გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/663-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.06.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ი---- დ--–---–---–ი
წარმომადგენლები გიორგი ზედელაშვილი, ნონა ოტიაშვილი
მოპასუხე რ----- გ-----–---–ი
დავის საგანი ნასყიდობის საგნის გაუმჯობესების საფასურის დაკისრება, მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----- გ-----–---–ისათვის უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯის 25 800 ლარის დაკისრება;
1.2. ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯის 3500 ლარის დაკისრება.
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 40-49. ტომი 2.29.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის გარემოებები
2013 წლის 11 სექტემბერს ი---- დ--–---–---–სა და ბ--–- გ-----–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგანია გარდაბნის რაიონის ს------–---------–ი მდებარე უძრავი ქონება. ნასყიდობის ფასია 10 000 ლარი, გამოსყიდვის ვადაა 2014 წლის 1 თებერვლამდე. ბ--–- გ-----–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 17 იანვარს, იგი საკუთარი ხარჯებით ი---- დ--–---–---–მა დაკრძალა, რის შემდეგ მისი მეუღლე შალიკო გ-----–---–ი მოსარჩელესთან ცხოვრობდა, ვიდრე შვილები წაიყვანდნენ. გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლება გაუქმდა, რადგან ბ--–- გ-----–---–ის მემკვიდრეებმა გამოსყიდვის ნება არ გამოხატეს. 2014 წლის მარტიდან ქონებაზე დავა დაიწყეს შალიკო გ-----–---–ის სახელით მისმა შვილებმა. მათი საჩივრის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა ი---- დ--–---–---–ის საკუთრების რეგისტრაცია, რადგან შალიკო გ-----–---–ის სახელით 2015 წლის 30 მარტს მისმა შვილებმა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანეს გამოსყიდვის თანხა.
გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ ი---- დ--–---–---–მა მიწის ნაკვეთზე ააშენა 60 კვ. ფართის ნაგებობა, სადაც გარდაცვალებამდე მცირე ხნით ცხოვრობდა კიდეც ბ--–- გ-----–---–ი, იგი ამ სახლიდან დაკრძალეს, რადგან მანამდე არსებული ნაგებობა თითქმის დანგრეულია. ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯები მთლიანად ი---- დ--–---–---–მა გაიღო, მიცვალებულების დაკრძალვის და შემდგომი რიტუალების შესრულებას ორგანიზება. შალიკო გ-----–---–ს და მის შვილებს ამაში მონაწილება არ მიუღიათ. შალიკო გ-----–---–მა სამკვიდრო მოწმობით მიიღო მეუღლის სამკვიდრო, ხოლო შალიკო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 10 ოქტომბერს. მის უფლებამონაცვლედ ცნობილია რ----- გ-----–---–ი, რომელსაც ეკისრება მისი მამკვიდრებლის ვალდებულებების შესრულება.
ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთის საერთო ღირებულებაა 43 237 ლარი, ხოლო მიწის ნაკვეთის ღირებულება ი---- დ--–---–---–ის მიერ აშენებული ნაგებობის გარეშე არის 17 437 ლარი. ამდენად, სადაო ნაგებობის ხარჯზე მიწის ნაკვეთის ღირებულება გაზრდილია და გაუმჯობესების ხარჯია 25 800 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
რ----- გ-----–---–მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლების გამო: სადაო ნაგებობა მოსარჩელეს არ აუშენებია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. სწორედ ეს ნაგებობა იყო გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების მიზეზი და ამ ნაგებობის გამო განისაზღვრა ნასყიდობის ფასი და გამოსყიდვის უფლება. გაუმჯობესების ხარჯის მოთხოვნილი თანხა უსაფუძვლოდ გაზრდილია, რადგან 60 კვ.მ ნაგებობის მშენებლობას ასეთი ხარჯი არ სჭირდება. მოსარჩელემ ქონებაზე გამოსყიდვის უფლება ისე გააუქმა, რომ შალიკო გ-----–---–ის, როგორც მემკვიდრის უფლებები არ გაუთვალისწინებია, რის გამოც მოუწია საჯარო რეესტრში გასაჩივრების შედეგად ქონების დაბრუნება. მოპასუხის განმარტებით, ბ--–- გ-----–---–ის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მისი დაკრძალვის დღეს შეატყობინეს და მხოლოდ დაკრძალვას დაესწრო. მის ორმოცს და სხვა რიტუალებს არ დასწრებია. დაკრძალვის ხარჯები მას და შალიკო გ-----–---–ს არ გაუღიათ. დაკრძალვის ხარჯის მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულია, რადგან ბ--–- გ-----–---–ი დაკრძალეს შვილის გვერდით, სადაც მოწყობილი იყო საფლავი.
(დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 65-68. ტომი 2)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 11 სექტემბერს ბ--–- გ-----–---–სა და ი---- დ--–---–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ი მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (კოდი 8-----------). გამოსყიდვის ვადაა 2014 წლის 1 თებერვლამდე, ნასყიდობის ფასი 10 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 1-7, ტომი 1; ს.ფ. 40-48. ტომი 2)
- შესაგებელი (ს.ფ. 48-51. ტომი 1. 65-68, ტომი 2)
- ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-21. ტომი 1)
3.1.2. ბ--–- გ-----–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 17 იანვარს. მისი მემკვიდრეობა მიიღო მეუღლემ შალიკო გ-----–---–მა 2015 წლის 10 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით. შალიკო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 10 ოქტომბერს, მისი სამკვიდრო მიღების შესახებ განცხადება ნოტარიუსში წარადგინა შვილმა რ----- გ-----–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- გარდაცვალების მოწმობები ს.ფ. 15, 167
- დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 7-16. ტომი 2)
- სამკვიდრო საქმის ასლი (ს.ფ. 164-177. ტომი 1)
3.1.3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ი მდებარე უძრავ ქონებაზე 2014 წლის 10 თებერვლიდან დარეგისტრირდა ი---- დ--–---–---–ის საკუთრების უფლება გამოსყიდვის უფლების გარეშე. საჯარო რეესტრის გადაწყევტილება გამოსყიდვის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა შალიკო გ-----–---–მა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შალიკო გ-----–---–ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება გამოსყიდვის გარეშე ქონების რეგისტრაციის შესახებ. 2015 წლის 30 მარტს შალიკო გ-----–---–მა ნოტარიუს ლუიზა ცხადაძის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა 10 000 ლარი, რომლის დანიშნულებაა სადაო უძრავი ქონების გამოსყიდვის თანხის გადახდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყევტილების საფუძველზე 2015 წლის 4 მაისიდან სადაო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შალიკო გ-----–---–ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 7-16. ტომი 2)
- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები (ს.ფ. 40-44, ტომი 1 )
- სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები (ს.ფ. 27-29, 50-51. ტომი 1)
- დეპოზიტზე თანხის შეტანის აქტის ასლი (ს.ფ.101. ტომი 1)
3.1.4. ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯები გაიღო ი---- დ--–---–---–მა, შალიკო გ-----–---–ს და მის შვილებს ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ან მის ავადმყოფობის დროს მოვლა-პატრონობის ხარჯები არ გაუწევიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (221.05 2019წ, 29.05.2019წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შალიკო გ-----–---–ის სამკვიდროში შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ი მდებარე უძრავი ქონება - 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (კოდი 8-----------). რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ბ--–- გ-----–---–ისაგან. მიწის ნაკვეთზე 2013 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ი---- დ--–---–---–მა ააშენა 60 კვ.მ ფართის ნაგებობა, რის შედეგად მიწის ნაკვეთის საერთო ღირებულება გაიზარდა. ამ ნაგებობით ამჟამად სარგებლობს ი---- დ--–---–---–ი, შენობაში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი.
მოსარჩელე მოითხოვს შალიკო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურებას, რადგან მისი განმარტებით, ნაგებობა მიწის ნაკვეთზე აშენებულია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რის გამოც გამოსყიდვის შემდეგ შალიკო გ-----–---–მა გაუმჯობესებული ქონება დაიბრუნა.
2013 წლის 10 ოქტომბერს და 2015 წლის 4 მაისს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ი მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (კოდი 8-----------) განთავსებულია ერთი შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი სახლის ფართი 110,26. კვმ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი მითითებულია 190,50 კვ.მ.
შალიკო გ-----–---–ის მიერ ბ--–- გ-----–---–ისაგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ი, მიწის ფართია 1201 კვ.მ, ხოლო მასზე ფაქტობრივად მდებარეობს ორი ნაგებობა. ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც თითქმის დანგრეულია, ასევე ახალი აშენებული ნაგებობა. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მიწის ნაკვეთზე ორი ნაგებობა მდებარეობს. ასევე სადაო არ არის, რომ ახალი ნაგებობა ი---- დ--–---–---–მა ააშენა და ამ ნაგებობით ამჟამად სარგებლობს ი---- დ--–---–---–ი, ნაგებობაში ფუნქციონირებს სტომატოლიგიური კლინიკა.
მხარეებს შორის სადაოა ნაგებობის აშენების დრო და მისი აშენების შედეგად გაუმჯობესების ხარჯების ოდენობა.
სადაო უძრავი ქონების თაობაზე მოსარჩელემ წარმოადგინა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საბოლოოდ გაუმჯობესების ხარჯების დაკისრება მოითხოვა 2019 წლის 20 მაისის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს დასკვნა შედგენილია ი---- დ--–---–---–ის მოთხოვნით, დასკვნის მიხედვით, შეფასებულია გარდაბნის რაიონის ს------–---------–ი მდებარე უძრავი ქონების (კოდი 71.08.11.233) ღირებულება ახლად და ძველად აშენებული სახლებითურთ მთლიანად და ახლად აშენებული 60 კვ.მ სახლის გარეშე.
დასკვნის თანახმად, გარდაბნის რაიონის ს------–---------–ი მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ორი ნაგებობის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 20 მაისის მდგომარეობით შეადგეს საორიენტაციოდ 43 237 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 20 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 17 437 ლარს.
დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ორი ნაგებობა. N1 ნაგებობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო N2 ნაგებობა არ არის რეგისტრირებული, მიწის ნაკვეთი დამრეცი რელიეფისაა და გააჩნია შემოღობვა. შენობა N1 ნაწილობრივ დანგრეულია, ხოლო N2 იმყოფება გარემონტებულ მდგომარეობაში და მის ფართი შეადგეს დამკვეთის ინფორმაციით 60 კვ.მ-ს.
დასკვნით შეფასებულია მთლიანი მიწის ნაკვეთის საერთო ღირებულება (შენობებისგან თავისუფალ მდგომარეობაში), მიწის ნაკვეთის ღირებულება მხოლოდ ერთი ნაგებობის გათვალისწინებით, ასევე თითოეული ნაგებობის დამოუკიდებელი ღირებულება.
დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 13,6 ლარს, ხოლო მიწის ფართის გათვალისწინებით არის 16 334 ლარი. N1 შენობის (ძველი აშენებული) ღირებულებაა 1103 ლარი. N2 შენობის (ახალი აშენებული) ღირებულებაა 25 800 ლარი.
დასკვნის თანახმად, ს------–---------–ი მდებარე სადაო მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 43 137 ლარი. ამგვარად შეფასებულია მიწის ნაკვეთის ღირებულება ორივე ნაგებობასთან ერთად.
ს------–---------–ი მდებარე სადაო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 შენობის მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 17 437 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი---- დ--–---–---–ის მიერ სადაო ნაგებობის აშენების შედეგად შალიკო გ-----–---–ის მიწის ნაკვეთის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნა უარყოფილი არ არის სხვა მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (სსსკ-ის მე-4 მუხლის), რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 105-ე მუხლის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება შეფასდეს საქმეში ორივე მხარის მიერ ამ საკითხზე წარდგენილი მტიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება სადაო ნაგებობის ღირებულების შესახებ. მან სარჩელის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ის გარემოება მიუთითა, რომ მოპასუხის და მოწმეების მიერ დასახელებული სამ თვემდე დრო არ სჭირდებოდა სადაო ნაგებობის აშენებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავება განახორციელა, მან ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რა ღირებულების სამუშაოებია გაწეული ნაგებობის მშენებლობისათვის, ამ ნაგებობის აშენებამ როგორ შეცვალა მიწის ნაკვეთის ღირებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სადაო ნაგებობის აშენების შედეგად მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ამ ნაგებობის არარსებობის პირობებში მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ძველი ნაგებობის ღირებულება 17 437 ლარია, ხოლო ორივე ნაგებობის გათვალისწინებით უძრავი ქონების ფასია 43 237 ლარი, ამდენად, სადაო ნაგებობის აშენების გამო ქონების ღირებულება გაიზარდა 25 800 ლარით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ნაგებობა აშენებულია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. მოსარჩელემ ამ გარემოების შესახებ მიუთითა მოწმეების გივი დ--–---–---–ის, ილია მუხიაშვილის და ი---- გამჯაშვილის ჩვენებები. მათი განმარტებით, ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს 2013 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში და აშენებდნენ 2 თვეზე მეტი დროის მანძილზე.
მოპასუხემ ნაგებობის მშენებლობის საკითხზე ასევე მოწმე წარმოადგინა. კერძოდ, მოწმე ანა წიკლაურის განმარტებით, იგი არის შალიკო გ-----–---–ის პირველი მეუღლის და. მას ნათესავებმა შეატყობინეს ბ--–- გ-----–---–ის გარდაცვალების შესახებ და ს------–---------–ი ჩავიდა სამძიმარზე. გარდაცვლილი დასვენებული იყო ახალ შენობაში. მოწმემ სასამართლოს ვერ მისცა განმარტება ნაგებობის აშენების გარემოებების შესახებ.
ამდენად, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ სადაო ნაგებობა ი---- დ--–---–---–მა ააშენა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ 105-ე მუხლის დადგენილი წესის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ამ გარემოებების დასადგენად უნდა შეფასდეს მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მათი ურთიერთშეჯერების გზით. მტკიცებულებების ყოველმხრივ განხილვაში იგულისხმება პროცესის მონაწილე ორივე მხარის მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზება, მათში მითითებული გარემოებების ურთიერთშედარება, მოწმეების ჩვენებებში მითითებული ფაქტების დამაჯერებლობის და რეალურობის შემოწმება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა გარკვევით მიუთითეს რა პერიოდში შენდებოდა ნაგებობა, მათ მიერ მითითებული ჩატარებული სამუშაოების არსებობა საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, თავად მოსარჩელის მიერ შედგენილი აუდიტის დასკვნებით დასტურდება. მოპასუხეს ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რის გამოც ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს შენობა აშენებული იყო და გამოსყიდვის ფასში მისი ღირებულებაც შევიდა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ექსერტიზის დასკვნა (ს.ფ. 156-168. ტომი 2)
- მოწმეების ჩვენებები (23.04.2019წ და 29.05.2019წ სხდომის ოქმი, CD დისკები)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელის მიერ გამოსყიდვის ვადაში გაწეული სამუშაოების შედეგად მიწის ნაკვეთის ღირებულება გაიზარდა, რის გამოც უფლება აქვს მოითხოვოს გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 186-ე, 316-ე,981-ე, 982-ე, 412-ე, 414-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა წარმოშობილია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია მამკვიდრებელ ბ--–- გ-----–---–სა და ი---- დ--–---–---–ს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის მიხედვით, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
ამავე კოდექსის 510-ე მუხლის მიხედვით, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
ამ ნორმების საფუძველზე, გამოსყიდვის საფუძველზე გამყიდველმა ნივთი უნდა გადასცეს გამომსყიდველს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ჩვეულებრივ გულისხმიერად გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა, რადგან გამყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნივთით სარგებლობის უფლების მიუხედავად, მას შეიძლება ნივთის უკან დაბრუნება მოუწიოს.
510-ე მუხლის მიხედვით, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. თუკი გამოსყიდვის განხორციელებამდე ნასყიდობის საგნის ღირებულება გაიზარდა მასზე გაწეული სასარგებლო დანახარჯების შედეგად, მყიდველს უფლება მოითხოვოს ის თანხა, რომლითაც გაიზარდა ქონების ღირებულება.
ამ ნორმის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. გამონაკლისის ისეთი ვითარება, როცა იზრდება ქონების ღირებულება მასზე გაწეული სასარგებლო დანახარჯების შედეგად. ასეთ შემთხვევაში მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ქონების გაუჯობესების ფასი.
ამ ნორმაში მითითებულ დანახარჯებში იგულისხმება ისეთი ხარჯები, რომლებაც ქონების ღირებულების ზრდა გამოიწვია და არა ისეთი დანახარჯები, რომელთა გაღებაც ნივთის ჩვეულებრივი დანიშნულების ან მისი ღირებულების შენარჩუნების მიზნით ხორციელდება, რადგან 510-ე მუხლით გათვალისწინებულია ისეთი ხარჯების ანაზღაურება, რამაც ქონების ღირებულება გაზარდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 512-ე მუხლის მიხედვით, თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი. ეს ნორმა ადგებს მყიდველის ვალდებულებას, რომ არ შეცვალოს ნივთი გამოსყიდვის ვადაში. ამ ნორმის მიხედვით, გამყიდველისათვის ზიანის მიყენების საფუძველია ნაყიდი ნივთის გაფუჭება, დაზიანება ან შეცვლა. ამდენად, ნასყიდობის საგნის შეცვლის გამო შესაძლოა გამოსყიდვის ფასის ე.წ. „გაზრდა“ ვერ მოხდეს და გამყიდველმა ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
განსახილველ შემთხვევაში გამოსყიდვის ვადის გასვლამდე სადაო მიწის ნაკვეთზე მყიდველმა ი---- დ--–---–---–მა ააშენა ახალი ნაგებობა, რომელიც ამჟამად მის სარგებლობაშია. ეს ნაგებობა აიგო ბ--–- გ-----–---–ის სიცოცხლეში მისი და მისი მეუღლის შალიკო გ-----–---–ის თანხმობით.
მხარეების განმარტებით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგაც ბ--–- გ-----–---–ის და მის მეუღლეს უძრავი ქონებით სარგებლობა არ შეუწყვეტიათ, ისინი ცხოვრობდნენ ძველ სახლში, ხოლო მიწის ნაკვეთზე ამავე დროს მიმდინარეობდა ი---- დ--–---–---–ის მიერ ნაგებობის მშენებლობა, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებიათ. ამ გარემოებების გამო მიწის ნაკვეთზე ახალი ნაგებობის მშენებლობა ნასყიდობის საგნის შეცვლად ვერ შეფასდება, რადგან ეს ნაგებობა გამყიდველის ნებართვით აშენდა და ნაგებობის აშენებას მისი ინტერესებისათვის ზიანი არ მიუყენებია.
510-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სადაო ნაგებობის აშენების შედეგად მიწის ნაკვეთის ღირებულება გაიზარდა 25 800 ლარით. დასკვნის მიხედვით ამ ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 17 437 ლარი, ხოლო ნაგებობის გათვალისწინებით 43 237 ლარი. ამდენად, სადაო ნაგებობის არსებობის გამო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება გაზრდილია, ნაგებობის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციული მიზნით, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, საცხოვრებლად.
510-ე მუხლი ითვალისწინებს გამოსყიდვის ფასის დაბრუნების გარდა გამყიდველის ვალდებულებას, აანაზღაუროს ის ხარჯები, რამაც ნივთის გაუმჯობესება გამოიწვია. ი---- დ--–---–---–ის მიერ გაწეულია ასეთი ხარჯები, რის გამოც მისი მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან არ გამომდინარეობს, რადგან გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმა, 510-ე მუხლი ითვალისწინებს ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესს.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილ ვალდებულებას კონდიქციური ვალდებულება ეწოდება და მისი წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორისგან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოიყენება, თუ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობს.
უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები ავსებს სამართლებრივი დაცვის ხარვეზებს, მას აქვს განვრცობის ფუნქცია. მოთხოვნების საფუძვლის შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
· ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნისუფლებები
· დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები
· დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები
· მოთხოვნის უფლება სანივთო სამართლის მიხედვით (საკუთრება, მფლობელობა)
· უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები.
უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში.
მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლს მიუთითებს, რომლის მიხედვით, 1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. 2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
ეს ნორმა ადგენს გაწეული ხარჯების კონდიქციის წესებს. გაწეული ხარჯების კონდიქციის შემთხვევაში საქმე ეხება ხარჯების გამწევს, რომელიც თავად გასწევს ხარჯებს უცხო ქონების გასაუმჯობესებლად და ამგვარად ხელს უწყობს ამ ქონების ღირებულების მატებას. თუმცა გაწეული ხარჯებით, მას არ სურს ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულების შესრულება (აქედან გამომდინარე საქმე არ გვაქვს შესრულების კონდიქციასთან). ის უფრო სხვა საფუძვლების გამო მოქმედებს იმ სამართლებრივ წრეში, რომელიც ობიექტურად იმ პირს მიეწერება, რომელიც გამდიდრდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლი ითვალისწინებს ნასყიდობის საგანზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძვლებს. რის გამოც უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს და დავას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ ნორმის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით გაწეული ხარჯების ცნება განმარტებული არ არის. 510-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ თანხის ანაზღაურება, რომლითაც გაიზარდა ნასყიდობის საგნის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე გაწეული სასარგებლო დანახარჯების შედეგად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გაწეულ ხარჯებში ნაგულისხმევია ყველა ის ქონებრივი დანახარჯი, რომელიც ხმარდება ნივთის სიკეთეს და იწვევს მისი ღირებულების გაზრდას, დანიშნულების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ 510-ე მუხლში არ იგულისხმება ისეთი ღონისძიებებისათვის გაწეეული ხარჯი, რომლებიც ემსახურება ნივთის მდგომარეობის შენარჩუნებას, აღდგენას ან გაუმჯობესებას. 510-ე მუხლის ითვალისწინებს სასარგებლო დანახარჯებით გამოწვეული ქონების ღირებულების გაზრდას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გამოსყიდვის ვადაში განხორციელებული სამუშაოებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯებით უძრავი ქონების საერთო ღირებულება გაიზარდა, მიწის ნაკვეთზე აშენდა ნაგებობა, რომლის შედეგად მიწის ნაკვეთის საერთო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნაგებობა აშენდა გამყიდველის ბ--–- გ-----–---–ის ნებართვით, რადგან ნაგებობის მშენებლობის დროს იგი ცხოვრობდა ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ძველ ნაგებობაში და მიმდინარე მშენებლობა არ გაუპროტესტებია.
მსგავსი დავებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა ჩაითვალოს თუ არა გაწეულ დახარჯებად არაგანაშენიებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან საწარმოს ნაგებობის აშენება. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მიწის ნაკვეთის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ ის ახლა უკვე გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, ვიდრე მისი დანიშნულება იყო შენობა-ნაგებობის აღმართვა ზოგადად ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე გაწეულ დანახარჯს, არამედ არსებული უფლების საფუძვლიანად შეცვლას. ამის მიუხედავად 987-ე მუხ ფორმულირების და მისი წარმოშობის ისტორიის მიხედვით ესეც გაწეულ ხარჯად უნდა იქნეს შეფასებული (იხ. სამოქალქო კოდექსის 987-ე მუხლის კომენტარი WWW.GCCC.GE).
მართალია ეს მსჯელობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე ხარჯების ანაზღაურებას შეეხება (987-ე მუხლს), მაგრამ 510-ე მუხლის საფუძველზეც ეს პრინციპი გამოსადეგია, რადგან ეს ნორმა გამყიდველს ანიჭებს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, რომლითაც ქონების ღირებულება გაიზარდა მასზე გაწეული სასარგებლო დანახარჯების შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ 510-ე მუხლის უსაფუძვლო გამდიდრების წესებისგან განსხვავებით ქონებაზე გაწეული სასარგებლო დახარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. სადაო შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე აშენებული ძველი ნაგებობა ამორტიზებულია და ნგრევის პირასაა. ი---- დ--–---–---–ის მიერ ახალი ნაგებობა აშენდა მესაკუთრის ბ--–- გ-----–---–ის სიცოცხლეში მისი თანხმობით. აღნიშნული გარემოებების გამო გაწეული სამუშაოები არასაჭირო ხარჯებს არ წარმოადგენს, ვინაიდან აშენებული ნაგებობის ხარჯზე მიწის ნაკვეთის ღირებულება გაიზარდა, 510-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ქონების გაუმჯობესების ხარჯის 25 800 ლარის ანაზღაურება.
.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ორგანიზება და დაკრძალვის ხარჯები გაიღო ი---- დ--–---–---–მა. მოპასუხეები ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მეტისმეტად მაღალი თანხა. ამდენად, სადაო არის ხარჯების ოდენობა და მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრების მიზანშეწონილობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
1330-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
1489-ე მუხლის მიხედვით, 1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.
1489-ე მუხლის შინაარსიდან მემკვიდრის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის უფლება ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით.
ამდენად, პირს, რომელმაც გასწია მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯი, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო. ამასთან ასეთ მოთხოვნაზე არ ვრცელდება სხვა საფუძვლით კრედიტორის მოთხოვნის წარდგენისათვის დადგენილი ვადები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრის ეს ვალდებულება მისი პირადი ხასიათის ვალდებულება არ არის და მისი გარდაცვალებით არ წყდება. ამდენად, მოპასუხეს, როგორც შალიკო გ-----–---–ის მემკვიდრეს ეკისრება ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
სასამართლო დაკრძალვის ხარჯების ოდენობის საკითხზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3კ/441-01), რომლითაც დადგინდა სასამართლო პრაქტიკა დაკრძალვის ხარჯების ოდენობაზე.
დიდი პალატის განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორთა რიცხვს განეკუთვნებიან პირები, რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად დავალების გარეშე, საკუთარი ხარჯებით დაკრძალეს მიცვალებული. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები _ 500 ლარს. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მტკიცების ტვირთი აკისრია მამკვიდრებლის კრედიტორებს. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულება დასაშვებია სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში.
ამდენად, დიდი პალატის განმარტების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ განისაზღვრა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში და დადგინდა, რომ დაკრძალვის ხარჯებში შედის მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, დასაფლავების ქელეხის ხარჯები, ორმოცისათვის გაწეული ხარჯები. საერთო ჯამში ხარჯების ოდენობა განისაზღვრა 2500 ლარით. დიდი პალატის განჩინება მიღებულია 2002 წელს, რის შემდეგ ბ--–- გ-----–---–ის გარდაცვალებამდე გასულია 12 წელი. განვლილი დროის მანძილზე შეიცვალა ეკონომიკური ვითარება, გაიზარდა ფასები. მოპასუხის განმარტებით, საფლავისათვის მიწის ყიდვა საჭირო არ იყო, რაც მხარეებს შორის სადაო არ არის. მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება, მოთხოვნილი ხარჯების დაუსაბუთებლობაზე არ მიუთითებს, რადგან დაკრძალვისათვის საფლავის მიწის ყიდვის გარდა სხვა მოქმედებებიცაა შესასრულებელი, რის გამოც მოთხოვნილი ხარჯები გონივრულია და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს შალიკო გ-----–---–ის უფლებამონაცვლეს.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის 29 550,63 ლარის დაკისრება, ხოლო სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამურად 887 ლარის ოდენობით.
მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გაუმჯობესების ხარჯის 25 800 ლარის და დაკრძალვის ხარჯის 3500 ლარის, ჯამში 29 300 ლარის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა 0,85%-ით, რის გამოც სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 0,85% - 7,73 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სახელმწიფო ბაჟი 879,47 ლარი. იმის გამო, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 879,47 ლარის გადახდა.
სსსკს 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისოს მოსარჩელისათვის ამ საქმეზე გაწეული სხვა საპროცესო ხარჯის გადახდა. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 2019 წლის 20 მაისის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 573,15 ლარის გადახდა, რადგან ამ დასკვნას ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გადასახდელი თანხის ოდენობაა 29 300 ლარი, რომლის 4%-ია 1172 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევენ ადვოკატები ნონა ოტიაშვილი და გიორგი ზედელაშვილი, რომლებთანაც დადებულია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სააადვოკატო მომსახურების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში 1000 ლარის ოდენობით, რადგან სსსკ 53-ე მუხლით ფიქსირებულად 4%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ი---- დ--–---–---–ის სარჩელი;
1.1. რ----- გ-----–---–ს დაკისროს ი---- დ--–---–---–ისათვის 25 800 ლარის გადახდა;
1.2. რ----- გ-----–---–ს დაკისროს ი---- დ--–---–---–ისათვის ბ--–- გ-----–---–ის დაკრძალვის ხარჯის 3 500 ლარის გადახდა;
2. რ----- გ-----–---–ს დაეკისროს ი---- დ--–---–---–ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 879,47 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის 1000 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 573,15 ლარი გადახდა ;
3. ი---- დ--–---–---–ს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7,53 ლარი, თანხა გადახდილია 2017 წლის 3 აპრილს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 30063150 (სალაროს შემოსავლსი ორდერი N4/47665)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი