გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27443-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ე-–---------------–--ე
მოპასუხე - დ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 1. 2017 წლის 17 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3740.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 800 ლარი, სარგებელი - 940.42 ლარი;
1.2. 2018 წლის 5 მარტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 669.77 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 186.65 ლარი, სარგებელი - 176.15 ლარი, საკომისიო 10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 29,70 ლარი;
1.3. მოპასუხე დ-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 1.04 ლარის გადახდა (ნარჩენი ძირითადი თანხის 32%);
1.4. 2017 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 856 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 800 ლარი, საკომისიო - 600 ლარი, პირგასამტეხლო - 145.60 ლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ს----------–--------სა“ და დ-------------ეს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ოვერდრაფტით (საბანკო კრედიტი) მომსახურების შესახებ. მსესხებლის ანგარიშზე დაიშვა ოვერდრაფტი 2 800 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 19%-ს. პირგასამტეხლო შეადგენდა ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 36%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სს „ს----------–--------სა“ და დ-------------ეს შორის 2018 წლის 5 მარტის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 32%-ს, დაზღვევის მართვის საკომისიო შეადგენდა 2 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე დამატებით პირველ ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს.
სს „ს----------–--------სა“ და დ-------------ეს შორის 2017 წლის 21 სექტემბერს დაიდო „სმს“ სესხის ხელშეკრულება (ექსპრეს სესხი), რომლის შესაბამისადაც ბანკმა გასცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრამდე, კრედიტის მომსახურების საკომისიო შეადგენდა 40 ლარს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%, ხოლო ერთჯერადად 15 ლარი.
მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 17 აგვისტოს ოვერდრაფტით მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ბოლოს თანხა გადაიხადა 2017 წლის 2 ივლისს, 2018 წლის 5 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 2 ივლისს, 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 2 ივლისს.
2019 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს „ს----------–--------ის“ მიმართ შეადგენს: 2017 წლის 17 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3740.42 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 818.08 ლარი, სარგებელი - 940.42 ლარი; 2018 წლის 5 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 669.77 ლარისაიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 186.65 ლარი, სარგებელი - 176.15 ლარი, საკომისიო 10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 296.97 ლარი;
2017 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 856 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 800 ლარი, საკომისიო - 600 ლარი, პირგასამტეხლო - 1 456 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
დ-------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს, სარგებელს და საკომისიოს.
მოპასუხე ასევე ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას გარკვეულ დროზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--------სა“ (კრედიტორი) და დ-------------ეს შორის (მოვალე) 2017 წლის 17 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ოვერდრაფტით (საბანკო კრედიტი) მომსახურების შესახებ. მსესხებლის ანგარიშზე დაიშვა ოვერდრაფტი 2 800 ლარი, მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 19%-ს.
პირგასამტეხლო შეადგენდა ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 36%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ოვერდრაფტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);
-17.08.2017 წლის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 21-24)
3.1.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ოვერდრაფტით მომსახურების ხელშეკრულებით გაცემული სესხი მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 25-58).
3.1.3. მოვალემ დაარღვია ოვერდრაფტის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 2 ივლისის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოვალეს გადასახდელი ჰქონდა 3740.42 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 800 ლარი, სარგებელი - 940.42 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 25-58).
3.1.4. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2018 წლის 5 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა კრედიტი 1500 ლარი. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 32%-ს, დაზღვევის მართვის საკომისიო - 2 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 0.5% -ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, დამატებით, პირველ ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 05.03.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 59-61);
- განაცხადის ფორმა (ს.ფ. 62);
- 05.03.2018 წლის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
3.1.5. 2018 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხი მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 66)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 67-68).
3.1.6. მოვალემ დაარღვია 05.03.2018 წლის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 2 ივლისის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოვალეს გადასახდელი ჰქონდა 1 669.77 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 186.65 ლარი, სარგებელი - 176.15 ლარი, საკომისიო 10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 296,97 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 66)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 67-68).
3.1.7. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 21 სექტემბერს დაიდო „სმს“ სესხის ხელშეკრულება (ექსპრეს სესხი), რომლის შესაბამისადაც ბანკმა გასცა კრედიტი 800 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრამდე, კრედიტის მომსახურების საკომისიო შეადგენდა 40 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 24 რიცხვში, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.27%-ს, ასევე ერთჯერადად 15 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 21.09.2017 წლის საკრედიტო ხელშკრულება (ს.ფ. 69-70);
- ექსპრეს სესხის პირობები (ს.ფ. 71-74).
3.1.8. 2017 წლის 21 სექტემბრის ექსპრესს სესხის ხელშეკრულებით გაცემული სესხი მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 77-111).
3.1.9. მოვალემ დაარღვია 21.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 2 ივლისის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოვალეს გადასახდელი ჰქონდა 2 856 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 800 ლარი, საკომისიო - 600 ლარი, პირგასამტეხლო - 1456 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 115);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 77-111).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორმა ხელშეკრულებები შეწყვიტა 21.10.2019 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ შესრულებულა, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 21.10.2019 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან, ვინაიდან პროცენტი და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია სწორედ ამ მდგომარეობით, ხოლო ამის შემდგომ პერიოდისათვის კრედიტორი ითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე. ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 208-ე, 263-ე, 268.11 მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 403-ე, 411-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 17 აგვისტოს ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, 2018 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით - 32%-ით.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ დაარღვია ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და შეწყვიტა კრედიტის დაბრუნება. კრედიტორმა ხელშეკრულება შეწყვიტა 21.10.2019 წელს.
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი).
მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულებები შეწყდა 21.10.2019 წელს, შესაბამისად, ამ მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ Nას-307-291-2011). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები იყო პერიოდულად შესასრულებელი, რაც ნიშნავს, რომ მოვალეს ვალდებულება გარკვეული პერიოდების ინტერვალით და გარკვეული მოცულობით უნდა შეესრულებინა ყოველ ჯერზე გადასახდელი კრედიტის ძირი თანხის, საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობების გადახდით, კრედიტის ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, რამდენადაც სს „ს----------–--------ი“ ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს მოცემულ შემთხვევაში გაცემული კრედიტის ვადით, მით უფრო რომ შეუძლებელია წინასწარი განსაზღვრა კონკრეტული ვადისა, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მიუღებელი შემოსავალი ძირითადი დავალიანების წლიური 32%-ის ტოლი იქნებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე მითითებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით. ანუ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის - 940.42 ლარისა და 176.15 ლარის გადახდა.
რაც შეეხება 05.03.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21.03.2017 წლის ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო საკომისიოს გადახდა, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 24 რიცხვში, ანუ მოვალეს უნდა გადაეხადა სესხის სარგებლობისათვის ყოველთვიურად 40 ლარი.
ხელშეკრულების აღნიშნული დებულების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ „საკომისიო“ სხვა არაფერია თუ არა სესხის სარგებელი.
ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით გადაუხდელი სარგებელი 600 ლარს შეადგენს, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებები შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა პირგასამტეხლო 2018 წლის 5 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე დამატებით პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებით 0.27%, ხოლო ერთჯერადად 15 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა პირგასამტეხლო და მოითხოვა მოპასუხეს 2018 წლის 5 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 29.70 ლარის, ხოლო 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან - 145.60 ლარის გადახდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, საბლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მინიმალური პირგასამტეხლოს გადახდა და მისი დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი არ არსებობს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ხოლო 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
კრედიტორსა და მოვალეს შორის 2018 წლის 5 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საკომისიო - 2 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით,მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს, ჯამში 10 ლარის, გადახდა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
2017 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების 9.4, 21.09.17 წლის ხელშეკრულების და 2018 წლის 5 მარტის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს მის გადახდისუუნარობაზე და ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოპასუხის შუამდგომლობას იმის გათვალისწინებით, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება განაწილვადების საფუძვლები.
გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა კანონისმიერი დანაწესია, შესაბამისად, მისი გამოყენება სასამართლოს მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ნორმის პრაქტიკაში რეალიზება, თუმცა, მნიშვნელოვანია ნორმის სწორი პრაქტიკული იმპლემენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
მართალია, ამ შემთხვევაში, განმცხადებელი მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უთითებს, მაგრამ მან ამასთან ერთად მან უნდა დაადასტუროს, რომ განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ასეთ გარემოებაზე მითითებას განცხადება არ შეიცავს და შესაბამისად არც მტკიცებულება ყოფილა წარდგენილი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოვალე დაეთანხმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას ხელშეკრულებების დადებისას.
შესაბამისად, მოპასუხის შუამდგომლობა აღსრულების განაწილვადების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, ასევე, ვინაიდან მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 190.91 ლარი, ხოლო დ-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 56.65 ლარის ანაზღაურება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც დაკმაყოფილდა, დანარჩენი თანხა კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 263-ე, 268-ე, 270-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დ-------------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. დ-------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3740,42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2800 ლარი, სარგებელი - 940,42 ლარი;
2.2. 2018 წლის 05 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1402,50 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1186,65 ლარი, სარგებელი 176,15 ლარი, საკომისიო 10 ლარი და პირგასამტეხლო - 29,70 ლარი;
2.3 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1545,60 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 800 ლარი, საკომისიო 600 ლარი და პირგასამტეხლო 145,60 ლარი.
3. დანარჩენ ნაწილში სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დ-------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 56,65 ლარის ანაზღაურება.
5. სს ,,ს----------–--------ს‘’ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------ში“ (საგადასახადო დავალება #13), სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 190,91 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
7. დ-------------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებად მიქცევის საკითხზე, ასევე აღსრულების განაწილვადებაზე უარის თქმის საკითხზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია