განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
190310016001482552
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310016001482552

საქმე №3ბ/442-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ--------ნი“

წარმომადგენლები - დ----------–----–-–---–ი, გ------------–---–ი

 

მესამე პირი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წარმომადგენელი - გ---------–-----ა

 

მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------ნის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას შპს ,,დ--------ნის“ სასარგებლოდ დაეკისრა 260 000 ლარის გადახდა; მოპასუხე სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას შპს ,,დ--------ნის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების - 5719.64 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2015 წლის 24 აპრილს სსიპ ეროვნულმა სატყეო სანერგე მეურნეობამ N0---- წერილით მიმართა შპს ,,დ--------ნს“, სადაც აღნიშნულია, რომ შპს დ--------ნმა“ 2 ჰა მიწაზე მოახდინა ბალახის დათესვა და უზრუნველყო მისი სისტემატური რწყვა, სასუქის შეტანა, გაკრეჭვა და აშ. და მოთხოვნილ იქნა წარდგენილ სიტუაციურ ნახაზზე დაკავებული 2ჰა ფართობის მდებარეობის დაზუსტება. პასუხად, მოსარჩელემ წერილით მიუთითა მის მიერ დაკავებული ფართობის მდებარეობა.

 

2.2. 2015 წლის 12 ივნისს შპს ,,დ--------ნმა“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, კერძოდ, შპს ,,დ--------ნის“ კუთვნილი რულონური გაზონის მოსაჭრელად და გამოსატანად ტერიტორიაზე დაშვება. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,დ--------ნმა“ მოითხოვა კუთვნილი რულონური გაზონის მოვლის მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაშვება და ამ უკანასკნელისთვის რულონური გაზონის გადახვნის აკრძალავა.

 

რუსთავის საქალაქო სასამრთლოს 2015 წლის 15 ივნისის N2------- განჩინებით უზრუნველყოფა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ და 2015 წლის 14 ივლისის N2--------- განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

2.3. 2015 წლის 23 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ასევე სსიპ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა შპს ,,დ--------ნი“ დაეშვათ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, საკუთარი ხარჯებით რულონური გაზონის აუცილებელი მოვლის მიზნით, რათა თავიდან აცილებულიყო რულონური გაზონის მიზანმიმართული განადგურება. აღნიშნული არ განხილულა სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიერ.

 

2.4. 2015 წლის 14 ივლისის N2--------- განჩინებით მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის დაშვება ტერიტორიაზე, კუთვნილი რულონური გაზონის მოვლის მიზნით. განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 16 ივლისს.

 

2.5. შპს ,,დ--------ნი“ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კუთვნილი რულონური გაზონის ნათესის მოვლა-პატრონების მიზნით დაშვებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით, თუმცა მოსარჩელემ ტექნიკა ბალახის გასათიბად ვერ მიიყვანა 2017 წლის 26 ივლისამდე, რადგან იყო წვიმიანი და ნალექიანი ამინდი.

 

2.6. 2015 წლის 29 ივლისს შპს ,,დ--------ნმა“ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მისი კუთვნილი რულონური გაზონის მდგომარეობის შეფასება, რაზედაც 2015 წლის 18 აგვისტოს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა N0--------. დასკვნის მიხედვით, გარდაბნის რაიონში, სოფელი სართიჭალა, სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შპს ,,დ--------ნის“ იჯარით აღებულ 2 ჰა ფართობზე, ნათესარი ბალახის ,,რულონური კოინდარის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.“ საკვლევი ობიექტის ადგილზე გამოკვლევით დადგინდა, რომ ნათესარი გაუხეშებულია, ჩაწოლილია, გადაზრდილია, ნათესარში ამოსულია სხვადასხვა სარეველა ბალახი. ჩაწოლილი კოინდარის ნათესარი ბალახის სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 45-105 სმ, სარეველა ბალახების სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 145-152 სმ. ნაწილობრივ შემხმარი, მოყვითალო ღია მწვანე ფერის.

 

2.7. 2015 წლის 08 ოქტომბერს შპს ,,დ--------ნმა“ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მისი კუთვნილი რულონური გაზონის მდგომარეობის შეფასება, კერძოდ, მითითებულ ფართობზე - 20000 მ2-ზე არსებობს თუ არა რულონური გაზონის (კოინდარი) ნათესარი სარეალიზაციო სახით, რაზეც 2015 წლის 20 ნოემბერს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა N0-------5. დასკვნის მიხედვით, ობიექტის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნათესარი ბალახი, ბუნებრივად ამოსულ სხვადასხვა სარეველებთან ერთად გადაზრდილია, ჩამხმარია. ბალახის რულონური კოინდარის ნათესარში სარეველების ინტენსიური განვითარების, ბალახის მოვლის ღონისძიებების რეკომენდირებულ აგროვადებში შეუსრულებლობის გამო, ბალახის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის რულონური გაზონის კოინდარის სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. სხვადასხვა სარეველა ბალახების მიერ ნათესარი გადაფარულია, რითაც გამოწვეულია ფესვთა სისტემის ინტენსიური დაზიანება სოკოვანი ინფექციებით (განვითარებულია ფესვთა სისტემის ლპობა).

 

2.8. სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სამართალმემკვიდრეს.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.9. 2013 წლის 02 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო იჯარა - მოსამხურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,დ--------ნს“ რულონური გაზონის - დეკორატიული ბალახის მოსაყვანად იჯარით გადაეცა 2 ჰა მიწის ნაკვეთი. საიჯარო ქირა 1 ჰა-ზე განისაზვრა 600 ლარით, სულ 1200 ლარით, რომელიც შპს ,,დ--------ნის” მიერ გადახდილ იქნა დროულად და სრულად. ხელშეკრულების დადება შეთანხმებული იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და მის მიზანს იმავდროულად წარმოადგენდა რულონური გაზონის წარმოების გამოცდილების დანერგვა.

 

2.10. 2013 წლის სექტემბერში შპს „დ--------ნმა“ იჯარით აღებულ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე დათესა ევროპული სტანდარტის რულონური გაზონის/დეკორატიული ბალახის თესლი. 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც მოვიდა დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მოჭრის დრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მითითებით დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მწარმოებლებს სრულიად უსაფუძვლოდ აეკრძალათ მისი მოჭრა. რის შემდეგაც, დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად შეექმნათ ა(ა)იპ ,,გ--–----------------------------–-----–------–----------–--ა“ ასოციაცია, რომელმაც ჯერ კიდევ 2014 წლის 19 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სთხოვა საკითხში სიღრმისეული გარკვევა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა, რაზედაც ასოციაციას პასუხი არ მიუღია.

 

2.11. 2014 წლის 24 სექტემბერს ასოციაციის დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სთხოვა დახმარება საკითხის გარკვევაში. აღნიშნული წერილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“, რომელმაც, თავის მხრივ, 2014 წლის 07 ოქტომბერს N0---------- წერილით მიზანშეწონილად მიიჩნია წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა, რომლებსაც არანაირი დასკვნა არ შეუდგენიათ.

 

2.12. 2014 წლის 07 ნოემბერს მოსარჩელემ წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და მოითხოვა საკითხში გარკვევამდე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე საიჯარო ვადის გაგრძელება, რათა არ მომხდარიყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული მისი კუთვნილი ქონების განადგურება, რაზედაც უარი განუცხადეს.

 

2014 წლის 07 ნოემბერს შპს ,,დ--------ნმა” მეორე წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და მოითხოვა საკითხში გარკვევა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბალახის წარმოებით არ ზიანდებოდა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, ის მზად იყო ასეთი დაზიანების შემთხვევაშიც კი ნიადაგისთვის ჩაეტარებინა სათანადო რეკულტივაცია. აღნიშნულის პასუხად, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკითხის შეუსწავლელად მინისტრს აცნობა, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანება არის კანონის დარღვევა.

 

2.13. 2015 წლის 19 მარტს შპს ,,დ--------ნმა” მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც 2015 წლის 05 მაისს გასცა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა მასზედ, რომ აღნიშნული დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის წარმოებისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენა არათუ ზიანდება, არამედ ორგანული ნივთიერების ,,ჰუმუსის“ შემცველობა ბუნებრივ კორდთან შედარებით გაზრდილია 1.17%-ით და შესაბამისად ბალახის ,,რულონური კოინდარის“ რეალიზაციის შედეგად აღნიშნული ფართობი დამატებით სარეკულტივაციო ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს. საექსპერტო კვლევის დროს ასევე გამოყენებულ იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი დაცვის ლაბორატორიის კვლევის შედეგები. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, 1 კვ.მ ბალახის ,,რულონული კონდრის“ საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2 ჰა მიწის ფართობზე ბალახის ,,რულონური კონდრის“ საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 260000 ლარს.

 

2.14. შპს ,,დ--------ნმა” 2015 წლის 20 მაისს წერილით კვლავ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა და სთხოვა საკითხით დაინტერესება და დახმარება, რათა მომხდარიყო სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან შპს ,,დ--------ნის“ კუთვნილი ზონების (რულონური გაზონი) გატანა, თუმცა აღნიშნულ წერილზე შპს ,,დ--------ნს” პასუხი არ მიუღია.

 

2.15. საგადასახადო ომბუდსმენის 2015 წლის 07 აპრილის N0-------- და 17 აპრილის N0-------- წერილებზე, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა 2015 წლის 23 აპრილის N1-------- და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა 2015 წლის 29 ივლისის N0----- წერილებით უპასუხა, რომ რულონური გაზონის (ბალახის) ბუნებრივი გზით წარმოების დროს ნიადაგის თვისებები არ უარესდება და მეცნიერული თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგებიან ბუნებრივი გზით მიღებული ბალახის კორდის მოჭრას.

 

2.16. 2015 წლის 26 ივლისს შპს ,,დ--------ნის“ დირექტორმა დ----------–----–-–---–მა სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კუთვნილი რულონული გაზონის (კოინდარის) აუცილებელი გათიბვის მიზნით მიიყვანა სათიბიანი ტრაქტორი, თუმცა იმის გამო, რომ რულონური გაზონი (დეკორატიული ბალახი) იყო გამხმარი და ჩაწოლილი, მისი გათიბვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

2.17. სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციამ მოსარჩელის კუთვნილი რულონური გაზონის ნათესარიდან 2015 წლის გაზაფხულზე რულონური გაზონის კორდი მოჭრა და გადაიტანა ადმინისტრაციული შენობისა და აუზის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად.

 

2.18. 2015 წელს სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა და ძალისხმევისა, ვერ შეძლო რულონური გაზონის მოყვანა შპს ,,დ--------ნის“ მეთოდოლოგიისგან განსხვავებული მეთოდით. მათი მცდელობა რულონური გაზონი ეწარმოებინათ ნიადაგზე დაფენილ ბადეზე კოინდარის დათესვით, უშედეგო აღმოჩნდა.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება. მხარეებს შორის საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით წარმოიშვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

3.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 361-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-2 პუნქტის საფუძველზე იჯარით აღებული სახელმწიფო მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარეს უხდის იჯარის ქირას. მისი ოდენობა დადგენილია ხელშეკრულების 4.4. პუნქტით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა განმარტავს თუ რა შეიძლება იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზიანი. იმისათვის, რომ კრედიტორმა შეძლოს ზიანის გამო დავა, სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა ერთობლიობაში: 1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და 2) უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ხოლო ამავე კოდექსის 564-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. მითითებული კოდექსის 589-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის; იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეს წესები გამოიყენება მაშინაც, როცა საიჯარო ურთიერთობა შეიძლება მოიშალოს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

 

სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის განმარტება, რომ სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობასა და შპს ,,დ--------ნს“ შორის 2013 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომლის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას არეგულირებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. მოპასუხე მხარეს არ მოუმართავს 2013 წლის 2 სექტემბრის იჯარა-მომსახურების ხელშეკრულება ბათლად ცნობის თაობაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მიხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ განმარტებულია ტერმინები: ნიადაგის ნაყოფიერი ფენა და რეკულტივაცია - სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული (დეგრადირებული) მიწების აღდგენა პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე. ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ეხება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოადგინოს რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ ადგილმდებარეობისა და ნიადაგის მოცულობის მითითებით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის თანახმად, შპს ,,დ--------ნის“ მიერ ,,ბალახის ,,რულონური კოინდარის“ რეალიზაციის შედეგად აღნიშნული ფართობი დამატებით სარეკულტივაციო ღონისძიების ჩატარებას არ საჭიროებს პირვანდელ მდგომარეობასთან შედარებით.“

 

ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ცალსახად და ხაზგასმით უთითებს, რომელი მიწები ექვემდებარება რეკულტივაციას, ამ ჩამონათვალში რეკულტივაციას ექვემდებარება მხოლოდ შემდეგი მიწები: ა) წიაღით სარგებლობის, მათ შორის მიწისქვეშა ობიექტების და კომუნიკაციების მშენებლობისას, ექსპლუატაციისა და კონერვაციის (შახტების, გამონამუშევარის, საცავების, მეტროპოლიტენის, საკანალიზაციო ნაგებობების და სხვა) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ღია ან მიიწისქვეშა მეთოდით დამუშავების შემთხვევაში ლიცენზიის პირობების შესაბამისად; ბ) მილსადენების გაყვანა, სამშენებლო, მელიორაციული, ტყის დამზადების, გეოლოგიური სადაზვერვო, საექსპლუატაციო, საპროექტო-საძიებო, საველე და ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებით სხვა სამუშაოების ჩატარება; გ) მრეწველობის, სამხედრო, სამოქალაქო და სხვა ობიექტების ნაგებობების ლიკვიდაციის შემთხვევებში; დ) ნიადაგის დაბინძურების შედეგების ლიკვიდაცია, თუ მათი აღდგენის პირობები მოითხოვს მიწისზედა ნაყოფიერი ფენის მოხსნას; ე) მრეწველობის საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების დასაწყობება და დამარხვა სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში.

 

ზემოაღნიშნული რეგლამენტის მიხედვით, რულონური ბალახის წარმოება არ იწვევს ნიადაგის დეგრადაციას და აღნიშნული ნიადაგი არ საჭიროებს რეკულტივაციას, გაზონის წარმოების შედეგად არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და შპს ,,დ--------ნი“ არ საჭიროებდა არანაირი სახის ნებართვის მიღებას.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა არის დისკრეციული უფლებამოსილების სწორი განხორციელება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. დისკრეციული უფლებამოსილების სწორი განხორციელება კი სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის თანამედროვე მოდელის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, ქართული ადმინისტრაციული სამართლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილებისა და მისი განხორციელების პროცესში დაშვებულ შეცდომათა კვლევა და პრევენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. ამდენად, ჩნდება კითხვა რა არის ის კრიტერიუმი, ის სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება განვსაზღვროთ საქართველო ჩამოყალიბდა ან ყალიბდება თუ არა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ. ეფექტური მმართველობის ერთ-ერთ სამაგალითო გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება. ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება და თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი ეფექტური მმართველობისთვის. დისკრეციულ უფლებამოსილებასთან ერთად, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ უკანასკნელის კონტროლს. ვინაიდან ასეთ დროს არსებობს ორი საფრთხე: ა) კონტროლის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების მთავარი თვისების (არჩევანის თავისუფლების), შესაბამისად ეფექტურობის დაკარგვისა და ბ) კონტროლის დაბალი ინტენსივობისას კი ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიების ადრესატთა უფლებების დარღვევისა. რაც უფრო შეზღუდულია ადმინისტრაციული აქტების სასამართლო კონტროლი, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ განახორციელა შემდეგი პროცესუალური მოქმედებები: შეტყობინება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილი); გასაჩივრებული აქტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილი); ზეპირი მოსმენის დანიშვნა და ჩატარება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილი და 199-ე მუხლი); ყველა დაინტერესებული მხარისათვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილი); საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, შეფასება და ურთიერთშეჯერება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები); საჩივრის განხილვა კანონით დადგენილ ვადაში (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი); გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი ფორმით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლები); იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან მისი შესაბამისი ნორმის მითითება, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის53-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია საჩივართან დაკავშირებული წარმოება და არ შეუსრულებია კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება, რაც სწორედ, საქმესთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევას ემსახურება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო - მოპასუხე ვალდებული იყო მოქმედებები კანონით დადგენილ ფარგლებში განეხორციელებინა. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხს წერილის სახით აცნობებს დაინტერესებულ პირს, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს სწორ სამართლებრივ რეაგირებად, მით უფრო, მათი შინაარსისა და ფორმის გათვალისწინებით, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილებებად. ეს უკანასკნელი უთუოდ უნდა ასახავდეს საჩივრის განხილვის შედეგს, შეიცავდეს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას, იყოს ცალსახა და ცხადი.

 

საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს აქტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით ის უნდა შეიცავდეს სათაურსა და სახეს. გარდა ამისა, კოდექსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის აწესებს გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესის მითითების მოთხოვნას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ იქნა დაცული. აღნიშნული „პასუხები“ ასევე არ შეიცავს სავალდებულო დასაბუთებას, იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებსაც დაეფუძნა აქტი. აქტის დასაბუთებულობა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, რომელიც რამდენიმე მიზანს ემსახურება: უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს; მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას. მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღიარებს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ გარანტიებს ქმნის დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელებისათვის. სასამართლოს დაცვა კი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება.

 

ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც სათანადო წესით ვერ ახდენენ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, წარმოადგენენ მნიშვნელოვან დაბრკოლებას დარღვეული უფლების აღდგენის დროულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“. საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი ნორმატიული აქტის შემუშავებისას შებოჭილია ძირითადი უფლებების პატივისცემისა და თანაზომიერების პრინციპების მოთხოვნებით. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” . სასამართლო აქვე გვთავაზობს უფლებათა დაცვის მეორე ტესტს: „ ... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“ შესაბამისად, მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება გამართლდეს ჩარევა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ პირთა თანამდებობაზე გარკვეული ვადით განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.“

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩარევა და სტაბილურობის დარღვევა იმგვარი ფორმით უნდა მოხდეს, რომ დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის პირთა ლეგიტიმური მოლოდინები და არ შეირყეს მათი ნდობა არსებული კანონმდებლობის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ამრიგად, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობას შპს „დ--------ნის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 260000 ლარის ოდენობით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაიცა ექსპერტის დასკვნა N0-------- და შეფასდა რულონური გაზონის მდგომარეობა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო მხოლოდ ერთი კითხვა, რომ შეფასებულიყო საწარმოს მიერ წარმოებული რულონური გაზონის მდგომარეობა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „რულონური კოინდარის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტის წინაშე არ ყოფილა დასმული საკითხი, რულონური გაზონი სარეალიზაციოდ იყო თუ არა ვარგისი და მისი მოვლის პირობებში შესაძლებელი იყო თუ არა მისი საბაზრო ღირებულების შენარჩუნება.

 

შპს „დ--------ნის“ მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილ განცხადებაში (1---------. 29.07.2015 წ.) განმცხადებელი ითხოვს დასკვნას შემდეგ კითხვებზე: „1. „რულონურმა გაზონმა“ არსებული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება თუ არა დაიბრუნოს სარეალიზაცო სახე? 2. რა სახის ღონისძიებები და რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნულ ბალახს დაუბრუნდეს სარეალიზაციო მდგომარეობა? 3. გთხოვთ, განგვისაზღვროთ გაცემული რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი და ხარჯების ოდენობა (ხარჯთაღრიცხვა).“ აღნიშნული განცხადების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაცემულ ექსპერტის N0-------- დასკვნაში არ არის გაცემული პასუხი ამ კითხვებზე და პასუხი გაცემულია შემდეგ კითხვაზე - „გთხოვთ შემიფასოთ ჩემ მიერ წარმოებული რულონური გაზონის მდგომარეობა".

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულება და ჩათვალა, რომ 2015 წლის ივლისის მდგომარეობით ბალახოვანი მოლი იყო სარეალიზაციოდ უვარგისი. ექსპერტის დასკვნაში კი აღნიშნული იყო, რომ ამ დროისთვის მოლის მდგომარეობა იყო „არადამაკმაყოფილებელი". მასში არ იყო აღნიშნული, რომ იგი იყო სარეალიზაციოდ უვარგისი ან მისთვის სარეალიზაცო სახის დაბრუნება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, დასკვნიდან გამომდინარეობდა, რომ ინტენსიური მოვლის პირობებში შესაძლებელი იყო მისი სარეალიზაციოდ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მოყვანა. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 5 მაისის 0-------- დასკვნაში აღნიშნულია, რომ რულონური გაზონის მდგომარეობა არის დადებითი, იგი არის სარეალიზაციოდ ვარგისი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში - 3 თვეში (2015 წლის 5 მაისიდან 14 ივლისამდე) ასეთ საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი რულონური გაზონი ვერ გახდებოდა სარეალიზაციოდ უვარგისი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 20 ნოემბერს გაიცა ექსპერტის დასკვნა 0-------5. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვა - „20 000 კვ.მ ფართობზე არსებობს თუ არა რულონური გაზონის ნათესარი სარეალიზაცო სახით და თუ არსებობს, დაგვიდგინოთ მისი სარეალიზაციო ღირებულება.“ ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ „რულონური კოინდრის" მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. ექსპერტიზის წინაშე არ ყოფილა დასმული საკითხი, ინტენსიური მოვლის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა მისი სარეალიზაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. შესაბამისად, ექსპერტი არ შეეხო აღნიშნულ საკითხს. სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული მტკიცებულება და ჩათვალა, რომ 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბალახოვანი მოლის სარეალიზაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელი იყო.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინება. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ რულონური გაზონის მოვლის ვალდებულება 2015 წლის 14 ივლისის შემდეგ ეკისრებოდა სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას და მის გაუვარგისებაზე პასუხისმგებელი იყო მეურნეობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე მისი მოვლის ვალდებულება ეკისრებიდა შპს „დ--------ნს“. მოპასუხის მიერ განჩინების ჩაბარების შემდეგ (16.07.2015) მოხდა შპს „დ--------ნის“ წარმომადგენლის დაშვება მეურნეობის ტერიტორიაზე და მათ მიერ არ განხორციელდა რულონური გაზონისთვის აუცილებელი სამუშაოები. სასამართლომ არასწორად შეაფასა მექანიზატორის - ბ-----------–---–ის ჩვენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სათიბიანმა ტრაქტორმა ვერ შეძლო ბალახის გათიბვა, რადგან იგი იყო დაწვენილი ანუ ჩაწოლილი და გათიბვისთვის დაზიანებული". სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ტერიტორიის გათიბვა საერთოდ შეუძლებელი იყო. ტერიტორიის გათიბვა შესაძლებელი იყო სხვა ტექნიკის გამოყენებით, ასევე ხელით. მექანიზატორის ჩვენებაში არ იყო მითითებული, რომ გათიბვა საერთოდ იყო შეუძლებელი ან სხვა დროს იყო შეუძლებელი. ფაქტობრივად გათიბვა იყო შეუძლებელი კონკრეტულად მის საკუთრებაში არსებული სათიბელით და იმ დროს, ვინაიდან ტერიტორია იყო უსწორმასწორო, ნამიანი და სათიბელა თიბვის დროს ეხებოდა მიწას. იქმნებოდა სათიბელას დაზიანების საფრთხე. აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეწყვიტა მექანიზატორმა თიბვა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ტერიტორიიდან რულონური გაზონის მოხსნა უვარგისს არ გახდიდა მის მდგომარეობას. ვინაიდან ტერიტორია იყო უსწორმასწორო და რულონური გაზონის წარმოება მოხდა ნაწილობრივ უსწორმასწორო ნიადაგზე, მისი აღებისას გარკვეულ მონაკვეთებზე საჭირო გახდებოდა 10 სმ-ზე მეტი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, რაც გამოიწვევდა ნიადაგის დეგრადაციას, გაუვარგისებას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლით. მოწმემ - ექსპერტმა სასამართლოსადმი მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ გაუვარგისებას არ გამოიწვევს იმ მიწის მოხსნა, რაც ფაქტობრივად მიჰყვება ტერიტორიაზე მოყვანილ პროდუქციას.

სსიპ ეროვნულმა სატყეო სანერგე მეურნეობამ განიხილა შპს „დ--------ნის“ 2015 წლის 24 ივნისის N12--- განცხადება და ვინაიდან საქმე იყო სასამართლოს განსჯადი და რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო საქმე, დაუბრუნდა განმცხადებელს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოში „დ--------ნის" მიერ დაყენებული იყო აღნიშნულის სახის შუამდგომლობა და შუამდგომლობას განიხილავდა სასამართლო.

 

აპელანტი მიუთითებს, წარმოდგენილი ფოტომასალა არ ადასტურებს, რომ რულონური გაზონი მოჭრილია აღნიშნულ ტერიტორიაზე.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, შპს „დ--------ნი“ ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილ სარჩელში, კითხვაზე, გამოიყენა თუ არა სასამართლოსთვის მიმართვამდე ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა, ერთდროულად აღნიშნავს ორივე გრაფას: „არა“ და „დიახ.“ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული მტკიცებულება, როდის გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელი გარემოებების დადასტურება (აღიარება) მოხდა მეურნეობის მხრიდან. ასევე, დაუსაბუთებელია მხარეთა შორის 2013 წლის 2 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა-მომსახურების ხელშეკრულების დადებულად და იურიდიული ძალის მქონედ მიჩნევა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი, 24-ე მუხლი, 262 მუხლის მეორე ნაწილი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დასაშვებად იქნა ცნობილი. საქმის განხილვა დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარმოებაში მიღებამდე იხილებოდა სამოქალაქო წესით, რომლის მოთხოვნა იყო ვალდებულების შესრულება - მოსარჩელეს მისცემოდა „რულონური გაზონის" გატანის უფლება. ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენისას კი (5.09.2016) მოსარჩელის მოთხოვნა იყო ზიანის ანაზღაურება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

 

სასამართლოში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-5 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შპს „დ--------ნის“ მიერ სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობაში არ შესულა განცხადება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. მეურნეობის მიერ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და აღნიშნული უარი არ გასაჩივრებულა ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა, სასამართლოს განჩინებით უნდა შეწყვეტილიყო აღნიშნული საქმის წარმოება.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტები, 36-ე მუხლის მეორე პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის მე-3 ნაწილი და 317-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ იურიდიული ძალის მქონედ ჩათვალა მხარეთა შორის 2013 წლის 2 სექტემბერს დადებული იჯარა-მომსახურების ხელშეკრულება. სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის პოზიცია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და არ ჰქონდა იურიდიული ძალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის 2013 წლის 2 სექტემბერს დადებული იჯარა-მომსახურების ხელშეკრულება არ გაუქმებულა, მას აქვს იურიდიული ძალა.

 

იჯარის ხელშეკრულებები, თუ იგი დადებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ძალაში შედის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ" 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს. საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ხელშეკრულებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა და მოპასუხეს არ ჰქონდა მისი არარად ცნობის ინტერესი.

 

აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას (სახელმწიფო ქონების მოსარგებლეს) არ ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის უფლება კონკურსის გარეშე, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე. კონკურსის გარეშე ქონების გადაცემა საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. აპელანტი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის 247 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა უფლება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. სამინისტროს კი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა არ გაუცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა, იყო კანონსაწინააღმდეგო და მისი შეუსრულებლობისთვის მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სადავო შემთხვევაში არ არსებოდა იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება და აპელანტის ბრალი ზიანის დადგომაში არ იკვეთება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი (დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში). „რულონური გაზონი“, ექსპერტიზის 2015 წლის 5 მაისის დასკვნის შესაბამისად, იყო სარეალიზაციოდ ვარგის მდგომარეობაში. შესაბამისად, 2015 წლის ივლისის თვეში იგი ასევე იყო სარეალიზაციოდ ვარგისი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე კი მისი მოვლის ვალდებულება ეკისრებიდა შპს „დ--------ნს“. შპს „დ--------ნის“ მიერ არ განხორციელდა „რულონური გაზონის" მოვლითი, გათიბვის სამუშაოები. „რულონური გაზონის" მდგომარეობის გაუარსება გამოიწვია შპს „დავითაინნის“ უმოქმედობამ - თავიდან აეცილებინა ზიანი, განეხორციელებინა „რულონური გაზონის" მოვლისთვის საჭირო სამუშაოები. მისი გათიბვა არ იყო შეუძლებელი. შპს „დავითაინნის“ მიერ „რულონური გაზონის" ნაწილის გათიბვა განხორციელდა 2015 წლის 29 ივლისს, 10-15 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ მათ მიერ გათიბვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობს მისი კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობა და მიზეზობრივი კავშირი უმოქმედობასა და დამდგარ ზიანს შორის. ბრალის გარშე პასუხისმგებლობას კი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 314-ე მუხლი, რადგან იგი ამოღებულია კოდექსიდან 2007 წლიდან. (საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი N4744 - სსმ I, N18, 22.05.2007წ., მუხ.158) , ასევე, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე, 614-ე, 417-ე, 420-ე, 564-ე, 581-ე მუხლები, რადგან შპს „დ--------ნსა" და სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, იგი არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არ იყო ძალაში შესული, ხელშეკრულებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა. შესაბამისად, მხარეთა შორის არ არსებობდა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა. იჯარის ხელშეკრულება აპელანტის მხრიდან დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან მას არ ჰქონდა უფლება, სარგებლობაში გაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე. მოპასუხეს დებულებით არ ჰქონდა „რულონური გაზონის" წარმოების უფლება ხელშეკრულების დადების დროს. გარდა ამისა, იჯარის ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელი იყო ფაქტობრივი მიზეზების გამო, რადგან იჯარის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული მეურნეობის სარგებლობაში არსებული ტერიტორიდან კონკრეტულად რომელი 2 ჰა მიწის ნაკვეთი გაიცა სარგებლობაში. მეურნეობის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების შესრულება გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მეურნეობას არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში შესული. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მუხლები.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლები, რადგან მათ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. მოსარჩელე არ ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 194-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 184-ე მუხლის პირველი ნაწილი, 110-ე მუხლის პირველი ნაწილი, 199-ე მუხლი, 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, 201-ე და 202-ე მუხლები, შპს „დ--------ნს" ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია განცხადება ან საჩივარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი. სასამართლომ დადებულად ჩათვალა სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას და შპს „დ--------ნს" შორის 2013 წლის 2 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა-მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას იჯარის საგანზე, მეურნეობის სარგებლობაში არსებულ 100 ჰა-მდე ტერიტორიიდან კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთი იყო იჯარის საგანი. აღნიშნული ხელშეკრულების 1.4 პუნქტის შესაბამისად, ქონება უნდა გადასცემოდა შპს „დ--------სს“ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, თუ რომელი მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „დ--------ნს“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5.1.1. 2013 წლის 2 სექტემბერს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობასა (მეიჯარე) და შპს „დ--------ნს“ (მოიჯარე) შორის დაიდო იჯარა-მომსამხურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,დ--------ნს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. საიჯარო ქირა 1 ჰა-ზე განისაზღვრა 600 ლარით, სულ - 1200 ლარით.

 

ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მეიჯარეს, რომელმაც მოიჯარეს ქონება უნდა გადასცეს შემდეგ მდგომარეობაში: „უნდა იყოს გაკულტურებული და ერთწლიანი მცენარეების დასათესად გამოსადეგი.“ (ხელშეკრულების 1.5. პუნქტი). ამასთანავე, მოიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ქონება მეიჯარეს ამავე პირობების შესაბამისად დაუბრუნოს. (ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 1.6. პუნქტის შესაბამისად, ქონება გამოყენებული უნდა იქნეს ერთწლიანი კულტურების დასათეს ტერიტორიად.

 

ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ მეიჯარე ვალდებულია, ხელი შეუწყოს ნათესი ფართობის მორწყვასთან დაკავშირებული მოვლითი სამუშაოების უზრუნველყოფას, მინერალური და ბუნებრივი სასუქების შეტანას და ნათესი ფართობის გათიბვას.

 

ხელშეკრულების ვადის დასაწყისად განისაზღვრა 2013 წლის 1 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 2014 წლის 1 სექტემბერი. (ტ. 1, ს.ფ. 19-21).

 

5.1.2. 2013 წლის 24 ოქტომბერს შპს „დ--------ნის“ მიერ სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისთვის გადახდილია იჯარის საფასური - 1200 ლარი. (ტ. 1, ს.ფ. 22).

 

5.1.3. 2014 წლის 13 ივნისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იქნა ა(ა)იპ გ--–----------------------------–-----–------–----------–--ა ასოციაცია. ორგანიზაციის წევრები არიან: შპს „მ---–--, შპს „ა-–-----, შპს „დ--------ნი“ და შპს „ა----------------------ი“. (ტ. 1, ს.ფ. 23-24).

5.1.4. 2014 წლის 19 ივნისს გ--–----------------------------–-----–------–----------–--ა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, დახმარების გაწევის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც აიკრძალა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრა (31.12.2013 წლის N415 დადგენილება). განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოინდარი ასცოციაციის წევრებმა დათესეს 2013 წლის დეკემბრამდე, მათთვის ცნობილი არ იყო რაიმე აკრძალვის შესახებ და აწარმოებდნენ პროდუქციას. ამასთანავე, კოინდარის მოჭრის დროს ნიადაგის ნაყოფიერი ფენა აიღებოდა, დაახლოებით, ერთი სანტიმეტრი, რაც ზიანს არ აყენებდა ნიადაგს. განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმოები აპირებდნენ ამ საქმიანობის გაგრძელებას, მზად იყვნენ სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის და გაითვალისწინებდნენ შეთავაზებულ კვალიფიციურ მეთოდოლოგიას, რომლის გამოყენებითაც არ დაზიანდებოდა არც ნიადაგის საფარი და არ დაზარალდებოდა მეწარმე (ტ. 1, ს.ფ. 25).

 

5.1.5. 2014 წლის 24 სექტემბერს გ--–----------------------------–-----–------–----------–--ა ასოციაციის დირექტორმა დახმარების გაწევის მოთხოვნით წერილით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. წერილის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილების საფუძველზე საწარმოების მუშაობა შეჩერებულ იქნა იმ მიზეზით, რომ ზიანს აყენებდნენ მიწის საფარს. ამასთანავე, ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების საქმიანობა შეესაბამებოდა მსოფლიოში დადგენილ პრაქტიკას. განცხადების მიხედვით, დარგის სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ბალახის მოყვანის მითითებული ტექნოლოგია უსაფრთხოა და აჯანსაღებდა კიდეც ნიადაგს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აგრარულ მრეწველობას მკაცრი სეზონური გრაფიკი აქვს, თუ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ბალახი დათესილი არ იქნებოდა, მომავალი წელიც დაიკარგებოდა, რაც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბიზნესს დააზარალებდა, არამედ შეაფერხებდა პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების მშენებლობას. განცხადებით მოთხოვნილ იქნა მონიტორინგის რეჟიმში საქმიანობის გაგრძელების ნების დართვა, ხოლო მომავალი წლიდან მუშაობას გააგრძელებდნენ იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების მიხედვით, რასაც შესაბამისი ორგანოები დაადგენდნენ.

 

აღნიშნული წერილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ 2014 წლის 25 სექტემბერს №M------------- მიმართვით შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა სსიპ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. მიმართვაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკითხის დეტალური შესწავლის მიზნით უნდა შექმნილიყო შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების მქონე საექსპერტო ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლიდა მიმდინარე ვითარებას და მოძებნიდა პრობლემის გადაჭრის გზებს „ნიადაგის დაცვის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით. მიმართვის მიხედვით, სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველო ასევე გამოთქვამდა მზადყოფნას საკითხთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე.

 

ზემოაღნიშნული მიმართვის პასუხად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის N0---------- წერილით სოფლის მეურნეობის მინისტრს ეცნობა, რომ წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა, რომელშიც სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებთან ერთად განიხილავდნენ წამოჭრილ პრობლემებს. ასევე, ცენტრიდან ამ საექსპერტო ჯგუფის დასაკომპლექტებლად წარდგენილ იქნენ კონკრეტული პირები. (ტ. 1, ს.ფ. 26; 33-34).

 

5.1.6. შპს „დ--------ნის“ დირექტორმა 2014 წლის 7 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს წერილით მიმართა, რომლითაც საკითხში გარკვევამდე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა, რადგან ერთჯერადად მოჭრის ნებართვის მიღებამდე არ მოხსნა კოინდარი, ხოლო იჯარის ხელშეკრულება დასრულდა, რის გამოც შიშობდა, არ მომხდარიყო მისი ქონების განადგურება. წერილში მითითებულია, რომ საწარმოს კულტურის მოყვანასა და მოვლა-პატრონობაზე დახარჯული აქვს 45000 ლარი. (ტ. 1, ს.ფ. 35).

 

5.1.7. 2014 წლის 7 ნოემბერს შპს ,,დ--------ნმა” წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხში გარკვევის მოთხოვნით. განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებს, რომელზეც გამოითქვა დახმარების მზაობა, კომპანიისთვის მიეცათ ერთჯერადად ნაწარმოები გაზონის მოჭრის უფლება, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო გაცემული ასეთი ნებართვა. განცხადების ავტორმა მოითხოვა, შესაბამისი უწყებიდან გამოეყოთ სპეციალისტები, ვინც დააკვირდებოდა, რა ფორმით ახდენს საწარმო გაზონის მოხსნას, რაც არ აზიანებს ნიადაგის ნაყოფიერი ფენას. ამასთან, საწარმომ გამოთქვა მზაობა, ზიანის დადგენის შემთხვევაში ნიადაგისთვის ჩაეტარებინა სათანადო რეკულტივაცია. ამავე განცხადებაში მოთხოვნილია სპეციალისტების მიერ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზნით სათანადო მეთოდოლოგიის შემუშავება. (ტ. 1, ს.ფ. 38-39).

 

5.1.8. შპს „დ--------ნის“ 2014 წლის 7 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის 2 დეკემბრის წერილით ამავე სამინისტროს ეცნობა, რომ ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალებოდა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობისთვის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 512 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, დეპარტამენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩართულიყო საკითხის გადაწყვეტასა და საკანონმდებლო რეგულაციების მომზადებაში. (ტ. 1, ს.ფ. 40).

 

5.1.9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2015 წლის 26 იანვრის N403 წერილით შპს „დ--------ნის“ დირექტორს ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილ 2014 წლის 7 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით განემარტა, რომ 2013 წლის 2 სექტემბერს ხელშეკრულება დაიდო სამართლებრივი აქტების გათვალისწინების გარეშე და საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. კერძოდ, წერილში მითითებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომ კონკრეტული ხელშეკრულება საჭიროებდა საქართველოს მთავრობის თანხმობას.

 

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 მაისის N113 ბრძანება. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია მოქმედებდა ხელშეკრულების დადების მომენტისთვისაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტრომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება იყო შეუძლებელი. (ტ. 1, ს.ფ. 36-37).

 

5.1.10. 2015 წლის 24 აპრილს სსიპ ეროვნულმა სატყეო სანერგე მეურნეობამ N0---- წერილით მიმართა შპს ,,დ--------ნს“, სადაც აღნიშნულია, რომ შპს დ--------ნმა“ 2013 წლის ორი სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ორ ჰექტარ მიწაზე მოახდინა ბალახის დათესვა და უზრუნველყო მისი მოვლა-პატრონობა (სისტემატური რწყვა, სასუქის შეტანა, გაკრეჭვა და ა.შ.), რასთან დაკავშირებითაც საწარმოს მიერ არაერთი განცხადება არის წარდგენილი სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სპეციალისტების მიერ ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის ჩატარებისას დადგინდა ოთხი ასეთი მინდვრის არსებობა, მოხდა მათი საზღვრების დაზუსტება და საკადასტრო რუკაზე დატანა. მათი ფართობი ბევრად აღემატება 2013 წლის ორი სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებულ ორ ჰექტარს, რის გამოც შპს „დ--------ნს“ გაეგზავნა საკადასტრო რუკის სიტუაციური ნახაზი და ეთხოვა, მიეთითებინა მის მიერ დამუშავებული ბალახოვი მოლის ფართობის მდებარეობა.

 

პასუხად, შპს „დ--------ნმა“ წერილით მიუთითა მის მიერ დაკავებული ფართობის მდებარეობა. (ტ. 1, ს.ფ. 41-43).

 

5.1.11. 2015 წლის 19 მარტს შპს ,,დ--------ნმა” მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის მომზადების მოთხოვნით. ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: 1. რა მოცულობისა და ღირებულების რულონური გაზონი არის საწარმოს იჯარით აღებულ ფართობზე; 2. რა საფრთხე შეიძლება გაუჩნდეს ნიადაგის ნაყოფიერებას აღნიშნულის რეალიზაციის შემდეგ; 3. რა სახის სარეკულტივაციო ღონისძიება, შეიძლება, გატარდეს.

 

2015 წლის 5 მაისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „დ--------ნის“ მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე 1 კვ.მ. ბალახის ,,რულონული კოინდრის“ საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2 ჰა მიწის ფართობზე ბალახის ,,რულონური კოინდრის“ საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 260000 ლარს. ნიადაგის ნაყოფიერების მახასიათებელი არის ორგანული ნივთიერების „ჰუმუსის“ შემცველობა, რომელიც ნიადაგების ლაბორატორიული კვლევის შედეგებით 0,20 სმ. სიღრმის ფენაში კოინდრის ნათესარში არის 3,84%, ბუნებრივ კორდზე კი - 2,67%. ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებებით ნიადაგის პროფილში ,,ჰუმუსის“ შემცველობა ბუნებრივ კორდთან შედარებით გაზრდილია. ბალახის ,,რულონური კოინდრის“ რეალიზაციის შედეგად აღნიშნული ფართობი დამატებით სარეკულტივაციო ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს.

 

ექსპერტიზის ჩატარების საფასურმა შეადგინა 700 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „დ--------ნის“ მიერ. (ტ. 1, ს.ფ. 44-61).

 

5.1.12. 2015 წლის 20 მარტს შპს „დ--------ნსა“ და ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის დაიდო ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტმა წარადგინა სადავო მიწის ნაკვეთზე ნიადაგის ანალიზის შედეგები - კოინდრის ნათესისა და ბუნებრივი კორდის მახასიათებლები. კვლევის საფასურმა შეადგინა 1000 ლარი, რაც გადახდილი იქნა შპს „დ--------ნის“ მიერ. (ტ. 1, ს.ფ. 62-66).

 

5.1.13. 2015 წლის 07 აპრილის N0-------- წერილის პასუხად საგადასახადო ომბუდსმენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 2015 წლის 23 აპრილის N1-------- წერილით ეცნობა, რომ თუ ბალახის რულონის წარმოებისას დაცული არ იქნება მისი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, გამოყენებული არ იქნება ორგანული და მინერალური სასუქები, ბალახის რულონის მოჭრის შემდეგ გაუარესდება ნიადაგის თვისებები და შემცირდება ნაყოფიერება. რულონის მოჭრის შემდეგ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების განსახორციელებლად საჭიროა ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა რულონის მოჭრამდე და მოჭრის შემდეგ, რომელიც ვლინდება ლაბორატორიული კვლევის შედეგად. თუ რულონის მოჭრის შემდეგ გაუარესდა ნიადაგის თვისები, შემცირდა ორგანული ნივთიერების რაოდენობა და ნაყოფიერი ფენის სისქე, უნდა ჩატარდეს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები. (ტ. 1, ს.ფ. 149-150).

 

5.1.14. 2015 წლის 17 აპრილის N0-------- წერილის პასუხად საგადასახადო ომბუდსმენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2015 წლის 29 ივლისის N0----- წერილით ეცნობა, რომ ბუნებრივი გზით შექმნილი ბალახის კორდის მოჭრისას ნიადაგის თვისებები არ უარესდება, მაგრამ ბალახის კორდის რამდენჯერმე მოჭრის შემთხვევაში იჭრება ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა, რაც იწვევს ნიადაგის ზედა ფენებში ჰუმუსის შემცველობის შემცირებას და მისი ნიადაგის ზედა სახნავი ფენების სტრუქტურისა და სხვა თვისებების გაუარესებას. ცენტრის განმარტებით, იგი მეცნიერული თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება ამ ბიზნესის წარმოებასა და ბუნებრივი გზით მიღებული ბალახის კორდის მოჭრას, მაგრამ უნდა მოინახოს გზა პრობლემის გადაჭრისთვის. (ტ. 1, ს.ფ. 151-152).

 

5.1.15. შპს ,,დ--------ნმა” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015 წლის 20 მაისს კვლავ მიმართა წერილით, წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა და სთხოვა საკითხით დაინტერესება და დახმარება, რათა მომხდარიყო სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან შპს ,,დ--------ნის“ კუთვნილი ზონების (რულონური გაზონი) გატანა. (ტ. 1, ს.ფ. 68-69).

 

5.1.16. 2015 წლის 12 ივნისს შპს ,,დ--------ნმა“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიმართ, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,დ--------ნმა“ მოითხოვა კუთვნილი რულონური გაზონის მოვლის მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაშვება და ამ უკანასკნელისთვის რულონური გაზონის გაზონის გადახვნის აკრძალავა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის N/789-15 განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით (საქმე N2---------) შპს „დ--------ნის“ საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება; სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შპს „დ--------ნის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას აეკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა, საკადასტრო კოდი: 81.12.08.308, სიტუაციურ გეგმა/ნახაზზე (სარჩელის დანართი N11) აღნიშნული N1 და N2 ნაკვეთებზე დათესილი რულონური გაზონის გადახვნა ან ნათესი ტერიტორიის იმგვარად სარგებლობა, რაც გამოიწვევს ნათესის დაზიანებას. სსიპ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას დაევალა, შპს ,,დ--------ნი“ დაუშვას სსიპ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა, საკადასტრო კოდი: 81.12.08.308, სიტუაციურ გეგმა/ნახაზზე (სარჩელის დანართი N11) აღნიშნული N1 და N2 ნაკვეთებზე საკუთარი ხარჯებით რულონური გაზონის აუცილებელი მოვლის (მორწყვა, სასუქის შეტანა, გათიბვა) მიზნით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინების აღსრულების მიზნით 2015 წლის 15 ივლისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. (ტ. 1, ს.ფ. 88-90; 105-113; 116-117).

 

5.1.17. 2015 წლის 24 ივნისს შპს „დ--------ნმა“ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ასლი გაეგზავნა სსიპ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას. განცხადებით მოთხოვნილი იქნა, რომ შპს „დ--------ნი“ დაეშვათ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, საკუთარი ხარჯებით რულონური გაზონის აუცილებელი მოვლის მიზნით, რათა თავიდან აცილებულიყო რულონური გაზონის მიზანმიმართული განადგურება. განმცხადებელი აღნიშნავდა, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდებოდა სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმის განხილვა, ორ ჰა მიწაზე შპს „დ--------ნის“ მიერ მოყვანილი დეკორატიული ბალახის (რულონური გაზონი), რომლის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 260000 ლარს შეადგენდა, მოუვლელობის შედეგად განადგურება წარმოადგენდა „მინიმუმ მავნებლობას“. ამასთანავე, მოუვლელობის გამო ზაფხულის პერიოდში მისი განადგურება იყო გარდაუვალი.

 

სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის 2015 წლის 30 ივნისის წერილით შპს „დ--------ნს“ უკან დაუბრუნდა განცხადება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკითხი სასამართლოს განსჯადია. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე, რომლის ფარგლებშიც სასამართლო განიხილავდა შუამდგომლობას რულონური გაზონის მოვლის მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შპს „დ--------ნის“ დაშვების თაობაზე. (ტ. 1, ს.ფ. 153-157).

 

5.1.18. 2015 წლის 26 ივლისს შპს ,,დ--------ნის“ დირექტორის - დ----------–----–-–---–ისა და მექანიზატორის - ბ-----------–---–ის მიერ შედგენილია აქტი მასზედ, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კუთვნილი რულონული გაზონის (კოინდარის) აუცილებელი გათიბვის მიზნით მიყვანილ იქნა სათიბიანი ტრაქტორი, თუმცა იმის გამო, რომ რულონური გაზონი (დეკორატიული ბალახი) იყო გამხმარი და ჩაწოლილი, მისი გათიბვა შეუძლებელი აღმოჩნდა. (ტ. 1, ს.ფ. 161).

 

5.1.19. 2015 წლის 29 ივლისს შპს ,,დ--------ნმა“ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მისი კუთვნილი რულონური გაზონის მდგომარეობის შეფასების მოთხოვნით. ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვები: 1. იჯარით აღებულ ფართობზე „რულონურმა კოინდარმა“ არსებული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება თუ არა დაიბრუნოს სარეალიზაციო სახე; 2. რა სახის ღონისძიებები და რეკომენდაციებია საჭიროა ბალახისთვის სარეალიზაციო მდგომარეობის დაბრუნებისთვის; 3. მოთხოვნილ იქნა გაცემული რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრა.

 

2015 წლის 3 აგვისტოს შპს ,,დ--------ნმა“ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და დასმული შეკითხვების ნაცვლად რულონური გაზონის მდგომარეობის შეფასება მოითხოვა.

 

ექსპერტიზის 2015 წლის 18 აგვისტოს N0-------- დასკვნის მიხედვით, გარდაბნის რაიონში, სოფელი სართიჭალა, სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შპს ,,დ--------ნის“ იჯარით აღებულ ორ ჰექტარ ფართობზე ნათესარი ბალახის ,,რულონური კოინდარის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ საკვლევი ობიექტის ადგილზე გამოკვლევით დადგინდა, რომ ნათესარი გაუხეშებულია, ჩაწოლილია, გადაზრდილია, ნათესარში ამოსულია სხვადასხვა სარეველა ბალახი. ჩაწოლილი კოინდარის ნათესარი ბალახის სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 45-105 სმ, სარეველა ბალახების სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 145-152 სმ. ნაწილობრივ შემხმარი, მოყვითალო, ღია მწვანე ფერის.

 

ექსპერტიზის ჩატარების საფასურმა შეადგინა 300 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „დ--------ნის“ მიერ. (ტ. 1, ს.ფ. 163-173; 180-181).

 

5.1.20. 2015 წლის 8 ოქტომბერს შპს ,,დ--------ნმა“ განცხადებით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლითაც სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მისი კუთვნილი რულონური გაზონის მდგომარეობის შეფასება მოითხოვა, კერძოდ, მითითებულ ფართობზე - 20000 მ2-ზე არსებობს თუ არა რულონური გაზონის (კოინდარი) ნათესარი სარეალიზაციო სახით, რამდენი არის მისი რაოდენობა და საბაზრო ღირებულება.

 

ექსპერტიზის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------5 დასკვნის მიხედვით, შპს „დ--------ნის“ კუთვნილი ნათესარი ბალახის „რულონური კოინდრის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის „რულონური კონდრის“ სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს.

 

დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, ობიექტის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნათესარი ბალახი ბუნებრივად ამოსულ სხვადასხვა სარეველასთან ერთად გადაზრდილია, ჩამხმარია. ბალახის რულონური კოინდარის ნათესარში სარეველების ინტენსიური განვითარების, ბალახის მოვლის ღონისძიებების რეკომენდირებულ აგროვადებში შეუსრულებლობის გამო ბალახის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის რულონური გაზონის კოინდარის სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. სხვადასხვა სარეველა ბალახის მიერ ნათესარი გადაფარულია, რითაც გამოწვეულია ფესვთა სისტემის ინტენსიური დაზიანება სოკოვანი ინფექციებით (განვითარებულია ფესვთა სისტემის ლპობა).

 

ექსპერტიზის ჩატარების საფასურმა შეადგინა 300 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „დ--------ნის“ მიერ. (ტ. 1, ს.ფ. 174-179; 182-195).

 

5.1.21. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის წერილის მიხედვით, სართიჭალის მუნიციპალიტეტში ნალექი 2015 წლის 15 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში აღინიშნა 2015 წლის 15, 16, 17, 23 ივლისს. ინფორმაციის მომზადების საფასურმა შეადგინა 36 ლარი. (ს.ფ. 231-233).

 

5.1.22. სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სამართალმემკვიდრეს.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადვო საკითხი, თუმცა სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს სრულად არ იზიარებს. ამასთანავე, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა.

 

5.2.2. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობისთვის შპს ,,დ--------ნის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 260000 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, გამოწვეულია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობითა და საწარმოსთვის მის მიერ წარმოებული „რულონური გაზონის“ გატანის შესაძლებლობის მიუცემლობით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 2 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარის ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე, რადგან დადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ამდენად, ზიანის ანაზღაურების დაკისრება მითითებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. გარდა ამისა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულება დაიდო საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ამასთანავე, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განხორციელებულა. ამასთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2015 წლის 26 იანვრის N403 წერილით შპს „დ--------ნის“ დირექტორს განემარტა, რომ 2013 წლის 2 სექტემბერს ხელშეკრულება დაიდო სამართლებრივი აქტების გათვალისწინების გარეშე და საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამდენად, 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არის გამხდარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა.

 

იმავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. 66-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავის საქმიანობაში საჯარო ადმინისტრაცია, ცალმხრივი ნების გამოვლენასთან ერთად იყენებს ხელშეკრულებას, რომელიც მხარეთა შეთანხმებას ემყარება. ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერ სამართლებრივ ფორმად საჯაროსამართლებრივი ხელშეკრულების მიჩნევის პრინციპული აღიარება პასუხობს მოქალაქის სამართლებრივი მდგომარეობის ძირეულ შეცვლას და თანამედროვე სახელმწიფოში მოქალაქე არ განიხილება, როგორც მმართველობის ობიექტი.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ ურთიერთობას აწესრიგებს ხელშეკრულების დადების გზით, ექვემდებარება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების გამოყენების სავალდებულობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის ბს-623-610 (კ-14) გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავადვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

 

მითითებული დებულებები აწესებს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონშეუსაბამობის საფუძვლით აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნამდვილობა გადაწყვეტილი ვერ იქნება და მოცემული შესაძლებელია სხვა დავის საგანს წარმოადგენდეს. ამასთანავე, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არის თუ არა ხელშეკრულების ძალმოსილად მიჩნევა სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი. ამ მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ დებდა რა ხელშეკრულებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებული იყო, დაეცვა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა. ის გარემოება, რომ საჯარო დაწესებულებამ არ დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნა, რაც მისივე ქმედების უკანონობას ადასტურებს, არ შეიძლება გახდეს საფუძველი თუნდაც უკანონო ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესებისა და უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვისა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნა, არ გასცდეს უფლებამოსილების ფარგლებს და უზრუნველყოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა, მეორე მხრივ კი, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების ბუნებისა, გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება ფაქტობრივად შესრულდა. კერძოდ, შპს „დ--------ნი“ 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მოქმედებდა, დათესა რულონური გაზონი, გაიღო მისი მოყვანისთვის ხარჯები და სანაცვლოდ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ქირა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის ფარგლებში განხილულ უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურების საკითხი, გადამწყვეტია, გაირკვეს - მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს რულონური გაზონის მოყვანის შემდეგ მისი აღების შეუძლებლობით და მითითებული გამოწვეულია თუ არა მოპასუხის ქმედებით (უმოქმედობით). შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება, როდესაც მისგან გამომდინარე შედეგი დამდგარია, ხოლო ხელშეკრულების უკანონობაზე აპელანტის არგუმენტები შეეხება კანონმდებლობის იმ მოთხოვნათა დაუცველობას, რომელთა შესრულებაც სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოვალეობა იყო, ხოლო მხარეს გააჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ. შესაბამისად, აპელანტის, როგორც საჯარო დაწესებულების, მიერ ხელშეკრულების დადების წესის დაუცველობა ავტომატურად არ გულისხმობს ისეთი ზიანის ანაზღაურების გამორიცხვას, რომელიც გამოწვეულია მეორე მხარის მიერ ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ქმედებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თანხის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობა, არამედ დელიქტიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს რა ზიანის ანაზღაურება, რომლის საფუძვლადაც მოსარჩელე მოპასუხის უკანონო ქმედებას მიიჩნევს, ხოლო სამართლებრივი ნორმების მითითება და გამოყენება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები დელიქტიდან გამომდინარე.

 

5.2.3. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე 2018 წლის 13 მარტის განჩინებაში (საქმე Nბს-1180-1174(კ-17)), რომ „საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ქმედება შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მარტო აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმექმედობაშიც. უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანი. გაუფრთხილებლობა კი გამოიხატება აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევაში. ამასთან, მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს.“

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფოს საჯარო ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა თუ არა ჯეროვნად შესრულებული.

 

5.2.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის სექტემბერში შპს „დ--------ნმა“ იჯარით აღებულ ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესა ევროპული სტანდარტის რულონური გაზონის/დეკორატიული ბალახის თესლი. 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც მოვიდა დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მოჭრის დრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მითითებით დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მწარმოებლებს აეკრძალათ მისი მოჭრა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ, მის მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგებისადმი, ხელშეკრულებით გადაცემული ქონება გამოიყენა ხელშეკრულებითვე განსაზღვრული მიზნით და სანაცვლოდ კეთილსინდისიერად შეასრულა მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის სახით, მას შეეზღუდა ხელშეკრულებით მინიჭებული, ფაქტობრივად განხორციელებული უფლების გამოყენება - მოეხდინა ბალახის ტერიტორიიდან გატანა და შემდგომში რეალიზაცია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ რულონური გაზონის გატანა გამოიწვევდა სახელმწიფოს მიწის დაზიანებას, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

 

,,ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო-ქონებრივ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მითითებული საკანონმდებლო ნორმის დარღვევა ექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირების სფეროში, კერძოდ, კოდექსის 512 მუხლის თანახმად, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.

 

,,ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნიადაგი არის დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით.

 

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია: სხვადასხვა მიწის სამუშაოების ჩატარების დროს ნიადაგის ნაყოფიერი, პროდუქტიული ფენებისა და ქანების მოხსნისა და განთავსების წესის განსაზღვრა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მათი შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით. ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ნიადაგის საფარის მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაციის წესს, რომელიც ვრცელდება ყველა კატეგორიისა და სტატუსის მიწებზე დამოუკიდებლად მათი ადგილმდებარეობის, საკუთრების ფორმისა და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვა სახის საქმიანობა (მილსადენის, გზების გაყვანა ან სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობა და სხვა), რომელიც დაკავშირებულია ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან (მათ შორის ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები), ხორციელდება შესაბამისი გეგმებისა და პროექტების საფუძველზე.

 

აღნიშნული რეგლამენტის მეორე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნიადაგი არის დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით. ამავე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ნიადაგის ნაყოფიერი ფენა არის ნიადაგის პროფილის ზედა ჰუმუსოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ ქიმიურ, ფიზიკურ და აგროქიმიურ თვისებებს. რეგლამენტის მეორე მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკულტივაციას წარმოადგენს სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული (დეგრადირებული) მიწების აღდგენა პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე. ,,ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ჰუმუსი არის ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

 

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ნიადაგის საფარის დარღვევის ან დეგრადაციის გამომწვევი სამეწარმეო, სამეურნეო ან ყოველგვარი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თავისი ხარჯებით აანაზღაუროს და უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა და მისი ნაყოფიერება მიახლოებით პირვანდელ მდგომარეობამდე, რისთვისაც საჭიროა: ა) მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და დაიცვას ნიადაგის ხარისხის გაუარესება (სხვადასხვა ნიადაგის ფენებთან და ქანებთან შერევა, მისი დაბინძურებისაგან, გადარეცხვისაგან, გაბნევისაგან დაცვა და სხვა) მათი დაცვისა და შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით; ბ) საქმიანობის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს ნიადაგის პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ტოქსიკური ქანების ცალკე სელექციური მოხსნა, დასაწყობება, ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების გაუარესებას, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, განათავსოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მისი შემდგომი მიზნობრივი გამოყენების მიზნით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებთან ერთად. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ დადგენილებაზე (საქმე N4/ა-1028-15), რომელშიც სააპელაციო პალატამ, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, რულონური გაზონის წარმოებასთან დაკავშირბეით განმარტა, რომ „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა დაკავშირებულია ვრცელ, ხანგრძლივ, განსაკუთრებით შრომატევად, ფართომასშტაბიან მიწის სამუშაოებთან; სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამგვარი სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები, რომლებთან მიმართებაშიც ნახსენებია ტერმინი „მოხსნა“; გარდა ამისა, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ზემოთ ჩამოთვლილ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, უმეტესწილად უკავშირდება მის რეკულტივაციას, ნიადაგის საფარის მთლიანობისა და მისი ნაყოფიერების მიახლოებით პირვანდელ მდგომარეობამდე უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში კი, რულონური გაზონის წარმოება არ გულისხმობს ასეთი ტიპის მიწის სამუშაოების წარმოებას, ანუ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლის შემდეგაც ნიადაგი, როგორც წესი, ექვემდებარება რეკულტივაციას, ანუ სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული (დეგრადირებული) მიწების აღდგენას პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე.“

 

სააპელაციო სასამართლო მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ასევე ყურადღებას გაამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 05 მაისის N0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, ნიადაგის ნაყოფიერების მახასიათებელი არის ორგანული ნივთიერების „ჰუმუსის“ შემცველობა, რომელიც ნიადაგების ლაბორატორიული კვლევის შედეგებით 0,20 სმ. სიღრმის ფენაში კოინდრის ნათესარში არის 3,84%, ბუნებრივ კორდზე კი - 2,67%. ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებებით ნიადაგის პროფილში ,,ჰუმუსის“ შემცველობა ბუნებრივ კორდთან შედარებით გაზრდილია. ბალახის ,,რულონური კოინდრის“ რეალიზაციის შედეგად აღნიშნული ფართობი დამატებით სარეკულტივაციო ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს. გარდა ამისა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციამ მოსარჩელის კუთვნილი რულონური გაზონის ნათესარიდან 2015 წლის გაზაფხულზე რულონური გაზონის კორდი მოჭრა და გაიტანა ტერიტორიიდან. ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2015 წლის 29 ივლისის N0----- წერილის თანახმად, ბუნებრივი გზით შექმნილი ბალახის კორდის მოჭრისას ნიადაგის თვისებები არ უარესდება, მაგრამ ბალახის კორდის რამდენჯერმე მოჭრის შემთხვევაში იჭრება ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა, რაც იწვევს ნიადაგის ზედა ფენებში ჰუმუსის შემცველობის შემცირებას და მისი ნიადაგის ზედა სახნავი ფენების სტრუქტურისა და სხვა თვისებების გაუარესებას. ცენტრის განმარტებით, იგი მეცნიერული თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება ამ ბიზნესის წარმოებასა და ბუნებრივი გზით მიღებული ბალახის კორდის მოჭრას, მაგრამ უნდა მოინახოს გზა პრობლემის გადაჭრისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს უქმნის იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ განსახილველ შემთხვევაში რულონური გაზონის წარმოებისას მოსარჩელის მიერ წარმოებული მიწის ნაყოფიერ ფენასთან დაკავშირებული სამუშაოები არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ფენის მოხსნად. ამასთანავე, მის მიერ არც რულონური კოინდრის სარეალიზაციოდ გატანა გამოიწვევდა ნიადაგის დაზიანებას და არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შესრულება და რულონური გაზონის გატანის შესაძლებლობის მიცემა არ გამოიწვევდა სახელმწიფოს ინტერესის დაზიანებას, როგორც ამას აპელანტი აღნიშნავს. მოცემული საკითხის გამოკვლევა აპელანტს არ მოუხდენია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის გამოიხატება მოვლენათა ისეთ ქრონოლოგიურ განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც პირის ქმედებას პირდაპირ და უშუალოდ მოჰყვება კონკრეტული შედეგის დადგომა. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია აპელანტის ქმედების უკანონობა - რამაც გამოიწვია მოსარჩელის სადავო ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, რასაც შედეგად მოჰყვა პროდუქტის მოვლის განუხორციელებლობა და გატანის შეუძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა აპელანტის უმოქმედობის საკითხთან მიმართებით, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს შპს „დ--------ნის“ მიერ წარდგენილ განცხადებებზე. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საწარმომ არაერთხელ მიმართა კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს, განმარტავდა, რომ აუცილებელი იყო მისი ტერიტორიაზე დაშვება ბალახის მოვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროდუქტი განადგურდებოდა. ამასთანავე, მოსარჩელე ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ პროდუქტის გატანა არ გამოიწვევდა ნიადაგის დაზიანებას, ამასთანავე, იგი მზად იყო ემოქმედა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ შემუშავებული მითითების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში აენაზღაურებინა ზიანი. მიუხედავად ამისა, წარდგენილ განცხადებებს არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომა საწარმოსთვის მითითებების მიცემის, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობის მინიჭების კუთხით. გარდა ამისა, მართალია, მიჩნეულ იქნა, რომ პრობლემის გადაწყვეტისთვის უნდა შექმნილიყო შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, მაგრამ მითითებული კომისიის მიერ რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება არ დასტურდება.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს შპს „დ--------ნის“ 2015 წლის 24 ივნისის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა, შპს „დ--------ნი“ დაეშვათ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, საკუთარი ხარჯებით რულონური გაზონის აუცილებელი მოვლის მიზნით, რათა თავიდან აცილებულიყო რულონური გაზონის მიზანმიმართული განადგურება. განმცხადებელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმის განხილვა, ორ ჰა მიწაზე შპს „დ--------ნის“ მიერ მოყვანილი დეკორატიული ბალახის (რულონური გაზონი), რომლის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 260000 ლარს შეადგენს, მოუვლელობის შედეგად განადგურება წარმოადგენს „მინიმუმ მავნებლობას“. ამასთანავე, მოუვლელობის გამო ზაფხულის პერიოდში მისი განადგურება გარდაუვალია. სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის 2015 წლის 30 ივნისის წერილით შპს „დ--------ნს“ უკან დაუბრუნდა განცხადება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკითხი სასამართლოს განსჯადია. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე, რომლის ფარგლებშიც სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას რულონური გაზონის მოვლის მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შპს „დ--------ნის“ დაშვების თაობაზე.

 

ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მცდელობისა, რომ შესულიყო სადავო ტერიტორიაზე რულონური გაზონის მოვლის მიზნით, ხოლო მისი გატანა მოეხდინა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა დასწრებით, გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მას არ მიეცა ბალახის მოვლის განხორციელების შესაძლებლობაც კი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს არ ეძლეოდა ასეთი შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეზრუნა პროდუქციის მოვლაზე. მისი მოვლა კი არც აპელანტმა განახორციელა, რაც აუცილებელი იყო კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების, სხვა პირთა უფლებების პატივისცემის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების პრინციპების გათვალისწინებით.

დადგენილია, რომ შპს „დ--------ნს“ ტერიტორიაზე დაშვების უფლება მიეცა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით (საქმე N2---------), თუმცაღა 2015 წლის 26 ივლისს შპს ,,დ--------ნის“ დირექტორის - დ----------–----–-–---–ისა და მექანიზატორის - ბ-----------–---–ის მიერ შედგენილია აქტი მასზედ, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კუთვნილი რულონული გაზონის (კოინდარის) აუცილებელი გათიბვის მიზნით მიყვანილი იქნა სათიბიანი ტრაქტორი, მაგრამ ვინაიდან რულონური გაზონი (დეკორატიული ბალახი) იყო გამხმარი და ჩაწოლილი, მისი გათიბვა შეუძლებელი აღმოჩნდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის წერილით დასტურდება, რომ სართიჭალის მუნიციპალიტეტში ნალექი 2015 წლის 15 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში აღინიშნა 2015 წლის 15, 16, 17, 23 ივლისს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა გაზონის სათანადო მოვლა-პატრონობა და მისი ბრალით მოხდა ბალახის განადგურება. მოსარჩელის ბრალეულობას გამორიცხავს საწარმოს მიერ განხორციელებული ზემოთ მითითებული ქმედებები. კერძოდ, თავდაპირველად სწორედ სახელმწიფო ორგანოთა მიერ მოხდა შპს „დ--------ნის“ სადავო ტერიტორიაზე დაშვების აკრძალვა და მიუხედავად საწარმოს არაერთი მიმართვისა და მზაობისა, კომპეტენტურ ორგანოთა მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით განეხორციელებინა გაზონის შემდგომი მოვლა-პატრონობა და ტერიტორიიდან გატანა, საჯარო დაწესებულებების მხრიდან კომპანიის მოთხოვნას დროული და ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შემდგომ კი მოსარჩელე სასარჩელო წარმოების მეშვეობით ეცადა დარღვეული უფლების აღდგენას, სამოქალაქო საქმეზე სარჩელი წარადგინა და მოითხოვა ტერიტორიაზე დაშვება, თუმცა ამ პერიოდისთვის ბალახი უკვე აღარ იყო ვარგის მდგომარეობაში. შესაბამისად, მხარემ გამოიყენება ყველა სამართლებრივი მექანიზმი თავისი უფლებების დასაცავად და ზიანის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ უფლებამოსილ ორგანოთა უმოქმედობის გამო ვერ მოხდა ბალახის ტერიტორიიდან დროული გატანა.

 

პალატა ასევე მიუთითებს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 აგვისტოს N0-------- დასკვნის მიხედვით, გარდაბნის რაიონში, სოფელი სართიჭალა, სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე შპს ,,დ--------ნის“ იჯარით აღებულ 2 ჰა ფართობზე ნათესარი ბალახის ,,რულონური კოინდარის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ საკვლევი ობიექტის ადგილზე გამოკვლევით დადგინდა, რომ ნათესარი გაუხეშებულია, ჩაწოლილია, გადაზრდილია, ნათესარში ამოსულია სხვადასხვა სარეველა ბალახი. ჩაწოლილი კოინდარის ნათესარი ბალახის სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 45-105 სმ, სარეველა ბალახების სიმაღლე საშუალოდ ცვალებადობს 145-152 სმ. ნაწილობრივ შემხმარი, მოყვითალო, ღია მწვანე ფერის. ექსპერტიზის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------5 დასკვნის მიხედვით, შპს „დ--------ნის“ კუთვნილი ნათესარი ბალახის „რულონური კოინდრის“ მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის „რულონური კონდრის“ სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, ობიექტის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნათესარი ბალახი ბუნებრივად ამოსულ სხვადასხვა სარეველასთან ერთად გადაზრდილია, ჩამხმარია. ბალახის რულონური კოინდარის ნათესარში სარეველების ინტენსიური განვითარების, ბალახის მოვლის ღონისძიებების რეკომენდირებულ აგროვადებში შეუსრულებლობის გამო ბალახის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება ბალახის რულონური გაზონის კოინდარის სარეალიზაციოდ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. სხვადასხვა სარეველა ბალახის მიერ ნათესარი გადაფარულია, რითაც გამოწვეულია ფესვთა სისტემის ინტენსიური დაზიანება სოკოვანი ინფექციებით (განვითარებულია ფესვთა სისტემის ლპობა).

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ შპს „დ--------ნის“ სადავო ტერიტორიაზე დაუშვებლობამ და ბალახის მოვლის შესაძლებლობის მიუცემლობამ, ასევე, აპელანტის მიერ აუცილებელი ყურადღებიანობისა და გულისხმიერების პრინციპთა დარღვევამ და მიწის ნაკვეთის სათანადო მოვლის განუხორციელებლობამ გამოიწვია ბალახის გაუვარგისება. ამდენად, სწორედ აპელანტის უკანონო უმოქმედობამ გამოიწვია ზიანის დადგომა, რომლის აღმოფხვრა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია. სახეზეა ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. რაც შეეხება ზიანის ფაქტობრივ ოდენობას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 05 მაისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორ ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახის ,,რულონური კონდრის“ საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 260000 ლარს.

 

აპელანტმა ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მხარეს არ შეუსრულებია ადმინისტრაციული ორგანოსადმი ერთჯერადად მიმართვის სავალდებულო მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მითითებას და განმარტავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ამრიგად, მოცემული მუხლი გულისხმობს სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას, რომლითაც მხარე კონკრეტულ ქმედებას ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გაასაჩივრებს. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის წესი, ვადა და მისი განხილვის პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, იგი არის დამოუკიდებელი მოთხოვნა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სწორედ ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება დამოუკიდებელი დავის საგანია და აღნიშნული სარჩელის დასაშვებობისთვის სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე, 262 მუხლებით გათვალისწინებულ, სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება დამოუკიდებელი დავაა და მისი მოთხოვნის საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი. ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის აპელირებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 (შვიდი ათასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი