გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
100310019002906078
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019002906078

საქმე №3/8-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 .06.2019 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი- ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე- ფრ------ ჯა------ე

მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი: მა----- ბა------ე

მესამე პირი- ჯა-----–- ჯა------ე

წარმომადგენელი-თ-- მე-----–-–---–ი

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 თ-------–-- (№6----) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ (ადმინისტრაციული საჩივრის ნომერი: 8----/17; თარიღი:21.02.2019წ.) და განხორციელდეს ფრ------ ჯა------ის 2019 წლის 21 თ-------–-- № 8----/17 განცხადების (ადმინისტრაციული საჩივრის) განხილვა ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჩხერის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით შემოსულ სარჩელში, მოსარჩელე- ფრ------ ჯა------ე მიუთითებს, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა განცხადება აზაკ-ის მე-13 და 59-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. განცხადება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადამისამართებული იქნა ადმინისტრაციულ საჩივრად.

მოსარჩელის მითითებით სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 თ-------–-- (№6----) გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ასაჩივრებს იმის გამო, რომ 2019 წლის 21 თ-------–-- №8----/17 განცხადების (ადმინისტრაციული საჩივრის) განხილვაზე უარი ეთქვა საკითხის სასამართლო განსჯადობის გამო, მაგრამ იგივე საკითხი განსჯადია ადმინისტრაციული წესით და ამას ასაბუთებს მე-5, მე-6 და მე-7 ფაქტობრივი გარემოებებში მოტივირებული მასალები. რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოს განსჯადია, ხოლო რეგისტრირებულ მონაცემებში მცდარი ჩანაწერებისა და შესაბამისობის გასაჩივრება ადმინისტრაციული წესით განსჯადი. მისი განმარტებით არჩევანი გაკეთებულია ადმინისტრაციულ განხილვის წესზე, რადგან სასამართლო წესით განხილვის დაწყებამ აჩვენა თავისი უარყოფითი შედეგები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა იმის გამო, რომ საკითხის სასამართლოს განსჯადია, არ არის უარის თქმის მყარი საფუძველი, რადგან საკითხი, როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული წესით განსჯადიცაა და ორივე ერთად პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო არჩევანის გაკეთება იურიდიულად არ არის შეზღუდული და არც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია რაიმე ნათქვამი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განცხადების (ადმინისტრაციული საჩივრის ) განხილვაზე უარის თქმის რაიმე მყარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მოსარჩელის პოზიციით სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი, დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.4. სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩართული ჯა-----–- ჯა------ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მესამე პირის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მოსარჩელე-ფრ------ ჯა------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ , საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერები უძრავ ქონებაზე ს/კ 3-.0-.0-.2-- და ს/კ3-.0-.3-.00- წარმოადგენს მცდარ ჩანაწერებს და აღნიშნული ჩანაწერების საფუძველზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები ზღუდავენ მის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული (განცხადებით) ადმინისტრაციული საჩივრით განმცხადებელი ითხოვს

პირველადი რეგისტრაციით რეგისტრირებულ მონაცემებში, რომლის საკადასტრო კოდია N3-.0-.0-.2-- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ჩანაწერში მცდარი ციფრი 7-- შეცვალოთ ნამდვილი ციფრით 79-ით, ხოლო საკადასტრო კოდში N 3-.0-.0-.2-- შეუსაბამო ციფრი 2-- შეცვალოთ შესაბამისი თავისუფალი ციფრით, რომელიც სხვა საკადასტრო კოდებს არ შეუქმნის რაიმე სახის საფრთხეს. შესაბამისად შეცვალოთ შესაბამის საკადასტრო რუკაში.( საკადასტრო კოდით N 3-.0-.0-.2--, სარეგისტრაციო N 3-527/00) არსებული მცდარი გეგმა ( საკადასტრო ნახაზი) N79 მ/ჩ აქტის სასაზღვრო მონაცემების მიხედვით შედგენილი გეგმით ( (საკადასტრო ნახაზით);

ასევე ითხოვს განმეორებით ( მეორადი) რეგისტრაციით ( ელ. ვერსიით) რეგისტრირებულ მონაცემებში საკადასტრო კოდით N 3-.0-.3-.00-, შეცვალოთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებული მცდარი ჩანაწერი ახალი კორექტირებული ჩანაწერით ( ან მ/ჩ აქტ N79 -ით, ან სარეგისტრაციო მოწმობის ახალი კორექტირებული კოდით);

საჩივრის ავტორი ასევე ითხოვს დანართში წარმოდგენილ წერილობით ინფორმაციაზე და მტკიცებულებებზე, შესაბამისად დასახელებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, გააუქმოთ მცდარი ჩანაწერის საფუძველზე შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, რომელთა საკადასტრო კოდებია N 3-.0-.0-.2-- და N3-. 0-.3-.00-;

განმცხადებელი ასევე ითხოვს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის, სზაკ-ის მე-13, 59-ე მუხლების, 96-ე და 97-ე მუხლების „1“ ნაწილების თანახმად, უზრუნველყოთ ჩემი მონაწილეობა საქმის განხილვაში და მომაწოდოთ შესაბამისი საჭირო ინფორმაცია.

სადაო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს, რასაც ადასტურებენ როგორც მოსარჩელე ისე მოპასუხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 17-19),- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.2. დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ რეგისტრაციის შესახებ N8------51----04 (23.07.2012) გადაწყვეტილებით განხორციელდა 3-.0-.0-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, რის შედეგადაც, 3-.0-.0-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი- 3-.0-.3-.00- საკადასტრო კოდი და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 23 თ-------–-- N 3/41-10 გადაწყვეტილების, ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 23 მაისის ნ3/ბ-3---2--- განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 20 დეკემბრის N ბს-1----1---(კ-11) განჩინების საფუძველზე, მასზე დარეგისტრირდა ალ---------- ჯა------ისა და ნა----–- ჯა------ის კომლის საკუთრების უფლება, რეგისტრაციის შესახებ N 8------------0- (16.04.2013) გადაწყვეტილებით კი განხორციელდა 3-.0-.3-.00- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილებების რეგისტრაცია, რის შედეგადაც უძრავი ნივთის მესაკუთრედ მიეთითა მხოლოდ ნა----–- ჯა------ე ( პირადი ნომერი 5----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის მასალები(ს.ფ. 59-66)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.3. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 თ-------–-- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს-ფრ------ ჯა------ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია და ზ.ა.კ.-ის მე-80 მუხლის შესაბამისად დაუბრუნა განცხადება (საჩივარი) და მასალები განმცხადებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (ს.ფ 15)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 23 თ-------–-- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფრ------ ჯა------ის სარჩელი 2000 წლის 19 ივნისს ალ---------- ჯა------ის სახელზე განაცხადის რეგისტრაციის N1----/00 საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული N2---1---,25 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე. მოცემული უძრავი ქონება წარმოადგენს სწორედ იმ უძრავ ქონებას, რომლის რეგისტრაციის გაუქმებას საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით ითხოვს ფრ------ ჯა------ე.

დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მესამე პირის -ჯა-----– ჯა------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება(ს.ფ. 95-104)

-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.140-142)

მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ფრ------ ჯა------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, მე-4 მუხლი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე. მე-601 , მე-80 , 96-ე, მუხლები.

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-5, 21-ე მუხლები

- სამოქალაქო კოდექსი 312-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ N8------51----04 (23.07.2012) გადაწყვეტილებით განხორციელდა 3-.0-.0-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, რის შედეგადაც, 3-.0-.0-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი- 3-.0-.3-.00- საკადასტრო კოდი.

საჯარო რეესტრის სააგენტოს 2013 წლის 16 აპრილის რეგისტრაციის შესახებ N 8------------0- გადაწყვეტილებით კი განხორციელდა 3-.0-.3-.00- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილებების რეგისტრაცია, რის შედეგადაც უძრავი ნივთის მესაკუთრედ მიეთითა მხოლოდ ნა----–- ჯა------ე (პირადი ნომერი 5----------). ამჟამად სამკვიდრო მოწმობის საფუძველს აღნიშნული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მესამე პირის ჯა-----–- ჯა------ის სახელზე.

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად... რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ს/კ 3-.0-.0-.2-- და ს/კ3-.0-.3-.00-.

 

6.6.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლში მითითებულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საპროცესო საფუძვლები და წესი.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

6.8.დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 თ-------–-- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს-ფრ------ ჯა------ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით , რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია და ზ.ა.კ.-ის მე-80 მუხლის შესაბამისად დაუბრუნა განცხადება (საჩივარი) და მასალები განმცხადებელს.

 

6.9.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.02.2019წ. N6---- გადაწყვეტილებით ფრ------ ჯა------ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოსაზრებით, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს სზაკ-ით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შემთხვევაში სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ საგამონაკლისო დანაწესი მოქმედებს, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება, ხოლო სააგენტო განიხილავს რეგისტრაციის უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებზე ადმინისტრაციულ საჩივრებს.

 

6.10.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

6.11.სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2---წ. N1----1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591 (კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება.

სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.02.2019წ. N6---- გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.12. .საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.13.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისადადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

6.14.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

 

6.15.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. განსახილველ შემთხვვაში ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ზრუდავს მოსარჩელის ინტერესს.

 

6.16.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

6.17.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფრ------ ჯა------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი