გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28258-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „ბ--–-------ი“
წარმომადგენელი - გ-----------–--ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს „რ---------------–---ი“
წარმომადგენლები - დ---------–---–ი, ლ----------------–-–---–ი, ვ----–---------–-–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ძირითადი სარჩელის მოთხოვნები:
1.1.1 დაეკისროს მოპასუხე შპს „რ---------------–---ს“ მოსარჩელე შპს „ბ--–-------ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 330 428.27 ლარის ანაზღაურება.
1.1.2 დაევალოს მოპასუხე შპს „რ---------------–---ს“ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარჩენილი 22.442 ტონა არმატურის (A---- კლასის, 12-32 მმ დიამეტრის) მიწოდება.
1.1.3 დაეკისროს მოპასუხე შპს „რ---------------–---ს“ მოსარჩელე შპს „ბ--–-------ის“ სასარგებლოდ სარჩელის შეტანის დროისათვის დარიცხული მიუღებელი შემოსავალი 7 925.88 ლარი, ასევე 330 428.49 ლარის წლიური 8% სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
1.2 შეგებებული სარჩელის მოთხოვნები:
1.2.1 გაიქვითოს შპს „რ---------------–---ისა“ და შპს „ბ--–-------ის“ მოთხოვნები, შპს „ბ--–-------მა“ გაიტანა 990 030.04 ლარის პროდუქცია და გადაიხადა 990 040.57 ლარი.
1.2.2. გადახდების დაგვიანებისათვის დაეკისროს შპს „ბ--–-------ს“ შპს „რ---------------–---ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე 75 693.53 ლარის წლიური 8%-ის დარიცხვა - 12 615.58 ლარის ოდენობით ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, ასევე საბანკო გარანტიის დანახარჯები 10 885.87 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, ამ თანხის წლიური 8% 2016 წლის 15 აპრილიდან მის გადახდამდე (წელიწადში 870.86 აშშ დოლარი) ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად.
შპს ,,ბ--–-------ის“ სასარჩელო განცხადება შპს „რ---------------–---ის“ მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 1 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა პროდუქციის მიწოდების ხელშკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შეიძინა 870 ტონა არმატურა და სანაცვლოდ უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - ერთ ტონაში 385 აშშ დოლარი, ჯამში 334 950 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, „პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს გამყიდველი მყიდველის მიერ მითითებულ ობიექტზე“. ამგვარ ობიექტს წარმოადგენს ქ. თ---–--–ი, ა------ ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა.
მოსარჩელე კომპანიამ ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და სრულად გადაუხადა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა, ხოლო მოპასუხე შპს „რ---------------–---მა“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელე შპს „ბ--–-------ს“ არ მიაწოდა 201 138 ტონა არმატურა. ბოლო მიწოდება განხორცილდა 23.03.2018 წელს.
მოსარჩელე შპს „ბ--–-------მა“ შპს „რ---------------–---ის“ მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის გამო მესამე პირებისაგან შეიძინა 178.697076 ტონა იმავე სახის არმატურა, რაშიც გადაიხადა 330 428.27 ლარი.
შპს „რ---------------–---ს“ მოსარჩელე შპს „ბ--–-------ისათვის“ მისაწოდებელი დარჩა 22.442 ტონა არმატურა.
იმ შემთხვევაში თუ შპს „რ---------------–---ი“ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, შპს „ბო–------ი“ არ გახდებოდა იძულებული ფოლადი შეეძინა მესამე პირისაგან და ამის გამო გაეწია დამატებითი ხარჯები. მოსარჩელე თანხებს გამოიყენებდა დანიშნულებით და მიიღებდა დამატებით შემოსავალს.
შპს „რ---------------–---ის“ შეგებებული სასარჩელო განცხადება მოპასუხე შპს ,,ბ--–-------ის“ მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „რ---------------–---სა“ და შპს „ბ--–-------ს“ შორის 2015 წლიდან არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძოდ არმატურისა და გლინულას შეძენა. მხარეთა შორის არსებობდა უამრავი ზეპირი და ერთი წერილობითი ხელშეკრულება, განხორციელებულია არაერთი ფულადი გადარიცხვა და პროდუქციის მიწოდება.
2016 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ბ--–-------მა“ შეიძინა 870 ტონა არმატურა, ერთი ტონის ფასი განისაზღვრა 385 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა ერთი წელი, ხოლო შპს „ბ--–-------ის“ მიერ გადახდილ 754 474.88 ლარზე შპს „რ---------------–---მა“ გააკეთა საბანკო გარანტია, რომლის ვადაც აღემატება ხელშეკრულების ვადას ერთი თვით.
2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „ბ--–-------მა“ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული არმატურის სრულად ათვისება და დარჩა პროდუქციის გარკვეული ნაწილი გასატანი, რომლის მიწოდებაც მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან 2015 წელთან შედარებით არმატურას 2018 წელს სხვა ფასები ჰქონდა.
2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დადებამდე შპს „ბ--–-------მა“ შპს „რ---------------–---ისაგან“ მიიღო 180 598.53 ლარის პროდუქცია, 2016 წლის 01 აპრილის შემდეგ - 753 969.02 ლარის პროდუქცია. 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ - 55 462.49 ლარის პროდუქცია. 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დადებამდე შპს „ბ--–-------ს“ გადახდილი აქვს 104 905.47 ლარი, 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დადების შემდეგ გადახდილი აქვს 854 474.88 ლარი, აქედან 100 000 ლარი ძველი დავალიანების დასაფარად. 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი აქვს 30 660.22 ლარი. 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დადების შემდეგ შეძენილი აქვს 145 123.03 ლარის გლინულა და 608 845.99 ლარის არმატურა. 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეძენილი აქვს 24 802.27 ლარის არმატურა და 30 660.22 ლარის ღირებულების გლინულა. 2015 წელს გატანილი აქვს 67 194.61 ლარის პროდუქცია და გადახდილი აქვს 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების დადებამდე 104 905.47 ლარი, ანუ 2015 წელს გატანილ პროდუქციაზე მოთხოვნა არის ხანდაზმული.
სულ შპს „ბ--–-------მა“ გაიტანა 990 030.04 ლარის პროდუქცია და გადაიხადა 990 040.57 ლარი.
შპს „ბ--–-------მა“ ვალდებულებების შუსრულებლობის გამო ვერ აითვისა 2016 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არმატურის ოდენობა. შპს „რ---------------–---ის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მოთხოვნას დაიკმაყოფილებდა საბანკო გარანტიით.
შპს „ბ--–-------ის“ მიერ გადახდების დაგვიანებით შპს „რ---------------–---ს“ წარმოექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 03.11.2015 წლიდან 01.04.2016 წლამდე, წლიური 8%-ის ოდენობით, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად 75 693.53 ლარზე, ასევე საბანკო გარანტიის დანახარჯებზე 10 885.87 აშშ დოლარზე, 2016 წლის 15 აპრილიდან ამ თანხის წლიური 8% მის გადახდამდე, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. შპს „რ---------------–---ის“ პოზიცია შპს ,,ბ--–-------ის“ სარჩელთან მიმართებით:
მოპასუხე შპს „რ---------------–---ი“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელე შპს „ბ--–-------მა“ გადაუხადა შპს „რ---------------–---ს“ პროდუქციის ღირებულება და გამყიდველისაგან წაიღო 686 964 ტონა არმატურა, ანუ 183.04 ტონით ნაკლები. მოპასუხემ უზრუნველყო შპს „ბ--–-------ი“ საბანკო გარანტიით, რომლის ვადაც აღმატებოდა ხელშეკრულების ვადას 1 თვით და თუ მოსარჩელე თვლიდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, მას შეეძლო საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება საბანკო გარანტიით. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულების - პროდუქციის მოთხოვნის და მიღების შესრულება. მხარეთა შორის ურთიერთობა არსებობს 2015 წლიდან და დღის მდგომარეობით შპს „რ---------------–---ის“ დავალიანება შპს „ბ--–-------ის“ მიმართ შეადგენს 10.53 ლარს
შპს „რ---------------–---ს“ სრულად აქვს შესრულებული 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოსარჩელეს არა აქვს ზიანისა და მიუღბელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება.
2.2. შპს ,,ბ--–-------ის“ პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
შეგებებული სარჩელის მოპასუხე შპს „ბ--–-------მა“ არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა მხოლოდ ერთი წერილობითი ხელშეკრულება. გაუგებარია რა კავშირი აქვს საბანკო გარანტიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არსებობა/არარსებობასთან. ის ფაქტი, რომ შპს „ბ--–-------მა“ არ მოახდინა საბანკო გარანტიის განაღდება და საკუთარი მოთხოვნის ამ გზით დაკმაყოფილება, არ ნიშნავს იმას, რომ შპს „ბ--–-------მა“ უარი განაცხადა შპს „რ---------------–---ის“ მიმართ არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე.
შპს „რ---------------–---მა“ არმატურის მიწოდებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ფინანსურად აღარ აწყობდა 1 ტონა არმატურის 385 აშშ დოლარად რეალიზაცია, თუმცა შპს „ბ--–-------მა“ 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად სრულად ჰქონდა გადახდილი შეძენილი არმატურის ფასი და იგი უფლებამოსილი იყო მიეღო 870 ტონა არმატურა. შპს „რ---------------–---მა“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც მოახდინა 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით პროდუქციის მიწოდება.
შპს „რ---------------–---ი“ კონკრეტულად ვერ მიუთითებს რა თანხის დავალიანება და რომელი მიწოდების საფუძველზე გააჩნია შპს „ბ--–-------ს“, თანხის გადახდის ვალდებულება არ შეიძლება გაიქვითოს არმატურის მიწოდების ვალდებულებაში - მოთხოვნები არაერთგვაროვანია. სასამართლომ კიდეც რომ მოახდინოს თანხების გაქვითვა ეს არ უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, რადგან არმატურა დღის მდგომარეობით არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ეს იყო 2016 წლის 1 აპრილს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 1 აპრილს შპს „ბ--–-------ს“ (მყიდველი, მოსარჩელე) და შპს „რ---------------–---ს“ (გამყიდველი, მოპასუხე) შორის გაფორმდა პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მყიდველს 870 ტონა არმატურა A---- კლასის, 12-32 მმ დიამეტრის, მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული მახასიათებლებითა და რაოდენობებით.
ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული მისაწოდებელი ერთი ტონა პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა 385 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
5.2 პუნქტის თანახმად კი მყიდველის მიერ პროდუქციის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მოხდება წინასწარ.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება ( ტომი I, ს.ფ. 24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მყიდველმა გამყიდველს წინასწარ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არმატურის საფასური მთლიანად - 754 474.88 ლარი.
საგადასახდო დავალების დანიშნულებაში მითითებულია (საქონლის ღირებულების ავანსი 334 950 აშშ დოლარის ეკვ. ეროვნ. კურსით 2.2525).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 აპრილის N- საგადასახადო დავალება (ტ. I; ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს გამყიდველი მყიდველის მიერ მითითებულ ობიექტზე.
3.3 პუნქტის თანახმად, პროდუქციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში.
3.4 პუნქტის თანახმად, პროდუქცია მიწოდებულად ითვლება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის სათანადო (სასაქონლო ზედნადები ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი) აქტის გაფორმების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება ( ტომი I, ს.ფ. 24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ხელშეკრულებების 6.1. მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე უზრუნველყოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა გაცემული ბანკის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი პროდუქციის მთლიან ღირებულებაზე და მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას 30 დღით.
გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია წარადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება ( ტომი I, ს.ფ. 24-26)
- საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ.21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. შპს „ბ--–-------მა“ მესამე პირებისაგან შეძენილ 178.697076 ტონა არმატურაში გადაიხადა 330 428.27 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.06.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.32);
- 09.07.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.38);
- 27.03.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.47);
- 30.04.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.48);
- 11.05.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.49);
- 19.06.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.50);
- 13.08.2018 საგადასახადო დავალება N- (ტომი I, ს.ფ.51);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მყიდველმა გამყიდველისაგან მიიღო 668.862 ტონა არმატურა. ბოლო მიწოდება განხორციელდა 23.03.2018 წელს.
ვალდებულების შესრულების ვადა გადააცილა კრედიტორმა (მყიდველმა).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელეს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველმა ნაკლები არმატურა წაიღო, ვიდრე შეთანხმებული იყო, თუმცა სადავოა რაოდენობა, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ წაიღო 686.964 ტონა არმატურა, ანუ 183.04 ტონით ნაკლები.
ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება დასტურდება სასაქონლო ზედნადებით.
საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება ჯამში 668.862 ტონა 12-32 მმ დიამეტრის არმატურის მიწოდება (ტ. II; ს.ფ 78-126).
მყიდველის მოსაზრებით, სხვაობა განპირობებულია იმით, რომ გამყიდველმა ჩათვალა 10 მმ დიამიტრის არმატურაც, რომელიც ამ ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა.
სასამართლო ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საგანი იყო 12-32 მმ დიამეტრის არმატურა, ამდენად, სხვა პროდუქცია ამ ვალდებულების შესრულებაში ჩათვლილი ვერ იქნება.
საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ბ--–-------ის“ ცნობა, რომლის თანახმადაც მან გამყიდველისაგან 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო 668.862 ტონა არმატურა.
ამ მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველმა მიიღო 668.862 ტონა 12-32 მმ დიამეტრის არმატურა.
გამყიდველი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი მოქმედებდა ერთი წლის ფარგლებში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მას არ ჰქონდა პროდუქციის მიწოდების ვალდებულება.
სასამართლო ამ მტკიცებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული 1-წლიანი ვადა არის პროდუქციის მიწოდების და არა შეძენის ვადა. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მყიდველმა წინასწარ გადაიხადა მთლიანი პროდუქციის საფასური, რის შემდეგაც აღნიშნული საქონლის გამყიდველისაგან მოთხოვნის უფლება მოიპოვა და ეს უფლება დროში შეზღუდული არ არის.
ამდენად, როგორც აღინიშნა, 1-წლიანი ვადა გათვალისწინებული იყო პროდუქციის მიწოდებისათვის. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველს უნდა მიემართა პროდუქციის მიწოდების მოთხოვნით და მიეთითებინა კონკრეტული ობიექტი, სადაც გამყიდველს საქონელი უნდა მიეწოდებინა. სადავო არც ის გარემოებაა, რომ ერთი წლის ვადაში მყიდველმა ვერ აითვისა მთლიანი პროდუქცია, ანუ, არ განუთავსებია შესაბამისი მოთხოვნა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახეზეა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება.
3.2.2. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი არ არსებობს.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ შპს „ბ--–-------მა“ გაიტანა 990 030.04 ლარის პროდუქცია და გადაიხადა 990 040.57 ლარი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ის მიიჩნევს, რომ ურთიერთმოთხოვნები უნდა გაიქვითოს.
როგორც უკვე აღნიშნა, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი მოთხოვნა.
მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებული არ არის მხარის საპროცესო როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზება იწყება მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, ხოლო ფაქტები უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი არსებობს საპასუხო მოთხოვნები. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი.
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისთვის შეგებებული სარჩელის ავტორს უნდა მიეთითებინა საიდან გამომდინარე რა შესასრულებელი ვალდებულება გააჩნია მოსარჩელეს და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, არათუ ფაქტობრივი გარემოებებია სარჩელში ამ სახით მითითებული არამედ მოთხოვნაც კი ფორმულირებულია არასწორად. თავის არსით, აღნიშნული მოთხოვნა არის ვალდებულების არარსებობის აღიარება და არა მოთხოვნათა გაქვითვა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული, რომ მყიდველს გააჩნია სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული შეუსრულებელი ვალდებულება, დადგენილია, რომ ნასყიდობის ფასის გადახდისას მყიდველმა აირჩია შესასრულებელი ვალდებულება: საგადახდო დავალების დანიშნულებაში მითითებულია რა ვალდებულებას ემსახურება გადახდა (იხ. 3.1.2 პუნქტი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ--–-------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, 52-ე, 337-ე, 338-ე, 319-ე, 382-ე, 390-ე, 394-ე, 395-ე, 392-ე, 408-ე-412-ე, 442-ე, 879-ე-890-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სახელშეკრულებო ვალდებულებების (პირველადი მოთხოვნები) შესრულების პრინციპს. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველად მოთხოვნები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით: მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს შეთანხმებული საფასური, ხოლო გამყიდველი - გადასცეს (მიაწოდოს) ნაყიდი საქონელი.
მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველმა სწორედ პირველადი მოთხოვნით აღძრა სარჩელი, კერძოდ, იგი ითხოვს ნაყიდი პროდუქციის გადაცემას.
დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისთანავე მყიდველმა მთლიანად გადაიხადა ნასყიდობის საფასური და ერთიანად შეიძინა ხელშეკრულებაში მითითებული პროდუქცია. ამასთან პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ხელშეკრულება 1 წლის ვადით იყო დადებული და ამ ვადის გასვლის შემდგომ გამყიდველს აღარ ჰქონდა პროდუქციის გადაცემის ვალდებულება.
როგორც უკვე აღნიშნა, მყიდველმა ერთიანად შეიძინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პროდუქცია და წარმოეშვა გამყიდველისაგან საქონლის გადაცემის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1-წლიან ვადას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების აღნიშნული დებულება უნდა განიმარტოს ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-338 მუხლების საფუძველზე დასაშვებია ხელშეკრულების ბუნდოვან დებულებათა განმარტება.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015).
იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველმა ერთიანად შეიძინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომ ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, ბუნდოვანია.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისად განმარტა ბუნდოვანი დებულება და მიიჩნევს, რომ ერთწლიანი ვადა წარმოადგენდა საქონლის მიწოდების ვადას, კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველს საქონელი უნდა მიეწოდებინა პერიოდულად მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მის მიერ მითითებულ ობიექტზე. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის შემდეგ მყიდველი იძენს გამყიდველისაგან ნივთის გადაცემის მოთხოვნის უფლებას და ეს უფლება დროში შეზღუდული ვერ იქნება (ბუნებრივია, აქ არ არის საუბარი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებზე). რაც შეეხება საქონლის მიწოდებას, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნებისმიერ წესზე და ვადაზე, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 480-ე, 482-ე მუხლებისაგან განსხვავებულ პირობებზე.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნაყიდი ქონება.
სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ნაყიდი ქონების მიღება მოიცავდა ხელშეკრულების შესაბამისად მყიდველისათვის მიმართვას, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობისა და მიწოდების ადგილის მითითებით, ასევე ადგილზე მიწოდებული საქონლის მიღებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა მიიღო 668.862 ტონა არმატურა. ასევე დადგენილია, რომ საქონლის სრულად მიღება ვერ უზრუნველყო მყიდველმა. მან ვერ აითვისა დადგენილ ვადაში ნაყიდი საქონელი სრულად.
სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად განიხილება როგორც კრედიტორის აქტიური უარი შემოთავაზებული შესრულების მიღებაზე, ისე მისი უმოქმედობა.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო კრედიტორის (მყიდველის) მოქმედება. ნაყიდი ქონების მისაღებად სწორედ მას უნდა მიემართა გამყიდველისათვის და მიეთითებინა რა რაოდენობის საქონელი მიეწოდებინა და სად.
ვინაიდან დადგენილ ვადაში კრედიტორმა არ განახორციელა მასზე დაკისრებული მოქმედება, მან გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება, თავისთავად, მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებს. სამოქალაქო კოდექსის 391-393 მუხლები ადგენს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება კრედიტორს ვადის გადაცილებისათვის, მაგრამ იგი არ კარგავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.
თუ კრედიტორი ვადას გადააცილებს, მოვალეს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან არ გასულა.
სამოქალაქო კოდექსის 382-ე მუხლის შესაბამისად, თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.
სასამართლოს შეკითხვაზე გამყიდველის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნასყიდობის საგანი არის გვაროვნული ნივთები - სტანდარტული პროდუქცია, რომელსაც მოპასუხე აწარმოებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველს უფლება აქვს გამყიდველისაგან დარჩენილი საქონლის გადაცემა მოითხოვოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 22.442 ტონა არმატურის მიწოდებას. რაც შეეხება დარჩენილ 178.697076 ტონა არმატურას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან ეს პროდუქცია მესამე პირებისგან უკვე შეიძინა და ითხოვს არა საქონლის მიწოდებას, არამედ ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, მესამე პირებისათვის გადახდილი ნასყიდობის ფასისა და იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც ამ თანხის სხვაგვარად განკარგვით მიიღებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ 22.442 ტონა არმატურის მიწოდებას ითხოვს, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების საფუძველს - ვალდებულების დარღვევას განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ხოლო ზიანის ანაზღაურების წესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე-412-ე მუხლებში.
სამოქალაქო კოდექსის 392-ე მუხლის თანახმად კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
აღნიშნული ნორმა ავიწროებს სსკ-ის 395-ე მუხლით შემოთავაზებულ ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს და კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის კონკრეტულ წინაპირობებს გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, ვალდებულების შესრულება უნდა იყოს შეუძლებელი. შეუძლებელია თუ არა ვალდებულების შესრულება, უნდა შეფასდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. დოქტრინაში მოყვანილია ერთ-ერთი მაგალითი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა: ხელშეკრულების საგნის განადგურება ან დაზიანება, თუ ხელშეკრულების საგანი ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთია (იხ. სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი www.gccc.ge, 392-ე მუხლის კომენტარი). მართალია, მოვალე თავისუფლდება იმ ვალდებულების შესრულებისაგან, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, მაგრამ მაინც ეკისრება პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე, თუ შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
ამდენად, ამ მუხლის საფუძველზე მოვალე ზიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აგებს თუ: ა) ვალდებულების შესრულება შეუძლებელია და ბ) შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის ბრალეული ქმედების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების პირველი წინაპირობა: ვალდებულების შესრულება არ არის შეუძლებელი და ამ გარემოებაზე არც მხარეები მიუთითებენ. როგორც უკვე აღნიშნა, შესრულების საგანი გვაროვნული ნივთია, რომელსაც მოპასუხე სტანდარტულად აწარმოებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მესამე პირებისაგან არმატურის შეძენამდე მყიდველმა გამყიდველს მიმართა და მან უარი უთხრა ვალდებულების შესრულებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში გამყიდველს, შეუძლია, სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, შეძენილი საქონლის მიწოდება მოითხოვოს, ან სკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-1350-1275-2012).
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ნაცვლად ნასყიდობის საფასურის დაბრუნება და ამ გზით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ნიშნავს მოთხოვნის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი საფუძვლების შეცვლასაც, რისი უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. შეგებებული სარჩელის პირველი მოთხოვნაა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ შპს „ბ--–-------მა“ გაიტანა 990 030.04 ლარის პროდუქცია და გადაიხადა 990 040.57 ლარი.
გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი. მხარის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (სსკ-ის 51-ე მუხლი) შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, თუ სახეზეა გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა, გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა („მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა. თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ. თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ. თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას,რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“) (იხ. სუსგ ას-708-678-2016).
იმისათვის, რომ მოთხოვნა გაქვითვის შესახებ წარმატებული იყოს, მხარემ უნდა მიუთითოს საიდან გამომდინარე (ხელშეკრულება, კანონისმიერი ვალდებულება) რა სახის და მოცულობის მოთხოვნა გააჩნია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, რა ვადამოსული შესასრულებელი ვალდებულება აქვს მას და რა ოდენობით, რის შემდეგაც მან უნდა მოითხოვოს ამ ვალდებულების ჩათვლა (გაქვითვა) ძირითად მოთხოვნაში.
განსახილველ შემთხვევაში, არც სასარჩელო მოთხოვნაა ამგვარად ფორმულირებული და არც შესაბამისი ფაქტებია მითითებული. მოსარჩელე არ მიუთითებს, შეგებებული სარჩელის აღძვრის დროისათვის რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე რა ვადამოსული ვალდებულება აქვს მყიდველს შესასრულებელი და არ ითხოვს მის ჩათვლას ძირითად სასარჩელო მოთხოვნაში. თავისი არსით, მოთხოვნა უფრო ვალდებულების არარსებობის აღიარებას ჰგავს. მხარე მიუთითებს, რომ მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასი გამოიყენა სხვა ვალდებულებების დასაფარავად, რის გამოც მოთხოვნა აღარ არსებობს.
სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 387-ე მუხლიდან გამომდინარე თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყიდველს სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საფასურის გადახდისას ჰქონდა შესასრულებელი სხვა ვადამოსული ფულადი ვალდებულება, მან აირჩია, რომელ ვალდებულებას ასრულებდა ამ გადახდით (იხ. 3.1.2 და 3.2.2 პუნქტები), რაც ამ თანხის სხვა ვალდებულების დასაფარავად გამოყენებას გამორიცხავდა, ამდენად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6.3. შეგებებული სარჩელის ავტორი ასევე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, გადახდების დაგვიანებისათვის დაეკისროს შპს „ბ--–-------ს“ შპს „რ---------------–---ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე 75 693.53 ლარის წლიური 8%-ის დარიცხვა - 12 615.58 ლარის ოდენობით ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, ასევე საბანკო გარანტიის დანახარჯები 10 885.87 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, ამ თანხის წლიური 8% 2016 წლის 15 აპრილიდან მის გადახდამდე (წელიწადში 870.86 აშშ დოლარი) ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
როგორც აღინიშნა, აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების საფუძველს - ვალდებულების დარღვევას განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ხოლო ზიანის ანაზღაურების წესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე-412-ე მუხლებში.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ამდენად, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების არსებობა: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, კრედიტორისთვის ზიანის მიყენება, მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანს შორის, მოვალის ბრალი ზიანის მიყენებაში.
განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რა ვალდებულების შესრულება დააგვიანა შპს „ბ--–-------მა“, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების საფუძველიც არ არსებობს.
რაც შეეხება საბანკო გარანტიის ხარჯების ანაზღაურებას, უპირველეს ყოვლისა, სარჩელით არ ირკვევა, რა „საბანკო გარანტიის დანახარჯებს“ გულისხმობს მოსარჩელე. დავის ფაქტობრივ გარემოებებში, აღნიშნულის თაობაზე არ არის მითითებული.
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 879-ე-890-ე მუხლები არ ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის რაიმე დანახარჯის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის შედეგად საბანკო გარანტია არ ამოქმედდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად შპს „რ---------------–---ს“ შპს „ბ--–-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 583,33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბ--–-------ის“ სარჩელი შპს „რ---------------–---ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „რ---------------–---ს“ დაევალოს შპს „ბ--–-------ს“ მიაწოდოს 22.422 ტონა არმატურა (A---- კლასის, 12-32 მმ დიამეტრის);
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ბ--–-------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „რ---------------–---ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ბ--–-------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „რ---------------–---ს“ შპს „ბ--–-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 583,33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარგდენილ საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია