გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4756-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.11.2019 წ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე მ--- შ------ა,მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ი,წარმომადგენელი დ----- გ--–-------,დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ხელშეკრულების დადებისთანავე განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--- შ------ას და შპს ს----–- ჰ--–----ს შორის 07.09.2018 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულება აღიარებულ იქნეს მისი დადების მომენტიდან განუსაზღვრელი ვადით დადებულად.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ის მიერ 28.01.2019 წელს გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
1.3. მოსარჩელე მ--- შ------ა აღდგენილ იქნეს მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ში გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე.
1.4. მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ს დაეკისროს მოსარჩელე მ--- შ------ას სასარგებლოდ 28.01.2019 წლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად დასაბეგრი 375 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ--- შ------ას და მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 07.09.2018 წელს. მოსარჩელე დასაქმდა შპს ს----–- ჰ--–----ში გეოგრაფიის მასწავლებლად. მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა დასაბეგრ 375 ლარს 10 საათიანი დატვირთვისთვის კვირაში.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია გააცნოს დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესი და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამავე მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ს----–- ,,ჰ--–----ის“ შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრება ხუთი სამუშაო დღით, კვირაში არაუმეტეს 40 საათით, საიდანაც დასაქმებული ნაწილს ასრულებს ს----–-ში, ნაწილს სკოლის გარეთ.
ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 17 სექტემბრიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის მისი მოქმდების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მისი ავტომატურად გაგრძელების შესაძოებლობა.
ხელშეკრულების მე-10-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია სკოლის შინაგანაწესი. შინაგანაწესის გაცნობის ფაქტი დასტურდება ხელისმოწერით.
მხარეთ შორის დადებული შრომის ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას გამოსაცდელი ვადის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შრომის ხელშეკრულების ასლი ს.ფ. 31-36.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. შპს ს----–- ჰ--–----ის 2017 წლის შინაგანაწესის მე-2 თავით, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელესთან წერილობითი ხელშეკრულების დადების დროს, დგინდება, რომ ს----–-ში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე.
ს----–-ში დასაქმებულისათვის (გარდა მასწავლებლებისა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 08:30 საათი, დასასრული - 18:00 საათი.
შინაგანაწესის 2.8. პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ვალდებულია ს----–-ში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. სკოლის მასწავლებლის სამუშაო დრო განისაზღვრება მისი საათობრივი დატვირთვის შესაბამისად 40 სამუშაო საათით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ს----–- ჰ--–----ის შინაგანაწესი ს.ფ. 121-140.
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. 18.01.2019 წელს მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ის დირექტორმა პედსაბჭოზე მოითხოვა - თხოვა მასწავლებლების ს----–-ში გაკვეთილის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. 21.01.2019 წელს ს----–-ში მოსარჩელე გამოცხადდა გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე 8:45 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. 24.01.2019 წელს ს----–-ში მოსარჩელე გამოცხადდა გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე 8:45 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. 28.01.2019 წელს მოსარჩელე მ--- შ------ამ ს----–-ში გამოცხადების დროს ზეპირსიტყვიერად შეიტყო რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან იგი აღარი იქნა დაშვებული სამუშაო ადგილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. მოსარჩელემ ზეპირსიტყვიერად მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების დასაბუთება, რაზედაც ზეპირად მიიღო განმარტება, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. მოსარჩელემ 29.01.2019 წელს მოსთხოვა მოპასუხეს გათავისუფლების წერილობითი ბრძანების და გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთების ჩაბარება, რაც მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
29.01.2019 წლის წერილის ასლი ს.ფ. 41.
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 22.04.2016 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი - ს.ფ. 118-119.
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელესთან 2018 წლის 07.09.2018 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადიანია. მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაედო მოსარჩელესთან მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება.
მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 17 სექტემბრიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ამდენად, უდავოა რომ შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა გამოავლინეს ნება და შეთანხმდენენ შრომის ხელშეკრულების ვადით შემოფარგვლის შესახებ რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 31.12.2018 წელს სრულდებოდა.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა შპს ს----–- ჰ--–----ი უფლებამოსილი დაედო მოსარჩელესთან 1 წლამდე ვადით შრომითი ხელშეკრულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ის დაარსებიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არ არის გასული 48 თვე, ამიტომ მასზე არ ვრცელდება ვადიანი ხელშეკრულების დადების ვადები. შესაბამისად შპს ს----–- ჰ--–----ი უფლებამოსილი იყო დაედო მოსარჩელესთან 1 წლამდე ვადით ხელშეკრულება.
საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ი დაფუძნებულია 22.04.2016 წელს. მოსარჩელესთან შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში საწარმოს დაარსებიდან არ იყო გასული 48 თვე.
საქართველოს შრომის კოდექსის 6.1. მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ამავე მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი, ხოლო მოპასუხე საწარმო უფლებამოსილი იყო მოსარჩელესთან დაედო ხელშეკრულება 07.09.2018 წლიდან 31.12.2018 წლამდე ვადით.
3.2.2. მხარეთა შორის 01.01.2019 წლიდან ზეპირი ფორმით დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება.
მოპასუხის განმარტებით მოსარჩელესთან არსებული წერილობითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა წერილობითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა, რასაც სასამართლოც იზიარებს და განმარტავს რომ, 07.09.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო 31.12.2018 წელს, თუმცა საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და არც მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 01.01.2019 წლიდან 28.01.2019 წლამდე მოსარჩელე ცხადდებოდა სამსახურში (ზამთრის არდადეგების გამოკლებით) და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ატარებდა გაკვეთილებს და მხოლოდ 28.01.2019 წელს დამსაქმებლის მიერ სამუშაოს შესასრულებლად არ დაშვებით გამოვლენილი ნებით მოხდა მხარეთ შორის ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio” - “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ შრომის ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის მიზანია დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად სამართლებრივი გარანტიების შემოღება, დამსაქმებელსა და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება, კანონის ერთგვაროვნად ჩამოყალიბება, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების ასახვა შრომის კანონმდებლობაში, დასაქმებულის დაცვა დისკრიმინაციისგან, დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის ურთიერთხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა რაც, საბოლოოდ, სასიკეთოდ იმოქმედებს როგორც მათ ინტერესებზე, ასევე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია შრომითი ურთიერთობის ვადის დასრულების შემდგომ მუშაობის უნებლიედ გაგრძელების აუცილებლობის შესახებ (შრომის კოდექსის 40-ე მუხლი) და არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები: მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, სამუშაოს დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაში ზიანის დადგომის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ, ასევე აღნიშნულის შესახებ დასაქმებულისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4 და 219 მუხლებიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკრძალება სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნულზე მითითება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან წერილობითი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა, ხოლო შრომის ხელშეკრულების დადების ვალდებულება დამსაქმებელს ჰქონდა, რომელმაც არ უზრუნველყო შრომითი ურთიერთობის ვადის შეზღუდვისათვის მისი წერილობითი ფორმით დადება, ხოლო სხვა რამეზე მხარეები არ შეთანხმებულან სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო შრომის უვადო, ზეპირი ხელშეკრულება. ამასთან შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმით უვადოდ დადების უარსაყოფად მოპასუხეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი, ანუ წონადი არგუმენტები. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--- შ------ას და შპს ს----–- ჰ--–----ს შორის 01.01.2019 წლის შემდგომ შრომითი ურთიერთობა გარდაიქმნა უვადო შრომით ურთიერთობად.
3.2.3. მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ არის განხორციელებული და დადასტურებული კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ იგი მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერებას შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ აფასებს მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების ფარგლებში, რომელიც ბრძანებაში აისახება, აგრეთვე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ და გათავისუფლების საფუძვლების წერილობით დასაბუთებაში ასახული საფუძვლებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რომ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტის შესახებ წერილობითი ბრძანება მოპასუხის მიერ გამოცემული არ ყოფილა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით იგი შეწყდა ვადის გასვლით.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების გაცემის მოთხოვნით, თუმცა მას არც აღნიშნული დასაბუთება მიუღია მოპასუხისგან.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ 01.01.2019 წლიდან მხარეთა შორის დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, დაუდგენელია რა გახდა საფუძველი 28.01.2019 წელს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ნების გამოვლენა სათანადოდ არ არის დადასტურებული.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს ექნებოდა უფლება არ აესახა გათავისუფლების საფუძველი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში, აღნიშნული გამოიწვევდა დასაქმებულის უფლებების ხელყოფას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ყოველთვის შეძლებს ასეთი ნების გამოვლენის შემთხვევაში ცვალოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, ხან ერთი საფუძველი მიუთითოს ხან მეორე, რაც მართლზომიერი ვერ იქნება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ არის განხორციელებული და დადასტურებული კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად ბათილია.
3.2.4. მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მითითება და დადასტურება მოპასუხეს ეკისრება. სასამართლო კვლავ მიუთითებს გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში განმარტებულ მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე, ასევე შრომის კოდექსის 38.7 პუნტზე, სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი დავების გადაწყვეტის დროს მოპასუხეს არ მიუთუთებია გათვისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის დამაბრკოლებელი ან შემაფერხებელი ფაქტობრივ გარემოებათა შეასახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
ევროპის სოციალურ ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციის (1944 წ.), თანახმად შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნული ვრცელი განმარტების მიუხედავად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე (და შესაძლოა უფრო მეტადაც) უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, მოპასუხე სწორედ რომ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობას, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას რათა შეაფასოს დავის აღნიშნული ასპექტი) და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 07.09.2018 წლიდან 31.12.2018 წლამდე წერილობითი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს ს----–- ჰ--–----ში, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 31.12.2018 წელს, მოსარჩელე მუშაობას განაგრძობდა მოპასუხე შპს-ში, მანამდე ვიდრე მოპასუხე 28.01.2019 წელს არ შეწყვეტდა მასთან შრომით ურთიერთობას ზეპირად გამოვლენილი ნებით შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ, იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ ჩაითვალოს ლეგიტიმურად და მართლზომიერად, ამისათვის აუცილებელია, რომ წარმოჩინდეს ის გონივრული წინაპირობანი, რომელიც ამ შეწყვეტას კანონიერ საფუძველს მისცემდა. თანაც, ასეთი ლეგიტიმური წინაპირობანი სწორედ დამსაქმებელმა უნდა შემოგვთავაზოს. ანუ დამსაქმებელმა უნდა თქვას, რომ წყვეტს კონტრაქტს იმის გამო, რომ მაგ: დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ვალდებულებანი უხეშად; არსებობს ასეთის განხორციელების ორგანიზაციული აუცილებლობა; გავიდა შრომითი ხელშეკრულების ვადა და სხვა. რომელიმე ასეთი ლეგიტიმური საფუძვლის მითითების შემდეგ, დასაქმებულმა, ასევე მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მისი არსებობა და რეალურობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცებისტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე Nას-1276-1216-2014), 2015წლის 23 მარტის (საქმე Nას-122-114-2015) განჩინებებში.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას, თუმცა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ 01.01.2019 წლიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ზეპირად გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.
მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა და შესაბამისად ვერც დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ ზეპირად გამოხატული ნება დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მართლსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლო განმარტავს თუ ლეგიტიმური საფუძველი ეცლება დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის რეგულაციათა შეფარდების შედეგად - „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს“, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობაა. მხარისათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ხომ არ არის შეუზღუდავი. არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართლზომიერებას.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მიმართ შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ის კონკრეტული საფუძველი რაც დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ გამოავლინა და მას კანონიერად მიაჩნია და არ არის ვალდებული შეამოწმოს დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება ხომ არ შეესაბამება შრომის კოდექსის 37.1 მუხლში ჩამოთვლილ შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველს. აღნიშნულის გარდა დასაქმებულმა ვერ გართვა თავის შებრუნებული მტკიცების ტვირთს და ვერ დაასაბუთა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.
სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თვისთავად იწვევს მოსარჩელის იმ უფლებებში აღდგენას, რომელიც დაირღვა და შეიზღუდა ამ გადაწყვეტილებით შრომის კოდექსის 38.8 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აღდგეს დათხოვნამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 მუხლში მითითებული სამსახურში აღდგენის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დაუბეგრავ 375 ლარს შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დაადგინა, რომ მოსარჩელესთან 07.09.2018 წელს დადებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არის ვადიანი და მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაედო მოსარჩელესთან მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებ როგორც „დამწყებ მეწარმეს“, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, მხართა შორის 07.09.2018 წელს დადებული შრომის ხელშეკრულების დადების მომენტიდან უვადოდ დადებულად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინადან მხარეებმა წერილობითი ხელშეკრულების დადების დროს გამოხატეს ნება მისი ვადით შემოფარგვლის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე. ამასთან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე 405 ლარის გადახდა (სამი წლის შრომის ანაზღაურების ჯამის 3%), ანუ ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე გადაიხდიდა, რომ არ გათავისუფლებულიყო ბაჟისგან ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად. ასევე, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე მხართა შორის 07.09.2018 წელს დადებული შრომის ხელშეკრულების დადების მომენტიდან უვადოდ დადებულად აღიარებაზე.
2. მოსარჩელე მ--- შ------ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ის მიერ 28.01.2019 წელს გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
3. მოსარჩელე მ--- შ------ა აღდგენილ იქნეს მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ში გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე.
4. მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ს დაეკისროს მოსარჩელე მ--- შ------ას სასარგებლოდ 28.01.2019 წლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად დასაბეგრი 375 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ს დაეკისროს მოსარჩელე მ--- შ------ას სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე შპს ს----–- ჰ--–----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 405 ლარის გადახდა.
7. საქმეზე 21.03.2019 წელს სს თიბისი ბანკის მეშვეობით #0 საგადახდო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში სახაზინო კოდით 300773150, ბანკის კოდით TRESGE22 მ--- შ------ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი გადამხდელს დაუბრუნდეს სრულად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი