დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 28.05.2026
საქმის ნომერი
ას-860-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-860-2025

28 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

II კასატორი - ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.თ–ძე (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

დავის საგანი - თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურისა და ფასიანი შვებულების დღეების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.ნ–ძემ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანება, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს: ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიერ მისაღები განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 12.11.2021 წლიდან 01.01.2022 წლამდე, თვეში დარიცხული 770 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო 01.01.2022 წლიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე (01.11.2022 წ.) - ყოველთვიურად დარიცხული 950 ლარის გადახდა; 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის (ივლისი - ხელზე ასაღები 1893,60 ლარი, აგვისტო - ხელზე ასაღები 5809,60 ლარი, სექტემბერი - ხელზე ასაღები 2769,60 ლარი, ოქტომბერი - ხელზე ასაღები 5596 ლარი), ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების (სახელწიფო დაფინასებიდან გამომდინარე), ჯამში ხელზე ასაღები - 16068,80 ლარის გადახდა; 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეების, ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების (სახელწიფო დაფინასებიდან გამომდინარე), ჯამში ხელზე ასაღები 16068,80 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის (საქართველოს შრომის კოდექსის 41.4. მუხლის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი“) გადახდა, 20.11.2021 წლიდან (საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, „დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა“. ნ.ნ–ძე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა 12.11.2021 წელს) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის სარჩელი, მოპასუხეების - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1. ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის ბ92.92213163 ბრძანება, ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

2.2. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ ........), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის ე.თ–ძის (პ/ნ ..........) სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა, 2021 წლის 12 ნოემბრიდან 2022 წლის 01 იანვრამდე, თვეში 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის და 2022 წლის 01 იანვრიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე - 01.11.2022 წლამდე, თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

2.3. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ .........), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 16068,80 (თექვსმეტი ათას სამოცდარვა ლარი, ოთხმოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

2.4. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ ......), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის (პ/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 16068,80 ლარის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ნ.ნ–ძე, 1998 წლიდან, დასაქმებული იყო ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში.

5.2. ნ.ნ–ძის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 770 ლარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან, აღნიშნულ თანამდებობაზე, ხელფასის ოდენობა გაიზარდა 950 ლარამდე.

5.3. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური შემოწმებული იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ.

5.4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანებით, ნ.ნ–ძე გათავისუფლებულდა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან.

5.5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 21 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე, კახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა წარმოება, ნ.ნ–ძის მიერ სახელმწიფო პროგრამებიდან დამატებით მიღებული ფინანსური სახსრების უკანონო გადანაწილების თაობაზე. ვინაიდან ნ.ნ–ძის საქმიანობაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, არ იქნა დაწყებული გამოძიება.

5.6. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მტკიცებაზე, რომ ის ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ზიანი ადგებოდა, განმარტა, რომ თუ მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და ამ ქმედებით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური დაფუძნებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. დაფუძნების შემდეგ, საკრებულომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მიანიჭა ნ.ნ–ძეს.

5.8. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელის დანიშნვისა და გათავისუფლების საკითხი დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმადაც, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები“. შესაბამისად, ურთიერთობის რეგულირება უნდა მოხდეს იმ წესით, რაც ეს მოცემულია აღნიშნულ ნორმაში, ანუ მისი სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება უნდა შემოწმდეს არა საქართველოს შრომის კოდექსის ნორმათა გამოყენებით, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ პირის საწარმოს ხელმძღვანელად დანიშნვა არ ნიშნავს პირის დანიშნვას ვაკანტურ თანამდებობაზე. საწარმოს ხელმძღვანელად დანიშნვა საწარმოს პარტნიორებსა და ხელმძღვანელ პირად დანიშნულ პირს შორის შეთანხმებაა. ისინი თანხმდებიან მასზედ, რომ ხელმძღვანელი საწარმოს საქმეებს გაუძღვება კეთილსინდისიერად, იზრუნებს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საწარმოსათვის. ასევე, უფლებამოსილების ფარგლებში, საწარმოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები, საწარმოს სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საწარმოს წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

5.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე და განმარტა, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება დავალების ხელშეკრულებაა და ის არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით სამართლებრივ ხელშეკრულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს დავალების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.

5.11. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია) მიერ, დაფუძნებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 07 ნოემბრის №103 განკარგულების საფუძველზე. შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი, უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ნ.ნ–ძე იყო სამსახურის ხელმძღვანელი, ანუ მასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, გაფორმებული აქვს დავალების ხელშეკრულება. მართალია ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში რეალურად არ არსებობს, მაგრამ მის ადგილს იჭერს ხელმძღვანელად დანიშნვის შესახებ ბრძანება, სამსახურის წესდება და მისი დარეგისტრირება მარეგისტრირებელ ორგანოში. ნ.ნ–ძის მოვალეობა იყო ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის კეთილსინდისიერად მართვა. ის ვალდებული იყო ეზრუნა ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია სამსახურისათვის.

5.12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანება დაფუძნებულია ნ.ნ–ძის მიერ ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე.

5.13. სააპელაციო სასამარტლომ, საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ნ.ნ–ძის ქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშულის ნიშნები, რის გამოც, გამოძიება არ იქნა დაწყებული. ზემოაღნიშნული ფაქტების გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტი მხარეების მითითებას, ნ.ნ–ძის მიერ სამსახურის წესდებისა და შინაგანაწესის დარღვევის შესახებ.

5.14.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 18 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, შემოწმდა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სამსახური.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა სამი სახის დარღვევა: 1. ინვენტარიზაციის დოკუმენტაციით აღიარებული ქონების საკითხზე; 2. სახელმწიფო პროგრამით მიღებული მედიკამენტების გაწერა-განაწილების საკითხზე; 3. სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული თანხების განაწილების საკითხს.

პირველ ორ დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დგინდება, არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არსებითი ხასიათის პრეტენზიები არ გააჩნიათ, დარღვევები გამოსწორებულია და მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე.

მხარეთა შორის არსებითად სადავო გახდა სახელმწიფო პროგრამით მიღებული თანხების განაწილების საკითხი და მათი განკარგვის უფლებამოსილება.

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წესდების მე-4 მუხლის თანახმად, სამსახურს მართავს და ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი (მოცემულ შემთხვევაში - მერი). ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა(ა)იპ-ის დირექტორს უფლებამოსილება აქვს დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. დირექტორს უფლება აქვს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული იქნა 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს - ა.ტ–ძესა და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორს - ნ.ნ–ძეს შორის, დადებული იქნა №138 ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა ეპიდზედამხედველობის პროგრამას, მუნიციპალურ დონეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 28 იანვარს, ნ.ნ–ძის მიერ, გამოცემული იქნა №22 ბრძანება, თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ.

დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამსახურის ანგარიშზე, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, სახელმწიფო პროგრამით გადმორიცხული თანხების განკარგვა არ თანხმდებოდა მუნიციპალიტეტის მერთან და გაიცემოდა ზემოაღნიშნული, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

2020 წლის 15 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები (სამსახურები) განაცხადების „Covid 19“-ის მართვით გათვალისწინებულ სახელმწიფო პროგრამაში მიმწოდებლად რეგისტრაციის შემდგომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გადმოცემული სახარჯი მასალით, საზ. ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ტესტირებას „Covid -19“-ის ანტიგენზე და PCR ტესტზე. ტესტირება ხორციელდება ლიცენზირებულ ლაბორატორიებში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში იგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია. ლაბ. კოვ. მოდულში ასახული (ყოველი თვის) ფინანსური ანგარიში, გამომუშავებული თანხების განაწილების კალკულაცია, ანგარიშ-ფაქტურა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემთხვევათა რეესტრი. სახარჯი მასალის უნიფიცირებული ფორმა, ცალ-ცალკე ანტიგენზე და PCR-ზე, სახარჯი მასალის ყოველთვიური ჯამური ფორმა, მიღება-ჩაბარების აქტი და მიმართვა გენერალური დირექტორის სახელზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესახებ. გადაგზავნილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად, ხდება დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხების გადმორიცხვა და პროგრამაში მონაწილე თანამშრომლებზე განაწილება.

5.15. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რაიმე კონკრეტული წესი, სახელმწიფო პროგრამით მიღებული თანხების განკარგვისა და განაწილების საკითხთან დაკავშირებით არ არის დადენილი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მომართვა და პროკურატურის მიერ ჩატარებული წარმოების დროს გამოკითხულ პირთა ჩვენებები.

5.16. პალატამ ყურადღება გაამახვილა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის - მაია ჯღუთაშვილის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, იგი სახელმწიფო პროგრამებით მიღებულ თანხებთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: „ბუღალტერთან ერთად, დირექტორის მიერ დგება გეგმა, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად. დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტში ცვლილებებიც თანხმდება მუნიციპალიტეტის მერთან, თუმცა, უშუალოდ განაწილება ხდება დირექტორის გადაწყვეტილებით, პროგრამაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მუნიციპალიტეტის მერს გააჩნია უფლებამოსილება მოითხოვოს ა(ა)იპის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია, გაცნობის და ინფორმირების მიზნით, გადაწყვეტილებას კი, იმის შესახებ, თუ რომელი თანამშრომელი ჩართოს პროგრამაში და მათ მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იღებს ა(ა)იპ-ის დირექტორი. ა(ა)იპ-ებისთვის ფედერალური პროგრამით მიღებული თანხებიდან ხელფასებზე გასაცემი თანხა ისახება მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურში და მათი ნებართვის გარეშე, ხელფასების გაცემა არ ხდება, თუმცა, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ფედერალური პროგრამით მიღებული თანხების თანამშრომლებზე განაწილება მოხდეს მერთან შეთანხმებით.“

5.17. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ „კოვიდ 19“-ის დიაგნოსტიკის და „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების პროცესში, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური არ ეწეოდა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას და ეს იყო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაო, რომლისთვისაც, თითოეული თანამშრომელი იღებდა დამატებით ანაზღაურებას, რაც რეგულირდებოდა „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით.

5.18. პალატამ ასევე მიუთითა შიდა აუდიტის დასკვნის შემდგენის - ა.ლ–ძის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, „გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გაცემული იქნა მხოლოდ შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან, ამავე გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ აუდიტორული ანგარიშში მითითებული სამი დარღვევიდან ორი უკვე გამოსწორებულია. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებით გამოყოფილ თანხებს, გამოკითხული პირის განმარტებით, იგი თვლის, რომ უნდა მომხდარიყო შეთანხება, თანხების განკარგვასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს შორის, რადგან მიაჩნია, რომ ვინაიდან დამფუძნებელი იყო მუნიციპალიტეტი, უნდა მომხდარიყო მასთან შეთანხმება.

5.19. გამოკითხვის ოქმში, ა.ლ–ძე, სადავო ბრძანებაში მითითებული დარღვევების მესამე საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნავს შემდეგს: „რაც შეეხება მესამე საკითხს, რომ სამსახური ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და იღებდა დამატებით შემოსავალს, არასწორია. ანგარიშში გადატანილი იქნა დებულების შინაარსობრივი კონტექსტით და არა როგორც ფაქტობრივად განხორციელებული“ და მიაჩნია, რომ ნ.ნ–ძის გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ჩანაწერი სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს აუდიტის შემოწმების ანგარიშიდან და არასწორად იქნა აღქმული ბრძანების გამომცემის მიერ“. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კონკრეტული მარეგულირებელი ნორმა, რომლითაც განისაზღვრებოდა კონკრეტული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხების მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით განკარგვის წესი, რის გამოც, ერთიანი დადგენილი პრაქტიქით ხელმძღვანელობდნენ მეზობელი მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, რასაც ადასტურებს შესაბამისი გამოკითხვის ოქმი და ეროვნული საზოგადოებრივი ცენტრისადმი მიმართვა.

5.20. ამასთან, მოცემული სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას, ცალსახად დადგენილია, რომ ა(ა)იპ-ი არ ეწეოდა დამატებით სამეწარმეო საქმიანობას. დადგენილია, რომ მოცემული საკითხის დასარეგულირებლად, გაცემული იქნა რეკომენდაცია, მომხდარიყო მერიას და ა(ი)იპ-ს შორის შეთანხმება, თუმცა, პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო პროგრამით ჩარიცხული თანხები ხვდებოდა ხაზინაში, რასაც ადასტურებდა მუნიციპალიტეტის მერია და მას შემდგომ ირიცხებოდა თანამშრომელთა ანგარიშზე, რაც, სასამართლოს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოცემული საკითხი იყო რეგულირებული მხარეთა შორის გარკვეული შეთანხმებით. აღნიშნულს ვარაუდს ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული მიმოწერის (მიმართვების) თანახმად, ერთ-ერთი (2021 წლის 16 აგვისტოს) მიმართვით, მოსარჩელე განუმარტავს მერს, რომ გვიანდება მაისის ასანაზღაურებელი თანხების დარიცხვა თანამშრომლებზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მაისამდე არსებული თვეების თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის არ ყოფილა პრეტენზია და მოცემული საკითხი იყო გარკვეულწილად შეთანხმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ „კოვიდ 19“-ის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებდა ა(ა)იპ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, არ წარმოადგენდა დამატებით სამეწარმეო საქმიანობას. ამასთან, არ არსებობდა მარეგულირებელი ნორმა და რაიმე რეგულაცია, მიღებული თანხების განკარგვის წესის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების შესახებ. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ გაწერილი რეგულაციის არქონის მიუხედავად, მხარეთა შორის მაინც არსებობდა გარკვეული შეთანხმება, თანხების ანაზღაურების შესახებ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ თანხების ასახვა, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ხდებოდა ხაზინაში. ასევე დადგენილია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ, გამოძიების დაწყებაზე ითქვა უარი, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

5.21. ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ.ნ–ძეს არ დაურღვევია ა(ა)იპ-ის არსებული წესდება და შრომის შინაგანაწესი. შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის სადავო ბრძანება არის სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოცემული და იგი მიჩნეული უნდა იქნეს კანონთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო ბრძანება დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, თანახმად სსკ-ის 54-ე მუხლისა.

5.22. სააპელაციო სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად განმარტა, რომ დადებული “სასამსახურო ხელშეკრულება” არ წარმოადგენდა შრომით ხელშეკრულებას, ხოლო სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ააიპ დირექტორის თანდამდებობიდან გათავისუფლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სშკ-ის 32-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მოსარჩელესთან სასამსახური ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება არ დადასტურდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსსკ-ის შესაბამისად არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

5.23. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური დირექტორის თანამდებობრივი სარგო, ნ.ნ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 770 ლარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან, მოცემულ თანამდებობაზე თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 950 ლარით. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუკი ნ.ნ–ძე უკანონოდ არ გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, იგი მიიღებდა ანაზღაურებას ყოველთვიურად 770 ლარის ოდენობით 2022 წლის 01 იანვრამდე, ხოლო 2021 წლის 01 იანვრის შემდგომ გარდაცვალებამდე - 950 ლარს. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლებიდან გასული დროის ხანგრძლივობის, მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გათავისუფლების შემდგომ, მოსარჩელე სხვაგან არ დასაქმებულა, მართებული იქნება, მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება.

5.24. გარდა ამისა, საქმის მასალების თანახმად, ნ.ნ–ძის მიმართ, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის გააჩნია, სახელმწიფო პროგრამებიდან გამომდინარე, 16068 ლარის ოდენობის დავალიანება, რისი ანაზღაურებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 709-ე და 710-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოპასუხე ააიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს. პალატა წინამდებარე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ არეგულირებს მოცემულ შემთხვევაში გასამრჯელოს დაყოვნებისათვის შრომის ანაზღაურების წესს, თუმცა, საქართველოს შრომის კოდექსის 41- ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

5.25. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 და საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს კანონის შესაბამისად დააკისრა სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 16068,80 ლარის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. მოპასუხეების საკასაციო საჩივრები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, და გამოყენებულია საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ რომელიც განსახილველ დავასთან მიმართებით არ უნდა გამოეყენებინა. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ა(ა)იპ-ის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი, ასევე არ არსებობს საკანონმდებლო დათქმა დამფუძნებელსა და დირექტორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნების თაობაზე. კასატორებმა მიუთითეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც საწარმოს დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელია ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც.

6.3. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ არასწორად განმარტა გამოყენებული კანონმდებლობა. კერძოდ განსახილველ დავაში არსებული სამართალურთიერთობის შემთხვევაში, დამფუძნებელს აქვს ფართო უფლებამოსილება - ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვიტოს სასამსახურო ხელშეკრულება დირექტორთან, რაც ვერ იქნება შეზღუდული. კეთილსინდისიერების პრინციპის მოქმედების მიუხედავად, კანონით დამფუძნებლისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შეზღუდვა, არღვევს მის უფლებას ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი თანამდებობიდან და მას ამისთვის არ სჭირდება არანაირი საფუძველი.

6.4. განაცდურის ანაზღაურების ზიანის ანაზღაურებად დაკვალიფიცირებასთან, სახელმწიფო პროგრამებიდან არსებული დავალიანებისა და მისი დაყოვნებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით, კასატორებმა განმარტეს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ისე სასამართლო პრაქტიკას. მოსარჩელემ მოითხოვა ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიერ მისაღები განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2021 წლის 12 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე თვეში დარიცხულ 770 ლარს, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან მის გარდაცვალებამდე ყოველთვიურად დარიცხულ 950 ლარი. კასატორების განმარტებით სასამართლო გასცდა სსსკ-ის 4 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს, მაშინ როცა სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლა და მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დააკვალიფიცირა ზიანის ანაზღაურებად.

6.5.კასატორების შეფასებით, ასევე კანონშეუსაბამოა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება. ვინაიდან, დირექტორს არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად, მერიასთან შეთანხმების გარეშე განეკარგა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. მოსარჩელის მოთხოვნა 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეების სახელფასო დავალიანების 16 068,80 ლარის თაობაზე, კოვიდ 19-ის ფარგლებში თავად ნ.ნ–ძის მიერ, მერიასთან შეთანხმების გარეშე, საკუთარი თავისთვის დანიშნული ხელფასი, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

6.6. კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ შრომის კოდექსის გამოყენებას და მიიჩნევენ, რომ უსაფუძვლოა სშკ-ის 41-ე მუხლის ანალოგიის გამოყენებით ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურისთვის ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის 0.07%-ის გადახდის დაკისრება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025წლის 14 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხეების საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები:

10.1. ნ.ნ–ძე, 1998 წლიდან, დასაქმებული იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში.

10.2. ნ.ნ–ძის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 770 ლარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან, აღნიშნულ თანამდებობაზე, ხელფასის ოდენობა გაიზარდა 950 ლარამდე.

10.3. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური შემოწმებული იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ. 10.4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანებით, ნ.ნ–ძე გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან.

10.5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 21 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე, კახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა წარმოება, ნ.ნ–ძის მიერ სახელმწიფო პროგრამებიდან დამატებით მიღებული ფინანსური სახსრების უკანონო გადანაწილების თაობაზე. ვინაიდან ნ.ნ–ძის საქმიანობაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, არ იქნა დაწყებული გამოძიება.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის, სახელფასო დავალიანების და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

12. საკასაციო სასამართლო შეაფასებს კასატორების პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნაზე, რომელიც შეეხება მოსარჩელის ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერად ცნობას.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა) იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შდრ. სუსგ-ები№ას-955-2025 6 მარტი, 2026 წელი, №ას-1096-2020 8 აპრილი, 2021 წელი №ას-1337-2019, 2 მარტი, 2020 წელი; №ას-1559-2019, 2 მარტი, 2020 წელი; Nას-1203-2018, 25.04.2019, №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი; Nას-838-784-2017, 31.07.2017, Nას-379-363-2016, 30.06.2016).

14. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი, რომლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ამ ნორმის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივი საფუძვლები - ხელმძღვანელობაზე/უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე მუხლის მე-71 პუნქტით განსაზღვრულია დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობები: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული. (20.03.2015 N3395 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 48-ე მუხლით დადგენილი წესით. რეგისტრაციის ამ წესის დაუცველად შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ "სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

15. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან. (სუსგ: საქმე №ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; N 302-287-2016, 15.07.2016წ.; Nას-1096-2020, 08.04.2021წ.; Nას-744-2021წ., 28.12.2021წ., Nას-114-2021, 16.07.2021წ.; №ას-280-2024 30.04.2024წ)

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

17. საკასაციო პალატის განმარტებების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.

18. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება. მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

19. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების პრეტენზიას, მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

21. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. (სუსგ-ები: საქმე №ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; N 302-287-2016, 15.07.2016წ.; №ას-280-2024 30.04.2024წ; №ას-67-2023 05.07.2024 წ.; ).

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია) მიერ, დაფუძნებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 07 ნოემბრის №103 განკარგულების საფუძველზე. შესაბამისად ,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი, უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ნ.ნ–ძე იყო სამსახურის ხელმძღვანელი, ანუ მასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, გაფორმებული აქვს დავალების ხელშეკრულება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანებით, ნ.ნ–ძე გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან.

23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნები და მსჯელობები იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძვლები არ დადასტურდა, არის დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნ.ნ–ძის ქმედებაში არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშულის ნიშნები იმ დარღვევებზე, რასაც მას ედავებოდა მოპასუხე მხარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სწორედ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობას ჰქონდა ადგილი, შესაბამისად უფლებამოსილ პირს, ააიპ-ის დამფუძნებელს შეეძლო ნებისმიერ დროს გაეთავისუფლებინა დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან.

24. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-553-2019 და მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეზე, რომელიც განსახილველი დავის იდენტურია, უზენაესმა სასამართლომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

25. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის არგუმენტის პასუხად მიუთითებს უზენაესი სასამართლოს უახლეს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, განსახილველი დავის მსგავს დავებში, სადაც სადავო იყო ა(ა)იპ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და მართლზომიერება, განმარტებულია, რომ ა(ა)იპ დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ პირობითად სასამსახურო ხელშეკრულებად. (იხ. სუსგ-ები: Nას-536-2020, 11.03.2020წ.; Nას-1096-2020, 8.07.2021წ.; Nას-1097-2020, 31.03.2021წ.; Nას-726-2021, 24.11.2021წ.; Nას-691-2020, 14.02.2022წ.; Nას-81-2022, 31.05.2022წ.; Nას-424-2020, 19.07.2022წ.; Nას-1448-2022, 6.07.2023წ.; №ას-280-2024 30.04.2024წ.; Nას-67-2023, 5.07.2024წ.; ). აღნიშნულიდან გამომდინარე,ზემოთ აღნიშნულ საქმეებში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლების მართლზომიერება.

26. კასატორები სადავოდ ხდიან განაცდური ხელფასის სახით, მოსარჩელის გათავისუფლებიდან 12.11.2021 წლიდან 01.01.2022 წლამდე თვეში დარიცხული 770 ლარის და 01.01.2022 წლიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე 01.11.2022წლამდე ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 950 ლარის ანაზღაურებას. ასევე არსებული სახელფასო დავალიანების, ჯამში ხელზე ასაღები 16 068, 80 ლარისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის დაკისრებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

27. დადგენილია, რომ ნ.ნ–ძესთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულება უსასყიდლო არ იყო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ლაგოდეხის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სამსახურს გააჩნია მოსარჩელის მიმართ დავალიანება. 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის (ივლისი - ხელზე ასაღები 1893,60 ლარი, აგვისტო ხელზე ასაღები - 5809,60 ლარი, სექტემბერი - ხელზე ასაღები 2769,60 ლარი, ოქტომბერი ხელზე ასაღები - 5596 ლარი) - ჯამში 16 068,80 ლარი. (იხ ტ.3, ს/ფ 34-39). კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ზემოთ აღნიშნული თანხები წარმოადგენს არა ყოველთვიურად ასანაზღაურებელ სახელფასო დავალიანებას, არამედ კონკრეტული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებს, რომელიც ქვემდგომ სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ, როგორც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რაც ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის" დირექტორს ერთპიროვნულად, მერიასთან შეთანხმების გარეშე, არ უნდა განეკარგა.

28. საკასაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებული იქნა 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს - ა.ტ–ძესა და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორს - ნ.ნ–ძეს შორის, დადებული იქნა №138 ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა ეპიდზედამხედველობის პროგრამას, მუნიციპალურ დონეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 28 იანვარს, ნ.ნ–ძის მიერ, გამოცემული იქნა №22 ბრძანება, თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ. დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამსახურის ანგარიშზე, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, სახელმწიფო პროგრამით გადმორიცხული თანხების განკარგვა არ თანხმდებოდა მუნიციპალიტეტის მერთან და გაიცემოდა ზემოაღნიშნული, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

29. 2020 წლის 15 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები (სამსახურები) განაცხადების „Covid 19“-ის მართვით გათვალისწინებულ სახელმწიფო პროგრამაში მიმწოდებლად რეგისტრაციის შემდგომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გადმოცემული სახარჯი მასალით, საზ. ჯანდაცვის სამსახური აწარმოებდა ტესტირებას „Covid -19“-ის ანტიგენზე და PCR ტესტზე. ტესტირება ხორციელდება ლიცენზირებულ ლაბორტორიებში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში იგზავნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია. ლაბ. კოვ. მოდულში ასახული (ყოველი თვის) ფინანსური ანგარიში, გამომუშავებული თანხების განაწილების კალკულაცია, ანგარიშ-ფაქტურა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემთხვევათა რეესტრი. სახარჯი მასალის უნიფიცირებული ფორმა, ცალ-ცალკე ანტიგენზე და PCR-ზე, სახარჯი მასალის ყოველთვიური ჯამური ფორმა, მიღება-ჩაბარების აქტი და მიმართვა გენერალური დირექტორის სახელზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესახებ. გადაგზავნილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად, ხდებოდა დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხების გადმორიცხვა და პროგრამაში მონაწილე თანამშრომლებზე განაწილება.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე კონკრეტული წესი, სახელმწიფო პროგრამით მიღებული თანხების განკარგვასა და განაწილების საკითხთან დაკავშირებით არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო შედავებას, რომ ზემოთ აღნიშნული საქმიანობით, თითქოსდა ჯანდაცვის სამსახური ეწეოდა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ხელმძღვანელობდა „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებით. სწორედ ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე ხდებოდა მის მიერ ფედერალური პროგრამით მიღებული თანხის ხელფასების სახით გაცემა, რაც დეტალურად არის გაწერილი ხსენებულ დოკუმენტში, თუ ერთი ბენეფიციარის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა - 05 (ხუთი) ლარი როგორ უნდა განაწილდეს თითოეული თანამშრომლის მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისად, აღნიშნულით ხელმძღვანელობდა საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და განსხვავებული რეგულაცია არ მოიპოვება.

31. საკასაციო პალატა, იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო პროგრამით ჩარიცხული თანხები ხვდებოდა ხაზინაში, რასაც ადასტურებდა მუნიციპალიტეტის მერია და მას შემდგომ ირიცხებოდა თანამშრომელთა ანგარიშზე. ამასთან, არ არსებობდა მარეგულირებელი ნორმა და რაიმე რეგულაცია, მიღებული თანხების განკარგვის წესის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების შესახებ. თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად იქნა შეფასებული, რომ გაწერილი რეგულაციის არქონის მიუხედავად, მხარეთა შორის მაინც არსებობდა გარკვეული შეთანხმება, თანხების ანაზღაურების შესახებ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ თანხების ასახვა, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ხდებოდა ხაზინაში.

32. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნეს მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (საკასაციო პალატის მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან. მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

33. განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში, ნ.ნ–ძე დავალების ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას, შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, მას უნდა მიეღო ამ პერიოდში სახელმწიფო პროგრამებიდან გამომდინარე თანხები, რაც არ მიუღია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორების პრეტენზიას აღნიშნული დავალიანების დაკისრების ნაწილში ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ ზემოხსენებული მუხლების საფუძველზე მართებულად დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით, 16 068,80 ლარის გადახდა.

34. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სშკ-ის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07%. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. აღნიშნული ნორმა ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება ყოვნდება.

36. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ კანონის ანალოგიის გამოყენებას და საქართველოს შრომის კოდექსი 41-ე მუხლის საფუძველზე ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების - 16 068,80 ლარის დაყოვნებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის საფუძველზე დადებულია დავალების ხელშეკრულება, შესაბამისად მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით და არა საქართველოს შრომის კოდექსით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარისთვის საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 0.07%-ის დაკისრებას.

37. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებას, საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება დაკვალიფიცირდა დავალების ხელშეკრულებად, რაც გამორიცხავს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული მოწესრიგების გამოყენებას. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და სპეციალური კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

38. შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, არ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იძულებითი განაცდურის დაკისრების წანამძღვრების არსებობის შესახებ.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

40. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორების ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას განაცდური ხელფასის სახით, მოსარჩელის გათავისუფლებიდან 12.11.2021 წლიდან 01.01.2022 წლამდე თვეში დარიცხული 770 ლარის და 01.01.2022 წლიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე 01.11.2022წლამდე ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 950 ლარის ანაზღაურებისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, არსებული სახელფასო დავალიანების, ჯამში ხელზე ასაღები 16 068, 80 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის დაკისრების ნაწილში.

სასამართლო ხარჯები:

41. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამავე კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გნთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

43. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბრძანების ბათილად ცნობისა, განაცდურის და დაყოვნებული ანაზღაურების 0.07%-ის ნაწილში, იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო მოპასუხე. კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 450 ლარი. ხოლო ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორციულად - 2817,58 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის გადახდა;

5. დანარჩენ ნაწილში ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. ე.თ–ძეს (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხიდან, 2817,58 ლარის გადახდა, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი