკა/მოდელი - ნისან X-TRAIL, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, მოპასუხე ფა---------------–ის მიერ გასხვისებული სატრანსპორტო საშუალების სავარაუდო საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 270 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 27-58).

 

3.2.9. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ალპერენ და ელ--------------–ებს არ ახასიათებთ ანტისოციალური ქცევა. ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მათ ასაკს. დაკმაყოფილებულია ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ბებიასთან და ბიძაშვილებთან ერთად. ოჯახში დამაკმაყოფილებელია საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა, დაცულია უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვებზე სათანადოდ ზრუნავენ ოჯახის წევრები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, ტომი II - ს.ფ. 33-34, შეფასების ფორმები ს.ფ. 35-50);

 

3.2.10. სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, ელ----------------–ი თანახმაა მამას ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან, ასევე ბავშვები არ არიან წინააღმდეგი მამასთან ჰქონდეთ ურთიერთობა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა ფა---------------–ის შეგებებულ სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელ გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა მამასა და ბავშვების ურთიერთობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, ტომი II - ს.ფ. 33-34, შეფასების ფორმები ს.ფ. 35-50);

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:41:35-13:46:45).

 

3.2.11. 2013 წლის 21 მაისს, ქ. სტამბულში, ერთი მხრივ ჰუ-----------სა და მეორეს მხრივ ფა---------------–ს შორის დაიდო მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჰუსეინ მეტინმა ფა---------------–ს ასესხა 30 000 აშშ დოლარი, რომელიც ფა---------------–ს უნდა დაებრუნებინა არაუგვიანეს 2017 წლის 21 მაისისა. სესხის მიზნობრიობაში მითითებული იქნა, რომ მსესხებელი თანხას სესხულობს საქართველოში, მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 83.02.15.1--) სახლის ასაშენებლად და მოსაწყობად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელით მოპასუხე ელ----------------–ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ 2013 წლის 21 მაისს შედგენილი მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება არის ყალბი და არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი არიან დაამტკიცონ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარემ მიუთითა საბუთის სიყალბეზე, თუმცა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, მას არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 210-213);

- ქვითრარი (ს.ფ. 214-217);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.10.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.12. მოცემულ შემთხვევაში, ფა---------------–ის მიერ თანხა ნასესხები იქნა 2013 წლის 21 მაისს, ხოლო 2013 წლის 28 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ ფა---------------–ის დაკვეთით გაიცა სანებართვო მოწმობა საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. ასევე 2013 წლის ივნისის თვეში სახლის ასაშენებლად მომზადებული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია. ამჟამად, უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. მა-------–-----–----–----–-ს ქ. N54ბ, ს/კ 83.02.15.5--, აშენებულია საცხოვრებელი სახლი.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფა---------------–ის მიერ მიერ სესხი აღებული იქნა ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, თუმცა სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2013 წლის 21 მაისს აღებული თანხა სრულად იქნა მოხმარებული სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯებისათვის. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ფა---------------–ის სახელზე რიცხული სახლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 აშშ დოლარს. შესაბამისად, 30000 აშშ დოლარი ვერ მოხმარდებოდა სრულად იმ სახლის აშენებას, რომლის ღირებულება შეადგენს 17000 აშშ დოლარს. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ან ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის მიერ სესხად აღებული 30000 აშშ დოლარი სრულად მოხმარდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 27-58);

- სანებართვო მოწმობა (ს.ფ. 219);

- საპროექტო დოკუმენტაცია (ს.ფ. 220-246).

 

3.2.13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ელ----------------–ისა და ფა---------------–ის დაშორების შემდეგ, ფა---------------–ის მიერ გადახდილი იქნა არასრულწლოვანი შვილის ალ-----------------–-- სწავლის საფასური 1600 ლარის ოდენობით. კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელი წარმოადგინა 2017 წლის დეკემბრის თვეში, რა დროსაც მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ცოლ-ქმრული ურთიერთობა. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით კი დგინდება, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს მან გადაიხადა არასრულწლოვანი შვილის სწავლის საფასური 800 ლარი, ასევე 2018 წლის 15 იანვარს - 800 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქვითარი (ს.ფ. 207-208).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ელ----------------–ისა და ფა---------------–ის სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-1123-ე, 1127-ე, 1151-1152-ე, 1158-1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1169-ე, 1197-1200-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ელ----------------–ის სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1.1. მოსარჩელე ელ----------------–ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მიეცათ ვადა შერიგებისათვის, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა მხარეთა შერიგება ვერ მოხერხდა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ----------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს ელ----------------–სა და ფა---------------–ს შორის, 2008 წლის 04 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება.

 

6.1.2. მოსარჩელე ელ----------------–ი ითხოვს არარსრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 200-200 ლარს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელე ელ----------------–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გაცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე - ელ----------------–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ფა---------------–ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხე ფა---------------–ს არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–--ა და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ის სასარგებლოდ მათი რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა, დროებითი განკარგულების გამოცემიდან - გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფა---------------–ის მიერ დროებითი განკარგულების საფუძველზე გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ანგარიშში.

 

6.1.3. მოსარჩელე ელ----------------–ი ითხოვს უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ფათიფ უზუნგილმა ცნო ელ----------------–ის სარჩელი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.1.4. მოსარჩელე ელ----------------–ი ითხოვს მოძრავი ნივთის განკარგვით მიღებულ სარგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1152-ე მუხლების თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. ამგვარად, კანონი ადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის პრეზუმფციას, კერძოდ, რომ თუ ქონება შეძენილია მეუღლეთა მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს, მასზე ორივეს თანაბარი უფლება აქვს, ანუ ორივე თანამესაკუთრედ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ ვისი სახსრებით მოხდა ამ ქონების შეძენა და ვის სახელზეა ის საკუთრების უფლებით აღრიცხული.

 

მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

 

საგამონაკლისო შემთხვევები მოცემულია ამავე კოდექსის 1161-ე მუხლსა და 1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილებში. კერძოდ, ეს შემთხვევებია: ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით (1161–ე მუხლი); სასამართლოს ასევე შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, თუ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ (1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილები).

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2008 წლის 04 აგვისტოდან, ელ----------------–ი და ფა---------------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივნისს, ფა---------------–ის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი - EL-----, მარკა/მოდელი - ნისან X-TRAIL, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007. სატრანსპორტო საშუალება ფა---------------–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 2017 წლის 20 დეკემბრის 10:50:47 საათამდე. 2017 წლის 20 დეკემბერს, მოპასუხე ფა---------------–ის მიერ გასხვისებული იქნა მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - EL-----, მარკა/მოდელი - ნისან X-TRAIL, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხემ თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი გაასხვისა მასთან შეთანხმების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ გასხვისებულ ავტომანქანაზე არ მოქმედებს საერთო თანასაკუთრების რეჟიმი, ვინაიდან, იგი აღარ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას და არის მესამე პირის საკუთრება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასხვისებული ავტომანქანა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, ვინაიდან, ავტომანქანა შეძენილი იქნა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, ხოლო გასხვისებული იქნა მხოლოდ ერთი მხარის მიერ, რის გამოც ელ----------------–ის მოთხოვნა ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის ანაზრაურების თაობაზე საფუძვლიანია.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, მოპასუხე ფა---------------–ის მიერ გასხვისებული სატრანსპორტო საშუალების სავარაუდო საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 270 ლარს. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს აუდიტის შეფასების თანხას და არა იმ თანხას რა თანხადაც გასხვისებული იქნა ავტომანქანა. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მის მიერ ავტომანქანა გასხვისებული იქნა აუდიტორული შეფასებისაგან განსხვავებულ (ნაკლებ) თანხად.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ფა---------------–ს მოსარჩელე ელ----------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6135 ლარის გადახდა.

 

6.2. ფა---------------–ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.2.1. შეგებებული სარჩელის ავტორი ფა---------------–ი ითხოვს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის წესი. შესაბამისად, შვილებთან ურთიერთობა არა მარტო მშობლის უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, როგორც დედასთან, ისე - მამასთან. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის აუცილებლობის საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან; კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, მითუმეტეს არასრულწლოვან შვილსა და მშობელს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ, გენეტიკური კავშირით არის განპირობებული.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს’’.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკის დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ აუცილებელია ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან, როგორც მამასთან, ისე - დედასთან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფა---------------–ს არასრულწლოვან შვილებთან, 2009 წლის 02 აპრილს დაბადებულ ალ-----------------–თან და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებულ ელ--------------–თან ურთიერთობის წესი უნდა განესაზღვროს შემდეგნაირად: კვირაში 2 დღე, შაბათს 12:00 საათიდან - კვირას 18:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით; ბავშვების დაბადების დღეებზე ყოველი წლის 02 აპრილსა და 22 დეკემბერს მამას ფა---------------–ს მიეცეს ბავშვების ნახვის უფლება დედის საცხოვრებელ ადგილზე, 14:00 საათიდან - 18:00 საათამდე; ფა---------------–ის დაბადების დღეზე ყოველი წლის 16 მარტს, მამას ფა---------------–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე აგვისტოს თვიდან 2 კვირის განმავლობაში, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება თურქეთის რესპუბლიკაში; დასვენების დღეებში: 8 მარტს, 9 აპრილსა და 26 მაისს, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე.

 

6.2.2. შეგებებული სარჩელის ავტორი ფა---------------–ი ითხოვს საერთო ვალების გაყოფას

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2008 წლის 04 აგვისტოდან, ელ----------------–ი და ფა---------------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. აღნიშნული ნორმის თანახმად მეუღლეთა საერთო ვალად მიიჩნევა მხოლოდ ის ვალი, რომელიც აღებულია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ოჯახის საჭიროებისათვის, ორივე მეუღლის ან ერთ-ერთის მიერ.

 

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2013 წლის 21 მაისს, ქ. სტამბულში, ერთი მხრივ, ჰუ-----------სა და მეორე მხრივ, ფა---------------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჰუ-----------მა ფა---------------–ს ასესხა 30 000 აშშ დოლარი, რომელიც ფა---------------–ს უნდა დაებრუნებინა არაუგვიანეს 2017 წლის 21 მაისისა. სესხის მიზნობრიობაში მითითებული იქნა, რომ მსესხებელი თანხას სესხულობდა საქართველოში, მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 83.02.15.1--) სახლის ასაშენებლად და მოსაწყობად. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფა---------------–ის მიერ სესხი აღებული იქნა ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, თუმცა სასამართლო სრულად არ იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2013 წლის 21 მაისს ნასესხები თანხა სრულად იქნა მოხმარებული სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯებისათვის, რადგან ფა---------------–ის სახელზე რიცხული სახლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 აშშ დოლარს. შესაბამისად, 30000 აშშ დოლარი ვერ მოხმარდებოდა სრულად იმ სახლის აშენებას, რომლის ღირებულება შეადგენს 17000 აშშ დოლარს. ამდენად, აღნიშნული ვალი 17000 აშშ დოლარი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ვალს, რომლის გადახდის ვალდებულება, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თანაბარწილად ეკისრება ელ----------------–ს.

 

დადგენილია ასევე, რომ მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე, 2017 წლის დეკემბრამდე მეუღლეები აწარმოებდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაშიც მოიაზრება ერთობლივად მიღებული შემოსავლების განკარგვა და ოჯახის დავალიანების, მათ შორის ფა---------------–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ერთობლივად დაფარვა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მოპასუხე ელ----------------–ს ფა---------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის 8500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

6.2.3. შეგებებული სარჩელის ავტორი ფა---------------–ი ითხოვს მშობლის მოვალეობების თანაბარ წილად განაწილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფა---------------–ისა და ელ----------------–ის არასრულწლოვანი შვილი ალ-----------------–ი სწავლობს და----------–-----–--------–-----------–---–-–----ის III-ა კლასში. აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმში წელიწადში სწავლის საფასური შეადგენს 2750 ლარს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა დაშორების შემდეგ ფა---------------–მა ფაქტობრივად გადაიხადა არასრულწლოვანი შვილის ალ-----------------–-- სწავლის საფასური 1600 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მშობლებს შვილების რჩენის თანაბარი მოვალეობა აკისრიათ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ----------------–ს უნდა დაეკისროს ფა---------------–ის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ნახევრის 800 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ფა---------------–ს, ელ----------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა საერთო ვალის დაფარვის მიზნით 6135 ლარის გადახდა, აღნიშნული თანხა - 800 ლარის ოდენობით გაქვითულ უნდა იქნეს მისი ვალდებულებიდან.

 

წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით ფა---------------–ი ასევე მოითხოვს მოპასუხე ელ----------------–ისათვის არასრულწლოვანი შვილის ალ-----------------–-- სკოლაში სწავლის საფასურის 1/2 ნაწილის დასაფარად 1375 ლარის გადახდის დაკისრებას, ყოველწლიურად წლის პირველი იანვრიდან იმავე წლის პირველ ივლისამდე, სკოლაში სწავლის დასრულებამდე.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

კანონმდებელი განსაზღვრავს ყოველი მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობასაც. ჩვეულებრივ, შვილისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაზე თანხმდებიან მშობლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო შეაფასებს ბავშვის საჭირობებს მისი ასაკისა და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეული მშობლის ოჯახურ და მატერიალურ მდგომაროებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფა---------------–ის მოთხოვნა ელ----------------–ისათვის არასრულწლოვანი შვილის სკოლაში სწავლის საფასურის 1/2 ნაწილის დასაფარად ყოველწლიურად 1375 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მართალია, დღეის მდგომარეობით ბავშვი დადის კერძო სკოლაში, თუმცა არასრულწლოვანი ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან - ელ----------------–თან, რომელიც დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი და მისი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ფა---------------–ს ალიმენტის სახით დააკისრა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 200-200 ლარის გადახდა. შესაბამისად, ალ-----------------–-- რჩენისათვის ფა---------------–ს დაეკისრა წლიური 2400 ლარის გადახდა, ხოლო უმუშევარი მშობლისათვის დამატებით ფასიანი სკოლის გადასახადის წლიური 1375 ლარის დაკისრების ვალდებულება სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს ზოგად განათლებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ფა---------------–მა სრულად ცნო ელ----------------–ის სარჩელი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში. შესაბამისად, ელ----------------–ს უნდა დაუბრუნდეს უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 680,16 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ელ----------------–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტისა და ავტომანქანის ღირებულების ფა---------------–ისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ფა---------------–ს ელ----------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 260,05 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

ასევე ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ფა---------------–ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის, საერთო ვალების გაყოფისა და სწავლის საფასურის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხე ელ----------------–ს მოსარჩელე ფა---------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 660,40 ლარის გადახდა.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ელ----------------–ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ფა---------------–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 200-200 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხე ნაწილობრივ ცნობდა სარჩელს 70-70 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 4800 ლარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ პუნქტის დანაწესით. სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება დასახელებული თანხის (4800 ლარის) 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (93,60 ლარი) ნაკლებია 100 ლარზე, ფა---------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ფა---------------–მა მოითხოვა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1500 ლარის ელ----------------–ისათვის დაკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ფა---------------–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ელ----------------–ს ფა---------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ 600 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელე ელ----------------–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გაცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე - ელ----------------–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ფა---------------–ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხე ფა---------------–ს არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–--ა და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ის სასარგებლოდ მათი რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა, დროებითი განკარგულების გამოცემიდან - გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განჩინება მიღებული იქნა დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს მისი საჭიროება, რის გამოც, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისს მიღებული დროებითი განკარგულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ელ----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. შეწყდეს ელ----------------–სა (პ/ნ 2----------) და ფა---------------–ს (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბ: 16.09.1975წ) შორის, 2008 წლის 04 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N3----------.

1.2. მოპასუხე ფა---------------–ს არასრულწოვანი შვილების: 2009 წლის 02 აპრილს დაბადებული ალ-----------------–--ა და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ელ--------------–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 200-200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე. ალიმენტის თანხაში ასევე ჩათვლილი იქნეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის დროებითი განკარგულებით მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა.

1.3. მოპასუხე ფა---------------–ს მოსარჩელე ელ----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5335 ლარის გადახდა.

1.4. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისს მიღებული დროებითი განკარგულება.

2. ფა---------------–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.1. ელ----------------–ს ფა---------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 8500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

2.2. ფა---------------–ს არასრულწლოვან შვილებთან, 2009 წლის 02 აპრილს დაბადებულ ალ-----------------–თან და 2014 წლის 22 დეკემბერს დაბადებულ ელ--------------–თან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად: კვირაში 2 დღე, შაბათს 12:00 საათიდან - კვირას 18:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით; ბავშვების დაბადების დღეებზე ყოველი წლის 02 აპრილსა და 22 დეკემბერს მამას ფა---------------–ს მიეცეს ბავშვების ნახვის უფლება დედის საცხოვრებელ ადგილზე, 14:00 საათიდან - 18:00 საათამდე; ფა---------------–ის დაბადების დღეზე ყოველის წლის 16 მარტს, მამას ფა---------------–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე აგვისტოს თვიდან 2 კვირის განმავლობაში, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება თურქეთის რესპუბლიკაში; დასვენების დღეებში: 8 მარტს, 9 აპრილსა და 26 მაისს, ფა---------------–ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე;

2.3. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა მოპასუხე ელ----------------–ისათვის შვილის ალ-----------------–-- სკოლაში სწავლის გადასახადის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. მოპასუხე ფა---------------–ს მოსარჩელე ელ----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 260,05 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. მოსარჩელე ელ----------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ჯე---------------ის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს 864,21 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახელმწიფო ბაჟი 680,16 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი: სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“, ბანკის კოდი: UGEBGE22, სახაზინო კოდი: 300093150 (2017 წლის 27 დეკემბრის N3 საგადახდო დავალება).

5. მოპასუხე ფა---------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

6. მოპასუხე ელ----------------–ს მოსარჩელე ფა---------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 660,40 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

7. მოპასუხე ელ----------------–ს მოსარჩელე ფა---------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 600 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე