განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
611210018002418292
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 611210018002418292

N2ბ/6506-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ე-–--------------ი (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,მი----------------------------–-----------------------–ი’’ (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

2.1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,მი----------------------------–-----------------------–ის“ სარჩელი მოპასუხე ე-–--------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სს ,,მი----------------------------–-----------------------–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მის: მარნეულის რაიონი, ს------–----------–--, ქ----, ს---–----, ს---------------, გამოთხოვილ იქნა ე-–--------------ის მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს ,,მი----------------------------–-----------------------–ს“.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის 26 აპრილს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,მი----------------------------–-----------------------–მა“ მოპასუხე ე-–--------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღ------–---------------–-----------------–----------------–-------------ს 08.12.2016 წ. N----------------- განკარგულებით ე-–--------------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მის.: მა-------–--------------------–---------–--, ქ----, ს---–----, სკ 8-----------) აუქციონის გზით შეიძინა და ქონების მესაკუთრე გახდა სს ,,მი----------------------------–-----------------------–ი“. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს ,,მი----------------------------–-----------------------–ი“, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მის საკუთრებაში არსებული ფართის ფლობას დღემდე უკანონოდ აგრძელებს ყოფილი მესაკუთრე, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს, რის გამოც მისი მხრიდან ადგილი აქვს უკანონო მფლობელობას, და იძულებულია ხელყოფის აღკვეთა და ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვოს სასამართლოს გზით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები გაუგზავნა მოპასუხეს სარჩელში მითითებულ მისამართზე. ე-–--------------ისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი 2018 წლის 8 ივნისს ჩაბარდა მის ძმას. მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ე-–--------------ისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი 2018 წლის 8 ივნისს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, რაც ადრესატისათვის ჩაბარებას ნიშნავდა. ამდენად, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2018 წლის 9 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 18 ივნისს. შესაბამისად, მოპასუხეს შესაგებელი, სასამართლოსათვის უნდა წარედგინა 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით, რაც მას არ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

ვინაიდან, მოპასუხემ მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაგებელი, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: სს ,,მი----------------------------–-----------------------–ი" წარმოადგენს უძრავი ქონების - მის.: მა-------–--------------------–---------–--, ქ----, ს---–----, სკ 8-----------, მესაკუთრეს. უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს წარმოადგენს ე-–--------------ი, რომელიც აგრძელებს მის ფლობას. ის მესაკუთრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს ქონებას.

 

სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და დააკმაყოფილა სარჩელი.

 

2.2. 2018 წლის 23 ივლისს, ე-–--------------ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს და ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ უწყების ჩაბარების მომენტში მოპასუხე არ იმყოფებოდა ადგილზე, რამდენადაც წლებია არ იმყოფება საქართველში და შემოსავლის მიღების მიზნით მუშაობს უცხოეთში. ამასთან, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, კერძოდ, ძმასთან ჯ----–--------------თან, რომელმაც ჩაიბარა სასამართლო გზავნილი. შესაბამისად, სასამართლო გზავნილის შინაარსი მოპასუხისათვის უცნობი დარჩა, მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი ინტერესები და მიეწოდებინა სასამართლოსათვის ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც არსებითად შეცვლიდა საქმის ვითარებას. მართალია, სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მხარესთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი და ქმედუნარიანი წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ითვლება მხარისათვის ჩაბარებად, მაგრამ იმისათვის, რომ გზავნილი ჩაითვალის ჩაბარებულად, იგი უნდა ჩაიბაროს არა უბრალოდ ოჯახის წევრმა ან ნათესავმა, არამედ პირმა, რომელიც ცხოვრობს ადრესატთან. ამ შემთხვევაში ე-–--------------ი არათუ არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, არამედ საერთოდ არ ცხოვრობდა ამ პერიოდში საქართველოში. საჩივრის ავტორის მითითებით, არსებობს პრეზუმფცია, რომ თუ მოპასუხემ არ შეიტანა შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში, მაშინ მან დაკარგა ინტერესი მოცემული საქმის მიმართ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ემსახურება სასამართლო პროცესის გაჭიანურების, შეფერხების თავიდან აცილებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნამდვილად დაინტერესებულია საქმის განხილვით, რასაც მოწმობს საჩივრის წარდგენაც. ის დაინტერესებულია სასამართლო წარმოების გაგრძელებით, რათა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს უფლების დაცვის მისთვის მინიჭებული ყველა მექანიზმი.

 

2.3. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ე-–---------------ის საჩივარი მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსსა და დანიშნულებაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სამართლებრივი მექანიზმი როგორც მხარეთათვის, ისე სასამართლოსათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმის განხილვის გაჭიანურება და მხარეთა მიერ თავისი უფლებებით მანიპულირება, როდესაც მხარე არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე ან არ წარმოადგენს შესაგებელს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა ვარაუდი, რომ მხარე აღიარებს მოთხოვნის მართებულობას და ცნობს სარჩელს, რის გამოც კარგავს თავის დაცვის ინტერესს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვარაუდი, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას ან უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს განზრახ ან დაუდევრობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასევე აქვს პრევენციული ფუნქცია და ნაწილობრივ სადამსჯელო ფუნქციაც, რათა შემდგომში აღკვეთილ იქნეს მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოში არყოფნასა და ძმასთან დაძაბულ ურთიერთობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილზე და და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე ხელს აწერს მოპასუხის ძმა, რაც ადრესატისათვის ჩაბარებას ნიშნავდა. ამასთან, რაიმე მითითება იმის თაობაზე, რომ ე------------ი საქართველოში არ იმყოფებოდა, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე არ გაკეთებულა. საგულისხმო იყო, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელს უნდა წარმოედგინა ცნობა ე------------ის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ, რითაც სურდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხე მითითებულ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში. მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა მომდევნო სხდომაზე ის არ გამოცხადდა. შესაბამისად, საჩივარში მითითებული გარემოება - რომ ე------------ი არ იმყოფებოდა საქართველოში და რომ ის და მისი ძმა ერთად არ ცხოვრობენ, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.

 

საჩივრის არგუმენტების საპასუხოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ როგორც სარჩელი, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მოპასუხის ძმას. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ ე----------------თვის მხოლოდ მისგან შეიძლებოდა გამხდარიყო ცნობილი, რაც განმარტებას მათ შორის ცუდი ურთიერთობისა და სარჩელის არგადაცემის შესახებ საფუძველს უკარგავდა. ამასთან, მოპასუხის მისამართად საჩივარშიც ის მისამართი იყო მითითებული, რაც სარჩელში, და რომელზეც მას გაეგზავნა სარჩელი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას ჰქონდა საქმის განხილვის განახლების ინტერესი, თუმცა ეს ინტერესი მისი განხილვის ვადის გაჭიანურებას უკავშირდებოდა, რაც არ შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ იყო განპირობებული საპატიო მიზეზით, ამასთანავე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, უწყების ჩაბარების მომენტში მოპასუხე არ იმყოფებოდა ადგილზე, რამდენადაც წლებია არ იმყოფება საქართველში და შემოსავლის მიღების მიზნით მუშაობს უცხოეთში. ამასთან, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, კერძოდ, ძმასთან ჯ----–--------------თან, რომელმაც ჩაიბარა სასამართლო გზავნილი. შესაბამისად, სასამართლო გზავნილის შინაარსი მოპასუხისათვის უცნობი დარჩა, მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი ინტერესები და მიეწოდებინა სასამართლოსათვის ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც არსებითად შეცვლიდა საქმის ვითარებას. მართალია, სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მხარესთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი და ქმედუნარიანი წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ითვლება მხარისათვის ჩაბარებად, მაგრამ იმისათვის, რომ გზავნილი ჩაითვალის ჩაბარებულად, იგი უნდა ჩაიბაროს არა უბრალოდ ოჯახის წევრმა ან ნათესავმა, არამედ პირმა, რომელიც ცხოვრობს ადრესატთან. ამ შემთხვევაში ე-–--------------ი არათუ არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, არამედ საერთოდ არ ცხოვრობდა ამ პერიოდში საქართველოში.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, არსებობს პრეზუმფცია, რომ თუ მოპასუხემ არ შეიტანა შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში, მაშინ მან დაკარგა ინტერესი მოცემული საქმის მიმართ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ემსახურება სასამართლო პროცესის გაჭიანურების, შეფერხების თავიდან აცილებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნამდვილად დაინტერესებულია საქმის განხილვით, რასაც მოწმობს საჩივრის წარდგენაც. ის დაინტერესებულია სასამართლო წარმოების გაგრძელებით, რათა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს უფლების დაცვის მისთვის მინიჭებული ყველა მექანიზმი.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,მი----------------------------–-----------------------–ის“ სარჩელი მოპასუხე ე-–--------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სს ,,მი----------------------------–-----------------------–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მის: მარნეულის რაიონი, ს------–----------–--, ქ----, ს---–----, სკ 8-----------, გამოთხოვილ იქნა ე-–--------------ის მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს ,,მი----------------------------–-----------------------–ს“. დადგენილია ასევე, რომ მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ე-–---------------ის საჩივარი მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2018 წლის 26 აპრილის აქტის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტომი 1; ს/ფ 46). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს/ფ 47).

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველეყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩააბარა 2018 წლის 06 ივნისს, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი 1; ს/ფ 50).

 

საქართველოს სსკ-ის 74.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს....

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ოჯახის წევრს, ც----–--------------ს 2018 წლის 08 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ე-–--------------ის ძმას (იხ. უკუგზავნილი; ს/ფ 50); შესაბამისად, სასამართლო გზავნილი საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 09 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 18 ივნისს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2018 წლის 27ივნისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

 

4.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორი მითითებას საქართველოში არყოფნასა და ძმასთან დაძაბულ ურთიერთობის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 74.1. მუხლზე (თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას) და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე ხელს აწერს მოპასუხის ძმა, რაც ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, ადრესატისათვის ჩაბარებას ნიშნავს. ამასთან, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე რაიმე მითითება იმის თაობაზე, რომ ე------------ი საქართველოში არ იმყოფება, არ არის აღნიშნული. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საჩივრის ავტორის მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი ცნობა ე------------ის მიერ საზღვრის კვეთის თაობაზე. აღნიშნულზე საჩივრის ავტორს მიეთითა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, თუმცა მას არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენისთვის დამატებითი მტკიცებულება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მოპასუხე მითითებულ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში. სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, აპელანტი ასევე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე------------ს და მის ძმას ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და რომ ერთად არ ცხოვრობენ. ამ კუთხით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადრება იმ გარემოებაზე, რომ როგორც სარჩელი, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა მოპასუხის ძმას. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ ე----------------თვის მხოლოდ მისგან შეიძლებოდა გამხდარიყო ცნობილი, რაც განმარტებას მათ შორის ცუდი ურთიერთობისა და სარჩელის არგადაცემის შესახებ საფუძველს უკარგავდა. ამასთან, მოპასუხის მისამართად საჩივარშიც ის მისამართი იყო მითითებული, რაც სარჩელში, და რომელზეც მას გაეგზავნა სარჩელი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

4.6. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მას არ დაუკარგავს ინტერესი დავის მიმართ, რასაც ადასტურებს საჩივრების წარმოდგენით, რა შემთხვევაში დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად ინტერესის ქონა დავის მიმართ ვერ განაპირობებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, თუ მხარე არ ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ „მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა ვარაუდი, რომ მხარე აღიარებს მოთხოვნის მართებულობას და ცნობს სარჩელს, რის გამოც კარგავს თავის დაცვის ინტერესს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვარაუდი, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას ან უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს განზრახ ან დაუდევრობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასევე აქვს პრევენციული ფუნქცია და ნაწილობრივ სადამსჯელო ფუნქციაც, რათა შემდგომში აღკვეთილ იქნეს მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქმედება“.

 

4.7. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სს ,,მი----------------------------–-----------------------–ი" წარმოადგენს უძრავი ქონების - მის.: მა-------–--------------------–---------–--, ქ----, ს---–----, სკ 8-----------, მესაკუთრეს. უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს წარმოადგენს ე-–--------------ი, რომელიც აგრძელებს მის ფლობას. ის მესაკუთრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს ქონებას), რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170.1. და 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 160.00 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 39.2 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 80 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. ე-–--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ, ზედმეტად გადახდილი 80 ლარი (გადამხდელი ი-–------------ძე პ/ნ 0----------, სს „თ-----------ს“ 2018 წლის 20 ნოემბრის საგადახდო დავალება, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე); სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია