განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
160100118002456691
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002456691

საქმე №1ბ/127-19

(გამოძიების №031170518004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ---- ც---------ა.

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ა--- ნ-------–---–ი, დაბადებული 1-----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------–----------ში, მცხოვრები: თ---–--------------–---–----------ში (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - ხ------- ჩ----ე.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა--- ნ-------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე მ--------–----------–-----–-----–---------’ გამშვებ პუნქტზე ა------------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი. საბაჟო კონტროლის გავლისას, კერძოდ ა--- ნ-------–---–ის ხელბარგის დათვალიერებისას ჩემოდანში მოთავსებული სპორტული შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ა--- ნ-------–---–ის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 (ერთი) ცალი სამკუთხა ფორმის ტაბლეტი წარწერით ,, TESLA”. ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის თანახმად, აღნიშნული ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) წონით - 0,1235 გრამს.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა--- ნ-------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე მ--------–----------–-----–-----–--------“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ა------------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შენახული 0,1235 გრამი ნარკოტიკული საშუალება - მდმა (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 (ერთი) ცალი ტაბლეტის სახით წარწერით ,,TESLA”, რასაც ა--- ნ-------–---–ი უკანონოდ ინახავდა ხელბარგში, კერძოდ ჩემოდანში მოთავსებულ სპორტული შარვლის ჯიბეში და ნაპოვნი იქნა საბაჟო კონტროლის დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით: ა--- ნ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა--- ნ-------–---–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს------ო ფ–----–---მ.

 

მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა გაუქმდეს, რადგან არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ არამართებულად იმსჯელა ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 აბის მოპოვების და მის საქმეზე საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დამაგრების საკითხზე, რადგან დადგენილია, რომ გამომძიებელს ს.გ.პ. „წ-----–-------ს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაეცა შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულება და მგზავრის ხელბარგის დათვალიერების ოქმი. ნივთმტკიცების ხელზე გადაცემის დროს ვის ეკავა ნივთიერი მტკიცებულება, ვისი ხელიდან გავიდა ან ვისი ოთახის მაგიდიდან აიღო გამომძიებელმა, სასამართლოსთვისაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ნივთმტკიცება ამოღებული იყო იმ ორგანოს მიერ, ვისაც კანონით ევალებოდა მისი აღმოჩენა და ამოღება. ამასთან, როდესაც კანონმდებლობის დაცვით ამოღებული ნივთი იგზავნება სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საგამოძიებო ორგანოში, გამომძიებელი მას ვერ ამოიღებს, რადგან მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, იძულების ღონისძიება გამოიყენოს კანონიერად ამოღებულ ნივთის მოსაპოვებლად სახელმწიფო წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც კანონით ევალება მისი ამოღება.

 

ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი არ იყო გამომძიებლის მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება, იგი გამოვლენილი იქნა საბაჟოზე და მისი, როგორც მტკიცებულების მოპოვება მოახდინა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მებაჟე-ოფიცერმა - ა---–--–-----მა. გამომძიებელს 2018 წლის 17 მაისის დათვალიერების ოქმებში ნივთიერი მტკიცებულებანი არ ამოუღია და არც დაულუქავს, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ გამომძიებელი ო-----------–ი და მებაჟე ოფიცერი ა---–--–-----ი. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, თითქოს საგამოძიებო მოქმედებაზე არაუფლებამოსილი პირის თანხმობა იყო მიღებული, არის არალოგიკური და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რადგან კანონში მითითებულია მფლობელი პირის თანხმობა და ამ კონკრეტულ კანონსაწინააღმდეგო ნივთს უკვე მისი ამოღებისთანავე ფლობდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი და მისგან იქნა მიღებული თანხმობაც. ამდენად, არ არსებობდა საგამოძიებო მოქმედების გზით აღნიშნული ნივთმტკიცების დამაგრების საფუძველი.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება. იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. გამოძიების მსვლელობისას კანონის არსებითი დარღვევით მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების - ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბის და დათვალიერების ოქმის საპროცესო დამაგრება. ამასთან, დაუშვებელია ქიმიური ექსპერტის დასკვნა, რომელიც მოპოვებულია არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე და აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

საბაჟო გამშვები პუნქტ ,,წ-----–-------ს" უფროსის ვ-----------------ას წერილის (17.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 17 მაისს ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს" კონტროლის ზონაში ა------------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა მწვანე ფერის სამკუთხედის ფორმის აბი წარწერით ,,TESLA", რომელიც დაილუქა საბაჟო წებოვანი ლუქით N0------, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა აცნობა შსს მ--------–ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს კ----------–---ს.

 

მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N2-- (17.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 17 მაისს 16:27-16:50 საათის დროის შუალედში, ს.გ.პ. ,,წ-----–------ზე“ მთავარი მებაჟე-ოფიცრის ა---–--–-----ის მიერ დათვალიერება ჩაუტარდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ს პ/ნ 0----------. დათვალიერების მიზნით ჩატარდა: ფიზიკური დათვალიერება, სხეულის სკანერით დათვალიერება, ხელბარგის დათვალიერება. დათვალიერება ჩატარდა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. აღმოჩენილ ნივთიერ მტიცებულებას წარმოადგენს 1 აბი, სამკუთხედის ფორმის, მწვანე ფერის, წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ ე.წ. „ექსტაზი“, რომელიც ხელბარგში იყო მოთავსებული. ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა N0------ ლუქით. ოქმის სისწორე დადასტურებულია ა---–--–-----ის ხელმოწერით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---–--–-----მა განმარტა, რომ მუშაობს საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წ-----–-------ს" მებაჟე-ოფიცრად. 2018 წლის 17 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სასაზღვრო კონტროლის გავლისას შეამოწმა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი, რომელსაც პირადი დათვალიერებისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, თუმცა მისი ხელბარგის დათვალიერებისას წითელ ჩემოდანში მოთავსებული სპორტული შარვლის ჯიბეში აღმოჩნდა ერთი აბი წარწერით ,,TESLA", რომელიც მოთავსებული იყო ფოლგის ქაღალდში. ა--- ნ-------–---–მა დაუდასტურა, რომ ხელბარგში აღმოჩენილი აბი იყო ,,ექსტაზი“, რომლის მოხმარება დაავიწყდა და ინახავდა შარვლის ჯიბეში. ა---–--–-----ის განმარტებით, აბი დალუქა უნიკალური ლუქით, რომელიც არ მეორდება, ისე, როგორც აღმოაჩინა, ფოლგიანად, თუმცა ფოლგაში რამდენჯერ გადაახვია, ვერ გაიხსენა. მან შეადგინა დათვალიერების ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა ა--- ნ-------–---–მაც. ფოლგა, რომელშიც მოთავსებული იყო აბი, არ მიუთითა დათვალიერების ოქმში, რადგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა. აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა ცვლის უფროსს - გ-------------–-–---–ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წ-----–-------ს" ცვლის უფროსად. 2018 წლის 17 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მებაჟე-ოფიცერმა ა---–--–-----მა აცნობა, რომ შეჩერებული ჰყავდა ა--- ნ-------–---–ი, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩნდა აბი წარწერით ,,TESLA", რომელიც მოთავსდა ფაილში და დაილუქი წითელი ფერის უნიკალური ლუქით, თუმცა პირადად დალუქვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ა--- ნ-------–---–მა დაადასტურა, რომ ხელბარგში აღმოჩენილი აბი იყო ,,ექსტაზი“, რომელიც შეიძინა თურქეთში, თუმცა მოხმარება ვერ მოასწრო. ა--- ნ-------–---–ის შემოწმებისას აღმოჩენილი აბი იყო მომწვანო ფერის, სალათისფერი. აღნიშნულის თაობაზე მან წერილობით აცნობა მ--------–ის შსს რაიონულ სამმართველოს. ამობეჭდილი წერილი და დალუქული პაკეტი ინახებოდა მის სამუშაო ოთახში. წერილი გამომძიებელს გადასცა თავად, ხოლო დალუქული პაკეტი გადასცა ა---–--–-----ს, ა--- კი - გამომძიებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ო-----------–იმ (გამომძიებელი) განმარტა, რომ მ--------–ის შსს სამმართველოს უფროსის მოადგილის - კ-------------–--ის დავალებით მივიდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წ-----–-----ზე", საიდანაც მიღებული იყო წერილობითი შეტყობინება. იგი შეხვდა ცვლის უფროსს - გ-------------–-–---–ს, მოაწერა ხელი წერილის ასლს, ჩაიბარა ნივთიერი მტკიცებულება და დათვალიერების ოქმი. ფაილი, სადაც იყო მოთავსებული აბი, იყო გამჭირველე და დალუქული საბაჟოს ლუქით. მოწმემ ვერ გაიხსენა, ვის გამოართვა კონკრეტულად ნარკოტიკული საშუალება. წერილის ასლი ცვლის უფროსის მაგიდაზე იყო და ივარაუდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი მაგიდაზე იქნებოდა. დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოკითხა მებაჟე-ოფიცერი ა---–--–-----ი, დაათვალიერა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იყო სალათისფერი, მომწვანო და დალუქული მებაჟის მიერ. ა--- ნ-------–---–ი განმარტავდა, რომ ამოღებული ტაბლეტი ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ამოღების ოქმი არ შეუდგენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მტკიცებულება ბრალდების შესახებ დადგენილებაში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მას სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

დათვალიერების ოქმის (17.05.2018) მიხედვით 2018 წლის 17 მაისს, 20:55-21:05 საათის დროის შუალედში მ--------–ის შსს რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ა---–--–-----ის თანხმობით ჩატარდა ა--- ნ-------–---–ისაგან ამოღებული მწვანე ფერის სამკუთხედი ფორმის ერთი აბის წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების დათვალიერება. ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული იყო ,,ფაილში’’ და დალუქული შემოსავლების სამსახურის ერთი ცალი ლუქით 0------, აღნიშნული ლუქი წითელი ფერისაა და შუა ნაწილში აქვს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ოქმის სისწორე დადასტურებულია მონაწილე პირის - ა---–--–-----ის და დათვალიერების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის - ო-----------–ის ხელმოწერით. დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერების ობიექტი ამოღებული და დალუქული არ ყოფილა.

 

დათვალიერების ოქმის (17.05.2018) მიხედვით 2018 წლის 17 მაისს 21:10-21:20 საათის დროის შუალედში მ--------–ის შსს რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ა---–--–-----ის თანხმობით ჩატარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „წ-----–-------ს“ მებაჟე-ოფიცრის ა---–--–-----ის მიერ შევსებული მგზავრების ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი, რომლის ნომერია 2--, შედგენის თარიღი - 2018 წლის 17 მაისი, შევსების ადგილი - ს.გ.პ. ,,წ-----–-------“. ოქმი შედგენილია მებაჟე ოფიცრის ა---–--–-----ის მიერ. ოქმში მითითებულია ხელბარგის მფლობელის ვინაობა - ა--- ნ-------–---–ი (პ/ნ0----------), რომლის დათვალიერებისას ხელბარგში აღმოჩნდა სამკუთხედის ფორმის მწვანე ფერის 1 აბი წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ ,,ექსტაზი“. ოქმი დადასტურებულია ხელმოწერებით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N1--------------- დასკვნით (18.05.2018) 1 ცალი მოყვითალო-მომწვანო, სამკუთხა ფორმის აბი, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით ,,TESLA”, წონით - 0,4416 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,მდმა“-ს (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,1235 გრამს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს--------–-------ამ და ნ------–---–-----მა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნის (17.05.2018) თანახმად, ა--- ჯ-------ს ასული ნ-------–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული შემოწმებისას (იმუნოქრომტესტით - ნარკოტიკული საშუალება: ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), მეტადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა (ექსტაზი), ტრამადოლი, jWH-018/Jwh-073/jWH-200/jWH-398 (სინთეზური კანაბინოიდები), ფსიქოტროპული ნივთიერება), ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სასამართლო იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაუშვებელია პირის სისხლისამართლებრივი დევნა და მსჯავრდება. ეს კონსტიტუციური გარანტია ემსახურება სწორედ მტკიცებულებების მოპოვებისას/საპროცესო დამაგრებისას საკანონმდებლო პროცედურებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფას.

 

სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის“- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემა მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით (საქართველოს საკონსტიტუიციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე მ------------ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3). მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნეს გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხევაში მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თვისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს (საქართველოს საკონსტიტუიციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე მ------------ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).

 

სასამართლომ, მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მათი ერთობლიობის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე ისეთი გადამყვეტი მტკიცებულება, როგორიც არის - ნარკოტიკული საშუალება, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ დასაშვებობის და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მებაჟე-ოფიცერმა საბაჟო კონტროლის დროს აღმოაჩინა ნივთიერ მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი), რის შესახებ შეატყობინეს გამომძიებელს, რომელსაც, მოგვიანებით, ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს“ ტერიტორიაზე გადაეცა დალუქული ნივთიერი მტკიცებულება, თუმცა ცალსახად ვერ დადგინდა, ზუსტად სად, როდის, რა ვითარებაში და ვისგან გადაეცა გამომძიებელს ეს ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი), ვინაიდან მებაჟე-ოფიცრის ა---–--–-----ის განმარტებით, მან ნივთიერი მტკიცებულება გადასცა ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობამ კი გამომძიებელს. ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს“ ცვლის უფროსმა გ-------------–-–---–მა განმარტა, რომ მგზავრის ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების ოქმი თავად გადასცა გამომძიებელს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნა ა---–--–-----ს, რომელმაც გადასცა იგი გამომძებელს. გამომძიებელმა ო-----------–იმ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშულება საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისვლისას კონკრეტულად ვის გამოართვა, არ ახსოვს. ამასთან, ივარაუდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება შესაძლოა, ოქმთან ერთად იდო მაგიდაზე, რომელიც თავად აიღო. ამდენად, მოწმეთა ჩვენებები საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც უკარგავს მათ სანდოობას და მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად განმარტებულია, რომ გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ამდენად, ამ ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, პროცესის მწარმოებელი პირი - გამომძიებელი მტკიცებულებების შეგროვებისას და საპროცესო დამაგრებისას უნდა ხელმძღვანელობდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ გამომძიებლისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, სად ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი, რომლის ძებნა საჭირო არ იყო, იგი ვალდებული იყო, ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, კანონის დაცვით შეედგინა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, სადაც დეტალურად აღწერდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილს და თარიღს, მისი დაწყებისა და დამთავრების დროს, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობებს, იმ პირის თა---დებობას და ვინაობას, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ვინაობას, ასევე საქმისათვის სხვა არსებით გარემოებებს, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებებს და შენიშვნებს ასეთის არსებობის შემთხვევაში, რითიც გამოირიცხებოდა ყოველგვარი ეჭვი, რაც ლოგიკურად გაჩნდა ამ ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამომძიებლისთვის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისთვის მკაცრად გაწერილი პროცესუალური ჩარჩოების მიღმა ნივთიერი მტკიცებულების გადაცემით დაირღვა პროცესუალური ჯაჭვი, რაც უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს ნივთიერი მტკიცებულების მოპოვებიდან მის საპროცესო დამაგრებამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას, მტკიცებულებების მოპოვებისას, დევნის განმახორციელებელი ორგანო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული პროცესუალური ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა პროცესუალურმა ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია მტკიცებულებების მოპოვების და მათი პროცესუალური დამაგრების ერთი სტანდარტი, რაც ეჭვქვეშ არ დააყენებს მათ სანდოობას და საბოლოო ჯამში დააკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, როგორც ამას აპელანტი აცხადებს, რომ კანონმდებლობის დაცვით ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც გადაეცემა პროცესის მწარმოებელ პირს - გამომძიებელს, საპროცესო დამაგრებას აღარ საჭიროებს, არსობრივად მცდარია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილ სტანდარტებს. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ იცნობს ისეთ საგამოძიებო მოქმედებას, როგორიც არის ნივთის გამოძიებისთვის გადაცემა და ამდენად, 2018 წლის 17 მაისს ს.გ.პ. ,,წ-----–-----ზე“ გამომძიებლისთვის ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემა ცალსახად არ არის ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრების კანონიერი გზა.

 

სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ მებაჟე მოქმედებდა მასზე სამსახურებრივად დაკისრებული მოვალეობის სრული დაცვით და მის მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების მოპოვებასთან მიმართებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე ამას შეიძლება ითვალისწინებდეს საბაჟო კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები, რითაც განსაზღვრულია მებაჟის უფლება-მოვალეობები.

 

მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მოპოვება მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, რის გამოც მისი მოპოვების კანონიერება აღარ დაექვემდებარა სასამართლოს კონტროლს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ N2/2/579 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 38-ე და 39-ე პუნქტებში ცალსახადაა მითითებული შემდეგი: ,,...სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, თუ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაცია მოპოვებულია რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ის უნდა შეესაბამებოდეს ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებსაც. მაგალითად, თუ წარდგენილია ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. თუ შემოწმების შემდეგ დადგინდება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ არის დარღვეული, ჩაითვლება, რომ მტკიცებულება მოპოვებულია კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მასზე გავრცელდება სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მტკიცებულებას დაუშვებლად აცხადებს, თუ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ... სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ მტკიცებულება მოპოვებულია სხვა საკანონმდებლო აქტის, მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მასზე არ ვრცელდება სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არ არის მოპოვებული კოდექსის დაცვით, წარმოადგენს ამ კოდექსის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება ასევე ვრცელდება სხვა კანონის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებებზეც, თუ მტკიცებულების მოპოვებისას დარღვეული არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები“.

 

სასამართლო აქვე დასძენს, რომ საპროცესო კანონმდებლის იგივე მოთხოვნები დაირღვა 2018 წლის 17 მაისის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმის პროცესუალური დამაგრებისას, ვინაიდან ამ მტკიცებულებამაც ზუსტად იგივე პროცედურული გზა გაიარა, რაც ნივთიერმა მტკიცებულებამ - ნარკოტიკული საშუალების შემცველმა აბმა და, შესაბამისად, სასამართლო მის დასაშვებობაზე და უტყუარობაზე ცალკე აღარ იმსჯელებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესების ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო სიღრმისეულად აღარ მიმოიხილავს არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებისგან ნაწარმოებ მტკიცებულებას - ექსპერტის N1--------------- დასკვნას, რომელიც ,,მოწამლული ხის ნაყოფის“ პრინციპის შესაბამისად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას, რადგან პირველადი წყაროს სამართლებრივი დეფექტი ასევე დეფექტურს ხდის მისგან ნაწარმოებ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას გამომძიებლის მიერ ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სასამართლო, იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბის საქმეზე საპროცესო დამაგრება ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ უტყუარობის სტანდარტს, ამ ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებისას დაშვებულ პროცესუალურ ხარვეზებს არსებითად არ მიმოიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნას, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის/მტკიცებულების მოპოვება უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული წესისა და პროცედურების დაცვით. დათვალიერება არ არის ის საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ სხვა ობიექტის მოსაპოვებლად შეიძლება შეცვალოს ამოღება. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის დათვალიერება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით უკვე მოპოვებული და პროცესუალურად დამაგრებული აქვს მხარეს. ამასთან, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის ამოღება დათვალიერებით მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ეს საგნი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ სხვა ობიექტი აღმოჩენილია დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში, მაგალითად, შემთხვევის ადგილას, ადგილმდებარეობის, სადგომის, საცავის, გვამის და ა.შ. დათვალიერებისას და არა თავად ამ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის დათვალიერებისას.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დათვალიერების დროს გამომძიებელს ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი) არ ამოუღია და არც დაულუქავს. ლოგიკურიცაა, რადგან ამ ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენა არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების პროცესში. ამდენად, გაუგებარია და ეჭვს ბადებს გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერება, რომელიც, ერთი მხრივ, თუ მიზნად ისახავდა ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრებას, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ვერ ჩაანაცვლებდა ნივთის ამოღებას და არის ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრების უვარგისი მცდელობა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ იგი მიზნად ისახავდა გამომძიებლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების შეფუთვის, ასევე ლუქის მთლიანობის შემოწმებას, გაუგებარია, რატომ ჩატარდა მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში ტრანსპორტირების შემდგომ და არა დაუყოვნებლივ, მისი გადაცემისთანავე ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს“ ტერიტორიაზე.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მებაჟე-ოფიცერმა ა---–--–-----მა საბაჟო კონტროლის დროს აღმოაჩინა ნივთიერ მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი), რაც ასევე დადგენილია, რომ მოგვიანებით, ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს“ ტერიტორიაზე გადაეცა გამომძიებელ ო-----------–ის, რომელმაც უკვე პოლიციის განყოფილებაში დაათვალიერა ეს ნივთიერი მტკიცებულება. დათვალიერებას წინ უძღვოდა მებაჟე-ოფიცრის ა---–--–-----ის თანხმობა ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაზე, რომელიც მას უკვე გადაცემული ჰქონდა გამომძიებლისთვის ს.გ.პ. ,,წ-----–-------ს“ ტერიტორიაზე. ამდენად, გაუგებარია აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ნივთიერ მტკიცებულებას მისი ამოღებისთანავე ფლობდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი და მისგან იქნა მიღებული თანხმობაც, რადგან ნივთის ფლობა, მის იმწუთიერ და უშუალოდ პყრობას ნიშნავს და სწორედ ამ ნიშნებით განსხვავდება იგი საკუთრების შემადგენელი სხვა კომპონენტებისგან, როგორიც არის სარგებლობა და განკარგვა. აქედან გამომდინარე, ა---–--–-----ი, რომელიც ფაქტობრივად აღარ ფლობდა ნივთიერ მტკიცებულებას და, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი, მიეცა თანხმობა ამ ნივთის დათვალიერებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედების - ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების დროს დაშვებული პროცესუალური დარღვევები, ერთობლიობაში აღებული, უკარგავს მას სანდოობას და ლეგიტიმაციას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).

 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მათი ერთობლივი ანალიზით ცალსახად ვერ დადგინდა, რომ ა--- ნ-------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა---ტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაში, რაც შეიძლება, გამოიხატოს უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის სპეციალური ადგილსამყოფელის მიჩენაში. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უკანონოდ შენახვად მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა დიდი ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში. დასჯადია ნარკოტიკული საშუალების არა კანონიერი, არამედ უკანონო შემოტანა, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამ შემთხვევაში უტყუარად უნდა იქნას დადასტურებული, რომ დანაშაულის სუბიექტის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოხდა ნარკოტიკული საშუალების გადმოტანა ან/და ეს ქმედება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა. ეს დანაშაული დამთარებულია, როცა პირი მოახერხებს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას და ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა დიდი ოდენობით.

 

რაც შეეხება ამ დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი, არ ყოფილა მოპოვებული და ფიქსირებული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვი იმის თაობაზე, თუ სად, როდის, როგორ, ვისგან და რა პირობებში მოხდა ნივთიერი მტკიცებულების პროცესუალური დამაგრება, რაც მთლიანობაში უკარგავს მათ სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტებს, რის საფუძველზე გამორიცხულია გონივრულ ეჭვს მიღმა ანუ ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით სასამართლოს დარწმუნება პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ა--- ნ-------–---–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისი გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს------ო ფ–----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ა--- ნ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ა--- ნ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა--- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ ა--- ნ-------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ.თეთრაული