გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
330310018002377247
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1965-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ვ--–--------–-–---–ი

წარმომადგენლები - ნ--------------–---ი, კ-------–------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ზ--------------ა

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

 

მოპასუხე - ი------------–---–ი

წარმომადგენელი - ს-----------------–---–ი

 

მოპასუხეები - მ-----–------–---–ი, ე-----–---------ა, გ---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ეს და მ-----–------–---–ს ვ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 89 120 ლარისა და 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ეს და მ-----–------–---–ს ვ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასიათასი) ლარის ოდენობით. (იხ. 2018 წლის 14 ნოემბრისა და 2019 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.4. ი------------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.5. მ-----–------–---–ს, ე-----–---------ასა და გ---------ეს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით - ი------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ე-----–---------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

განაჩენის თანახმად, 2005 წლის 13 ივლისს ე-----–---------ამ ი------------–---–ის დავალებიდან გამომდინარე, მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და სპეციალური რაზმის მებრძოლების მონაწილეობით ორგანიზება გაუკეთა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის ვ--–--------–-–---–ის ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მისი პირადი ნივთების და კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას. ამასთან, დანაშაულში ჩართულ პირთა ადგილზე ხელმძღვანელობა დაევალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსს - გ---------ეს.

 

განაჩენის მიხედვით, 2005 წლის 13 ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვ--–--------–-–---–ის ფარულ თვალთვალს. მათვე, თავდასხმის გაადვილების მიზნით, ფარულად, მწყობრიდან გამოიყვანეს ვ--–--------–-–---–ის დაჯავშნული ავტომანქანა. ფარული თვალთვალი გაგრძელდა 2005 წლის 14 ივლისსაც. იმავე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატმენტის თანამშრომლებმა და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებულმა მებრძოლებმა თბილისში, მ---–----–--ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით მოახდინეს ვ--–--------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ ვ--–--------–-–---–ს და მის თანმხლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლ იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. ცემის შედეგად, ვ--–--------–-–---–მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. გარდა აღნიშნულისა, სპეციალური რაზმის მებრძოლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ვ--–--------–-–---–ის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის (მოდელი - USP; 25-095026) ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 (ათიათასი) აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 (ორმოცდაათიათას) ლარად.

 

განაჩენის მიხედვით, „სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი------------–---–მა ჩაიდინა: 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობით და იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და 2. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ესე იგი სხეულის დაზიანების ორგანიზება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ბრალდებულებმა: ე-----–---------ამ და გ---------ემ ჩაიდინეს: 1. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; 2. წინასწარი შემთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით; 3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ჩადენილი ჯგუფურად და 4. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულების - ი------------–---–ის, გ---------ის და ე-----–---------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.“

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი (ს.ფ.24-46);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენი (ს.ფ.47-71).

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით მ-----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

განაჩენის თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რ--------სში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის - ვ--–--------–-–---–ის სტატია სათაურით: „ვ--–--------–-–---–ი თავის სახლს ს----–---–ს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვ--–--------–-–---–ი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მ-----–------–---–ის პირადი ცხოვრების შესახებ. ხსენებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მ-----–------–---–მა, ვ--–--------–-–---–ის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს - ი-----–----------–---–ს დაავალა, მოეხდინა ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ი-----–----------–---–ისგან მიიღო უარი. აღიშნულის შემდეგ, მ-----–------–---–მა ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს - ი------------–---–ს, რომელმაც, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის - ე-----–---------ას ორგანიზებით, უზრუნველყო მ-----–------–---–ის დავალების შესრულება.

 

განაჩენის თანახმად, განხილული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს მ-----–------–---–ის ორგანიზებით ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებულ თავდასხმას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მოჰყვა როგორც ფიზიკური პირის, ისე სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რამდენადაც არც ერთი თანამდებობის პირი და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის უფლებამოსილი, პირადი წყენის თუ დამოკიდებულების გამო (თუნდაც ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში), სახელმწიფო სამსახურში მყოფი შეიარაღებული ძალები გამოიყენოს მასთან დაპირისპირებაში მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. მ-----–------–---–მა, თავისი თანამდებობრივი ფარგლების აბსოლუტური უგულებელყოფით, მოახდინა ვ--–--------–-–---–ის მიმართ თავდასხმის ორგანიზება, რაც შესრულდა სახელწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის - შინაგან საქმეთა მინისტრის და საჯარო მოხელეების - ე-----–---------ასა და გ---------ის, ასევე, სხვა პირთა ჩართულობით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი (ს.ფ.170-217).

 

3.3. 2005 წლის 14 ივლისს ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაზიანებული, ვ--–--------–-–---–ის მეუღლის კუთვნილი, ავტომანქანისათვის - მერსედეს ბენცი M----- (სახ.№S------) - დაზიანებით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 2620 ლარი (2005 წლის 22 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №ს---- დასკვნა).

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი (ს.ფ.24-46);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი (ს.ფ.170-217).

 

3.4. ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ბრილიანტის ბეჭდის საბაზრო ღირებულება 2005 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 50 000 ლარს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა).

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი (ს.ფ.24-46);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი (ს.ფ.170-217).

 

3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის №0-------- ექსპერტს დასკვნის თანახმად, ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ბრილიანტის ბეჭდის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 85000 (ოთხმოცდახუთიათასი) ლარს.

 

საექპერტო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 301 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა 2018 წლის 7 დეკემბერს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის №0-------- ექსპერტს დასკვნა (ს.ფ.340-346);

- 2018 წლის 7 დეკემებრის №157660 სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.339).

 

3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, ვ--–--------–-–---–ზე მიყენებული დაზიანებებია - ქალა-ტვინის ტრავმა, ორივე შუბლის წილის ბაზალური სტრუქტურების ჰემორაგიული კონტუზია, შუბლის წილის ჰემოსინუსიტა, სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მარჯვენა ორბიტის სახურავის ხაზოვანი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის ფუძის მიდამოში, მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები, სისხლნაჟღენთები თავისა და სახის არეში, ექსკორიაციები ორივე მუხლის არეში და კანქვეშა ჰემატომა მტევნის II მეტაკარპალური ძვლის მიდამოში წარმოადგენენ მძიმე ხარისხის დაზიანებებს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ვ--–--------–-–---–ის სახის არეში არსებული ნაწიბურები წარმოადგენენ ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს, რაც წარუხოცელია.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი (ს.ფ.24-46);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი (ს.ფ.170-217).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 69-ე, 70-ე და 77-ე მუხლები (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 408-ე, 412-ე, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 85-ე მუხლები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ი------------–---–ი, ე-----–---------ა და გ---------ე დამნაშავედ იქნენ ცნობილი 2005 წლის 14 ივლისს ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორების, მისი პირადი ნივთების და კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ დანაშაულებრივ ქმედებაში. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით მ-----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ვ--–--------–-–---–ზე თავდასხმის ორგანიზებისათვის.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

6.2. სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმებამდე, სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სათანადო მოპასუხეობის საკითხს, რადგან აღნიშნული მოპასუხეები თავის შესაგებელში, სწორედ არასათანდო მოპასუხეობაზე მიუთითებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირი უზრუნველყოფილია დაიცვას მისი უფლებები სასამართლო წესით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში, არსებითია, ყოველი კონკრეტული საქმის მიმართ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხეს ვალდებულება - პასუხი აგოს სარჩელზე. ამდენად, იმისთვის, რომ პირი იყოს სათანადო მხარე განსახილველ საქმეში, აუცილებელია, რომ იგი იყოს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და უნდა ჰქონდეს/ეკისრებოდეს მოცემული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ან/და ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სათანადო მოპასუხეობის საკითხის დადგენის მიზნით მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ კონსტიტუციას, რომლის 69-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს, ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშემწყობი კონსტიტუციური ორგანო, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მითითებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნას; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ; დ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მის სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას; ე) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზას; ვ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; თ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას; ი) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას და კოორდინაციას; კ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას; ლ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას; მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; ნ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე, მასალების მომზადებას შეწყალების თაობაზე; ო) საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების მომზადებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე; პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას; რ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს; ს) საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

 

სადავო პერიოდში მოქმედი, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენდა უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც კონსტიტუციური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა როგორც პოლიტიკურ, ისე მმართველობით საქმიანობას და რომლის არჩევის წესი და პირობები განსაზღვრული იყო საქართველოს კონსტიტუციით. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იგი წარმოადგენდა კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის შექმნის უფლებამოსილებაც გააჩნდა საქართველოს პრეზიდენტს და რომლის მთავარ ფუნქცია-დანიშნულებას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტისათვის - უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული დანაწესები ზიანის ანაზღაურებას აკისრებენ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელშიც დასაქმებულმა პირმაც გამოიწვია იგი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, იგი წარმოადგენს კონსტიტუციით განსაზღვრულ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომელიც აირჩევა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსახილველ საქმეში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო მოპასუხეობის საკითხის დადგენის მიზნით სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით.

 

მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.

 

აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას. საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს კონსტიტუციით განსაზღვრულ არჩევით სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს, მის მიერ მოსარჩელისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სახელმწიფოს. თავის მხრივ, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი - იგი ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, სწორედ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მოიცავს ვ--–--------–-–---–ზე თავდასხმისას წაღებული ბეჭდის, ცეცხლსასროლი იარაღის, ფულადი თანხის დაბრუნებასა და თავდასხმის დროს ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებაში მოსარჩელის წარმომადგენლები უთითებენ ი------------–---–ის, ე-----–---------ასა, გ---------ისა და მ-----–------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენებზე.

 

დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს დაახლოებით 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატმენტის თანამშრომლებმა და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებულმა მებრძოლებმა თბილისში, მ---–----–--ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით მოახდინეს ვ--–--------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ ვ--–--------–-–---–ს და მის თანმხლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლ იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. გარდა აღნიშნულისა, სპეციალური რაზმის მებრძოლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ვ--–--------–-–---–ის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის (მოდელი - USP; 25-095026) ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი და ბეჭედი, რომლის საბაზრო ღირებულება 2005 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 50 000 ლარს.

 

დადგენილია, რომ მ-----–------–---–მა, თავისი თანამდებობრივი ფარგლების აბსოლუტური უგულებელყოფით, მოახდინა ვ--–--------–-–---–ის მიმართ თავდასხმის ორგანიზება, რაც შესრულდა სახელწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის - შინაგან საქმეთა მინისტრის - ი------------–---–ისა და საჯარო მოხელეების - ე-----–---------ასა და გ---------ის, ასევე, სხვა პირთა ჩართულობით. (იხ.3.1 და 3.2 ფაქტობრივი გარემოებები).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული კომპონენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დამდგარი ზიანი მ-----–------–---–ის, ი------------–---–ის, ე-----–---------ასა და გ---------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების რეალურ და მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენდა, ამდენად სახეზეა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად, რომელმაც ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ასეთი, თავად არ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებას, იგი თავის საქმიანობას ასრულებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობა ვლინდება სწორედ ამ პირისა თუ ორგანოს ბრალეულობაში. როგორც წესი, სწორედ უფლებამოსილების გადამეტებისას ხდება ორგანოს თანამშრომლების მიერ ზიანის მიყენება, მათ მიერ კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები იშვიათად წარმოადგენენ ზიანის წარმომშობ ქმედებებს. ადმინისტრაციული ორგანო თავისი საქმიანობის მიზნებს აღწევს მისი სისტემის თანამშრომლების საქმიანობის მეშვეობით, რომელთა მოქმედება სამინისტროს მოქმედებად ითვლება, ამდენად უფლებამოსილების გადამეტება, ადასტურებს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას და არა იმას, რომ მუშაკი, როგორც კერძო პირი ისე მოქმედებდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფიზიკურ პირებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროცაა სოლიდარულად პასუხისმგებელი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში 2010 წლის 24 სექტემბერს №3619 კანონით შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ აქტებს არ აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა, მაგრამ შესაძლებელია მისი მტკიცებულებად დაშვება და შეფასება. ვინადიან სადავო არ არის ზემოაღნიშნულ განაჩენებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საერთო წესით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 2620 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი განაჩენების მიხედვით დაზიანებულ მანქანაზე ჩატარებულმა სასაქონლო ექსპერტიზამ ზიანის ოდენობად სწორედ აღნიშნული თანხა განსაზღვრა (იხ.3.3 ფაქტობრივი გარემოება) და ასევე, სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეზე თავდასხმის დროს მოხდა წაღება მისი კუთვნილი ფულადი თანხების, რამაც შეადგინა 10 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო მოსარჩელეზე თავდასხმის დროს წაღებული ბეჭდის - 85000 ლარით ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაზარალებულს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით მაშინ, როდესაც შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის სხვაგვარად აღდგენა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ დაზარალებულს თავად ჰქონდეს შესაძლებლობა ამგვარი რესტიტუცია განახორციელოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით, პირს აქვს უფლება თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ნივთს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთრების უფლების რეალიზაცია განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ ბეჭედზე 2005 წლის 14 ივლისიდან. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის №0-------- ექსპერტს დასკვნის თანახმად, ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ბრილიანტის ბეჭდის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 85000 (ოთხმოცდახუთიათასი) ლარს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 85000 ლარი, რადგან საქმის განხილვის დროს ბეჭდის დაკარგვით გამოწვეული ზიანი შეფასებულია სწორედ 85000 ლარით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლების არგუმენტაციას თავდასხმის დროს ვ--–--------–-–---–ისათვის წართმეული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღის ღირებულების სახით 1500 ლარის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების დადასტურება წარმოადგენს მოსარჩელის ვალდებულებას, აღნიშნული მოსარჩელეს ევალება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ სიტყვიერად უთითებს იარაღის ღირებულებაზე, მაგრამ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოცემული ცეცხლსასროლი იარაღის ღირებულებას, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება, მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, ვ--–--------–-–---–ზე მიყენებული დაზიანებებია - ქალა-ტვინის ტრავმა, ორივე შუბლის წილის ბაზალური სტრუქტურების ჰემორაგიული კონტუზია, შუბლის წილის ჰემოსინუსიტა, სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მარჯვენა ორბიტის სახურავის ხაზოვანი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის ფუძის მიდამოში, მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები, სისხლნაჟღენთები თავისა და სახის არეში, ექსკორიაციები ორივე მუხლის არეში და კანქვეშა ჰემატომა მტევნის II მეტაკარპალური ძვლის მიდამოში წარმოადგენენ მძიმე ხარისხის დაზიანებებს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ვ--–--------–-–---–ის სახის არეში არსებული ნაწიბურები წარმოადგენენ ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს, რაც წარუხოცელია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 100000 (ასიათასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. შესაბამისად, მოსარჩელე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და ადმინისტრაციული ორგანოები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მ-----–------–---–ს, ი------------–---–ს, ე-----–---------ასა და გ---------ეს თითოეულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, უნდა დაეკისროს 500-500 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელე, ასევე, ითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 301 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა

 

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის №0-------- ექსპერტს დასკვნის თანახმად, ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ბრილიანტის ბეჭდის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 85 000 (ოთხმოცდახუთიათასი) ლარს. საექსპერტო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 301 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა 2018 წლის 7 დეკემბერს. აღნიშნული ბეჭდის ღირებულების - 85000 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ესა და მ-----–------–---–ს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება შესაბამისი ხარჯის გაწევა, რის გამოც მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ეს და მ-----–------–---–ს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 301 (სამასერთი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ვ--–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ესა და მ-----–------–---–ს ვ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 87 620 (ოთხმოცდაშვიდიათასექვსასოცი) ლარისა და 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტაში.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4.მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 301 (სამასერთი) ლარის ოდენობით.

 

5. ვ--–--------–-–---–ი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. ი------------–---–ს, ე-----–---------ას, გ---------ესა და მ-----–------–---–ს თითოეულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე