გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2020
საქმის ნომერი
330210019003111550
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17950-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ელ-------------------–ი

წარმომადგენლები - მე--------------ე, ნი-------–--–----–---–ი

 

მოპასუხე - ნი-------------–ი, ეკ-------------------–ი

წარმომადგენლები - ბე----------–---–ი, და-----–-–--–---–ი

 

დავის საგანი - მესაკუთრედ რეგისტრაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეები ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი ცნობილ იქნან მესაკუთრეებად უძრავ ქონებისა, მდებარე: თბილისი, სა------ა, 1გ კორპუსი, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501 და აღირიცხოს უძრავი ქონება მოპასუხეთა საკუთრებაში;

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამრთლოს მიერ 2015 წლის 17 ივლისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ან----------------–ს ვლადიმერ შპეტიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 აშშ დოლრის გადახდა.

 

2015 წლის 23 სექტემბერს ვლადიმერ შპეტიშვილმა წერილობით გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით ელ-------------------–ს დაუთმო აღნიშნული გადაწყვტილებით ან----------------–ისათვის ვლადიმერ შპეტიშვილის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მოთხოვნის უფლება და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობები სრულად.

 

სასამართლომ დააკმაყოფილა ელ-------------------–ის მოთხოვნა და კრედიტორის ცვლილების შესახებ სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რის შედეგად ყადაღა დაედო მოვალე ან----------------–ის საკუთრებაში უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, სა------ა, 1გ კორპუსი, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501.

 

2017 წლის 27 მარტს გარდაიცვალა ან----------------–ი, ვისი ყოფილი მეუღლეა ელ-------------------–ი. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. ან----------------–ის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მოპასუხეები, რომლებიც ფლობენ ზემოთ დასახელებულ უძრავ ქონებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით გარდაცვლილი ან----------------–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი შვილები - ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი.

 

2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხელის შეშლის მიზნით მოპასუხეები არ იღებენ სამკვიდრო მოწმობას, რათა უძრავი ქონება არ აღირიცხოს მათ საკუთრებაში და არ მოხდეს იძულებითი აღსრულება. მოპასუხეებს არ გააჩნიათ სხვა ქონება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორჯერ დაინიშნა იძულებითი აუქციონი, თუმცა ორივე შემთხვევაში აუქციონი შეწყდა მოპასუხეთა მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და აღსრულებისათვის ხელის შეშლის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეთა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ ან----------------–ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეების უფლებამონაცვლედ დადგენის მიუხედავად, მხარეთა შორის თანხმობა ქონების მიკუთვნებისა და განაწილების შესახებ, მიღწეული არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 2015 წლის 03 ივნისი) საფუძველზე ამავე სასამრთლოს მიერ 2015 წლის 17 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმეზე №2/15290-13) მიხედვით, ვლადიმერ შპეტიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ან----------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 აშშ დოლრისა და სახელმწიფო ბაჟის 1235,00 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).

2015 წლის 17 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 18).

 

3.1.2.2015 წლის 23 სექტემბერს ვლადიმერ შპეტიშვილსა („მოთხოვნის დამთმობი“) და ელ-------------------–ს („ახალი მფლობელი“, „კრედიტორი“) შორის გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით ვლადიმერ შპეტიშვილმა ელ-------------------–ს დაუთმო მოთხოვნის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე სასამრთლოს მიერ 2015 წლის 17 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვლადიმერ შპეტიშვილის სასარგებლოდ გადასახდელი ან----------------–ისათვის დაკისრებული 25 000 აშშ დოლრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 1235,00 ლარის გადახდის ვალდებულებისა და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობები სრულად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).

2015 წლის 23 სექტემბრის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21).

 

3.1.3. 2015 წლის 09 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების შესაბამისად, სამოქალაქო საქმეზე №2/15290-13 კრედიტორის - ვლადიმერ შპეტიშვილის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ელ-------------------–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 22-25).

 

3.1.4. 2017 წლის 27 მარტს გარდაიცვალა ან----------------–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28).

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით მოვალის უფლებამონაცვლეებად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ (საქმეზე №2/15290) ელ-------------------–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი ცნობილი იქნენ მოპასუხე ან----------------–ის უფლებამონაცვლეებად; განჩინებით დადგენილია, რომ ეკ-------------------–მა და ნი-------------–მა 2017 წლის 15 ივნისს მიმართეს სანოტარო ორგანოს სამკვიდროს მიღების თაობაზე გაცხადებით, რის შედეგადაც სასამართლომ მიიჩნია, ეკ-------------------–ისა და ნი-------------–ის მიერ ან----------------–ის სამკვიდრო ქონება მიღებულად.

 

ამავე განჩინებით მოვალე ან----------------–ის უფლებამონაცვლეების ეკ-------------------–ის და ნი-------------–ის წინააღმდეგ გაიცა სააღსრულებო ფურცელი; ან----------------–ის უფლებამონაცვლე ეკ-------------------–ს ელ-------------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 500 აშშ დოლარის გადახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე №2/15290-13) ან----------------–ისთვის დაკისრებული 25 000 აშშ დოლარიდან და 617,5 ლარის გადახდა ამავე გადაწყვეტილებით ან----------------–ისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული 1 235 ლარიდან; ან----------------–ის უფლებამონაცვლე ნი-------------–ს ელ-------------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 500 აშშ დოლარის გადახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე 2/15290-13) ან----------------–ისთვის დაკისრებული 25 000 აშშ დოლარიდან და 617,5 ლარის გადახდა ამავე გადაწყვეტილებით ან----------------–ისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული 1 235 ლარიდან;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2018 წლის 22 იანვრის განჩინება (ს.ფ. 29-33).

 

3.1.6. 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ქონების, მდებარე: თბილისი, დასახლება სან-ზონა, კორპუსი 1გ, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501, ფართი 49,00 კვ.მ. მესაკუთრედ ირიცხება ან----------------–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეები ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი უნდა ცნობილ იქნან მესაკუთრეებად უძრავ ქონებისა, მდებარე: თბილისი, სა------ა, 1გ კორპუსი, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501 და უძრავი ქონება უნდა აღირიცხოვს მათ საკუთრებაში; სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1421-ე, 1433-ე და 1484-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშო- ბისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სსკ-ის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

სსკ-ის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი; მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე სასამრთლოს მიერ 2015 წლის 17 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვლადიმერ შპეტიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ან----------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1235,00 ლარის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნები ვლადიმერ შპეტიშვილმა 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, დაუთმო მოსარჩელეს, ელ-------------------–ს. შესაბამისად, მოსარჩელემ დაიკავა თავდაპირველი მფლობელის ადგილი, ხოლო მოთხოვნა კი მასზე გადავიდა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო ძველი მფლობელის ხელში. ამდენად, ელ-------------------–ს წარმოეშვა მოთხოვნა ან----------------–ის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 27 მარტს. 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ქონების, მდებარე: თბილისი, დასახლება სან-ზონა, კორპუსი 1გ, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501, ფართი 49,00 კვ.მ. მესაკუთრედ ირიცხება ან----------------–ი.

 

სამოქალაქო კოდესის 1306.1 მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

სსკ-ის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, რომლითაც მოვალის უფლებამონაცვლეებად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ (საქმეზე №2/15290) ელ-------------------–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი ცნობილი იქნენ მოპასუხე ან----------------–ის უფლებამონაცვლეებად, დადგენილია, რომ ეკ-------------------–მა და ნი-------------–მა 2017 წლის 15 ივნისს მიმართეს სანოტარო ორგანოს სამკვიდროს მიღების თაობაზე გაცხადებით, რის შედეგადაც სასამართლომ მიიჩნია, ეკ-------------------–ისა და ნი-------------–ის მიერ ან----------------–ის სამკვიდრო ქონება მიღებულად.

 

სსკ-ის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სსკ-ის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სსკ-ის 1434-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

სსკ-ის 1435-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით; თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.

 

სსკ-ის 1451-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ეკ-------------------–მა და ნი-------------–მა მიიღეს გარდაცვლილი ან----------------–ის სამკვიდრო ქონება. სასამართლოს განჩინებით ისინი ცნობილ იქნენ მოვალის უფლებამონაცვლეებად პროცესში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მიღებულ სამკვიდროზე წარმოიშობა მემკვიდრის საკუთრების უფლება (ამასთან, სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან). ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. ამასთან, დაუშვებელია სამკვიდროს ნაწილობრივ მიღება. სამკვიდროს მიღება, როგორც წესი, იწვევს მამკვიდრებლის ქონებაზე მემკვიდრის საკუთრების უფლების წარმოშობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მამკვიდრებლის მიერ მიღებული სამკვიდროს ნაწილის, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა პირდაპირ დამოკიდებულია მამკვიდრებლის მიერ მისი ნების გამოვლენაზე შესაბამისი ორგანოს წინაშე და ამ მხრივ ნების გამოვლენა საკუთრების უფლების წარმოშობაზე შეიძლება განხილული იქნას როგორც უფლება, თუმცა სამართლებრივად მნიშვნელოვანია, რომ მამკვიდრებლის მიერ არ მოხდეს უფლების გამოყენება ბოროტად, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (ამ შემთხვევაში კი ამგვარი მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ კრედიტორმა ვერ დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა).

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტა, რომ „სამოქალაქო ურთიერთობის უმთავრეს პრინციპს ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერება წარმოადგენს, შესაბამისად, როდესაც საკითხი შეეხება ამა თუ იმ პირის მხრიდან უფლების განკარგვის კანონიერებას, გამოვლენილი ნება მოწმდება არა მხოლოდ კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, არამედ, შეფასებას ექვემდებარება ამ პირის მხრიდან უფლების განხორციელების მართლზომიერება. სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. განსახილველი ნორმები წარმოადგენენ კერძო სამართლის ქვაკუთხედს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც უფლების მართლზომიერების ჩარჩოს სცდება, თუნდაც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მას საფუძვლად კანონის მოთხოვნაც რომ ედოს, განიხილება სამართლებრივი ძალის არმქონედ (სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და ამგვარ ქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება“ (იხ. საქმე №ას-887-854-2016, 8 თებერვალი, 2019 წელი).

 

საკასაციო სასამართლომ ასევე ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტა, რომ „კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ხდება უფლების ბოროტად გამოყენება. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას“ (იხ. საქმე №ას-726-2019, 5 ივლისი, 2019 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომელსაც ერთგვარი „შემავსებელი“ ფუნქცია გააჩნია და სსკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის იმგვარ საკანონმდებლო რეგულირებას, რომელიც ავალდებულებს პირს არ გამოიყენოს უფლება (განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება) მარტოოდენ სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით, იმგვარად, რომ პირის კანონიერი და განხორციელებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება მიუღწეველი დარჩეს.

 

სსკ-ის 1484.1 მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

სამკვიდროს მიღება შედეგობრივად წარმოშობს მემკვიდრეთა ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. მოპასუხეები ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ელ-------------------–ის, როგორც გარდაცვლილი მამის კრედიტორი. სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნამდვილია და მიიღწევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით - უძრავი ქონების მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხვით, რაც უზრუნველყოფს მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის აღსრულებას (რაზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი).

 

ამდენად, სსკ-ის 115-ე, 1421-ე, 1433-ე და 1484-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეები ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი უნდა ცნობილ იქნან მესაკუთრეებად უძრავი ქონებისა, მდებარე: თბილისი, სა------ა, 1გ კორპუსი, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501 და უძრავი ქონება უნდა აღირიცხოს მოპასუხეთა საკუთრებაში.

 

6.2. სსსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ)“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულია აღნიშნულია ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად „47. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია კრედიტორისთვის ზიანის მიყენების ალბათობა. კანონმდებლობა არაფერს მიუთითებს მოპასუხისთვის მიყენებულ ზიანზე მსჯელობის და მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის ვალდებულებაზე. ამასთან, მოპასუხე მოკლებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცესში ქმედითი მექანიზმების გამოყენებას საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ჩაითვალოს, რომ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირება არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს“.

ძალადაკარგული ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს, საწინააღმდეგოს დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც განსახილველ შემთხვევაში მან ვერ ზიდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვლებლივ აღსრულების სსსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ელ-------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხეები ეკ-------------------–ი და ნი-------------–ი ცნობილ იქნან მესაკუთრეებად უძრავ ქონებისა, მდებარე: თბილისი, სა------ა, 1გ კორპუსი, ბინა №40-41, საკადასტრო კოდი 01.12.07.015.015.01.501; უძრავი ქონება იღირიცხოს მოპასუხეთა - ეკ-------------------–ისა და ნი-------------–ის საკუთრებაში.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ეკ-------------------–სა და ნი-------------–ს მოსარჩელე ელ-------------------–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე