განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100117002193452, N1ბ-652-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - ჯ------–-------------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: მა-------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი თა--------ი, მცხოვრები: ქ.მა-------–ი, ლა----------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯ------–-------------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო, რადგან ჯ------–-------------ს დანა არ ჰქონია და ჩაუდო პოლიციის თანამშრომელმა. წარმოდგენილი მტკიცებულებები - პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ჯ------–-------------ის ბრალეულობას. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, არის მკაცრი, რადგან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენით, ჯ------–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
- ცივი იარაღის ტარება განზარხ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 04:20 საათზე, ქ. მა-------–ში, 2-------ს ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,7--’’-ში, ჯ------–-------------მა მუშტით და ფეხებით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ--------–--–---–ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2003 წლის 10 ივლისს მა-------–ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ჯ------–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. ჯ------–-------------ი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ჯ------–-------------ი ატარებდა ცივ იარაღს. კერძოდ, 2017 წლის 27 ოქტომბერს, იგი ქ. მა-------–ში, 2-------ს ქუჩაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს მა-------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ჯ------–-------------ს პირადი შემოწმებისას თან აღმოაჩნდა ცივი იარაღი დანა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით, ჯ------–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------–-------------ს საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:
თავდაპირველად, პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
მტკიცებულებები: დაზარალებულ მ--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - თ--------------–--ის, ქ----------------------ის, ბ--–---------ის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 17 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 27 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმი, 2017 წლის 28 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 სექტემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯ------–-------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჯ------–-------------მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად იმყოფებოდა ,,ს----------–-“, რა დროსაც ერთ-ერთი მეგობარი გახდა ცუდად და მოსასულიერებლად გაიყვანეს გარეთ. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაუწყეს ცემა. პოლიციელებმა ბიჭები დააყენეს კედელთან, ხოლო მას დ-----------მა ჯიბეში ჩაუდო დანა და უთხრა, არ შეშინებოდა, რადგან დანის ტარება დიდ სასჯელს არ ითვალისწინებდა. იგი ამ დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში. ჯ------–-------------მა განმარტა, რომ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას მისთვის დანის ჩადების ფაქტი დაადასტურეს მ----------------------–---მა, ო------------------–---მა და ზ--------------------მა.
პალატა განმარტავს, რომ ცივი იარაღის ტარების, როგორც თავისთავად ტერმინის არსი, გამოიხატება ცივ იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს.
ჯ------–-------------ის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი დასტურდება ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ქ.მა-------–ში, 2-------ს ქუჩაზე, კაფე-ბარ ,,ს------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ------–-------------ი, რომელსაც პირადი გასინჯვისას შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა შავი ფერის, ფიქსატორიანი დანა, რომლის პირზეც იკითხება წარწერა ,,LIAN KE”.
2017 წლის 30 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს ქ. მა-------–ში, 2-------ს ქუჩაზე არსებული კაფე-ბარ ,,ს------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ------–-------------ი ყვიროდა და იგინებოდა უმისამართოდ, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იქნა დაკავებული.
მა-------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ---------------მ დაადასტურა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მითითებული გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მან განმარტა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს თანამშრომლებთან - დ-----------თან და გ--------------------თან ერთად აწარმოებდა სამსახურებრივ შემოვლას, რა დროსაც ,,ს-----------დან“ შემოესმათ ხმაური. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდნენ ბართან, რომლის გვერდით რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა ჯ------–-------------ი და ხმაურობდნენ. მათ ჯ------–-------------ს და იქ მყოფ პირებს მოუწოდეს, რომ დაწყნარებულიყვნენ. წესრიგის დაცვისკენ მოწოდების შემდეგ, ჯ------–-------------ი გახდა უფრო აგრესიული. მათ მოიწვიეს თარჯიმანი და ჩაატარეს ჯ------–-------------ის პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისი სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს დანა, რის შემდეგაც ჯ------–-------------ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დ-----------მა განმარტა, რომ მუშაობს მა-------–ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დ---------------სთნ და გ--------------------თან ერთად მივიდა ქ.მა-------–ში, 2-------ს ქუჩაზე მდებარე ,,ს----------თან“, სადაც შეკრებილ 4-5 ადამიანს, რომლებიც ხმაურობდნენ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ. მათი მოწოდების შემდეგ ჯ------–-------------ი გახდა უფრო აგრესიული. მოწმის განმარტებით, დ--------------ის მიერ ჩატარდა ჯ------–-------------ის პირადი გასინჯვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სათანადო ოქმი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სხდომაზე დაკითხვისას მა-------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------------მა და დამატებით განმარტა, რომ მათ მოწოდებაზე დაეცვათ წესრიგი, ჯ------–-------------ის გარდა იქვე მყოფ სხვა პირებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ჯ------–-------------თან ერთად მყოფი პირების ნაწილმა დატოვა ტერიტორია, ხოლო ნაწილი იდგა მოშორებით. მათ მიერ განხორციელდა ჯ------–-------------ის პირადი გასინჯვა, რა დროსაც ჯ------–-------------ის სპორტული შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა დანა.
მოწმე ე------–-------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 6 ნოემბერს დ--------------ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. პატაკით ირკვეოდა, რომ ჯ------–-------------ის პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა დანა, ხოლო გადამოწმებისას გაირკვა, რომ იგი ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმავდროულად მა-------–ის რაიონულ სამმართველოში ჯ------–-------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება, რის გამოც ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ამოღებული საგანი მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის N1----–- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯ------–---------------------------ის პირადი გასინჯვისას ჩამორთმეული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------ემ.
პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი იყოს ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის და ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (ეჭიროს ხელში, მიმაგრებული ჰქონდეს სხეულზე ან ინახავდეს ტანსაცმელში).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირისათვის სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
ჯ------–-------------ის ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
მა-------–ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივლისის განაჩენით ჯ------–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2002 წლის 21 ნოემბრიდან. ჯ------–-------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 19 ნოემბერს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, ჯ------–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით ჯ------–-------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ------–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 10 ივნისიდან. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ჯ------–-------------ს, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით. ჯ------–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 10 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ჯ------–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 9 თვით და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ------–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 3 თვით და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. ჯ------–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 2 დეკემბრიდან და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 10 მარტს.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ჯ------–-------------ი იყო ნასამართლევი, როგორც განსაკუთრებით მძიმე, ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის და მას დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ 3 პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, რაც არ წარმოადგენს საკმარისს გამამტყუნებელი განაჩენით პირის მსჯავრდებისთვის, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით.
მხოლოდ ჯ------–-------------ის განმარტება, რომ პირადი გასინჯვისას მას დანა არ ჰქონდა და შემოწმებისას ჩაუდო დ-----------მა, ვერ იქნება უტყუარად მიჩნეული. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, ასევე დაკავების ოქმის სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და პირადი გასინჯვის გარემოებები დეტალურად აღწერეს მოწმეებმა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საკვლევი ობიექტი წარდგენილი იყო დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. ასევე სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუ რა წინააღმდეგობები ვერ აღმოფხვრა სასამართლომ.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“. [...]
მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ისე 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
სასჯელის დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ჯ------–-------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ჯ------–-------------ი ნასამართლევია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და 3782 მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა აღნიშნავს, რომ ცივი იარაღის ტარება, მაშინ, როდესაც ჯ------–-------------ი განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირია, მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და დამნაშავის წარსული ცხოვრება არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. ჯ------–-------------ს არ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი, შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არის მისი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების წინაპირობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელთან მიმართებაში პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, შემამსუბუქებელი (აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა) გარემოების, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, ჯ------–-------------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების მხედველობაში მიღებით პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული იქნა განსაზღვრული სასჯელების ნაწილობრივ შეკრების პრინციპი. პალატას მიაჩნია, რომ, როგორც აღნიშნული, ასევე წინა განაჩენებით დადგენილად მიჩნეული ქმედებების ხასიათი მიუთითებენ ჯ------–-------------ის პიროვნებაზე და გამორიცხავენ უფრო მსუბუქი სასჯელის, ან სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების მიზანშეწონილობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი, როგორც სამართლიანი, ასევე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ------–-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–-----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენი.
ჯ------–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯ------–-------------ს განესაზღვროს 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ჯ------–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ჯ------–-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
§ ჯ------–-------------ის ადმინისტრაციული დაკავებისას ამოღებული დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე