1. თითოეული მონაწილე თავის კომპეტენტურ ორგანოებში მიავლენს პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება და გააჩნიათ კვალიფიკაცია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მსხვერპლთა, მათ შორის ბავშვების იდენტიფიცირების და მათთვის დახმარების გაწევის სფეროში და უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობას ერთმანეთთან და სხვა შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, და შესაბამის შემთხვევებში, მსხვერპლთათვის გაიცეს ცხოვრების ნებართვები წინამდებარე კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. თითოეული მონაწილე, სხვა მონაწილეებთან და შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სათანადო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ესა თუ ის პირი წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ასეთი პირის ყოფნას კომპეტენტურ ორგანოთა მიერ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესის დასრულებამდე, და ასევე უზრუნველყოფს ასეთი მსხვერპლისათვის მე-12 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაწევას.
3. თუ მსხვერპლის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი ბავშვია, მსხვერპლი ჩაითვლება ბავშვად და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ზომები.
4. როგორც კი მოხდება უპატრონო ბავშვის, როგორც მსხვერპლის იდენტიფიცირება, თითოეული მონაწილე:
a) უზრუნველყოფს, რათა ბავშვს დაენიშნოს კანონიერი მეურვე, ორგანიზაცია ან ორგანო, რომელიც დაიცავს ასეთი ბავშვის ინტერესებს;
b) მიიღებს აუცილებელ ზომებს მისი ვინაობისა და მოქალაქეობის დადგენის მიზნით;
c) ყველაფერს იღონებს მისი ოჯახის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, თუ ეს შედის ბავშვის ინტერესებში