გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
820210018002502693
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002502693 (2-367/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ივლისი 2019 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირია აბაშიძე

მოსარჩელე - ნ--------------------–---

მოსარჩელის წარმომადგენელი - ზ-------–-–--–--ე

მოპასუხე - შპს ს----------–-----------ა

მოპასუხის წარმომადგენელი - მ------------–--ე, ნ-----–-------–--–-–---–ი

დავის საგანი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

 

1.2. ნ--------------------–--- აღდგენილი იქნეს პირვანდელ, ან ტოლფას სამუშაო ადგილზე;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

 

1.4. დადგენილი იქნეს დისკრიმინაციის ფაქტი და დამსაქმებლის ქმედება შეფასდეს სქესის ნიშნით დისკრიმინაციად.

1.5. მოპასუხეს დაეკისროს ბოლო 1 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის გადახდა მოსარჩელისათვის 849 ლარის და 12 თეთრის ოდენობით. გადაწყვეტილება ამ ნაწილში აღსრულდეს დაუყოვნებლივ ან მოპასუხეს დაეკისროს გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდა მოსარჩელისათვის.

მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

ნ--------------------–--- 2012 წლის იანვრიდან მუშაობდა შპს ს----------–-----------ის ხ---–-----------–------ში მენეჯერის თანამდებობაზე. მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში შვებულებით არ უსარგებლია. 2018 წლის 27 აპრილს მან წერილობით შეატყობინა ს----------–-----------ას ორსულობის შესახებ და ორსულობის მე-8 თვიდან მოითხოვა შვებულება, რაზეც პასუხი არ მიუღია და დაახლოებით ერთ თვეში 23 მაისს მიიღო შეტყობინება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რის გამოც დამსაქმებლის ქმედება წარმოადგენს შრომის კანონმდებლობის დარღვევას, ვიანიდან შრომის კოდექსი კრძალავს ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლებას.

 

სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შეტყობინებაში, განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების დარღვევას თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში დასაქმებულს დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა. განთავისუფლების შესახებ შეტყობინებაში მითითებულია, რომ დასაქმებულს 2017 წლის 6 აპრილს დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა ,,საყვედური“ დასაქმებულების არასათანადო კონტროლი გამო, მითითებულია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლინდა კურიერის რ-----–------ის მიერ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის ფაქტები არასამუშაო საათებში, ასევე პარკირების დარღვევის სამი ფაქტი და 62 ვადაგადაცილებული შეტყობინება, რომელიც 2017 წლის 6 აპრილამდე დაგროვდა. ხულოს სოფლები, სადაც საფოსტო გზავნილების ჩაბარება ხდება წარმოადგენს აჭარის მაღალმთიან რეგიონს და გამოირჩევა რთული რელიეფით. 2017 წელს იყო უხვი ნალექი, რის გამოც ყოველთვის დადგენილ ვადებში ვერ ხერხდებოდა საფოსტო გზავნილების ჩაბარება. ამის მიზეზი იყო კლიმატური პირობები და ხულოს სოფლების რელიეფი და არა მენეჯერის მიერ კურიერების არასათანადო კონტროლი. შეტყობინებაში მითითებულია, რომ დარღვევები გამოვლინდა მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 03 აპრილის ანგარიშით. მიაჩნია, რომ დარღვევები არ იყო ერთგვაროვანი. განთავისუფლების შესახებ შეტყობინება შედგენილია 2018 წლის 23 მაისს, რომელშიც მითითებულია, რომ დასაქმებული უნდა განთავისუფლდეს სამსახურიდან 1 ივნისიდან, ხოლო პასუხისმგებლობა დაკისრებული იყო 2017 წლის 6 აპრილს. შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებიდან გასული იყო 1 წელზე მეტი, კერძოდ 1 წელი, 1 თვე და 17 დღე, აქედან გამომდინარე განთავისუფლებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში დასაქმებულს არ ჰქონდა დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა, რის გამოც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის საფუძველით სამსახურიდან განთავისუფლება არის უკანონო.

 

კანონიერი საფუძვლით ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლება მიიჩნევა ქალთა შრომითი უფლებების დარღვევად და სქესის ნიშნით დისკრიმინაციად. ორსული ქალის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას და თანაბარ პირობებში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას ასევე ადასტურებს ის ფაქტიც რომ ნ--------------------–--- სამსახურიდან გაანთავისუფლეს კურიერის - რ-----–------ის სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის გამო, მაშინ როდესაც თავად რ-----–------ეს 2018 წლის 16 აპრილს პასუხისმგებლობის სახედ განუსაზღვრეს მხოლოდ შენიშვნა, პასუხისმგებლობის მსუბუქი ფორმის გამოყენება მიუთითებს იმაზე რომ მას ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა არ ჰქონია და მისი ქმედება არ აყენებდა დამსაქმებელს მნიშვნელოვან ზიანს, ეს მიუთითებს დასაქმებულთა მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე, რაც აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეხუთე სასარჩელო მოთხოვნაში ხსნის მოთხოვნას ანაზღაურებადი შვებულების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ს გადახდის შესახებ და ითხოვს მხოლოდ ბოლო ერთი წლის გამოუყენებელი შვებულების 849.12 ლარიდან გადაუხდელი 508 ლარის დაკისრებას მოპასუხეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით: შპს ,,ს----------–-----------ა“ იცავს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და ყველა დასაქმებულს აქვს უფლება ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით, რაც ასევე გათვალისწინებულია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით, რის გამოც დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომ არ ეძლეოდა კუთვნილი შვებულება. ნ--------------------–--ის გათავისუფლების საფუძველი წარმოიშვა უფრო ადრე ვიდრე იგი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას მოითხოვდა. ხ---–-----------–------ში დარღვევები გამოვლინდა მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიშით, ხოლო უშულოდ დარღვევები მოხდა 2018 წლის იანვარსა და თებერვალში, გარდა ამისა ნ--------------------–--ის განთავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2018 წლის 25 აპრილს, ხოლო მან შვებულების აღების მოთხოვნით კომპანიას მიმართა 2018 წლის 28 აპრილს. მოსარჩელის აპელირება იმაზე, რომ დასაქმებულს დარღვევები არ ჩაუდენია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ნ--------------------–---ს დისციპლინური სახდლის სახით ,,გაფრთხილება“ დაეკისრა 2017 წლის 06 აპრილის ბრძანებით, ახალი დარღვევები გამოვლინდა მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 03 აპრილის ანგარიშით, უშუალოდ დარღვევები მოხდა 2018 წლის იანვარსა და თებერვალში, გამომდინარე აქედან ნ--------------------–--ის მიერ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის შესაბამისად იმავე სახის დარღვევები მოხდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.

 

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

ნ--------------------–---, რომელიც დასაქმებული იყო ხ---–-----------–------ის მენეჯერის პოზიციაზე მის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა სერვისცენტრში სამუშაო პროცესის უწყვეტად და მაღალ დონეზე წარმართვა, რაც დეტალურად განსაზღვრულია სამუშაო აღწერილობით, რისი გაცნობაც დადასტურებული აქვს ნ--------------------–---ს ხელის მოწერით. მენეჯერის მხრიდან კურიერის სამუშაო პროცესის არასათანადო კონრტროლი პირდაპირ ქონებრივ ზიანს აყენებს შპს ,,ს----------–-----------ას“, ვინაიდან კომპანია ვეღარ შეასრულებს კონტრაქტორებთან ნაკისრ ვალდებულებებს. ნ--------------------–--- სათანადოდ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახედ ,,გაფრთხილება“ 2017 წლის აპრილში, რომლის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ არასათანადოდ აკონტროლებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ კურიერებს და სამუშაო პროცესს, რის გამოც სერვისცენტრში დაგროვდა 62 ვადაგადაცილებული შეტყობინება/გზავნილი. დარღვევები დაადასტურა თავად დასაქმებულმა და წერილობით განაცხადა, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა, მიუხედავად ამისა ნ--------------------–---მ დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ჩაიდინა ანალოგიური დარღვევები, კერძოდ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ კურიერი რატომ არ ტოვებდა მისთვის გადაცემულ ავტომობილს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სერვისცენტრის ტერიტორიაზე, გარდა ამისა კურიერი არასამუშაო საათებში გადაადგილდებოდა კომპანიის კუთვნილი ავტომობილით, რაც დაფიქსირდა 1 თვის განმავლობაში 20-ჯერ და ამ პერიოდში კურიერს რაიმე მოქმედების განხორციელება არ უფიქსირდება, ნ--------------------–---მ განაცხადა რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობდა ინფორმაციას.

 

კომპანიის სურვილს გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა და დისციპლინური სახდელის დაკისრებით მოეხდინა ნ--------------------–--ის სტიმულირება, რათა სათანადოდ წარემართა სამუშაო პროცესი, მან უპასუხა იმავე სახის ახალი და სისტემატური დარღვევებით, იგი ფაქტიურად არ ინტერესდებოდა სამუშაო პროცესში გამოვლენილი პრობლემებით, რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი, რის გამოც უსაფუძვლოა მისი აპელირება იმაზე, რომ შპს ,,ს----------–-----------ამ“ რაიმე ფორმით ხელჰყო მისი უფლებები და მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მათ ანაზღაურებული აქვთ ნ--------------------–--ისთვის გამოუყენებელი შვებულების თანხა 2018 წლის ბოლო ხუთი თვის პროპორციულად, რაც მან იმუშავა კალენდარული წლის 2018 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით 340.91 ლარი, რასაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი ანგარიშიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ერიცხება ყოველ თვეში 743 ლარი, ხოლო მაისში მას ჩაერიცხა 743 ლარი და მასზე დამატებული 340.91 ლარი. მისივე განმარტებით მოსარჩელე მხარე არ ითხოვს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2017 წლის 06 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობას. იმის გამო, რომ ბრძანება გასაჩივრებული არაა პროცესუალურად შეუძლებელია სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე დროს ხ---–-----------–------ში მენეჯერის თანამდებობა არ არის ვაკანტური და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა არარელევანტურია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მხარეთა შორის 2014 წლის 18 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ--------------------–--- დაინიშნა შპს ,,ს----------–-----------ას“ სერვისცენტრის მართვის სამსახურის ხ---–-----------–------ის #---- მენეჯერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება მხარეთა შორის 2014 წლის 07 ივლისიდან წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს თვეში 750 ლარს. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

მოსარჩელის სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა შემდეგ ვალდებულებებს:

 

წარმართავს სერვისცენტრის საქმიანობას საკანონმდებლო მოთხოვნების, რეგულაციების, შიდა დოკუმენტების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

გეგმავს სამუშაო პროცესს, ახდენს პროცესების კონტროლსა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად მათი განხორციელების უზრუნველყოფას.

წარმართავს საფოსტო საქმიანობას და აკონტროლებს პროცესის მიმდინარეობას.

უზრუნველყოფს ადრესატებისთვის საფოსტო გზავნილების დროულად ჩაბარებას/გაგზავნას.

მართავს დაქვემდებარებულ პერსონალს, ახორციელებს მათ მიერ მოვალეობების შესრულებას და მათი სამუშაოს შეფასებას.

იცავს დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ექსპლუატაციის წესებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულება,- სამუშაოს აღწერილობა

 

3.2. 2018 წლის 27 აპრილის წერილით, რომელიც შპს ,,ს----------–-----------აში“ მიღებული იქნა 2018 წლის 30 აპრილს ნ--------------------–---მ მოითხოვა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რასაც დაურთო შპს ,,უნ------------ა“ ხულოს სამედიცინო ცენტრის ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 27 აპრილის წერილი

- შპს ,,უნ------------ა“ ხულოს სამედიცინო ცენტრის ცნობა

- საფოსტო გზავნილი

 

3.3. 2018 წლის 23 მაისის შეტყობინებით შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის შეტყობინებით ნ--------------------–---ს ეცნობა, რომ 2018 წლის 1 ივნისიდან შეწყდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 23 მაისის შეტყობინება

 

3.4. შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 06 აპრილის ბრძანებით ნ--------------------–---ს გამოეცხადა ,,გაფრთხილება“, რაც 2017 წლის 18 აპრილს ეცნობა ნ--------------------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 06 აპრილის ბრძანება.

- შეტყობინება ნ--------------------–---ს.

 

3.5. შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით შპს ს----------–-----------ის სამსახურებს, რომლებიც სამუშაოს შესრულებისას იყენებენ კომპანიის კუთვნილ ავტოტრანსპორტს დაევალათ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის გაჩერება მოახდინონ მათი სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება.

 

3.6. მხარეთა შორის 2014 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულების 5.5.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებულს კალენდარული წლის განმავლობაში უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულება

 

3.7. შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანებით 2018 წლის 1 ივნისიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შპს ,,ს----------–-----------ის“ სერვისცენტრების მართვის ხ---–-----------–------ის მენეჯერი ნ--------------------–--- და შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი და ხარისხის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიში. აღნიშნული ბრძანება ნ--------------------–---ს ჩაბარდა 2018 წლის 25 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანება.

- საფოსტო გზავნილი.

 

3.8. შპს ,,ს----------–-----------ის“ მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიშით შემოწმდა შპს ს----------–-----------ას კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და მიზნობრიობა 01 იანვრიდან 12 თებერვლამდე, რომლის მიხედვითაც ხულოს საფოსტო სერვისცენტრის კურიერს რ-----–------ეს 0-------------------- წ პერიოდში უფიქსირდება ავტომანქანით არასამუშაო საათებში სიარულის 20 ფაქტი, რა დროსაც კურიერს რაიმე ქმედების განხორციელება არ უფიქსირდება, მასვე უფიქსირდება პარკირების დარღვევის 3 ფაქტი. მენეჯერის ნ--------------------–--ის ახსნა-განმარტებით არ იყო ინფორმირებული და ითხოვა ჩაეთვალოს საპატიოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიში.

 

3.9. ნ--------------------–--- მენეჯერის პოზიციიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა მის მიმართ 2017 წლის 06 აპრილს დისციპლინური ღონისძიების (გაფრთხილება) გამოყენების შემდგომაც, ნ--------------------–--ის მიერ ანალოგიური დარღვევების განმეორების ფაქტი. კერძოდ, როგორც მოპასუხემ მიუთითა მის მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილ წერილობით დასაბუთებაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ის, რომ შპს ს----------–-----------ის გენერალური დირექტორის ბრძანებით მას დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება, რომლის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ არასათანადოდ კონტროლდებოდა მის დაქვემდებარებაში მყოფი კურიერები, რის გამოც სერვისცენტრში დაგროვდა 62 ვადაგადაცილებული შეტყობინება, გარდა ამისა მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის შესაბამისად სერვისცენტრში გამოვლინდა ანალოგიური ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები, კერძოდ კურიერს რ-----–------ეს უფიქსირდება ავტომანქანით არასამუშაო საათებში სიარულის 20 ფაქტი, რა დროსაც მას რაიმე მოქმედება არ აქვს განხორციელებული და ასევე უფიქსირდება პარკირების დარღვევის სამი ფაქტი, რის თაობაზეც მენეჯერი უთითებდა, რომ არ იყო ინფორმირებული, რაც მიუთითებს დაკისრებული მოვალეობების არათანმიმდევრულად და არასათანადოდ შესრულებაზე, რაც პირდაპირ ქონებრივ ზიანს აყენებს კომპანიას, რადგან ვეღარ ასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რამაც შესაძლოა კომპანიას დააკარგვინოს კონტრაქტორები და საფრთხე შეექმნას მის რეპუტაციას.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ ხელშეკრულების და სამუშაოს აღწერილობის მიხედვით ხ---–-----------–------ის მენეჯერის ნ--------------------–--ის მოვალეობას სხვა მოვალეობებთან ერთად წარმოადგენდა წარემართა სერვისცენტრის საქმიანობა ინსტრუქციების შესაბამისად, მოეხდინა სამუშაო პროცესის დაგეგმვა, პროცესების კონტროლი და დადგენილი პროცედურების შესაბამისად მათი განხორციელების უზრუნველყოფა, წარემართა საფოსტო საქმიანობა და გაეკონტროლებინა პროცესის მიმდინარეობა, უზრუნველეყო ადრესატებისთვის საფოსტო გზავნილების დროულად ჩაბარება/გაგზავნა, განეხორციელებინა დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და მათ მიერ მოვალეობების შესრულება, დაეცვა დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ექსპლუატაციის წესები. თუმცა იმის გამო, რომ მან სათანადოდ ვერ შეძლო მისი მოვალეობების შესრულება, სერვისცენტრში დაგროვდა 62 ვადაგადაცილებული შეტყობინება, რის გამოც მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი გაფრთხილება, რაზეც ნ--------------------–---მ აღნიშნა, რომ კურიერების მუშაობა გამოსწორდებოდა.

 

შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით შპს ს----------–-----------ის სამსახურებს, რომლებიც სამუშაოს შესრულებისას იყენებენ კომპანიის კუთვნილ ავტოტრანსპორტს დაევალათ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის გაჩერება მოახდინონ მათი სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მითითებული ბრძანების შესრულება და კონტროლი წარმოადგენდა ნ--------------------–--ის უშუალო ვალდებულებას.

 

შპს ,,ს----------–-----------ის“ მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიშით შემოწმდა შპს ს----------–-----------ას კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და მიზნობრიობა 01 იანვრიდან 12 თებერვლამდე, რომლის მიხედვითაც ხულოს საფოსტო სერვისცენტრის კურიერს რ-----–------ეს 0-------------------- წ პერიოდში უფიქსირდება ავტომანქანით არასამუშაო საათებში სიარულის 20 ფაქტი, რა დროსაც კურიერს რაიმე ქმედების განხორციელება არ უფიქსირდება, მასვე უფიქსირდება პარკირების დარღვევის 3 ფაქტი. მენეჯერის ნ--------------------–--ის ახსნა-განმარტებით არ იყო ინფორმირებული და ითხოვა ჩაეთვალოს საპატიოდ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------------–--- 2017 წლის 06 აპრილის შემდგომაც ვერ ასრულებდა მის მოვალეობებს, წარემართა სერვისცენტრის საქმიანობა ინსტრუქციების შესაბამისად, მოეხდინა სამუშაო პროცესის დაგეგმვა, პროცესების კონტროლი და დადგენილი პროცედურების შესაბამისად მათი განხორციელების უზრუნველყოფა, წარემართა საფოსტო საქმიანობა და გაეკონტროლებინა პროცესის მიმდინარეობა, უზრუნველეყო ადრესატებისთვის საფოსტო გზავნილების დროულად ჩაბარება/გაგზავნა, განეხორციელებინა დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და მათ მიერ მოვალეობების შესრულება, დაეცვა დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ექსპლუატაციის წესები, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ხულოს საფოსტო სერვისცენტრის კურიერს რ-----–------ეს 0-------------------- წ პერიოდში დაუფიქსირდა ავტომანქანით არასამუშაო საათებში სიარულის 20 ფაქტი, რა დროსაც კურიერს რაიმე ქმედების განხორციელება არ განუხორციელებია და ასევე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტომანქანის პარკირების დარღვევის 3 ფაქტს.

 

მხარეთა შორის 2014 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების 8.8.3. პუნქტით დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება შეიძლება გახდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

შესაბამისად სასამართლოს კანონიერად მიაჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება ნ--------------------–---სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულება,- სამუშაოს აღწერილობა,- 2018 წლის 27 აპრილის წერილი,- 2018 წლის 23 მაისის შეტყობინება

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 06 აპრილის ბრძანება.

- შეტყობინება ნ--------------------–---ს

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანება

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ანგარიში

 

3.10. არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას.

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად - დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

ნ--------------------–--ის დაკავებული პოზიციიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იქნა 2018 წლის 25 აპრილს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ნ--------------------–---მ 2018 წლის 27 აპრილის წერილით, რომელიც მიღებული იქნა 2018 წლის 30 აპრილს შპს ,,ს----------–-----------ას“ მიმართა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მოთხოვნით, ანუ მას შემდეგ, რაც მის მიმართ უკვე გამოცემული იყო განთავისუფლების შესახებ ბრძანება. ამავე დროის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე 3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი უშვებს შესაძლებლობას დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება თუ არსებობს 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანება.

- 2018 წლის 27 აპრილის წერილი,- საფოსტო გზავნილი

 

3.11. ნ--------------------–---მ 2018 წლის აპრილის თვეში თვეში ხელფასის სახით მიიღო 743 ლარი, ხოლო მაისის თვეში 1083,91 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

6.3. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება შპს ,,ს----------–-----------ის“ ხ---–-----------–------ში მენეჯერის ნ--------------------–--ის მხრიდან ვალდებულებების განმეორებით დარღვევას.

 

სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას, რაზეც მიეცა მას დისციპლინური ღონისძიების სახე - გაფრთხილება. ასევე დაადგინა, რომ დისციპლინური ღონისძიების სახით გაფრთხილების გამოყენების შემდგომაც ნ--------------------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა იმავე ხასიათის დარღვევებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია დამსაქმებლის ნება - შეეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თავის მხრივ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი მოთხოვნებიც, თანამდებობაზე აღდგენის და თანხის დაკისრების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულია 2014 წლის 18 ივლისიდან. ის ყოველთვიურად ღებულობდა ფიქსირებულ ხელფასს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენდა თვეში 750 ლარს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მოსარჩელეს კალენდარული წლის განმავლობაში უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღით.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ შვებულების ვადების, საშვებულებო ანაზღაურებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მხარეები კანონით გათვალისწინებული წესის გარდა, სხვა წესზე შეთანხმებულნი არ არიან. ამიტომ შვებულების დრო, ანაზღაურება და სხვა საკითხები უნდა გადაწყდეს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით“.

 

6.5. შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით ამ კანონის 37-? ?????? პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, ხოლო 26-ე მუხლით დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

 

დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერებას. დამსაქმებელი ვალდებულია შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შვებულების აღების შესახებ განცხადების საფუძველზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება ჰქონდა შვებულების პერიოდში დაესვენა და დასვენების მიუხედავად მიეღო 24 დღის ანაზღაურება. ეს უფლება მას წარმოეშვა 2014 წელში. მოსარჩელეს 2014-2018 წლებში შვებულებით არ უსარგებლია.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის, ბოლო ერთი წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 849.12 ლარიდან გადაუხდელი 508.21 ლარის გადახდა.

 

საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მათ ნ--------------------–--ისთვის ანაზღაურებული აქვს გამოუყენებელი შვებულება 340 ლარი და მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც ნ--------------------–---ს ერიცხებოდა 743 ლარი, ხოლო მაისის თვეში ჩაერიცხა 1083 ლარი, რასაც დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 508 ლარი და 21 თეთრი.

 

ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა, რომ დასაქმებულს (მოსარჩელეს) უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით კალენდარული წლის განმავლობაში 24 სამუშაო დღით. შესაბამისად მისი შვებულების ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნ--------------------–---ს ხელშეკრულების მიხედვით ერგება წლის განმავლობაში 12 თვის ანაზღაურება, ანუ ყოველთვიური ხელფასი. დასახელებულ 12 თვეში შედის 24 დღის საშვებულებო ანაზღაურებაც. ანუ, თუ დასაქმებული წლის განმავლობაში მუშაობს 11 თვეს და 6 დღეს, მიუხედავად ამისა, ის მიიღებს 12 თვის სრულ ანაზღაურებას, აქედან 24 დღეს მოსარჩელე არ იმუშავებს და დაისვენებს. სწორედ ამას გულისხმობს შვებულების პრინციპიც. შვებულება წლის განმავლობაში გაიცემა 24 დღის ვადით და კალენდარული წლის გასვლის შემდეგ შვებულების მიღების უფლება უქმდება გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში“.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ წლის დასრულების შემდეგ სრულდება მოსარჩელისათვის გამოსაყენებელი შვებულებაც. შვებულების დღეები არ გროვდება და არ გადადის შემდეგ წელზე. საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია შვებულების მომდევნო წელში გადატანა. შვებულების მომდევნო წელში გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ საშვებულებო ხელფასის გაცემის ვალდებულების გადატანას. მასში მოიაზრება ანაზღაურებადი დასვენების გადატანა. ანუ დასაქმებული მომდევნო წელში დაისვენებს წინა წლის შვებულების ხარჯზე და ასევე მიიღებს ანაზღაურებს. მას ასევე უფლება ექნება მიმდინარე წლის შვებულების გამოყენებისა და ანაზღაურების მიღებისაც. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე და დასაქმებული თანახმაა შვებულების გადატანაზე. სხვა შემთხვევაში დამსაქმებელს არ მიეცემა ანაზღაურებადი შვებულების გადატანის უფლება და დასაქმებულიც ვერ მოითხოვს გასული წლის ანაზღაურებად შვებულებას. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები არ შეთანხმებულან შვებულების შემდგომი წლისათვის გადატანაზე. ასეთი შეთანხმების არარსებობა გამორიცხავს გასული წლების შვებულების ანაზღაურებას.

 

გასული წლების შვებულების ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს დასაქმებულისათვის დამსაქმებელზე მეტი, გაუმართლებელი უპირატესობის მინიჭებას და ის ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 21-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ ფასიანი შვებულების გამოყენების წესს, რომლის მიხედვითაც დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად, დადგენილი ოდენობით. შვებულების გადატანა კი არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ ორ წელს. დასახელებული ნორმების ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის შვებულება შემდგომი წლისათვის გადატანილი არ ყოფილა. თითოეული წლის დასრულებით დასრულდა შვებულებით სარგებლობის უფლება, ამიტომ სარჩელი 2017 წლის შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. შრომის კოდექსის 21 მუხლის მეოთხე ნაწილით ,,ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

 

დასახელებული ნორმა გულისხმობს იმ კალენდარული წლის პერიოდს, რა პერიოდის განმავლობაშიც დასაქმებულს არ აქვს გამოყენებული შვებულება. თუ ის დამსაქმებელმა ვადაზე ადრე გაათავისუფლა სამუშაოდან, მაშინ დასაქმებულს საშვებულებო ანაზღაურება ერგება საანგარიშო წლის ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, მოპასუხემ შეწყვიტა 2018 წლის 1 ივნისს. ამ მომენტისათვის მოსარჩელეს შვებულებით ნასარგებლები არ ჰქონდა. მოსარჩელეს შეეძლო 2018 წლის განმავლობაში დაესვენა და დასვენების პერიოდში მიეღო ანაზღაურება. მისი დასვენების უფლება გარანტირებულია შრომის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მან შვებულების უფლება ვერ გამოიყენა იმის გამო, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს გამოუყენებელი შვებულება და საშვებულებო ანაზღაურება მიიღოს შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს ნ--------------------–--ისთვის ანაზღაურებული აქვს გამოუყენებელი შვებულების 340 ლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით ფიზიკური პირები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

შესაბამისად მოსარჩელეს სახ. ბაჟის გადახდა არ ერგება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნ--------------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ------------–-–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სახაზინო კოდი: 3--------) მის მიერ 2018 წლის 19 ივნისს სს ,,თ-----------ს” მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი