განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100116001213854
ინსტანცია
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001213854

საქმე № 1ბ/464-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ-–----------–--ე, გ---------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ი-----–------–---–ი, დაბადების თარიღი: 1-----------------–--–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ტ-–-----------------.

 

მსჯავრდებული: ა-–----------------------–--, დაბადების თარიღი: 0-----–-------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დი------------------------------------------------.

 

ადვოკატები - თ------------–---–ი, ზ----------–----ე.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

ი-----–------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ა-–----------------------–-- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

ა-–----------------------–-- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

ი-----–------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

სასჯელი:

ა-–----------------------–-- - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა-–----------------------–-- გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------–---–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლომ უარყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ა-–----------------------–--მ ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი შეიძინა კანონიერად და შემდგომ გაასხვისა მ--–--------------–---–ზე. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მ--–--------------–---–მა განმარტა, რომ ზემოხსენებული გამათბობელი ა-–----------------------–--ს შეძენილი ჰქონდა აუქციონზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა ა-–----------------------–--მ და განმარტა, რომ მ--–--------------–---–ზე გასხვისებული გამათბობელი აუქციონზე შეიძინა გ--------------–--მ. 2011 წლის შემოდგომაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა და ამ აუქციონზე ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელის შეძენის ფაქტი ასევე დაადასტურა გ-------------–--მ. სასამართლომ კი აღნიშნული დააყენა ეჭვქვეშ და დაცვის მხარეს მოთხოვა უფრო მეტი არგუმენტის წარდგენა. ზემოხსნებული მტკიცებულებების ამგვარი შეფასებით კი სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ასევე საქართველოს სისხლის მასართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული იქნა საკმარისი მტკიცებულებები, რათა სასამართლოს ა-–----------------------–--ს მიმართ დაედგინა გამამართლებელი განაჩენი. აპელანტის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპპოვება არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ა-–----------------------–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ვერ დაასაბუთა თუ რა ხერხით და საშუალებით დაეუფლა ა-–----------------------–-- ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელს, ასევე არ არის დადგენილი გამათბობელის ფარულად დაუფლების ადგილი და დრო, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სასამართლო ვალდებული იყო განაჩენში მიეთითებინა ა-–----------------------–--ს მიერ ქმედების ჩადენის ადგილი, თუმცა სასამართლომ ასეთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა, რადგან ა-–----------------------–--ს ზემოხსენებული გამათბობელი გ-------------–--საგან შეძენილი ჰქონდა კანონიერად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ა-–----------------------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა-–----------------------–--ს და გამართლებული ი-----–------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მათთვის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასაბუთებდა ა-–----------------------–--ს და ი-----–------–---–ის ბრალეულობას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, შპს ,,თერმადან“ ამოღებული დოკუმენტაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ასევე სხვა მასალათა ერთობლიობა ადასტურებენ ა-–----------------------–--ს და ი-----–------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმეთა ჩვენებები თანხვედარშია ერთმანეთთან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეცილური აგენტის ჯეისონ რ-----------ის 2015 წლის 08 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ მ--–--------------–---–მა და ბ-------–--–--–---–მა საელჩოს მიაწოდეს ინფორმაცია საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ქვაბური გათბობის სისტემების ქურდობასთან დაკავშირებით. ამ წერილზე დართული მიღება-ჩაბარების აქტებით კი ირკვევა, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს, მ--–--------------–---–ის სახლიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად დაბრუნებულ იქნა ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა შემადგენელი ნაწილებით, ხოლო 2015 წლის 29 სექტემბერს, ბ-------–--–--–---–ის სახლიდან იქნა დაბრუნებული სხვადასხვა ნივთები და ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა შემადგენელი ნაწილებით. წერილზე დართულ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ შპს ,,თერმასგან“ ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობლების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ნომრები ემთხვევა სასამართლოში გამოკვლეულ ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობლებზე და შემადგენელ ნაწილებზე, ასევე დათვალიერების ოქმში მითითებულ ნომრებს. ამოღებული დოკუმენტების მიხედვით ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემის ერთეულის ფასი არის 4500 ლარი. წერილის დანართში, ასევე მ--–--------------–---–ის და ბ-------–--–--–---–ის სახლებიდან წამოღების პროცესის დროს გადაღებულ ფოტოსურათებში ნათლდად ჩანს მითითებული გამათბობელი სისტემების ნომრები, რომლებიც სრულად შეესაბამება ხ-------------ის მიერ დათვალიერების ოქმში მითითებულ და სასამართლოში გამოკვლეულ ბოილერების ნომრებს. 2015 წლის 18 დეკემბერს ი-----–------–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას. განაცხადებაში მითითებული იყო, რომ იგი მზად იყო ეღიარებინა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და სააშკარაოზე გამოეტანა დანაშაულის სქემა, ასევე სურდა დაესახელებინა დანაშაულის ჩამდენი პირები. აღნიშნულის შემდეგ მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა გამომძიებელი ი-----–--–---ია, რომელსაც ი-----–------–---–მა ზეპირსიტყვიერად დაუდასტურა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის გარემოებები, რის შესახებ 2015 წლის 28 დეკემბერს შედგა მოხსენებითი ბარათი, რაც სასამართლოში დაკითხვის დროს დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–---იამ. გამომძიებელმა ხ-------------ემ კი დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის 2016 წლის 08 იანვარს, მის მიერ ი-----–------–---–ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ფაქტი, რა დროსაც ი-----–------–---–მა დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სქემა. ა-–----------------------–--მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მან მ--–--------------–---–ს მისცა ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა, რომელიც აუქციონზე შეიძინა გ-------------–--მ. გ-------------–-- არის ა-–----------------------–--ს ბავშობის მეგობარი, რომელიც დაინტერესებული იყო მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს სამართლებრივი შედეგით. ამასთან, ვერც ა-–----------------------–--მ და ვერც გ-------------–--მ ვერ დაადასტურეს, რომ ბ-------–--–--–---–ის ან მ--–--------------–---–ის სახლიდან წამოღებული ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა არის სწორედ ის, რომელიც თითქოსდა აუქციონზე შეიძინა გ-------------–--მ, მათ ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, მათ შორის არც ბოილერების ამოცნობა ჩაუტარებიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ა-–----------------------–--ს და გამართლებული ი-----–------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მათთვის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ა-–----------------------–--მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–----------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ა-–----------------------–--ს და ი-----–------–---–ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში წლების განმავლობაში დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები - ი-----–------–---–ი, რომელსაც ეკავა საელჩოს საწყობის მიმღები კლერკის (მომარაგების მუშაკი) თანამდებობა და ა-–----------------------–--, რომელიც მუშაობდა მუშა/მძღოლის პოზიციაზე. ი-----–------–---–ის უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა საელჩოს საწყობში შემოსული ქონების მიღება (აღრიცხვა) და შემოწმება, ხოლო ა-–----------------------–--ს ევალებოდა საელჩოს კუთვნილი მარაგების, ავეჯის და მოწყობილობების გადმოტვირთვა და ტრანსპორტირება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ი-----–------–---–ისა და ა-–----------------------–--ს მუშაობის პერიოდში, კერძოდ, 2010 -2012 წლებში აშშ-ს საელჩომ შპს „თერმასგან“ შეიძინა რამდენიმე ერთეული ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა - ,,სანთურა RIELLO 40 D8“ და ,,სანთურის ნაწილი MBDLE 40701“, რაც შეთანხმების შესაბამისად მიეწოდა შემძენს - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თბილისში, რომლის ერთეულის მინიმალური ფასი განისაზღვრა 4500 ლარით.

 

ი-----–------–---–მა და ა-–----------------------–--მ გადაწყვიტეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილი ორი ერთეული „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მითვისებული ქონების გასაღება და ამ გზით პირდაპირი ფინანსური სარგებლის უკანონო მიღება.

 

ამ მიზნით, 2011-2012 წლებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) ი-----–------–---–ი დაუკავშირდა მ--–--------------–---–ს, რომელსაც საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად - 700 აშშ დოლარად შესთავაზა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილი, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემის შეძენა, რაზედაც ამ უკანასკნელისგან მიიღო თანხმობა. შეთანხმების შესაბამისად, ი-----–------–---–მა საელჩოს სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, მ--–--------------–---–ს საცხოვრებელ სახლში პირადად მიუტანა ზემოხსენებული გათბობის სისტემა, რაშიც მ--–--------------–---–მა ი-----–------–---–ს გადაუხადა 700 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მ--–--------------–---–ს დაუკავშირდა ა-–----------------------–--, რომელმაც 700 აშშ დოლარად მას ასევე შესთავაზა ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული მეორე ერთეული „ბუდერუსის“ ფირმის ანალოგიური გათბობის სისტემის შეძენა, რის შესახებაც მ--–--------------–---–მა პირადად აცნობა ბ-------–--–--–---–ს, რომელმაც გამოხატა დაინტერესება და სურვილი, რომ შეეძინა ზემოხსენებული გათბობის სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმების შესაბამისად, ა-–----------------------–--მ მ--–--------------–---–ის მეშვეობით ბ-------–--–--–---–ს 700 აშშ დოლარად მიჰყიდა უკანონოდ მითვისებული „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემა.

 

ი-----–------–---–ისა და ა-–----------------------–--ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიადგა 9000 ლარის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია ი-----–------–---–ის და ა-–----------------------–--ს ბრალეულობა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით, სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი-----–------–---–ის მიერ 2010-2012 წლებში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილი, „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემის მითვისების ფაქტი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----------------------–--მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010-2012 წლებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) ალექსანდრე დაგარგულია ფარულად, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილ ერთ ცალ „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემას, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 700 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით, ი-----–------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-–----------------------–--ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

ა-–----------------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა-–----------------------–-- გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი-----–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2015 წელს დაიბარეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და უთხრეს, რომ გარკვეული ნივთები იყო მისატანი. ისინი ჩასხდნენ სამსახურის ავტომანქანაში და ბ-------–--–--–---–ის სახლიდან წამოიღეს ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა, რომელზეც ბ-------–--–--–---–ს უთქვამს, რომ იყო მოპარული. ამერიკის საელჩო ატარებდა აუქციონს, სადაც იყიდებოდა როგორც ძველი ასევე ახალი სხვადასხვა დასახელების ნივთები. მას ,,ბუდერუსის“ გამათბობელ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და მისთვის უცნობია სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას რატომ განაცხადა მ--–--------------–---–მა თითქოსდა მან მიუტანა ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა. საპყრობილეში ყოფნისას, მის მიმართ საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა იძულებას, კერძოდ თხოვდნენ ეღიარებინა ქურდობა და ხელი დაედო ბ-------------სთვის. მანვე განმარტა, რომ მას მ--–--------------–---–ისთვის და ბ-------–--–--–---–ისთვის ,,ბუდერუსის“ გათბობის სისტემა არ მიუტანია.

 

ა-–----------------------–--მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მ--–--------------–---–ისთვის ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემის მიყიდვის ფაქტი, თუმცა უარყო მითითებული ნივთის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან უკანონოდ დაუფლება. მისი განმარტებით, ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა შეძენილი იყო აუქციონზე, აჩუქა მეგობარმა და რამდენიმე თვის შემდეგ გაასხვისა მ--–--------------–---–ზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე მ--–--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და სჭირდებოდა გამათბობელი სისტემები. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დახმარება თხოვა ი-----–------–---–ს და ა-–----------------------–--ს, რომლებიც დათანხმდნენ. 2011 ან 2012 წელს მან ხსენებული პირებისგან ორჯერ შეიძინა ორი გამათბობელი სისტემა, რომელიც მას აშშ-ს საელჩოს კუთვნილი ავტომანქანით მიუტანეს სახლში. პირველ შემთხვევაში ,,ბუდეროსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა მიუტანა ი-----–------–---–მა, ხოლო მეორე შემთხვევაში ა-–----------------------–--მ. მან პირველი ,,ბოილერი“ შეიძინა თავისთვის, რაშიც გადაიხადა 600 აშშ დოლარი, ხოლო მეორე 700 აშშ დოლარად შეიძინა ბ-------–--–--–---–ისთვის, რომელიც გადაიტანა კუთვნილ ავტომანქანაში და სახლში მიუტანა ბ-------–--–--–---–ს. ამ დროს მას თან ახლდა მეუღლე. რეალურად რა ღირდა ხსენებული ,,ბოილერები“ მისთვის უცნობია. იგი 2015 წელს დააკავეს ამერიკის საელჩოდან დიზელის საწვავის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ამ პერიოდში დააკავეს ბ-------–--–--–---–იც. თავიდან იგი საკუთარ თავზე იღებდა ორივე ,,ბუდერუსის“ ქურდობის ჩადენას, თუმცა მას შემდეგ, რაც ბ-------–--–--–---–მა განაცხადა, რომ ნამდვილად ა-–----------------------–--მ და ი-----–------–---–მა მიუტანეს ,,ბუდერუსები“ მ--–--------------–---–ს, მიხვდა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა და ,,ბუდერუსების“ ქურდობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

 

მოწმე ბ--–--------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ--–--------------–---–ი არის მისი მეუღლე. დაახლოებით 2011 ან 2012 წლებში მისმა მეუღლემ ბ-------–--–--–---–ს მიუტანა გამათბობელი სისტემა. მას გამათბობელი სისტემის ავტომანქანიდან გადატანა არ დაუნახავს, რადგან მანქანიდან არ გადასულა. მოწმის გამარტებით, მათ სახლშიც იყო იმავე ფირმის მსგავსი გამათბობელი, რომელიც 2015 ან 2016 წელს წაიღეს ამერიკელებმა.

 

მოწმე ბ-------–--–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1998 წლიდან 2015 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მან მ--–--------------–---–ისგან შეიძინა ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი, რომელიც ამ უკანასკნელმა კუთვნილი ავტომანქანა - ნივით, მიუტანა სახლში, თუმცა თავად სახლში არ იმყოფებოდა. სახლში მისვლისას, გამათბობელი უკვე გადმოღებული იყო ავტომანქანიდან. ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი იყო ახალი და მან მ--–--------------–---–ს გადაუხადა 700 აშშ დოლარი. მ--–--------------–---–მა უთხრა, რომ მითითებული გამათბობელი იყიდა ა-–----------------------–--სგან და მისთვის უნდა მიეტანა მის მიერ გადახდილი 700 აშშ დოლარი. მან მ--–--------------–---–ის ნათქვამი გადაამოწმა ა-–----------------------–--სთან, რადგან აინტერესებდა თანხის ოდენობა ხომ არ მოატყუა მ--–--------------–---–მა. როგორც გაარკვია, მ--–--------------–---–მა ა-–----------------------–--ს ნამდვილად მისცა მისგან წაღებული 700 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ მან იცოდა ნივთის წარმომავლობის შესახებ, კერძოდ იცოდა, რომ გამათბობელი გამოტანილი იყო აშშ-ს საელჩოს საწყობიდან და ეს ინფორმაცია არ უნდა გაემხილა. ,,ბუდერუსი“ მოთავსებული იყო ხის ფიცრებში, ხოლო სხვა ნივთებს შემოხვეული ჰქონდათ მუყაო, გამათბობელს შეფუთვაც ახალი ჰქონდა. მოგვიანებით მისი სახლიდან ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი წაიღეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა.

 

მოწმე ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი საწყობის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მათ ბ-------–--–--–---–ის და მ--–--------------–---–ის სახლებიდან საელჩოში წაიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, მათ შორის ორი ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემა. მოწმის განმარტებით, ამერიკის საელჩოს საწყობიდან ნივთების გაცემა ხდებოდა შემდეგნაირად: შეკვეთა მიდიოდა ამერიკელი ხელმძღვანელისგან, რომელიც იწერებოდა სპეციალურ ფორმაში - ,,აელემესის“ პროგრამაში. შესაძლებელი იყო ნივთის ,,იმეილის“ მეშვეობით მოთხოვნაც. იგი მოთხოვნას ან ,,იმეილს“ აჩვენებდა ამერიკელ უფროსს, რომელიც ეცნობოდა და ნივთების ობიექტზე გაგზავნის თაობაზე იღებდა გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შემდეგ არჩევდნენ გასაგზავნ ნივთებს, ამოწერდნენ შტრიხ კოდს, შეავსებდნენ ფორმას და მიაკრავდნენ შეკვეთას. თავად ან მისი მოადგილე მიდიოდნენ ამერიკელ უფროსთან, რომელსაც აწერინებდნენ ნებართვას. ამის შემდეგ მუშებს აძლევდნენ მისამართს, ნივთების ჩამონათვალს და აგზავნიდნენ რეზიდენციაზე. ნივთები წაღებამდე ლაგდებოდა საწყობის წინ და მისი მოადგილე იწერდა ნივთის ნომერს. თუ მოადგილე არ იმყოფებოდა ადგილზე, ამ მოქმედებას ასრულებდა თავად. მოწმემ განმარტა, რომ ნივთების გაცემის დროს ის ან მისი მოადგილე ძირითადად იმყოფებოდნენ ადგილზე. მას კვირაში ორჯერ უწევდა კრებაზე წასვლა, რა დროსაც ადგილზე რჩებოდა მისი მოადგილე. საელჩოდან გასულ ავტომანქანებს დაცვის სამსახური ყოველთვის არ ამოწმებდა, მოწმდებოდა ავტომანქანა თუ ერთი ან ორი ნივთი გადიოდა საელჩოდან. საელჩოს ტერიტორიიდან გასულ დახურულ ავტომანქანას, დაცვის სამსახური არ ამოწმებდა. ი-----–------–---–ი იყო მიმღები ,,კლერკი“, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა ნივთებისთვის ,,ბარ კოდების“ დარტყმა, ა-–----------------------–-- კი იყო მძღოლი. მათ არ ჰქონდათ უფლება მისი ნებართვის გარეშე საწყობიდან გაეტანათ ნივთი. საწყობში არსებულ ნივთებზე პასუხისმგებელი იყო საწყობის გამგე. ი-----–------–---–ს ან ა-–----------------------–--ს მითითებული ნივთების შენახვის, მოვლის და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ-------------ს მოადგილეებმა თ-----------------მ და ფ--------------–-----ემ.

 

მოწმე ა---------–-----–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის და ი--------------–---–ი იყვნენ აღრიცხვის ,,კლერკები“ - ინვენტარიზაციის ,,კლერკები“. მან დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი ქონების აღრიცხვის პროცედურები და დამატებით განმარტა, რომ ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემაზე ,,ბარკოდს“ აკრავდნენ სხვადასხვა ადგილას, რადგან როცა ცხელდებოდა ვარდებოდა, ამიტომ ნომერს აწერდნენ ფლომასტერით. შემდეგ მათ ნახეს ისეთი ადგილი ,,ბარკოდის“ მისაკრავად, რომ ,,ბარკოდი“ რჩებოდა გამათბობელზე. ზოგჯერ შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ ნივთი რეალურად დაფიქსირებული ყოფილიყო ერთ ადგილას, მაგრამ ფაქტობრივად განთავსებული ყოფილიყო სხვა ადგილზე. მაგალითად ნივთის გაფუჭების შემთხვევაში შეიძლება ნივთი საელჩოში წაეღოთ ხელოსნებს, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მათთვის არ მიეწოდებინათ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------–---–მა.

 

მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის შპს „თერმას“ დირექტორი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მისგან შეიძინა ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემები. ამის შემდეგ შპს „თერმას“ ბუღალტერიიდან ამოღებული იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც გადაეცა გამომძიებელს.

 

მოწმე გ-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2011 წლის ბოლოს, ამერიკის საელჩოს მიერ ჩატარებულ აუქციონზე 100-150 აშშ დოლარად შეიძინა ,,ბუდერუსის“ ქვაბი, რომელიც უნდა დაემონტაჟებინა სახლში. მან ქვაბი აჩვენა ხელოსანს, რომელმაც ურჩია, არ დაეყენებინა ხსენებული გათბობის სისტემა, რადგან მისი მოვლა ჯდებოდა ძვირი. მან დაურეკა მეგობარ ა-–----------------------–--ს, რომელსაც უთხრა, რომ სურდა ხსენებული ქვაბის გაყიდვა და თხოვა მოეძებნა კლიენტი. ა-–----------------------–--მ თავად გამოთქვა ქვაბის შეძენის სურვილი. მან ამ უკანასკნელს ქვაბი გაატანა უფასოდ. მოგვიანებით ა-–----------------------–--მ უთხრა, რომ ქვაბი გაყიდა და აძლევდა თანხას, რაზეც მას გაეცინა და თანხა არ გამოართვა.

 

ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 02 ნოემბერს 14:20-14:40 საათზე, შპს „თერმას“ დირექტორ გ--------------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა 2010 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 01 იანვრამდე, შპს „თერმას“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მიწოდებული ინვენტარის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია. ასევე ამოღებული იქნა 2012 წლის 02 მაისით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

თბილისის პროკურატურის პროკურორ მ-----–-–-----–-–---–-სთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალური აგენტის, ჯ-----------------ის მიერ, 2015 წლის 04 ნოემბერს გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საელჩოდან მოპარულია ორი ცალი ,,ბუდერუსის“ ფირმის ,,ბოილერის“ სისტემა. ბ-------–--–--–---–ი და მ--–--------------–---–ი კი, ნებაყოფლობით დათანხმდნენ მოპარული ბოილერების აშშ-ს საელჩოსთვის დაბრუნებას. წერილის თანახმად, თანდართული ფოტოსურათები N1-3, გადაღებულია ბ-------–--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, როდესაც ,,ბუდერუსის“ სისტემა და მოპარული ქონება დაბრუნებულ იქნა ამერიკის საელჩოსთვის. რამდენიმე ყუთს ხელით აქვს მიწერილი ნომერი 10მ2202 და 501284 საიდანაც პირველი აღნიშნავს შესყიდვების ნომერს, ხოლო მეორე არის ნივთის შტრიხკოდი. სურათი №4 გადაღებულია მ--–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, როდესაც ,,ბუდერუსის“ ბოილერის სისტემა დაბრუნებულ იქნა ამერიკის საელჩოსთვის.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ბაზიდან ამოღებული მონაცემების თანახმად, ნომერი 5012784 მინიჭებული აქვს ,,ბუდერუსის“ ფირმის ,,ბოილერს“, განთავსებულს საცხოვრებელ სახლში სახელწოდებით ,,P---------“, ხოლო №5012785 მინიჭებული აქვს ,,ბუდერუსის“ ფირმის ,,ბოილერს“, განთავსებულს საცხოვრებელ სახლში ,,T-----“.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალური აგენტის ჯ-----------------ის 2015 წლის 25 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ ი-----–------–---–ი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აყვანილ იქნა მომარაგების მუშაკის/მიმღების თანამდებობაზე. ი-----–------–---–ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საელჩოს შემომავალი ქონების ყოველდღიური მიღება და შემოწმება. ა-–----------------------–-- კი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აყვანილ იქნა საწყობში მომუშავის/სატვირთო მანქანის მძღოლის პოზიციაზე. ა-–----------------------–--ს ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საელჩოს ქონების ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ტრანსპორტირება, ასევე შემომავალი მარაგების, ავეჯის და მოწყობილობების გადმოტვირთვა.

 

დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 11 იანვარს 18:00-18:35 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, დათვალიერდა ორი ცალი ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემა - ორი ცალი ლითონის კონსტრუქციის ე.წ. ქვაბი, ,,სანთურით, სადგარებით, თბოიზოლატორებით და ჩარჩოებით“. დათვალიერების შემდეგ მითითებული ,,ბუდერუსის“ სისტემის ქვაბები შემადგენელი ნაწილებით ამოღებულ იქნა, დაილუქა და განთავსდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა ს----–---------–---მა, ლ------------ემ, ა----–--–---–---–მა, გ-----------------ემ, და--------–-–---–მა, ხ-------------ემ, მ--–------------–---–მა, ი-----–--–---იამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ხოლო თარჯიმნებმა ს--–-----–---–---ემ, ი-----–-----------ემ და ლ--–---------ემ დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული თარგმანის სისწორე. მოწმე მ-----------------მა კი დაადასტურა, რომ იგი დაესწრო ამერიკის საელჩოში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ა-–----------------------–--ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. გარდა ამისა პალატა ვერ გაიზიარებს ა-–----------------------–--ს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი აუქციონზე შეიძინა მისმა მეგობარმა გ-------------–--მ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ-------------–--მ ვერ დაასახელა რაიმე დეტალი რაც დაადასტურებდა აუქციონზე მის მიერ ნივთის შეძენას, კერძოდ ვერ გაიხსენა როგორ ჩატარდა აუქციონი, რა მგომარეობაში იყო შეძენილი ,,ბუდერუსის“ ფირმის გამათბობელი სისტემა, ვერ მიუთითა ჰქონდა თუ არა ნივთს ,,ბარკოდი“ და ვერ გაიხსენა ლოტის ნომერი. ასევე ვერ წარადგინა აუქციონში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იგი ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ა-–----------------------–--მ სწორედ მის მიერ ნაჩუქარი ნივთი გადასცა მ--–--------------–---–ს.

 

პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს და გამართლებულ ი-----–------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მათთვის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში კანონიერი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. დანაშაულის სუბიექტი ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. იმ პირის მოქმედება, ვისაც ამგვარი უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა სამუშაოს სპეციფიკის გამო ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აქვს ფიზიკური შეხება ამ ქონებასთან (მტვირთავი, მუშა, მძღოლი), მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ქურდობა. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მისი კანონიერი მესაკუთრისგან ამოღებასა და საკუთარი თავის სასარგებლოდ დაუფლებაში. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, კერძოდ, პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს მისთვის მინდობილ სხვის ქონებას. ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და უნდა სურდეს აღნიშნული ზიანის დადგომა. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება მითვისებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან/და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. შესაბამისად ორგანიზებული ჯგუფის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულოა, ჯგუფი იყოს დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული, შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე წარმონაქმნი, ჯგუფის წევრები წინასწარ უნდა იყვნენ შეკავშირებულნი დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და ჯგუფის მიზანი უნდა იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ანდა სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. ჯგუფს უნდა ჰქონდეს სტრუქტურა, იგი უნდა იყოს მყარი და თანამონაწილის (თანამონაწილეების), ასევე ამსრულებლების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს წინასწარ ჩამოყალიბებულ გეგმას.

 

პალატა განმარტავს, რომ ა-–----------------------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს მ--–--------------–---–ის, ბ-------–--–--–---–ის და ბ--–--------–-–---–ის ჩვენებები, რომლებიც თანხვედრაშია ერთმანეთთან და ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობას, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა-–----------------------–--ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების - მითვისების ჩადენის ფაქტი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მ--–--------------–---–ის ჩვენებით, რომ მას ,,ბუდერუსის“ სისტემის გამათბობელი სახლში მიუტანა ი-----–------–---–მა, არ დასტურდება ი-----–------–---–ის მიერ ხსენებული გამათბობელის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. მოწმის ჩვენება არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, რაც დაადასტურებდა, რომ გამათბობელ სისტემას დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში დაეუფლა ი-----–------–---–ი.

 

ამასთან, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ სხვა მოწმეებიც, თუმცა მათ ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების თაობაზე სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. მათთვის ხსენებული გათბობის სისტემის დაუფლების შესახებ დეტალები ცნობილი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებმა, კერძოდ აღრიცხვის კლერკებმა ი--------------–---–მა და ა---------–-----–--ემ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მხოლოდ საწყობის მუშაობის შესახებ და განუმარტეს ა-–----------------------–--ს და ი-----–------–---–ის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა: ს----–---------–---მა, ლ------------ემ, ა----–--–---–---–მა, გ-----------------ემ, და--------–-–---–მა, ხ-------------ემ, მ--–------------–---–მა, ი-----–--–---იამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ხოლო თარჯიმნებმა ს--–-----–---–---ემ, ი-----–-----------ემ და ლ--–---------ემ დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული თარგმანის სისწორე. აღნიშნული მოწმეები არ არიან ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემის ფარულად დაუფლების ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ ან საერთოდ არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ან წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ მითითებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებების (ან ჩვენებების, რომლებიც არ შეეხება დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებს) საფუძველზე უტყუარად დაადგინოს თუ ვინ, როდის და რა ფორმით დაეუფლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილ ,,ბუდეროსის“ ფირმის გამათბობელ ორ სისტემას.

 

პალატა თვლის, რომ მოწმეების: ბ-------------ს, თ-----------------ს, ფ--------------–-----ის, ზ-------------ის, ა-–------------------ას, ა-–----------------–-–---–ის, გ--------------–---–ის, ზ-------------ის, ნ----------------–---–ის და გ-------------–--ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ი-----–------–---–ს და ა-–----------------------–--ს არ ჰქონდათ უფლება საწყობიდან სათანადო ნებართვის და მითითებების გარეშე გაეტანათ ნივთები. აღნიშნულს აკონტროლებდნენ საწყობის ხელმძღვანელები, რომელთა მითითებითაც მოქმედებდნენ საწყობის თანამშრომლები. მითითებულ მოწმეთა ნაწილმა დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს ტერიტორიიდან გასვლისას ნივთებით დატვირთულ ავტომანქანას დაცვის თანამშრომლები არ ამოწმებდნენ, რადგან აღნიშნული ტექნიკურად იყო შეუძლებელი, რადგან ასეთ შემთხვევაში საელჩოს გასასვლელთან საჭირო იყო ავტომანქანის დაცლა და თავიდან დატვირთვა. ასევე დადასტურდა, რომ საწყობიდან ნივთების გატანას ყოველთვის ესწრებოდნენ საწყობის გამგე ან მისი მოადგილე, ხოლო მიმღები ,,კლერკი“ საწყობიდან ნივთების გატანაში მონაწილეობას არ იღებდა, რადგან აღნიშნული სამსახურეობრივად მის მოვალეობაში არ შედიოდა. ი-----–------–---–ის მოვალეობა იყო ნივთების მიღება და მათთვის ,,ბარკოდების“ მინიჭება, ხოლო საწყობის მუშების და მუშა მძღოლების მოვალეობა იყო საწყობის ხელმძღვანელის დავალებით და შესაბამისი ნებართვით, რეზიდენციაში გადასატანი ნივთების საწყობიდან გატანა, ავტომანქანაზე დატვირთვა და კონკრეტულ მისამართზე მიტანა, ასევე მათ მოვალეობაში შედიოდა ნივთების რეზიდენციიდან საწყობში დაბრუნება, აუქციონზე გასატანი ნივთების საწყობიდან გატანა და გაყიდული ნივთების მყიდველამდე მიტანა. აღნიშნული ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საწყობში განთავსებული „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემა და სხვა ნივთები ი-----–------–---–ის და ა-–----------------------–--ს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ იმყოფებოდა და მათ საწყობში განთავსებული ნივთების შენახვის, მათზე ზრუნვის ან განკარგვის უფლებამოსილება არ გააჩნდათ. ი-----–------–---–ის მოვალეობაში შედიოდა საწყობში მიტანილი ნივთების აღრიცხვა, შესაბამისი შტრიხ კოდის მინიჭება და სისტემაში შეყვანა, ხოლო ა-–----------------------–--ს მოვალეობაში შედიოდა უშუალო ხელმძღვანელის მითითებით კონკრეტული ნივთების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. შესაბამისად, ი-----–------–---–ი და ა-–----------------------–-- (როგორც ნივთების მიმღები მოსამსახურე, მუშა/მძღოლი) არ არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები. გამოკვლეული მტკიცებულებით ასევე არ დასტურდება, ი-----–------–---–ის და ა-–----------------------–--ს მიერ ორგანიზებული ჯგუფის შექმნა. ასევე არ დადასტურებულა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდის და რა ვითარებაში შეიქმნა ორგანიზებული ჯგუფი, ვინ ხელმძღვანელობდა მას, ქმედების ჩადენამდე მათ მიერ შემუშავებული გეგმა და რა ფორმით ხდებოდა ჯგუფის საქმიანობა. შესაბამისად პალატა თლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ. გარდა ამისა მართალია, საქმეში განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ,,ბუდერუსის“ ფირმის ორი გათბობის სისტემა ,,ბარკოდების“ ნომრების მიხედვით დოკუმენტურად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეზიდენციებში, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა---------–-----–--ემ განმარტა, რომ შესაძლებელია ნივთი პროგრამულად კონკრეტულ ადგილზე ყოფილიყო დაფიქსირებული, თუმცა რეალურად სხვა ადგილზე ყოფილიყო. მანვე განმარტა, რომ ნივთებს ,,ბარკოდებს“ ამაგრებდნენ ხელით და მისი სხვა იმავე კატეგორიის ნივთზე გადაადგილება შესაძლებელი იყო თავისუფლად, რადგან გაცხელების გამო გათბობის სისტემას ,,ბარკოდები“ სძვრებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–----------------------–-- უკანონოდ, ფარულად დაეუფლა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილ ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემას, რომელიც 700 აშშ დოლარად მიჰყიდა მ--–--------------–---–ს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება გამამტყუენებლ განაჩენს საფუძვლად დაედოს ის გარემოება, რომ ი-----–------–---–ი გამოძიების ეტაპზე აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, შემდეგ გარემეობათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილი აზუსტებს პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის (ბრალდებულის მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია, თუ იგი ამის წინააღმდეგია) მოქმედების ფარგლებს, რომ იგი არ ვრცელდება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, შესაბამისად, სხვა დანარჩენზე, მათ შორის დაკითხვის დროს ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიწოდებული ინფორმაციის ან ბრალდებულის განცხადების (რომლითაც ითხოვს დაკითხვას, რომ მომავალში აღიაროს დანაშაული) მტკიცებულებად გამოყენებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული შეზღუდვა - მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. განსხვავებული (საწინააღმდეგო) განმარტების პირობებში მნიშვნელობას დაკარგავდა ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება და მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებაც, რომლის თანახმადაც, ბრალდებული შეზღუდული არ არის გამოძიების დროს ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ი-----–------–---–ის დაკითხვის ოქმი და განცხადება (რომლითაც მომავალში აპირებს ბრალის აღიარებას) არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის საუარესოდ და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი-----–------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ა-–----------------------–--ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა). ქურდობა მიეკუთვნება მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, რის გამოც ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს იგი განკარგოს შეხედულებისამებრ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა-–----------------------–-- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ ,,ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემას, რომელიც განკარგა და 700 აშშ დოლარად მიჰყიდა მ--–--------------–---–ს ბ-------–--–--–---–ზე გადასაცემად, რითაც დაზარალებულს - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიაყენა მატერიალური ზიანი. შესაბამისად, სახეზეა ქურდობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა აუცილებელი ნიშანი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება) და შედეგი - მატერიალური ზიანი.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ა-–----------------------–--მ მ--–---------------–---–ს 700 აშშ დოლარად გადასცა ფარულად დაუფლებული „ბუდერუსის“ ფირმის გათბობის სისტემა, ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზიანის ოდენობა - 4500 ლარი წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ნივთის შეძენის თავდაპირველ ფასს, მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დროს რა ღირებულება ჰქონდა ზემოხსენებულ ნივთს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარუდგენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა-–----------------------–--ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–----------------------–--მ ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-–----------------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ა-–----------------------–--ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივარი, ასევე მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინებით გირაოს თანხის 8000 ლარის უზრუნველსაყოფად, ი-----–------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: კ-------------–---------–----, დაზუსტებული ფართობი 3352.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 64,8 კვ.მ. საკადასტრო კოდი - 6----------- დადებული ყადაღა.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ორი ერთეული ,,ბუდერუსის’’ გათბობის სისტემა №-------- და №--------, მათი შემადგენელი ნაწილებით: სანთურები, ჩარჩო და თბოიზოლატორი, რომელიც ინახება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–----------------------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინებით გირაოს თანხის 8000 ლარის უზრუნველსაყოფად, ი-----–------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: კ-------------–---------–----, დაზუსტებული ფართობი 3352.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 64,8 კვ.მ. საკადასტრო კოდი - 6----------- დადებული ყადაღა.

 

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ი-----–------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ა-–----------------------–--ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

ა-–----------------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა-–----------------------–-- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ა-–----------------------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ორი ერთეული ,,ბუდერუსის’’ გათბობის სისტემა №-------- და №--------, მათი შემადგენელი ნაწილებით: სანთურები, ჩარჩო და თბოიზოლატორი, რომელიც ინახება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: გ.ჯეირანაშვილი

 

ვ.ლომიძე