განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119002932827
საქმე №1ბ/1819-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------- ზ----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ--- კ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები გ-----------------------------–------–--ში;
ადვოკატი - მ-----------–---–ი;
ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მისი ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის სექტემბრიდან გ--- კ-------–---–ი გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ჟ--- ო---–---–ს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა მოქცეოდა მეუღლეს საკუთარი შეხედულებისამებრ. ჟ--- ო---–---–ი კი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას და ემოქმედა მისი მითითებით. 2018 წლის ოქტომბერში (თარიღი დაუდგენელია) ქ. გ---------ში მდებარე ხევში გ--- კ-------–---–მა ჟ--- ო---–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე მუშტებით სცემა თავის არეში. გ--- კ-------–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ჟ--- ო---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა მეუღლე ჟ--- ო---–---–ი მიიყვანა გ-----------------------------–------–--ში, ე.წ. ,,ფ----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ითხოვდა, ეღიარებინა სხვასთან სავარაუდო სქესობრივი კავშირი და დაესახელებინა პარტნიორის ვინაობა. უარის მიღების შემდეგ გ--- კ-------–---–მა აღნიშნული კავშირის აღიარებისა და ამავე ურთიერთობის გამო მისი დასჯის მიზნით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით, 3-5 წუთის განმავლობაში ჟ--- ო---–---–ს ანთებული სიგარეტით მკერდისა და დუნდულის არეში მიაყენა დაზიანებები, რითიც გამოიწვია მისი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა გ-----------------------------–------–--ში, ე.წ. ,,ფ----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლეს ჟ--- ო---–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობა მარცხენა დუნდულოზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ 2018 წლის სექტემბრიდან გ--- კ-------–---–ი გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ჟ--- ო---–---–ს და რომ 2018 წლის ოქტომერში ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ.გ---------ში მდებარე ხევში მუშტებით სცემა თავის არეში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:
გ--- კ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი).
გ--- კ-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე;
გ--- კ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით.
გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - გ---------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------- ზ----–---–მა.
4. მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება საქმეზე გამოკვეულ მტკიცებულებებს და უნდა შეიცვალოს - გ--- კ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ გ--- კ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილსა და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა უარი განაცხადა მეუღლის - გ--- კ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--- კ-------–---–ის ბრალეულობას. მართალია, თავად ჟ--- ო---–---–მა სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა გ--- კ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებად დაზარალებულის ჩვენება მოცემულ საქმეში არ არის ერთადერთი მტკიცებულება. ჟ--- ო---–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია მოწმეების ა--------------------------------–---–ის ჩვენებებით. მოწმეები მიუთითებენ, რომ ჟ--- ო---–---–ი სწორედ 2018 წლის შემოდგომიდან გახდა ჩაკეტილი, იმყოფებოდა მუდმივ სტრესში, თავს არიდებდა ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას. უფრო მეტიც, მოწმე ა----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მუდმივად აგროვებდა მაღაზიაში პროდუქტის შეძენის დამდასტურებელ ქვითრებს, ხარჯებს ინიშნავდა რვეულში და ამას აკეთებდა გ--- კ-------–---–ისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად გაწეული ხარჯების შესახებ. განმარტავდა, რომ ამას მეუღლის მოთხოვნით აკეთებდა. აღნიშნული მიუთითებს იმ სტრესულ მდგომარეობასა და გენდერული ნიშნით ჩაგვრაზე, რისი მსხვერპლიც იყო ჟ--- ო---–---–ი, რაც თავისთავად და უდავოდ იწვევდა მასში ტანჯვას. 2018 წლის ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ა----------ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მითითებულ დროს ჟ--- ო---–---–ს თვალის არეში შენიშნა დაზიანება. ჟ--- ო---–---–ის განწყობის შეცვლასა და მის მუდმივ მოწყენლობას ადასტურებს ასევე მოწმე ი-------------–-–---–იც. გ--- კ-------–---–ის მიმართ 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, მიუხედავად დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სამედიცინო ექსპერტმა ნ--------------ემ სასამართლო პროცესზე სრულად დაადასტურა დასკვნაში არსებული ინფორმაცია ჟ--- ო---–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ. დადგენილი და უდავოა ის ფაქტი, რომ ჟ--- ო---–---–ს შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარჯვნივ თეძოს მიდამოებში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობითი უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობითი უბანი მარცხენა დუნდულოზე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მითითებული დამწვრობები შესაძლოა, განვითარებულიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად. შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია, რომ შიშველ კანზე ანთებულ სიგარეტის დადება არაერთხელ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე შიშველ სხეულზე ხელებითა და ფეხებით ცემა მსხვერპლში ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას გამოიწვევს. წამების შედეგად ჟ--- ო---–---–ის მიერ ძლიერი ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის განცდა დადასტურებულია მოწმეების ჩვენებითაც. ნ-------------–---–მა აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებული მშობლების სახლში მისვლისას ტკივილისაგან კარებში ჩაიკეცა. მიღებული ფსიქიკური ტრავმის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ჟ--- ო---–---–ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებული მომხდარის შემდგომ იღებდა ფსიქიატრის კონსულტაციას და მკურანობდა დიაგნოზით: მოუსვენრობა და შფოთვა, განწირულობის შეგრძნება. ჟ--- ო---–---–ის მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ მიუთითებს ასევე მოწმე ი-------------–-–---–ი, რომელმაც აჩვენა, რომ 2018 წლის დეკემბერში ჟ--- ო---–---–ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში, ხოლო როდესაც დაბრუნდა, ძალზე ცუდად გამოიყურებოდა, ხდებოდა შეუძლოდ, კარგავდა გონებას და იღებდა დამამშვიდებელ მედიკამენტებს. საქმეში წარმოდგენილია ფსიქიატრ ნინო ამონაშვილის მიერ გაცემული ცნობა ჟ. ო---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტმა მას კონსულტაციისთვის მიმართა 2018 წლის 12 დეკემბერს, აღენიშნებოდა შფოთვითი და დეპრესიული სიმპტომატიკა. დაავადება უკავშირდებოდა ფსიქოტრავმას და საჭიროებდა ფსიქიატრის კონსულტაციას.
დაცვის მხარის პოზიციით, გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ--- კ-------–---–ის მიერ 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ის მიმართ ძალადობის, სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ჟ--- ო---–---–ის და ნ-------------–---–ის ჩვენებები, მოწმე ა----------ის გამოკითხვის ოქმი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გ--- კ-------–---–ისთვის წარდგენილი ამ კონკრეტული ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს, კერძოდ:
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში გ--- კ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ ყველა (მათ შორის უდავო) მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა გ--- კ-------–---–ის მიერ 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ფაქტი, ვინაიდან:
ბრალდების მხარემ პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოადგინა დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნას სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი: მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
ამდენად, გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში - თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა ისეთ ვითარებაში, როდესაც ეროვნულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენებაზე, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც იყო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება. ევროსასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა მიჩნეული საკმარისად ბრალდებულის მსჯავრდებისათვის იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე (P.S. v. Germany, პარ. 28).
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმი და იგი საფუძვლად დაუდოს გ--- კ-------–---–ის მიერ დაზარალებულზე 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის ფაქტის დადგენას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს - მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებას და მოწმე ა----------ის გამოკითხვის ოქმს, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს აღნიშნული (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების შინაარსზე და შეაფასებს, იძლევა თუ არა ეს მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების რელევანტური ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.
მოწმე ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ბრალდებულის სიდედრი - დაზარალებულის დედა. 2018 წლის ოქტომბრიდან იგი ქალიშვილს ატყობდა შეუძლოდ ყოფნას, დასუსტებას, გახდომას, თუმცა ჟ--- ო---–---–ი კითხვებზე ყოველთვის პასუხობდა, რომ არაფერი აწუხებდა და სამსახურის გამო იყო გადაღლილი. წარსულში ჟ---ს და გ---ს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ. გ--- კ-------–---–ი ყოველთვის კარგი ქმარი და მზრუნველი მამა იყო.
მოწმე ა----------ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ იგი არის ჟ--- ო---–---–ის თანამშრომელი. ჟ---სთან აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამიტომ მის ხასიათს კარგად იცნობს. ბოლო თვეების განმავლობაში ჟ---ს ხასიათი შეეცვალა, გახდა გულჩათხრობილი, იყო ფერმკრთალი და მოწყენილი, თუმცა მის ამგვარ მდგომარეობაზე საუბარს თავს არიდებდა. მაღაზიაში რაიმეს შეძენის შემდეგ ჟ--- ინახავდა გადახდის ქვითრებს და ბლოკნოტშიც რაღაცას ინიშნავდა. მოგვიანებით გაენდო - უთხრა, რომ ქვითრებს ქმრისთვის საჩვენებლად ინახავდა. თუ არ მოიქცეოდა, გ--- ეჩხუბებოდა. ჟ---ს მისთვის არ უთქვამს, რომ გ--- სცემდა ან აგინებდა, მხოლოდ ამბობდა, რომ მისმა ჩხუბმა დაღალა. ჟ--- თავს არიდებდა კოლექტივთან ერთად სადმე წასვლას. ამბობდა, რომ გ--- უკონტროლებდა გადაადგილებას და თუ ყველაფრის საქმის კურსში არ ჩააყენებდა, ჩხუბს დაუწყებდა. ქმარს წინააღმდეგობას აღარ უწევდა, რომ ამ გზით სიმშვიდე მოეპოვებინა. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს ჟ---ს მარჯვენა წარბთან შენიშნა შესიება და სილურჯე, რაზეც უთხრა, რომ შემთხვევით ბავშვის მიერ გამოღებული ოთახის კარი მოხვდა.
ამდენად, დაზარალებულის თანამშრომლისა და ახლო მეგობრის - ა----------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს ჟ--- ო---–---–ს აღენიშნებოდა მარჯვენა წარბთან შესიება და სილურჯე, რაზეც თავად დაზარალებულმა უთხრა, რომ დაზიანება შემთხვევით მიაყენა ბავშვმა. ასევე დგინდება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებების განხორციელების პერიოდში ანა თავს შეუძლოდ გრძნობდა, შეეცვალა ხასიათი, გახდა მოწყენილი, გულჩათხრობილი. ჟ---ს თქმით მეუღლე აკონტროლებდა მის გადაადგილებას და თანხების ხარჯვას და თუ ყველაფრის საქმის კურსში არ ჩააყენებდა, ეჩხუბებოდა. საყურადღებოა, რომ ა----------ეს არ დაუდასტურებია, რომ ჟ--- ო---–---–ი გაენდო მეუღლის მხრიდან კონკრეტული ძალადობის (ფიზიკური ან ფსიქიკური) ფაქტთან დაკავშირებით. ჟ--- ო---–---–ისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ მეუღლესთან ჩხუბმა დაღალა, რაც ოჯახური რუტინის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ იქნება იმის უტყუარად მტკიცების საფუძველი, რომ გ--- კ-------–---–ი მეუღლეზე ძალადობდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა ან ამცირებდა მას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმე ა----------ის გამოკითხვის ოქმის შეფასებისას, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის, ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებული იქნას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ა----------ე არ არის ბრალად წარდგენილი ქმედების (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ზე სავარაუდო ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების) უშუალო შემსწრე, მისი გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირის - ჟ--- ო---–---–ის მონათხრობს, რომელსაც მეგობართან საუბარში არ დაუდასტურებია მეუღლის მხრიდან ძალადობა და ამის გადამოწმების შესაძლებლობა სასამართლოს და მხარეებს არც მისცემია, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ა----------ის გამოკითხვის ოქმით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება ა----------ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას 2018 წლის ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ის სახეზე (წარბთან) არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, როგორც თვით მოწმე ა----------ე განმარტავს, ჟ--- ო---–---–მა უთხრა, რომ დაზიანება ბავშვმა მიაყენა შემთხვევით. იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს არ მისცემია შესაძლებლობა, ინფორმაცია გადაემოწმებინა პირველწყაროსთან - ჟ--- ო---–---–თან და ამავდროულად საქმეზე არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნული დაზიანების არსებობა/არარსებობის, სიმძიმის/ხარისხის, განვითარების მიზეზების ან/და ხანდაზმულობის დასადგენად, ობიექტურად შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ ჟ--- ო---–---–ის შესაძლო დაზიანება სწორედ ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია. ასევე დანაშაულის ჩადენის ფაქტს ვერ ადასტურებს დაზარალებულის მხრიდან მეგობართან გამოთქმული ზოგადი წუხილი, რომ ქმართან ჩხუბმა დაღალა, რადგან კონტექსტის გათვალისწინებითაც კი, შეუძლებელია იმის ზუსტად გარკვევა, რას გულისხმობდა დაზარალებული ქმართან ჩხუბში - იყო თუ არა ეს მეუღლეთა შორის კამათი, კინკლაობა, აზრთა სხვადასხვაობა თუ ადგილი ჰქონდა სხვა უფრო მძიმე შემთხვევებს. ამდენად, გაუქარწყლებელი ეჭვი, რომელიც გაჩნდა დაზარალებულის მხრიდან მეგობართან გამოთქმული წუხილის გამო და რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ცალსახად უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
დაზარალებულის დედის - ნ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან ქალიშვილს ამჩნევდა შეუძლოდ ყოფნას, თუმცა ჟ--- ო---–---–ი ამის მიზეზად სამსახურში გადაღლას ასახელებდა. ამდენად, ნ-------------–---–ის ჩვენებაში გადმოცემული ინფორმაცია შეეხება გ--- კ-------–---–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელების პერიოდში დაზარალებულის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, რაც, დედის შეფასებით, იყო არადამაკმაყოფილებელი, თუმცა თავად დაზარალებულის განმარტებით, იგი სამსახურის გამო იყო გადაღლილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიბარე, ნიტა ხოსიტაშვილის ჩვენება გ--- კ-------–---–ის მხრიდან 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჟ--- ო---–---–ზე შესაძლო ძალადობის ფაქტის დადასტურების/უარყოფის კუთხით არაინფორმატიულია.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა უტყუარად დადგენილიყო 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გ--- კ-------–---–ის მხრიდან ჟ--- ო---–---–ზე ძალადობის, სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ფაქტი.
ოჯახის წევრის წამება
გ--- კ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ წამების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ჟ--- ო---–---–ის, ნ-------------–---–ის, ბე-------–-----ის ჩვენებები, მოწმეების - ც---–- ო---–---–ის, ი-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნა, ამოღების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და ჯანმრთელობის ცნობა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გ--- კ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ამ კონკრეტული ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში გ--- კ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ ყველა (მათ შორის უდავო) მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის (მეუღლის) წამების ფაქტი, თუმცა უტყუარად დადასტურდა 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ძალადობის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოადგინა დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა, რატომ არის სასამართლო მოკლებული სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმი და საფუძვლად დაუდოს გ--- კ-------–---–ის მიერ დაზარალებულზე სავარაუდოდ განხორციელებული წამების ფაქტის დადგენას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს - მოწმეების: ნ-------------–---–ის, ბე-------–-----ის ჩვენებებს, მოწმეების: ც---–- ო---–---–ის, ი-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნას, ამოღების ოქმს, შემაკავებელ ორდერს და ჯანმრთელობის ცნობას, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს აღნიშნული (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები.
მოწმე ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, დილის საათებში დაურეკა ქალიშვილს - ჟ--- ო---–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან ერთად თ--–--ში მიდიოდა გარდერობის საყიდლად. დაახლოებით 12 საათზე კვლავ ესაუბრა ქალიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა სახლში, იყო შეუძლოდ. ამიტომ შეუთანხმდა, რომ სახლში მიუყვანდა ბავშვს. ცოტა ხანში მართლაც მიუყვანა ბავშვი და წავიდა. საღამოს 5-6 საათისთვის ჟ--- კვლავ მივიდა მასთან სახლში, თუმცა ცუდად გახდა და კარებში ჩაიკეცა. მან ქალიშვილი სახლში შეიყვანა და ნახა, რომ იყო ნაცემი, სხეულზე ჰქონდა ჰემატომები, დამწვრობები. ჟ---მ უთხრა, რომ გ--- კ-------–---–მა წაიყვანა ჩ----–--ში, ე.წ. ,,ფ----------ში“ და სცემა. მიუხედავად იმისა, რომ ჟ--- ტკივილისგან იტანჯებოდა, მას ჭრილობები არ დაუმუშავებია, რადგან არის მედდა და იცოდა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. ჟ---მ გაანდო, რომ ქმარმა ერთი თვის წინაც სცემა და ბოლო თვეების განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ხშირად აყენებდა.
მოწმე ც---–- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ ჟ--- ო---–---–ი არის მისი და, რომელიც 9 წელია, გათხოვილია გ--- კ-------–---–ზე. 2018 წლის 7 დეკემბერს გვიან ღამით დაურეკა დედამ - ნ-------------–---–მა და სთხოვა, მისულიყო მათ სახლში - გ-----------------------------–------–--ში. მშობლების სახლში დახვდა ჟ--- ო---–---–ი, რომელიც იყო ცუდად. დედამ უთხრა, დაერეკა პოლიციაში, რადგან ჟ--- იყო ნაცემი, მოძალადე კი იყო მისი ქმარი. ჟ--- იყო ძალიან ცუდად, მეტყველება უჭირდა და მასთან არ უსაუბრია, რადგან ვერ საუბრობდა სტრესის გამო. დედის ტელეფონით დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
მოწმე ი-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ იგი არის ჟ--- ო---–---–ის თანამშრომელი. 2018 წლის ნოემბერში, როდესაც შვებულებიდან დაბრუნდა, ჟ--- დახვდა აბსოლუტურად შეცვლილი, ძალდატანებით იცინოდა, იყო გულჩათხრობილი, სულ განმარტოვებას ცდილობდა, თუმცა ამის მიზეზებზე საუბარს თავს არიდებდა. 2018 წლის დეკემბერის დასაწყისში ჟ--- უფრო ცუდად გამოიყურებოდა, აღარ იცინოდა, სულ ნამტირალევი სახით დადიოდა. რამდენიმე დღე გააცდინა და როცა სამსახურში გამოცხადდა, ცუდად გახდა, ვეღარ აზროვნებდა. დაალევინეს წამლები, რის შემდეგ ერთი კვირა სამსახურში კვლავ აღარ მისულა. ჟ---ს აშკარად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ითიშებოდა. შემდეგ შეიტყო, რომ ჟ--- მეუღლეს უცემია და ოჯახი დაენგრა.
მოწმემ ბე-------–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის შსს გ---------ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2018 წელს იძიებდა გ--- კ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. გამოძიება დაიწყო ც---–- ო---–---–ის შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან გამოკითხა დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი, რომელიც განმარტავდა, რომ მისი მეუღლე გ--- კ-------–---–ი ბოლო პერიოდში მის მიმართ იყო აგრესიული, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. 2018 წლის 7 დეკემბერს მეუღლემ წაიყვანა სოფელ ჩ----–--ში, ,,ფ----------ის“ტერიტორიაზე, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წააქცია და ფეხებით და ხელებით ურტყამდა, ასევე ორჯერ დაადო ანთებული სიგარეტი მკერდისა და დუნდულოს არეში, რითიც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ჟ--- მეუღლის აგრესიულ ქცევას უკავშირებდა მის ეჭვიანობას. გამოკითხვისას ჟ---ს თვალნათლივ ეტყობოდა სილურჯეები ხელზე, მკლავის არეში. ჟ--- გამოიკითხა სახლში, რადგან პოლიციაში მისვლა ვერ შეძლო, თავს გრძნობდა სუსტად. მოგვიანებით ჟ---მ თავად ითხოვა დამატებითი გამოკითხვა, სადაც დაადასტურა ოქტომბრის თვეში მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, როდესაც თვალთან აღენიშნებოდა დაზიანება და სამსახურში მისულმა იცრუა, თითქოს ბავშვმა მოარტყა კარი. ბე-------–-----მა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ექსპერტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჟ--- ო---–---–ს პირადი შემოწმების მიხედვით სასქესო ორგანოსა და საშოს შესავლის მიდამოში, ასევე უკანა ტანის მიდამოში რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნება. ჟ--- ო---–---–ს აღენიშნება: მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობის უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობის უბანი მარცხენა დუნდულოზე. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დამწვრობა - რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 7 დეკემბერს.
საექსპერტო კვლევისას ჟ--- ო---–---–ის პირადი გასინჯვის მონაცემებით (ჟ--- ო---–---–ის გადმოცემით), 07.12.2018 წელს, 11:00-12:00 საათზე მეუღლემ წაიყვანა ტყეში, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა მუშტებს და ფეხებს (თავში რამდენიმეჯერ მოხვდა მუშტი), ასევე რამდენიმეჯერ დაადო ანთებული სიგარეტი გულმკერდზე მარცხნივ და მარცხენა დუნდულოზე. ამის შემდეგ იქვე ტყეში მოსთხოვა ტანსაცმლის გახდა და დაამყარა ნაძალადევი სქესობრივი კავშირი როგორც საშოდან, ისე უკანა ტანიდან.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჟ--- ო---–---–ის სხეულზე არსებული დამწვრობა შესაძლებელია, გამოწვეული ყოფილიყო სიგარეტის ზემოქმედებითაც. ჟ--- ო---–---–ს თავის არეში დაზიანებები არ ჰქონია.
N0----- შემაკავებელი ორდერით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადგენილია, რომ ორდერი შედგენილია 2018 წლის 8 დეკემბერს, 01:00 საათზე შსს გ---------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ლ--------–------ის მიერ. ორდერში მსხვერპლად მითითებულია ჟ--- ო---–---–ი, რომელსაც მოძალადემ (მეუღლე გ--- კ-------–---–მა), მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გასაჩივრებული არ ყოფილა. მას ხელს აწერს და ფაქტს ადასტურებს დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი.
ამოღების ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ 2018 წლის 8 დეკემბერს, 14:00-14:20 საათებს შორის შუალედში ჟ--- ო---–---–ისგან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის წარდგენილი ტასაცმელი, რომელიც ეცვა 2018 წლის 7 დეკემბერს, როდესაც მისმა მეუღლემ გ--- კ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სხეული დაწვა სიგარეტით და გააუპატიურა.
ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ჟ--- ო---–---–ს გაეწია ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაცია, რა დროსაც აღენიშნებოდა შფოთვითი და დეპრესიული სიმპტომატიკა. დაესვა დიაგნოზი: მოუსვენრობა და შფოთვა, განწირულობის შეგრძნება. პაციენტს მიეცა შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები, საჭიროებდა შემდგომ დაკვირვებას, მაგრამ აღარ მიუმართავს. პაციენტი დაავადებას უკავშირებდა ფსიქოტრავმას.
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ უტყუარად დადასტურდა 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ძალადობის ფაქტი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ამგვარ ქმედებათა ის სიძლიერე და ხარისხი, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ექსპერტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჟ--- ო---–---–ს პირადი შემოწმებისას დაუდგინდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობის უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობის უბანი მარცხენა დუნდულოზე, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 7 დეკემბერს. სამედიცინო შემოწმებისას დაზარალებულს ექსპერტებთან საუბარში არ დაუმალავს მოძალადის ვინაობა და ძალადობაში სწორედ მის მეუღლეს ამხელდა. რაც შეეხება დაზარალებულზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას, სააპელაციო პალატა ეჭვქვეშ არ აყენებს ექსპერტებთან დაზარალებულის გულწრფელობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლოს მიერ უფრო სიღმისეული მსჯელობა იქნებოდა ბრალდების ფარგლების გაცდენა და სასამართლოს მიერ ახალი ბრალის ფორმულირება, რაც ცალსახად სცდება მის უფლებამოსილებას.
2018 წლის 8 დეკემბერს, 01:00 საათზე შედგენილ N0----- შემაკავებელ ორდერში აღწერილია მოძალადის - გ--- კ-------–---–ის მხრიდან მსხვერპლზე - ჟ--- ო---–---–ზე განხორციელებული ძალადობა, რაც გამოიხატა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. საყურადღებოა, რომ შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა და მასში აღწერილი ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა. ასევე საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერი არ ყოფილა გასაჩივრებული. მეტიც: სასამართლო განხილვის დროს იგი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.
მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით, რომელმაც ჟ--- ო---–---–ი ნახა მის მიმართ განხორციელებული ძალადობიდან მოკლე დროში, ცალსახად დადასტურებულია ის გარემოება, რომ მშობლების სახლში მისული ჟ--- ო---–---–ი იყო ნაცემი, ცუდად გახდა და ტკივილისგან კარებში ჩაიკეცა. ჟ---ს სხეულზე ჰქონდა ჰემატომები და დამწვრობა. ჟ---ს არ დაუმალავს, რომ მასზე ქმარმა იძალადა.
ქმრის მხრიდან ძალადობის შემდგომ ჟ--- ო---–---–ის მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას აღწერს ასევე მოწმე ც---–- ო---–---–ი, რომელმაც ნახა ჟ--- ო---–---–ი, რომელსაც სტრესის გამო საუბარი უჭირდა. როგორც შეიტყო, ჟ--- მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
გამომძიებელმა ბე-------–-----მა, რომელმაც შემთხვევიდან მოკლე დროში გამოკითხა ჟ--- ო---–---–ი, დაადასტურა, რომ დაზარალებული გამოკითხა სახლში, ვინაიდან იყო ცუდად და პოლიციაში მისვლა ვერ შეძლო.
ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდგომ ჟ--- ო---–---–ს დასჭირდა ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაცია და დაუდგინდა მოუსვენრობა და შფოთვა, განწირულობის შეგრძნება, რაც ჟ--- ო---–---–ის აღქმით უკავშირებდა წარსულ ფსიქოტრავმას.
სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 გადაწყვეტილება).
ამდენად, ჟ--- ო---–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, მათ შორის დამწვრობები, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დაზიანებათა მიყენებისას მსხვერპლი აუცილებლად განიცდიდა ტკივილს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად კი ჟ--- ო---–---–ს ნამდვილად ჰქონდა პოსტტრავმული მოუსვენრობა, შფოთვა და განწირულობის შეგრძნება, რითიც იგი ცალსახად იტანჯებოდა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებული სახლში მისვლისას ტკივილისგან კარებში ჩაიკეცა, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, თუმცა ჭრილობები შეგნებულად არ დაუმუშავეს, რადგან ძალადობის კვალი არ გამქრალიყო და ხელი არ შეშლოდა საექსპერტო კვლევას, ასევე ც---–- ო---–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც ნახა ჟ--- ო---–---–ი, რომელიც იყო ძალიან ცუდად და სტრესის გამო ვერ საუბრობდა. აღნიშნული თანხვედრაშია გამომძიებლის - ბე-------–-----ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულმა შეუძლოდ ყოფნის გამო პოლიციაში მისვლა ვერ შეძლო და იგი სახლში გამოკითხა. ასევე საყურადღებოა, რომ ჟ--- ო---–---–მა მასზე განხორციელებული ძალადობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად მიმართა ექიმ-ფსიქიატრს, რაც ცალსახად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მას სტანჯავდა გადატანილი ტრავმა. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსხვერპლის საქციელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ - იგი იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - არაერთხელ გამოიკითხა გამოძიების მსვლელობისას, მათ შორის დამატებით საკუთარი თხოვნით, გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა მტკიცებულებები (ტანსაცმელი), ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც გამოიყენა კანონით მინიჭებული პრივილეგია და არ მისცა ახლო ნათესავის (მეუღლის) მამხილებელი ჩვენება სასამართლოს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჟ--- ო---–---–ის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. სააპელაციო პალატა ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეირტალებას (თვითგადარჩენას) მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს. ამან კი განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა, ზემოგანხილული უტყუარი მსტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა მეუღლე ჟ--- ო---–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობა მარცხენა დუნდულოზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ძლიერი ტკივილი და ტანჯვა და, მიუხედავად ერთი შეხედვით ამ ქმედების მსგავსებისა წამებასთან, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა იმის უტყუარად დადგენა, გ--- კ-------–---–ის ამგვარი მოპყრობა ემსახურებოდა თუ არა სპეციალურ მიზანს - მეუღლის მხრიდან ღალატის აღიარებას ან დასჯას, რომლის ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, რომ გ--- კ-------–---–ს არ შეეძლო 2018 წლის 7 დეკემბერს დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელება, რადგან თითქოსდა საწინააღმდეგო დასტურდებოდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ:
მოწმე მ------ კ-------–---–მა განმარტა, იგი არის გ--- კ-------–---–ის დედა. გ--- კ-------–---–ი და ჟ--- ო---–---–ი ცხოვრობენ მასთან ერთად, ერთ ეზოში, მაგრამ სხვა სახლში. 2018 წლის 7 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში იგი ხედავდა დაზარალებულს, რომელიც ჩვეულებრივად საქმიანობდა თავის სახლში, შვილები წაიყვანა სკოლასა და ბაღში და მოძრაობდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით. გ--- კ-------–---–ი წასული იყო სამუშაოზე და შემთხვევის დღეს სახლში არ მისულა. საღამოს დაზარალებული წავიდა დედასთან. მან მეორე დღეს შეიტყო, რომ მის შვილს პოლიცია ეძებდა მეუღლის ცემის გამო. სხვა დროს ცოლ-ქმარს მცირე კამათი კი ჰქონიათ, თუმცა სერიოზული ჩხუბი არასდროს მოსვლიათ.
მოწმე ა------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შ.პ.ს. ,,გ---------ი 1929-ში“ დარაჯად. 2018 წლის 7 დეკემბერს მან ნახა გ--- კ-------–---–ი, რომელიც სს ,,ა------ს' წარმოადგენელია და მისი მეშვეობით გააქვთ ღვინო ქარხნიდან, ადგენს ზედნადებებს და აკონტროლებს ღვინომასალის გატანას. გ--- კ-------–---–ს აქვს თავისი სამუშაო ოთახი, რომელიც მისი სამუშაო ადგილიდან არ ჩანს. გ--- ამსახურში ნახა დილით, დაახლოებით 10 საათზე, შემდეგ დაახლოებით პირველ საათზე - ქარხნის ეზოში, სადაც ცეცხლი ენთო და მძოლებთან ერთად იყო გ---ც, შემდეგ ოთხ საათზე და ბოლოს საღამოს 8 საათზე, როდესაც გ--- წავიდა სახლში.
მოწმეებმა ლ---------–---–მა და ზ---------------–---–მა განმარტეს, რომ იცნობენ გ--- კ-------–---–ს, რომელიც არის სს ,,აკურის’’ წარმომადგენელი შ.პ.ს ,,გ---------ი 1929-ში“ და მისი მეშვეობით (სასაქონლო ზედნადების გამოწერით), ახდენენ ღვინომასალის გატანას ქარხნიდან. 2018 წლის 7 დეკემბერსაც გ--- იყო სამსახურში. მათ იგი ნახეს დაახლოებით 11-12 საათზე, შემდეგ წაიღეს ღვინომასალა და დაბრუნდნენ დაახლოებით 2 საათში. კვლავ დაიტვირთნენ და წავიდნენ დაახლოებით 4-5 საათზე.
2018 წლის 7 დეკემბერს სს ,,ა------ს“ სახელით გაცემულია სასაქონლო ზედნადებები 12:55; 12:53; 16:13; 17:26 საათზე, საიდანც არ იკითხება, ვისი შევსებულია ეს აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით ნამდვლად არ დასტურდება გ--- კ-------–---–ის ალიბი და ის ფაქტი, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–ს არ შეეძლო ეძალადა მეუღლეზე, რადგან საწინააღმდეგო დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, მოწმე მ------ კ-------–---–ის ჩვენება არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ნ-------------–---–ის ჩვენებას, სადაც მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებული მივიდა მასთან და მიუყვანა შვილი და უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ასევე ბრალდებულის თანამშრომლების არც ერთი ჩვენება არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად იძალადა მის მეუღლეზე, რადგან არც ერთი მოწმე უწყვეტად არ აკონტროლებდა მთელი დღის განმავლობაში გ--- კ-------–---–ის გადაადგილებას, ისე რომ ბრალდებული არ გასულიყო მათი თვალთახედვის არედან და ამდენად, არც სასაქონლო ზედნადებებისა და არც დაცვის მოწმეთა ჩვენებების შინაარსი არ იძლევა შესაძლებლობას, მთლიანობაში იქნას აღქმული შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები და გ--- კ-------–---–ის გადაადგილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი (მათ შორის უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--- კ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით კრიმინალიზებულია წამება - ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად - ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას (მათ შორის, იხილეთ Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V; Labita v Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 87, ECHR 2010; El-Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 195, ECHR 2012; and Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09, 45886/07 and 32431/08, § 315, ECHR 2014 (extracts)). რასაკვირველია, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა არის ცივილიზაციის ღირებულება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ღირსების პატივისცემასთან.
კონვენციის უმეტესი ძირითადი მუხლისაგან განსხვავებით, მესამე მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს და არანაირი გადახვევა არ არის ნებადართული 15 § 2 მუხლის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როცა ერის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე (ibid.). ურთულეს პირობებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია სრულად კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად პირის ქცევისა (მათ შორის, იხილეთ Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, § 79, Reports of Judgments and Decisions 1996-V; and Labita, Gäfgen and El-Masri, ყველაზემოთციტირებული; ასევე იხ.Georgia v. Russia (I) [GC], no. 13255/07, § 192, ECHR 2014 (extracts); and Svinarenko and Slyadnevv. Russia [GC], nos. 32541/08 და 43441/08, § 113, ECHR 2014 (ამონარიდები)). მესამე მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს. ამ მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლო ადგენს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს, მაგრამ დასძენს, რომ ასეთი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმაოდ ძლიერი, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნებისა ან მსგავსი უტყუარი ვარაუდებიდან (მათ შორის იხილეთ, Ireland v. the United Kingdom, 18 January 1978, § 161 in fine, Series A no. 25; Labita, ზემოთციტირებული, § 121; Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006-IX; Ramirez Sanchez v. France [GC], no. 59450/00, § 117, ECHR 2006-IX; and Gäfgen, ზემოთციტირებული, § 92). არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ მესამე მუხლის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანრგძლივობა, მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შედეგები და ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ., სხვა წყაროთა შორის, Ireland v. the United Kingdom, ზემოთ მითითებული § 162; Jalloh, ზემოთ მითითებული, § 67; Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88; El-Masri, ზემოთ მითითებული, § 196; და Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114). დამატებითი ფაქტორია მიზანი, რის გამოც განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, განზრახვასა და მოტივაციასთან ერთად (შეადარეთ, inter alia, Aksoy v. Turkey, 18 დეკემბერი 1996, § 64, Reports 1996-VI; Egmez v. Cyprus, no. 30873/96, § 78, ECHR 2000-XII; and Krastanov v. Bulgaria, no. 50222/99, § 53, 30 სექტემბერი 2004; იხ. ასევე, სხვა წყაროთა შორის, Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88; and El-Masri, ზემოთ მითითებული, § 196), თუმცა მსხვერპლის დამცირებისა და შეურაცხყოფის განზრახვის არარსებობა ვერ გამორიცხავს მესამე მუხლის დარღვევას (იხ. სხვა წყაროთა შორის, V. v. the United Kingdom [GC], no. 24888/94, § 71, ECHR 1999-IX; and Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114). ყურადღება ასევე უნდა მიექცეს კონტექსტს, რომელშიც არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, მაგალითად განსაკუთრებით დაძაბული და ემოციური ატმოსფეროს არსებობა (შეადარეთ, მაგალითად, Selmouni, ზემოთ მითითებული, § 104; and Egmez,ზემოთ მითითებული, § 78; იხ. ასევე, სხვა წყაროთა შორის, Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88). არასათანადო მოპყრობა, რომელიც აღწევს სისასტიკის ასეთ მინიმალურ ზღვარს, როგორც წესი, გულისხმობს რეალურად მიყენებულ სხეულის დაზიანებას ან ინტენსიურ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას. თუმცა, ამ ასპექტების არარსებობის პირობებშიც, სადაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, ავლენს მის მის მიმართ უპატივცემულობას ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, ან წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მესამე მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (იხ.სხვა წყაროთა შორის, Vasyukov v. Russia, no. 2974/05, § 59, 5 აპრილი 2011; Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 89; Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114; and Georgia v. Russia (I), ზემოთ მითითებული, § 192).
გაერთიანებული ერების წამებისა და სხვა საშინელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად:
„კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც პირს განზრახ ადგება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, მიუხედავად იმისა, ტანჯვა იქნება ფიზიკური თუ სულიერი, იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მოპოვებულ იქნას ინფორმაცია ან აღიარება, ან მიზნად ისახავს მის დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა მან ან მესამე პირმა, ან იმ მიზნით, რომელიც ეფუძვნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ხოლო ტკივილის ან ტანჯვის მიეყენება ხორციელდება ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის ან თანამდებობის პირის მიერ, მისი წაქეზებით, ან მის მიერ ნათლად ან დუმილით გამოხატული თანხმობით. აღნიშნული არ გულისხმობს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც თან სდევს კანონიერი სანქციების შეფარდებას ან განხორციელებას“
წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად წამება განხორციელებული უნდა იქნეს გარკვეული მიზნით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თვით განსაზღვრება მოიცავს რამდენიმე მიზანს, აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ჩნდება გარკვეული კითხვები, მაგალითად წარმოადგენს თუ არა წამებას სადისტის მიერ შემთხვევითი მსხვერპლის მიმართ განხორცილებული ქმედება თვითდაკმაყოფილების მიზნით? ანალოგიურ საკითხვებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ბოროტი განზრახვა მოხვდება კონვენციის 1-ლი მუხლის მოქმედების სფეროში. თუმცაღა, ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კეთილი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედება არ იყოს წამება. უფრო მეტიც, წამების ჩადენა ხშირად ხორციელდება ისეთი მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა დანაშაულის გახსნა ან მისი თავიდან არიდება.
წამების საწინააღმდეგო კონვენცია განმარტავს, რომ ტკივილი და ტანჯვა მიყენებულ უნდა იქნეს საჯარო მოხელის ან ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მისი წაქეზებით, ან მისი თანხმობით ან დუმილით გამოხატული მისი თანხმობით. წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-16 მუხლი კი აფართოებს სახელმწიფოების ნეგატიურ ვალდებულებას არაადამიანურ და დამამცირებელ ქმედებებთან მიმართებაში. მეორეს მხრივ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-7 მუხლი არ მოიცავს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არასათანადო მოპყრობის განხორციელებაში აუცილებლად გარეული უნდა იყოს საჯარო მოხელე ან ხელისუფლების წარმომადგენელი. საჯარო მოხელის 1-ელ მუხლში მოხსენიებით და ამ კრიტერიუმის დაწესების მიზანს წარმოადგენს, არ დააკისროს სახელმწიფოს ვალდებულება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებულ იქნა მისი კონტროლის მიღმა. თუმცაღა, სახელმწიფოებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კერძო პირების მიერ განხორციელებულ წამებასთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ჯეროვნად არ პასუხობენ ასეთ ქმედებებს და არ ატარებენ საჭირო ღონისძიებებს ასეთ ქმედებათა აღმოსაფხვრელად.
იმისათვის, რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს წამებად, აუცილებელია სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტის თანაარსებობა: 1) ძლიერი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება; 2) ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მისი დავალებით, წაქეზებით ან დუმილით გამოხატული თანხმობით; 3) კონკრეტული მიზნის (როგორიცაა ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მსხვერპლის დასჯა ან დაშინება, დისკრიმინაციის მოტივი) მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლი ამავე კოდექსის 1261-ე მუხლისაგან განსხვავდება ზემოქმედების სიმძიმისა და შედეგის ხარისხით, ასევე არასათანადო მოპყრობისას სპეციალური მიზნის არსებობა/არარსებობით.
მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არ დადასტურდა, რომ გ--- კ-------–---–მა მეუღლეს ჟ--- ო---–---–ს დაზიანებები მიაყენა მისგან ღალატის აღიარებისა და დასჯის მიზნით (ერთი შეხედვით მიუხედავად გ--- კ-------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების წამებასთან მსგავსებისა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა იმის უტყუარად დადგენა, გ--- კ-------–---–ის ამგვარი მოპყრობა ემსახურებოდა თუ არა სპეციალურ მიზანს - მეუღლის მხრიდან ღალატის აღიარებას ან დასჯას, ან მის მიმართ ამგვარმა მოპყრობამ თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით მიაღწია თუ არა სისასტიკის იმ ზღვარს, რომელიც აუცილებელია მოძალადის ქმედების წამებად დაკვალიფიცირებისათვის), თუმცა უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა მეუღლეზე - ჟ--- ო---–---–ზე იძალადა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--- კ-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილიზე და იგი სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ--- კ-------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ---------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- კ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებული იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (მეუღლისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მსხვერპლს მათ შორის მიყენებული აქვს თერმული დაზიანებები დამწვრობის სახით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, ურყევ ნებას, ეძალადა მეუღლეზე), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა. პირიქით, გ---------ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით, ხასიათდება დადებითად. დაზარალებულის დედამ დაკითხვისას ასევე აღნიშნა, რომ გ--- კ-------–---–ი შემთხვევამდე კარგი ქმარი და მზრუნველი მამა იყო), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (გ--- კ-------–---–ის ქმედების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, შეპყრობილი იყო მოუსვენრობით, შფოთვით, განწირულობის შეგრძნებით, რამაც შესაძლოა, წარუშლელი კვალი დატოვოს მის ფსიქიკაზე) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--- კ-------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
8. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, ჟ--- ო---–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი (შავი ჯინსის შარვალი თეთრი კოპლებით, შავი სვიტერი, მოკრემისფერო ბიუზჰალტერი, ნარინჯისფერი ტრუსი), რომლებიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ყოველდღიური საფენი, რომელიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ჟ--- ო---–---–ისგან აღებული ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; გ--- კ-------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------- ზ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
გ---------ის რაონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- კ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ--- კ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ--- კ-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
გ--- კ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--- კ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გ--- კ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 8 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
- ჟ--- ო---–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი (შავი ჯინსის შარვალი თეთრი კოპლებით, შავი სვიტერი, მოკრემისფერო ბიუზჰალტერი, ნარინჯისფერი ტრუსი), რომლებიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- ყოველდღიური საფენი, რომელიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- ჟ--- ო---–---–ისგან აღებული ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- გ--- კ-------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გ---------ის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე