გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15383-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ჯ------------–-“ (ООО „Д-------------“)
წარმომადგენელი: ქ-----------------–--ე
მოპასუხე: შპს „ი----ი“
წარმომადგენელი: ნ-----–----------ე, პ-------------–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, ტვირთის გადაზიდვის ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს სახით - 3400 ევროს გადახდა.
1.2. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ტვირთის გადაზიდვის ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 3400 ევროს გადახდა.
1.3. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხის - 3400 ევროს წლიური 5%-ის გადახდა 2018 წლის 05 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე შპს „ჯ------------–-“ წარმოადგენს ბელორუსიის რესპუბლიკაში 1999 წელს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ხოლო მოპასუხე შპს „ი----ი“ არის საქართველოში 2013 წელს რეგისტრირებული იურიდიული პირი.
2017 წლის 13 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №18--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ი----ს“ (გადამზიდი) შპს „ჯ------------–-“-ის (შემკვეთი) დაკვეთით უნდა უზრუნველეყო ტვირთის გადაზიდვა ყოველ დატვირთვაზე წერილობითი დანართის/განაცხადის საფუძველზე (ხელშეკრულების 1.2. პუნქტი). აღნიშნულის შესაბამისად გაფორმებული განაცხადებით - №E-----5, №E------ და №E------, ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო რუსეთიდან საბერძენთში არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნოემბრისა.
ტრანსპორტირებული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა, მოპასუხის მიერ გაცემული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, მოხდა დაგვიანებით. კერძოდ: ინვოისი №55 - ტვირთი ჩატანილია 01/12/2017წ.; ინვოისი №56 - ტვირთი ჩატანილია 21/11/2017წ. და ინვოისი №57 - ტვირთი ჩატანილია 21/11/2017წ. ამდენად, სათანადო განაცხადების საფუძველზე, მოპასუხის მიერ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, თუმცა (ჯამში) 34 დღიანი ვადაგადაცილებით.
ტვირთის დაგვიანების გამო, მოსარჩელემ საკუთარი დამკვეთის სასარგებლოდ გადაიხადა ჯარიმა - 3400 ევროს ოდენობით.
ტვირთის ჩატანის დაგვიანებისათვის მოსარჩელემ წერილობითი პრეტენზიით (როგორც ელექტრონული, ასევე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით) მიმართა გადამზიდს - შპს „ი----ს“, თუმცა მისი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. მას არ მიუთითებია დაგვიანების განმაპირობებელი რაიმე ობიექტური გარემოებების არსებობის თაობაზე.
ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი განაცხადების მე-7 პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვის დაგვიანებისათვის ჯარიმა შეადგენს თითოეული დაწყებული დღე-ღამისათვს 100 ევროს. შესაბამისად, ვინაიდან ტვირთის მიტანის ვადაგადაცილება ჯამში შეადგენს - 34 დღეს, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა 3400 ევროს ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მხარეები ხელმძღვანელობენ კონვენციით „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის 23.5. პუნქტის თანახმად, თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა, გადამზიდავი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი, რომელიც წარმოიშვა მიტანის ვადაგადაცილების გამო. ამასთან, კონვენციის 27.1. პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ზარალის პროცენტები წლიური 5%-ის ოდენობით. პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდავის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენის დღიდან ან, თუ პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელის წარდგენის დღიდან. მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა საჯარიმო სანქცია თავისი კონტრაქტორის სასარგებლოდ - 3400 ევროს ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განცდილი ზარალი შეადგენს 3400 ევროს, ხოლო წერილობითი პრეტენზია მოპასუხისათვის გაგზავნილ იქნა მის ფაქტობრივ მისამართზე, ფოსტის მეშვეობით, 2018 წლის 05 თებერვალს. შესაბამისად, შპს „ი----ს“ პროცენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 05 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უარს აცხადებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და გადაზიდვის ვადაგადაცილების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესადგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტვირთის ტრანსპორტირებისას ადგილი ჰქონდა რიგი სახის ობიექტურ მიზეზებს, რომლებიც არ იყო გამოწვეული შპს „ი----ის“ ბრალით, არამედ გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეული ქმედებით, ვინაიდან მან მოპასუხეს გადასცა არასწორი მონაცემების მქონე დოკუმენტაცია. ამასთან, ადგილი ჰქონდა შეფერხებებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (რიგები), რომელთა კონტროლი არ შედის მოპასუხის ძალებში და ხელშეკრულების შესაბამისად არ იწვევს მის პასუხისმგებლობას.
მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი ყველა იმ პრობლემური გარემოების შესახებ, რაც წარმოიშვა გადაზიდვისას. მას გზის მთელ მონაკვეთზე მიეწოდებოდა სრული ინფორმაცია ტვირთის გადაადგილებისა და არსებული შეფერხებების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნულზე არ გამოთქვამდა პრეტენზიას. ამასთან, ტვირთის მიმღებს - მოსარჩელეს, ტვირთის მიღებისას არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია გადამზიდის - მოპასუხისათვის, რაც დადასტურებულ იქნა როგორც ტვირთის მიღებით, ასევე სათანადო დოკუმენტებზე შესაბამისი დამოწმებებით, რომელთა გარეშეც მოპასუხე ვერ გამოვიდოდა ქვეყნიდან და ვერ დატოვებდა მიმღებს.
მოპასუხე შპს „ი----ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ე.წ. CMR (საერთაშორისო სატვირთო-სატრანსპორტო ზედნადები) არასწორადაა მითითებული ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი. კერძოდ, ნაცვლად სარეგისტრაციო ნომრისა - CQ----5, უნდა ყოფილიყო GQ----5, რამაც პრობლემები შექმნა საზღვარზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა მოსარჩელეს; იყო პრობლემა ტვირთის წონასთან დაკავშირებით; რაც შეეხება რიგებს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე თითოეულ მანქანას დაახლოებით 5 დღიანი შეყოვნება ჰქონდა.
ამასთან, მოპასუხემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადავო გახადა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა. კერძოდ, მისი განმარტებით, განაცხადების საფუძველზე გადაზიდულ ტვირთი იყო ერთი ტვირთი გადანაწილებული სამ მანქანაში. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაზიდვის დასრულების დღიდან ტვირთის რეალურად მიწოდების დღემდე არის ვადაგადაცილებული 17 დღე და არა 34 დღე. მოპასუხემ, ასევე სადავოდ გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ჯ------------–-“ (ООО „Д-------------“) წარმოადგენს ბელორუსიის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს (სარეგისტრაციო №8--------; ადგილმდებარეობა: ბელორუსიის რესპუბლიკა, 220034, ქ. მ---------–--------------------------------; რეგისტრაციის თარიღი და გადაწყვეტილების ნომერი: 22.12.1999 №141; მარეგისტრირებელი ორგანო: მინსკის საკრებულო; საქმიანობის სახეობის კოდი და მისი დასახელება: 4910-სატვირთო საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობა).
მტკიცებულება: ამონაწერი იურიდიულ პირთა და ინდივიდუალური მეწარმეების ერთიანი სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველოდან იურიდიული პირის შესახებ 29.03.2018-ს მდგომარეობით, უცხოენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 18-20; 22-24)
3.1.2. შპს „ი----ი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს. მისი იურიდიული მისამართია შემდეგი: საქართველო, სა-------------------
3.1.3. შპს „ჯ------------–-“-სა და შპს „ი----ს“ შორის 2017 წლის 13 სექტემბერს დაიდო №18--- ხელშეკრულება საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისა და შესრულების ურთიერთობის წესის შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2017 წლის 13 სექტემრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების, შესრულების და მასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევისას მხარეები ხელმძღვანელობენ: კონვენციით „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ და კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ 1978წ. 05 ივლისის ოქმით; საბაჟო კონვენციით „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების TIR-წიგნაკის გამოყენებით“; ევროპული შეთანხმებით „საშიში ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვები“, ამ ხელშეკრულების დებულებით. სხვა სამართალდამდგენი დოკუმენტების ფარგლებში მხარეებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
ხელშერკულების 1.2. პუნქტის თანახმად, ყოველ ცალკეულ დატვირთვაზე ფორმდება ხელშეკრულების წერილობითი დანართი (განაცხადი), რომელიც შეიცავს კონკრეტული გადაზიდვის პირობებისა და თავისებურებების აღწერას. ყველა განაცხადი გადაზიდვის შესახებ, შეთანხმებული მხარეებს შორის აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ (მისი მოქმედების ვადაში), მიღებულად ითვლება აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებისათვის.
ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისაგან განსხვავებული, განცხადებებში მითითებული გადაზიდვის პირობები, პრიორიტეტულია ძირითადი ხელშეკრულების მიმართ. გადაზიდვის პირობები, რომლებიც არ არის შეთანხმებული განაცხადით, რეგულირდება ძირითადი ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ფაქტი დასტურდება ორიგინალი სავაჭრო-სატრანსპორტო ზედნადების დადგენილი ნიმუშით (CMR), გადამზიდის და ტვირთის მიმღების ნიშნებით და მხარეების მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტით.
ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია შემკვეთს მიაწოდოს ინფორმაცია გზაში სატრანსპორტო საშუალებების იძულებით დაგვიანების, ავარიის და ტვირთის გადაზიდვის სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შესახებ, რაც აფერხებს ტვირთის დროულ მიწოდებას.
ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უზრუნველყოფს ტვირთის მიტანის ვადების დაცვას ავტომობილის საშუალო გარბენის გაანგარიშებით, დღე-ღამეში 450 კმ-ს, არ ითვლება სასაზღვრო გადასასვლელებზე დგომა და სხვა გაცდენების გზაზე, რაშიც შემსრულებელს ბრალი არ მიუძღვის.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად ტვირთის გადაზიდვისას, შემსრულებლის პასუხისმგებლობა შემკვეთის წინაშე განისაზღვრება როგორც გადამზიდის პასუხისმგებლობა კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ და კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ 1978წ. 05 ივლისის ოქმით.
ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ტვირთის მიტანის ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს შეიძლება წარედგინოს ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღე-ღამეზე 100 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომპეტენტური სასამართლოს მიერ, მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. დავის განხილვისას გამოიყენება კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ და კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ 1978წ. 05 ივლისის ოქმის დებულებები.
3.1.4. მხარეთა შორის 2017 წლის 13 სექტემბერს დადებული №18--- ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სამი განაცხადი გადაზიდვაზე: №E-----5, №E------ და №E------, რომელთა საფუძველზეც, თითოეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად, შპს „ი----ს“ რუსეთიდან საბერძნეთში უნდა განეხორციელებინა 20 ტონამდე არასაშიში ტვირთის გადაზიდვა არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნოემბრისა.
აღნიშნული განაცხადების მე-7 პუნქტის თანახმად, დატვირთვა/ჩამოტვირთვისა და განბაჟება/ჩამოტვირთვის დაგვიანებისათვის გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა - 100 ევროს ოდენობით დაწყებული დღე-ღამისათვის.
3.1.5. შპს „ი----ის“ მიერ №2----- განაცხადითა და შესაბამისი ზედნადებით განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ხოლო №2----- და №2----- განაცხადებითა და შესაბამისი ზედნადებებით განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 2017 წლის 21 ნოემბერს.
მტკიცებულება: განაცხადები №2-----, №2----- და №2-----; ზედნადებები (CMR); ინვოისი №55, №56 და №57; შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების შესახებ აქტი №05, №06 და №07; უცხოენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 36-83)
3.1.6. 2018 წლის 05 თებერვალს შპს „ჯ------------–-“-მა წერილობითი შეტყობინება (პრეტენზია) გაუგზავნა შპს „ი----ს“ და მოითხოვა №18--- ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული №2-----, №2----- და №2----- განაცხადების საფუძველზე გადასაზიდი ტვირთის მიტანის დაგვიანებისათვის დარიცხული ჯარიმის - 3400 ევროს გადახდა, თუმცა უშედეგოდ.
3.1.7. შპს „ი----ის“ მიერ №2-----, №2----- და №2----- განაცხადების საფუძველზე შპს „ჯ------------–-“-ისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიწოდების გამო, შპს „ჯ------------–-“-მა თავისი დამკვეთის - დ.ს.ს. „ფ-------------“-ის სასარგებლოდ გადაიხადა ჯარიმა ტვირთის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის - 3400 ევროს ოდენობით.
მტკიცებულება: 01.03.2018წ. ინვოისი; საგადახდო დავალება №1----, უცხოენოვანი და თარგმანი (იხ. ს.ფ. 93-98);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებებს ტვირთის გადაზიდვის ვადაგადაცილებაში მოპასუხის ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის, ვადაგადაცილებული დღეებისა და ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით (სრულად იხ. გადაწყვეტილების 2.1. პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცი), შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული და სადავოდ გამხდარი გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეს ვადაგადაცილებული დღეებისა და ზიანის ოდენობა სადავო არ გაუხდია, რის გამოც სასამართლოს მთავარ სხდომაზე შედავებულ გარემოებებზე სასამართლო ვერ იმსჯელებს. რაც შეეხება მოპასუხის ბრალეულობას, წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითა ბრალის გამომრიცხველი შემდეგი გარემოებების შესახებ: მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა არასწორი მონაცემების მქონე დოკუმენტაცია და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე იყო რიგები. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებული დაზუსტებული გარემოებების შესახებ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რის გამოც მასზე სასამართლო, ასევე ვერ იმსჯელებს და ვერ გაიზიარებს.
3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ი----ის“ მიერ №2-----, №2----- და №2----- განაცხადების საფუძველზე გადასაზიდი ტვირთის დანიშნულების ადგილზე ვადაგადაცილებით ჩატანა მოხდა შპს „ი----ის“ ბრალეული ქმედების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
„ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდავს. ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოთხოვნის განმცხადებლის ბრალით, ამავე პირის ინსტრუქციებით, რომელზეც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა, ტვირთისათვის ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. იგივე შინაარსს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-687-ე მუხლები.
ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადამზიდველს წარმოადგენს მოპასუხე - შპს „ი----ი“, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებაში მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და შპს „ი----ს“ შორის 13.09.2017წ. დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული №2-----, №2----- და №2----- განაცხადების საფუძველზე, ტვირთის მიწოდება, თითოეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად, უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნოემბრისა. თუმცა, ტვირთის მიწოდება განხორციელდა ჯამში 34 დღიანი ვადაგადაცილებით. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ინვოისი №55, №56 და №57, ასევე შპს „ი----სა“ და შპს „ჯ------------–-“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი აქტი №5, №6 და №7 შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ №2----- განაცხადის შესაბამისად განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ხოლო №2----- და №2----- განაცხადების შესაბამისად განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 2017 წლის 21 ნოემბერს.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ №2-----, №2----- და №2----- განაცხადებით განსაზღვრული ტვირთის ტრანსპორტირებისას ადგილი ჰქონდა რიგი სახის გარემოებებს, რომლებიც არ იყო გამოწვეული შპს „ი----ის“ ბრალით. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა არასწორი მონაცემების მქონე დოკუმენტაცია, რამაც პრობლემები შექმნა საბაჟოზე. ამასთან საბაჟო გამშვებ პუნქტზე იყო რიგები, რამაც გამოიწვია შეფერხება. თუმცა, გარდა იმისა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები აბსტრაქტული ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის თაობაზე, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი, ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები, ტვირთის ტრანპორტირების ვადაგადაცილებაში მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ჯ------------–-“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-18, 35-36-ე მუხლები;
„ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის მე-4, მე17, მე-19, 23-ე, 27-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 408-ე, 417-418-ე, 420-ე, 668-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპს. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.
„საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით. ამავე კანონის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „ჯ------------–-“, რომელიც არის ბელორუსიაში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტი. ხოლო, მოპასუხე მხარეა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი - შპს „ი----ი“, რომლის იურიდიული მისამართი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია - საქართველო, სა------------------- ამასთან, მხარეთა შორის 2017 წლის 13 სექტემბერს დადებული №18-- ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომპეტენტური სასამართლოს მიერ, მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ხოლო, დავის განხილვისას გამოიყენება კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ და კონვენციის „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ 1978წ. 05 ივლისის ოქმის დებულებები. სწორედ, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმდინარეობს დავა სასამართლოში.
ზემოთ დასახელებული ხელშეკრულებით მხარეები ერთმნიშვნელოვნად არ არიან შეთანხმებული სადავო ურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელ ქვეყნის სამართალზე. ამდენად ,, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის არსებული დავა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან 13.09.2017წ. ხელშეკრულების მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა - შპს „ი----ს“ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი სწორედ საქართველოში გააჩნია. ამას გარდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, ივარაუდება, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ დავის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტაზე.
რაც შეეხება კონვენციას, ბუნებრივია, კონვენცია, როგორც საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების უმთავრესი დოკუმენტი, თავად წარმოადგენს გამოსაყენებელ სამართალს და მისი დებულებები ყოველთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს უცხოური საწარმო - შპს „ჯ------------–-“, საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია დავა განიხილოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციისა და აღნიშნული კონვენციის 1978წ. 05 ივლისის ოქმის დებულებების უპირატესი გათვალისწინებით.
აქვე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
„ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება დასტურდება ზედნადების შედგენით, ზედნადების არარსებობა, მისი მცდარობა ან დაკარგვა გავლენას არ ახდენს არც ხელშეკრულების არსებობაზე, არც გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების სინამდვილეზე, რომლისთვისაც ამ შემთხვევაშიც გამოიყენება წინამდებარე კონვენციის დებულებები. იგივე დანაწესს ითვალსწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ჯ------------–-“-სა და შპს „ი----ს“ შორის 2017 წლის 13 სექტემბერს დაიდო №18--- ხელშეკრულება საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ყოველ ცალკეულ დატვირთვაზე დამატებით უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების წერილობითი დანართი (განაცხადი), კონკრეტული გადაზიდვის პირობებისა და თავისებურებების აღწერით. აღნიშნულის შესაბამისად, 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სამი განაცხადი №2-----, №2----- და №2-----7, ასევე, შედგენილ იქნა საერთაშორისო სატვირთი-სატრანსპორტო ზედნადებები (CMR) (იხ. ს.ფ. 51-62), რომელთა საფუძველზეც, შპს „ი----ს“, სამივე შემთხვევაში დამოუკიდებლად, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთიდან საბერძნეთში უნდა განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვა არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნოემბრისა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა ტვირთის გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
„ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან-ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოთხოვნის განმცხადებლის ბრალით, ამავე პირის ინსტრუქციებით, რომელზეც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა, ტვირთისათვის ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ტვირთის მიტანის ვადა გადაცილებულად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვითრვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
დადგენილია, რომ შპს „ი----ის“ მიერ მასსა და შპს „ჯ------------–-“-ს შორის 2017 წლის 13 სექტემბერს დადებული №18--- ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული განაცხადების საფუძველზე, ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნოემბრისა. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, №2----- განაცხადის საფუძველზე გადასაზიდი ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ხოლო №2----- და №2----- განაცხადის საფუძველზე გადასაზიდი ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა, კი 2017 წლის 21 ნოემბერს. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილად არ იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ტვირთის მიტანის ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მისი ბრალეული ქმედების გარეშე, ვინაიდან მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპის შესაბამისად, სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო აღნიშნული გარემოების დასაბუთება. სასამართლომ, სსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად, ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაცხადებული შედავება ვადაგადაცილებული დღეების ოდენობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გადამზიდავმა შემკვეთს მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ტვირთის დროული მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ფაქტი დასტურდება ორიგინალი სავაჭრო-სატრანსპორტო ზედნადების დადგენილი ნიმუშით (CMR), გადამზიდის და ტვირთის მიმღების ნიშნებით და მხარეების მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ №2----- განაცხადით განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა 18 დღის დაგვიანებით, ხოლო №2----- და №2-----7 განაცხადით განსაზღვრული ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა, კი 8-8 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ჯამში ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა მოხდა - 34 დღის დაგვიანებით, რის გამოც წარმოიშვა გადამზიდისათვის განაცხადებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მხარეთა შორის 13.09.2017წ. დადებული ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ტვირთის მიტანის ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს შეიძლება წარედგინოს ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღე-ღამეზე 100 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო, №2-----, №2----- და №2----- შეთანხმებების მე-7 პუნქტის თანახმად, კი ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვისა და განბაჟება/ჩამოტვირთვის დაგვიანებისათვის გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა - 100 ევროს ოდენობით დაწყებული დღე-ღამისათვის. ამასთან, ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისაგან განსხვავებული, განცხადებებში მითითებული გადაზიდვის პირობები, პრიორიტეტულია ძირითადი ხელშეკრულების მიმართ. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული განაცხადებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე განაცხადის თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოსარჩელეს გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3400 ევროს ოდენობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 1000 ევროს გადახდა.
6.5. „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და მოთხოვნის განმცხადებელი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზარალი, გადამზიდავმა უნდა აანაზღაუროს ზარალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის გადასახდელებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დადგენილია, რომ შპს „ი----ის“ მიერ №2-----, №2----- და №2----- განაცხადების საფუძველზე შპს „ჯ------------–-“-ისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიწოდების გამო, ამ უკანასკნელმა თავისი დამკვეთის - დ.ს.ს. „ფ-------------“-ის სასარგებლოდ გადაიხადა ჯარიმა ტვირთის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის - 3400 ევროს ოდენობით. აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია 01.03.2018წ. ინვოისი და საგადახდო დავალება №1----, საიდანაც დგინდება დასახელებული თანხის დ.ს.ს. „ფ-------------“-ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფაქტი (იხ. ს.ფ. 93-98). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული შედავება მოსარჩელისათვის ტვირთის მიწოდების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ტვირთის ვადაგადაცილებით მიწოდებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, შპს „ი----ისათვის“ - 3400 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.6. „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურების თანხის პროცენტები, რომელიც განსაზღვრულა წლიური 5%-ით და პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდავის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენის დღიდან ან, თუ პრეტენზია არ იქნა სარჩელის წარდგენის დღიდან. იგივე დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 695-ე მუხლი.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული შპს „ჯ------------–-“-სა და შპს „ი----ს“ შორის 13.09.2017წ. დადებული ხელშერკულების ფარგლებში შედგენილი №2-----, №2----- და №2----- განაცხადებით განსაზღვრული ტვირთის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო, შპს „ჯ------------–-“-მა თავის დამკვეთ კომპანიას ტვირთის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის გადაუხადა - 3400 ევრო. ამასთან, შპს „ჯ------------–-“-მა 2018 წლის 05 თებერვალს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, პრეტენზიით მიმართა შპს „ი----ს“ და მოითხოვა ზემოთ აღნიშნული განაცხადების საფუძველზე ტვირთის მიტანის დაგვიანებისათვის დარიცხული ჯარიმის - 3400 ევროს გადახდა, თუმცა უშედეგოდ.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზარალის ანაზღაურების თანხის - 3400 ევროს წლიური 5%-ის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა დაეკისროს 2018 წლის 05 მაისამდე დარიცხული პროცენტის გადახდა - 56 ევროს ოდენობით, ასევე აღნიშნული პროცენტის გადახდა 2018 წლის 05 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა - 597 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „ჯ------------–-“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ი----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 387.51 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოსარჩელე, ასევე ითხოვს მოპასუხისათვის დოკუმენტაციის თარგმნის, სანოტარო მომსახურებისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. თუმცა, მას არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სარჩელი შპს „ი----ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 1000 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.2. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 3400 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.3. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 მაისამდე დარიცხული ზარალის ანაზღაურების თანხის პროცენტის - 56 ევროს გადახდა, ასევე მიყენებული ზიანის - 3400 ევროს წლიური 5% გადახდა, 2018 წლის 05 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 387.51 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/15383-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ჯ------------–-“ (ООО „Д-------------“)
წარმომადგენელი: ქ-----------------–--ე
მოპასუხე: შპს „ი----ი“
წარმომადგენელი: ნ-----–----------ე, პ-------------–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სარჩელი შპს „ი----ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 1000 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.2. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 3400 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
1.3. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 მაისამდე დარიცხული ზარალის ანაზღაურების თანხის პროცენტის - 56 ევროს გადახდა, ასევე მიყენებული ზიანის - 3400 ევროს წლიური 5% გადახდა, 2018 წლის 05 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. შპს „ი----ს“ შპს „ჯ------------–-“-ის (ООО „Д-------------“) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 387.51 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
.