გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/448-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.07.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მაია თვაური
წარმომადგენლები ირაკლი ცნობილაძე
მოპასუხე თეიმურაზ სუმბაძე
წარმომადგენელი თამარ მეტრეველი
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მაია თვაურს და თეიმურაზ სუმბაძეს შორის 2006 წლის 5 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. თეიმურაზ სუმბაძისათვის არასრულწლოვანი შვილის 2007 წლის 2 იანვარს დაბადებული საბა სუმბაძის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 500 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეები დაქორწინდნენ 2006 წლის 05 თებერვალს. 2007 წლის 2 იანვარს შეეძინათ შვილი საბა სუმბაძე. მოპასუხის მავნე ჩვევების გამო (აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება) ოჯახში ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც უკანასკნელი ორი წელია მათი თანაცხოვრება შეწყდა. მოსარჩელე ბავშვთან ერთად დაბრუნდა მშობლების ოჯახში და დღემდე იქ ცხოვრობს. მოპასუხემ უარი განაცხადა ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის. ასევე უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და მზრუნველობაზე. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1 269 ლარს, ხელზე იღებს 1 000 ლარს. მოპასუხე მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. საბა სუმბაძე ცხოვრობს დედასთან ერთად და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი იფარება მის მიერ. სამბა სუმბაძეს აქვს ქრონიკული დაავადება , რომელიც საჭიროებს მუდმივ კონტროლსა და ექოსკოპირებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დადის ცურვაზე, რომლის ერთი თვის მომსახურება 55 ლარი ღირს. საბა ასევე ემზადება კერძოდ მასწავლებლებთან ინგლისურსა და მათემატიკაში. მოსარჩელე თითოეულ საგანში იხდის 50 ლარს. მოსარჩელე განმარტავს, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების მიზნით აღებული აქვს სესხი საქართველოს ბანკში 10 000 ლარის ოდენობით. სესხის დაფარვის ბოლო ვადაა 2020 წლის 02 ნოემბერი. ყოველთვიურად უწევს 310 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. დაეთანხმა განქორწინების მოთხოვნას და თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად ალიმენტი 100 ლარი. მოპასუხის განმარტებით მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1080 ლარს. იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით, რის გამოც ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა რისთვისაც ყოველთვიურად სჭირდება 400 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში სს ,,საქართველოს ბანკიდან" აღებული აქვს რამოდენიმე სესხი. იგი გაერთიანებულია და გადაფარული იქნა სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო"-დან 2018 წლის 19 ნოემბერს 29 000 ლარის ოდენობით 10 წლიანი სესხით, რის დასაფარადაც ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს 430 ლარი. სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მაია თვაური და თეიმურაზ სუმბაძე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილი საბა სუმბაძე ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე მაია თვაურთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-8. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 34-44. ტომი 1)
3.1.2. მაია თვაური დასაქმებულია. იგი მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში და მისი დარიცხულია ხელფასია 1269 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობის ასლი (ს.ფ. 19. ტომი 1)
3.1.3. თეიმურაზ სუმბაძე დასაქმებულია. იგი მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და მისი ყოველთვიური ხელფასია 1089,76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის ასლი (ს.ფ. 47-53. ტომი 1)
3.1.4. მხარეთა არასრულწლოვანი შვილს საბა სუმბაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა და პერიოდული სამედიცინო კვლევების ჩატარება.
სს ევექსის ჰოსპიტლების მიერ 2019 წლის 22 აპრილს გაცემულ N16700 ცნობაში მითითებულია, რომ საბა სუმბაძის დიაგნოზია E04.0 არატოქსიური მრავალკვანძოვანი ჩიყვი, E06.3. აუტოიმუნური თიროიდიტი. მკურნალობს აუტოიმუნური თიროიდიტის გამო. ბოლო ექოსკოპიით დაფიქსირდა მარცხენა წილში მრავლობითი კვანძიდან ერთ-ერთის ზრდა >1 სმ-ზე. აუცილებელია ფ/ჯ ექოსკოპიის კონტრილი მაისში, საჭიროების შემთხვევაში დამიზნებითი ბიოფსია. TSH F14-ის კონტროლი 6-8 კვირაში.
კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ 2019 წლის 23 მაისს გაცემული N 703569 ცნობის თანახმად, საბა სუმბაძეს აქვს კვანძოვანი ჩიყვი, მარჯვენა წილის ზომა - 16X9,5X38მმ. მოცულობა -3,0სმ3, ისთმუსის სისქე-2,3მმ მარცხენა წილის ზომა -15,5X9,5X30,5მმ მოცულობა 2,3 სმ3. ფარისწბრი ჯირკვლის საერთო მოცულობა-5,3 სმ39 (ასაკობრივი ნორმა=5,62±0,25 სმ3 ფარისებრი ჯირკვალი სიმეტრიული, ყლაპვითი აქტისას მობილური ირგვლივ მდებარე ქსოვილების მიმართ, კონტური ტალღოვანი მკაფიო, პარენქიმის ექოგენომა არათანაბრად დაქვეითებული, სტრუქტურა მსხვილმარცვლოვანი დიფუზორად არაერთგვაროვანი ჰიპერექოგენული ხაზოვანი ხარიხების და რამდენიმე (ორივე წილში) 3-დან 10მმ-მდე ზომის არამკაფიოდ კონტურირებული მკვეთრად ჰიპოექოგენური კვანძოვანი უბნების მონაცვლეობის ხარჯზე, მათ შორის უდიდესი: - მარჯვენა შუა მესამედის არეში, წინა ზედაპირთან, ზომით-7x4მმ, მარჯვენა წილის ზედა/ შუა მესამედების საზღვარზე, უკანა ზედაპირთან, ზომით-7x2,5მმ,ამავე წილის ქვედა1/3 არეში უკანა ზედაპირთან, ზომით - 10x2,5მმ;-მარცხენა წილის ქვედა მესამედი უკანა ზედაპირთან, ზომით - 10x5x7მმდა მარცხენა წილის ქვედა პოლუსის პროექციაზე, ზომით-10x2,5მმ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სამედიცინო ცნობების ასლები (ს.ფ. 22, 45-46, 73-75. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. მაია თვაურსა და თეიმურაზ სუმბაძეს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2006 წლის 5 თებერვალს. მაია თვაურს და თეიმურაზ სუმბაძეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი საბა სუმბაძე.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2006 წლის 5 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება მაია თვაურს (პირადი N35001001893) და თეიმურაზ სუმბაძეს (პირადი N01029014158) შორის. სააქტო ჩანაწერი N0067909.
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, საბა სუმბაძე დაბადებულია 2007 წლის 2 იანვარს. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა მაია თვაური, მამა – თეიმურაზ სუმბაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18. ტომი 1).
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17. ტომი 1)
3.1.4. 3.2.2. მოპასუხე თეიმურაზ სუმბაძე არის დასაქმებული, შრომისუნარიანი პიროვნება მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1080 ლარს. იგი არ განიცდის სოციალურ გაჭირვებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შრომის უნარი შეზღუდული არა აქვს, რის გამოც შეუძლია ყოველთვიურად გასწიოს შვილის რჩენისათვის 150 ლარზე მეტი თანხა.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს 100 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას მუდმივად სჭირდება მკურნალობა, რისთვისაც ყოველთვიურად ესაჭიროება 400 ლარი. ასევე სესხის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 430 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
მოპასუხე შესაგებლში განმარტავს, რომ დასაქმებულია და მას აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით რაც ყოველთვიურად შეადგენს 1080 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მძიმეა.
მოპასუხე ასევე უთითებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს კარდიოლოგიური კლინიკა გულის" მიერ 2019 წლის 10 სექტემბერის ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობაში მითითებულია, რომ თეიმურაზ სუმბაძის წინასწარი დიაგნოზია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჭარბი წონა. პაციენტს ანამნეზში აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დაახლოებით 13-14 წელია, რის გამოც იღებდა ამარილს 4 მგ და მეტფორმინს 2000 მგ დღიური დოზით. რამდენიმე თვის წინ მომართა ენდოკრინოლოგს შემდეგი ჩივილებით:პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, ზოგადი სისუსტე, უძილობა, გლიკემიის მონაცემები მერყეობდა 300-400 გ/დლ-ის ფარგლებში. პაციენტს დაწვრილებით აეხსნა დიეტური კვების რეჟიმი და მისი დაცვის აუცილებლობა და დაენიშნა ინსულინთერაპია აპიდრიტა და ლანტუსით. დაახლოებით ერთი თვე იმყოფებოდა ინსულინთერაპიაზე, რის ფონზეც გლიკემია კომპერსირდა. გლიკემიის კომპენსირების შემდეგ შეჩერდა ინსულინთერაპია და პაციენტს დაენიშნა: გლუკოფაჟი 2000 მგ დღიური ზომით და ფორქსიგა 10მგ. დღ. დოზით. ცნობის თანახმად, მოპასუხეს დანიშნული აქვს მედიკამენტები - გლუკოფაჟი, ფოქსიგა და კრესტორი. მოპასუხემ წარმოადგინა აღნიშნული პრეპარატების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით პრეპარატების ღირებულება შეადგენს 432.51 ლარს.
მოპასუხემ ასევე წარმოადგინა მასსა და სს ხალიკ ბანკს შორის 2018 წლის 19 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას მიღებული აქვს კრედიტი 29 000 ლარი 120 დღის ვადით, გრაფიკის თანახმად, ყოველთვიური შენატანია 430,69 ლარი.
მოპასუხემ ასევე წარმოადგინა სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული გადახდების ისტორია, რომელიც შეეხება 2017 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 16 ნოემბრამდე გადახდებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი ( ს.ფ. 34-44)
საკრედიტო ხელშეკრულებები და ბანკის ამონაწერები (ს.ფ. 54-63. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (09.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 230 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების მოთხოვნა, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მაია თვაურს და თეიმურაზ სუმბაძეს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ალიმენტის შესახებ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიორიტეტი აღიარებუბულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების და ბავშვის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირე ალიმენტის თანხაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი იმგვარად მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 100 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
მოპასუხე მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის წარმომშობ გარემოებებად მიუთითებს საკრედიტო ვალდებულებას და მისი მკურნალობისათვის ყოველთვიურად თანხის საჭიროებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის სხვა პირის სარჩენად. ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1313-2018).
ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რომელიც არის 12 წლის, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, მედიკამენტებით მკურნალობა. ბავშვის დიაგნოზია კვანძოვანი ჩიყვი. 2019 წლის 4 მარტის ცნობის თანახმად ბავშვს დანიშნული აქვს მედიკამენტი თიროქსინი 100 მგ უწყვეტად კონტროლამდე. რეკომნდებული კონტროლი ყოველ სამ თვეში. 2019 წლის 22 აპილს კლინიკა ევექსის მიერ ბავშვისათვის დანიშნულია ომესალი 1 კაფსულა 2 თვის მანძილზე. ამდენად, ბავშვს ჩიყვით დაავადების გამო სჭირდებოა პერიოდულად სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასაკის გამო ბავშვს დაავადების გამო სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ორგანიზმის ჯანმრთელი განვითარება და შემცირდეს ან აღმოიფხრვას დაავადებით გამოწვეული გავლენა.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ბავშვი დადის ცურვაზე, რომლის ხარჯია თვეში 50 ლარი. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,რუსთავის არენას" მიერ 2019 წლის 04 მარტს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად საბა სუმბაძე სარგებლობს შპს ,,რუსთავ არენას" საცურაო კომპლექსის ერთ თვიანი მომსახურებით, კერძოდ (აუზი) 23.02. 2019 წლიდან -23.03.2019 წლამდე. რომლის ღირებულება შეადგენს 55 ლარს. მოსარჩელის განმარტებით საბა სუმბაძე საჭიროებს დახმარებს სასკოლო პროგრამის დაძლევის კუთხით გარკვეულ საგნებში და ბავშვის დამატებით მომზადებას, რაც ანაზღაურდება მხოლოდ დედის მხრიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის განვითარებისათვის მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ფიზიკური განვითარება საკმარისი არ არის, ბავშვზე ზრუნვის მიზანია მისი საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდა, რაშიც იგულისხმება ბავშვისათვის განათლების მიცემა. თავის მხრივ განათლების უფლება ბავშვის ერთერთ მნიშვნელოვან უფლებად აღიარებულია ბავშვის უფლებების კონვენციის 28-ე მუხლით. სკოლის გარეშე დამატებით ბავშვის განათლებისათვის ზრუნვა ბავშვის აღზრდისათვის მნიშვნელოვანია და მშობლებს ამ უფლების რეალიზაცია ევალებათ მათი უნარების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებების კონვენციაში მითითებულია ბავშვის უფლებები, თავად კონვენციის მიზანია ბავშვის უფლებების და ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა, ბავშვებზე ზრუნვა და აღზრდა უპირველესად მშობლების და ოჯახის წევრების ვალდებულებაა. ბავშვის მნიშვნელოვანი უფლებაა განათლების მიღება, ხოლო სკოლის გარეშე დამატებით განათლების მიღების ხარჯები გონივრული უნდა იყოს და არ აჭარბებდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებს. ალიმენტი არა მარტო ბავშვის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი თანხაა. ალიმენტით უზრუნველყოფილია არა მარტო ბავშვის კვების, ჰიგიენის დაცვის და სეზონურად მინიმალურად აუცილებელი სამოსის შეძენა, არამედ განათლების მისაღებად საჭირო ხარჯები, სწავლისათვის საჭირო წიგნების და სხვა საგნების შეძენის ხარჯები, ბავშვის შემეცნების განვათარების (ასაკის შესაბამისი გართობა) ხარჯები. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვი დამატებით მეცადინეობს მხოლოდ 2 საგანში - მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, ხოლო საერთო ხარჯია 100 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ორივე მშობელს აქვს სტაბილური შემოსავალი, თითოეულის ხელფასი 1000 ლარს აღემატება, რის გამო ბავშვის სკოლის გარეშე განათლებისათვის ასეთი ხარჯის გაწევა მშობლების მატერიალური მდგომარეობის გამო გონივრულია.
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე. კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
მოსარჩელე არასრულწლოვან შვილზე ზრუნავს მოპასუხის მონაწილეობის გარეშე, მას უწევს ბავშვის აღზრდაში წამოჭრილი ყოველდღიური საზრუნავის გადაწყვეტა, ყოველდღიურად ხარჯების გაღება. მოპასუხე ბავშვის აღზრდაში ინტენსიურად ჩართული არ არის და არც მატერიალურად მონაწილეობს შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფაში.
მშობელს ალიმენტის ვალდებულება შეიძლება არ დაეკისროს ან შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შრომისუუნაროა, მის მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა ან სხვა განსაკუთრებული გარემოების გამო თავად ესაჭიროება მატერიალური დახმარება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო კრედიტის არსებობა ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის განმსაზღვრელი გარემოება ვერ გახდება, რადგან საკრედიტო ვალდებულება მშობლის ფინანსური ვალდებულებაა, იგი კომუნალური გადასახადების მსგავსად მისი ინტერესებისათვის გამოყენებული ფულადი რესურსია, სესხის ან კომუნალური გადასახადების გადახდა არის პირის ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რის გამოც კრედიტის არსებობის ფაქტი არსებითად არ ამცირებს მშობლის ვალდებულებას არჩინოს შვილი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია პირის აშკარად მძიმე მატერიალური მდგომარეობა, მწირი შემოსავლები, ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მოპასუხეს აღებული აქვს სამომხმარებლო კრედიტი, შესაბამისად ეს საკრედიტო ვალდებულებები არ არის წარმოშობილი რაიმე განსაკუთრებული გარემოებების გამო, მაგალითად მკურნალობის გამო.
მოპასუხე დაავადებულია დიაბეტით, რაც ქრონიკული ხასიათის დაავადებაა და აუცილებელია მუდმივად მედიკამენტებით მკურნალობა, კვების რეჟიმის დაცვა. მაგრამ, დიაბეტით დაავადების გამო მოპასუხეს შრომის უნარი შეზღუდული არა აქვს, იგი დასაქმებულია, მისი ხელფასი მცირე არ არის, რის გამოც სამართლიანი არ იქნება მას დაეკისროს ალიმენტის 100 ლარის გადახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მკურნალობა და ამისათვის ხარჯის გაღება ბავშვსაც ესაჭიროება, ხოლო ბავშვის ამ საჭიროების უზრუნველყოფა მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ, რის გამოც ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესს.
მოპასუხის პოზიცია ალიმენტის 100 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ ემყარება მხოლოდ საბანკო კრედიტის არსებობას და დიაბეტის მკურნალობის აუცილებლობას, რისი გათვალისწინებით ალიმენტის განსაზღვრა იქნება ბავშვის აღზრდის ინტერესების მიმართ უსამართლო დამოკიდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელია ორივე მშობლის უნარები და ქონებრივი მდგომარეობა, რის გამოც უნდა შეფასდეს ასევე მოსარჩელის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელე დასაქმებულია, მისი ხელფასი 1000 ლარზე მეტია. მოპასუხის დიაგნოზია ჰიპოთირეოზი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, მედიკამენტური მკურნალობის გარდა სხვა სახის მკურნალობა არ სჭირდება. ამდენად, მას მოპასუხის მსგავსად შეუძლია შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში სათანადო მონაწილეობა. სასამართლოს ამ გარემოებების გამო მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის 500 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მხარეთა მატერიალური მდგომარეობისათვის შეუსაბამო თანხაა, მოსარჩელეს შეუძლია მოპასუხის თანაბრად ბავშვის რჩენაში მონაწილეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის ოდენობად უნდა განისაზღვრის 230 ლარი, რადგან მოპასუხე შრომისუუნარო არ არის, მისი მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი სხვა არასრულწლოვანი შვილის და შრომისუნარო პირების მარჩენალი არ არის, არ იღებს სოციალურ დახმარებას, არა აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები რაც ხელს შეუშლის სრულყოფილად იზრუნოს საკუთარ შვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, რის გამოც ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 22 მარტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ ცნო სარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ, რის გამოც მხარეები თავისფლებიან ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ამ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2760 ლარს. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რადგან ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა და ამის გამო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და ამ დავაში შეადგენს 50 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 43.5%. სახელმწიფო ბაჯის 43,5% არის 21,75 ლარი, რომლის გადახდისგან მოპასუხე თავისუფლდება, ხოლო მან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან 28.25 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მაია თვაურის სარჩელი;
1.1. შეწყდეს მაია თვაურსა (პირადი N 35001001893) და თეიმურაზ სუმბაძეს (პირადი N01029014158) შორის 2006 წლის 5 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი N0067909;
1.2. თეიმურაზ სუმბაძეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2007 წლის 2 იანვარს დაბადებული საბა სუმბაძის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 230 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 22 მარტიდან;
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ 270 ლარის ოდენობით;
2. თეიმურაზ სუმბაძეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 28.25 ლარის გადახდა;
3. მაია თვაურს დაუბრუნდეს 2019 წლის 22 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 (საგადახდო დავალება N1);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი