განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002766010
№1/351-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ემ--–---ე ბე----ა.
დაცვის მხარე:
ადვოკატები: მა---–-- კა------ი, ალ---------- ნა-------,ბრალდებული: მა------- კუ--–--,მამის სახელი: გო-–-----,დაბადებული: 1----.19-- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: სა–----–ო,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, ჭ-----------–-ს ქუჩა N38.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მა------- კუ--–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბრალდებულ მა------- კუ--–--ს სისხლის სამართლის №045301118002 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მა------- კუ--–--ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 22:50 საათზე, მთვარლ მდგომარეობაში მყოფმა მა------- კუ--–--მ ქ. ფოთში, ჭ-----------–-ს ქუჩა N38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ან–--–--- სა------------ს მინის დოქის თავის არეში ჩარტყმით, თხემის მიდამოში მარჯვნივ ჭრილობების სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა------- კუ--–--ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
მა------- კუ--–--ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. დაზარალებულმა ან–--–--- სა------------მ, რომელიც არის ბრალდებულ მა------- კუ--–--ს მეუღლე, გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის, მა------- კუ--–--ს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
(იხ. 03.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოწმე ვე------ კუ--–--მ რომელიც არის ბრალდებულ მა------- კუ--–--ს შვილი, გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მამის, მა------- კუ--–--ს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
(იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე ხა------ შა-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ქ. ფოთი, ჭ-----------–-ს ქუჩა N38-ში შესაძლო მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა დაზარალებული ან–--–--- სა------------, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ - მა------- კუ--–--მ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: გრაფინი ჩაარტყა თავში. ან–--–--- სა------------ უნდობლობას გამოთქვამდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აღნიშნავდა, რომ იყვნენ უმოქმედოები, ვინაიდან ადრეც ჰქონდა მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი, თუმცა პოლიციამ არაფერი გააკეთა, ითხოვდა შესაბამისი ზომების მიღებას. ხა------ შა------- დაინტერესდა დაზარალებულის მიერ გაკეთებული განცხადებით, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რა დროსაც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. გამომძიებლის მიერ დაინიშნა დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა მოწმეები და ექიმი. ბრალდებული შესაძლო მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ამიტომ ბრალდებულის სახით მა------- კუ--–--ს დაკავების თაობაზე განჩინებისათვის, მიმართეს სასამართლოს.
(იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე ლ-–ა ეს-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქ. ფოთის საავადმყოფოში, როგორც მორიგე ქირურგი და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა პაციენტი ან–--–--- სა------------, რომელსაც აღენიშნებოდა 2 ნახეთქი ჭრილობა, დაახლოებით 2-4 სმ, თხემის მიდამოში - სიღმე 0.52 მმ. მას დაუმუშავდა ჭრილობები ანტისეპტიკური ხსნარებით და დაედო ასეპტიური ნახვევი. ჭრილობა იყო ნახეთქი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. აღნიშნა, რომ ან–--–--- სა------------მ უარი განაცხადა ჭრილობებზე ნაკერის დადებაზე. ექიმისთვის მიწოდებულ იფორმაციაში პაციენტმა ან–--–--- სა------------მ განმარტა, რომ ჭრილობები გრაფინის თავში ჩარტყმით მიაყენა მეუღლემ მა------- კუ--–--მ. მოწმე ლ-–ა ეს-------ს განმარტებით, მან შეადგინა ფორმა 100 და აცნობა პოლიციას აღნიშნული ფაქტის თაობაზე.
(იხ. 27.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. ექსპერტმა გი------ გრ----–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ მოქალაქე ან–--–--- სა------------ს გადმოცემით, 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ფოთში ჭ-----------–-ს ქუჩა N38-ში, თავის საცხოვრებელს სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ მა------- კუ--–--მ კერძოდ: გრაფინი ჩაარტყა თავში. მან 2018 წლის 01 დეკემბერს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ან–--–--- სა------------ს, რომელსაც მარჯვენა თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობები. ჩატარებული პირადი გასინჯვით ან–--–--- სა------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები უსწორიკიდეებიანი ჭრილობები. ტანსაცმლის გახდაზე ან–--–--- სა------------მ უარი განაცხადა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N008276718 დასკვნით, ან–--–--- სა------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(იხ. 27.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მხარეთა პოზიციები:
3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ მა------- კუ--–--ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ მა------- კუ--–--მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მა------- კუ--–--ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა: დაზარალებულ ან–--–--- სა------------ს და მოწმე ვე------ კუ--–--ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ხა------ შა-------ს, ლ-–ა ეს-------ს და ექსპერტ გი------ გრ-----–-–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან–--–--- სა------------ს მიმართ, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას ან–--–--- სა------------მ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლემ მა------- კუ--–--მ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა.
ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ემყარება მხოლოდ დაზარალებულისგან მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ბრალდების მხარის აზრით, ვინაიდან დაზარალებულმა ან–--–--- სა------------მ არაერთ პირს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, აღნიშნული საკმარისია პირის ძალადობაში მხილებისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, სათანადო წესით გადამოწმებისა და დადასტურების გარეშე, არ იქნეს საკმარისად მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდა არაერთ პირს.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, ან–--–--- სა------------ს და ვე------ კუ--–--ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის და მოწმის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის დროს და ადგილზე სავარაუდო კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ ბრალდებული მა------- კუ--–--, დაზარალებული ან–--–--- სა------------ და მათი შვილი ვე------ კუ--–--; სხვა პირი ამ შემთხვევას არ შესწრებია. დაზარელებულმა ან–--–--- სა------------მ და მოწმე ვე------ კუ--–--მ სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა მა------- კუ--–--მ ისარგებლა დუმილის უფლებით.
ამდენად, შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები საქმეში არ მოიპოვება.
4.5. რაც შეეხება საქმეში არსებულ ამ პირთა გამოკითხვის ოქმებს, როგორც მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
გამოკითხვის წესი და ზოგადად გამოკითხვის საჭიროების საფუძვლები, რეგულირდება საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი და ამ ოქმში პირის მიერ მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია, თუ პროცესის რომელ სტადიამდე ინარჩუნებს გამოკითხვის ოქმი, როგორც ცალკე დოკუმენტი, მტკიცებულების ძალას.
საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სისხლის სამართლის პროცესის სამ ძირითად სტადიას, კერძოდ: ბრალდებულის პირველი წარდგენა, წინასასამართლო სხდომის ეტაპი და არსებითი განხილვა.
შესაბამისად, სამივე ეტაპზე განისაზღვრება მტკიცებულებათა სტანდარტები, კერძოდ:
დასაბუთებული ვარაუდი, ესე იგი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი);
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ესე იგი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილი);
ალბათობის მაღალი ხარისხი, ესე იგი წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი);
გონივრულ ეჭვს მიღმა, ესე იგი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 13-ე ნაწილი).
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დასაბუთებული ვარაუდის და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტის პირობებში, ესე იგი პირველი წარდგენის და წინასასამართლო ეტაპებზე, სასამართლო შეზღუდულია უშუალოდ გამოიკვლიოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხვის წესით მოისმინოს გამოკითხული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
ამრიგად, გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად ითვლება წინასასამართლო სხდომის ეტაპის ჩათვლით, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის პროცესში.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპზე გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებით ბუნებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 20-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით
ამრიგად იმისათვის, რომ პირი არსებით განხილვაზე დაიკითხოს მოწმის სახით, უნდა არსებობდეს მისი გამოკითხვის ოქმი, რაც მხარეებმა უნდა გადასცენ ერთმანეთს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში პირი მოწმის სახით ვერ დაიკითხება (გარდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა).
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, გამოკითხვის ოქმი, წინასასამართლო ეტაპის შემდეგ, ის სავალდებულო პროცესუალური დოკუმენტია, რომელიც მხარეს უფლებას აძლევს გამოკითხული პირი დაკითხოს საქმის არსებით განხილვაზე, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი, როგორც ინფორმაციის შემცველი ცალკე პროცესუალური მტკიცებულებითი დოკუმენტი, ამ ეტაპის შემდეგ მტკიცებულებად არ გამოიყენება, მასში ასახული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ან უარმყოფელი, ვინაიდან მისი მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა გამოკითხული პირის დაკითხვა საქმის არსებით განხილვაზე.
აქედან გამომდინარე ბრალდების მხარის პოზიცია - საქმის არსებით განხილვაზე გამოკითხვის ოქმების ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც ამ პირის დაკითხვა ან მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა არ განხორციელებულა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგობაშია საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ნორმებთან და მას სასამართლო არ იზიარებს.
4.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვა ირიბი მტკიცებულებები, როგორიცაა გამომძიებელ ხა------ შა-------ს, მოწმე ლ-–ა ეს-------ს და ექსპერტ გი------ გრ-----–-–---–-ს ჩვენებები, რომლებმაც ან–--–--- სა------------საგან შეიტყვეს, რომ დაზიანება მისმა მეუღლემ მა------- კუ--–--მ მიაყენა. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.
ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N008276718 დასკვნა ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებას, მათი შემდგენელი პირები არ შესწრებიან უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ან–--–--- სა------------საგან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ან–--–--- სა------------ს მიერ გამოძიებისათვის მიცემულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ინციდენტს შეესწრო მათი ქალიშვილი ვე------ კუ--–--, თუმცა ვე------ კუ--–--მაც სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადასტურდება, რომ ბრალდებულის მხრიდან მოხდა დაზარალებულის მიმართ დაზიანების მიყენება.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------- კუ--–-- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
5.2. ოჯახური დანაშაულის დროს სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის N°527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მა------- კუ--–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მა------- კუ--–-- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული მა------- კუ--–-- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მა------- კუ--–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა, გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.
3. გამართლებულ მა------- კუ--–--ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულლი მინის ნატეხები, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე