დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
05 მარტი 2026 წელი
№ას-1461-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.“
ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ. ს–ში“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ქ.ე–სი“, შ.პ.ს. „მ....“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-მა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ.ს–ში“ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „ქ.ე“-სა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შ.პ.ს. „მ....“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) (ერთად მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები“, „მოწინააღმდეგე მხარეები“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. შ.პ.ს. „ქ.ე–სი“-ს მოსარჩელე ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ.ს“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3 816 820.73 ლარის გადახდა;
1.2. შ.პ.ს. „ქ.ე“-ს და შ.პ.ს. „მ....“-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 365 500 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ. ს–ში“ დაკავებულია სამშენებლო საქმიანობით. ფილიალის დამფუძნებელია თურქეთში რეგისტრირებული კომპანია ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.“. ერთ-ერთ პროექტს, რომლის მშენებლობასაც ფილიალი აწარმოებს, წარმოადგენს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი. ამ პროექტზე სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ფილიალმა შ.პ.ს. „ვ.თ.“-თან (რომელსაც 2019 წლის აპრილში სახელი შეეცვალა და ეწოდა შ.პ.ს. „ქ.ე–სი“) გააფორმა შემდეგი ხელშეკრულებები:
2.1.1. 2019 წლის 25 თებერვალს ფილიალსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ იკისრა მიწის ამოვსების სამუშაოების შესრულება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც სამშენებლო სამუშაოებს ფილიალი აწარმოებდა. აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2022 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
2.1.2. 2019 წლის 17 მაისს ფილიალსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ იკისრა ფილიალისათვის ქვიშა-ხრეშის მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.1.3. 2019 წლის 15 აგვისტოს ფილიალსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა მიწის სამუშაოების (კერძოდ, ამოვსების, მასალით მომარაგების უზრუნველყოფის, შეუსაბამო მასალის მოთხრისა და ნაგავსაყრელზე მიტანა/დაყრის) შესრულება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა ფილიალი. ხელშეკრულება მოქმედებდა 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში პირველი მოპასუხის მიერ ფილიალისთვის მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენს 29 695 964.27 ლარს. წინამდებარე სარჩელის შეტანის მომენტისთვის ფილიალის მიერ პირველი მოპასუხისთვის სხვადასხვა გზით ანაზღაურებული (მათ შორის, საწვავის ჩასხმისა და სხვა ხარჯების გაწევისათვის გამოქვითული) თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 34 537 785 ლარს, საიდანაც 27 564 021.27 ლარი ფილიალმა ფულადი სახით გადაუხადა პირველი მოპასუხეს (მათ შორის, მოპასუხის სასარგებლოდ - მესამე პირებს), ხოლო 6 973 763.54 ლარი პირველ მოპასუხეს აუნაზღაურა საწვავის მიწოდებითა და სხვა ხარჯების ანაზღაურებით. ჯამურად მიღებული 34 537 785 ლარიდან პირველმა მოპასუხემ ფილიალს უკან დაუბრუნა 1 025 000 ლარი.
2.3. ვინაიდან ფილიალსა და პირველ მოპასუხეს შორის ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა, პირველ მოპასუხეს ფილიალისთვის დასაბრუნებელი აქვს სხვაობა მის მიერ მიღებული ჯამური თანხის ოდენობასა და მის მიერ ფილიალისათვის მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ჯამურ საფასურს შორის (უკან დაბრუნებული 1 025 000 ლარის გამოკლებით), რაც, სარჩელის შეტანის მომენტისათვის, შეადგენს 3 816 820.73 ლარს.
2.4. ამის გარდა, 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ფილიალმა შ.პ.ს. „მ....-ს“ გადაუხადა ჯამში 1 365 500 ლარი, საიდანაც 950 000 ლარი გადახდილი იქნა უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო 415 500 ლარი - ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნული თანხის მეორე მოპასუხისათვის გადახდა მოხდა პირველი მოპასუხის მითითებით, ვინაიდან ამ უკანასკნელზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ის ფაქტი, რომ ფილიალისგან თანხების მიღებისას მეორე მოპასუხე მოქმედებდა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ და მისი მითითებით, დასტურდება იმითაც, რომ მეორე მოპასუხეზე თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემისას სალაროს გასავლის ორდერებს (ერთის გარდა) ხელს აწერს ნიკოლოზ ღლონტი, პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორი. ამასთან, მეორე მოპასუხეს ფილიალისათვის არ მიუწოდებია არანაირია საქონელი ან/და მომსახურება, მხარეთა შორის არ არსებობდა არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული თანხის ფილიალისთვის დაბრუნება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, ვინაიდან მეორე მოპასუხე წარმოადგენს ფილიალისაგან თანხის უშუალო მიმღებს, ხოლო პირველი მოპასუხე - გადახდილი თანხის საბოლოო ბენეფიციარს.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაკვლევ პერიოდში (.............) შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ის საქართველოს ფილიალისათვის მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 34 230 930.39 ლარს, თუმცა მოსარჩელეებს გამოსაკვლევ პერიოდში ანაზღაურებული აქვთ სულ 28 977 021.42 ლარი. 2019 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 მარტამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ის საქართველოს ფილიალის მიერ ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 5 253 908.97 ლარს. შესაბამისად, ფილიალის დავალიანება მოპასუხთა მიმართ შეადგენს 5 253 908.97 ლარს. ამდენად, მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება სადავო თანხებზე არ გააჩნიათ.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
4. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ს და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ. ს"-ს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროთ 5 253 908.97 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5.1. 2019 წლის 25 თებერვალს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს.ფ–სა და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება NGKC/S/19/0005. ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს. „ქ.ე“-მ იკისრა მიწის ამოვსების სამუშაოების შესრულება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“.ს.ფ. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 17 თვე, თუმცა 2020 წლის 25 ივლისს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, 2021 წლის 25 აგვისტოს კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი (წინასწარ, წერილობითი ფორმით შეთანხმებული ერთეული ფასები), რომელიც გათვალისწინებული იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოს რაოდენობა იყო დაახლოებით 1 500 000 კუბური მეტრი, რაც ანაზღაურდებოდა ფილიალის მიერ 21 მილიონი ლარით დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების 23-ე პუნქტით განისაზღვრა შ.პ.ს. „ქ.ე“-სთვის, როგორც ქვეკონტრაქტორისათვის, თანხის ანაზღაურების წესი. ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. იმისთვის, რომ მომხდარიყო გადახდა, შესრულებული სამუშაოები უნდა ჩაებარებინა და დაედასტურებინა ზედამხედველს. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდებოდა ყოველთვიურად, სამუშაოები კი, ანაზღაურდებოდა ზედამხედველის მიერ დადასტურებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.2. 2019 წლის 17 მაისს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს. ფ–სა და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება NGKC/S/19/0018, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ფილიალისთვის ქვიშა-ხრეშის მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო თავისი ხარჯებით და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით დაეტვირთა და გადაეზიდა ქვიშა-ხრეში ფილიალის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილზე, ხოლო, ფილიალი ვალდებული იყო, გადაეხადა ნასყიდობის საფასური. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, 1 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ღირებულება შეადგენდა: - სილაურის კარიერიდან ფილიალის მიერ გადაზიდვის შემთხვევაში - 4.00 ლარს; - სილაურის კარიერიდან მიმწოდებლის მიერ გადაზიდვის შემთხვევაში - 12.00 ლარს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მოპასუხე კომპანიებს შ.პ.ს. „ქ.ე“-სთვის უნდა გადაეხადათ როგორც გაწეული სამუშაოების ღირებულება (მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), ასევე, ქვიშა-ხრეშის საფასური სრულად.
5.3. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევ პერიოდში (.........) შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“.ს.ფ–ის მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 34 230 930.39 ლარს. ამავე დასკვნით დგინდება, რომ შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.“.ს.ფ–გან, მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოსთვის, გამოსაკვლევ პერიოდში სულ მიღებული აქვთ 28 977 021.42 ლარი. შესაბამისად, 2019 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 მარტამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს. ფ–ის მიერ ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 5 253 908.97 ლარს, რაც წარმოადგენს დავალიანებას შეგებებული სარჩელის მოსარჩელეთა მიმართ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები დავალიანებას ნებაყოფლობით არ იხდიან. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით თავად შეიტანეს სარჩელი და ცდილობენ იმგავარად წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს მათ მიმართ არსებობს დავალიანება.
შეგებებული სარჩელით მოპასუხეების პოზიცია:
6.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ კალკულაციებს და ექსპერტიზის დასკვნას არც ერთ ნაწილში არ ეთანხმებიან. თავად დასკვნაც მიუთითებს, რომ იგი შესრულებულია, მათ შორის, ხელმოუწერელი დოკუმენტაციისა და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხეთა მოსაზრებით, დასკვნის შინაარსი და ფორმალური ნაწილი, არასარწმუნოა. აღნიშნულის საპირწონედ, შეგებებული სარჩელით მოპასუხეების მიერ წაროდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფილიალსა და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს შორის დადებული სამივე ხელშეკრულების ფარგლებში ფილიალისათვის მიწოდებული მასალისა და მომსახურების ჯამური მოცულობა წარმოადგენს 29 695 964.27 ლარს, ფილიალს შ.პ.ს. „ქ.ე“-სათვის სხვადასხვა გზით ანაზღაურებული აქვს, ჯამში, 34 537 785 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა ფილიალს უკან დაუბრუნა მხოლოდ 1 025 000 ლარი. შესაბამისად, არათუ ფილიალს არ მართებს არავითარი თანხის გადახდა, არამედ პირიქით, შ.პ.ს. „ქ.ე“-ს ზედმეტობით აქვს ფილიალისგან მიღებული ანაზღაურება 3 816 820.73 ლარის ოდენობით (34 537 785 – 29 695 964.27-1 025 000 = 3 816 820.73 ლარი).
6.2. გარდა ამისა, 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ფილიალმა, შ.პ.ს. „ქ.ე“-ის მითითებით, ვინაიდან ამ უკანასკნელზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შ.პ.ს. „მ....“-ს გადაუხადა, ჯამში, 1 365 500 ლარი. შესაბამისად, ფილიალს არათუ არ მართებს შ.პ.ს. „მ....“-ისთვის რაიმე თანხის ანაზღაურება, არამედ, პირიქით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს სოლიდარულად მართებთ 1 365 500 ლარის გადახდა ფილიალისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით:
7.1. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ. ს“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
7.2. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-სა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-ს შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5 253 908.97 ლარის გადახდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-მა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-მ, მოითხოვეს გადაწყვეტილების შეცვლის გზით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. 2019 წლის 25 თებერვალს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს.ფ–სა და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს (ხელშეკრულების გაფორმების დროს სახელწოდებით შ.პ.ს. „ვ.თ–ი“) შორის დაიდო ხელშეკრულება NGKC/S/19/0005, რომლის მიხედვითაც, შ.პ.ს. „ქ.ე“-მ იკისრა მიწის ამოვსების სამუშაოების შესრულება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“.ს.ფ..
10.2. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 17 თვე, თუმცა 2020 წლის 25 ივლისს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. 2021 წლის 25 აგვისტოს კი, ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
10.3. 2019 წლის 25 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელშეკრულების ფასში იგულისხმება მხარეებს შორის წინასწარ წერილობითი ფორმით შეთანხმებული ერთეული ფასები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოების რაოდენობა არის მიახლოებით 1 500 000 კუბური მეტრი (21 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე).
10.4. 2019 წლის 25 თებერვალს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს.ფ–სა და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს (ხელშეკრულების გაფორმების დროს სახელწოდებით შ.პ.ს. „ვ.თ–ი“) შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ქვეკონტრაქტორისათვის - შ.პ.ს. „ქ.ე“-სთვის თანხის ანაზღაურების წესი.
10.5. ხელშეკრულების 23.1 პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდება ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. იმისთვის, რომ მოხდეს გადახდა, შესრულებული სამუშაოები უნდა ჩაიბაროს და დაადასტუროს ზედამხედველმა. შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარება მოხდება ყოველდღიურად, ანაზღაურება კი, უნდა განხორციელდეს ზედამხედველის მიერ დადასტურებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
10.6. 2019 წლის 17 მაისს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“.ს.ფ–სა (შემსყიდველი) და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს (ხელშეკრულების გაფორმების დროს სახელწოდებით შ.პ.ს. „ვ.თ–ი“, შემდგომში - მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება NGKC/S/19/0018, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, თავისი ხარჯებითა და მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით კარიერიდან დაეტვირთა და გადაეზიდა ქვიშა-ხრეში შემსყიდველის მითითებულ სამუშაო ადგილზე.
10.7. შემსყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა ნასყიდობის საფასური. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, 1 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ღირებულება შეადგენდა: - სილაურის კარიერიდან შემსყიდველის მიერ გადაზიდვის შემთხვევაში 4.00 ლარს; - სილაურის კარიერიდან მიმწოდებლის მიერ გადაზიდვის შემთხვევაში 12.00 ლარს.
10.8. 2019 წლის 15 აგვისტოს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს. ფ–სა (კონტრაქტორი) და შ.პ.ს. „ქ.ე“-ს (ხელშეკრულების გაფორმების დროს სახელწოდებით შ.პ.ს. „ვ.თ–ი“, შემდგომში - ქვეკონტრაქტორი) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება NGTMO/S/19/0002, რომლის მიხედვითაც, ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას წარმოადგენდა მიწის სამუშაოების (ამოვსების სამუშაოები, მასალით მომარაგების უზრუნველყოფა, შეუსაბამო მასალის მოთხრა და ნაგავსაყრელზე მიტანა/დაყრა) შესრულება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სამშენებლო სამუშაობს ახორციელებდა კონტრაქტორი.
10.9. ხელშეკრულების მიხედვით, მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 17 თვე, თუმცა მხარეთა შორის 2021 წლის 15 იანვარს დადებული შეთანხმებით ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2021 წლის 15 აგვისტოს შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
10.10. 2019 წლის 15 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელშეკრულების ფასში იგულისხმება მხარეებს შორის წინასწარ წერილობითი ფორმით შეთანხმებული ერთეული ფასები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოების რაოდენობა არის მიახლოებით 1 500 000 კუბური მეტრი (24 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე).
10.11. შ.პ.ს. „ვ.თ“-ს, 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, შეეცვალა სახელი და ეწოდა შ.პ.ს. „ქ.ე–სი“.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. აპელანტთა მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო იმგვარად, რომ საქმე არ იყო მომზადებული, მოსარჩელე მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ჯეროვნად მიეღოთ მონაწილეობა შეჯიბრებით პროცესში, წარედგინათ შემხვედრი მტკიცებულებები, მორიგებულიყვნენ და ნაცვლად აღნიშნულისა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის დროული დამთავრების მიზნით განეხილა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა პროცესის გადადებას, რასთან მიმართებითაც შუამდგომლობა სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა, აღნიშნულმა კი, შეუზღუდა მხარეს უფლება, ესარგებლა შეჯიბრებითობის პრინციპით.
11.2. პალატამ, დასახელებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შეფასების მიზნებისათვის, ყურადღება მიაპყრო შემდეგ პროცესუალურ ასპექტებს:
11.2.1. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-მა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს–ში“ წინამდებარე საქმეზე თავდაპირველი სარჩელით სასამართლოს მიმართეს 2023 წლის 19 აპრილს, რომელიც სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.
11.2.2. მოცემულ საქმეზე 2024 წლის 14 მაისს სასამართლოს წარედგინა შეგებებული სარჩელი, რის შემდგომაც დანიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით, რომელსაც დაეთანხმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი;
11.2.3. 2024 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი. მოცემულ საქმეზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებს მხარემ გაუუქმა მინდობილობა, ახალი წარმომადგენლები საქმეში ჩაერთნენ 2024 წლის 29 ნოემბერს.
11.2.4. სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, 2024 წლის 3 დეკემბერს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, შუამდგომლობას ერთვოდა მტკიცებულება საავადმყოფო ფურცლის სახით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, სასამართლოში წარდგენილი განცხადებით, დაეთანხმა სხდომის გადადების შუამდგომლობას.
11.2.5. 2025 წლის 26 თებერვალს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ (12:09:39) იშუამდგომლა იმ მტკიცებულებების გამოთხოვა, რომელიც საფუძვლად დაედო ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 19 აპრილით დათარიღებულ ექსპერტზის დასკვნას. მოპასუხე მხარემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ბიურომ დაუბრუნა ყველა ის დოკუმენტი, რაც წარდგენილი იყო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით (12:15:55), ხოლო სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა პოზიციები, მიზანშეუწონლად მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, გამომდინარე იქიდან, რომ თავად მოსარჩელე მხარეც არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული დოკუმენტების დასახელების შესახებ, რის გამოც, მოპასუხეს შეეძლო დოკუმენტაცია წარედგინა არასრული ან, პირიქით, უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე მან წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად.
11.2.6. ამავე სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა მოცულობითი (1200 ფურცელი) მტკიცებულებები, რომლის გაცნობის მიზნით საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის.
11.2.7. მომდევნო მოსამზადებელი სხდომა სასამართლოს მიერ დაინიშნა 2025 წლის 28 მარტს. მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და სასამართლოს მიერ გამოყოფილი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი შეთანხმების მისაღწევად, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და მომდევნო სხდომა დაინიშნა 2025 წლის 11 აპრილს, რომელზეც მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დამატებით სხდომის გადადება ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
11.2.8. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის დაყენების ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა მიმართული ექსპერტიზისათვის, სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოსამზადებელი ეტაპის გაგრძელება, საქმე მომზადებულად მიიჩნია და მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა სასამართლო მთავარ სხდომაში. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ და სასამართლო მთავარი სხდომა დანიშნა 2025 წლის 16 აპრილს.
11.2.9. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე მხარემ დამატებით განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, ერთ-ერთი ადვოკატის მიერ ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომაში მონაწილეობის საფუძვლითა და მეორე ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებები.
11.2.10. 2025 წლის 16 აპრილს სასამართლომ განიხილა აღნიშნული მოთხოვნა და სასამართლო სხდომა გადადო 2025 წლის 23 აპრილს.
11.2.11. 2025 წლის 22 აპრილს მოსარჩელთა წარმომადგენლებმა დამატებითი შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს სხდომის გადადების მოთხოვნით და მიუთითეს, რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი საზღვარგარეთ გამოძახებულია მოწმედ, ხოლო მეორე წარმომადგენლი, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ მოახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
11.2.12. 2025 წლის 23 აპრილს სასამართლომ დამატებით აღარ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებასთან მიმართებით და მიუხედავად არსებული შუამდგომლობისა, მიზანშეწონილად მიიჩნია, საქმე განეხილა მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. ამასთანავე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მოისმინა მხოლოდ მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორის ახსნა-განმარტება, რის საფუძველზეც 2025 წლის 28 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
11.3. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტთა პრეტენზია სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით და შენიშნა, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც საქმის წარმოება დაიწყო 2023 წლის 19 აპრილს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 წლის შემდგომ - 2025 წლის 28 აპრილს, ხოლო ამ დროის მანძილზე სასამართლომ არაერთხელ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებასთან მიმართებით, მათ შორის, მხარეებს მისცა დრო მორიგებისათვის, მოსარჩელეების მიერ ყოველ მომდევნო სხდომასთან მიმართებით საქმის განხილვის გადადების მოთხოვნამ სააპელაციო პალატასაც შეუქმნა შინაგანი რწმენა, რომ რეალურად მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურება. სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელეებს ჰყავდათ 2 წარმომადგენელი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოსათვის არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული მტკიცება, რომ ყველა შემთხვევაში ორივე წარმომადგენელს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება.
11.4. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1-ე მუხლზე და შენიშნა, რომ 2025 წლის 23 აპრილის სასამართლო მთავარ სხდომაზე აღარ იკვეთებოდა საქმის განხილვის გადადების საჭიროება, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ 220-ე მუხლით, როდესაც მიიღო ახსნა-განმარტება სხდომაზე გამოცხადებული მხარისაგან და წარმართა სამოქალაქო საქმის განხილვა.
11.5. აპელანტების იმ პრეტენზიასთან მიმართებით, რომ მათ წარმოსადგენი ჰყავდათ ბუღალტერი, სპეციალისტის სახით, რომელსაც უნდა გაეკეთებინა განმარტება წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პალატამ შენიშნა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგინა თავად მოსარჩელემ და მტკიცებულების წარდგენის ეტაპზევე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, ეშუამდგომლა დამატებით ბუღალტრის დაკითხვის საჭიროებასთან მიმართებით ან წერილობით წარედგინა ბუღალტრის განმარტება, რისი განუხორციელებლობის პირობებშიც, მოგვიანებით ახალი შუამდგომლობის დაყენება და საქმის განხილვის გადადების მოთხოვნა, პალატის მოსაზრებით, გაუმართლებლად იქნა მიჩნეული.
11.6. მორიგების შესაძლებლობასთან მიმართებით, პალატამ მხედველობაში მიიღო მოწინააღმდეგე მხარეების/მოპასუხეების პოზიცია, რომელთაც მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ სხდომის გადადება მორიგების მიზნებიდან გამომდინარე არ მიაჩნდათ გამართლებულად, ვინაიდან, მოპასუხეთა მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიზანი იყო მხოლოდ დროის გაჭიანურება, რითაც მოპასუხე კომპანია არსებითად ზიანდებოდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება მორიგების შესაძლებლობასთან მიმართებით, მაშინ როდესაც დავის მონაწილე მეორე მხარე გამორიცხავდა მორიგების შესაძლებლობას, სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა საქმის განხილვის გადადების გონივრულ საფუძვლად.
11.7. საპასუხო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაში სასამართლოს მიერ ხელშეშლის შესახებ სააპელაციო პრეტენზიასთან მიმართებით, პალატამ შენიშნა, რომ მოპასუხე მხარემ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს წარუდგინა 2024 წლის მაისი თვეში (შეგებებულ სარჩელთან ერთად), შესაბამისად მოსარჩელე მხარეს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჰქონდა დაახლოებით 1 წელი, თუმცა ამ დროის განმავლობაში მას ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მოთხოვნით შესაბამისი დაწესებულებისათვის არ მიუმართავს, ამდენად აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მხარეს წაერთვა საპასუხო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, ჩაითვალა დაუსაბუთებლად.
11.8. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს 26.02.2025 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც უარყოფილი იქნა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა იმ მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 19 აპრილის №5002404124 დასკვნა. აღნიშნულ ნაწილშიც პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მიზანშეუწონლია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რადგანაც თავად მოსარჩელე მხარეც არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული დოკუმენტების დასახელების შესახებ, მოპასუხემ კი, შესაძლოა წარმოადგინოს არასრული ან პირიქით უფრო მეტი დოკუმენტაცია, ვიდრე მან წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად.
11.9. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის შედავება სასამართლოს მხრიდან პროცესუალური ნორმების უგულებელყოფასთან, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შეზღუდვასთან მიმართებით.
11.10. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 629-ე მუხლები და შენიშნა, რომ მხარეთა შორის მოქმედებდა სამი დამოუკიდებელი ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარეც მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები.
11.11. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაძულევლობის უარყოფითი შედგები. პალატამ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნის, როგორც სამოქალაქო პროცესში დასაშვები მტკიცებულების, მნიშვნელობაზე, მის მიმართებაზე სხვა მტკიცებულებების იურიდიულ ძალასთან და ყურადღება მიაპყრო შეგებებული სარჩელის ავტორთა მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ჩატარდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის დადგენის მიზნით, მხარის ინიციატივით, სამუშაოების შესრულების/მიწოდებული საქონლის აქტების, ასევე საბანკო ამონაწერის, მიღება-ჩაბარების აქტების, ანგარიშ-ფაქტურების, ნაღდი ფულის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სხვა ფინანსური და იურიდიული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ხსენებული ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტიზას დაევალა 2019 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 მარტამდე პერიოდში, შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებისა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ. ს“-ს მიერ მათთვის ჩარიცხულ თანხებს შორის სხვაობის დადგენა.
11.12. ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით, გამოსაკვლევ პერიოდში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მიერ ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს.“-სთვის მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 34 230 930.39 ლარს (25 256 277.62+8 819 652.77+155 000); ამავე დასკვნით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ის ს.ფ–გან, მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებლად, გამოსაკვლევ პერიოდში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს სულ მიღებული აქვთ 28 977 021.42 ლარი (27 612 021.42+1 365 000).
11.13. ამდენად, 2019 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის კვლევით ნაწილში ასახული შეზღუდვების/დაშვებების გათვალისწინებით, 2019 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 მარტამდე პერიოდში, შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“. ს.ფ–ის მიერ ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 5 253 908.97 ლარს. შესაბამისად, ს.ს. „ფ.ი.ი.ს.თ.“-ის ს.ფ–ის დავალიანება შ.პ.ს. „ქ.ე–სი“-ს და შ.პ.ს. „მ....“-ის მიმართ შეადგენს 5 253 908.97 ლარს.
11.14. პალატამ შენიშნა, რომ აპელანტების მიერ მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებათა გამაქარწყლებელი ალტერნატიული დასკვნა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირვანდელ სარჩელზე თანდართული საგადახდო დავალებები (გადახდები ფაქტორინგული მომსახურების ფარგლებში, გადახდები ფილიალის საბანკო ანგარიშიდან), სალაროს გასავლის ორდერები, სამმხრივი შეთანხმებები და მათთან დაკავშირებული საგადახდო დავალებები, თანხის უკან დაბრუნების დოკუმენტი და, ასევე, 26.02.2025 წელს განცხადებით წარმოდგენილი ე.წ. „დიზელის ცხრილები“ ვერ ჩაითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად, რადგან დასახელებული საგადახდო დავალებები და წარმოდგენილი ცხრილები იყო მოცულობითი და თან არ ახლავდა კომპეტენტური ორგანოს რაიმე შემაჯამებელი დასკვნა გაწეული მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით.
11.15. პალატის განსჯით, მას შემდეგ, რაც შეგებებული სარჩელის ავტორებმა მიუთითეს და დაადასტურეს მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეებზე გადავიდა. მოპასუხე მხარე დაზუსტებულ შესაგებელში შეედავა ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს და მასში წარმოდგენილ კალკულაციას, თუმცა შემოიფარგლა ზეპირსიტყვიერი შედავებით, ხოლო ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გააბათილდებდა წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელეთა (შეგებებული სარჩელით) მტკიცებას და სასამართლოს დაარწმუნებდა დასკვნის შედეგების არასარწმუნოობასა და მხარეთა შორის მიწოდებული მასალის/შესრულებული სამუშაოსათვის ანგარიშსწორების შედეგების განსხვავებული მოცემულობის არსებობაში, მოპასუხე მხარეს (შეგებებული სარჩელით) არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა შეძლო მისი მტიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დგინდება მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, ხოლო მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნის შედეგების საწინააღმდეგოდ, რის გამოც, სააპელაციო პალატამაც დაასკვნა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებისათვის ასანაზღაურებელი აქვთ 5 253 908.97 ლარი.
11.16. პალატის შეფასებით, ვინაიდან წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მოთხოვნა და სრულად დააკმაყოფილა იგი, გამოირიცხა პირვანდელი სარჩელით მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც, ვინაიდან დადგინდა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისგან თანხები ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშში აქვთ მიღებული და არა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, სახეზე არ არის პირველი მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, პირიქით, პირვანდელი სარჩელით მოსარჩელეებს თავად აქვთ ასანაზღაურებელი შესრულებულ სამუშაოსა და მიწოდებულ საქონლის ღირებულებასა და ჯამში გადახდილ თანხებს შორის სხვაობა.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-მა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-მ. მათი საკასაციო მოთხოვნაა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
12.1. სააპელაციო სასამართლომ შ.პ.ს. „ქ.ე"-სა და შ.პ.ს. „მ...."-ის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ისე მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად, რომ არ მომხდარა აღნიშნული დასკვნის სასამართლოს მიერ გამოკვლევა/შეფასება. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას არ აქვს დართული ის დოკუმენტაცია, რომელიც შეისწავალა ექსპერტმა და მოამზადა შესაბამისი დასკვნა. მხარე, რომელიც სასამართლოს წარუდგენს ექსპერტიზის დასკნას, ვალდებულია, სასამართლოში წარადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ექსპერტიზა. თუკი ექსპერტიზის დასკვნას თან არ ერთვის ის დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც ექსპერტმა დასკვნა მოამზადა, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მხრიდან აღნიშნული დასკვნის გამოკვლევა, მის ვალიდურობაში დარწმუნება და შედეგად, ასეთ დასკვნას ვერ ექნება მტკიცებულებითი ძალა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არსებობს საქმეში, არ შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული დასკვნის უტყუარობას. თავად დასკვნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ იგი შესრულებულია ხელმოუწერელი და ცალმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტაციისა და და თავდაპირველი მოპასუხეების (ანუ ექსპერტიზის დამკვეთის) ახსნა-განმარტებების საფუძველზე, შესაბამისად, ცხადია, რომ დასკვნა შესრულებულია არასარწმუნო, არავალიდური დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დამკვეთის მოსაზრებების საფუძველზე, შესაბამისად, მას ვერ ექნება იურიდიული ძალა და ვერ განიხილება მტკიცებულებად.
12.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირვანდელ სარჩელზე თანდართული საგადასახადო სალაროს გასავლის ორდერები, სამმხრივი შეთანხმებები და მათთან დაკავშირებული საგადახდო დავალებები, თანხის უკან დაბრუნების დოკუმენტი და ასევე, 26.02.2025 წელს განცხადებით წარმოდგენილი ე.წ. დიზელის ცხრილები ვერ მიიჩნეოდა ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად. გაუგებარია, რატომ განაცხადა უარი სასამართლომ, გამოეკვლია თავდაპირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად ადასტურებდა ე.წ. „ექსპერტიზის დასკვნის“ არავალიდურობასა და არასანდოობას. საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არგუმენტი - თითქოსდა მოცულობითი დოკუმენტების განხილვა არ ევალება სასამართლოს, ეწინააღმდეგება როგორც შეჯიბრებითობის პრინციპს, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გაუგებარია საქალაქო სასამართლოს მიდგომა, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, თითქოსდა მოსარჩელეს აუცილებლად უნდა წარმოედგინა ე.წ. „კომპეტენტური ორგანოს" რაიმე შემაჯამებელი დასკვნა გაწეული მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, რა იგულისხმება სასამართლოს მიერ მითითებულ „კომპეტენტური ორგანოს დასკვნაში“, როდესაც მხარეს აქვს მოლოდინი, რომ სწორედ სასამართლო იქნება „კომპეტენტური ორგანო“, რომელიც გამოიკვლევს მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, მიუხედავად მათი მოცულობისა, მით უფრო, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია სტანდარტული თანხის გადახდისა და გაქვითვის დამადასტურებელი დოკუმენტაციაა, რომელთა გამოკვლევაც არავითარ სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვდა.
13. 2026 წლის 26 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენით, ვინაიდან კასატორ მხარეს სურს, დაასაბუთოს, თუ რა პროცედურული დარღვევების ფონზე მოხდა საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამავდროულად, აღნიშნული დავა, კასატორის საქმიანობის გათვალისწინებით, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეს, რომელიც, დავის ღირებულებიდან გამომდინარე, მას უდიდეს ზიანს აყენებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს, კერძოდ:
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
15.2. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
15.3. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც უფლებამოსილია, მხარეთა მონაწილეობის გარეშე შეაფასოს საქმის სამართლებრივი მხარე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (იხ. სუსგ. №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
15.4. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (იხ. სუსგ. №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
16. რაც შეეხება უშუალოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19.1. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს იმ საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც კასატორმა წამოაყენა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვის მართებულობის წინააღმდეგ.
19.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19.3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, სამოქალაქო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრების საფუძველზე მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთს მხარეები ეჯიბრებიან, ხოლო შეჯიბრების პროცესს, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, სასამართლო ხელმძღვანელობს. შეჯიბრების პროცესი მხარეთა თანასწორობის საფუძველზე ხორციელდება, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ფუძემდებლური გარანტიაა. შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანაბარი უფლება ნიშნავს მათ თანაბარ შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო შეჯიბრების დროს სასამართლოს მიერ განხორციელებული უფლებამოსილებებიც მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
19.4. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს, შესაბამისად, მან არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანია, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა და ა. შ. (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 93-95).
19.5. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის, მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც (იხ. სუსგ. №ას-543-506-2017, 31.07.2017წ.).
19.6. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით [სსსკ-ის 83.1. მუხლი], თუმცა მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლებების განკარგვა შესაბამისი საპროცესო წესების დაცვით ხორციელდება. პროცედურულ წესთა უგულებელყოფაც, მხარის მიერ, საპროცესო უფლებამოსილების განკარგვის ერთგვარ აქტს წარმოადგენს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პასიურობის საპროცესო სტრატეგია ამავე მხარის საწინააღმდეგო შედეგს განაპირობებს.
19.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტიანობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში ჰპოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიდტი, ჰ.რიჰტერი., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ.3.).
19.8. სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ)? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე.
19.9. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I). სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები, მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით. (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი, მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
20.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორ მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეების წარმომადგენლებს საქმის განხილვის შესახებ ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
20.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს (იხ.სუსგ. №ას-1035-2021, 20.01.2022წ.).
20.3. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20.4. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
20.5. სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.
20.6. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა კასატორ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება.
20.7. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა სამართლებრივად შეაფასებს 2025 წლის 23 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მიზნით ამავე წლის 22 აპრილს მოსარჩელეთა წარმომადგენლების განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას სსსკ 215.3 მუხლთან. ხსენებულ განცხადებაზე თანდართული ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ წარმომადგენელ ა.ხ–ის მცირეწლოვანი შვილები, 22.04.2025 წლის მდგომარეობით, ავადობდნენ ინფექციური დაავადებებით. განცხადებაში მიეთითა, რომ ა.ხ–ზე გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, საჭიროების შემთხვევაში, წარედგინებოდა სასამართლოს მისი დახურვის შემდგომ.
20.8. სამედიცინო მდგომარეობის შესახებ განცხადებაზე დართული ცნობები უშუალოდ ა.ხ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ მიემართებოდა, მაშასადამე, მარტოოდენ წარმოდგენილი დოკუმენტებით მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობის შესახებ დასკვნის გამოტანა უმართებულოა. მცირეწლოვანი შვილების ავადმყოფობა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას დაასაბუთებდა მაშინ, თუკი დადგინდებოდა, რომ სწორედ ა.ხ–ი იყო ის მშობელი, რომელზედაც „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პაციენტი ოჯახის წევრის უშუალოდ მოვლის მიზნით, მკურნალი ექიმის მიერ გაცემული იქნებოდა საავადმყოფო ფურცელი. ა.ხ–ზე გასხნილი საავადმყოფო ფურცელი კი, არც 22.04.2025 წელს და არც მოგვიანებით - სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე - კასატორ მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია და, მაშასადამე, არც საქმის მასალებშია დაცული.
20.9. რაც შეეხება მეორე წარმომადგენლის - მ.კ–ის 23.04.2025 წლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას, აღნიშნულის საფუძვლად მითითებულია ისრაელის სასამართლოსა და პოლიციაში მოწმედ გამოცხადების ვალდებულება, რის დასტურადაც წარმოდგენილია თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 2025 წლის 22 აპრილის ავიარეისზე მის მიერ შეძენილი ბილეთი. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაშიც, არავითარი მტკიცებულება, რომელიც ნათელჰყოფდა, რომ ხსენებული ვიზიტი უცხო ქვეყანაში მიმდინარე სამართალწარმოების მიზნებით იყო განპირობებული (მაგალითად, უწყება, ცნობა) და არა პირადი მიზეზებით, არც სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობაზე და არც მოგვიანებით, საქმის მასალებში არ წარდგენილა. საგულისხმოა ისიც, რომ რომ ხსენებული ავიარეისის ბილეთი, თავად ელექტრონული ბილეთის თანახმად, შეძენილი 2025 წლის 20 აპრილს, ესე იგი, მას შემდეგ, რაც მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა 2025 წლის 23 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (მოსარჩელეთა წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარების თარიღია 17.04.2025წ.).
20.10. ამრიგად, არცერთ წარმომადგენელთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე არ აკმაყოფილებდა საპატიოობის კრიტერიუმს. ამის მიუხედავად, საკასაციო პალატისათვის მნიშვნელოვანია წინა სასამართლო სხდომების გადადების მოტივების გაანალიზებაც, სახელდობრ:
- 2024 წლის 24 სექტემბერს დანიშნული სხდომა გადადებულია 2024 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელეების მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის გამო (იმის მიუხედავად, რომ მათი თავდაპირველი სარჩელი სასამართლო წარმოებაში იყო 2023 წლის 19 აპრილიდან);
- 2024 წლის 03 დეკემბრის სასამართლო სხდომა გადაიდო მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობით, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, მოპასუხეთა წარმომადგენლის თანხმობით;
- 2025 წლის 28 მარტის მოსამზადებელი სასამართლო სხდომაც გადადებულია მოსარჩელეების წარმომადგენლის ინიციატივით, მორიგების შესაძლებლობაზე მითითებითა და მოპასუხეთა წარმომადგენლის თანხმობით;
- 2025 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომა კვლავაც გადადებულია მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნით, იმ დასაბუთებით, რომ მხარე მზად არ იყო საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მისაღებად;
- 2025 წლის 16 აპრილის სხდომაც გადადებულია კვლავ მოსარჩელეთა წარმომადგენლების ინციატივით, ერთი წარმომადგენლის ადვოკატთა ეთიკის კომისის წინაშე წარდგენის აუცილებლობის მოტივით, მეორე წარმომადგენლის შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
20.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
20.12. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის გადადებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტიანი, სწრაფი მართლმსაჯულებით (იხ. სუსგ. №ას-1432-2018, 16.11.2018წ.).
20.13. საკასაციო პალატისთვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო მოსარჩელე მხარის მიზეზით, მათივე შუამდგომლობების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე მიმდინარე დავაში მონაწილეობდა ორი წარმომადგენლით, რაც, წესით, სასამართლო განხილვების დროს მხარის წარმოსადგენად მეტი მოქნილობის გარატი უნდა ყოფილიყო, თუმცა წარმომადგენლები ურთიერთჩანაცვლების გზით დროული მართლმსამჯულების ხელშეწყობის ნაცვლად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დამოუკიდებელი მიზეზების სასამართლოსათვის შეთავაზების გზით საქმის განხილვის სისტემატური გადადების საპროცესო სტრატეგიას მისდევდნენ, თავად უგულებელყოფდნენ მხარეებისთვის თანაბრად გარანტირებულ შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, რასაც საქმის განხილვის გაჭიანურება მოჰყვა - საქმის მიმდინარეობამ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2 წელიწადი გასტანა.
20.14. ერთი მხრივ, ზემოაღნიშნულ ფაქტორთა გამო, მეორე მხრივ კი, უშუალოდ 22.04.2025 წლის შუამდგომლობაში სხდომის გადადების საფუძვლად ასახული მიზეზების სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის გათვალიწინებით, საქმის განხილვის გადადების არაერთგზისი მოთხოვნა მისი გაჭიანურების მცდელობად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შეფასდა.
20.15. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 23.04.2025 წლის სასამართლო სხდომაზე არა მხოლოდ სსსკ 220-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი მხარის დასწრებით საქმის განხილვის უფლებამოსილება, არამედ სსსკ 229-ე და 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წანამძღვრებიც კი გააჩნდა, რა დროსაც, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს, შესაძლოა, საფუძვლად დასდებოდა მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას კი, შექმნიდა შეგებებულ სარჩელში მითითებული იურიდიული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევა ისე, რომ საქმეში დაცული რაიმე მტკიცებულების, თუნდაც შეგებებული სარჩელის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, შინაარსობრივი კვლევის აუცილებლობა არ წარმოიშვებოდა.
20.16. აღნიშნულის მიუხედავად, სარჩელის ფასის მოცულობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა სასარჩელო მოთხოვნების ბედის გადაწყვეტა არა დაუსწრებელი, არამედ არსებითი გადაწყვეტილების გამოტანით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების განხილვა-გამოკვლევის გზით.
21.1. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნის წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ პალატა კვლავაც ყურადღებას მიაპყრობს შეჯიბრებით პროცესში მტკიცების ტვირთის ჯეროვნად დაძლევის აუცილებლობაზე და შენიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორებმა, თავიანთ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა.
21.2. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
21.3. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, შეგებებული სარჩელის მოპასუხეების მხარეზე გადაინაცვლა.
21.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას.
21.5. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც, განსახილველ დავაში, კასატორებმა თავი ვერ გაართვეს - არ წარმოადგინეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-105-2021, 02.04.2021წ.).
21.6. კასატორებს, ერთი მხრივ, როგორც ძირითად მოსარჩელეებს, საკუთარი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დასადასტურებლად და, მეორე მხრივ, შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად, შეეძლოთ, საქმის მომზადების სტადიაზე, მათ ხელთ არსებული დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინებითაც მიუთითებდნენ, რომ გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება, სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, 29 695964.27 ლარს შეადგენდა, ხოლო გადახდილი ანაზღაურება - 34 537 785 ლარს, წარედგინათ საექსპერტო დაწესებულებისთვის და მოეთხოვათ ექსპერტიზის ჩატარება, თუმცაღა, დასახელებული საპროცესო მოქმედება კასატორებს საქმის მომზადების სტადიაზე არ შეუსრულებიათ, რაც საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის დაუძლევლობასა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დაუდასტურებლობას განაპირობებს.
22.1. საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ვერ დატოვებს საკასაციო პრეტენზიას, რომელიც მიემართება თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.02.2025 წლის საოქმო განჩინების კანონიერებას, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა მოპასუხისთვის ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის 2024 წლის 11 მარტის №1001901824 მიმართვის საფუძველზე წარდგენილი იმ დოკუმენტაციის სასამართლოში სრულად წარდგენის დავალებას, რომელიც საფუძვლად დაედო 2024 წლის 19 აპრილის №5002404124 ექსპერტიზის დასკვნას.
22.2. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134.2 მუხლს, რომლის შესაბამისადაც, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. ამ თვალსაზრისით, სახელმძღვანელოა 215.1 მუხლის შინაარსი, რომლის თანახმადაც, სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ შუამდგომლობაში მხარემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს საკუთარი მოთხოვნა. განზოგადებული, აბსტრაჰირებული ფორმით („ყველა დოკუმენტი“, „სრული მასალა“) წარდგენილი შუამდგომლობა, რამდენადაც ის, დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს განჩინების ადრესატს ქცევის კონკრეტულ წესს არ უდგენს, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, ვინაიდან შეუძლებელია გაირკვეს, რამდენად სრულფასოვნად შეასრულა სასამართლოს დავალება მტკიცებულებების წარმოდგენაზე სუბიექტმა, არსებობს თუ არა სსსკ 136.5 ან 169-ე მუხლის შესაბამისად მოქმედების აუცილებლობა და ა.შ..
22.3. სსსკ 134-ე მუხლის 21 ნაწილის შინაარსი მასზედ, რომ წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის) დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, აღქმული არ უნდა იქნეს სსსკ 215.1 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული შუამდგომლობის წარდგენისგან გათავისუფლების საფუძვლად, რამეთუ ნორმა მიუთითებს ერთგვაროვანი დოკუმენტების რეკვიზირების მითითების და არა დოკუმენტის სახეობების იდენტიფიცირების ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე.
22.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნით ნათელია, რომ მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობის გაანგარიშება ეფუძნება ანგარიშ-ფაქტურებს (მათი გამოწერის თარიღები და ელექტრონული ნომრები ასახულია დასკვნაში), გამოსაკვლევ პერიოდში (01.01.2019-01.03.2023) შედგენილ და ხელმოწერით დადასტურებულ გადახდის სერტიფიკატებს, ხელმოუწერელ გადახდის სერტიფიკატ №16-ს, 2022 წლის 27 ოქტომბერს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტსა და თანხის მიღების სალაროს გასავლის ორდერს. რაც შეეხება ანგარიშსწორების ნაწილს, გაანგარიშება ეფუძნება შ.პ.ს. „ქ.ე“-ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერსა და საბუღალტრო მონაცემებს, შ.პ.ს. „მ....“-თან მიმართებით კი, 1 365 000 ლარის გადახდის ფაქტი (რაც სადავო არ არის, რამეთუ ხსენებულ ფაქტს კასატორები ადასტურებდნენ საკუთარ სარჩელშიც, თუმცა ედავებოდნენ გადახდის საფუძველს) დადგენილია შ.პ.ს. „მ....“-ის საგადახდო დავალებებსა და საბუღალტრო მონაცემებზე დაფუძნებით.
22.5. ამრიგად, კასატორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მართებდათ, სწორედ ეპსერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დაეზუსტებინათ გამოსათხოვი დოკუმენტების სახეობა და შედგენის პერიოდი, რათა სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა, მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უცვლელად აესახა თავად შუამდგომლობის შინაარსი. საგულისხმოა, რომ სასამართლოს დახმარება ან რაიმე ფომით ჩარევა შუამდგომლობის ფორმულირების პროცესში გაუმართლებელი იქნებოდა, რამეთუ უცილობლად დაკვალიფიცირდებოდა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფად. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ ზოგადი ხასიათის შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარმოდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, საკასაციო პალატას მიაჩნია კანონიერად და დასაბუთებულად.
23.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; ამავე კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
23.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მოხმობილი ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
23.3. საქმის მასალებშია ერთადერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კატეგორიულად მიუთითებს, რომ შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული საქონლის ღირებულებისა და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-ს მიერ ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 5 253 908.97 ლარს, შესაბამისად, ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-ს დავალიანება შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიმართ შეადგენს 5 253 908.57 ლარს. მოცემული დასკვნის გაუზიარებლობის საპროცესო საფუძველი კი, როგორც საკასაციო პალატამ უკვე აღინიშნა, სასამართლოს არ გააჩნდა.
23.4. მაშასადამე, შ.პ.ს. „ქ.ე“-სა და შ.პ.ს. „მ....“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ-ისა და მისი საქართველოს ფილიალისთვის 5 253 908.97 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატასაც საფუძვლიანად მიაჩნია. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება კი, მთლიანად გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან: 1. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ქ.ე–სი“ სა და შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულება არა 29 695 964.27 ლარი, არამედ 34 230 930.39 ლარია; 2. მომსახურებისა და საქონლის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილი საზღაური კი - 28 977 021.42 ლარი (შ.პ.ს. „მ....“-ისთვის გადახდილი პირვანდელი სარჩელით სადავოდ ქცეული 1 365 000 ლარის ჩათვლით), მაშასადამე, პირვანდელ მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მიმართ არ გააჩნიათ.
24. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორებს უკან დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ის და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფ. ს“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
3. დაუბრუნდეთ ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ“-ს და ს.ს. „ფ.ი.ი.ს.ვ.თ.ფ.ს“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება №30236101406, გადახდის თარიღი: 07.11.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“; გადამხდელი: ნ. ე–რი) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი