გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/803-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.05.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი -გ-------------
მოსარჩელე - სს „კ------- ბანკი“
წარმომადგენელი - ნ----------------
მოპასუხეები - ლ----- დ--–--–-–---–ი; ლ--–- ს-----ე; ზ-----ი დ--–--–-–---–ი; გ------ი ლ---–--ა;
ადვოკატი - დ--------------
მოპასუხე - ი-----------–--ე
წარმომადგენელი - რ---------------–--–--ა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებზე - ლ----- დ--–--–-–---–ი, ლ--–- ს-----ე, ზ-----ი დ--–--–-–---–ი, გ------ი ლ---–--ა და ი-----------–--ეზე, მოსარჩელე - სს „კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ დავალიანების-14,428.47 აშშ დოლარის (ძირი-7921.96 აშშ დოლარი; პროცენტი-5769.24 აშშ დოლარი; 532.34 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა; 30.98 აშშ დოლარი ერთჯერადი ჯარიმა ძირზე; 13.49 აშშ დოლარი 5% ერთჯერადი ჯარიმა ძირზე; 160.46 აშშ დოლარი საკომისიო) სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი.
მოსარჩელის წარმოდგენელის განმარტებით, 2015 წლის 20 თებერვალს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კ------- ბანკი“) და ლ----- დ--–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8700 აშშ დოლარი 60 თვით, 1.52% თვიური საპროცენტო სარგებლით.
სსკ 623 მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
მსესხებელს ჰყავს ოთხი თავდები.
სსკ 891 მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე სსკ 892 მუხლის მიხედვით, თავდების ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, 2015 წლის 27 დეკემბერს ოთხივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ლ--–- ს-----ემ; ზ-----ი დ--–--–-–---–მა; გ------ი ლ---–--ამ; ი-----------–--ემ იკისრეს ვალდებულება, კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადაუხდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
სსკ 896 მუხლის მიხედვით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავდებები ვალდებული არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ 902 მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს, თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, ამდენად მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. ლევან დ--–--–-–---–მა, ლ--–- ს-----ემ, ზ-----ი დ--–--–-–---–მა, გ------ი ლ---–--ამ, ი-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ლევან დ--–--–-–---–სა და სს „კ------- ბანკს“ შორის 2015 წლის 27 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხად მიიღო 8700 აშშ დოლარი 60 თვით; 1.52% თვიური საპროცენტო განაკვეთით.
ლ--–- ს-----ე, ზ-----ი დ--–--–-–---–ი, გ------ი ლ---–--ა და ი-----------–--ე წარმოადგენენ თავდებ პირებს.
ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან მოხდა თავდები პირების არაერთგზის გაფრთხილება, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, გამოწვეულია არა მათი უპასუხისმგებლობით, არამედ მძიმე მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობით.
მოპასუხეების განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კაბალურ პირობებს შეიცავს, კერძოდ, მოპასუხეების განმარტებით, ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს ძირი თანხის - 7921,96 დოლარის ნაწილში. რაც შეეხება პროცენტს პირგასამტეხლოს და სიცოცხლის დაზღვევას, ის უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ხელშეკრულების დარღვევიდან- (2017 წლის დეკემბერი), სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე დროის მონაკვეთით, რაც შეადგენს სამ თვეს, შემდეგი გაანგარიშებით - დარიცხული პროცენტი შეადგენს 1,52 % ყოველ თვეზე 568,52 აშშ დოლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს 3 თვის ძირი თანხის ნაწილი 269,77 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩება დასარიცხი პროცენტი 298,75 აშშ დოლარი. სიცოცხლის დაზღვევის 31,64 აშშ დოლარი, გამომდინარე ვადაგადაცილების დაწყებიდან. ხოლო პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის ნაწილში შემდეგი სახით - 290 აშშ დოლარზე ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07 % რაც შეადგენს დღეზე 0,203 აშშ დოლარს ხოლო სულ გადაცილებაში 90 დღეზე ნამრავლი შეადგენს 18,27 აშშ დოლარს. მსესხებლის დავალიანება საკომისიო გადახდის შესახებ შეადგენს წლიურად 55,45 აშშ დოლარს. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეთა ერთობლივი პოზიციის მიხედვით მათ ცნეს სარჩელი ჯამში-8371,62 აშშ დოლარის ნაწილში ( 7921,96+298,75+32,64+18,27+55,45=8371,62), ხოლო დანარჩენი მთხოვნის ნაწილში არ ცნეს სარჩელი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 27 დეკემბერს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-სა (ამჟამად- სს „კ------- ბანკი“) და ლევან დ--–--–-–---–ს შორის შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8700 აშშ 60 თვით, 1.52% თვიური საპროცენტო სარგებლით.
მტკიცებულება: 2015 წლის 27 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.ს/ფ. )
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანისას მოპასუხეების - სასესხო დავალიანება სასრჩელო მოთხოვნის საფუძველზე შეადგენდა 14,428.47 აშშ დოლარს (ძირი-7921.96 აშშ დოლარი; პროცენტი-5769.24 აშშ დოლარი; 532.34 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა; 30.98 აშშ დოლარი ერთჯერადი ჯარიმა ძირზე; 13.49 აშშ დოლარი 5% ერთჯერადი ჯარიმა ძირზე; 160.46 აშშ დოლარი საკომისიო).
მტკიცებულება: დავალიანების ცნობა, სესხის გადახდის გრაფიკი. (ტ.1.ს/ფ. )
3.2.2. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულება (ტ.1.ს/ფ. )
- სესხის დაფარვის გრაფიკი. (ტ.1.ს/ფ. )
3.2.3.დადგენილია, რომ ვინაიდან სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გასულია სამი თვე, სადავოა სესხზე მოთხოვნილი პროცენტის გაანგარიშება, ჯარიმა, სიცოცხლის დაზღვევა და ასევე საკომისიოს სახით გადასახდელი თანხა.
მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება. (ტ.1.ს/ფ. )
3.2.4. 2015 წლის 19 თებერვალს ოთხივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ლ--–- ს-----ემ; ზ-----ი დ--–--–-–---–მა; გ------ი ლ---–--ამ; ი-----------–--ემ იკისრეს ლევან დ--–--–-–---–ის სესხის დაფარვის ვალდებულება.
მტკიცებულება:
თავდები პირების განცხადებები (ტ.1.ს/ფ. )
თავდებობის ხელშეკრულებები (ტ.1.ს/ფ. )
3.2.5. დადგენილია, რომ მოპასუხეებს - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ’’ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მტკიცებულება:
გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე (ტ.1.ს/ფ. )
3.2.6. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მითითებას სარჩელის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში არ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.
მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა ახსნა-განმარტებებით და მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე სესხის პროცენტს ითხოვს მთელი ხელშეკრულების მოქმედების დროის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც, ხელშეკრულების დარღვევიდან სამ თვეში აღძრა სარჩელი სასამართლოში.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების; ლ--–- ს-----ის; ზ-----ი დ--–--–-–---–ის; გ------ი ლ---–--ას; ი-----------–--ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირი თანხა შეადგენს 7921,96 დოლარს (01/01/2017 წ. გადაუხელი თვე). დარიცხული პროცენტი შეადგენს 1,52 % ყოველ თვეზე 568,52 აშშ დოლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს 3 თვის ძირი თანხის ნაწილი 269,77 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩა დასარიცხი პროცენტი 298,75 აშშ დოლარი. სიცოცხლის დაზღვევის 31,64 აშშ დოლარი, გამომდინარე ვადაგადაციულების დაწყებიდან. ხოლო პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის ნაწილში მოპასუხეთ პოზიციით უნდა გააანგარიშებულიყო შემდეგი სახით 290 აშშ დოლარზე ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07 % რაც შეადგენს დღეზე 0,203 აშშ დოლარს ხოლო სულ გადაცილებაში 90 დღეზე ნამრავლი შეადგენს 18,27 აშშ დოლარს. მსესხებლის დავალიანება საკომისისო გადახდის შესახებ შეადგენს წლიურად 55,45 აშშ დოლარს. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეთა ერთობლივი პოზიციის მიხედვით, მათ ცნეს ჯამში 8371,62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ( 7921,96+298,75+32,64+18,27+55,45=8371,62), ხოლო სხვა ნაწილში არ ცნეს სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.3.ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
-მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 27 დეკემბერს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კ------- ბანკი“) და ლ----- დ--–--–-–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 8700 აშშ დოლარი 60 თვით, 1.52% თვიური საპროცენტო სარგებლით.
ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ლ----- დ--–--–-–---–ს და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, მოვალეების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მოპასუხეების მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, რადგან მოპასუხეები სადავოდ ხდიან ხელშეკრულების დარღვევის დროიდან, სესხის დასრულების ბოლომდე პროცენტის სახით დარიცხულ თანხას.
ამ ნაწილში სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხეების წარმოდგენელის განმარტებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2015 წლის 27 დეკემბერს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კ------- ბანკი“) და ლ----- დ--–--–-–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობა დაირღვა 2017 წლის იანვრიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 31 მარტს, სესხის პროცენტი და სახვა ნაკისრი ვალდებულებებიც სწორედ სამი თვის განმავლობაში გადასახდელებით უნდა განისაზღვროს, ამასთან ვინაიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხეებს არ შეუტანიათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანი, რაც აკლდება სესხის ძირს და ასევე წარმოადგენს სესხის პროცენტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებელი სამ თვეზე უნდა განისაზღვროს არა 298,75 აშშ დოლარით, არამედ - 568,52 აშშ დოლარით.
რაც შეეხება 2015 წლის 27 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებებს, იგი უნდა გამოითვალოს სამ თვეზე და შეადგენს - სიცოცხლის დაზღვევა -32,64 აშშ დოლარს; საკომისიო 160.46 აშშ დოლარს; ჯარიმა ერთჯერადი - 30,98 აშშ დოლარს, რადგან საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებზე 2015 წლის 27 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით მოთხოვნილი 5769 ლარის მოპასუხეებზე გადასახდელად დაკისრება, ზოგადად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და წარმოადგენს კრედიტორის მხრიდან კაბალურ მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ -მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა - 2015 წლის 27 დეკემბერს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კ------- ბანკი“) და ლევან დ--–--–-–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 8700 აშშ დოლარი 60 თვით, 1.52 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებზე 30.98 აშშ დოლარის (ერთჯერადი ჯარიმა ძირზე) და 13.49 აშშ დოლარის (5% ერთჯერადი ჯარიმა ძირზე) გადასახდელად დაკისრებას, რაც ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო ორმაგი პირგასამტეხლოს დაკისრება ასევე ეწინააღმდეგება სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპს, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ 13.49 აშშ დოლარის, 5% ერთჯერადი ჯარიმა ძირზე, მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ნაწილობრივ, 30.98 აშშ დოლარის (ერთჯერადი ჯარიმა ძირზე), მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1058.53 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ 8371,62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 251.15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახდო დავალება №672. 28.03.2017 წელი. ხოლო მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ -8714.56 აშშ დოლარი, ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხა (სხვაობა) 342.94 აშშ 3% დოლარის 10.29 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით).
სარჩელზე უარის ნაწილში 5713.91 აშშ დოლარის 3% 171.42 ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,კ------- ბანკი“-ს სარჩელი.
2. მოპასუხეებს: ლ----- დ--–--–-–---–ს, ლ--–- ს-----ეს; ზ-----ი დ--–--–-–---–ს, გ------ი ლ---–--ას და ი-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი - 7962,96 აშშ დოლარი, პროცენტი - 568,52 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30.98 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 32,64 აშშ დოლარი, საკომისიო -160,46 აშშ დოლარი.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. მოპასუხეებს; ლ----- დ--–--–-–---–ს, ლ--–- ს-----ეს; ზ-----ი დ--–--–-–---–ს გ------ი ლ---–--ას; ი-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------- ბანკის” სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების; სახელმწიფო ბაჟის -10.29 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით); სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი-22 ლარის და უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის 42 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს” დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი - 251.15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) ანგარიშიდან, საგადახდო დავალება №672. 28.03.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“.
6. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 171.42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--------------