გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-567-19
(საქმე №190210019002931503)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე – შპს ,,ა------------–--" ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში
წარმომადგენელი – დ-------- ნ-–--–-–---–ი
მოპასუხე – შპს ,,--–---2005”
დირექტორი - რ------ ჭ-----–---–-
წარმომადგენელი - ქ------- ზ---------–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ”ი-–---2005” ს/კ 426533575 შპს ”ა------------–-"-ს ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში" ს/კ 4-------- სასარგებლოდ გადახდეს საიჯარო ქირის თანხა 48 320 (ორმოცდარვაათას სამას ოცი) ლარი და იჯარის საგნის განადგურების გამო მიყენებული ზიანი 17 500 (ჩვიდმეტიათას ხუთასი) აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 04 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ტექნიკის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა ოთხი ავტომანქანა და შეთანხმდა ქირის ოდენობაც, ხელშეკრულებაში შემდგომში შევიდა გარკვეული ცვლილებები , შემცირდა ქირის ოდენობა, მოპასუხეს დღემდე აქვს საიჯარო ქირა გადასახდელი. ასევე ერთი ავტომანქანა დაზიანდა , განადგურდა, რისი ღირებულებაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ვინაიდან იჯარის ყველა საგანი იყო გაუმართავ მდგომარეობაში, მოიჯარემ ვერ გამოიყენა იჯარის საგანი მიზნობრივად, შესაბამისად , მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 04 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ტექნიკის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა 2017 წლის 10 ოქტომბერს სამი ტექნიკა : „ფორდ გარგო 3430დ“, 2007 წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომრით 90ჯბ064; იგივე მარკის და იმავე წელს გამოშვებული სახ. ნომრით 90ჯბ787 და მესამე იგივე მარკის და წელს გამოშვებული სახ. ნომრით 90ჯა891. ხოლო მეოთხე ტექნიკა იმავე მარკის გადაეცა 2017 წლის 06 ნოემბერს. ხელშეკრულების 1.5 პუნქტის მიხედვით ტექნიკის მუშაობის დღიური გრაფიკი უნდა ყოფილიყო 10 საათი, კვირაში 6 სამუშაო დღე. 10 საათზე მეტი სამუშაო საათის შემთხვევაში მოხდებოდა დამატებითი თანხის დარიცხვა 37.5 ლარი საათში. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით ყოველთვიური ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა ყოველ ერთეულზე შეადგენდა 5000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ტექნიკის იჯარის ხელშეკრულება.
3.1.2. 2017 წლის 10 ოქტომბერს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტში ეწერა ტექნიკის გამოყენების მარშრუტი - ხაშური-ხარაგაული 28 კმ. და ზესტაფონი-ხარაგაული 44 კმ, შემდეგში, 2017 წლის 10 ოქტომბერს, ამოღებული იქნა ეს დათქმა. ასევე ხელშეკრულებაში 2017 წლის 01 დეკემბერს შევიდა ცვლილება შემდეგი რედაქციით - 2.1 პუნქტი შეიცვალა - ყოველთვიური ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა ყოველ ერთეულზე განისაზღვრა 3000 ლარით დღგ-ს ჩათვლით. შეიცვალა 3.1. პუნქტის „ე“ ქ/პუნქტი - მეიჯარემ უზრუნველყოს საიჯარო ქონება მექანიკოსით, ასევე 6.2 პუნქტი - ხელშეკრულება ძალაში შედის 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულების ცვლილებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების არსებობა და ავტომანქანების მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტი. ასევე ქირის ოდენობა თითოეულ ერთეულზე ყოველთვიურად განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომში შემცირდა 3000 ლარამდე.
სასამართლოს დასადგენი იყო - გადაეცა თუ არ მოპასუხეს ავტომანქანები გამართულ მდგომარეობაში, იყო თუ არ ისინი იმდენად უვარგისი გამოსაყენებლად, რომ მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ქირის გადახდისაგან, ასევე ერთი ავტომანქანის განადგურების გამო უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს მესაკუთრისთვის მისი ღირებულების ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს,იმისთვის რომ დამქირავებელმა შეძლოს დაქირავებული ნივთით სარგებლობა, გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში, ასევე უნდა უზრუნველყოს გაქირავებული ნივთის შენარჩუნებაც ამავე მდგომარეობაში. ნივთის ვარგისიანობის დადგენა უნდა მოხდეს დამქირავებლის თანდასწრებით, გაქირავებული ნივთი უნდა გადაეცეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება მის მიზნობრივ დანიშნულებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
საქმეში წარმოდგენილია ორივე მხარის ხელმოწერილი მიღება ჩაბარების აქტები, რაც ადასტურებს, რომ მოიჯარემ ტექნიკა ჩაიბარა გამართულ მდგომარეობაში.
მოწმედ დაკითხული პირის თამაზ ცოფურაშვილის ჩვენება, რომელიც მძღოლად მუშაობდა, ადასტურებს , რომ ავტომანქანებს სჭირდებოდათ შეკეთება, რაც თავისთავად არ გამორიცხავს ავტომანქანების სრულ უვარგისობას და მათი გამოყენების შეუძლებლობას.
ასევე მექანიკოსის ქამანდარ ნასიბოვის ჩვენება ადასტურებს, რომ იჯარით გადაცემულ ავტომანქანების შეკეთებას ახდენდა პერიოდულად, მაგრამ არ ადასტურებს მათ სრულ უვარგისობას.
ამდენად, მოსარჩელემ შეძლო დადასტურება იმის, რომ მან ტექნიკა მოპასუხეს გადასცა ვარგის მდგომარეობაში, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო დადასტურება, რომ ავტომანქანები საერთოდ გამოუსადეგარი იყო. მას მეიჯარისთვის ამის თაობაზე წერილობითი პრეტენზია არ წარუდგენია, რაც დავის შემთხვევაში მისი პოზიციის დამადასტურებელი იქნებოდა. დამქირავებელს არც იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა მოუთხოვია. მისი განმარტებით, 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში მანქანები გააჩერა სადგომზე და მათ სამუშაოდ აღარ იყენებდა , მაგრამ იმ პირობებში, როცა ამის თაობაზე და შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე მას მეიჯარისთვის არ მიუმართავს , იგი იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2018 წლის 1 მარტამდე), ქირის გადახდის ვალდებულებისაგან ვერ გათავისუფლდება.
3.2.2. ტექნიკა გადაეცა მოპასუხეს სრული ვარგისიანობით გამოსაყენებლად.
იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე მოპასუხეს მანქანებში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა იჯარის ქირა 5000 ლარი, ხოლო 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე უნდა გადაეხადა ოთხივე მანქანაში ყოველთვიურად 12 000 ლარი ყოველ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ანუ 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა სულ 29 400 ლარი ხოლო 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე უნდა გადაეხადა (3X12000=36000). სულ 36000 ლარი. მთლიანობაში უნდა გადაეხადა 65 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულებები;
3.2.3. მოპასუხემ გადაიხადა 17080 ლარი (2017 წლის 01 სექტემბერს 7000 ლარი; 2017 წლის 04 ოქტომბერს გადაიხადა 1020 ლარი; 2017 წლის 01 ნოემბერს გადაიხადა 960 ლარი; 2017 წლის 03 ნოემბერს გადაიხადა 3600 ლარი; 2017 წლის 16 დეკემბერს გადაიხადა 2000 ლარი, ხოლო 2018 წლის 12 თებერვალს გადაიხადა 2500 ლარი. სულ 17060 ლარი). მოპასუხეს დღემდე აქვს იჯარის ქირა გადასახდელი 48 320 (65400-17080=48 320) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გადახდის ქვითრები.
3.2.4 . 2017 წლის 07 დეკემბერს დაახლოებით 06:30 საათზე ტექნიკით სარგებლობისას სატვირთო ავტომობილის „ფორდ გარგო 3430დ“ , 2007 წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომერი 90ჯა891, დაიწვა და გამოძიებიდან მიღებული ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზია სატვირთო ავტომობილის გამათბობლის ექსპლოტაციის დროს ელექტროსადენების გადატვირთვა, რასთან დაკავშირებითაც წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე , სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აუდიტის დასკვნით ა/მანქანა გამოსაყენებლად უვარგისია და შეიძლება მხოლოდ მისი შავი ლითონის ჯართის სახით რეალიზაცია 2500 აშშ დოლარად. ამავე დასკვნით ასეთი ანალოგიური მარკის და გამოშვების ა/მანქანის ღირებულება შეადგენს 20 000 აშშ დოლარს და აქედან გამომდინარე მიყენებული ზოანი განსაზღვრულია 17 500 (20000 – 2500=17500) აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში რაც შეადგენს 47015 ლარს.
გამომძიებლის მიერ მოსარჩელისთვის გადაცემული წერილის შინაარსიდან არ დასტურდება იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა ავტომანქანის დაზიანებაში. სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნული მუხლით ბრალეული პირის მიმართ. ასეთი ფაქტი უნდა დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
მოსარჩელის მიერ წრმოდგენილი აუდიტის დასკვნა ადასტურებს დაზიანებული ავტომანქანის ღირებულებას, ამ დასკვნით არც ავტომანქანის დაზიანების მიზეზი დგინდება და არც ბრალეული პირის ვინაობა ავტომანქანის დაზიანებაში.
იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად მოიჯარე ანუ მოპასუხე აგებს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას იჯარის საგანზე და მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის წერილი და აუდიტის დასკვანა - ვერ ადასტურებს, რომ ავტომანქანის დაზიანება (განადგურება) გამოწვეული იყო მოიჯარის ( მოპასუხის) მიზეზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გამომძიებლის წერილი, აუდიტის დასკვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება ქირის დაკისრების ნაწილში მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მოსარჩელემ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, ხოლო მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება მოსარჩელემ იგივე წარმატებით ვერ შეძლო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სარჩელი საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დასტურდება დავალინების არსებობა, ხოლო არ დასტურდება გარემოება, რომ ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ, ამდენად სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 409-ე, 531-ე, 532-ე, 536-ე, 538-ე, 543-ე, 548-ე, 581-ე მუხლები
6 . სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი).
იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები , თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ქირავნობას ბევრი საერთო აქვს იჯარასთან, ვინაიდან ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც ადგილი აქვს განსაზღვრული ქონებრივი ობიექტით ვადიან სარგებლობას. თუმცა, განსხვავება ამ ორ სამართლებრივ ინსტიტუტს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ქირავნობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ნივთი , როდესაც იჯარით შეიძლება გაიცეს ასევე ქონებრივი უფლებები. გარდა ამისა, იჯარისაგან განსხვავებით, ქირავნობის შემთხვევაში არ ხდება ქირავნობის ობიექტისაგან ნაყოფის მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს გადასცეს ნივთი განუსაზღვრელი ვადით. თავის მხრივ დამქირავებელი კი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
ამავე კოდექსის 532-ე მუხლის თანახმად, კი გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.
ქირავნობის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში . როგორც წესი, ქირავნობის ხელშეკრულების მხარეები პირდაპირ უთითებენ ხელშეკრულებაში გაქირავებული ნივთით სარგებლობის მიზანს. შესაბამისად, ქირავნობის საგნის ხარისხის უპირველესი კრიტერიუმია მისი ვარგისიანობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნისათვის. აღსანიშნავია, რომ გამქირავებელი ვალდებულია, ნივთის ვარგისიანობა შეინარჩუნოს ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
დადგენილია რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება ავტომანქანების იჯარით გადაცემისა და ქირის ოდენობის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ ქირის გადახდა სრულად არ მომხდარა .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 536-ე მუხლი ითვალისწინებს ქირის შემცირებას ნივთის ნაკლის გამო : თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
სამოქალაქო კოდექსის 538- ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.
ქირავნობის საგანში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ამასთან, უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება . აუცილებელია, რომ დამქირავებელმა დაუყოვნებლივ ხელშეკრულების დადებისთანავე განაცხადოს ნივთის ნაკლის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, მისთვის ცნობილია ეს ფაქტი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან ნივთის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება, მაშინ დამქირავებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გამქირავებელს. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი განაცხადებს თავის უფლებებს ნივთზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 543-ე მუხლი აწესებს დამქირავებლის მოვალეობანს გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას :თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან ნივთის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება, მაშინ დამქირავებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გამქირავებელს. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი განაცხადებს თავის უფლებებს ნივთზე.
სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლი ადგენს, რომ მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის, მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
მოპასუხე შპს "ი-–-- -2005"-ს წარმოამდგენელს მოსარჩელისთვის პრეტენზია ნივთის ნაკლის გამო არ წარუდგენია ( ამის დადასტურება ვერ შეძლო) , არც ქირის შემცირება მოუთხოვია და არც ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე ადრე. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოიჯარისგან შეთანხმებული ქირის გადახდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისთვის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ტექნიკის ქირავნობის თაობაზე წერილობითი შეთანხმება, დადგენილია რომ მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებულ პერიოდში ქირა გადახდილი. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - ქირა , დავალიანება შეადგენს 48320 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოაღნიშნული ნორმების შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის - კონკრეტულად ბრალი, ვინაიდან მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის . იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმადაც, მოიჯარე ( მოპასუხე) იღებს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას იჯარის საგანზე და მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი ( რა თქმა უნდა ტერმინი "მიზეზი" არის იგივე ბრალი).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს დაახლოებით 06:30 საათზე ტექნიკით სარგებლობისას სატვირთო ავტომობილი „ფორდ გარგო 3430დ“ , 2007 წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომერი 90ჯა891, დაიწვა და გამოძიებიდან მიღებული ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზია სატვირთო ავტომობილის გამათბობლის ექსპლოტაციის დროს ელექტროსადენების გადატვირთვა, რასთან დაკავშირებითაც წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე , სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. ათნიშნული წერილი არ ადასტურებს, რომ შემთხვევა მოხდა მძღოლის ბრალეული ქმედებით, ამისთვის არც ექსპერტიზის დასკვნააა წარმოდგენილი და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩები პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის არსებობის დროს ქონებრივი ინტერესების დაცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ შპს ,,--–-- 2005-ის” სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით დაზიანდა .
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამ ნორმის თანახმად, მოპასუხეს ნაწილობრივ უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები უნდა დაეკისროს დაკისრებული თანხის ( 48 320 ლარის) 4 პროცენტის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ”ა------------–-"-ს ფი-–--ლი საქართველოს რესპუბლიკაში" სარჩელი მოპასუხე შპს ,,--–-- 2005-ის” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე შპს ,,--–-- 2005-ის” მოსარჩელე შპს ”ა------------–-"-ს ფი-–--ლი საქართველოს რესპუბლიკაში" სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის თანხა 48320 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნა იჯარის საგნის განადგურების გამო მიყენებული ზიანის 17500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე შპს ,,--–-- 2005-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1449,6 ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოპასუხეს ასევე დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1932,8 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი