გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-166-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- მაისი, 20-9 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - ნა-----–--------–---–ი
წარმომადგენელი - სო-------–--ე
მოპასუხე - ემ-----------------–---–ი
წარმომადგენლები - რა------------–--ე, მი--------ე, გი-----------–---–--ა
დავის საგანი - მინდობილობის თვალთმაქცურ გარიგებად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 27.03.200-წ. ნოტარიუს ნა-----------–---–-ს მიერ დამოწმებული სანოტარო აქტი (რეგ. N1-----) მინდობილობის პირველი პუნქტის ნაწილი და მისი შინაარსი დადგენილ იქნეს შემდეგნაირად: ,,მინდობილ მესაკუთრეს უფლება აქვს გაასხვისოს (გააჩუქოს, გაცვალოს, გაყიდოს) ემ-----------------–---–ის, დავ---------------–---–-ს და ნა-----–--------–---–ის სასარგებლოდ თანაბარწილად“;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გამჩუქებელ ვა-–----------------–---–-ს წარმომადგენელ ემ-----------------–---–სა და დასაჩუქრებულ ემ-----------------–---–ს შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადებული 18.11.201-წ. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/3 ნაწილში.
1.3. ნა-----–--------–---–ი ცნობილი იქნეს ემ-----------------–---–ისათვის შპს ,,ვი--------ი“-ს მიერ 29.12.201-წ. ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N1-/წყნეთის გზატკეცილი N1- (მიწის საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0---0--) 839 კვ.მ. თეთრი კარკასის ფართის 1/3 წილის (279 კვ.მ.) მესაკუთრედ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
27.03.200-წ. ნოტარიუს ნა-----------–---–-ს მიერ დამოწმებულ იქნა სანოტარო აქტი (რეგ. N1-----) ,,მინდობილობა“, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მამა ვა-–----------------–---–-, მოსარჩელის ძმას ემ-----------------–---–ს თითქოსდა აძლევდა უფლებას, რომ ვა-–----------------–---–-ს სახელზე რიცხული ქონება განკარგოს მისი შეხედულებისამებრ (გააჩუქოს, გაცვალოს, გაყიდოს). აღნიშნული მინდობილობის შედგენის ერთადერთი საფუძველი იყო მოსარჩელის ოჯახის წევრებს შორის შეთანხმება, რომლის მიხედვით ეს მინდობილობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ემსახურებოდა მხოლოდ საკუთრებაში გადმოცემის პროცედურების უფრო მარტივად შესრულებასა და სარეგისტრაციო მოქმედებათა გაადვილების მიზანს. უფროს ზუსტად, ეს დავალება მთელმა ოჯახმა მიანდო ემ-----------------–---–ს, რომელსაც უნდა მოეწესრიგებინა აღნიშნული დოკუმენტაციის საკითხები, ხოლო რეგისტრაცია კი უნდა მომხდარიყო სამივე დედმამისშვილზე თანაბარწილად, კერძოდ, თითოეულს 1/3-1/3 ნაწილი.
ამის შემდეგ, ემ-----------------–---–მა მოსარჩელისგან მალულად და დაუკითხავად ნოტარიუს ნა-----------–---–-ს მიერ დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, 18.11.201-წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თვითონვე შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, სადაც თვითონ იყო გამჩუქებლის წარმომადგენელიც და დასაჩუქრებულიც. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მან საკუთრებაში მიითვისა მოსარჩელის მამის კუთვნილი წილი ზემოაღნიშნული ქონებიდან, რისი უფლებამოსილებაც მისთვის რეალურად არავის მიუცია. მან ბოროტად გამოიყენა ის დავალების ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ არ იყო მითითებული იმ დავალების სრული შინაარსი, რისი გაკეთების უფლებასაც მას აძლევდა ვა-–----------------–---–-. მაგრამ იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მამისეული ქონება სამ ნაწილად უნდა გაენაწილებინა. სწორედ ამის გამო დათანხმდა დავ---------------–---–-, მის მფლობელობაში არსებული 3 სართულიანი სახლის დემონტაჟსა და მის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ზემოაღნიშნულის სინამდვილეს ისიც ადასტურებს, რომ ემ-----------------–---–მა ქონების ნაწილი დაუთმო ძმის დავ---------------–---–-ს მეუღლეს დო---- ბ----------–---–ს.
მოსარჩელის მამა ვა-–----------------–---–- გარდაიცვალა 19.06.201-წ. ონკოლოგიური ავადმყოფობით. 29.12.201-წ. შპს ,,დე----------ი“-სა და გო-------------------–---–ს, მა----- ბ----------–---–ს, ნი------------–---–სა და ემ-----------------–---–ს შორის 1189 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0---0--), ასევე შპს ,,დე----------ი“-სა და გო-------------------–---–ს, მა----- ბ----------–---–ს, ნი------------–---–ს შორის 105 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ნოტარიუს სო---------–-------ნ გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით.
შპს ,,დე----------ი“-ს შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად მისი სახელია შპს ,,ვი--------ი“, რომლის 25.11.20-6წ. გადაწყვეტილებით ემ-----------------–---–სა და დო---- ბ----------–---–ს გადაეცათა შემდეგი ფართები: 1) ემ-----------------–---–ს გადაეცა პირველ სადარბაზოში მე-4 სართ. ბინა N8- 86.3 კვ.მ., მე-5 სართ., ბინა N13- 86,3 კვ.მ. და ბინა N1- – 52,2 კვ.მ.; მე-6 სართ. ბინა N18 – 86,3 კვ.მ.; მე-7 სართ. ბინა N23- 86,3 კვ.მ.; ბინა N24 – 164,7 კვ.მ.; ბინა N25 – 52,2 კვ.მ.; სულ 61-,3 კვ.მ.; 2) დო---- ბ----------–---–ს გადაეცა - პირველ სადარბაზოში, მე-3 სართ. ბინა N5 – 52,2 კვ.მ.; მე-4 სართ. ბინა N10- 52,2 კვ.მ.; მე-2 სადარბაზოში მე-3 სართ. ბინა N44 – 53,5 კვ.მ. და ბინა N46- 87,9 კვ.მ.; მე-4 სართ. ბინა N49 – 53,5 კვ.მ.; სულ - 299,3 კვ.მ.;
მოსარჩელეს, როგორც ვა-–---------------–---–-ს შვილს, ეკუთვნოდა მამის ქონების 1/3 ნაწილი, რომლის გადაცემის სურვილიც ჰქონდა ვა-–--ო ბ----------–---–ს, მაგრამ დარჩა ყოველგვარი წილის გარეშე. ეს მოხდა იმიტომ, რომ მისმა ძმამ ემ-----------------–---–მა ბოროტად გამოიყენა ის მინდობილობა, რომელიც მხოლოდ საქმის გაიოლების მიზნით დაიდო და რომლის დადებისას მიმნდობს სულაც არ ჰქონდა იმის განზრახვა, რომ მინდობილს მთელი ქონება საკუთარ თავზე გადაეფორმებინა. მიმნდობს ჰქონდა იმის განზრახვა, რომ მამისეული ქონება განაწილებულიყო სამივე შვილზე თანაბარწილად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ემ-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
ვა-–--ო ბ----------–---–მა გამოხატა საკუთარი ნება სრულფასოვნად, კანონის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირის, ნოტარიუსის თანდასწრებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნება 200- წელსაა გამოხატული ვა-–--ო ბ----------–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 201- წელს, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულ მინდობილობასთან დაკავშირებით და არც მისი გაუქმება უცდია, რისი უფლებაც მას კანონის მიხედვით ჰქონდა. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს თვალთმაქცური გარიგება. გარიგება, რომლითაც ნება იქნა გამოხატული მხარეებს სურდათ, დადგა შედეგი, რომელსაც აღნიშნული გარიგება ითვალისწინებს. ჩუქების ხელშეკრულებით ემ-----------------–---–ი გახდა მესაკუთრე უძრავ ნივთზე, მოპასუხე იყენებს ჩუქების საგანს დანიშნულებისამებრ და არავითარი სხვა გარიგების დამალვა ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მოპასუხე თვლის, რომ დადებული გარიგება აბსოლუტურად ჭეშმარიტია და თვალთმაქცური გარიგების არსებობისათვის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
გარდა ამისა, სარჩელში აქცენტი მხოლოდ ემ-----------------–---–ზეა გამახვილებული, მაშინ როდესაც მინდობილობა ვა-–----------------–---–-ს მიერ გამოვლენილი ნებაა და ამ შემთხვევაში ემ-----------------–---–ი მხოლოდ ნების მიმღებია. მოპასუხე თვლის, რომ ვინაიდან თვალთმაქცური გარიგება განიხილება როგორც ორივე მხარის შეთანხმებული ნება მესამე პირების მიმართ, ამ შემთხვევაში მათი ინტერესების დაზიანებისკენაა მიმართული. თუკი მხოლოდ ერთ პირს ედავება მხარე ნების სიმულაციას, მაშინ მან შესაძლოა იდავოს სხვა კატეგორიებზე და არა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებაზე.
არ არსებობს მინდობილობის ბათილობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა არარეალურია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნა-----–--------–---–ი არის მოპასუხე ემ-----------------–---–ის ძმა და აწ გარდაცვლილი ვა-–----------------–---–-ს შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 200- წლის 24 მარტს, აწ გარდაცვლილმა ვა-–--ო ბ----------–---–მა მოპასუხე ემ-----------------–---–ს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, მიანიჭა უფლებამოსილება, რომლითაც ,,მინდობილი მესაკუთრე“ - უფლებამოსილია გაასხვისოს (გააჩუქოს, გადაცვალოს, გაყიდოს) ქ. თბილისში ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N1--ში მდებარე მიმნდობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, ასევე იპოთეკით დატვირთოს მიმნდობის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და გააუქმოს იპოთეკური ვალდებულება. ამის შესაბამისად დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, შეაგროვოს საჭირო ცნობები, მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია. იყოს მიმნდობის წარმომადგენელი სანოტარო ბიუროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, საგადასახადო ინსპექციაში და ყველა შესაბამის დაწესებულება-ორგანიზაციაში. აწარმოოს ყველა გარიგების გაანგარიშება, მოაწეროს ხელი და შეასრულოს მოქმედებები, რაც დაკავშირებული იქნება მოცემული დავალების შესრულებასთან.
მინდობილობა გაცემული იქნა განუსაზღვრელი ვადით, მის გაუქმებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 200- წლის 24 მარტის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომერი N1----- (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 201- წლის 18 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ვა-–----------------–---–-ს წარმომადგენლის ემ-----------------–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 201- წლის 18 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N1-, საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0---0--;
ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ვა-–--ო ბ----------–---–მა, წარმომადგენელი ემ-----------------–---–ი, ემ-----------------–---–ს აჩუქა მისი კუთვნილი წილი მითითებული უძრავი ქონებიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N1--ში (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0---0--) მდებარე გამჩუქებლის ვა-–----------------–---–-ს კუთვნილი წილი აღირიცხა ემ-----------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 18 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 64-65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 201- წლის 19 ივნისს გარდაიცვალა ვა-–----------------–---–- და მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 201- წლის 08 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
სანოტარო აქტის თანახმად, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, დავით ბ----------–---–მა საკუთრებაში მიიღო ¼ წილი მამკვიდრებლის ვა-–----------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო მასიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23);
- სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 32-34)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ნა-----–--------–---–ი მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ემ-----------------–---–ი ვალდებული იყო მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილება განეხორციელებინა საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად, კეთილსინდისიერად. აღნიშნული ვალდებულებები მან არ შეასრულა და მთელი ქონება მიისაკუთრა. მოსარჩელე აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს.
მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
3.2.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
პროცესუალური თვალსაზრისით, აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც მითითებული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და მასზე სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნა-----–--------–---–ის სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 31--ე, 709-ე, 724-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 20--ე, 219-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო გარიგების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა არსებობს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტების შესახებ (სუსგ 2.04.2008, საქმე №ას-863-11-4-0-, 23.0-.1- საქმე №ას-11-2-1088-201-);
საკასაციო სასამართლომ ნათლად განმარტა თვალთმაქცური გარიგების არსი და სამართლებრივი მახასიათებლები და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.
მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ, ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამდენად, მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების მიმართ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის არსებობის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ უნდა ადასტუროს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ბათილობას არა გარიგების მონაწილე მხარე, არამედ მესამე პირი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგების მხარეები არ ისახავდნენ მიზნად გარიგების სამართლებრივი შედეგის დადგომას და აღნიშნული გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად დაიდო. ასეთ ვითარებაში, სწორედ მესამე მხარის მტკიცების საგანში შედის იმ ფაქტის დადასტურება, რომ ვა-–--ო ბ----------–---–ს არ უნდოდა უძრავი ქონების ჩუქება ემ-----------------–---–ისათვის. განსახილველ შემთხვევაში, გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მიზნებისათვის, დადასტურებულ უნდა იქნეს გარიგების ორივე მხარის განზრახვა, არ დადგეს აღნიშნული გარიგების გაფორმების შედეგად ის სამართლებრივი შედეგი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების დადებას მოყვება.
გარიგების მოჩვენებითობისა და თვალთმაქცურობის დადგენის დროს არსებითი მნიშვნელობა მხარეთა შინაგანი ნების შეფასებას ენიჭება, შესაბამისად, მხარეთა შინაგანი ნების დადგენა და მისი ურთიერთმიმართების განსაზღვრა ნების გარეგან გამოხატულებასთან, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდება, მით უფრო, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული სანოტარო აქტი (მინდობილობა) და ხელმოწერილი ხელშეკრულება მოწმეთა ჩვენებისაგან განსხვავებულ გარემოებებს ადასტურებენ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმის სახით დაკითხული დავ---------------–---–-ს, გო-------------------–---–ისა და მა----- ბ----------–---–ის ჩვენება არსებითად ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვა-–----------------–---–- გარდაიცვალა 201- წლის 19 ივნისს, ანუ მესაკუთრის სიცოცხლეშივე განხორციელდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მოსარჩელე მხარე უთითებს მტკიცებულებებზე, რომელიც მიმნდობის ვა-–----------------–---–-ს პრეტენზიას დაადასტურებდა მის მიერ 200- წლის 27 მარტს გაცემული მინდობილობის საფუძველზე გამოხატულ ნებასთან დაკავშირებით. მინდობილობის გაცემიდან მესაკუთრის გარდაცვალებამდე გასული იყო 7 წელი, ვა-–--ო ბ----------–---–ს გარდაცვალებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც მინდობილობა გაუქმებულა.
იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც მათი მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ არცერთ ზემოჩამოთვლილ გარემოებას ადგილი არ ჰქონია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის განმარტება, რომლის შესაბამისად, სადავო ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს კანონის საწინააღმდეგო გარიგებას, ვინაიდან არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებით განკარგული ქონების მესაკუთრის ნებასა და მის ინტერესებს.
ვინაიდან 201- წლის 18 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ქონების განკარგვა განხორციელდა მესაკუთრე ვა-–----------------–---–-ს მიერ გაცემული საკუთრების მინდობის შესახებ სანოტარო აქტის საფუძველზე, მასთან მიმართებით მესაკუთრის ნება სწორედ დასახელებული სანოტარო აქტის შინაარსიდან, იურიდიული მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 10--ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა, მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება არსებობდეს დავალების ან საკუთრების მინდობის საფუძველზე ან მათ გარეშე. საკუთრების მინდობა, თავისი კლასიკური არსითა და დანიშნულებით, გულისხმობს მინდობილი პირის უფლებასა და ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება თავისი სახელით, თუმცა, მინდობილი მესაკუთრის ინტერესების შესაბამისად. საკუთრების მინდობა დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი სახესხვაობაა იმ თავისებურებით, რომ საკუთრების მინდობის დროს დავალების არსი მდგომარეობს მინდობილი ქონების მართვაში. დავალების ხელშეკრულება კი მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალებისა და საკუთრების მინდობის ხელშეკრულება ხასიათდება ერთი მთავარი საერთო თავისებურებით, კერძოდ, სამართალურთიერთობის სუბიექტი სხვა მესამე პირი არ არის. სამართალურთიერთობა ყალიბდება ერთ შემთხვევაში საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის. მოცემულ შემთხვევაში, ვა-–--ო ბ----------–---–მა 200- წლის 27 მარტის სანოტარო აქტით ცალმხრივად გამოხატა ნება, ემ-----------------–---–ისათვის მიენიჭებინა კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. აღნიშნული მინდობილობის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, სახეზეა შერეული ტიპის გარიგება, რომელიც ქონების მართვის უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში წარმოადგენს საკუთრების მინდობას და შესაბამისად, ამ ნაწილის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები უნდა იქნეს დარეგულირებული სამოქალაქო კოდექსის 724-729-ე მუხლებით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა ეხება არა ქონების მართვის ნაწილში განხორციელებულ მოქმედებას, არამედ ქონების განკარგვასთან მიმართებით დადებული გარიგების ნამდვილობას. შესაბამისად, წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობის კანონის შესაბამისად მოწესრიგების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია, ქონების გასხვისების უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში სამართალურთიერთობის სწორად კვალიფიკაცია. ამ მხრივ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავალების ხელშეკრულებისა და მინდობილობის თავისებურებანი. დავალების ხელშეკრულებისაგან განსხვავებით მინდობილობა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფად წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის და ემსახურება წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურებას. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება და დავალების ხელშეკრულების დადება – ეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა. შეიძლება არ დაიდოს დავალების ხელშეკრულება და გაიცეს მინდობილობა, ან პირიქით - დაიდოს დავალების ხელშეკრულება და არ გაიცეს მინდობილობა. ამდენად, მინდობილობას შეიძლება საფუძვლად დაედოს ან არ დაედოს დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 709-723-ე მუხლებით განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მარწმუნებლის მიერ ცალმხრივად გამოხატული ნება, რომელიც მიმართულია, მესამე პირთა წინაშე დაადასტუროს რწმუნებულის უფლებამოსილება. შესაბამისად, ადგილი აქვს მინდობილობის საფუძველზე წარმოშობილ სამართლაურთიერთობას, რომელიც წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 103-11--ე მუხლებით. დასახელებული ნორმების შესაბამისად, მარწმუნებლის მიერ გამოხატული ნება, წარმომადგენელმა მისი სახელით განახორციელოს გარკვეული ქმედება, წარმოშობს წარმომადგენლის შესაბამის უფლებამოსილებას.
საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, 200- წლის 27 მარტის სანოტარო აქტში ნათლად არის გადმოცემული ვა-–----------------–---–-ს ნება, რომლის შესაბამისად, მან ემ-----------------–---–ს მიანიჭა კუთვნილი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. ამგვარად ჩამოყალიბებული ნების შინაარსიდან გამომდინარე, წარმომადგენლის უფლებამოსილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შეუზღუდავია და ვერ იქნება მიჩნეული დამოკიდებულად რაიმე სახის პირობაზე. უფლებამოსილების მინიჭების ინტერესი შეიძლება გამომდინარეობდეს მარწმუნებელსა და წარმომადგენელს შორის არსებული როგორც პირადი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის დადგენა არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტორს მინდობილობიდან გამომდინარე უფლებამოსილების შეფასებისას. არამედ არსებითია მარწმუნებლის ნების ნამდვილობა, რომლის არსებობის პირობებში ივარაუდება, რომ წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებები შეესაბამება მარწმუნებლის ინტერესებს. სწორედ ამგვარი პრეზუმფცია გამომდინარეობს კანონიდან, რომელიც თითქმის გაუბათილებელია და უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. მარწმუნებლის ინტერესების შესაბამისად განხორციელებული კანონით აუკრძალავი ქმედების ამორალურად მიჩნევაზე პრეტენზია კი დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
როგორც განიმარტა, მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებული სამართლურთიერთობა დამოუკიდებელია მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. მინდობილობა თუ ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, მარწმუნებლის სახელით განახორციელოს გარკვეული ქმედება, დავალება არეგულირებს ურთიერთობას მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის. მოცემულ შემთხვევაში 200- წლის 27 მარტის სანოტარო აქტის სახით სახეზეა სხვადასხვა ტიპის გარიგებების სინთეზი, რომელიც საკუთრების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში მინდობილობაა და არ ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის კონკრეტული სახის დავალებასთან არსებული სამართალურთიერთობის არსებობას. ასეთის არსებობის შემთხვევაში რწმუნებულის მხრიდან მარწმუნებულის მიმართ არსებული ვალდებულების დარღვევა გავლენას ვერ მოახდენდა მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ნამდვილობაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 200- წლის 27 მარტს, აწ გარდაცვლილმა ვა-–--ო ბ----------–---–მა მოპასუხე ემ-----------------–---–ს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, მიანიჭა უფლებამოსილება, რომლითაც ,,მინდობილი მესაკუთრე“ - უფლებამოსილია გაასხვისოს (გააჩუქოს, გადაცვალოს, გაყიდოს) ქ. თბილისში ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N1--ში მდებარე მიმნდობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, ასევე იპოთეკით დატვირთოს მიმნდობის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და გააუქმოს იპოთეკური ვალდებულება.
201- წლის 18 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ვა-–----------------–---–-ს წარმომადგენლის ემ-----------------–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 201- წლის 18 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N1-, საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0---0--;
როგორც აღინიშნა, ვა-–----------------–---–- გარდაიცვალა 201- წლის 19 ივნისს, მესაკუთრის სიცოცხლეშივე განხორციელდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ვა-–----------------–---–-ს პრეტენზიას დაადასტურებდა მის მიერ 200- წლის 27 მარტს გაცემული მინდობილობის საფუძველზე გამოხატულ ნებასთან დაკავშირებით. მინდობილობის გაცემიდან მესაკუთრის გარდაცვალებამდე გასული იყო 7 წელი და მას გარდაცვალებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს, მინდობილობა არ გაუქმებულა. ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში კი განხორციელდა ვა-–----------------–---–-ს გარდაცვალებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 200- წლის 27 მარტის მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე 201- წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა-----–--------–---–ის სარჩელი მოპასუხე ემ-----------------–---–ის მიმართ მინდობილობის თვალთმაქცურ გარიგებად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი