1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტგვერდზე. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საშუალებებშიც.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, რომლის ოდენობაც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30 %-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები